article-img

უკრაინა: „ცივი ომის“ დაბრუნება

„ცივი ომი“ ყოველთვის „ცივი“ არ ყოფილა. უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა ამ ისტორიული პერიოდის “ცხელ“ ეპიზოდებს გვახსენებს. მაიკ მანდელბაუმი

„ცივი ომის“ დასრულებიდან 25 წლის განმავლობაში მსოფლიოს ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები, მშვიდობის უპრეცედენტოდ ხანგრძლივ პერიოდში ვითარდებოდნენ. თანაბარი ძალის ქვეყნებს შორის ომთან და მასთან დაკავშირებულ ფაქტორებთან (მომზადება, მოლაპარაკებები) დაკავშირებული ანალიზი დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში უმნიშვნელო ადგილს იკავებდა, დროთა განმავლობაში კი სრულიად გაუჩინარდა. უკრაინაში დაწყებული ომი ცხადყოფს, რომ ეს ბედნიერი პერიოდი დასრულდა. ახლა სასწრაფოდ შესაფასებელია ის ცვლილებები, რომლებიც ამ სრულმასშტაბიანმა კონფლიქტმა გამოიწვია და ის პოლიტიკური შეცდომები, რომლებიც დასავლეთმა და შეერთებულმა შტატებმა დაუშვეს. ასეთი შეფასების ერთ-ერთი გზა შესაძლოა თანაბარი ძალის მქონე ქვეყანასთან მეტოქეობის ყველაზე ახლო გამოცდილების გადახედვა იყოს. ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე „ცივი ომი“ ბევრი სასარგებლო ინფორმაციის, პრეცედენტის, გამოცდილების საბადოა.

ერთ-ერთი ავტორი, რომელიც „ცივი ომიდან“ გამომდინარე საკვანძო გაკვეთილებს აღწერს ჰელ ბრენდსია. ბრენდსი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი და „ცივი ომის“ ისტორიკოსია.
მის წიგნში „ბრძოლა ბინდში“ ის აღწერს იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებსაც ქვეყნები, „ცივი ომის“ გამოცდილებაზე დაყრდნობით, თანაბარი ძალის მქონე მოწინააღმდეგეებთან მეტოქეობისას უნდა ითვალისწინებდნენ: ალიანსების მართვის სიძნელეები; შეცდომების დანახვის და მათი დროულად შეფასების უნარი; მკაფიოდ განსაზღვრულ სტრატეგიასთან ერთად ტაქტიკის შერჩევისა და შეცვლისადმი მზაობა და მოქნილობა; ფრთხილ მოქმედებასთან ერთად გადამწყვეტ მომენტებში გამბედაობის გამოჩენის მნიშვნელობა. ბრენდსი ამ გაკვეთილების საილუსტრაციოდ „ცივი ომის“ ცალკეულ ეპიზოდებს იყენებს, ეს მკითხველებს სწორი გადაწყვეტილებებისა და შეცდომების კონკრეტულ მაგალითებს სთავაზობს.

რუსული აგრესიის საპასუხოდ დასავლეთის კოორდინირებული და ენერგიული მოქმედება მიუთითებს იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ამ კონტექსტში ალიანსებს აქვთ. ბრენდსის წიგნი 24 თებერვალს განახლებული სამხედრო აგრესიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გამოიცა და რამაც ავტორს არ მისცა უკრაინაში მიმდინარე ომის მის ანალიზში გათვალისწინების საშუალება. გარდა ამისა, უკრაინის ომი „ცივი ომის“ გამოცდილებისგან მნიშვნელოვნად გამოირჩევა: 1945 წლის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ამ მასშტაბის საომარ მოქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ამ კუთხით პუტინის ომმა ევროპა 1940-იანი წლების პირველ ნახევრის რეალობაში დააბრუნა. თუმცა არის ასპექტები, რომელთა შედარება „ცივი ომის“ პერიოდთანაც არის შესაძლებელი.

ერთ-ერთი ასეთი ასპექტი კონფლიქტში ბირთვული სახელმწიფოების ირიბი ჩართულობაა. მართალია „ცივი ომის“ ერთი მხარე, რუსეთი, 24 თებერვლის შემდეგ უკვე ღიად არის ჩართული ომში საკუთარი შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტით, მეორე მხარე, ნატო, ამ ეტაპზე, მხოლოდ უკრაინის სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარებით შემოიფარგლება. ეს იმეორებს შეერთებული შტატების კორეისა და ვიეტნამის ომების სცენარს, ხოლო საბჭოთა კავშირის შემთხვევაში – ავღანეთის ომს. როგორც ამ ომების შემთხვევაში, დღესაც, ბირთვული სახელმწიფო სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ომობს. როგორც მაშინ, შედარებით სუსტი მხარე წინააღმდეგობის გაწევისთვის საჭირო დახმარებას იღებს ქვეყნიდან, რომელთანაც სახმელეთო საზღვარი აკავშირებს: ამჯერად ეს პოლონეთია. ანალოგიურ როლს ასრულებდნენ კორეის ომში ჩინეთი და საბჭოთა კავშირი, საბჭოთა კავშირის მოწინააღმდეგე მეამბოხეებს ამარაგებდნენ პაკისტანის გავლით, ხოლო ჩრდილო-ვიეტნამელებს ჩინეთი ეხმარებოდა(ერაყში და ავღანეთში განხორციელებული „ცივი ომის“ შემდგომი ამერიკული სამხედრო კამპანიების წარუმატებლობაც ნაწილობრივ მოწინააღმდეგეთა მეზობელი ქვეყნებიდან, ამ შემთხვევაში ირანიდან და პაკისტანიდან, მომარაგებამ და მხარდაჭერამ განაპირობა).

