article-img

მზადება მარცხისთვის

ფრენსის ფუკუიამა უკრაინაში შექმნილ ვითარებას აფასებს ფრენსის ფუკუიამა

ამ სტატიას სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ვწერ, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი „ლიდერთა განვითარების აკადემიის“ ერთ-ერთ სალექციო კურსს ვკითხულობდი. უკრაინაში მიმდინარე ომზე აქ ხელმისაწვდომი ინფორმაცია არაფრით გამოირჩევა, ერთადერთი განსხვავება ბალკანეთის უკრაინის საათის სარტყელთან სიახლოვე და პუტინის შედარებით მაღალი მხარდაჭერაა, რომელიც ამ რეგიონს დანარჩენი ევროპისგან გამოარჩევს. ამ მხარდაჭერას, დიდწილად, სერბეთის და იქ მაუწყებლობის მქონე „სპუტნიკის“ ფაქტორი განაპირობებს.

გავბედავ და თავს უფლებას მივცემ უკრაინაში მიმდინარე ომზე რამდენიმე პროგნოზი გავაკეთო:

  1. რუსეთის უკრაინაში დამარცხება გარდაუვალია. მოსკოვმა არაკომპეტენტურად დაგეგმილ ოპერაციას საფუძვლად ის მცდარი შეფასება დაედო, რომლის თანახმად უკრაინელთა უმრავლესობა რუსეთს მიესალმებოდა, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობა რუსეთის ჯარების გამოჩენისთანავე შეწყდებოდა. დაღუპული და დატყვევებული რუსი ჯარისკაცების ნივთებში ტყვია-წამლისა და საკვების დამატებითი მარაგების ნაცვლად კიევში ჩასატარებელი აღლუმისთვის გამზადებული სადღესასწაულო უნიფორმები აღმოაჩინეს. უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციაში“ რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი უკვე ჩართულია, პუტინს არ დარჩენია მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი რეზერვები, რომელთა ჩართვა ვითარებას რუსეთის სასარგებლოდ გამოასწორებდა. რუსული ძალები სხვადასხვა უკრაინული ქალაქის გარშემო გაიჭედნენ, ისინი მომარაგების უმძიმეს პრობლემებს და უკრაინელთა უწყვეტ შეტევებს განიცდიან.
  2. თანდათან გამოფიტვის ნაცვლად, უკრაინაში შეჭრილმა რუსულმა კონტინგენტმა ბრძოლისუნარიანობა შესაძლოა ერთიანად და მოულოდნელად სწრაფად დაკარგოს. საველე პირობებში განუსაზღვრელი დროით მოქცეული ჯარი აღმოჩნდება მდგომარეობაში როცა შეუძლებელი იქნება, როგორც მათი მომარაგება, ისე მათი გამოყვანა. მათი მორალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება. ეს უკვე ხდება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მაგრამ რუსებს მეტი წარმატება აქვთ სამხრეთ უკრაინაში. თუმცა ჩრდილოეთში საბოლოო მარცხის შემთხვევაში მათი პოზიციები სამხრეთშიც მნიშვნელოვნად გაუარესდება.
  3. ძნელი წარმოსადგენია კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა, სანამ ეს არ მოხდება. განცდილი დანაკარგების გათვალისწინებით, არ არსებობს კომპრომისი, რომელიც ამ ეტაპზე მისაღები იქნება როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის.
  4. გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამდენად უსარგებლო და ბითური ინსტიტუტია. ერთადერთი ქმედითი ნაბიჯი, რომელიც გაერო-მ გადადგა, გენერალური ასამბლეის კენჭისყრა იყო, რომლის შედეგად გაადვილდება ფარული დესტრუქციული ქმედებების ავტორთა გამოვლენა საერთაშორისო ასპარეზზე.
  5. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის სივრცის „ჩაკეტვაზე“ და პოლონური „მიგების“ გადაცემაზე უარის თქმას ეხებოდა, გამართლებული იყო. კარგია, რომ ამ ემოციებით გადატვირთულ გარემოში მათ ფხიზელი გონებით იმოქმედეს. უმჯობესია უკრაინელებს რუსთა დამარცხების საშუალება დამოუკიდებლად მიეცეთ, რაც მოსკოვს წაართმევს ნატო-ს კონფლიქტში ჩარევაში დადანაშაულების საშუალებას. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილებები ესკალაციის სხვა შესაძლებლობებსაც მოჭრის. პოლონური „მიგები“ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს განსაკუთრებულს არაფერს შესძენდა. გაცილებით მნიშვნელოვანია „ჯაველინების“, „სტინგერების“, TB2-ების, სამედიცინო აღჭურვილობის, კავშირგაბმულობის საშუალებების და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების უწყვეტად მიწოდება. ჩემი ვარაუდით, უკრაინელი სამხედროები უკვე იყენებენ ნატო-ს ქვეყნების მიერ მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციას.
  6. ფასი, რომელსაც უკრაინა წინააღმდეგობაში იხდის უზარმაზარია. ყველაზე დიდ ზიანს ქვეყანას სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები აყენებენ. ამ დარტყმებს ვერც საჰაერო სივრცის „ჩაკეტვა“ და ვერც „მიგები“ უშველის. ერთადერთი რამ, რაც უკრაინელთა შორის ყოველდღიურ მსხვერპლს შეაჩერებს, რუსეთის სახმელეთო ძალების დამარცხებაა.
  7. პუტინის რეჟიმი მისი არმიის მარცხს ვერ გადაიტანს. მისი მხარდაჭერა მისი დაუმარცხებლობის მითს ემყარება. დამარცხებული და არაკომპეტენტური პუტინი ვერაფერს შესთავაზებს რუსებს. ძალაუფლების შენარჩუნებას ის მხოლოდ რეპრესიების საშუალებით ახერხებს.
  8. უკრაინის სამხედრო აგრესიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა პოპულისტებს მსოფლიოს გარშემო. ომის დაწყებამდე მათი უმრავლესობა პუტინის ღია გულშემატკივარი იყო: მატეო სალვინი, ჟაირ ბოლსონარუ, ერიკ ზემური, მარინ ლე პენი, ვიქტორ ორბანი და რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი. უკრაინაში დაწყებულმა ომმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ავტორიტარიზმისადმი მიდრეკილება, რომელიც ამ ტიპის ლიდერებს ახასიათებს.
  9. ეს ომი სასარგებლო გაკვეთილი გამოდგა ჩინეთისთვის. რუსეთის მსგავსად, პეკინმა ძალისხმევა არ დაიშურა შეიარაღებული ძალების, ერთი შეხედვით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის, მაგრამ საბრძოლო გამოცდილება არც მათ გააჩნიათ. საომარი მოქმედებების შემთხვევაში რუსეთის საჰაერო ძალების მიერ გამოვლენილ არაკომპეტენტურობასა და სისუსტეს, დიდი ალბათობით, ჩინელების ავიაციაც გამოავლენს. კომპლექსური ოპერაციების გამოცდილება არც მათ აქვთ. ვიმედოვნოთ, რომ პეკინი პუტინის მსგავსად თავს არ მოიტყუებს და ტაივანის მიმართ კატასტროფული შედეგების მომტან ნაბიჯებს არ გადადგამს.
  10. ტაივანი უნდა გამოფხიზლდეს და გაიაზროს, რომ სამომავლოდ უკრაინელებზე არანაკლები საბრძოლო მომზადება მართებთ. აღსადგენია სავალდებულო სამხედრო სამსახური. დამარცხებასთან წინასწარ შეგუება კარგს არაფერს მოიტანს.
  11. თურქული უპილოტო საფრენი აპარატები ბესტსელერებად იქცევა.
  12. რუსეთის მარცხი „თავისუფლების ხელახლა დაბადებას“ გახდის შესაძლებელს. ეს მსოფლიოს დემოკრატიის გლობალური დასუსტების ტენდენციიდან გამოიყვანს. მამაცი უკრაინელების თავგანწირვის წყალობით, აღსდგება და გამოცოცხლდება 1989 წლის სულისკვეთება.

 

 

ფრენსის ფუკუიამა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, „ამერიკული მიზნის“ დამფუძნებელი და სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარეა.