ეკონომიკური ომი
უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესიის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესა. მის ახალ წიგნში, ნიკოლას მალდერი ამ სანქციებზე დამყარებული იმედების კვალს პირველი მსოფლიოს ომის წლებში პოულობს.მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აუდიტორიას შესჩივლა, რომ შეერთებული შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომი“ გამოაცხადა. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა მან სიმართლე თქვა. შეერთებული შტატების და მოკავშირეების მიერ დაწესებულმა ეკონომიკურმა, ფინანსურმა და ტექნოლოგიურმა სანქციებმა დაამუხრუჭა და უკან დახია რუსეთის ეკონომიკა, შეამცირა კრემლისთვის ხელმისაწვდომი სავალუტო რესურსები, რუსულ სამრეწველო კომპანიებს შეეზღუდათ წვდომა მათი პროდუქციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტებზე. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე გაშვებული რაკეტებისგან განსხვავებით, ამ სანქციებს პირდაპირი მსხვერპლი არ მოჰყოლია. ისტორიკოსი ნიკოლას მალდერი მის ახალ წიგნში, „ეკონომიკური იარაღი“, ამტკიცებს, რომ სანქციები ეფექტური იარაღია და მათი გამოყენებით მიყენებული ზიანი არამარტო დოლარებით, არამედ დაკარგულ სიცოცხლეებითაც იზომება. როგორც წესი, დღეს სანქციები ღია კონფლიქტში შესვლის ალტერნატივად განიხილება. ისტორიული მაგალითების გამოყენებით მალდერი ცდილობს აჩვენოს, რომ სანქციები და სხვა ეკონომიკური შეზღუდვები ბრძოლის ფორმებად უნდა განიხილებოდეს. მათი შედეგი, შესაძლოა, ნაკლებად სისხლიანი ჩანდეს, მაგრამ მათ მიერ მიყენებული არანაკლებ ფატალურია.
მალდერი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სანქციების თანამედროვე კონცეფცია პირველი მსოფლიო ომის კატასტროფული შედეგების შეფასების შემდეგ ჩამოყალიბდა. მილიონობით დაღუპულისა და დაჭრილის ხილვის შემდეგ, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პოლიტიკური ლიდერები ისეთი ზომების შემუშავებაზე დაფიქრდნენ, რომლებიც აგრესორებს მორიგი მსოფლიო ომის გამოწვევის გარეშე დასჯიდა. ბლოკადა, ემბარგო და ეკონომიკური აქტივების ჩამორთმევა ომის ნაწილი უხსოვარი დროიდან იყო, მაგრამ მალდერი ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას უსვამს ხაზს: თუ წარსულში ეკონომიკური სასჯელის სხვადასხვა ფორმა საომარ მოქმედებებს სდევდა თან, თანამედროვე სანქციები მშვიდობიან დროს გამოყენებისთვის არიან შექმნილი. ისინი არა ომის დამატება, არამედ ომის ჩანაცვლების ფორმებია. 1920 წლებში გამოჩენის შემდეგ, მათ მყისიერად შეცვალეს „ომისა და მშვიდობის მნიშვნელობა“: ომიანობისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური ზომები ახლა საომარი მოქმედებების არეალის მიღმა იხმარებოდა.
პირველი მსოფლიო ომის შემდგომ რეალობაში მოქმედი ამერიკელი და ევროპელი ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ სანქციები აგრესიის შეკავების ეფექტური იარაღი იქნებოდა: ყველას ესმოდა, თუ რაოდენ მძიმე შედეგები შეეძლო მოეტანა ეკონომიკურ ბლოკადას.
პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში მოკავშირეებმა გერმანია უმძიმესი ბლოკადაში მოაქციეს. ეს მათ ბრიტანეთის სამეფო ფლოტისა და ბრიტანეთის ფინანსური ბიუროკრატიის წყალობით მოახერხეს. ომის დასაწყისში დიდ ბრიტანეთზე მსოფლიო ვაჭრობის მოცულობის 60% მოდიოდა, ხოლო საზღვაო ვაჭრობის 55% ბრიტანული გემებით წარმოებდა. შესაბამისად, ბრიტანეთს თავისუფლად შეეძლო სხვა ქვეყნებისთვის სავაჭრო შეზღუდვების დაწესება ან გაუქმება. ასეთივე შედეგი აქვს დღეს ვაშინგტონის მიერ გამოყენებულ „მეორად სანქციებს“.
პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ დაწესებულმა ბლოკადამ მკაცრად შეზღუდა გერმანული მეტალურგიული მრეწველობისთვის ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან პროდუქტებზე წვდომა, როგორიც, მაგალითად, მანგანუმი იყო. მიუხედავად ამისა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ბლოკადის უმთავრესი შედეგი კვების პროდუქტებით ვაჭრობის გართულება იყო, რამაც ცენტრალური ევროპის ბევრ რეგიონში შიმშილობა გამოიწვია. მალდერი მიიჩნევს, რომ ამ ბლოკადას სამასი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ევროპაში, ოსმალეთის გავლენის ქვეშ მყოფ ახლო აღმოსავლეთში კი – ხუთასი ათასის. ეს ციფრები გაცილებით მაღალი იყო ომში ახლად გამოჩენილი იარაღებით (საჰაერო დაბომბვები, იპრიტი…) გამოწვეულ მსხვერპლთან შედარებით.
ამ საზარელი იარაღის გამოცდის და მისი შედეგების ხილვის შემდეგ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ეკონომიკური სანქციების გამოყენება აგრესიის შეჩერების პოტენციურ ინსტრუმენტად განიხილეს.
იდეა მარტივია: თუ ერთი ქვეყანა მეორეს თავს დაესხმება „ერთა ლიგა“ აგრესორს ისეთ სანქციებს დაუწესებს, რომელთა მიერ მიყენებული ეკონომიკური ზიანი აგრესორს სამხედრო კამპანიაზე ხელს ააღებინებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვუდრო უილსონის და ბრიტანელი ინტელექტუალის ჯონ ჰობსონის მსგავს ლეგალისტ ლიბერალებს სჯეროდათ, რომ სანქციები სახელმწიფოთა ქცევის მართვის ეფექტურ იარაღად იქცეოდა.
„ერთა ლიგის“ არსენალში სანქციების მთავარი დანიშნულება მშვიდობის დაცვა იყო. კეთილშობილი მიზანი ეკონომიკური ომის შედეგებს ვერაფრით ამსუბუქებდა: „აგრესორი ქვეყნის შეჩერების ყველაზე ეფექტური გზა მისი მოსახლეობის მაქსიმალურად დიდ ნაწილში შიმშილის გამოწვევაა“, წერდა „ერთა ლიგის“ ერთ-ერთი ექსპერტი. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ომის საზარელი გამოცდილება სხვა გზას არ ტოვებდა. ამავე დროს, სამხედრო ძალის გარეშე, „ერთა ლიგას“ სახელმწიფოთა პოლიტიკაზე ზემოქმედების ბერკეტებს შორის დიდი არჩევანი არ გააჩნდა. ევროპაში მშვიდობის დაცვის სხვა რა საშუალება რჩებოდა?
მიაღწია თუ არა სანქციებმა იმ მიზანს, რომელიც მათ პირველ და მეორე მსოფლიო ომს შორის ჰქონდათ? მალდერი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ნაწილობრივ. სანქციებმა გამოიღო შედეგი უნგრეთში, სადაც ბელა კუნის რევოლუციური მთავრობა დაემხო, მაგრამ ვერაფერი დააკლო ბოლშევიკებს, რომლებმაც რუსეთი მეოცე საუკუნის ბოლომდე მართეს. სანქციების გამოყენებამ განმუხტა ბალკანეთში დაწყებულ კონფლიქტთა ნაწილი: აღიკვეთა 1921 წელს იუგოსლავიის ალბანეთში შეჭრა და საბერძნეთის თავდასხმა ბულგარეთზე 1925 წელს.
აღსანიშნავია, რომ უფრო დიდი მასშტაბის სირთულეების წინაშე „ერთა ლიგამ“ სანქციების ბერკეტი ვერ გამოიყენა. 1931 წელს იაპონიამ საკუთარ თავზე თავდასხმის ინსცენირება მოახდინა და მანჯურიაში შეიჭრა, რომელიც, ოკუპაციის შემდეგ, სატელიტურ ქვეყნად აქცია. ერთადერთი რაც „ერთა ლიგამ“ მაშინ შეძლო, საგამოძიებო კომისიის ფორმირება და გაგზავნა იყო. „ერთა ლიგამ“ ეკონომიკური სანქციების ინსტრუმენტის გამოყენება ოთხი წლის შემდეგ მოახერხა, როცა იტალიის საექსპედიციო კორპუსი ეთიოპიაში შეიჭრა. მსოფლიოს ქვეყნების ¾-მა იტალიასთან ყოველგვარი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირი გაწყვიტა. შეერთებული შტატები ამ ქვეყანათა რიცხვს არ შეერთებია. ამერიკული ნავთობი იტალიას შეუფერხებლად მიეწოდებოდა, რამაც „ერთა ლიგის“ ძალისხმევა მნიშვნელოვნად დააკნინა. სანქციებს აღარ ჰქონდა ის ძალა, რომელიც მუსოლინის გეგმების შეცვლაზე დააფიქრებდა ან მას ძალაუფლებას დააკარგვინებდა.