რა თქმა უნდა, ომი საშიში ფენომენია (განსაკუთრებით კი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის). ამ ფაქტს ნატო-ს ქცევაც ცხადყოფს, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს რუსეთის სამხედრო ძალებთან პირდაპირი კონფრონტაციის თავიდან ასარიდებლად. ასევე ხდებოდა „ცივი ომის“ წლებშიც. ეს რეალობა ასახავს ბირთვული ეპოქის ღრმად ფესვგამდგარ დაუწერელ კანონს, რომლის მიხედვით ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის პირდაპირი კონფლიქტი გარანტირებული ურთიერთგანადგურებით დასრულდება და შესაბამისად დაუშვებელია. სწორედ ამ მიზეზის გამო არიდებს თავს ნატო უკრაინის საჰაერო სივრცის “დაკეტვას“. ასეთი „დაკეტვის“ უზრუნველყოფა რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდებას და რუსული ჰაერსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურის განადგურებას მოითხოვს. უკრაინას თავდაცვისთვის შეუძლია დაეყრდნოს ნატო-ს მიწოდებულ შეიარაღებასა და აღჭურვილობას, მაგრამ არ უნდა ჰქონდეს ნატო-ს ჯარისკაცების ან პილოტების საომარ მოქმედებებში ჩართვის იმედი.

მიუხედავად ამ მოცემულობისა, ამერიკელი ან ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნის ჯარისკაცების უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა გამორიცხული არ არის. ცნობილია სულ ცოტა ორი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა ასეთი ცვლილება გამოიწვიოს: პირველი, რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაა, მეორე და ყველაზე არასასურველი სცენარი კი ბირთვული შეიარაღების გამოყენება. ასეთივე შედეგი შეიძლება მოჰყვეს მოსკოვის მიერ ისეთი მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის შექმნას, რომელიც ნატო-ს ქვეყნებს პირდაპირი ჩარევისკენ უბიძგებს (სურსათის და მედიკამენტების მისაწოდებლად).

კიდევ ერთი პარალელი უკრაინის მიერ ვიეტნამისა და ავღანეთის „ცივი ომის“ დროინდელი სტრატეგიის გამოყენებაა: უკრაინელებს ესმით, რომ რუსეთს ვერ დაიპყრობენ, მათი ერთადერთი გამოსავალი რუსი ჯარისკაცების დახოცვით, დაჭრით ან დატყვევებით მოსკოვისთვის ისეთი ზიანის მიყენებაა, რომელიც პუტინს სამხედრო აგრესიის შეწყვეტას აიძულებს. სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ამერიკის მთავრობამ ვიეტნამში („ცივი ომის“ შემდეგ კი ავღანეთსა და ერაყში). ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა საბჭოთა კავშირი ავღანეთში.

ეს შედარებით სუსტი მოწინააღმდეგეების კლასიკური სტრატეგიაა: მიუხედავად მიღებული უმძიმესი ზიანისა, უფრო ძლიერი, მაგრამ ნაკლებად მოტივირებული მოწინააღმდეგისთვის ისეთი დარტყმების მიყენება, რომელიც ამ უკანასკნელს, დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, კონფლიქტიდან გასვლას აიძულებს.

ასეთი შედეგი შესაძლებელია ვნახოთ პუტინის რუსეთის შემთხვევაშიც. ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგები, რომლებსაც შეიარაღებული ძალების საბრძოლო სულისკვეთების დაცემა მოჰყვება, უკრაინაში შეჭრილი რუსული არმიის დაშლის წინაპირობად შეიძლება იქცეს. თუ ამ მოცემულობას რუსეთზე დაკისრებული ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ფინანსური სანქციების უმძიმეს შედეგებს დავუმატებთ, მკაფიოდ დავინახავთ მიზეზებს, რომლებიც პუტინს უკრაინელებთან მოლაპარაკებას და კომპრომისის გამონახვას აიძულებენ. „ცივი ომის“ ისტორიული გამოცდილების გამეორების შემთხვევაში უკრაინის ომს მალე დამთავრება არ უწერია და მხოლოდ დიდი მსხვერპლისა და ნგრევის შემდეგ დასრულდება.

ომის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინამ ორი მნიშვნელოვანი და ბევრისთვის მოულოდნელი თვისება გამოავლინა, რომლებსაც „ცივი ომის“ ისტორიაშიც მოეძებნება პრეცედენტები.

რუსეთს მისი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ნავარაუდევზე გაცილებით მედგარი წინააღმდეგობა შეხვდა. წინააღმდეგობის წყარო უკრაინული ნაციონალიზმია – უკრაინელი ერის მტკიცე ნება იცხოვროს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში. დამპყრობლების წინააღმდეგ სახალხო მობილიზაციით მოახერხეს გამარჯვების მოპოვება ვიეტნამელმა კომუნისტებმაც შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ავღანელებმა დამპყრობელთა საწინააღმდეგო პროპაგანდასთან ერთად ეთნიკური კუთვნილების და რელიგიური ფანატიზმის რესურსებიც გამოიყენეს. კოსმოპოლიტიზმისა და გლობალიზაციის ეპოქაშიც კი ნაციონალიზმის და მასთან დაკავშირებული განწყობები პოლიტიკური მობილიზაციის ყველაზე მძლავრ ფაქტორად რჩება.

მოულოდნელი იყო ის გამბედავი და მასშტაბური რეაქციაც, რომელიც რუსულ აგრესიას საერთაშორისო თანამეგობრობისგან მოყვა. ამერიკის ისტორიას მრავლად ახსოვს დრამატული მოვლენები, რომლებმაც რადიკალურად შეცვალა ამერიკელთა განწყობები მსოფლიოს, ამა თუ იმ ქვეყნის, მოვლენის და საფრთხეების მიმართ. ამ შემთხვევებში ამერიკის რეაქცია ბევრად აღემატება იმ მოლოდინებს, რომლებიც ამ მოვლენებამდე არსებობდა. ასეთი ცვლილების ერთ-ერთი მაგალითია ვაშინგტონის რეაქცია საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრაზე 1979 წელს ან 1990 წელს სადამ ჰუსეინის მიმართ ქუვეითში შეჭრაზე. უკრაინის შემთხვევაში, ასეთი რეაქცია მოჰყვა არამარტო ამერიკელების, არამედ ევროპელების მხრიდანაც. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მთავრობების გარდა უკრაინელების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს ამ ქვეყნების მოქალაქეებმაც: გაიმართა ხალხმრავალი აქციები, დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების ფართომასშტაბიანი კამპანიები და ა.შ.

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების მიზანი უკრაინის დახმარებასთან ერთად, აგრესორი ქვეყნის – რუსეთის – დამსახურებული დასჯაა.

„ცივი ომის“ ისტორიით თუ ვიმსჯელებთ აღმოსავლეთ ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობის იმედი შეიძლება გვქონდეს. ავღანეთში განცდილი მარცხი ნაწილი იყო იმ მოვლენების ჯაჭვის, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლით და ახალი, თხუთმეტი დამოუკიდებელი ქვეყნის შექმნით დასრულდა. რუსეთის სათავეში მოსული მთავრობას მეზობელი ქვეყნების აგრესიაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ საბჭოთა კავშირისა და პუტინის რუსეთთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ომს აწარმოებდა. რუსეთის მიერ წარსულში განცდილმა მარცხებმა (ყირიმის ომი, რუსეთ-იაპონიის ომი, პირველი მსოფლიო ომი და „ცივი ომი“) მნიშვნელოვნად დააზიანეს ან დაამხეს ის რეჟიმები, რომლებიც იმ მომენტში ქვეყანას განაგებდნენ.

პუტინის მსგავსი რეჟიმები თანდათან და საჯაროდ არ იშლება, ისინი ერთიანად ემხობა. ასეთი მოვლენა დიდ სარგებელს მოუტანს უკრაინას, ევროპას, მსოფლიოს და თავად რუსეთსაც. პუტინის მიერ ძალაუფლების დაკარგვა, მოსკოვში რეჟიმის ცვლილება და დღევანდელისგან განსხვავებული ტიპის მმართველობა ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრების საკვანძო ფაქტორია. დღეს არავინ იცის გადაურჩება თუ არა პუტინის რეჟიმი უკრაინაში ამ ეტაპზე განცდილ მარცხს. ასევე არავინ იცის, თუ რა ტიპის რეჟიმი დამკვიდრდება მის შემდეგ, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნის დამორჩილების საქმეში განცდილი მარცხი საფუძველს ჩაუყრის უფრო მშვიდობიან რუსეთს. ეს არც თუ უმნიშვნელო მიზეზი უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნისთვის თუ ადამიანისთვის პუტინის მიერ წამოწყებული სამხედრო აგრესიის ფიასკოთი დამთავრების საქმეში წვლილის შესატანად.

 

მაიკ მანდელბაუმი

მაიკლ მანდელბაუმი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი და „ამერიკული მიზნის“ სარედაქციო საბჭოს წევრია.