article-img

შეუძლია თუ არა დასავლეთ ევროპას აღმოსავლეთის გადარჩენა?

უკრაინის ტრაგიკული შემთხვევა მრავლისმეტყველია. დალიბორ როჰაჩი

2022 წლის იანვრის ბოლოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შეჯამებისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ „ევროპული უსაფრთხოების მიმართ დღეს არსებული საფრთხეებისადმი ყველა ევროპელს მტკიცე და ერთიანი მიდგომა აქვს“. მისი თქმით, „ევროკავშირის წევრთა მთავრობებმა დაადასტურეს უკრაინის სრული და უპირობო მხარდაჭერა. უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას მძიმე შედეგები მოჰყვება ამ აგრესიის ჩამდენისთვის.“

რა შედეგებზე საუბარი? – იკითხავთ თქვენ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე შეარბილა ტონი რუსეთის გლობალური საბანკო სისტემა SWIFT-ისგან ჩახსნის თემაზე, ხოლო თავდაცვის მინისტრმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“- ს საკითხის უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის თემისგან განცალკევება მოითხოვა. შვედეთი შეუერთდა გერმანიას და არ ისურვა მისი სამხედრო ნაწარმის რეექსპორტის ხილვა პუტინის მორიგი აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის დასახმარებლად. გერმანულ პრესაში გაჩნდა მითქმა-მოთქმა ახლადარჩეული კანცლერი შოლცის ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ. გაუაზრებელი და საპირისპირო შედეგის მომტანი აღმოჩნდა ბერლინის მიერ კეთილი ნების ჟესტად ჩაფიქრებული უკრაინისთვის 5000 ჩაფხუტის გაგზავნის გადაწყვეტილება. სხვა ქვეყნების მიერ გაგზავნილი სამხედრო დახმარების და გერმანიის ქცევის ფონზე ამ ჟესტმა კომიკური ელფერი მიიღო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია გერმანელი რადიკალი მემარცხენეებისათვის, რომლებმაც ბერლინის ეს  მოკრძალებული ინიციატივა „იარაღის ჟღარუნად“ შეაფასეს.

საფრანგეთი რუმინეთში დამატებითი შენაერთების გადასროლაზე საუბრობს. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და ჩეხეთი უკრაინისთვის მათ ხელთ არსებული სამხედრო მასალისა და აღჭურვილობის მარაგების გაზიარებას აპირებენ. ევროპის ერთსულოვნებაზე ბრიუსელიდან მომავალ რიტორიკას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე ევროპის ქვეყნების ნაწილის ქცევა, რომელიც პასიურობიდან აგრესიის ირიბ მხარდაჭერამდე მერყეობს. როგორც ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, თომას ჰენდრიკ ილვეშმა თქვა, „თუ ამ ამბიდან ომის გარეშე გამოვძვრებით, ის მაინც გვეცოდინება ვინ ვინ არის, ვინ ვის მხარეზეა, ვისი ნდობა შეიძლება და ვისი არა“.

აღმოსავლეთ ევროპელებისთვის ვითარება საშიში, მაგრამ მართლაც მრავლისმთქმელია. შეერთებული შტატების ძირითადი ყურადღება წყნარი და ინდოეთის ოკეანეების არეალისკენ მიემართება. როგორც შეერთებული შტატების 2018 წლის „თავდაცვის ეროვნული სტრატეგიის“ ავტორი ელბრიჯ ქოლბი აღნიშნავს, „ამერიკას არ აქვს და არ ექნება იმის საშუალება, რომ გაზარდოს მის მიერ უკვე ნაკისრი პასუხისმგებლობა ევროპაში და ამავე დროს შეამციროს ის უპირატესობა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ამჟამად ჩინეთს გააჩნია“.

ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი კვლავაც ძალაშია და ხელშეუხებელია, მაგრამ რა უნდა გაკეთდეს რუსეთის აგრესიული ქმედების საწინააღმდეგოდ, როცა მოსკოვის მიერ გამოყენებული ჰიბრიდული ომის მეთოდები ამ მუხლის ამოქმედებისთვის საჭირო სტანდარტს არ აკმაყოფილებენ? გასულ წლებში ვიხილეთ სახელმწიფო ტერორიზმის შემთხვევები, კიბერ-შეტევები, ნატო-ს ქვეყნების საზღვრებთან ხელოვნურად შექმნილი კრიზისები. საპასუხო ნაბიჯები მორცხვი და მოკრძალებული იყო. პუტინის მიერ უკრაინაში მიღწეული შედეგები მას მეტი აგრესიული ნაბიჯების გადადგმის უბიძგებს. როდის გახდება ნათელი, რომ ალიანსზე აგრესიის განხორციელების ერთადერთ ფორმად კონვენციური საშუალებებით განხორციელებული სამხედრო თავდასხმა აღარ უნდა განიხილებოდეს? ამ ცვლილების გააზრების შემთხვევაში, ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს?

როგორც ჩანს, დასავლეთ ევროპელების იმედი ამ მხრივ არავის უნდა ჰქონდეს. ეს ქვეყნები არ მიიჩნევენ, რომ რუსეთი საფრთხეა, რომლის მუდმივად შეკავებაა საჭირო. ევროპული, განსაკუთრებით კი გერმანული, უმწეობა და ამერიკის „აზიისკენ შეტრიალებით“ გამოწვეული დესტაბილიზაცია, ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულ კავშირში მყოფი მოვლენებია.

რაც უფრო ნაკლების გაკეთება სურთ ევროპელებს მათი უსაფრთხოებისთვის, მით უფრო ძნელია ამერიკელი ამომრჩევლების დარწმუნება, რომ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამაგრებისთვის მეტის გაკეთებაა საჭირო.

ის ფაქტი, რომ ევროკავშირი დღეს მის საზღვართან რუსეთის მიერ გამოწვეულ კონფლიქტში მეორეხარისხოვან როლს თამაშობს და უკრაინის მხარდამჭერთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებულია, საბოლოოდ ასამარებს ევროპული „სტრატეგიული ავტონომიის“ ან „სუვერენიტეტის“ იდეებს. ეს არ ნიშნავს, რომ ევროპელებმა მეტი არ უნდა გააკეთონ თავდაცვისთვის. ეს ასეა, რადგან ევროკავშირი ვერ შედგა ევროპელების ინტერესების გლობალურ ასპარეზზე დაცვის პლატფორმად. ევროკავშირის სტრუქტურული თავისებურებები, მისი მოწყობის მექანიზმები გამორიცხავს კრიზისებზე სწრაფ რეაგირებას, ხმამაღალი განცხადებების ნაცვლად კონკრეტული, ქმედითი ზომების მიღებას. შესანიშნავად ჟღერდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, ევროპელებისადმი გაკეთებული მოწოდება, რათა ევროპელებს ერთად ჩამოეყალიბებინათ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ხედვა, რომელსაც ისინი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს წარუდგენდნენ. ბერლინისა და პარიზის სტრატეგიული ხედვებთან („მინსკის შეთანხმება“ მათი ერთ-ერთი გამოხატულებაა) დაკავშირებული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპელებს ამ მოწოდებისადმი იმთავითვე სკეპტიკურად განაწყობს. საფრანგეთისა და გერმანიისადმი გაწეულმა ნდობამ წარსულში არ გაამართლა. აღმოსავლეთ ევროპელებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისინი მათ გარეშე საუბრობენ, შეძლებისდაგვარად ზღუდავენ შეერთებული შტატების როლს კონტინენტზე და არც რუსეთთან თუ სხვა “დიდ“ მოთამაშესთან სხვა ევროპელების ინტერესების ხარჯზე გარიგებას ერიდებიან.

ასე გამოიყურებოდა მაკრონის უშედეგო მცდელობები ორმხრივი ურთიერთობა გაეღრმავებინა პუტინის რუსეთთან 2019 წელს. მრავლისმთქმელია, რომ გერმანიაში მეტ უკმაყოფილებას არა ჩინეთის მიერ ლიეტუვას მიმართ გამოხატული აგრესია, არამედ ამ უკანასკნელის მიერ ტაივანის მხარდაჭერა იწვევს. ფაქტია, რომ დღეს აღმოსავლეთ ევროპელები ვაშინგტონს უფრო ენდობიან ვიდრე პარიზსა და ბერლინს.

ამ მოცემულობაში ისინი არასდროს დაუჭერენ მხარს ევროკავშირის „სტრატეგიულ ავტონომიას“, რომელიც მათ ინტერესებს საფრანგეთისა და გერმანიის კეთილ ნებაზე დამოკიდებულს გახდის.

რა ალტერნატივა აქვს ევროკავშირის მასშტაბის კონსენსუსის ძიებას? ეს ალბათ არაფორმალურ, სიტუაციურად შექმნილ ალიანსებზე და კოალიციებზე დაყრდნობაა. ამ ალიანსების წევრების მთავარი მახასიათებელი რუსეთის მიმართ შეთანხმებული და გაერთიანებული პოზიციაა. პრაქტიკაში ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და გაერთიანებული სამეფოს ალიანსს შეიძლება ჰგავდეს. ამ უკანასკნელმა ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე მიმდინარე კრიზისში ყველაზე ენერგიული როლი ითამაშა. არ არის გამორიცხული ნორდიკული ქვეყნების ინტერესიც. ამ კოალიციის პრიორიტეტი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სინქრონიზაცია და განვითარება, ფინეთისა და შვედეთის ნატო-სთან დაახლოება და საბოლოო ჯამში, დანარჩენი ევროპელებისთვის იმის დემონსტრირებაა, რომ უსაგნო ლაპარაკის გარდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც არის შესაძლებელი.

უდავოა, რომ ბრიუსელისა და ბერლინის მიერ გამოვლენილი უმწეობის ფონზე, ასეთი ინიციატივა ვაშინგტონის მხარდაჭერას დაიმსახურებს. დიდი ალბათობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია შეერთებული შტატების პრიორიტეტებს შორის წამყვან პოზიციას კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნებს, მაგრამ ერთ მუშტად შეკრულ თანამოაზრეთა ალიანსი, რომელიც მზად არის საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს, ამერიკელებს ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერის მეტ საფუძველს მისცემს.

ამ მხრივ პროგრესის მიღწევის ერთ-ერთი შესაძლო გზა „სამი ზღვის ინიციატივისთვის“ მისი ტრადიციული ეკონომიკური განზომილების გარდა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გაუმჯობესების ფუნქციის მინიჭებაა. ამ ინიციატივის შემდეგ სამიტზე, რომელიც 2022 წლის ივნისში რიგაში გაიმართება, მოწვეული უნდა იყვნენ ამერიკელები და ნორდიკული ქვეყნები. ისინი საკუთარი რესურსებით უნდა დაეხმარონ „სამი ზღვის ინიციატივის“ უშუალო მონაწილეთა საერთო პროექტების განხორციელებას თავდაცვის, ენერგეტიკის და ყველა იმ სფეროში, რომელიც გაზრდის ევროპელთა მედეგობას რუსეთისა და ჩინეთის დესტრუქციული მოქმედების წინააღმდეგ. ამავე დროს, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომელ მხარეს ემხრობა უნგრეთი, ხორვატია ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც ევროპის დაფაზე პუტინის პაიკის ფუნქციის შესრულებით მოსკოვისგან სარგებლის მიღებას ცდილობს.

არავინ უნდა ელოდოს, რომ „ახალი ევროპის“ ამ კონცეფციას წინააღმდეგობა არ შეხვდება. ამ ინიციატივაზე მსჯელობისას, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები დღეს არსებულ ალტერნატივას უნდა შედარდეს. ასეთ დრამატულ მომენტში საერთაშორისო ასპარეზზე პარალიზებული ევროკავშირი მისი წევრების უსაფრთხოებისთვის უსარგებლოა. ბრიუსელის ქცევა შეერთებული შტატების ევროპის პასიურობისადმი დარჩენილ მოთმინებას მალე ამოწურავს. ევროკავშირის „ზესახელმწიფოდ“ გადაქცევის გრანდიოზული გეგმები პირველივე კრიზისისას ჩაიშალა. აღმოსავლეთ ევროპელებმა და მათმა უახლოესმა პარტნიორებმა ამ მოცემულობაზე დაყრდნობით უნდა დაგეგმონ მათი შემდეგი ნაბიჯები და ყველაფერი იღონონ, რათა ტრანსატლანტიკურმა ალიანსმა თავისი მთავარი მისია შეასრულოს: ამერიკელები ევროპაში, რუსები კი მის გარეთ დატოვოს.

 

 

დალიბორ როჰაჩი „ამერიკის სამეწარმეო ინსტიტუტის“ მკვლევარი და „ამერიკული მიზნის“ სარედაქციო საბჭოს წევრია.