article-img

ავტოკრატიული გადაბრალების ნაწილი

„უცხოეთის აგენტის“ დამახინჯებული კანონები, რომლებსაც დემოკრატიულ კანონებად ასაღებენ, ავტოკრატებს შორის პოპულარობით სარგებლობს. ებიგეილ სკალკა

ური დუდი ჯაშუში არ არის. მიუხედავად ამისა, 2022 წლის აპრილში, რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, გერმანიაში დაბადებული რუსი იუთუბერისა და ჟურნალისტის სახელი რუსეთის იუსტიციის სამინისტროს „უცხოეთის აგენტების“ რეესტრს დაემატა.

კრემლს თავისუფლად შეეძლო მისთვის მოღალატე ეწოდებინა. ცილისმწამებლური იარლიყი დამამთავრებელი ეტაპი იყო იმ იურიდიულ ომში, რომელიც კრემლმა „იუთუბზე“ 10 მილიონი გამომწერის მქონე დუდის წინააღმდეგ წამოიწყო. უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დამგმობ მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. ის პუტინის რეჟიმის ბუნებრივ სამიზნედ იქცა.

დუდის ამბავი ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი სცენარით განვითარდა. იურიდიული ბერკეტებით განხორციელებული რეპრესიების პრაქტიკა არაერთ ასეთ რეჟიმშია გავრცელებული. პოლიტოლოგი ხავიერ კორალესი ამ მიდგომას „ავტოკრატიულ ლეგალიზმს“ უწოდებს. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ასეთ რეპრესიულ ინსტრუმენტებს შორის გამოყენების სიხშირითა და მასშტაბით ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონი გამოიკვეთა. 2012 წელს რუსეთში მიღებული ასეთი კანონის წყალობით პროკურორებს იმ ხალხის „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადების საშუალება მიეცათ, რომლებიც ფინანსურ ან მატერიალურ დახმარებას მიიღებდნენ უცხოეთიდან. კანონი მალევე განახლდა და ასეთ სტატუსის მინიჭება მათ „უცხოური გავლენის“ ქვეშ მიჩნეულ ნებისმიერი ადამიანისთვის შეუძლიათ. ასეთი ზოგადი ფორმულირება რუსეთის ხელისუფლებას უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიების გატარების შესაძლებლობას აძლევს.

რა თქმა უნდა, ავტორიტარულ რეჟიმები დიდი ხნის განმავლობაში აპატიმრებდნენ, სხვადასხვა ფორმის ცენზურით აჩუმებდნენ და კლავდნენ კიდეც ოპონენტებს ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშეც, თუმცა „უცხოეთის აგენტების“ გავრცელებული კანონები ახლა მათ კრიტიკის მოგერიების დამატებით შესაძლებლობას უქმნის. გადაბრალების მეთოდის გამოყენებით, ახლა ისინი აცხადებენ, რომ მათი რეჟიმების პრაქტიკა დემოკრატიული ქვეყნების მეთოდოლოგიასა და მიდგომებს იმეორებს.

ერთი თვის წინ რუსულ მოდელზე დაფუძნებული კანონი მიიღეს ყირგიზეთში. ანალოგიურ კანონმდებლობაზე მუშაობენ სლოვაკეთში. საქართველოში, სადაც მასობრივი საპროტესტო ქციების წყალობით 2023 წლის გაზაფხულზე ასეთი კანონის მიღება შეჩერდა, პარლამენტმა ხელახლა დაიწყო ამ კანონის განხილვა (კანონი უკვე მიღებულია მესამე მოსმენით – რედ. შენიშვნა). მსგავსი კანონები გამოჩნდა სერბთა რესპუბლიკაში, უნგრეთში, სალვადორში, ზამბიასა და სხვა ქვეყნებში.

ასეთი რეპრესიული კანონები, როგორც წესი, შენიღბულია უმანკო ტერმინოლოგიით, რომლის მიზანი მათი ნამდვილი დანიშნულების შენიღბვაა. ეს კანონები სამოქალაქო სივრცის დახშობას და მთავრობისადმი ოპონირების შესაძლებლობის გაქრობას იწვევს. ჩერდება იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობა, რომლებიც მთავრობებს მათთვის რთულად გადასაწყვეტი, კომპლექსური პრობლემების მოგვარებაში უწევდნენ კრიტიკულად მნიშვნელოვან დახმარებას.