მალდერი მიიჩნევს, რომ იტალიის წინააღმდეგ წარმოებული ეკონომიკური ბლოკადის და სანქციების პოლიტიკა იყო ის გარდამტეხი მომენტი, რომელმაც იაპონიას და გერმანიას მეორე მსოფლიო ომის გამომწვევი პოლიტიკისკენ უბიძგა. მალდერი ხაზს უსვამს იმ სიფრთხილეს, რომელიც სანქციების მომხრეებმა უნდა გამოიჩინონ. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სანქციების მიზანი: აგრესიის აღკვეთა და შეჩერება თუ ქვეყნის ეკონომიკური განადგურება. იტალიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სისუსტეც სწორად ამაში მდგომარეობდა. ისინი არ იყო საკმარისი ეთიოპიის წინააღმდეგ წარმოებული უსამართლო აგრესიის შესაჩერებლად და ვერც იტალიის ეკონომიკას აყენებდა ფატალურ ზიანს. 1930-იან წლებში იტალიის, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მოთამაშის, „მწყობრიდან გამოყვანა“ დასავლეთისთვის სტრატეგიული წარმატების ტოლფასი იქნებოდა. გარდა იმისა, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის დამწყები სამი ქვეყნიდან ერთ-ერთს გამოთიშავდა, ძლიერ გაკვეთილს მიიღებდა გერმანია და იაპონიაც: დასავლეთის ქვეყნები სხვა ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიას არ დაუშვებდნენ. მალდერი ასკვნის, რომ დასავლეთის მთავარი შეცდომა ფაშისტი მოკავშირეების წინააღმდეგ ზედმეტი სისუსტის გამოჩენა იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ეკონომიკური სანქციების ნაცვლად მათ წინააღმდეგ იარაღით ხელში ბრძოლა გახდება საჭირო.
ფაშისტებს არ დავიწყებიათ პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებაც, როცა სავაჭრო ბლოკადას დამატებულმა დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების სანქციებმა გერმანიის მოსახლეობა შიმშილობის პირას მიიყვანა. „მე უკრაინა მჭირდება. უკრაინას თუ ხელში ჩავიგდებთ, ისინი ვეღარასოდეს გვაშიმშილებენ“, აცხადებდა ჰიტლერი. იმის ცოდნამ, რომ შემდეგ ომს სავაჭრო ბლოკადა და უმძიმესი ეკონომიკური სანქციები მოჰყვებოდა, იტალიას, იაპონიასა და გერმანიას ახალი ტერიტორიების ოკუპაციისკენ უბიძგა. ახალი ტერიტორიების დაპყრობა იაპონური მილიტარიზმის, გერმანული და იტალიური ფაშიზმის ფუნდამენტური ელემენტი იყო, თუმცა მოსალოდნელი სანქციებით გამოწვეული სირთულეების შიში და გადარჩენისთვის აუცილებელი დამატებითი რესურსების ხელში ჩაგდება სხვა ქვეყნებზე თავდასხმის დაწყების დამატებით ფაქტორად იქცა.
წიგნის დასკვნით ნაწილში, მალდერი წერს, რომ „ლენდ-ლიზის“ მსგავსი „სოლიდარობის ექსპანსიის“ პოლიტიკა ფაშისტის წინააღმდეგ ბრძოლის სანქციებზე არანაკლებ ეფექტური იარაღი იქნებოდა. ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში სანქციებზე გამართულ დებატებში აქტიურად ჩართული ბრიტანელი ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინზი მიიჩნევდა, რომ სანქციები და ეკონომიკური სასჯელის სხვა ფორმები არაეფექტურობის და მოულოდნელი (არასასურველი) შედეგების გამოწვევის რისკს შეიცავდნენ. კეინზი აგრესიის მსხვერპლთა დახმარების პროგრამას უჭერდა მხარს. იყო პერიოდი, როცა „ერთა ლიგა“ განიხილავდა აგრესიის მსხვერპლთა დასახმარებლად განკუთვნილი ფონდის შექმნის იდეას. ამ ფონდის სახსრები ავტომატურად მიეცემოდა ქვეყანას, რომელიც უცხო ქვეყნის თავდასხმის ობიექტი გახდებოდა. ეს იდეა არასდროს განხორციელებულა.
ნაკლებად სავარაუდოა 1939 წელს პოლონეთის მიერ მიღებულ ეკონომიკურ დახმარებას გერმანიის გეგმებში რამე შეეცვალა.
