article-img

გერმანია: „რეალპოლიტიკა“ ხვდება რეალობას

ბერლინის კრემლისადმი დამოკიდებულება იცვლება. გერმანიის „მწვანეთა პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერთან და გარემოს დამცველ საშა მიულერ-კრემერთან ერთად განვიხილავთ იმ რთულ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღება ამ ცვლილებების გამო გერმანიაში მოუწევთ. საშა მიულერ-კრენერი

„ამერიკული მიზანი“: აღმოჩნდა თუ არა უკრაინაზე თავდასხმა გერმანიის საგარეო პოლიტიკის გარდამტეხ მომენტად? რომელი ცვლილებები შენარჩუნდება და რა საკითხებზე გაიმართება დებატები მომავალში?

საშა მიულერ-კრენერი: რუსეთის სამხედრო აგრესიამ გერმანელი პოლიტიკოსების წინაშე ორი ძირითადი საკითხი წამოჭრა: საჭიროა ინვესტიციის გაზრდა თავდაცვასა და ენერგოდამოუკიდებლობაში. გერმანიისა და ევროპის მზარდი დამოკიდებულება რუსულ გაზზე, ნავთობზე და ნახშირზე მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკაზე თვალის დახუჭვის ფაქტორად იქცა. პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა სამხედრო აგრესიამ ევროპის პოლიტიკოსებს ეს რეალობა მეტი სიცხადით დაანახა. შედგა სწრაფი და ფართო კონსენსუსი: საჭიროა განახლებად ენერგიებში ინვესტიცია და ბუნებრივი აირის, განსაკუთრებით კი რუსული გაზის, მოხმარების მაქსიმალური შემცირება.

„ა.მ.“: როგორ მიმდინარეობს ამ საკითხებზე პოლიტიკური და ეკონომიკური დებატები?

ს.მ.კ.: ყველა თანხმდება, რომ ენერგოუსაფრთხოება და კლიმატური ცვლილებებთან დაკავშირებული პოლიტიკის მიზნები სინქრონიზებული უნდა იყოს. აუცილებელია ევროპულ ენერგოსისტემის ეფექტურობის გაუმჯობესებაში და განახლებადი ენერგიების წარმოებაში მასიური ინვესტიციები. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიებისა და ქვეყნების მიხედვით განსხვავდება ის მიდგომები, რომლებიც ნახშირს, ბირთვული ენერგიის გამოყენებას და თხევადი გაზის (LNG) ინფრასტრუქტურის შექმნას ეხება. ენერგიის ფასების ზრდა განსაკუთრებულად დაამძიმებს შეზღუდული ფინანსური რესურსების მქონე ევროპელების და ნაკლებად ენერგო-ეფექტური მრეწველობის მდგომარეობას. ამჟამად, ევროკომისია და წევრი სახელმწიფოები მუშაობენ ფინანსური დახმარების მექანიზმებზე, რომლებიც ამ ვითარების შემსუბუქებისთვის იქნება გამოყენებული.

„ა.მ.“: როგორ შეიძლება რუსეთზე ენერგო-დამოკიდებულების ყველაზე ეფექტურად შემცირება?

ს.მ.კ.: „ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ“ წარმოადგინა გეგმა, რომლის განხორციელება რუსულზე გაზზე დამოკიდებულებას 30%-ით შეამცირებს ერთი წლის განმავლობაში. ამ გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია ენერგიის ეფექტურად მოხმარებისა და დაზოგვის ზრდა, ბუნებრივი აირის მარაგების სავალდებულო შევსება ზაფხულის თვეებში და მასშტაბური პროგრამა, რომელიც გამათბობელი ქვაბების მასობრივ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ამჟამად თხევადი გაზის მარაგებისთვის ევროპაში არსებული ინფრასტრუქტურა აღემატება საჭიროებას, მაგრამ ჯერ გაურკვეველია რამდენად საკმარისი იქნება დღეს ხელმისაწვდომი რესურსები რუსული გაზის სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში. განიხილება დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნაზე. ამ პროექტების დასრულებას სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდება. აქ ისმის კითხვა თუ რამდენად მიზანშეწონილია ბუნებრივ აირზე გათვლილი დამატებითი სიმძლავრეების შექმნა თუ ისინი მწვანე წყალბადის მისაღებად არ იქნება გამოყენებული.

