article-img

რა აირია ავღანეთში?

ეს მარცხი ორი ათეული წლის განმავლობაში მწიფდებოდა და შეერთებული შტატების მიერ სხვა დროს და სხვა ადგილებში განცდილ წარუმატებლობებს ჰგავს. მიშელ მანდელბაუმი

20 წლის, 2448 ამერიკელი ჯარისკაცის და 1720 კონტრაქტორის დაღუპვის, 20000 დაჭრის და ტრილიონობით დახარჯული დოლარის შემდეგ ამერიკის ავღანური პროექტი ჩავარდა – სწრაფად, საბოლოოდ და დამამცირებლად.

მიუხედავად ოცწლიანი ძალისხმევისა, შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო ავღანეთისთვის მშვიდობის მოტანა და ქაბულში სტაბილური, დასავლური ყაიდის, ფუნქციური მთავრობის ჩამოყალიბება. ვაშინგტონმა ვერ მოახერხა თალიბანის, 11 სექტემბრის უკან მდგომი ტერორისტების მფარველი ისლამისტური მოძრაობის, ძალაუფლებიდან საბოლოო ჩამოშორება. ავღანეთში სამხედრო ძალების გაგზავნის მთავარი მიზეზი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ტერორისტული შეტევების გამეორების თავიდან აცილება იყო და მართლაც, ინტერვენციის დაწყების შემდეგ ასეთ ფაქტს ადგილი აღარ ჰქონია. ეს მიღწევა ახლა საფრთხის ქვეშაა.

არავინ იცის როდის დაიბრუნებს თალიბების მართული ავღანეთი სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებების თავშესაფრისა და მათი გლობალური ოპერაციების მართვის ბაზის ფუნქციას.

რატომ მოხდა ეს ყველაფერი? რა შეცდომები იქნა დაშვებული ავღანეთში? პასუხთა ნაწილი მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ შეერთებული შტატების მიერ საზოგადოებათა გარდაქმნის მცდელობებში შესაძლოა მოიძებნოს. ამ კუთხით საინტერესოა კარტერ მალკასიანის ახალი წიგნი, „ამერიკული ომი ავღანეთში“, რომელშიც ავტორი შეერთებული შტატების ავღანური სამხედრო კამპანიის დეტალური ისტორიას გვთავაზობს.

მალკასიანმა სამოქალაქო მოხელის სტატუსით ავღანეთში საკმაოდ დიდი დრო გაატარა, სადაც მნიშვნელოვანი დრო დაუთმო იქ გაცნობილ ავღანელებთან და ამერიკელებთან საუბარს. ის იმ იშვიათი ამერიკელების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ერთ-ერთ ადგილობრივ ენაზე, პუშტუზე, საუბრობენ. მის წიგნში ოთხი ამერიკელი პრეზიდენტის მმართველობის განმავლობაში ავღანეთში მომხდარი მოვლენებია დეტალებში გადმოცემული.

11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმები ჯორჯ ბუში უმცროსის საპრეზიდენტო ვადის პირველ წელს მოხდა. უპრეცედენტო ტერორისტულ აქტს თალიბანის ქაბულიდან განდევნა და ძალაუფლების ჰამიდ ყარზაის მთავრობისთვის გადაცემა მოჰყვა. ეს ყველაფერი ვაშინგტონმა მინიმალური ფინანსური თუ ადამიანური რესურსის დახარჯვით მოახერხა. ამის შემდეგ შეერთებული შტატები ავღანეთს განსაკუთრებულ ყურადღებას აღარ აქცევდნენ. ასე გრძელდებოდა 2006 წლამდე, როცა თალიბებმა სამხედრო და პოლიტიკური რევანშის აღება სცადეს. ჩასაფრებების, პირდაპირი თავდასხმების და თვითმკვლელი ტერორისტების გამოყენებით მათ ავღანეთის სამხრეთ რეგიონების ნაწილზე აღადგინეს კონტროლი.

