article-img

უკრაინის დახმარება

ფრენსის ფუკუიამა უკრაინისთვის აღმოსაჩენი დახმარების დეტალებზე. ფრენსის ფუკუიამა

ჩემმა მოკლე სტატიამ [მზადება მარცხისთვის], რომელიც უკრაინის ომის შესაძლო შედეგებს ეხებოდა, ბევრი ჩემი უკრაინელი მეგობრის გულისწყრომა გამოიწვია. იმ სტატიაში ვამტკიცებდი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მართალი იყო, როცა უკრაინისთვის პოლონური „მიგების“ გადაცემაზე და საჰაერო სივრცის „ჩაკეტვაზე“ უარს ამბობდა. შევეცდები ავხსნა ლოგიკა, რომელმაც ამის დაწერა მიკარნახა.

პოლონური „მიგები“ იმ მოლაპარაკებებიდან ყურადღების გადატანის მიზეზად იქცა, რომლებზეც უკრაინის რუსული თავდასხმებისგან დაცვის ბევრად სერიოზული გზები განიხილებოდა. ეს თვითმფრინავები ძალიან ძველია, მათ არ შეუძლიათ იმ თანამედროვე, ზუსტი შეიარაღების გამოყენება, რომელიც ჯავშანმანქანების კოლონების მსგავსი სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენება. დღეს უკვე დადასტურებულად ცნობილია, რომ უკრაინამ მისი საბრძოლო ავიაციის დიდი ნაწილი შეინარჩუნა, თუმცა დღეში მხოლოდ ოცი აფრენით შემოიფარგლება, რაც მათი შედარებით დაბალი ეფექტურობის დამატებითი მინიშნებაა.

გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისთვის უკვე გადაცემულ „სტინგერებზე“ და სხვა გადასატან ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე უფრო მძლავრი და თანამედროვე სისტემების მიწოდება. რა თქმა უნდა, ამერიკული „პატრიოტის“ მსგავს კომპლექსებს ათვისებისთვის დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ნატო-ს სხვა ქვეყნებს უხვად აქვთ ის შეიარაღება, რომელიც უკრაინის საჰაერო სივრცის დასაცავად დაუყოვნებლივ ჩადგება მწყობრში.

ახლა, რაც შეეხება უკრაინის საჰაერო სივრცის „ჩაკეტვას“. ამ ზომის წარმატებულად განხორციელება შეუძლებელია რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების დაზიანების გარეშე. უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დასანგრევად პუტინის რეჟიმი  ხმელეთიდან ან თვითმფრინავებიდან გაშვებულ ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს. ორივე შემთხვევაში ეს რუსეთის საჰაერო სივრციდან ხორციელდება. უკრაინის საჰაერო სივრცის „ჩაკეტვა“ შეუძლებელი იქნება რუსეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის გარეშე. გასანადგურებელი იქნება ყველა ის სამხედრო ბაზა, რომელსაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად იყენებს.

გარდა ამისა, უკრაინულ ქალაქებს რუსული არტილერიაც ბომბავს. ამ არტილერიის განადგურება საჰაერო ძალების საშუალებითაა შესაძლებელი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ასეთ დარტყმებს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განეიტრალება უნდა უძღოდეს წინ. ამ ეტაპზე, ამ საფრთხესთან გამკლავების საუკეთესო საშუალება თურქული TB2-ები და უკრაინული არტილერიის საპასუხო ცეცხლი ჩანს.

რუსულ სამხედრო ობიექტებზე პირდაპირი თავდასხმა ესკალაციის უპრეცედენტო ნაბიჯი იქნება. არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ რუსეთისთვის საჰაერო სივრცის გადაკეტვა იმ ჰუმანიტარული ოპერაციების მსგავსი იქნება, რომლებიც ქურთისტანში ან სხვა მსგავს შემთხვევებში განხორციელდა. წარსულიდან მოხმობილ მაგალითებში მოწინააღმდეგე მხარეს არ გააჩნდა ესკალაციის ისეთი შესაძლებლობები, როგორიც დღეს რუსეთს აქვს.

მეორე მხრივ, დასავლეთს დაფიქრება მართებს ესკალაციის იმ გზებზე, რომლებსაც მისაღებად მიიჩნევს. ბაიდენის ადმინისტრაციამ საგრძნობ წარმატებას მიაღწია როგორც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, ისე ნატო-ს პარტნიორებთან, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხზე. ომის დაწყებამდე რუსეთის სამხედრო აგრესიის მიზეზად ბევრი ნატო-ს გაფართოების პოლიტიკას ასახელებდა. ახლა ეს ექსპერტები დროებით დუმან. თუმცა ისინი კვლავ გამოჩნდებიან როგორც კი ნატო კონფლიქტში აქტიურად ჩართულ მხარედ გამოჩნდება. სრულიად შესაძლებელია უკრაინაში მიმდინარე ომი სხვა ქვეყნებსაც მოედოს, მაგრამ მნიშვნელოვანი, რომ ასეთი ესკალაციის უკან სწორად რუსეთი იყოს და ბრალდება ნატო-ს ქვეყნებს არ შეეხოს. ალიანსის ერთიანობამ, რომელსაც ასე ერთხმად მიესალმა საერთაშორისო თანამეგობრობა, საომარ მოქმედებებში ჩართვას შესაძლოა ვერ გაუძლოს.

სამწუხაროდ, ამ მდგომარეობაში აღმოჩენა სრულიად დასაშვები და შესაძლებელია. პუტინი სასოწარკვეთილი ლიდერის შთაბეჭდილებას ტოვებს, გახშირდა მოსკოვის თხოვნები დახმარების შესახებ სირიელების, ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ. ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის მიერ ჩინეთისთვის დახმარების თხოვნით მიმართვის შესახებ. ნატო-ს მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტების განადგურების შემთხვევაში პუტინს მხარდაჭერა როგორც რუსეთის შიგნით, ისე რუსეთის გარეთ გაიზრდება. პირველი მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე უმეტესობა მიიჩნევდა, რომ პრობლემა თავს ფრანც ფერდინანდის მკვლელობისთვის ავსტრიის მიერ სერბეთის დასჯით ამოწურავდა თავს, მაგრამ მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა. არავის სურს ანალოგიური პროცესის 21-ე საუკუნეში გამეორების ხილვა, როცა ის დამანგრეველი ძალა, რომელიც მხარეებს გააჩნიათ, კაცობრიობას განადგურებით ემუქრება.

პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ უკრაინის ყველა იმ იარაღით მომარაგებისთვის, რომელიც მას თავდაცვისთვის სჭირდება: ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, „ჯაველინები“, NLAW-ები, TB2-2-ები და კიდევ ბევრი სხვა. მაგრამ ისეთი გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმას გულისხმობს, ორჯერ დაფიქრება გვმართებს.

 

ფრენსის ფუკუიამა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, „ამერიკული მიზნის“ დამფუძნებელი და სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარეა.