article-img

ხარკოვის დღიური

ოცდასამი წლის სტუდენტი, რომელიც ხელოვნების ისტორიას სწავლობს, აღწერს, როგორ გახვია რუსეთმა ომში მისი მშობლიური ქალაქი. იაკოვ ს.

24 თებერვლის დილით, 5 საათსა და 30 წუთზე, ჩემს ქალაქში, ჩემს ქვეყანაში ომი დაიწყო. მეგობრის ზარმა გამაღვიძა. ხმა უკანკალებდა, მიყვიროდა. ომი დაიწყოო, მითხრა. მივდივართ. შენც წადიო. გაიქეციო.
პირველი ფიქრი: ჩემი მშობლები სად არიან? მათ მოსაძებნად გავიქეცი.

ომი სინამდვილეში ასე, ღამის 2-ზე დაწყებულიყო. ჩემი მშობლები როცა ვიპოვე მარწმუნებდნენ, ყველაფერი კარგად იქნებაო. შემაღლებულ ადგილას ცხოვრობენ და მათი ფანჯრებიდან თითქმის ყველაფერი ჩანს. თვეების განმავლობაში ვხედავდი სევდის, შიშისა და სასოწარკვეთის ნიშნებს, ახლა კი ომი სინამდვილედ იქცა. მთელი საშინელებით დაატყდა თავს ჩემს მშობლიურ ქალაქ ხარკოვს.
*
მე ებრაელი ვარ. სახლში დიდი ბებიის საქორწინო თავსაბურავს ვინახავთ ქორწილი პოლტავასთან ახლოს გაიმართა მე-19 საუკუნის ბოლოს. მეორე დიდი ბებია კი კაზაკი იყო და უკრაინულად ლაპარაკობდა. მე პატრიოტი უკრაინელი არ ვყოფილვარ არასდროს მესმოდა მათი, ვინც ყვიროდა: დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! ვფიქრობდი, უბრალოდ ის უნდათ, რომ ქვეყანა ევროპასა და ამერიკას მიყიდონ-მეთქი. აი, ადგილობრივი პატრიოტი კი ვიყავი ხარკოვის. ახლა ვგრძნობ, როგორ ვივსები პატრიოტიზმით.

რაც უფრო მეტ ახალ ამბავს ვკითხულობ, მით უფრო ვშფოთავ. ყველა მხრიდან გვიტევენ. ყველა რეგიონული ცენტრი იბომბება. ხალხი პოლონეთისკენ გარბის მანქანითა თუ მატარებლით. საზღვრები იკეტება. ზოგიერთმა მოასწრო გაღწევა, მაგრამ ბევრმა ვერა. სხვებმა ბრძოლა არჩიეს. ზოგი იმალება. პანიკა ვრცელდება.
ჩვენთან მეგობრები და ნათესავები იკრიბებიან. დაახლოებით 11 საათზე თავშესაფარში მივდივართ, ქალაქის ცენტრში. მთელ ქვეყნაში ომია.

მთავრობა გვარწმუნებს, მტერს ვუმკლავდებითო. ვიბრძვით. არ მეგონა, ასეთი შემართება თუ კიდევ არსებობდა მსოფლიოში. ვფიქრობდი, რომ ნამდვილი გმირები ათწლეულების წინ იყვნენ მეორე მსოფლიო ომის გმირები, რომლებსაც სიკვდილის შემდეგ აჯილდოებდნენ გერმანელებისაგან ქვეყნის დაცვისათვის.

როგორც 1941 წელს, ფაშისტები ახლაც თავს ესხმიან ჩვენს ქვეყანას. ყველაზე საშინელი და გულის მომკვლელი კი ის არის, რომ სწორედ ისინი გვესხმიან თავს, ვინც მაშინ ჩვენ გვერდით იბრძოდნენ. ისინი, ვინც ყოველთვის ჩვენთან იყვნენ, ჩვენი ძმები, ჩვენი ხალხი. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი ყოველთვის სავსე იყო ჩვენი ძმებით, დიახ, ძმებით. ახლა კი გამეტებით ბომბავენ ჩვენს ქალაქებს.

