პუტინის რეპრესიული რეჟიმის გავრცელება უკრაინაზე
უკრაინის დაპყრობის შემთხვევაში, ადამიანების უფლებების უფრო მეტ დარღვევას უნდა ველოდოთ.მაშინ როდესაც მსოფლიო უკრაინაში ვლადიმერ პუტინის შემდგომ მოქმედებას ელის, კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რას მოუტანს რუსული ოკუპაცია უკრაინელ ხალხს.
ამის მიხვედრა რთული არ არის: პრეზიდენტ პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით არსებული რეალობა საგანგაშოდ გაუარესდა. პუტინის კორუმპირებული, ავტორიტარული რეჟიმი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დარღვევებზეა პასუხისმგებელი. „ფრიდომ ჰაუსის“-ის მონაცემებით, „რეჟიმისადმი ლოიალური უსაფრთხოების ძალების, დამორჩილებული სასამართლო სისტემის, კონტროლირებადი მედია გარემოსა და მმართველი პარტიისა და ფსევდო-ოპოზიციური ფრაქციებისგან შემდგარი საკანონმდებლო ორგანოს მეშვეობით, კრემლს არჩევნების გაყალბების და რეჟიმის მოქმედებით გამოწვეული ნებისმიერი უკმაყოფილების ჩახშობის შეუზღუდავი შესაძლებლობა აქვს.“
სამწუხაროდ, 2014 წელს პუტინის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიისა და დონბასის რეგიონში შეჭრის შემდეგ, რუსეთში არსებული ეს უმძიმესი ვითარება უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებზეც გავრცელდა. უკვე რვა წელია, რაც უხეშად ირღვევა დონეცკისა და ლუგანსკის მოსკოვის მარიონეტული რეჟიმების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ოკუპირებულ ყირიმში დარჩენილი უკრაინელების უფლებები.
რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე ღრმად შეჭრის შემთხვევაში, ვიხილავთ ომისა და ჰუმანიტარული ყველა შესაძლო ნორმის დარღვევას, მოქალაქეების სიცოცხლის უფლების სრულ უგულებელყოფას, მათი ყოფის მკვეთრ გაუარესებას. ასე მოხდა სირიაში, ჩეჩნეთში, ბელარუსში და ყველგან სადაც რუსეთი მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში და რეპრესიებში.
როგორც Human Rights Watch-ის მიერ იქნა დამტკიცებული, ბაშარ ალ-ასადის დიქტატორული რეჟიმის გადასარჩენად რუსეთი სირიის მოსახლეობაში უმძიმესი დანაკარგების წინაშეც არ შეჩერდა. რუსული ბომბების სამიზნეებს შორის აღმოჩნდნენ საავადმყოფოები, სკოლები და სამოქალაქო დანიშნულების სხვა ობიექტები. ჩეჩნეთში რუსეთის სამხედრო შენაერთებმა მიწასთან გაასწორეს ქალაქები, თავს ესხმოდნენ მოქალაქეებს და მონაწილეობას იღებდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებში. ამის შემდეგ ნანგრევებად ქცეული რესპუბლიკა პუტინმა რამზან კადიროვს ჩააბარა, ადამიანს, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. ბელარუსში, პუტინმა მხარი დაუჭირა დიქტატორ ლუკაშენკოს და მის მიერ გატარებული რეპრესიების, არჩევნების გაყალბების, სამოქალაქო თვითმფრინავის გატაცებისა და მიგრანტების იარაღად გამოყენების თანამონაწილე გახდა.
რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე უკრაინის მოქალაქეებისთვის კანონის უზენაესობა უკვე გამქრალია. გახშირდა ეთნიკური ნიშნით დევნა, უმიზეზო და უსამართლო დაკავებების რაოდენობა.
