„ამერიკული მიზანი“ დემოკრატიული ღირებულებების ერთგული ამერიკელი და ქართველი თანამოაზრეების ჟურნალია. ეს არის ჟურნალი ამერიკასა და მსოფლიოზე, სახელმწიფოების და თანამედროვე პოლიტიკური სისტემების მრავალფეროვან პრობლემებზე და სირთულეებზე.
ჩვენი გამოცემის გუნდი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არის განაწილებული.
ამ წამოწყებას, როგორც მისი დასახელება მიუთითებს, რამდენიმე მიზანი აქვს.
პირველი მიზანი ლიბერალური დემოკრატიის მოდელის დაცვა და მხარდაჭერაა. ამ შემთხვევაში ტერმინი „ლიბერალური“ არა ამერიკული პოლიტიკის თანამედროვე გაგებით, არამედ მისი კლასიკური მნიშვნელობითაა გამოყენებული. ლიბერალური ღირებულებები – კანონის უზენაესობა, სამოქალაქო თავისუფლებები, ადამიანის უფლებების დაცვა, ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობის პატივისცემა – თავდასხმის ობიექტია როგორც გარე, ისე დესტრუქციული პროგრამის მქონე შიდა ძალების მხრიდან. 21 საუკუნის პირველ ნახევარში დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევამ გლობალური ხასიათი მიიღო.
ჩვენ ვცდილობთ გავერკვეთ და მკითხველებს გავუზიაროთ ის სუსტი წერტილები, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას ამ ძალების წინაშე დაუცველს ხდის.
მეორე მიზანი მსოფლიოში მიმდინარე პროცესების უკეთესად გააზრებაა, რაც გლობალურ სურათში ლიბერალური დემოკრატიის ადგილს, მის წინაშე არსებული სირთულეებისა და საფრთხეების უკეთესად დანახვაში გვეხმარება. მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიების მიერ კარჩაკეტილი პოლიტისკენ გადახრამ ავტორიტარულ ძალებსა და პოპულისტებს ასპარეზი გაუფართოვა. ეს მოცემულობა საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, უკრაინას და ავტორიტარიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ სხვა ქვეყნებს, ისე დასავლეთის კონსოლიდირებულ დემოკრატიებს, რომლებმაც უკანასკნელ წლებში საკუთარ თავზე გამოსცადეს რევიზიონისტული ძალების აგრესიული პოლიტიკა.
მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების განხილვასთან ერთად ვეცდებით რეგულარულად შემოგთავაზოთ ჩვენ ავტორთა კომენტარები და კრიტიკა ამერიკული კულტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე.