article-img

მიეცით ჩემს ქვეყანას იარაღი, რომელიც მას სჭირდება

მარია ბერლინსკა

ძვირფასო მეგობრებო,

გთავაზობთ ომის დაწყების შემდეგ უკრაინელებსა და დასავლეთის ლიდერებს შორის გამართული საუბრების მოკლე შინაარს:

უკრაინა: პუტინის თავს დაგვესხა. მისი ჯარები ჩვენსაზე გაცილებით ძლიერია. გთხოვთ, მოგვეცით იარაღი, რომელიც ბრძოლისთვის გვჭირდება: ტანკები, საბრძოლო ავიაცია, თანამედროვე სარაკეტო სისტემები.

დასავლელი პოლიტიკოსები: ჩვენ თქვენ გვერდზე ვართ. რუსეთს მკაცრ სანქციებს დავუწესებთ. გაძლევთ „ჯაველინებს“ და „სტინგერებს“.

უკრაინა: „ჯაველინები“ და „სტინგერები“ ამ ომს ვერ მოიგებენ. პუტინი აგრძელებს ესკალაციას, მარიუპოლი ალყაშია. ჩვენ სხვა იარაღი გვჭირდება.

დასავლელი პოლიტიკოსები: ყოჩაღ! ჩვენ არ ველოდით, რომ ამდენ ხანს გაძლებდით. სანქციები გაგრძელდება. „ჯაველინები“ და „სტინგერები“ ხომ არ დაგიმატოთ?

უკრაინა: მარიუპოლი განადგურებულია. ხარკივს, ჩერნიჰივსა და სუმის იგივე ელის. ხერსონი ოკუპირებულია. ძალიან გვჭირდება თვითმფრინავები, ტანკები და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები.

დასავლელი პოლიტიკოსები: ჩვენგან რას ელით? კონფლიქტში ვერ ჩავერევით, კონფლიქტის მხარედ ვერ ვიქცევით.

სანამ წრეზე ვტრიალებთ, ინგრევა მარიუპოლი და სხვა ქალაქები, ყოველდღიურად იმატებს მსხვერპლის რაოდენობა, ქუჩები გვამებით ივსება. იბომბება საწყობები და ნავთობის საცავები, აეროპორტები და ხიდები, სახლები და საავადმყოფოები, სკოლები. რამდენიმე ჭურვი მოხვდა ატომურ ელექტროსადგურს.

ქალების გაუპატიურება მათი შვილების თვალწინ, მოხუცების წამება სარდაფებში… ეკლესიები და საავადმყოფოები უდანაშაულო მსხვერპლთა ბოლო თავშესაფრად იქცა. ვიხილეთ ბუჩაში დატრიალებული ტრაგედია, ნაწამები გვამებით მოფენილი ქუჩები…

სამწუხაროდ, სისასტიკის ერთადერთი სცენა ბუჩა არ არის. რუსეთი იყენებს საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულ ნაღმებსა და რაკეტებს. მოსალოდნელია ქიმიური იარაღის გამოყენება. პუტინმა მიანიშნა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. სამიზნე უკრაინაა, სამიზნე ჩვენ ვართ.

ნატო-ს აღარც ვთხოვთ უკრაინის საჰაერო სივრცის „ჩაკეტვას“. არავის ვთხოვთ მათი ჯარისკაცების უკრაინაში გამოგზავნას. ერთადერთი რაც გვჭირდება იარაღია – ალიანსის წევრი ქვეყნების განკარგულებაში არსებულიდან 1%.
რუსები მზად არიან ახალი ტანკების, ჯავშანმანქანების, თვითმფრინავების, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების და არტილერიის გამოყენებისთვის. ჩვენს ხელთ არსებული შეიარაღება და ტექნიკა ილევა, ბრძოლაში ნადგურდება: ჩვენი მდგომარეობა მძიმდება. ჩვენი თხოვნა უპასუხოდ რჩება. „ჩვენ პუტინის რეაქციის გვეშინია“, იმეორებენ პოლიტიკოსები. ჩვენი მოკავშირეების სიჩუმე ჩვენი მოქალაქეების სიკვდილით მთავრდება.

