სამახსოვრო საჩუქარი მერკელს – “ჩრდილოეთის ნაკადი 2”
"ჩრდილოეთ ნაკად 2" -ზე დათანხმებით ჯო ბაიდენმა შესაშური სამახსოვრო საჩუქარი მიუძღვნა ანგელა მერკელს. ბერლინსა და მოსკოვს დადებული შეთანხმება მხოლოდ ბუნებრივი აირის შესყიდვას არ გულისხმობდა. ეს შეთანხმება აჩვენებდა იმ არაფორმალურ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომლებიც ეწინააღმდეგება დასავლეთისთვის მნიშვნელოვან რუსეთის ამბიციების შეკავების პოლიტიკას.დაუწერელი კანონია, სარგებელისა და რისკების შეფასების დროს სახელმწიფოები საკუთარი დანაკარგების შემცირებას ცდილობენ. სწორედ ეს გააკეთა ჯო ბაიდენმა, როდესაც ის დათანხმდა გერმანიას და ამ უკანასკნელს “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის პროექტის დასრულების შესაძლებლობა შუენარჩუნა. ეს გაზსადენი შეერთებული შტატებისა და გერმანიის ურთიერთობებს ჯერ კიდევ ბარაკ ობამას დროს ართულებდა. ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი გაზსადენის ბოლო ასიოდე მილის დასრულებას წინ არარაფერი ედგა – ამერიკა ფარული თუ ღია ბერკეტების გამოყენებას აღარ აპირებდა. დაე თავისუფლად იდინოს ბუნებრივი აირის მილიარდობით კუბურმა მეტრმა უსტ-ლუგიდან (რუსეთი) გრაიფსვალდში (გერმანია). ბერლინმა ეს ბრძოლა ქულებით, მაგრამ მოიგო.
რა თქმა უნდა, ამ უთანასწორო, სხვადასხვა წონითი კატეგორიის მოთამაშეებს შორის გამართული მატჩის შედეგის გამოცნობა ცინიკოსებს არ გაუჭრდებოდათ. ვინ წარმოიდგენდა 11-12 აშშ დოლარის ღირებულების მქონე პროექტის ბოლო ფაზაში ჩაშლას; განსაკუთრებით იმ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნათა და საჩივართა გათვალისწინებით, რომლებსაც ვაშინგტონი პროექტის ინვესტორებისგან მიიღებდა. არანაკლებ მძიმე იქნებოდა პროექტის შეჩერების პოლიტიკური ფასი. იმ დროს, როცა შეერთებული შტატები რუსეთის, ჩინეთის და სხვა გლობალური გამოწვევების ფონზე მოკავშირეების გაერთიანებას ცდილობდა გაზსადენის გაუქმება ყველაზე არახელსაყრელ მომენტში წარმოქმნიდა უთანხმოებისა და დაპირისპირების ახალ კერას. ამერიკის 46-ე პრეზიდენტის მოკავშირეებისადმი მიდგმის გათვალისწინებით ერთადერთი, რაც გერმანიას უნდა ექნა, მოცდა იყო. “ჩრდილოეთის ნაკადი 2” მის ხელში ხილის მწიფე ნაყოფივით ჩავარდა.
რატომ? იმიტომ, რომ როცა ძლიერი მეტოქეები გლობალური ჰეგემონის სავარძლიდან შენ აგდებას განსაკუთრებული მონდომებით ცდილობენ, მეგობრები გჭირდება. ასე რომ, ამერიკამ ევროპას უნდა დავუყვავოს, რომელიც მის მხარეს ხუთას მილიონ ადამიანს მატებს, იმდენივე ჯარისკაცი ყავს, რამდენიც ამერიკას და მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ევროპას მოტარებული პრაგმატული მზერა ცხადყოფს გერმანიის ადვილად შესამჩნევ ცენტრალურ მნიშვნელობას კონტინენტზე ძალთა გადანაწილებაში. ბრიტანეთი კონტინენტს სანახევროდ ჩამოშორდა, საფრანგეთი კი გუნდის იმ რიგით წევრს ჰგავს, რომელიც მწვრთნელად ყოფნას ამჯობინებდა. რჩება გერმანია, ევროკავშირის N1 ეკონომიკა, მდიდარი, კარგად მართული და, ამავე დროს, შვარცვალდის გუგულის საათივით აწყობილი ქვეყანა.