„ა.მ.“: რუსეთზე ენერგო-დამოკიდებულებას თან სდევდა მოსკოვის პოლიტიკური გავლენის ზრდა, რამდენად საზიანოა ეს გავლენა? ხშირად გვესმის საუბარი „გაზპრომის ქველმოქმედების“ შესახებ…

ს.მ.კ.: „გაზპრომმა“ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში: ბუნებრივი აირის მიწოდების კომპანიებში, საცავებში, მუნიციპალურ გაზსადენებში და ა.შ. გარდა ამისა, მათ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი დახარჯეს სპორტის სხვადასხვა სახეობის გუნდების, კულტურული და სოციალური პროექტების მხარდასაჭერად. არსებობს „გაზპრომის“ მიერ დაფინანსებული გარემოს დაცვაზე მომუშავე ფონდებიც კი. ეს ყველაფერი ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ უჭირს ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილს პუტინის და მის რეჟიმთან დაკავშირებული პროექტების კრიტიკა.

„ა.მ.“: რა ხდება ამ მხრივ ჩინეთის შემთხვევაში? გააჩნია თუ არა სი ძინპინს „ენერგო-სტრატეგია“? და როგორ გამოიყურება ტრანსატლანტიკური „ენერგო-სტრატეგია“?

ს.მ.კ.: ევროპაში განაცხადეს, რომ დააჩქარებენ რუსეთიდან იმპორტზე დამოკიდებულების დასუსტებას. ეს განახლებადი ენერგიის და წყალბადის გამოყენების ზრდას ნიშნავს, რაც რუსეთის ნაცვლად ჩინეთზე დამოკიდებულებას გულისხმობს. სწორედ ჩინეთი აკონტროლებს იმ კომპონენტთა წარმოების დიდ ნაწილს, რომლებიც ენერგიის გამომუშავების ამ ახალ ტექნოლოგიებში გამოიყენება. ჩინეთი დომინირებს ძვირფასი მეტალების და თანამედროვე ელემენტების წარმოებისთვის საჭირო სხვა მასალების მნიშვნელოვან ნაწილს. დღეს ყველასთვის გასაგებია, რომ ჩინეთის ინვესტიციები სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში, და წარმოების ცალკეული სექტორების განვითარებაში სტრატეგიულ ხასიათს ატარებდა. ტრანსატლანტიკური საწარმოო პოლიტიკისთვის საფუძვლის ჩაყრა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ჩვენ დამოკიდებულების შემცირება და მოწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირება გვჭირდება.

„ა.მ.“: როგორ გამოიყურება ტრამპის შემდგომის ამერიკა გერმანიაში? იცვლება თუ არა ამერიკისადმი დამოკიდებულება?

ს.მ.კ.: რუსულმა საფრთხემ ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ევროპელთა დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა. ეს ცვლილები სხვა ქვეყნებთან ერთად, გერმანიაშიც მოხდა. დღეს ყველა ხვდება ამ პარტნიორობის ნამდვილ ფასს. ევროპის დაცვის ერთადერთი გზა ნატო-ში წამყვანი როლის მქონე შეერთებული შტატების აქტიური ჩართულობა, „მწვანე ტრანზიციის“ მხარდამჭერი საწარმოო პოლიტიკა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობაა. ჩინეთზე და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ესაჭიროება.

ევროპაში ბევრმა შვებით ამოისუნთქა, რომ უკრაინაში დაწყებული ომი „თეთრ სახლში“ ტრამპის ყოფნის პერიოდს არ დაემთხვა, თუმცა ჯერ კიდევ არ გამქრალა ვაშინგტონის მიერ ევროპის მიმართ ზურგის შექცევის თაობაზე არსებული შიშები. პოპულისტი პრეზიდენტის ხელახალ არჩევას დღეს ვერავინ გამორიცხავს.

საშა მიულერ-კრენერი

საშა მიულერ-კრენერი გერმანიის წამყვანი გარემოსდაცვითი ფონდის, Deutsche Umwelthilfe-ის აღმასრულებელი დირექტორია. ის ორი ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა რუსული გავლენის შემცირებაზე ევროპის ენერგეტიკულ პოლიტიკაზე.