article-img

პუტინი და ფაშიზმი

როცა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაზე თავდასხმას „ანტი-ფაშიზმით“ ამართლებს ის შეურაცხყოფას აყენებს ფაშიზმის მსხვერპლთა ხსოვნას და მათ ბრძოლას. ვლადიმირ ტიშმანეანუ

ვლადიმირ პუტინის „მოთვინიერება“ შეუსრულებელი მისიაა, რომლის შესრულებაზე ფიქრი გულუბრყვილობა იქნებოდა. დასავლური დემოკრატიები პროცედურული, კონსტიტუციური, კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემებია. რუსეთს, რომელსაც პუტინის ერთგული საიდუმლო სამსახურები მართავენ, ასეთ სისტემასთან საერთო არაფერი აქვს. დაახლოებით ერთი თვის ვიხილე 1938 წლის მიუნხენის შეთანხმების შესახებ გადაღებული ახალი ფილმი „მიუნხენი: ომის პირას“, რომელშიც ნევილ ჩემბერლენის როლს ჯერემი აირონსი თამაშობს. ფილმის დასრულების შემდეგ დავფიქრდი თუ რაოდენ აბსურდულია მჩაგვრელთან საერთო ენის გამონახვის იმედი: განგსტერებთან ჯენტლმენური შეთანხმება არ მოქმედებს. ეს ჩიხური გზაა.

პუტინი მაფიის ბოსია, ის ჯენტლმენი არ არის. მისი „მსოფლმხედველობის„ გასაგებად მარიო პიუზოს წიგნების და „კგბ“-ს ისტორიის გადახედვაა საჭირო. რამდენიმე კარგი წიგნია დაწერილი მის მიერ აწყობილი კლეპტოკრატიული სისტემის შესახებ. დასკვნას ადვილად გამოიტანთ – პუტინისთვის კანონიერება არ არსებობს. მეტიც, ის არც უნდა არსებობდეს.

2020 წელს თანაავტორთან, ქეით ლენგდონთან ერთად, გამოვეცი „პუტინის ტოტალიტარული დემოკრატია“, რომელშიც პუტინისტური პოლიტიკური კულტურის წარმომავლობისა და დინამიკის – მისი ფუნდამენტური პრინციპების, დეკლარირებული და ფარული მიზნების, მისწრაფებების, ამბიციების – გაანალიზება შევეცადეთ. პუტინისთვის მისაბაძი პოლიტიკური ფიგურა იური ანდროპოვია. ანდროპოვი საბჭოთა კავშირის ელჩი იყო ბუდაპეშტში, როცა მოსკოვმა 1956 წლის ნოემბრის უნგრული რევოლუცია ჩაახშო სისხლში. 1968 წელს „პრაღის გაზაფხულის“ მოვლენების დროს, ის უშიშროების ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

ახალგაზრდობაში პუტინი თავს საბჭოთა კავშირში პოპულარული სატელევიზიო სერიალის მთავარ გმირთან, ნაცისტურ გერმანიაში შეგზავნილ მზვერავთან მაქს ოტტო ფონ შტირლიცთან აიგივებდა. „გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებაში“ შტირლიცი, რომლის როლს ქარიზმატული საბჭოთა მსახიობი ვიაჩესლავ ტიხონოვი ასრულებდა, საკუთარი თავის ფლობის, მანიპულაციის და ინფორმაციის მოპოვების დიდოსტატია. დიდი ალბათობით, ასე აფასებდა თავის თავს პუტინიც.

კიდევ ერთი წყარო, რომელსაც ვლადიმირ პუტინის მსოფლმხედველობა შეიძლება ეყრდნობოდეს 1950-იანი წლების დასაწყისში გამოცემული ნიკოლაი შპანოვის პროპაგანდისტული რომანებია. სამხედრო თემებზე დაწერილი მხატვრული ლიტერატურით სახელგანთქმული შპანოვი მეორე მსოფლიო ომს საბჭოთა კავშირის დასანგრევად გათვლილ შეთქმულებად აფასებდა. ეს პოლიტიკური მითი დიდხანს ცოცხლობდა, მისი სწამდათ კომუნისტური პარტიის წევრთა ძველ თუ ახალ თაობებს, სამხედროებს და საიდუმლო სამსახურების წარმომადგენლებს. რუსი ნაციონალისტებისთვის რუსეთის ან საბჭოთა კავშირის ყველა მარცხი ღალატისა და შეთქმულების შედეგი იყო.
პუტინი ამტკიცებს, რომ ის ანტი-ფაშისტია. ეს მტკნარი სიცრუეა. მე ანტი-ფაშისტთა ოჯახიდან ვარ. ჩემი მშობლები ინტერნაციონალურ ბრიგადებში იბრძოდნენ. ჰოლოკოსტმა ჩვენი ოჯახის ბევრი წევრი შეიწირა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მომხრეების „ნაცისტებად“ შერაცხვა არა მარტო სისულელეა. ეს გულისამრევია. ყველამ იცის, თუ ვინ არის ნამდვილი ფაშისტი: სლავიანოფილიით, იმპერიული ამბიციებით და შურისძიების სურვილით შეპყრობილი „კაგებეშნიკი“ ნაძირალა.

წლების წინ ერთი ჟურნალისთვის „პამიატის“ „პატრიოტულ საზოგადოებაზე“ დავწერე სტატია. პუტინიზმი „პამიატის“ ფობიების, ნევროზებისა და აკვიატებული იდეების განახლებული ვერსიაა.

მამაჩემი სოროკაში, რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, 1912 წლის 26 თებერვალს დაიბადა. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ის საერთაშორისო ბრიგადებს შეუერთდა და რესპუბლიკელთა მხარეს იბრძოდა. 1938 წელს, რივერ ებროს ბრძოლაში, მან ხელი დაკარგა. მისი უფროსი ძმა აბრამი და მისი ცოლი, მათი ორი შვილი დაიღუპნენ – ისინი ოდესაში ცოცხლად დაწვეს. ოდესაში დატრიალებული ხოცვა-ჟლეტა გერმანიის მოკავშირე რუმინელი დიქტატორის, იონ ანტონესკუს რეჟიმის მიერ იყო დაგეგმილი და ჩადენილი. პუტინი ამტკიცებს, რომ ებრაული წარმოშობის პრეზიდენტის მქონე უკრაინის სამხედრო აგრესია ამ დემოკრატიული ქვეყნის „დენაციფიკაციის“ გამო ხდება – ის უსირცხვილოდ იტყუება. ის შეურაცხყოფს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას, რომელთა შორის ზელენსკის ოჯახის წევრებიც არიან. ეს ტყუილი ჩემი და ჩემი ოჯახის პირადი შეურაცხყოფაცაა. ნაძირალა პუტინი ხსოვნის განადგურებას ცდილობს.

ჩვენი დროის ანტი-ფაშიზმი ანტი-პუტინიზმია.

ჩემი და ვიქტორია 1941 წლის 26 ნოემბერს ვოლგის პირას მდებარე სამარაში დაიბადა, რომელსაც მაშინ კუიბიშევი ერქვა. ამ ქალაქში საბჭოთა კავშირის სხვადასხვა უწყება და ინსტიტუტი იყო ევაკუირებული, მათ შორის „რადიო მოსკოვი“, რომლის რუმინული სამსახურის წამყვანი იყო დედაჩემი. ქალაქი შიმშილობდა. დედაჩემი იხსენებდა, რომ ხალხი ბალახისა და ხეების ფესვების ჭამამდე მიდიოდა. სახელდახელო საავადმყოფო გაუთბობელ სკოლის შენობაში იყო მოწყობილი. დედაჩემმა ჩემი და საკლასო ოთახის მაგიდაზე გააჩინა.

დედას სამედიცინო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და ესპანეთში, „საერთაშორისო ბრიგადების“ სამხედრო ჰოსპიტლებში მიიღო გამოცდილება. მან კარგად იცოდა, რა ნიშნავს ადამიანური გაჭირვება. ის 2000 წელს ჰაიფაში გარდაიცვალა. ეჭვი არ მეპარება, რომ დღეს, პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ბარბაროსობის დანახვაზე მისი რეაქცია ერთმნიშვნელოვანი იქნებოდა: „გრცხვენოდეთ!“.

დღეს ყველასთვის ნათელია, თუ რამდენად მცდარი აღმოჩნდა პუტინის უკრაინაზე თავდასხმის გათვლა. კრემლის ავანტიურა რუსეთის კატასტროფად იქცა: სტრატეგიული ფიასკო, ტაქტიკური შეცდომების უწყვეტი ნაკადი, უკრაინელთა მიერ წინააღმდეგობის გაწევის უნარისა და მათი განწყობების არასწორი შეფასება და ა.შ. 1964 წლის ოქტომბერში ნიკიტა ხრუშჩოვის პოლიტბიუროდან გაგდებისას მიხეილ სუსლოვის მიერ წაკითხულ საბრალდებო სიტყვაში „ავანტიურიზმი“ და „უტვინო შეცდომები“ იყო ნახსენები. ერთ-ერთ ასეთი შეცდომა კარიბის კრიზისი იყო. ზუსტად ასეთ შეცდომას უშვებს ახლა პუტინიც: უმძიმეს, დანაშაულებრივ შეცდომას.

შედეგის მიუხედავად, პუტინმა ყველაფერი იღონა, რათა უკრაინელებმა არასდროს დაივიწყონ და არასდროს აპატიონ რუსებს მათი ქვეყნისთვის მიყენებული ნგრევა და მათი თანამოქალაქეების ხოცვა.

დიდი ალბათობით, პუტინი დარწმუნებულია, რომ ის პრეზიდენტის სავარძელს 2036 წლამდე შეინარჩუნებს. მას იმედი აქვს, რომ მომდევნო თოთხმეტი წლის განმავლობაში რუსეთი გააგრძელებს მისი მესიანური დანიშნულების შესრულებას. ამ რუსულ ფანტაზიაში მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ არაფერი შეცვლილა. სანამ პუტინი, მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ოლიგარქები და ბიუროკრატები ძალაუფლებას შეინარჩუნებენ, ხოლო რევოლუციური მუხტი მიძინებული იქნება, ერთადერთი რასაც რუსეთი მიაღწევს ავტორიტარული სისტემის გაძლიერება იქნება. „ჰუვერის ინსტიტუტის“ დირექტორმა და შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, პუტინის ქცევას „უთავბოლო“ და „მატყუარა“ უწოდა. ის მართალია. პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო აგრესიის მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ იყო. ურჩხული ყოველთვის ტყუის. ნამდვილი მიზანი უკრაინის დამონება და საბოლოო რუსიფიკაცია ანუ მისთვის პატივის აყრაა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სამხედრო აგრესიის თანმდევი მოვლენები, რომლებზე ფიქრით, როგორც ჩანს, კრემლში წინასწარ თავი არავის შეუწუხებია: უკრაინის „ფინლადინიზაციის“ ნაცვლად პუტინმა ფინელები ნატო-ში შესვლის მომხრეებად აქცია; კაცობრიობა უკრაინელ მებრძოლთა მიმართ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სოლიდარობის აქციებითა და მრავალფეროვანი კამპანიებით გამოხატავს თანადგომას; იკვეთება სამოქალაქო მობილიზაციის კონტურები რუსეთშიც, სადაც ყველაფერი „ლიბერალური რევოლუციით“ შეიძლება დასრულდეს; რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და უკრაინული ქალაქების განადგურების შემდეგ მნიშვნელოვნად შეთხელდა ანტი-ლიბერალური დღის წესრიგის მქონე რუსეთის მხარდამჭერთა რიგები დასავლეთში; მძიმე ეკონომიკური და ფინანსური სანქციების დაწესებამ ყოველკვირეული ხასიათი მიიღო; განმტკიცდა უკრაინელების ეროვნული იდენტობა, რომელიც სამუდამოდ დასცილდა რუსეთს; უკრაინელი ხალხის არჩევანი ცალსახაა როგორც არასდროს: ისინი საკუთარ თავს მხოლოდ ევროპაში ხედავენ.

რუსების ლატენტური შიშების, ფობიებისა და ნევროზების სამობილიზაციოდ „დენაციფიკაციის“ რიტორიკის გამოყენებით „კგბ“-ს ყოფილმა თანამშრომელმა საკუთარი ხელით გაირთულა საქმე. მისი დამხობის ნაცვლად სამხედრო აგრესიამ ზელენსკი უკრაინის ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ლიდერად აქცია.

როგორც ჩანს, პუტინისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის მტკიცე მხარდაჭერაც, რომელიც უკრაინას ნატო-მ და ევროპულმა კავშირმა გამოუცხადეს. სხვა დიქტატორების მსგავსად ის იმ ინფორმაციის მძევალია, რომელსაც მას საიდუმლო სამსახურები აწვდიან.

2022 წლის 28 თებერვალს პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ევროპულ კავშირში გაწევრიანების ოფიციალურ მოთხოვნას მოაწერა ხელი.

დამოუკიდებელ და დემოკრატიულ უკრაინასთან მშვიდობა პუტინისთვის მიუღებელია. მისი მიზანია უკრაინის დამარცხება, დამცირება და კაპიტულაცია. მან არ იცის და არც სურს ისწავლოს როგორ უნდა მოლაპარაკება. ის საკუთარ თავს მხსნელად, მესიად და გმირად მიიჩნევს. პუტინი პოლიტიკის ხედვა შავ-თეთრია: ბოროტი „ისინი“ კეთილი „ჩვენ“-ს წინააღმდეგ. მისი მსოფლმხედველობა აპოკალიფსურად მესიანურია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველაფერი იცის რუსეთის მმართველის იდეოლოგიური ფანტაზიების შესახებ. ამ ცოდნის ფლობა მიუთითებს იმ სკეპტიციზმს, რომელსაც ის პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაძლო ხელმოწერის თაობაზე გამოხატავს. ეს პუტინის ომია. ის ამ ომს უკომპრომისოდ, ჯიუტად და სასტიკად აწარმოებს.
თითქმის 70 წლის წინ, 1952 წლის აგვისტოში, საბჭოთა კავშირის ებრაელ ანტი-ფაშისტთა კომიტეტის წევრებს მოღალატეობასა და ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და დახვრიტეს. მათ შორის ერთ-ერთი პოეტი, პერეც მარკიში იყო. სიკვდილით დასჯას ერთადერთი ბრალდებული, სამედიცინო სკოლის ბიოქიმიური ფიზიოლოგიის პროფესორი და საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პირველი ქალი წევრი, ლინა შტერნი, გადაურჩა. მეორე მსოფლიო ომის დროს „ანტი-ფაშისტური კომიტეტის“ წევრები შეერთებულ შტატებს ეწვივნენ. დელეგაციის შემადგენლობაში სერგეი ეიზენშტეინი და სოლომონ მიხოელსი შედიოდნენ. ისინი ამერიკელ ებრაელებს ნაცისტური გერმანიის პირისპირ დარჩენილი საბჭოთა კავშირის დახმარებისკენ მოუწოდებდნენ. ახლა, უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც თავად ებრაელია, შველას და მხარდაჭერას ამერიკაში მცხოვრებ ებრაელებს სთხოვს. ლინა შტერნის ძმისშვილი ცნობილი რუსი პიანისტი დმიტრი ბაშკიროვია. მისი შვილი კი დანიელ ბარნბოიმის ცოლია.

2015 წლის ივნისში საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფრანგ მკვლევართან, ალენ ბეზანსონთან, შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა. „რა არის პუტინის იდეოლოგიის არსი?“, შევეკითხე მაშინ პროფესორს. მისი პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო: „კგბ“-ს იდეოლოგია“.

ვლადიმირ ტიშმანეანუ
ვლადიმირ ტიშმანეანუ მერილენდის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორია. ის კომუნიზმის, ფაშიზმის და ტოტალიტარიზმის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორია.