რას ნიშნავს სინამდვილეში „ფინლანდიზაცია“?
ბოლო დროს გახშირდა საუბარი უკრაინის და რუსეთის სხვა მეზობლების ნეიტრალიტეტზე, ფინური მოდელის დანერგვაზე და ა.შ. ფინელი მწერალი სოფო ოკსანენი ამტკიცებს, რომ ასეთი ნაბიჯი პუტინის აგრესიულ გეგმებში არაფერს შეცვლის და ყვება თუ რა დამართა „ფინლანდიზაციამ“ მის ქვეყანას „ცივი ომის“ პერიოდში.
ჯეფრი გედმინი: „ცივი ომის“ განმავლობაში ფინეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყო. ამ ყვეალაფერში თქვენ იმ ფასის გადახდა გიწევდათ, რომელსაც მსოფლიოში „ფინალნდიზაციის“ სახელით იცნობენ. რას ნიშნავდა ეს პრაქტიკაში?
სოფი ოკსანენი: სტოკჰოლმის სინდრომის მსგავსად, ფინელებმა მათი მძევლად ამყვანის მიმართ დადებითი ემოციები გამოიმუშავეს. ასეთმა მდგომარეობამ ფინურ საზოგადოებაში თვითცენზურა, ტყუილთან შეგუება და სხვა მანკიერი ტენდენციები დაამკვიდრა. მე განზრახ ვამახვილებ ყურადღებას აგრესორთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ შედეგებზე, რადგან ისინი ყველაზე ძნელად შესამჩნევია ხოლმე. შემდგომში, მორალური კომპასის გასწორებას ათწლეულები შეიძლება დასჭირდეს.
ჩვენს სახელმძღვანელოებში ვერ იპოვიდით უარყოფით სიტყვას, როცა საკითხი საბჭოთა კავშირს ეხებოდა. პრესას სრულად ტავისუფალი არ ეთქმოდა და არც გამოხატვის თავისუფლება იყო დაცული. სოლჟენიცინის მსგავსი ავტორების წიგნს ვერსად იპოვიდით. იკრძალებოდა სიმღერები და ფილმები. რთული იყო გარემოს დაცვის საკითხებზე საჯარო საუბარი, რადგან მსჯელობა მალევე მიდიოდა საბჭოთა კავშირის კატასტროფულ გარემოს დაცვით პოლიტიკაზე. უფრო სწორად მის არქონაზე. 1973 წელს, საბჭოთა კავშირის ზეწოლის შედეგად საპრეზიდენტო არჩვენებიც კი არ ჩატარდა.
„ფინლანდიზაცია“ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იჭრებოდა და ზეგავლენა მოახდინა ჩვენს ღირებულებებზე, ეროვნულ იდენტობაზე, ისტორიულ მეხსიერებაზე და ეთიკაზე.
ჯ.გ.: დღეს ანალიტიკოსთა ნაწილი უკრაინის „ფინლანდიზაციის“ პერსპექტივაზე საუბრობს და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ქვეყნისთვის მისაღებ კომპრომისად აფასებს მას. ამავე დროს, გვესმის ფინელთა აზრი ამ საკითხის თაობაზე. ისინი უკრაინას ასეთი არჩევანის გაკეთებას კატეგორიულად არ ურჩევენ. როგორ ავხსნათ ეს წინააღმდეგობა?
ს.ო.: ვფიქრობ, რომ ეს აზრთა სხვადასხვაობა გვაჩვენებს, თუ რამდენად წარმატებული იყო „ფინლანდიზაციის“ პოლიტიკა საბჭოთა კავშირისთვის. გლობალურად „ფინლანდიზაციას“ დადებითი რეპუტაცია ჰქონდა. რეალობა განსხვავებული იყო. „ფინლანდიზაცია“ ჩაგვრის იარაღი იყო.
არავინ ურჩევს მძევალს ტერორისტების ხელში დაბრუნებას. „ფინლანდიზაციის“ საფარქვეშ, უკრაინას სწორედ ასეთ გარიგებაზე დათანხმებას სთავაზობენ.
ჯ.გ.: რას ფიქრობს ვლადიმირ პუტინი ამ საკითხზე? როგორ უყურებს ასეთ პერსპექტივას? რისი თქმა შეგიძლიათ ამის შესახებ?
ს.ო.: კარგის მეტს არაფერს. „ფინლანდიზაცია“ ქვეყნის დაპყრობის ყველაზე მარტივი, უდანაკარგო და იაფი მეთოდია.
ჯ.გ.: უკრაინის ომი პოლიტიკური დებატების ყველაზე მძაფრ ეპიზოდად იქცა. რისი თქმა შეიძლება კულტურის სფეროზე? მწერლები, კომპოზიტორები, დრამატურგები: რა ხდება მათ გარშემო? რამდენად ძლიერია საპროტესტო ტალღა?
ს.ო.: გულგრილობას ნამდვილად ვერავის დავწამებ, მაგრამ იმ ხელოვანთა რიცხვი, რომელიც ქუჩაში გამოდის ან სოციალურ მედიაში აქტიურობს შედარებით მცირეა. პანდემიამ შემოქმედებით და კულტურის სფეროებს მძიმე დარტყმა მიაყენა. ეს ხალხი თვითგადარჩენის რეჟიმშია. კომპლექსურ საკითხებში გასარკვევად საუკეთესო საშუალება შესაძლოა ხელოვნება იყოს. დარწმუნებული ვარ, მალე ვიხილავთ რომანებს, ნახატებს და სხვა ჟანრის ხელოვნებას, რომლებიც დღევანდელი ვითარების ახსნას შეეცდება. ხელოვნების ნიმუშის შექმნას დრო სჭირდება. ჩემს ბოლო რომანში უკრაინაში მიმდინარე ომი საკვანძო როლს თამაშობს, მაგრამ ამ რომანის დასამთავრებლად ოთხი წელი დამჭირდა.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე რუსული ლიტერატურა იშვიათად აქცევს ყურადღებას მიმდინარე მოვლენებს და ახლო წარსულს. გამონაკლისი, რომელიც ახლა მახსენდება რუსი მწერალი სერგეი ლებედევია. მის ინტერვიუებში ის ხშირად იმეორებს, რომ ახლა უკვე ბევრი რომანი უნდა არსებობდეს ჩეჩნეთის ომზე. მაგრამ თავად ლებედევის წიგნების გარდა, ვერსად ვხედავთ მათ.
ჯ.გ.: სად ხედავთ ევროპულ კავშირს ამ კრიზისში? დადგა თუ არა ევროპის ასპარეზზე გამოსვლის დრო? საკმარისია თუ არა შეერთებული კავშირის ჩართულობა, ხშირად გვესმის, რომ ვაშინგტონის ყურადღება სხვა მხარესაა მიპყრობილი…
ს.ო.: ამ მხრივ უკეთესობას ვხედავ, სულ ცოტა რუსული ჰიბრიდული ოპერაციების ამოცნობის უნარების მხრივ. ევროპის კავშირი მიხვდა, რომ ეს ყველას გვეხება. 2014 წელთან შედარებით ეს დიდი ცვლილებაა. ევროპას აღარ სძინავს.
ჯ.გ.: რამდენად დიდი როლი ითამაშა რუსულმა დეზინფორმაციამ კრიზისის გაძლიერებაში?
ს.ო.: რუსეთმა კიბერ-თავდასხმებით ნიადაგის მოსინჯვა ჯერ კიდევ 2007 წელს, ესტონეთში დაიწყო. საქმე საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალს ეხებოდა. ეს რუსეთის მიერ ჩატარებული პირველი საერთაშორისო ჰიბრიდული ოპერაცია იყო. საერთაშორისო რეაქცია მძაფრი, მაგრამ მოკლევადიანი იყო. დასავლეთში ამ დროს ვერ ხვდებოდნენ, რომ ანალოგიური ოპერაციები მალე მათ ტერიტორიაზეც ჩატარდებოდა.
საერთაშორისო მედია კვლავაც იმეორებს რუსული დეზინფორმაციის გზავნილებს და აგრძელებს საუბარს ძეგლის განადგურების შესახებ. სინამდვილეში, ძეგლი სასაფლაოზე იყო გადატანილი, რადგან ის ადგილი სადაც ის იქამდე იდგა ღრეობის და ალკოჰოლიკების შეკრების ადგილად იყო ქცეული.
2009 წელს ესტონელმა მწერალმა იმბი პაიუმ და მე გამოვაქვეყნეთ სტატიების კრებული ესტონეთის ახლო წარსულის შესახებ, სახელწოდებით „შიში ჩვენს უკან“. კრებულზე ენ ეპლბაუმი, თომას ჰენდრიკ ილვეში და ბევრი სხვა საერთაშორისო ექსპერტი მუშაობდა. ჰელსინკიში დაგეგმილი პრეზენტაცია რუსული ოპერაციების სრულყოფილ მაგალითად იქცა. ჰელსინკიში ჩამოვიდნენ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები, რათა გაეპროტესტებინათ „ანტი-რუსული“ წიგნის გამოცემა. ჩამოიყვანეს კრემლის მართული ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და ადგილობრივი პრო-რუსული ორგანიზაციების აქტივისტები. ეს ყველაფერი მოსკოვიდან იყო მართული.
ფინეთში ჩვენ ძალიან აქტიური პუტინისტური ჯგუფი გვყავს, რომლებიც 2007 წლის შემდეგ გამოჩნდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ესტონეთი ნამდვილი სახელმწიფო არ არის და ხელოვნურად შექმნილი ქვეყანაა. ამ ჯგუფის ლიდერმა ფინეთში „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ “საელჩოც“ კი დაარსა. ისინი ცდილობენ ულტრა-მემარჯვენე ფინელების რეკრუტირებას და უკრაინელების წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნას.
ჯ.გ.: რატომ არის მნიშვნელოვანი, რაც ახლა უკრაინაში ხდება?
ს.ო.: პუტინისთვის უკრაინა შორსმიმავალი სტრატეგიის ერთი ოპერაციაა: ეს საბჭოთა კავშირის მსგავსი გავლენის აღდგენაა. უკრაინის გარეშე მას არაფერი გამოუვა.
პუტინისთვის ამ ოპერაციაში დამარცხება წარმოუდგენელი და მიუღებელია. უკრაინას არ უნდა მიეცეს რუსი ხალხისთვის ალტერნატივის ჩვენების უფლება. პუტინს დემოკრატიის, რევოლუციის და ღირსების ნებისმიერ ჩანასახის ამოძირკვა უნდა.
უკრაინა კი სწორედ ეს არის, ის დემოკრატიისთვის იბრძვის. უკრაინაში პუტინს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლა სურს. ეს ვერც ევროპისთვის იქნება მისაღები და ვერც დანარჩენი მსოფლიოსთვის.
სოფი ოკსანენი ფინელი მწერალი და დრამატურგია. მისი ნაწარმოებები 46 ენაზეა ნათარგმნი.