„უცხოური გავლენის“ კანონები ავტორიტარული რეჟიმებისადმი კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად გამოიყენება. როგორც წესი, ისინი სამოქალაქო საზოგადოებას მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ რეესტრში დარეგისტრირებას აიძულებენ და ამასთანავე, მნიშვნელოვნად ზრდიან ხელისუფლების შესაძლებლობებს შეამოწმოს, დააჯარიმოს ან გააუქმოს ასეთი ორგანიზაციები. ამ ნაბიჯებს უარყოფითი გავლენა აქვს სამოქალაქო საზოგადოებაზე: საერთაშორისო დაფინანსების მქონე ნებისმიერი ჯგუფი ან ორგანიზაცია მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის სამიზნედ შეიძლება იქცეს. შესაბამისად, ისინი ერიდებიან საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას. ავტორიტარული მმართველობის თანმდევი ეს ბუნდოვანი კანონები ხელისუფლებას მათთვის საშიშად მიჩნეული ნებისმიერი ჯგუფისა თუ ორგანიზაციის სტიგმატიზაციის, დასუსტების და დაშლის შესაძლებლობას აძლევს.

მოჩვენებითად უვნებელი მიზნების მქონე ეს რეპრესიული კანონები ავტორიტარული რეჟიმების მიერ სამოქალაქო სივრცის შეკვეცისა და ოპონირების შესაძლებლობის გაქრობისთვის გამოიყენება.

დიახ, „უცხოეთის აგენტების კანონის“ შესაბამისი ვერსიები დემოკრატიულ ქვეყნებშიც მოქმედებს. პირველი ასეთი კანონი, რომლის მიზანი უცხოეთის აგენტების გამოვლენა იყო, შეერთებულ შტატებში 1938 წელს ამოქმედდა. ბოლო წლებში ასეთი კანონები მიიღეს ავსტრალიასა და ევროკავშირში. ამ ქვეყნებში მიღებული კანონები თვისობრივად განსხვავებულია ავტოკრატიულ და ჰიბრიდულ რეჟიმებში მიღებული კანონებისგან. მათში გათვალისწინებულია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპები, ასევე, ბოროტად გამოყენების პრევენციის მექანიზმები. ამ დემოკრატიების განახლებული ინტერესი ასეთი კანონების მიმართ ნათელია: პეკინის, მოსკოვის, თეირანის და სხვათა მიერ „ბასრი ძალის“ გამოყენება მსოფლიოს დემოკრატიებს საფრთხეში აგდებს. დემოკრატიული საზოგადოებების ღიაობით მოსარგებლე ავტოკრატიული რეჟიმები ქმნიან იმ კონტექსტს, რომელშიც უარყოფითი გარე გავლენის შეზღუდვა ღია და ხშირად სუსტად დაცული სახელმწიფო ინსტიტუტების შენარჩუნების საწინდარია.

ვტოკრატიები მორალური ეკვივალენტობის პრინციპს იყენებენ. მუდმივი შემხვედრი ბრალდებებით ასეთი ლიდერები მათი ჩანაფიქრების შენიღბვას ცდილობენ და აცხადებენ, რომ მათ ქვეყნებში დემოკრატიულ ქვეყნებში უკვე არსებული პრაქტიკა გადმოაქვთ. ასე ხდება „უცხოური აგენტების კანონების“ შემთხვევაშიც. ყველაზე ხშირად ავტორიტარები პარალელს შეერთებულ შტატებში არსებულ FARA-თან ახდენენ. 2023 წლის სექტემბერში ვლადიმირ პუტინმა მის მიერ შემოღებული კანონი სწორად ასე დაიცვა და მას „FARA-ს ლიბერალური ასლი“ უწოდა. პუტინის მსგავსად, საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იქ მიღებული კანონპროექტი „ამერიკულ ვერსიაზე გაცილებით ლმობიერი“ იყო. სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ კრიტიკის საპასუხოდ შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტის ბმული “დატვიტა“ და დაწერა, რომ მისი ინიციატივა ამერიკული კანონის ანალოგიური იყო. ასე მოიქცნენ ის ნიკარაგუელი, უნგრელი და ყირგიზი პოლიტიკოსებიც, რომლებმაც ანალოგიური ინიციატივები წამოაყენეს მათ ქვეყნებში.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, მათი მიზანი რეპრესიები და კონტროლია. ლიბერალურ დემოკრატიებში მოქმედ კანონებთან ავტოკრატების შემოთავაზებების ასოცირების დაჟინებული მცდელობა უნაყოფოა: განსხვავებები მათ შორის საფუძვლიანია. ყველაზე საკვანძო ამ განსხვავებათა შორის „პრინციპალი-აგენტის“ ურთიერთობაა. FARA-სა გამოყენება აქტუალური მხოლოდ იმ შემთხვევაშია, როცა ასეთი სახის ურთიერთობაა სახეზე, ანუ როცა „აგენტი მოქმედებს როგორც მესამე პირის წარმომადგენელი ან სხვა ფუნქციას ასრულებს მის სამსახურში“ და როცა „ის, ვისაც აგენტი წარმოადგენს, აკონტროლებს აგენტის მოქმედებას“. FARA-ს მიხედვით უცხოეთის აგენტად განიხილება სამოქალაქო საზოგადოების მხოლოდ ის წევრი, რომელიც მისი უცხოელი დამფინანსებლის სახელით მოქმედებს ან მას წარმოადგენს. ამისგან განსხვავებით, რეპრესიების გამკაცრებისთვის შექმნილი „უცხოეთის აგენტების“ კანონები “აგენტებად“ აცხადებენ ყველას, ვინც საერთაშორისო დაფინანსებას იღებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა კავშირი ამ დაფინანსებასა და მათ პოლიტიკურ საქმიანობას შორის“. ამ პრინციპის გამოყენებით, ნიკარაგუაში ცხენოსნობის ადგილობრივი ცენტრები და ბავშვთა სამედიცინო დახმარების ორგანიზაციებიც კი დაიკეტა. არაფერი მიუთითებდა, რომ ეს ორგანიზაციები მათი საერთაშორისო დონორების ინტერესებს ატარებდნენ.

ვტორიტარების მიერ წარმოდგენილი ეს ყოვლისმომცველი კანონები ერთმანეთისგან ხშირად არც კი განასხვავებს რესურსებს, რომლებიც პოლიტიკაზე ახდენს გავლენას ან სხვა მიზნებისთვის გამოიყენება. მაგალითად, ევროკავშირში ამჟამად განხილვაში მყოფი კანონი „არ ეხება დაფინანსებას, რომელიც კავშირში არ არის ლობიზმთან“. შეერთებულ შტატებში FARA-ში გათვალისწინებულია გამონაკლისები იმ ორგანიზაციებისთვის ვინც „რელიგიურ, კვლევით, აკადემიურ, სამეცნიერო ან სახელოვნებო“ საქმიანობას ეწევა. ასევე მათთვის, ვინც ჩართულია თანხების მოზიდვაში „სამედიცინო დახმარების გასაწევად, საკვებისა და ტანსაცმლის მიწოდებისთვის ადამიანთა მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად“.

საპირისპირო მაგალითია ჩინეთში 2017 წელს მიღებული კანონი, რომელმაც ბავშვთა გაშვილების ორგანიზაციებს იმდენად მკაცრი შეზღუდვები დაუწესა, რომ შეჩერდა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების შვილად აყვანის ხელშემწყობი საერთაშორისო პროგრამები.

ავტოკრატიული რეჟიმების მიერ შემოღებული ასეთი კანონების ძირითადი სამიზნე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებია, რაც მიუთითებს, რომ მათი ნამდვილი მიზანი გამჭვირვალეობის გაუმჯობესების ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებაა.

საინტერესოა ამ კანონების ენობრივი და კულტურული კონტექსტებიც. რუსეთში ტერმინი „უცხოეთის აგენტი“ ჯაშუშის ან მოღალატის სინონიმია. ორგანიზაციების მუშაობის გასართულებლად ამ იარლიყის მიწებება და მათი დასავლეთის მსახურებად შერაცხვაც საკმარისია ხოლმე. „მემორიალის“ მთავარმა იურისტმა, მარინა აგალცოვამ „ვაშინგტონ პოსტს“ განუცხადა: „საბჭოთა დროს ყველგან ჯაშუშები გვყავდა. ტერმინის „უცხოეთის აგენტი“ რუსულში ჯაშუშთანაა გაიგივებული. მთავრობა ცდილობს ჯაშუშად გამოაცხადოს ყველა, ვინც მას აკრიტიკებს ან არ ეთანხმება მის პოლიტიკას“. რუსული კანონის წყალობით „მემორიალი“, რომელმაც 2022 წლის ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში, 2021 წელს დაიკეტა. ორგანიზაციის თანამშრომლებს კვლავაც ხშირად “სტუმრობს“ პოლიცია.

გზამკვლევი პრინციპებით შეიარაღებული დემოკრატები ფხიზლად უნდა იყვნენ იმ ცრუ ეკვივალენტობის წინაშე, რომელიც ერთმანეთთან აიგივებს ავტოკრატიებსა და ლიბერალურ დემოკრატიებს.

საბოლოო ჯამში, ავტოკრატები ამ კანონებით საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობენ. მათი ინსტრუმენტები პოლიტიკური კონტროლი და აზრის თავისუფლად გამოხატვის აკრძალვაა.

დემოკრატიული სისტემები ფრთხილად უნდა იყვნენ და ძალისხმევა არ დაზოგონ მათ საზოგადოებებზე ბოროტი განზრახვის მქონე ძალების ზემოქმედების შესამცირებლად. ამავე დროს, მათ საკუთარი პრინციპებისა და სტანდარტების დაცვაც ეკისრებათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებიც ამჟამად შეიქმნა: ავტორიტარული ძალების გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნისთვის იყენებენ, რომლებიც ყველაზე მეტად არიან საჭირო მათ რეპრესიულ რეჟიმებში.

 

ებიგეილ სკალკა „დემოკრატიის შესწავლის საერთაშორისო ფორუმის“ პროგრამის ასისტენტია.