როგორც „ფრიდომ ჰაუსი“ აღნიშნავს, ყირიმში „საოკუპაციო რეჟიმი უკიდურესად ზღუდავს პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს, უკვე გაუქმებულია დამოუკიდებელი მედია და პოლიტიკური დისიდენტების წინააღმდეგ კი ანტიტერორისტული და სხვა სახის კანონმდებლობა გამოიყენება.“ „ჰიუმან რაითს ვოჩის“ თანახმად „ბევრი უკრაინელი გადაასახლეს ან სხვა ფორმით აიძულეს ყირიმის დატოვება.“ კერძოდ, „ყირიმელი თათრები არიან გატაცებების, თვითნებური დაკავებების, წამებისა და ციხეში სასტიკად მოპყრობის მსხვერპლი.“
აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ დაფინანსებულმა და შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულების შთამბეჭდავი რაოდენობა, მათ შორის სამოქალაქო დასახლებების განურჩევლად დაბომბვა, გატაცებები, უკანონო დაპატიმრებები და პატიმართა წამება, გასამართლების გარეშე სიკვდილით დასჯა. დონბასში უკრაინელებისადმი სასტიკი მოპყრობით ცნობილი ერთ-ერთი ასეთი გასამხედროებული დაჯგუფება, ნეო-ნაცისტური „რუსიჩი“, ახლა აღმოსავლეთ უკრაინის უდიდეს ქალაქში, ხარკოვში შესასვლელად ემზადება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ აღნიშნულია:
„სანდო წყაროების თანახმად, ათასობით სამოქალაქო პირის სიკვდილისა და დაშავების, ისევე როგორც სხვა მრავალრიცხოვან დანაშაულზე პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის დონბასის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სამხედრო შენაერთებს. დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრდა და გასამართლდა ასეულობით უკრაინის მოქალაქე, მათი დიდი ნაწილი აცხადებს, რომ პატიმრობისას აწამეს.“
იმ 14 ათასი ადამიანიდან, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში დაიღუპა, 3 ათასი ადამიანი სამოქალაქო პირი იყო, მათ შორისაა მალაიზიის ავიახაზების MH-17-ზე მყოფი ის 298 ადამიანი, რომლებიც 2014 წლის ივლისში რუსული რაკეტით აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.
არცერთ ამ დანაშაულთან მიმართებით პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მაშინ როდესაც რუსეთის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას მორჩილებას აიძულებს. რუსული სამხედრო შენაერთების მიერ ჩადენილი დანაშაული სისტემატური ხასიათს ატარებს, რაც თავად რუსეთში უსაფრთხოების სტრუქტურების დაუსჯელობის ანარეკლია.
რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობა ყოფილიყო აქამდე, ის გაცილებით უფრო გაუარესდება, თუ უკრაინის საზღვრთან თავმოყრილი რუსული შენაერთები უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპირებას შეძლებენ და მეტი უკრაინელი მოექცევა რუსული ოკუპაციის ქვეშ.
დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც პუტინს სურს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდომირ ზელენსკის ჩამოგდება და მისი პრო-რუსი მარიონეტით ჩანაცვლება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი ფიგურა, რომელსაც კრემლი ამ პოსტზე შეარჩევს, ადამიანის უფლებების დაცვას ტოტალური კონტროლის შენარჩუნების დაბრკოლებად განიხილავს, ისევე როგორც ამას პუტინი აკეთებს რუსეთში. ძნელად წარმოსადგენია, რომ უკრაინელები, რომლებიც ვაჟკაცურად იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, ასეთ გადაწყვეტილებას შეეგუონ. წინააღმდეგობის მოძრაობას პუტინის მარიონეტული რეჟიმი ფართომასშტაბიანი რეპრესიების გატარების საბაბად გამოიყენებს.
აქედან გამომდინარე, პუტინის ნებისმიერ „გამარჯვება“, იქნება ეს წარმატებული სამხედრო კამპანია, თუ კიევში მთავრობის დამხობა, შედეგად გამოიღებს ადამიანის უფლებების უსასტიკეს დარღვევებს, რომლებსაც უმძიმესი შედეგები მოჰყვება. ეს აუცილებლად გამოიწვევს ლტოლვილთა უწყვეტ ნაკადებს და მუდმივ არასტაბილურობას, რომელიც უკრაინის საზღვრებს გასცდება და ევროპის კონტინენტის დიდ ნაწილს მოიცავს.
