article-img

ადგილთა ცვლა: ერაყში და ავღანეთში ყველაფერი პირიქით მოხდა

ამერიკული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პარადოქსი შეერთებული შტატების ავღანეთში დამარცხება, ერაყში კი მისიის წარმატებით დასრულებაა. დევიდ პოლოკი

დიდი ხნის განმავლობაში ავღანეთის სამხედრო მისიას „გარდაუვალსა და მართალს“ უწოდებდნენ, ერაყი კი „შეცდომას მოყოლილი არასწორი ომი“ იყო. მიუხედავად ამისა, ავღანეთის კამპანია შეერთებული შტატების დამამცირებელი გამოსვლით და ვაშინგტონის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის რამდენიმე დღეში დაცემით დასრულდა. ავღანეთისგან განსხვავებით, ერაყის მთავრობამ არა მხოლოდ ძალაუფლება შეინარჩუნა, არამედ სამოქალაქო დაპირისპირების მნიშვნელოვნად შემცირება და ქვეყნის სტაბილიზაციის გზაზე დაყენება შეძლო.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ავღანეთში ინტერვენცია საფუძველი არ ჰქონდა. 2011 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიამდე 4 თვით ადრე, სახელმწიფო მდივანს, კოლინ პაუელს, მივაწოდე მოხსენებითი ბარათი, რომელიც ასე იწყებოდა: „შეერთებული შტატები ვეღარ შეეგუება თალიბანის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერას.“ თალიბანის მიერ „ალ-ყაიდას“ ჯიუტმა მხარდაჭერამ და მფარველობამ ვაშინგტონს პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის განხორციელებისკენ უბიძგა. ორი ათეული წლისა და ტრილიონობით დოლარის დახარჯვის შემდეგ ძალაუფლება კვლავ თალიბანის ხელშია, ამერიკამ კი ავღანეთი დატოვა.

2021 წლამდე ავღანეთისა და ერაყის მისიების ასეთ დასასრულს არაფერი მოასწავებდა. პირველი ათწლეულის განმავლობაში და სამხედრო ოპერაციების საწყის ეტაპზე ავღანეთი ერაყთან შედარებით უფრო მშვიდი სიტუაციით გამოირჩეოდა და უფრო მცირერიცხოვანი სამხედრო კონტინგენტის ჩარევას საჭიროებდა. სამწუხაროდ, ამ საწყისი ვითარებიდან გამომდინარე დასკვნები და მათზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები მცდარი აღმოჩნდა.

რამ განაპირობა ავღანეთში ვითარების გაუარესება, ხოლო ერაყში დადებითი დინამიკის განვითარება? ასეთი ფაქტორები მრავლადაა, თუმცა უფრო მეტი მნიშვნელობა მათ შორის შესაძლოა იმათ ჰქონდეთ, რომლებზე ლაპარაკიც ნაკლებად ხშირად გვესმის. მაგალითად, ნაკლებად დამაჯერებელია ის პოპულარული არგუმენტი, რომ ავღანეთში მომავალი მარცხის გამომწვევი საკვანძო ფაქტორი ვაშინგტონის მიერ ერაყზე ყურადღების გადატანა იყო. ერაყის კამპანიის დაწყების შემდეგ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ავღანეთში არსებული ვითარება არ უარესდებოდა. გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იყო ავღანეთისკენ შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან განუსაზღვრელი რაოდენობით გადამისამართებული ნაღდი ფული. მილიარდობით აშშ დოლარის მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს შორის ერთ-ერთში გამოჩენამ ავღანეთის სახელმწიფო და მთავრობა კორუფციის მორევში ჩაძირა. ჩამოუყალიბებელი და დისფუნქციური ინსტიტუტების ქმედითუნარიანობის ერთადერთ პირობად შეერთებული შტატების მხარდაჭერა დარჩა.