პრეზიდენტ ბაიდენის ევროპული ალიანსის პროექტის სწრაფი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი გერმანული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი სიდინჯისა და პასიურობის ნარევია. მაგრამ დრო ბაიდენის მხარეს იყო. თითქმის ყველა ევროპელი, იბერიის ნახევარკუნძულიდან რაიხის დემოკრატი მემკვიდრეების ჩათვლით უბედნიერესი იყო, როდესაც დონალდ („გადაიხადეთ, თორემ ჩვენ გავდივართ“) ტრამპი ამერიკელმა ხალხმა მარ-ა-ლაგოში გაისტუმრა. განსაკუთრებულად გახარებული იყო ანგელა მერკელი, რომელიც მისი თექვსმეტწლიანი მმართველობის მანძილზე ამერიკის უკვე მეოთხე პრეზიდენტს ხვდებოდა.
ერთია რომ, ეროვნული ინტერესები ისე სწრაფად არ იცვლება, როგორც თეთრი სახლის მობინადრენი. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ საკითხებს შორის, რომლებზეც ბერლინსა და ვაშინგტონს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. უკვე ორმოცდაათ წელიწადზე მეტი იყო, რაც რუსეთ-გერმანიის ენერგეტიკული მოკავშირეობა ამ უკანასკნელის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას ლაქად აჩნდა. ეს პროცესი სამოცდაათიან წლებში დადებული დიდი შეთანხმებით დაიწყო. მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში დადებული ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად გერმანული მილებისა და დანადგარების სანაცვლოდ საბჭოთა კავშირი ამ უკანასკნელს ბუნებრივი აირით მოამარაგებდა.
ვაშინგტონი ყოველთვის ცდილობდა საკუთარი დამოკიდებულების თუნდაც ირიბად მინიშნებას, მაგრამ ბონს უფრო დიდ გეოპოლიტიკური ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი. ახალი Oსტპოლიტიკ-ის ინიცირებით, რომელიც დაუნდობელ იმპერიასთან ურთიერთობების გამოსწორებას ისახავდა მიზნად, დასავლეთ გერმანიამ დაბალანსების კლასიკური სტრატეგია აამოქმედა, რომელიც სამ ძირითად კანონს ეფუძნებოდა: „მოისყიდე კრემლი მისთვის უკიდურესად აუცილებელი რესურსებით“, „უზრუნველყავი ენერგო უსაფრთხოება“ და „შეწყვიტე რუსების გაღიზიანება“. გეოსტრატეგიული ლოგიკა სოლიდურად გამოიყურებოდა. ამერიკის შეერთებული შტატები სადღაც შორს იყო, მაშინ როცა საბჭოთა კავშირი კარს იყო მომდგარი. ამასთანავე, მის ხელში იყო საბჭოთა სატრაპიად ქცეული გერმანიის მეორე ნაწილის გასაღები. შესაბამისად, კანცლერმა ჰელმუტ შმიდტმა ჯიმი კარტერსა და რონალდ რეიგანს მოუწოდა, ლეონიდ ბრეჟნევის შევიწროება სადმე სხვაგან ეცადათ. ანალოგიურად მოიქცა გერმანელ პოლოიტიკოსთა შემდეგი თაობის წარმომადგენელი ანგელა მერკელი, როცა საქმე “ჩრდილოეთ ნაკადის 2”-ის განხორციელებას შეეხო.
გერმანიის “დიდი სტრატეგიის” ზოგადი პრინციპის უკეთესად გასაგებად, დროში ოდნავ წინ გადავინაცვლოთ. ერთი მხრივ, თავშესაფარი ამერიკის ბირთვული ქოლგის ქვეშ; ხოლო მეორე მხრივ, “ძია სემზე” დამოკიდებულების შესამცირებლად, რუსებთან კარგი ურთიერთობის ძიება. წარმოიდგინეთ ასეთი საინტერესო ამბავი: 2005 წელს, ანგელა მერკელის კანცლერის კაბინეტში გადასვლასთან დაკავშირებული ფოტოსესიის ერთ-ერთ სურათში მის სამუშაო მაგიდაზე მოთავსებული რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე II-ს, პორტრეტი გამოჩნდა. ამ დეტალს რამდენიმე ახსნა შეიძლებოდა ჰქონოდა: შესაძლოა ეკატერინე II მერკელისთვის მისაბაძი ადამიანი, ძლიერი ქალის სახე ყოფილიყო; შესაძლოა ეს ეკატერინე ფონ ანჰალტ-ზერბსტის გერმანული ფესვების გამო ხდებოდა. მოდით, ნაკლებად სენტიმენტალური არგუმენტაცია განვიხილოთ. დიახ, “პრუსია-გერმანია” და რუსეთი ერთმანეთის ისტორიული მტრები იყვნენ, მაგრამ ამ ტრადიციული დამოკიდებულების შესუსტებისკენ მრავალი ნაბიჯი იყო გადადგმული, მათ შორის, თავად ბისმარკის მიერ, რომლის პოლიტიკური ანდერძის თანახმად “სანკტ-პეტერბურგთან სატელეგრაფო კავშირი” არასდროს უნდა გაწყვეტილიყო.
აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი გეოგრაფიაა და ეს მიუხედავად იმისა თუ როგორ ცვლის თანამედროვე სამყარო დროისა და სივრცის მნიშვნელობას. გერმანული სტრატეგიის მიხედვით: დარჩი მოლაპარაკებების მაგიდასთან, მინიმალური რისკის ფასად გააგრძელე ფლირტი, თუ ეს შეგიძლია, მაგრამ არავინ გააღიზიანო, მათ შორის არც “მეფე ვლადიმერი”. სწორედ ამიტომაა, რომ ემანუელ მაკრონისგან განსხვავებით, მერკელი არასდროს აჰყოლია “დიდი პოლიტიკის” ცდუნებას. “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის საკითხზე მან ტრამპიც და ბაიდენიც თანმიმდევრული, მტკიცე, მაგრამ მშვიდი ტაქტიკით დაამარცხა. დათმობით გამარჯვება დიპლომატიური ხელოვნების მწვერვალია.
დასავლეთ გერმანიის კანცლერმა შმიდტმა რეიგანსა და კარტერს სთხოვა ბრეჟნევი სადმე სხვაგან გაესრისათ. რამდენიმე თაობის შემდეგ ანალოგიური თხოვნით მიმართა მოკავშირეებს ანგელა მერკელმა.
მერკელის ჩანაფიქრი ტრამპის შფოთიანი პერიოდით დატოვებული შთაბეჭდილებით სარგებლობა და ჯო ბაიდენისთვის მოკავშირეებთან გართულებული ურთიერთობის მისთვის სასურველი გზით “ნორმალიზაციის” შესაძლებლობის მიცემა იყო, რის სანაცვლოდაც გერმანიის კანცლერმა მისთვის მნიშვნელოვანი დათმობები მოიპოვა.
ბერლინის მიერ გაწეული კომპრომისის ფასი მისთვის მისაღებიდან უმნიშვნელომდე მერყეობს, მაშინ როდესაც ვაშინგტონისგან მოპოვებული დათმობები თითქმის მთლიანად ანაზღაურებს ყველაფერს, რაც ტრამპის პერიოდის “ხელჩართულ” შერკინებაში გერმანიამ დათმო. ამ უკიდურესად ჯიუტ და შეუპოვარ დიპლომატიას სახელი აქვს: ანგელა. გამოცდილმა კანცლერმა ახლად არჩეულ ბაიდენს მსუბუქი ირონიით მიანიშნა, რომ “ყოველთვის შესაძლებელია კარგ მეგობრებს განსხვავებული აზრი ჰქონოდათ”.
ახლა რაც შეეხება მიღებულ აქტივებს. გერმანია ინარჩუნებს “ჩრდილოეთის ნაკად 2”-ს, რომლის ამოქმედების შემთხვევაში რუსული გაზის ყველაზე დიდი მომხმარებელი ევროპაში მისი მთავარი განმანაწილებელი ხდება. რუსეთიდან ევროპაში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის 60% რაინსა და ოდერს შორის მოიყრის თავს. ეს გერმანიისთვის სასარგებლოა როგორც სატრანზიტო შემოსავლის, ისე კრემლის გეგმებში უსაფრთხო ადგილის მოსაპოვებლად.
ვეტოს საშუალებას კარგავენ ეს მოუსვენარი უკრაინელებიც, რომლებმაც რამდენჯერმე გადაკეტეს რუსეთიდან მათ ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენები. ანალოგიურად თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან გამაღიზიანებელი პოლონელები, სლოვაკები თუ ჩეხები. აღარაფერი რომ არ ვთქვათ ჰაბსბურგთა ავსტრიელ შთამომავლებზე, რომლებსაც ასევე ეთქმოდათ სიტყვა მათ ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის მონაკვეთის წყალობით.
სტრატეგიულ დონეზე, მერკელის გაზსადენს იგივე დატვირთვა აქვს, რაც ბისმარკის ტელეგრაფს ჰქონდა. არ გადაჭრათ ეს ხაზები, შეინარჩუნეთ გერმანია “რუსეთის მეფის” მტერთა სიის მიღმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პუტინი სტრატეგიულ კონტრშეტევაზეა გადმოსული აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მიმართულებით, ხოლო ევროპას კვლავაც არ გააჩნია საკუთარი თავის დაცვის უნარი.
მაგრამ, რა აიძულებს პუტინს წესიერად მოიქცეს? ისტორიული გამოცდილება მიუთითებს, რომ მის სიტყვას ფასი არ აქვს. რატომ შეასრულებს ის დადებულ პირობას თუ ხელთ ყველა საჭირო ბერკეტი უპყრია? შეთანხმების თანახმად, რუსეთმა უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტი კიდევ 10 წლის განმავლობაში უნდა გააგრძელოს. დღევანდელი მდგომარეობით უკრაინის სატრანზიტო შემოსავალი ყოველწლიურ 3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5%-ია. გერმანიამ იკისრა ვალდებულება კანონის ძალით შეეწინააღმდეგოს მოსკოვის მიერ დადებული პირობების დარღვევას. გათვალსიწინებულია ევროკავშირის მეირ ეკონომიკური სანქციების დაწესების შესაძლებლობა. ამავე დროს, პუტინის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით დადებული და გატეხილი დაპირებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით ბუნებრივი იყო პრეზიდენტ ბაიდენის სურვილი პუტინის პატიოსან სიტყვაზე მნიშვნელოვანი გარანტიები ყოფილიყო გათვალისწინებული, მათ შორის, “გამთიშველი”, რომლის ამოქმედებით მყისიერად შეწყდება რუსული გაზის ექსპორტი დასავლეთში თუ მოსკოვი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვას გააგრძელებს. ასეთი ავტომატური მექანიზმი ნამდვილად შეასრულებდა პუტინის აგრესიული ქმედების შემაკავებელი ფაქტორის როლს.