სტრატეგიული ობიექტებით იწყებენ. მერე კი უფრო და უფრო უახლოვდებიან ქალაქს. ჩვენი ჯარი რუსებს ძლიერ წინააღმდეგობას უწევს. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი ტანკები თავის საქმეს აკეთებენ. მე ყოველთვის გულმოწყალე ვიყავი. ახლა კი გულმოწყლების ნასახიც აღარ არის ჩემში. ისინი ჩვენს მოსაკლავად მოვიდნენ.
*
დღეს 26 თებერვალია, თავშესაფარში ყოფნის მესამე დღე. სიბრაზესა და სიძულვილს ვგრძნობ. ისინი მოსაკლავად მოვიდნენ და თვითონვე მოკვდებიან. რადგან ქალაქი ყოველდღე იბომბება, ვერსად ვერ მივდივართ. გარეთ მოსაწევად თუ გავალთ ხოლმე, ან უბრალოდ ჰაერის ჩასაყლაპად. ყველაზე მნიშვნელოვანი საინფორმაციო გადაცემების ყურებაა და საყვარელი ადამიანებისგან იმის შეტყობა, რომ ცოცხლები და უვნებლები არიან.
ბებიაჩემმა და ბაბუაჩემმა, მოხუცებმა, უარი თქვეს თავშესაფარში წამოსვლაზე. ბევრი ხარკოველი სარდაფებში იმალება. აქედან მხლოდ იმიტომ გავდივართ, რომ ახალი ამბები გავიგოთ და შევამოწმოთ, ხომ კარგად არიან ჩვენი საყვარელი ადამიანები. მხოლოდ იმას ვფიქრობთ, ნეტა ცუდი არაფერი გავიგონოთო.

როცა ომი დაიწყო, ყოფილ შეყვარებულს დავურეკე და ვუთხარი, სულერთია, რა მოხდა და რა მოხდება მაინც მიყვარხარ-მეთქი. ვთხოვე, თავს გაუფრთხილდი-მეთქი.

რეგიონული ადმინისტრაციის შენობა ახლა სამხედრო შტაბისაა. ზოგჯერ გინდა დაიჯერო, რომ ეს ყველაფერი სიზმარია. ჩემი პეტერბურგელი ნათესავიც ამავეს ამბობს. ამბობს, აქაც ყველა თავზარდაცემულიაო. ისინი რუსი ინტელექტუალები არიან, განსხვავებული აზრები აქვთ.

თანამედროვე ჰიტლერო, რა დაგიშავეთ? რომელ ნაცისტებზე გველაპარაკები აქ, უკრაინაში? ჩვენთან მსგავსი არაფერია. ჩვენ ქვეყანას ვიცავთ, ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქე გვიყვარს. სიკვდილმა წაგიღოს. მძულხარ. ყველა მძულს, ვინც კი ჩვენთან საომრად მოდის. ღმერთს ვევედრები, ჩემი ოჯახი, ჩემი ქვეყანა გადაარჩნოს. იმ დედების იმედი მაქვს, ვის შვილებსაც ის სატანა ჩვენს ქვეყანაში სასიკვდილოდ აგზავნის. იმედი მაქვს, რომ თავიანთ სიტყვას იტყვიან.