ორი თვის განმავლობაში უკრაინა მსოფლიოს უძლიერეს არმიებს შორის ერთ-ერთს აკავებს. სერიოზული დახმარების გარეშე ჩვენ დიდხანს ვერ გავძლებთ. ჩვენ ვიცით, რომ ომი მალე არ დამთავრდება. დაფიქრდით ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, დაფიქრდით სტრატეგიულ შედეგებზე. უკრაინა ევროპის შუაგულში მდებარე უზარმაზარი ქვეყანაა ატომური ელექტროსადგურებით, ასეულობით ქარხნით, მეტალურგიული მრეწველობით, აეროპორტებით და საზღვაო პორტებით. ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ქვეყნის ხელში ჩაგდების შემდეგ ის გაჩერდება? უკრაინა ახალი იერიშის პლაცდარმად იქცევა. ბალტიის ზღვისკენ შეტრიალების შემთხვევაში, რას აპირებს ნატო? დიახ, მეხუთე მუხლის არსებობა ყველამ ვიცით. მაგრამ რამდენად მზად იქნება ნატო ბირთვული ომის რისკზე წავიდეს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში ცდილობენ.

ჩვენ უკვე ვიბრძვით ფრანგულ ჯავშანჟილეტებში, კავშირგაბმულობის ამერიკული საშუალებებით, ბრიტანული NLAჭ-ებით და თურქული დრონებით. ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია ის არგუმენტები, რომელთა თანახმად დამრტყმელი დრონების მიწოდება დაშვებულია, ხოლო თვითმფრინავების არა. რატომ არის ნებადართული „სტინგერების“ მიწოდება და არა „პატრიოტების“? რუსული ძალების მიერ გამოვლენილი არაკომპეტენტურობითა და მოუმზადებლობით თავს ვერ დავიმშვიდებთ. თუ მიუხედავად დიდი ზიანისა და დანაკარგებისა რუსეთი უკრაინას გაანადგურებს, ეს რუსეთის გამარჯვება იქნება. ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ უკრაინის მოსახლეობის ერთი მეოთხედი უსახლკარო და დევნილია.

ჩვენ ვიცით, რომ ამერიკისა და ევროპის ხალხი გულწრფელად გვიჭერს მხარს. დარწმუნებულები ვართ, რომ მათ ჩვენი გამარჯვება სურთ. ამ მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალება ჩვენთვის შეიარაღების მოწოდებაა. რუსების დანაკარგებით ვერ დავკმაყოფილდებით – ისინი უნდა დამარცხდნენ. ჩვენ მათი ჩვენი ქვეყნიდან გაგდება უნდა მოვახერხოთ.

პოლიტიკოსები იმეორებენ:
ჩვენ შეშფოთებულები ვართ მარიუპოლის ტრაგედიით.
გამოგიგზავნით მეტ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას, მედიკამენტებს და მშრალ საჭმელს.
პუტინი ქცევა მიუღებელია.

სანამ უკრაინელები მარიუპოლში, ხარკივში, ჩერნიჰივში, და კიევში (სადაც რუსები დაბრუნდებიან) დავიღუპებით მინდა მსოფლიოს ვუთხრა რას ვფიქრობთ იმ პოლიტიკოსებზე, რომლებმაც რუსული ბომბების ქვეშ სასიკვდილოდ გაგვწირეს. მათ მიმართ მხოლოდ ზიზღსა და სიძულვილს ვგრძნობთ. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ იმ შეიარაღების მოწოდებაა, რომელიც თავის დაცვის საშუალებას მოგვცემს. ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ ისინი კვლავ უარს გვეუბნებიან ასეთ დახმარებაზე. ისინი პუტინის დანაშაულის თანამონაწილეები არიან.

უდიდეს მადლიერებას ვგრძნობთ იმ თავისუფალი და კეთილი ნების ხალხის მიმართ ვინც თავისუფლებს, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში მხარს გვიჭერს. იმედი გვაქვს ეს ხალხი პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი უკრაინის განადგურების შეჩერება.
მიეცით ჩემს ქვეყანას იარაღი, რომელიც მას თვითგადარჩენისთვის სჭირდება.

 

მარია ბერლინსკა

მარია ბერლინსკა 33 წლის უკრაინელი ვეტერანია, რომელიც რუსეთის აგრესიის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატორის პროფესიას დაეუფლა და ოკუპაციის წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდა. ის დღეს დასავლეთს უკრაინელების დახმარებისკენ მოუწოდებს.

მარია ბერლინსკა უკრაინელი სამხედრო მოხალისე და ქალთა უფლებების დამცველია. 2014 წლის „ღირსების რევოლუციაში“ მონაწილეობის შემდეგ ის დონბასში იბრძოდა, სადაც სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორი იყო.