„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და სხვა დემოკრატიული ღირებულებები მთელს ევროპაში გავრცელდა. რა თქმა უნდა, თვალშისაცემ გამონაკლისს წარმოადგენენ რუსეთი, ბელარუსი და სხვა იზოლირებული ქვეყნები. ეს ხედვა უკრაინელებმაც გაიზიარეს და ბოლო ათი წლის მანძილზე ორჯერ – 2004 წელს „ნარინჯისფერი რევოლუციით“, ხოლო მეორედ 2013-2014 წლებში „ღირსების რევოლუციით“ – უკრაინელმა ხალხმა დემოკრატიული ღირებულებებისადმი საკუთარი მისწრაფება დაადასტურა. ისინი საკუთარ თავს დასავლეთთან აიგივებენ და უკრაინას „ერთიანი და თავისუფალი“ ევროპის შემადგენელ ნაწილად განიხილავენ. რასაკვირველია, დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში უკრაინას ბევრი სირთულის დაძლევა უწევს. ყოვლისმომცველი კორუფციის, კანონის უზენაესობისთვის ხელისშეშლის, პარტიული დაპირისპირებების მიუხედავად, უკრაინელი ხალხი დემოკრატიული მისწრაფებების ერთგული დარჩა.
რუსეთში არსებული ტოტალიტარული რეჟიმი ახლა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იკიდებს ფეხს.
პუტინი უკრაინელ ხალხს რუსეთის შიგნით არსებული, კორუმპირებული, ავტორიტარული სისტემის საფრთხედ განიხილავს. მას ეშინია, რომ თუ უკრაინა მოახერხებს ძლიერ დემოკრატიად ჩამოყალიბებას და ახლო კავშირი ექნება დასავლეთთან, ამას რუსეთის მოქალაქეებიც მოინდომებენ. მას არც ის სურს დაიჯეროს, რომ უკრაინელებს, ან თუნდაც ქართველებს, მოლდოველებსა და ბელორუსებს შესწევთ უნარი, უფრო მეტი მოითხოვონ საკუთარი ლიდერებისგან. მისი ღრმა რწმენით, მეტი დემოკრატიზაციისა და ანგარიშვალდებული მმართველობისკენ მათ დასავლეთი აქეზებს. გაიხსენეთ, თუ როგორ დააბრალა პუტინმა 2011 წელს რუსეთში საპარლამენტო არჩევნების ტოტალურად გაყალბების შედეგად დაწყებული საპროტესტო აქციები მაშინდელ ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს, რომელსაც გამოსვლების დასაწყებად რუსებისთვის „სიგნალის“ მიცემაში დასდო ბრალი.
თუ პუტინისთვის უკრაინელების დემოკრატიული მისწრაფებები შიშისმომგვრელია, დასავლეთი მათ უპირობო მხარდაჭერას უნდა უცხადებდეს. ევროპის სტრატეგიული გადაჯგუფების, ტრანს-ატლანტიკური ალიანსის გაძლიერების, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეკავების და სხვა მიმდინარე სირთულეების გარდა დასავლეთი უნდა ფიქრობდეს იმ იდეალების დაცვაზეც, რომლებიც საფუძვლად დაედო ევროპისა და შეერთებული შტატების უახლეს ისტორიას: ევროპის კონტინენტზე მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანებს თავისუფლად ცხოვრების და მისი მომავლის არჩევის სუვერენული უფლება აქვს. ეს არჩევანი არ არის დამოკიდებული პარანოიით შეპყრობილ კრემლის ბებერ ბინადარზე.
ეს მოცემულობა საფუძვლად უნდა დაედოს ჩვენს მოქმედებას, რომლის უმთავრესი მიზანი კრემლის აგრესიული გეგმების ჩაშლა უნდა იყოს.
კლინტ ვილიამსონი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სანდრა დეი ო’კონორის სამართლის კოლეჯის პროფესორია. ჯორჯ ბუში უმცროსისა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციებში მას სამხედრო დანაშაულების გამოძიების საკითხებზე საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობა ეკავა.
დავიდ კრამერი, „ამერიკული მიზნის“ სარედაქციო საბჭოს წევრი და ჯორჯ ბუში უმცროსის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორია. ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციაში მას დემოკრატიის და ადამიანის უფლებებისა საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობა ეკავა.