იმ ხალხის იმედი მაქვს, ვინც მზადაა, რუსეთის მოედნებზე გამოვიდეს და ომზე უარი თქვას. ევროპისა და ამერიკის მოედნებზე ბევრი გამოვიდა. და მათ უარი უთხრეს ომს. მათაც, ვინც ახლა რუსეთის პასპორტებს წვავენ.
მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ჯარისკაცები. ახალი ამბებიდან და საყვარელი ადამიანების მონათხრობიდან ვიგებთ, რომ მთელი ქვეყანა იბომბება. ხარკოვშიც ყველა უბანი იბომბება. თანამედროვე ჰიტლერი ამბობს, უკრაინა უნდა ვიხსნათო, დასახლებულ ადგილებს არ ვეხებითო, მაგრამ რუსები სწორედ დასახლებულ ადგილებს ესხმიან თავს. სახლებში გვივარდებიან, ჩვენს გზებზე დადიან. ჭურვები ასფალტზე ცვივა.
*
ათასობით რუსი ჯარისკაცი მოკვდა უფრო მეტი, ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში. მეცოდებიან ეს ახალგაზრდები. მაგრამ ისინი ჩვენს მოსაკლავად მოვიდნენ.

ისევ თავშესაფარში ვსხედვართ. მჯერა, რომ ომი დამთავრდება, რომ გავიმარჯვებთ. იმ დროს ველოდები, როცა შემეძლება, კერძო საცხობში წავიდე და ჩვენი ჯარისკაცებისთვის პურის გამოცხობასა და სადილის მომზადებაში მივეხმარო. მინდა, საბანკო ანგარიშზე თანხა გამიჩნდეს, რომ მათ გადავურიცხო, ვისაც ძალიან სჭირდება. სამუშაო აღარ მაქვს. აღარც შემოსავალი.

ოცდასამი წლის ვარ. თექვსმეტი წლის ვიყავი, რუსული მხატვრობით რომ დავინტერესდი. რევოლუციამდელ მხატვრებზე ვწერ. დღეს კი უკვე გული მერევა სიტყვა რუსულზე. არ ვიცი, მერე რა მოხდება. ახლა მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს: სიცოცხლე და ჯანმრთელობა, საყვარელი ადამიანები და ჩვენი ჯარისკაცები.
*
რუსეთის ჯარი ძალიან ახლოსაა ჩვენს ქალაქთან, ახლოს არიან დედაქალაქთანაც. მე მჯერა ჩვენი პრეზიდენტის. ვხედავ, რომ არსად არ გაქცეულა. მე მჯერა ჩვენი მოქალაქეებისა და ჯარისკაცების, ნამდვილი გმირების. მე მჯერა იმ ბიჭის, ვინც თავი გაწირა და რუსეთის ჯარის წინსვლის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქა.

მე ღმერთის მწამს. მწამს მათი, ვინც ამ სამ დღეში დაიღუპა და ღმერთთან ჩვენს სათქმელს მიიტანს. მახსენდება იუგოსლავიელი ბავშვი, მუცელში დაჭრილი, ამ სიტყვებს რომ ამბობდა: მალე ღმერთს ვნახავ და ყველაფერს ვეტყვიო.
სიამაყით ვამბობ: დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

ახლა, როცა საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის იზოლაცია და ჩვენი ქვეყნისთვის იარაღის მოწოდება გადაწყვიტა, მჯერა, რომ გადავრჩებით.
*
წარმოუდგენელი რაღაცები ხდება ჩვენს ქალაქში. 1 მარტს ხარკოვის ცენტრის დაბომბვა დაიწყო. რეგიონის ადმინისტრაციის შენობას დაარტყეს მშვენიერ ნაგებობას, რომელიც სტალინის იმპერიის სტილის ნიმუშად გამოდგებოდა. მერე რევოლუციამდელი შენობები და ქალაქის საკრებულოს ძველი შენობა დაბომბეს, რომელიც ჰიტლერმაც კი დაინდო.

1 მარტს სახლში ვართ. თითქმის ყველას რაღაც გვტკივა. შიშმა და სტრესმა მხოლოდ სულს კი არა, ჩვენს ყურებსაც ავნო. დაბომბვისას ფანჯრების მინები ზანზარებს და ტყდება.

დაბომბვა 2 მარტსაც გრძელდება. უნდათ, ინფრასტრუქტურა გაანადგურონ, მაგრამ დასახლებულ ადგილებსაც ბომბავენ. სახლებს, კორპუსებს ანგრევენ. ჩემი მეგობრები და ახლობლები გარბიან. მათი ბინებისგან აღარაფერი რჩება.

ცრემლები. ტკივილი. წარმოუდგენელი ტკივილი. ვინ იფიქრებდა, რომ ხარკოვს გაანადგურებდნენ კულტურის ქალაქს, სტუდენტებისა და მეცნიერების ქალაქს, ქალაქს, სადაც რეპინი დაიბადა, სადაც ლანდაუ ცხოვრობდა. როცა ომი დამთავრდება, შევძლებთ, რომ რუსებს ეს ვაპატიოთ? ვერა, ვერ შევძლებთ. ეს უკრაინელი ხალხის გენოციდია.
3 მარტის ღამეს თავშესაფარში ვართ მე და ჩემი ძმები და მეტროს უახლოეს სადგურში გვირაბით გავდივართ. დიდი ხანია, ხალხს ვეხმარებით. წამლები და საჭმელი მოგვაქვს.
წამლები ყველას არ ყოფნის.
*
4 მარტს გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომ ქალაქი დილით ადრე დავტოვოთ. ოჯახიდან ზოგი ჩვენ მოგვყვება, ზოგიც რჩება. მამაჩემი რჩება ვერ დავარწმუნე. ავადმყოფი ბაბუაჩემიც რჩება. ძალიან მიჭირს ამის ატანა.

არ უნდათ წამოსვლა. იქ უნდათ დარჩენა, სადაც მათი წინაპრების საფლავებია. ჩვენ იმიტომ გადავწყვიტეთ წასვლა, რომ ქალაქი საშინლად დანგრეულია. აქ იმედი დაგვეკარგა. თავიდანვე ყველასთვის ცხადი იყო, რომ რუსეთის ჯარი ბევრად უფრო დიდი და ძლიერია, ვიდრე ჩვენი. მაგრამ გვჯეროდა, რომ მოკავშირეები დაგვეხმარებოდნენ. დღეს კი რა ხდება? სანქციები? სანქციები გვჭირდება თუ სიცოცხლე?

ჩვენ მშვიდობა გვჭირდება ის, რომ ბავშვები, დედები, მამაცი ჯარისკაცები არ კვდებოდნენ. ჩვენი ხალხი უნებურად დიდი ერების ბრძოლაში ჩართული აღმოჩნდა, ჩვენ კი უბრალოდ სიცოცხლე გვინდა.

4 მარტს ქვეყნის შუა ნაწილისკენ წავედით. ქალაქი იმ ლტოლვილებივით დავტოვეთ, 1917 წელს რომ მიდიოდნენ და იცოდნენ, აღარასდროს დაბრუნდებოდნენ. მათი სულის ნაწილი აქ რჩებოდა.

ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ერთ დღესაც დავბრუნდებით და ერთად ავაშენებთ ჩვენს ქალაქს. არ ვიცი, როგორ შეგიძლიათ დახმარება. ახლა ალბათ ყველაფერს ლოცვა და გამხნევება ჯობია.

დასავლეთისკენ მივდივართ. შეგიძლიათ, რამე დაწეროთ იმ ყველაფერზე, რაც აღვწერე. რაც პირადია, თუ გინდათ, გამოტოვეთ. თუ გინდათ, ჩემი სახელი დატოვეთ. ეს ყველაფერი ცრემლითაა დაწერილი. როგორ ფიქრობთ, ამერიკაში ლტოლვილად მიმიღებენ?

არ ვიცი, სად ვიცხოვრებ. ნეტა მოქალაქეობის მიღებას თუ შევძლებ? მშვიდობა თქვენს სახლებსა და ოჯახებს.

 

იაკოვ ს.

ამ დროისთვის ხარკოველი სტუდენტი იაკოვ ს. ლვოვში, თავშესაფარში იმყოფება. მას მკურნალობა სჭირდება.