article-img

რუსეთი უნდა დამარცხდეს

შეერთებული შტატების და მოკავშირეების მოქმედების ერთადერთი სწორი გზა ესკალაციაა დალიბორ როჰაჩი

„ათწლეულებს, რომელთა განმავლობაში არაფერი ხდება, მოჰყვება კვირები, რომელთა განმავლობაში ათწლეულების საკმარისი მოვლენები ხდება“ – ლენინის ეს ცნობილი აფორიზმი უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. უკრაინაში დაწყებული ომის საპასუხოდ შეერთებული შტატებისა და ევროპელი მოკავშირეების მიერ გადადგმული ნაბიჯები ბევრისთვის მოულოდნელად გამბედავი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

საიდან დავიწყოთ? რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა, გერმანიის მიერ თავდაცვის პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვა, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების ორგანიზება და ამ კვირის ბევრი სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება ათი დღის წინ დაუჯერებელი იქნებოდა. როცა შვეიცარიაც (!) კი რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს უერთდება, დასკვნა ერთმნიშვნელოვანია – ჩვენ ახალ სამყაროში გავიღვიძეთ. პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების გარდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია ის მასობრივი და სპონტანური მხარდაჭერა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მოქალაქეებმა უკრაინის მიმართ გამოხატეს.

ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში სამხედრო კამპანიის შესახებ წარმოდგენები მცდარი აღმოჩნდა. გასეირნების ნაცვლად რუსეთის შეიარაღებული ძალები უმძიმეს ბრძოლებში მოხვდნენ, მაღალია მსხვერპლი და დანაკარგები. ბრძოლის ველზე განცდილ წარუმატებლობას თან დაერთო დასავლეთის მხრიდან მოულოდნელი სიმტკიცე და ერთიანობა, რაც რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციების უჩვეულოდ მკაცრ ხასიათში გამოიხატა. თუმცა გულუბრყვილობა იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი პუტინის მიერ შექმნილი კრიზისის დასრულებისთვის საკმარისი იქნება.

ასევე გულუბრყვილოა იმის ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ფინანსური კრიზისი და პუტინის მიერ მსოფლიოს ბირთვული იარაღით შანტაჟი ამ უკანასკნელის რეჟიმის საწინააღმდეგო ამბოხებას ან მის გასანეიტრალებელ შეთქმულებას გამოიწვევს. ასევე უცნობია თუ რამდენად მალე შეიძლება შეანელოს უკრაინის მიმართ მიმდინარე სამხედრო აგრესია ამ დანაკარგებმა ან საერთაშორისო სანქციებით გამოწვეულმა ზიანმა. ფუჭი იმედების ნაცვლად დასავლეთს სჭირდება სტრატეგია რომელიც დღეებითა და კვირებით შეზღუდული არ იქნება და გაითვალისწინებს ისეთ არასასიამოვნო რეალობას როგორიცაა: ა. პუტინის რეჟიმი კიდევ დიდხანს არ დაემხობა; ბ. რუსეთის ფინანსური რეზერვები და პუტინის მიერ რუსეთის მოსახლეობაზე დამყარებული ტოტალური კონტროლი კრემლს ხანგრძლივი ომისა და ოკუპაციის გაძლების საშუალებას მისცემს.

პესიმიზმის საფუძველს ქმნის სხვა არასასიამოვნო გარემოებებიც: შოკისა და აღშფოთების პირველი ტალღის გადავლის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე ომის ადგილს სხვა ახალ ამბებს დაუთმობს. კონფლიქტის გაგრძელებასთან ერთად პოლიტიკოსებისა და მედიის ყურადღება თანდათან სხვა საკითხებზე გადაერთვება, გართულდება რუსეთის მიმართ გადადგმული ნაბიჯებით მიღებული ზიანის გამართლება. ამავე დროს, დროის ფაქტორი არც პუტინს უწყობს ხელს: უკრაინაში განცდილი სირთულეები რუსეთის მოსახლეობისგან მეტად რთულად დასამალია და მისნაირ დიქტატორს კაცობრიობის წინაღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისკენ უბიძგებს. იბომბება სამოქალაქო ობიექტები, ქალაქები, გახშირდა ცნობები რუსების მიერ ვაკუუმური ბომბების გამოყენების შესახებ, რომლებმაც მიწასთან გაასწორეს სირიის დიდი ნაწილი. ამ ვითარებაში მთავარი რისკი რუსეთის სისასტიკესთან ერთად დასავლეთის ერთიანობისა და მტკიცე პოზიციის მოშლაა, რომელიც, საბოლოო ჯამში, უკრაინელების თავს დამტყდარი უბედურებისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში იქნება გამოხატული.

დიახ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის თავდაცვის ძალების შეიარაღება (ან უკრაინელი მეამბოხეების, თუ ქვეყანაზე რუსული საოკუპაციო რეჟიმი დამყარდება). დიახ, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესყიდვა, ყველა საჭირო სანქცია დავუწესოთ, სანამ ამ ქვეყანას „ზემლიანკების“ მდგომარეობაში არ დავაბრუნებთ. მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი პუტინის დაუნდობელი რეჟიმის მიერ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის განადგურებისგან ხსნისთვის. სამწუხაროდ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომასთან ერთად მოსალოდნელია უკრაინაზე წნეხის ზრდა, რათა კიევმა „გონივრული“ პოზიცია დაიკავოს, დათმობებზე წავიდეს: ეს შეიძლება ოკუპირებული ყირიმის ან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების აღიარებაზე დათანხმებას შეიძლება ნიშნავდეს.

ამ ენტროპიის სპირალში დაშვების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გეგმა, რომელიც რუსეთზე დაკისრებულ ეკონომიკურ სანქციებს და სხვა სადამსჯელო ზომებს მუდმივ ხასიათს შესძენს და რუსეთს მათთვის თავის დასაღწევ ყველა გზას მოუჭრის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვან ზიანს მიიღებს თავად დასავლეთი. რუსეთის იმპერიული ნოსტალგიით გამოწვეული მეტასტაზების საბოლოოდ ამოკვეთისთვის უკრაინელების მიერ რუსეთის მათ ტერიტორიაზე შეჩერება საკმარისი არ იქნება. ეს ვერ გამორიცხავს რუსეთსა და ნატო-ს ქვეყნებს შორის სამხედრო დაპირისპირების შესაძლებლობას. რუსეთი უკრაინის ომში უნდა ცალსახად და უპირობოდ დამარცხდეს.

ამ მიზნის მისაღწევად ამერიკელებმა და ევროპელებმა უნდა დაგეგმონ ის ნაბიჯები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემენ ფეხი აუბან სავარაუდო ესკალაციას მოსკოვის მხრიდან. უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ პუტინის რეჟიმისთვის ესკალაცია, პირველ რიგში, სამოქალაქო მოსახლეობის განადგურებაა.
უკრაინაში შეჭრამდე პრეზიდენტმა ბაიდენმა და დასავლეთის სხვა ლიდერებმა უკრაინაში ნატო-ს ან ალიანსის რომელიმე წევრის მხრიდან ძალის გამოყენება გამორიცხეს. მიზეზები მოსალოდნელი იყო: ბირთვულ სახელმწიფოსთან ომი არავის სურს, დასავლეთს უკრაინის დაცვას არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ ავალდებულებდა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინაში ძალის გამოყენების თავიდანვე გამორიცხვა დღევანდელისგან განსხვავებულ გეოპოლიტიკურ გარემოში კეთდებოდა. ამ განცხადებას საფუძვლად ედო ვარაუდი, რომ ეკონომიკური სანქციებისა და გლობალური ასპარეზიდან იზოლაციის საფრთხე საკმარისი იქნებოდა პუტინის შესაჩერებლად. ამ ვარაუდს ამყარებდა არგუმენტი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების და კიევის მოტივაციის შესახებ, რაც დამატებითი ფაქტორი უნდა ყოფილიყო პუტინის გათვლებში.

დღეს ნათელია, რომ ეს მცდარი ვარაუდი იყო. ამით აიხსენება ის სიჩქარე, რომლითაც დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის შეიარაღებაზე ზრუნვა და რუსეთზე ეკონომიკური სანქციების დაწესება დაიწყეს. მაგრამ რა მოხდება თუ არც ეს ზომები აღმოჩნდა საკმარისი პუტინის შესაჩერებლად? რა მოხდება თუ პუტინი გააგრძელებს უკრაინელთა დაუსჯელ განადგურებას? რა მოხდება თუ მისი შემდეგი ნაბიჯი ნატო-ს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ იქნება გადადგმული, თუნდაც ნიადაგის მოსინჯვის მიზნით? უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ პუტინის ამბიციები უკრაინას სცდებოდა. ამის მიხვედრა პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებებითაც შეიძლებოდა. ამ კუთხით, განსაკუთრებით საყურადღებო ის ულტიმატუმი იყო, რომელიც მან შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს უკრაინაში შეჭრამდე წაუყენა.

სხვანაირად რომ ვთქვათ, დასავლეთის მიერ ბირთვულ ქვეყანასთან პირდაპირი და კინეტიკური კონფლიქტის თავიდან აცილების მრავალი ცდის მიუხედავად, ახლა სწორედ ასეთი კონფლიქტის დაწყებაა შესაძლებელი.
ყველაზე მნიშვნელოვანი დილემა დღეს შემდეგში მდგომარეობს: გადადგას თუ არა დასავლეთმა პირველი ნაბიჯი, გაზარდოს ზეწოლა და კრემლს პირობები წაუყენოს, თუ პუტინის მოქმედებას დაელოდოს? პუტინის ლოდინმა (მას თავად ექნება დროისა და მოქმედების არეალის არჩევანი) დასავლეთი შესაძლოა ჩიხში მოაქციოს. არსებობს მოსაზრება, რომ დასავლეთს მოსკოვთან კონფრონტაცია არ მოუწევს, რადგან პუტინი უსასრულო და გამანადგურებელ ბრძოლაში გაებმება უკრაინაში.

დასავლეთისა და რუსეთის კონფლიქტის ესკალაციის ყველა შესაძლო სცენარი შემაძრწუნებელი ჩანს, მაგრამ არანაკლებ შემაშფოთებელია ის შედეგები, რომლებიც დასავლეთის უმოქმედობას მოჰყვება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კითხვას მხოლოდ ორი პასუხი არ აქვს, თითქოს არჩევანი გვერდზე გადგომას და უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების დაუყოვნებლივ გაგზავნას შორის იყოს. უკრაინელებისთვის ყველა იმ შეიარაღების მიწოდებასთან ერთად, რომელიც მათ გამოადგებათ, უნდა განიხილებოდეს სხვა, უფრო თამამი ნაბიჯებიც – კიბერშეტევები, ფარული ოპერაციები და რა თქმა უნდა, უკრაინის საჰაერო სივრცის (ან თუნდაც მისი ნაწილის) „ჩაკეტვა“. ნებისმიერ მოქმედებას თან უნდა სდევდეს მკაფიო გზავნილი, რომ ამ ომი მოგებისთვის დასავლეთს რუსეთზე მეტი დრო, მოქმედების თავისუფლება და რესურსები გააჩნია და რაც მთავარია, ეს გამარჯვება პუტინზე არანაკლებად სურს.

ჩვენ წინაშე უკიდურესი სიმძიმის მქონე ვითარებაა, მაგრამ რუსეთის გამარჯვება ან პუტინის ამ ავანტიურის მისთვის მისაღები შედეგით დასრულება აბსოლუტურად დაუშვებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ერაყში ომის დაწყების მსგავს მცდარ გადაწყვეტილებებზე მეტი შეცდომა შეერთებულ შტატებს უმოქმედობით აქვს დაშვებული: უკრაინის დასავლეთში ინტეგრაციის გაურკვეველი გზა, რუსეთთან გაუგებარი „გადატვირთვების“ ჯიუტი მცდელობები, პუტინის მიერ ასადის რეჟიმთან ერთად სირიაში ჩადენილი დანაშაულებზე რეაგირება და ა.შ. საკმარისია. ამ სამხედრო აგრესიის გაგრძელება შეუთავსებელია მშვიდობის და საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დამყარებული წესრიგთან.

დალიბორ როჰაჩი