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ ავღანეთში დამატებითი ძალების გადასროლის გადაწყვეტილება მიიღო. ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული კონტინგენტის რაოდენობა 100000-ს მიაღწევს. ეს ერაყში, 2007-2008 წლებში დამატებითი ძალების შეყვანით მიღწეული შედეგის გამეორების მცდელობა იყო. ამავე დროს, პრეზიდენტი ობამა ცდილობდა ზომიერება და სიფრთხილე გამოეჩინა – ავღანეთში ძალების გადასროლა შეზღუდული იყო როგორც მათი რაოდენობით, ისე დროითი ჩარჩოებით. 2015-2016 წლებში, როგორც კი ამერიკელებმა ავღანეთში დისლოცირებული ძალების შემცირება დაიწყეს, განახლდა თალიბების შეტევებიც.
ამ ომში მონაწილე ამერიკის მესამე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, საარჩევნო კამპანიაშივე აცხადებდა, რომ ამერიკელი ჯარისკაცების ავღანეთში ყოფნის წინააღმდეგი იყო და გამარჯვების შემთხვევაში შეერთებული შტატები ავღანეთს დატოვებდნენ. საპრეზიდენტო მოვალეობის დაწყების შემდეგ ის დაარწმუნეს, რომ საჭირო იქნებოდა რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედროს იქ მუდმივი ყოფნა. მის დასარწმუნებლად ის არგუმენტი იყო გამოყენებული, რომელმაც მის ორ წინამორბედს შეაცვლევინა აზრი: ამერიკული კონტინგენტის გარეშე ავღანეთის მთავრობა დაუყოვნებლივ დაეცემოდა, ძალაუფლება კვლავ თალიბანის ხელში მოხვდებოდა, რაც სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ტერაქტების ჩადენის რესურსს შესძენდა. თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ყველაზე დიდი პროგრესი ტრამპის პრეზიდენტობისას იყო, მაგრამ დასასრული მაინც უშედეგო იყო. ამ ყველაფერმა გზა გაუკვალა პრეზიდენტ ბაიდენს, რომელმაც ავღანეთიდან სრულად გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამერიკის მიერ ათწლეულების მანძილზე გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისა, ავღანეთის მთავრობამ საკუთარი თავის დაცვა ვერ შეძლო და ძალაუფლების ყველა ბერკეტი რამდენიმე დღეში დაკარგა.

მალკასიანს ამერიკის მარცხის რამდენიმე მიზეზი მოჰყავს. ვაშინგტონმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მათ შორის, ხელიდან გაუშვა თალიბებთან შეთანხმების კარგი შესაძლებლობები, რომლებიც მას წლების განმავლობაში რამდენჯერმე ჰქონდა. ვაშინგტონმა დროულად ვერ დაინახა ქმედითუნარიანი ავღანური პოლიციისა და შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების აუცილებლობა. დროთა განმავლობაში იცვლებოდა ის მიზნები, რომელთა მიღწევას შეერთებული შტატები ავღანეთში ცდილობდა. თავდაპირველად და ინტერვენციის ხანგრძლივობის დიდი ნაწილის განმავლობაში მას კონტრტერორისტული ხასიათი ჰქონდა. მთავარი მიზანი იმ ორგანიზაციის ნარჩენების განადგურება იყო, რომელმაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები მოაწყო. დროთა განმავლობაში, 2009-2010 წლიდან, ავღანეთის მისიაში ამბოხებულთა საწინააღმდეგო მიმართულება ძლიერდებოდა. თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლა ბევრად უფრო ამბიციური და შრომატევადი წამოწყება იყო, რომელსაც გაცილებით მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების ინვესტირება სჭირდებოდა. ამ ამოცანამ დღის წესრიგში პოლიტიკური რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების დამწყები მთავრობის შექმნა და მისი მხარდაჭერა შემოიტანა.

გარდა ამისა, თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკელი სამხედროების ტაქტიკა საჰაერო დარტყმებს ითვალისწინებდა. სამწუხაროდ, ამ მეთოდის გამოყენება ხშირად სამოქალაქო მსხვერპლით მთავრდებოდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ვაშინგტონის მიერ მხარდაჭერილი მთავრობისადმი უნდობლობას კიდევ უფრო აღრმავებდა. 2003 წელს ერაყში დაწყებულმა სამხედრო ინტერვენციამ ავღანეთს ჩამოაცილა ის ყურადღება და რესურსები, რომლებიც უკეთესი შედეგების მიღწევის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდიდა.

პოლიტიკური და სამხედრო ინიციატივების წარმატებას ხელს უშლიდა ავღანური მხარის მიერ შექმნილი სირთულეები. ანტი-თალიბანური ძალები ტომებისა და ეთნოსების მიხედვით იყვნენ დაყოფილი. მათ შორის თანამშრომლობა და კოორდინაცია ბევრ დაბრკოლებას აწყდებოდა. სამინისტროები დისფუნქციურები, პოლიტიკურ ლიდერთა უმეტესობა კი კორუმპირებული იყო. მალევე დაიძაბა ურთიერთობა ჰამიდ ყარზაისა და ამერიკელებს შორის. ის მერყევი, ჭირვეული და რთული ხასიათის მქონე პოლიტიკოსი აღმოჩნდა. ყარზაი ვერ იაზრებდა იმ საფრთხეს, რომელიც მის მთავრობას და მთლიანად ავღანეთს ემუქრებოდა. 2009 წლის არჩევნებში მონაწილეობისას ამერიკელები მისი კანდიდატურის წინააღმდეგ წავიდნენ, თუმცა უშედეგოდ.

მალკასიანს ყარზაის მიმართ უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვს, ის აღნიშნავს, რომ მას ხშირად ამერიკელებზე უკეთესად ესმოდა თუ რა იყო საჭირო ავღანეთის სამართავად.

ავღანეთში განცდილი მარცხის ქვაკუთხედი მარტივი ფაქტი იყო: ხარისხობრივ და რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი თალიბები ამერიკელების მიერ გაწვრთნილ და შეიარაღებულ ავღანურ არმიაზე უკეთესად – მეტი მოტივაციით, სიმამაცითა და სიჯიუტით – ომობდნენ. დროთა განმავლობაში, ბრძოლის ველზე მიღწეული გამარჯვებები თალიბებმა საბოლოო სამხედრო-პოლიტიკურ გამარჯვებად აქციეს.

 

იმას, რაც ავღანეთში მოხდა, ამ კონფლიქტის ყველა სხვა ასპექტზე კარგად ნაპოლეონის ეს გამონათქვამი აღწერს: „მორალური ძალა ფიზიკურ ძალაზე სამჯერ მნიშვნელოვანია“.

 

თალიბები ავღანურ მოსახლეობასთან უფრო ახლოს იყვნენ, უკეთესად ესმოდათ ავღანელთა წუხილი, მათი საჭიროებები. რიგით ავღანელებთან მათ ბევრად მეტი ჰქონდათ საერთო, ვიდრე ამერიკელთა მხარდაჭერილ სამთავრობო ძალებს. ეს უპირველეს ყოვლისა უცხოელი დამპყრობლებისადმი წინააღმდეგობა და ისლამისადმი ერთგულება იყო. თალიბებმა წარმატებით განასახიერეს ავღანური იდენტობის ეს საკვანძო ასპექტები.

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მიუხედავად თავიდან აცილებული ბევრი შეცდომისა, საბოლოო ჯამში, ამერიკა მის მიზნებს ავღანეთში მხოლოდ იქ მუდმივად დისლოცირებული და მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტით მიაღწევდა. წარუმატებლობას მოასწავებდა კიდევ ერთი ფაქტორი.

 

ავღანეთი არ იყო პირველი ქვეყანა, რომელშიც ამერიკელი სამხედროები შეერთებული შტატების უსაფრთხოების დაცვის მიზეზით გამოჩნდნენ, შემდეგ ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების გარდაქმნა სცადეს და არაფერი გამოუვიდათ.

 

სხვა შემთხვევების მსგავსად, ამერიკელებმა ვერც ავღანეთში მოახერხეს მათ მიერ შეთავაზებული პერსპექტივებით ადგილობრივების ნამდვილად დაინტერესება.

პირველი ასეთი მაგალითი, თავად შეერთებულ შტატებში მოხდა. ეს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, დამარცხებულ კონფედერაციაში რასობრივი თანასწორობის პრინციპის დანერგვის მცდელობა იყო. თეთრკანიანი სამხრეთელები წინააღმდეგობას არ წყვეტდნენ, ჩრდილოეთის ძალებს კი იქ მუდმივი ყოფნის რესურსი აღარ გააჩნდათ. მათი გამოსვლისთანავე სამხრეთის ინსტიტუტებმა უწინდელი ფორმა მიიღეს და უთანასწორობა იქ კიდევ ერთი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა.

მოკრძალებული წარმატების მაგალითი იყო ფილიპინები, სადაც 1989 წელს ესპანეთის განდევნის შემდეგ, კუნძულებს ამერიკელები აკონტროლებდნენ. იქაც კი ამერიკელთა გამოჩენამ შეურიგებელი და სისხლისმღვრელი ამბოხება გამოიწვია. ვაშინგტონმა ფილიპინებს ფორმალურად დამოუკიდებლობა მხოლოდ 1946 წელს მიანიჭა, თუმცა დასაწყისიდანვე ცდილობდა მაქსიმალურად შეემცირებინა ადგილობრივ საკითხებში ჩართულობა.

1960-იან და 1970-იანი წლების ვიეტნამში, 21-ე საუკუნის დასაწყისის ერაყში ამერიკელთა გამოცდილება იდენტური იყო. ორივე შემთხვევაში მეამბოხეებმა ადგილობრივი მოსახლეობის ამერიკელთა მხარდაჭერილი მთავრობის წინააღმდეგ მობილიზება მოახერხეს. ორივე შემთხვევაში, როგორც ავღანეთში, ისე ფილიპინებზე, ამერიკულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ იქ ყოფნას კარგი არაფერი მოჰქონდა და ვაშინგტონს ძალების სრულად გამოყვანისკენ უბიძგა. ბაიდენის მიერ ავღანეთიდან გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა ანალოგიურ პოზიციაზე იდგა.

იყო წარმატებებიც: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დემოკრატიული მმართველობა ჩამოყალიბდა და შედგა როგორც გერმანიაში, ისე იაპონიაში. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნებს უკვე ჰქონდათ განვითარებული სამრეწველო ეკონომიკის და დემოკრატიული მმართველობის გარკვეული გამოცდილება. მათ მიერ განცდილ მარცხს იმდენად მძიმე შედეგები მოჰყვა, რომ ომისდროინდელი მთავრობებისა და წყობის გახსენება აღარავის სურდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გასული ათწლეულების მიუხედავად, ამერიკული ძალები კვლავაც გერმანიისა და იაპონიის ტერიტორიაზე არიან, მაგრამ წინააღმდეგობისა და პროტესტის ნაცვლად ადგილობრივებში მადლიერებას იწვევენ. იაპონელები და გერმანელები მათ არა დამპყრობლებად, არამედ მათი ქვეყნების საბჭოთა კავშირისგან დამცველებად აფასებდნენ. ამერიკის ამ ორ წარმატებას ავღანეთთან საერთო არაფერი აქვს.

ავღანეთში, ისევე როგორც ვიეტნამსა და ერაყში, ამერიკელების მიზანი ამ ქვეყნების დაპყრობა არასდროს ყოფილა: საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, მიზანი ამ ქვეყნებში მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება იყო. ავღანეთის ომს, ისევე როგორც ერაყისა და ვიეტნამის ომებს, საფუძვლად მძლავრი იდეალიზმი უდევს. ამ ინტერვენციების მიზანი, საბოლოო ჯამში, კეთილი საქმის გაკეთება იყო. შესაბამისად, ამერიკის ავღანური თავგადასავალი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმ ძველი სიბრძნის, რომლის თანახმად არცერთი კეთილი საქმე დაუსჯელი არ დარჩება.

 

 

მიშელ მანდელბაუმი „ამერიკული მიზნის“ სარედაქციო საბჭოს წევრი და ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ამერიკული საგარეო პოლიტიკის პროფესორია.