ინტელექტუალთა ღალატი
ჟულიენ ბენდას კლასიკური ნაშრომი, რომელიც ინტელექტუალებისა და ხელისუფლების კავშირს ეხება, თავისთავად პარადოქსულია.ჟულიენ ბენდას წიგნი სათაური ინტელექტუალების ღალატი იმ ტრადიციის ნაწილია, რომელიც მორალურ დაცემას ამხელს და ისეთ ინტელექტუალებს კიცხავს, ვინც პოლიტიკური ტირავნიის მიმზიდველობას ვერ უძლებენ. ეს წიგნი 1927 წელს გამოვიდა, როცა ქუჩის ბრძოლები ფაშისტებსა და კომუნისტებს შორის ყოველკვირეული ამბავი იყო, მაგრამ ის ყველა თაობის კრიზისზე ლაპარაკობს. ბენდასთვის მოღალატეები რეაქციონერი ნაციონალისტები იყვნენ. ინტელექტუალებმა, რომლებსაც სიცოცხლე უნდა მიეძღვნათ ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისათვის, ავტორის სიტყვებით რომ ვთქვათ, ტოგა ხმალზე გაცვალეს. ძალაუფლებას კი არ დაუპირისპირდნენ, არამედ მისი მსახურები და იდეოლოგები გახდნენ.
ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდი გარდამტეხ მომენტს წარმოადგენდა. ბენდამ ერთ-ერთმა პირველმა გააცნობიერა ფაშიზმის ახალი საშინელება. საბჭოთა კავშირის პერსპექტივიდან, ფაშიზმი კაპიტალისტური საზოგადოების წიაღში გაჩენილი ბუნებრივი რამ იყო შეიძლებოდა არაფრად ჩეგდოთ ან მასთან ეთანამშრომლათ კიდეც. სწორედ ეს იყო ერნსტ ტელმანის გერმანიის კომუნისტური პარტიის ხაზი, შესაბამისი ლოზუნგით: ჰიტლერის შემდეგ ჩვენი ჯერია. ებრაულ ოჯახში დაბადებული ბენდა პამფლეტების წერაში გაიწაფა. მისი აზრით, ფაშიზმი თვისობრივად ახლებურ საფრთხეს წარმოადგენდა ძალადობას აუცილებელ ბოროტებად კი არ მიიჩნევდა, არამედ მასში ხსნას ხედავდა. ჩვენს საუკუნეს პოლიტიკური სიძულვილის ინტელექტუალური ორგანიზების საუკუნეს უწოდებენ, წერდა ის. 1946 წელს, როცა მისი წიგნი მეორედ გამოსცეს, ეს ანალიზი შეუსმენელ წინასწარმეტყველებად გამოჩნდა.
ბენდა ინტელექტუალთა ღალატს~ ლევ ტოლსტოის ისტორიით იწყებს. როცა ტოლსტოიმ დაინახა, როგორ დაარტყა ნაცნობმა ოფიცერმა ჯარისკაცს, რომელსაც ნაბიჯი აერია, ჰკითხა სახარების შესახებ არაფერი გსმენიაო? ოფიცერმა კი ტოლსტოის ჰკითხა და შენ ჯარის წესების შესახებ არაფერი გსმენიაო? ბენდას აზრით, ოფიცერმა გონივრულად უპასუხა, თუმცა არსებითი ის იყო, რომ ტოლსტოის მსგავსმა კაცმა პროტესტი გამოხატა.
ინტელექტუალები ათასწლეულების განმავლობაში ასე ინარჩუნებდნენ ცივილიზაციას, მაგრამ რაღაც ისეთი მაინც მოხდა ევროპის ისტორიაში, რაც არ უნდა მომხდარიყო. მე-19 საუკუნის რომანტიზმისა და ისტორიზმის გავლენით, ინტელექტუალებმა ძალის უფლების ქადაგება დაიწყეს. განმანათლებლობის ეპოქის ინდივიდუალიზმის უარყოფა და რასის, ერის, კლასის კოლექტიური სიძულვილის გამართლება მოინდომეს. სისასტიკის ისეთი კულტი დაამკვიდრეს, მაკიაველისა და ჟოზეფ დე მესტრს რომ არც დაესიზმრებოდათ. ბენდა შენიშნავს, რომ როცა მაკიაველი მთავარს მოუწოდებს, ულმობელი იყოს ჩანაფიქრის განხორციელებისას, არასდროს ამბობს ულმობლობა კარგიაო. ეს მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობაა. ამგვარად, ფაშისტური აზროვნება თავად ცივილიზებული ცხოვრების არსს უარყოფს.