დესტრუქციულ როლს თამაშობდა ავღანეთის მეზობელი პაკისტანიც, რომელიც ორი ათეული წლის განმავლობაში უწევდა აქტიურ დახმარებას თალიბანს. ავღანეთში განცდილი ფიასკოს კიდევ ერთ ფაქტორად ვაშინგტონის მიერ ავღანური შეიარაღებული და საპოლიციო ძალების ჩამოყალიბებისთვის არჩეულ მიდგომებსა და მეთოდებს ასახელებენ. უკვე არსებულ ეთნიკურ და რეგიონულ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე დაყრდნობის ნაცვლად ამერიკელებმა ცენტრალიზებული და ერთიანი ძალების ჩამოყალიბება სცადეს. მათი წინამორბედებისგან განსხვავებით შეერთებული შტატების ჩართულობით შექმნილი შენაერთები უფრო კანონმორჩილები და მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკებისადმი ნაკლებად მიდრეკილები იყვნენ, თუმცა მათგან განსხვავებით თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივაციაც აკლდათ. და ბოლოს, ავღანეთის მისიის ასეთი დასასრულის განმსაზღვრელი იყო ვაშინგტონის მიერ თალიბებთან ავღანეთის მთავრობის გვერდის ავლით მოლაპარაკებების დაწყება და გამოსვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მათთან კოორდინაციის გარეშე მიღება.

ერაყის შემთხვევა ყველა ამ ასპექტში მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ავღანეთისგან. ერაყს ნავთობის, ბუნებრივი აირის და სხვა ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვანი მარაგი გააჩნია, მისი ეკონომიკური და ფინანსური დამოკიდებულება შეერთებულ შტატებზე გაცილებით სუსტი და მოკლევადიანი იყო. ირანი ერაყის უშუალო სამეზობლოს ყველაზე ძლიერი ქვეყნაა, რომელიც, უხეშად ერევა ერაყის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებში, მაგრამ ავღანეთ-პაკისტანისგან განსხვავებით, ირანი ყოველთვის ცდილობდა მეგობრული ურთიერთობა შეენარჩუნებინა ბაღდადთან. თეირანის ძირითადი მიზანი ერაყის მთავრობაში შიიტური გავლენის ზრდა და შენარჩუნებაა. „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის მსგავსად, იყო საკითხები, რომლებშიც ერაყისა და ირანის მიზნები და ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა კიდეც. ავღანეთისგან განსხვავებით, ვაშინგტონმა დაინახა თუ რამდენად უპერსპექტივო იყო „ფეშმერგასა“ და სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებების დაშლა და მათი გაერთიანება. შეერთებული შტატების ინიციატივით შექმნილი უსაფრთხოების ძალები ახლად ჩამოყალიბებული დანაყოფებისგან შედგებოდნენ. კიდევ ერთი საკვანძო განსხვავება ამერიკული ძალების ერაყიდან გასვლის ფორმაში იყო. 2011 წლის გასვლას „დაეშის“ გაძლიერება და აღზევება მოჰყვა, რის გამოც შეერთებულმა შტატებმა ერაყში ამერიკული კონტინგენტის შედარებით მცირე, მაგრამ ქმედითუნარიანი ნაწილი დააბრუნეს. მოვლენების ავღანური სცენარით განვითარების შემთხვევაში, ვაშინგტონი „დაეშთან“ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დამჯდარიყო და ერაყში ძალაუფლების მათთვის გადაცემის დეტალებზე და პირობებზე შეთანხმებულიყო.