უკრაინის წინააღმდეგ დღეს განხორციელებული სამხედრო აგრესიის მასშტაბი და სისასტიკე აჭარბებს 1945 წლის შემდეგ ევროპის კონტინენტზე მომხდარ ყველა მსგავს ფაქტს. ეს მოვლენები იმ ეკონომიკური სანქციებისა და დახმარების პროგრამების ეფექტურობის გამოცდაა, რომლებიც ამჟამად საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაა ხელმისაწვდომი. მალდერი მის წიგნში თანამედროვე სანქციების ისტორიას მოგვითხრობს, რითაც გვახსენებს მათ დანიშნულებას და ფუნქციას. დასავლეთმა სანქციები დააკისრა რუსეთის ცენტრალურ ბანკს და სახელმწიფო კომპანიებს, მნიშვნელოვნად შეზღუდა რუსეთში ექსპორტისთვის ხელმისაწვდომი პროდუქცია, ევროპის ბევრმა ქვეყნამ რუსულ გემებს ევროპულ პორტებში შესვლა აუკრძალა – ამ სიის გაგრძელება დიდხანს შეიძლება. სხვა შედეგებთან ერთად ეს ზომები რუსეთში ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქციაზე, მედიკამენტებზე და საკვებზე. სანქციები შესაძლოა საარტილერიო დაბომბვის მსგავს მყისიერ ზიანს არ იწვევს, მაგრამ არავინ უნდა იფიქროს, რომ ისინი უკვალოდ ჩაივლის. მათ გავლენას რუსეთის თითოეული მოქალაქე იგრძნობს.
ეკონომიკური იარაღი: სანქციების როლი თანამედროვე ომში
ნიკოლას მალდერიYale University Press, 2022
სადამსჯელო ზომების გარდა დასავლეთმა „პოზიტიური“ ინსტრუმენტებიც გამოიყენა. 2014 წლის შემდეგ უკრაინამ მილიარდობით დოლარის სხვადასხვა სახის ეკონომიკური დახმარება მიიღო. გერმანია ვერასდროს გააგზავნის ჩაფხუტების ისეთ რაოდენობას, რომელიც უკრაინელებს რუსული ავიაციისა და არტილერიისგან დაიცავს. რუსული აგრესიის პრევენციისთვის ფულზე მეტად უკრაინას შეიარაღება სჭირდებოდა. წლების განმავლობაში ვაშინგტონი უარს ამბობდა უკრაინისთვის თანამედროვე შეიარაღების, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, მიწოდებაზე. ეს უარი რუსეთის პროვოცირების შიშით აიხსნებოდა. საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება უკრაინას მოამზადებდა და გააძლიერებდა. მოსალოდნელი ზიანის გათვალისწინებით, პუტინი შესაძლოა ორჯერ დაფიქრებულიყო სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. უკრაინას სჭირდებოდა საშუალო რადიუსის მქონე სარაკეტო შეიარაღება, რომელიც კიევს საშუალებას მისცემდა გაენადგურებინა მის წინააღმდეგ დაგეგმილი აგრესიისთვის გამოყენებული სამხედრო ინფრასტრუქტურა. ეს წინადადება სერიოზულად არც კი განხილულა.
რაკეტებისა და შეიარაღების ნაცვლად უკრაინამ „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მორიგი სესხი მიიღო.
სამწუხაროდ, სოლიდარობის ის ფორმა, რომელიც უკრაინას ყველაზე მეტად დაეხმარება, არსად ჩანს. ეს უსაფრთხოების გარანტიებია. ამ ნიშნით დღევანდელი ევროპა ძალიან ჰგავს მსოფლიო ომებს შორის პერიოდს. „ერთა ლიგის“ მიერ ეკონომიკური სანქციების ასეთი ხშირი გამოყენების მიზეზი სამხედრო ბერკეტების არქონა იყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეერთებული შტატების მიერ იზოლაციის პოლიტიკის გაღრმავება და საერთაშორისო ასპარეზიდან ეტაპობრივი ჩამოშორება იყო. შემთხვევითი არ არის, რომ სამხედრო აგრესიის საპასუხოდ ეკონომიკური სადამსჯელო ზომების გამოყენების ყველაზე აქტიური მხარდამჭერები ფრანგები, პოლონელები და ფინელები იყვნენ. სწორედ ისინი გრძნობდნენ თავს ყველაზე დაუცველად მათ გარშემო გააქტიურებული რევანშისტული ძალების გამო. როგორც მალდერის წიგნი აჩვენებს, ეკონომიკური სანქციები ზუსტი იარაღი არ არის. არც მათი გამოყენების შედეგია გარანტირებული. მართალია, ზოგჯერ ალტერნატივა არ არსებობს, მაგრამ ისინი ვერასდროს შეიძენენ ისეთ მნიშვნელობას, რომელიც უსაფრთხოების გარანტიებს აქვს.
კრის მილერი
კრის მილერი „ფლეჩერის სკოლის“ საერთაშორისო ისტორიის პროფესორი და „მაერიკის სამეწარმეო ინსტიტუტის“ მოწვეული მკვლევარია.