ბენდამ ერთმანეთს დაუპირისპირა სწავლულები და უბრალო ადამიანები. პირველთა ამოცანა სულიერი თუ ინტელექტუალური ჭეშმარიტების ძიება იყო, მაშინ როცა მეორეს მხოლოდ მატერიალური ჯილდოს მიღება სურდა. უბრალო ადამიანები შესაძლოა სიძულვილის ტყვეობაში აღმოჩენილიყვნენ, ამიტომ მხოლოდ ინტელექტუალებს უნდა ელაპარაკათ ჭეშმარიტების სახელით ისინი ხომ ჭეშმარიტებას ყველაფერზე მაღლა აყენებდნენ.
თუმცა, როგორც ბენდა გვაფრთხილებს, პოლიტიკურმა ძალაუფლებამ შეიძლება ინტელექტუალი შეაცდინოს და მიზანი შეაცვლევინოს: სწავლულის მარცხი იქ იწყება, როცა ცდილობს, პრაქტიკული იყოს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ავტორს ამ წიგნით სწორედ პრაქტიკული შედეგის მიღება სურდა.
ბენდა იმდენად მიამიტი არ ყოფილა, რომ დაეჯერებინა, თითქოს ინტელექტუალებს შეძლოთ პოლიტიკისაგან შორს ყოფილიყვნენ. ის ამტკიცებდა, რომ ღალატი გამოიწვია სწავლულთა ინტელექტუალური მთლიანობის ხელყოფამ სარგებელი ჭეშმარიტების ერთგულებაზე წინ დააყენეს. ბენდას წარმოდგენით, ინტელექტუალებს ყოველთვის უნდა აემაღლებინათ ხმა, როცა ხედავდნენ, როგორ ემუქრებოდა საფრთხე სიმართლის, სილამაზის, სამართლიანობის ტრანსცენდენტულ ღირებულებებს. პარადოქსული იყო, მაგრამ ისინი სწორედ მაშინ ასრულებდნენ ინტელექტუალის როლს, როცა ამგვარ პოლიტიკურ პროტესტში მონაწილეობდნენ. მას მაგალითებიც მოჰყავს: ემილ ზოლას ჩართვა დრეიფუსის საქმეში, ჟან კალასის დაცვა ვოლტერის მიერ და სხვა. ბენდა იმასაც ფიქრობდა, რომ თავად მისი წიგნიც პარადიგმული შემთხვევა იყო ინტელექტუალური პასუხისმგებლობისა.
ინტელექტუალთა ღალატი
ჟულიენ ბენდა, Eris
საფრანგეთი ისეთ ადგილად არის მიჩნეული, სადაც იდეები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება სიმკაცრის არარსებობის პირობებში, თუმცა ეს უფრო წამოძახილია, ვიდრე გონივრულად დასაბუთებული შემთხვევა. ბენდა ხშირად გვაწვდის ვარაუდებს იქ, სადაც ფაქტებით უნდა გვიმტკიცებდეს. ხშირია განზოგადებები: ყველა თანხმდება, რომ… და თვალები გავახილოთ და დავინახავთ. აი, სწორედ ამ დროს უშვებს შეცდომას როცა ჰგონია, რომ ყველასთვის თვალსაჩინო რამეს ამბობს. არასდროს ხსნის, როგორ უნდა მიაგნონ ინტელექტუალებმა ჭეშმარიტებას ალბათ თავისთავად უნდა იცოდნენ, თითქოს პლატონის ფილოსოფოსი მეფეები იყვნენ. ამ დროს მართალია ედვარდ საიდი, როცა ამბობს, რომ ინტელექტუალთა ღალატის მნიშვნელობა მისსავე შეცდომებს ჩრდილავს გვიჩვენებს, რომ ისინი, ვინც ფიქრობენ, თითქოს ჭეშმარიტება იციან, უფრო დამაჯერებლად იტყუებიან.