გავიხსენოთ 2021 წლის ოქტომბერში ერაყში გამართული საპარლამენტო არჩევნები. ამომრჩევლების აქტივობა, სამწუხაროდ, დაბალი იყო და 40%-ს არ გასცდენია. მაგრამ მთავარი მოვლენა ამ არჩევნების მშვიდობიანი და წარსულთან შედარებით თავისუფალი ხასიათი იყო. მრავალი წლის შემდეგ ერაყის მოქალაქეებს დემოკრატიული არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცათ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე აგრესიულმა, პრო-ირანულმა და ანტი-ამერიკულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მძიმე მარცხი განიცადეს. ერაყის მომავალი მმართველი კოალიციის კონფიგურაცია ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ ის, სავარაუდოდ, სუსტი, შიდა უთანხმოებებით გამორჩეული და ირანული ზეწოლისგან დაუცველი იქნება. მიუხედავად ამისა, ერაყის ყველაზე პრო-ირანული ძალებიც კი ნაკლები ანტი-ამერიკანიზმით გამოირჩევიან. მაგალითად, შიიტ ლიდერებს შორის რადიკალიზმით გამორჩეული მუქთადა ალ-სადრიც კი აცხადებს, რომ ის არ იქნება ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების დარჩენის წინააღმდეგი, თუ ისინი მრჩევლების სტატუსს დასჯერდებიან და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ეს, მისი აზრით, ერაყში სტაბილურობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
შეერთებული შტატების მიერ ერაყში მიღწეული შედეგების შეფასებისას გასათვალისწინებელია ქურთული ავტონომიის საკითხიც. თვითმმართველობისა და ავტონომიის 1991 წლის შემდეგი პერიოდის უპრეცედენტო ხარისხს ერაყის ქურთისტანმა შეერთებული შტატების მფარველობის წყალობით მიაღწია. ეს ჯერ სადამ ჰუსეინთან მიღწეული შეთანხმების, ხოლო 2003 წელს მისი დამარცხების შემდეგ, ამერიკის შეიარაღებული ძალების მიერ გატარებული ზომების შედეგი იყო. 2017 წლის ოქტომბერში ქურთისტანის რეგიონულმა ადმინისტრაციამ რეგიონის ერაყისგან გამოყოფის და დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხზე რეფერენდუმი ჩაატარა. წინადადებას მხარი ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, რასაც არაბებსა და ქურთებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების ეპიზოდები მოჰყვა. ქურთებმა მათი კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიის ერთი მესამედი და ნავთობის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ნახევარი დაკარგეს.

ამ რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანა ქურთისტანის რეგიონის პრეზიდენტის მასუდ ბარზანის ადმინისტრაციის უფროსმა, ვეტერანმა პოლიტიკოსმა, ფუად ჰუსეინმა. რეფერენდუმის შემდგომი შეტაკებების დასრულების შემდეგ ის არავის დაუკავებია და არც ერაყის ტერიტორიის დატოვება მოუწია, როგორც ეს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე “რეფერენდუმის“ ორგანიზატორებს დაემართათ. რეპრესიების ნაცვლად ფუად ჰუსეინს ერაყის მთავრობაში ჯერ ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ერგო, ახალი კი ის ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრია. ზოგადად, მიუხედავად ბიუჯეტთან და საზღვრებთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებული უთანხმოებებისა, ძალას ინარჩუნებს ქურთისტანის ავტონომიაც.

მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად ეპიზოდური შეტაკებებისა, ერაყმა მოახერხა მის ტერიტორიაზე არსებული ეთნიკური დაპირისპირებების კომპრომისებით მართვა და განმუხტვა. ბაღდადის მიერ რეგიონული ავტონომიის ფორმულის წარმატებული გამოყენება უნაკლო და უშეცდომო არ ყოფილა, მაგრამ ყველა საჭირო თვისება აქვს ახლო აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი ეთნიკური და კონფესიური დაპირისპირებების განმუხტვის მოდელად გამოყენებისთვის. ახლო წარსულში ერაყი დანაწევრებული ქვეყნისა და უძლური სახელმწიფოს მაგალითად მოჰყავდათ, დღეს ეს ქვეყანა რეგიონის ქვეყნების, მათ შორის ირანის, თურქეთის, საუდის არაბეთის, შეხვედრების ადგილი და მათ შორის შუამავალია.

ასეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა ერაყელ სუნიტებსა და შიიტებს შორის ურთიერთობების განვითარების ტრაექტორია. ათწლეულების განმავლობაში ერაყი კონფესიური დაპირისპირების მაგალითი და სინონიმი იყო. სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირება არც ახლა გამქრალა, ასევე გრძელდება შესაბამის ფრაქციათა შორის ერაყის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე გავლენის მოპოვებისთვის ბრძოლაც. ძირითადი სიახლე ამ შემთხვევაში ის არის, რომ მათ შორის არსებული უთანხმოებების გადაწყვეტა ცეცხლსასროლი იარაღისა და ყუმბარმტყორცნების ნაცვლად პოლიტიკურ ველზე, სამოქალაქო ომის დაწყების გარეშე ხდება.

საბოლოო ჯამში, ერაყს საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს სტაბილურ, თვითკმარ, მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყანად ჩამოყალიბებისთვის. ასეთი ერაყი უკეთესად შეძლებს როგორც ირანთან, თურქეთთან და სხვა მეზობლებთან, ისე შეერთებული შტატების მსგავს გეოგრაფიულად შორს მდებარე პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. ერაყი (ისრაელთან ერთად) ახლო აღმოსავლეთის ის გამონაკლისი ქვეყანა იყო, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა „დემოკრატიების სამიტზე“ მიიწვია. ეს მიწვევა ერაყის მიერ ამ შთამბეჭდავი შედეგების მოულოდნელად მიღწევის აღიარებაც იყო. ამავე დროს, თავი არ უნდა მოვიტყუოთ: ერაყის წარმატება არასრული, მყიფე და ჯერ კიდევ პირობითია. ვითარების სიმყიფის ამსახველი თვალსაჩინო მაგალითია ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუსტაფა ალ-ქადიმის, მკვლელობის ჩაშლილი მცდელობა. უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით განხორციელებული თავდასხმის უკან დიდი ალბათობით პრო-ირანული დაჯგუფებები იყვნენ, თუმცა არ არის გამორიცხული მათ თეირანის პირდაპირი ბრძანების გარეშე ემოქმედათ. როგორც ჩანს, ერაყის განვითარების პერსპექტივა მნიშვნელოვნად კვლავაც შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული, განსაკუთრებით, უსაფრთხოების, დიპლომატიურ და ეკონომიკურ საკითხებში.

შეერთებულ შტატების სასიცოცხლო ინტერესებშია ერაყში მიღწეული შედეგების შენარჩუნება. ახლა მათ დაცვას შეუდარებლად ნაკლები მსხვერპლი, ფინანსური რესურსი ან პოლიტიკური კაპიტალია საჭირო. ავღანეთისგან განსხვავებით ერაყს მნიშვნელოვანი ენერგორესურსები გააჩნია, რაც ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სანამ მსოფლიოს ეკონომიკა ნავთობსა და ბუნებრივ აირზე იქნება დამოკიდებული, ერაყს სტაბილური შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ექნება.

ავღანეთისგან განსხვავებით, ერაყი შეერთებული შტატებისადმი მტრულად განწყობილი ირანისა და სირიის გარდა, მის მნიშვნელოვან მოკავშირეებსაც ესაზღვრება, მათ შორის თურქეთს, საუდის არაბეთს, ქუვეითს, იორდანიას. შესაბამისად, ერაყის მიერ სტაბილურობისა და მეზობლებთან თანამშრომლობის უნარის შენარჩუნება ვაშინგტონის რეგიონულ ინტერესებშიც შედის. ერაყი „დაეშის“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების გაძლიერების წინააღმდეგ ბრძოლის საკვანძო მოთამაშეა. გარდა ამისა, ერაყის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ირანის რეგიონული ექსპანსიის შეკავებაა.

ამ შედარებების შეჯამება ძველი ლათინური გამოთქმის „ჯუს ად ბელლუმ“-ის ორი ინტერპრეტაციით შეიძლება. ერთი ის არის, რომ ამა თუ იმ ომის „სამართლიანი“ ხასიათის შემთხვევაშიც კი გამარჯვება და სასურველი შედეგი გარანტირებული არ არის. მეორეს მხრივ, დადებითი შედეგები ისეთ „ცუდ ომსაც“ შეიძლება მოჰყვეს, როგორიც ერაყის სამხედრო ინტერვენცია იყო. უნდა ვაღიაროთ, რომ შეერთებული შტატების სამხედრო კამპანია და ერაყის შემდგომი ოკუპაცია შეცდომა იყო, მაგრამ ამ შეცდომის საბოლოო შედეგი დადებითია და მას გაფრთხილება სჭირდება. და ბოლოს, განსაკუთრებულ ირონიული ის არის, რომ ამ დასკვნამდე სწორად ავღანეთიდან გამოსვლის პოლიტიკურმა შედეგებმა შესაძლოა მიგვიყვანოს.

 

 

დევიდ პოლოკი “ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის“ მკვლევარია. 1996-2001 წლებში ის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოლიტიკური დაგეგმვის დეპარტამენტში მსახურობდა.