ამის დასადასტურებლად თავად ბენდას კარიერის ტრაექტორიას გადავხედოთ. 30-იან წლებში ის სულ უფრო იხრებოდა მარცხნივ, სანამ ბოლოს სტალინს არ მიადგა. 1940 წელს, როცა პარიზი ვერმახტმა აიღო, იძულებული გახდა, დამალულიყო, ოთხი წლის შემდეგ კი დატყვევებას ძლივს გადაურჩა. ომის შემდეგ მოღალატეების, მათ შორის სწავლულების, დასჯასაც მოითხოვდა. მწერლები ორმაგად მოღალატენი იყვნენ, მისი აზრით, რადგან თავიანთ ინტელექტუალურ მოწოდებასაც უღალატეს და ერსაც. ამ დროსათვის თავადაც მოიხსნა მხრებიდან პასუხისმგებლობის ტვირთი. ის, ვინც სხვებს კოლექტიური სიძულვილის შესახებ აფრთხილებდა, სწორედ მას დანებდა.
ბენდა კომუნისტური პარტიის მხარეს აღმოჩნდა, თუმცა იმასაც ფიქრობდა, რომ კრიტიკულ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა, რამაც პოლიტიკის ისტორიაში კოგნიტური დისონანსის კიდევ ერთი შემთხვევა გააჩინა. საბჭოთა კავშირში რომ ეცხოვრა ან სტალინის ენკავედეს რომ დაეჭირა, ნიკოლაი რუბაშოვივით დაამთავრებდა კრიტიკული დამოკიდებულება სულაც გაუქრებოდა, ხელსაც მოაწერდა, სიცოცხლესაც დათმობდა. ბენდაში უცნაურად და უბედურად ერწყმოდა ერთმანეთს მიამიტობა და სამართლიანობა. როგორ არ ეჩვენებოდა აბსურდულად ჰოლოდომორის შემდეგ კომუნისტური მკვლელობების რაციონალიზება იმ საბაბით, რომ ხალხს პური მაინც ჰქონდა.
ბენდას მორალურმა დეგრადაციამ უკიდურეს წერტილს მიაღწია 1949 წელს, როცა ტიტოს ჯაშუშობის ბრალდებით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლასლო რაიკი სიკვდილით დასაჯეს. ამ ამბავს ახლა იშვიათად იხსენებენ, ევროპის ისტორიაში კი მას თავისი წონა აქვს. რაიკის დასჯიდან მალევე ესტუმრა ბენდა ბუდაპეშტს და სასტუმრო ბრისტოლში უნგრელ მწერალს, დიერდ ფალუდის შეხვდა. ფალუდი იხსენებდა, როგორ მოიხიბლა ბენდა ქალაქის საწარმოების დათვალიერებისას აზრადაც არ მოსვლია, რომ გაასულელეს, უშიშროების მიერ დაქირავებული მშრომელები აჩვენეს. ნეტავ როდის შეძლებს ფრანგი მუშა, რომ ასეთი მანქანა იყოდოს და ასეთი შემოსავალი ჰქონდეს? უკითხავს ფალუდისთვის. როცა საფრანგეთში დაბრუნდა, სტალინის დაცვის გამო, საკუთარი თავი დრეიფუსის დამცველ ზოლას შეადარა.
თუმცა ბენდას თვალთმაქცობა და არაგულწრფელობა არაფერს აკლებს მის წიგნს. ის, რომ თავად ვერ შეძლო, წინააღმდეგობა გაეწია იმ საფრთხისათვის, რომლის შესახებაც წერდა, კიდევ უფრო ნათლად გვაჩვენებს ისინი, ვინც ყველაზე მეტად დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში, სამართლიან რისხვას აყოლილნი, პრინციპებს უფრო ხშირად ღალატობენ.
გუსტავ ჯონსონი
გუსტავ ჯონსონი გლაზგოელი ესეისტი და კრიტიკოსია.