“ნეინ”, განახადეს მერკელის ზრახვების გამმხმოვანებლებმა. ისინი ჯიუტად იმეორებდნენ, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მფლობელი კომპანია ნეიტრალურ შვეიცარიაში იყო რეგისტრირებული. აბა როგორ შეიძლებოდა შვეიცარელი მეგობრების დასჯის განხილვაც კი? ასე რომ, მშვიდად იყავით ბატონო პუტინ, ბერლინი თქვენს გვერდზეა. ამის ნაცვლად ბერლინმა უკრაინის “მოთაფლვის” ხაზი განავითარა. გერმანია მიანიშნებდა, რომ დიდსულოვანი ჟესტის გაკეთებისთვის მზად იყო, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის უკრაინა ევროპულ ენერგოქსელში უნდა ჩართულიყო და გერმანია მზად იყო ხელი შეეწყო ამ გეგმის განხორციელებისთვის. ამას გარდა, ბერლინმა უკრაინის ენერგოსექტორის “ეკოლოგიური მოდერნიზაცისთვის” 150 მილიონი ევრო გამოყო. რეალობა კი ის არის, რომ ამ დაპირებების გაცემა მათ შესრულებაზე გაცილებით მარტივი და იოლია. რატომ აიტკივებს აუტკივარ თავს გერმანია რუსეთის გაღიზიანებით? ისინი ხომ ამ კონფიგურაციაში თანამოაზრეები არიან.
ნებისმიერი ქვეყანა ყველაფერზე წინ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს (რაისონს დ’ეტატ). შესაბამისსად, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ უკრაინისთვის თავის გაწირვას არავინ ჩქარობს. ეს ყველაფერი პუტინსაც კარგად ესმის. როგორც თუკიდიდე ქადაგებდა სხვა ათასწლეულში, ძლიერნი აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, სუსტები კი იმას, რაც მოეთხოვებათ. ჩვენი ამბების დედააზრიც ამ პრინციპში მდგომარეობს. დიდი სახელმწიფოები განაგებენ, პატარები კი შედეგებს იმკიან. ბერლინი ვაშინგტონს იგერიებს და ქულებს იწერს მოსკოვში, ბაიდენი გაბუტულ გერმანელ მოკავშირეს ურიგდება, პუტინმა კი მისი ექსპანსიონისტური ამბიციების დასაკმაყოფილებლად დამატებითი მილიარდები იშოვა. გასულ თვეებს მათთვის ურიგოდ არ ჩაუვლია, რასაც ვერ ვიტყვით უკრაინაზე ან პოლონეთზე, რომლებიც კრემლის აგრესიული გეგმების ახალ (ძველ) სამიზნეებად იქცნენ.
ჯო ბაიდენს “ნორდ სტრიმის” მაგიდასთან ცუდი კარტი ეჭირა, თამაშიდან გამოსვლა მისი გააზრებული არჩევანი იყო.
ქვეყნების შორის თამაშებს გაცილებით დიდი მორალური შედეგები მოსდევს. პრეზიდენტ ბაიდენის საბოლოო მიზანი ევროპის ქვეყნების რუსეთსა და ჩინეთთან კონფრონტაციის გამძაფრებამდე გადმობირებაა. ამ მოცემულობაში ლოგიკური იყო ვაშIნგტონის მხრიდან ევროკავშირის ეკონომიკური ლოკომოტივთან დათმობაზე წასვლა. ეს საჭადრაკო გამბიტს ჰგავს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროპული ქვეყნების ვაშინგტონის გარშემო დარაზმვის მოლოდინი გულუბრყვილობა იქნება. სურვილის გარდა მათ ამის არც შესაძლებლობა აქვთ. გარდა იმისა, რომ 27 ქვეყანა გლობალურ ასპარეზზე ერთი სტრატეგიული მოთამაშე არ არის, ბევრ მათგანს არც ჩინეთისა და რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის შემაკავებელ ალიანსში სურს იყოს ჩათრეული. ძნელის ისეთი ევროპული ქვეყნის პოვნა, რომელიც ასეთ ალიანსში მონაწილეობისთვის ასეთი მაღალი სტრატეგიული (გადაიარაღება) და ეკონომიკური ფასის (ჩინეთთან ვაჭრობა) გადახდისთვის იქნება მზად.
მაგრამ, მოდით მადლიერნი ვიყოთ იმ მცირედისთვისაც, რაც დადებით დინამიკას ინარჩუნებს. მათ შორისაა გაუმჯობესებული ტრანსლატლანტიკური პოლიტიკური გარემო. როგორც ფრანგები ამბობენ, მუსიკას ტონალობა განსაზღვრავს. ტრამპის დაძაბული პერიოდის შემდეგ, ახლა ერთმანეთის მოსმენა უფრო ადვილია. მართალია ნელა, მაგრამ შეუქცევადად, მუსიკა ბატონი სი ძინპინისა და პუტინის საწინააღმდეგო რიტმში გადადის. ასე იცვლება განწყობა გერმანიაშიც კი, რომლის დიპლომატიის განმსაზღვრელი პრინციპი “ჩემი იმედი ნუ გექნებათ” იყო.
საბოლოო ჯამში, ურთიერთმაამებლური საგარეო პოლიტიკა სტრატეგიულ საძმოს მაინც ვერ ქმნის. მერკელის მიმართ გაკეთებული დათმობისთვის ბაიდენი სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებს. სახელმწიფოები ასე სწორხაზოვნად არ იქცევიან. ისინი მოგებულის ჩაჯიბებისთანავე მაგიდას იცვლიან და პოკერის ახალ პარტიას უკვე სხვა მოთამაშეებთან ერთად იწყებენ. მოდით, ზედმეტიც ნუ მოგვივა. ჯო ბაიდენს “ნორდ სტრიმის” მაგიდასთან ცუდი კარტი ეჭირა, თამაშიდან გამოსვლა მისი გააზრებული არჩევანი იყო. რა აზრი ჰქონდა ფულის იმ თამაშში დახარჯვას, რომელიც მაინც წაგებული იყო.
მოკავშირეებისთვის ანგარიშის გაწევაში სათაკილო არაფერია. სხვა საქმეა ვლადიმირ პუტინისთვის “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის სრულიად დამუსახურებელი საჩუქრის მირთმევა. ეს მის მადას აღძრავს და მის ოპორტუნიზმს აღვიძებს. პეკინში სი ძინპინისთვის ახალი ანალიტიკური მოხსენებები დაიწერება: ასე გაიმარჯვა პუტინმა ბაიდენზე. შემდეგ ჯერზე, დაურეკეთ გერმანელებს.
ამ საქმის მოკვარახჭინებაში ყველაზე დიდი დამსახურება გადამდგარ კანცლერს ეკუთვნის. “ჩრიდლოეთის ნაკადი 2”-ის შემთხვევას მსოფლიოს ყველა დიპლომატიურ აკადემიაში უნდა ასწავლიდნენ. არც მუქარა, არც ტრაბახი. მაგრამ გულისყურით დაკვირვება დეტალებზე და ჯიუ-ჯიცუს სრულყოფილი ფლობა. ნუ განსჯი მოწინააღმდეგეს მხოლოდ მისი კუნთების ზომით. იპოვე მისი თავდაცვის სუსტი წერტილები, გაარღვიე ისინი და მისი წონა წონასწორობის დაკარგვის ბერკეტად აქციე.
არასდროს იტრაბახო. “ვინ, მეე?”, და ჩუმათ შეინახე ფული. ასე არც ამერიკა იქცევა და არც გერმანია იქცეოდა გუშინ, როცა კაიზერებისა და ფიურერების პრობლემების გადაწყვეტის საყვარელი მეთოდი ძალის გამოყენება იყო. მერკელმა საკუთარი და განსაკუთრებული გზა აირჩია. სწორედ ამიტომ შეინარჩუნა მან ძალაუფლება თექვსმეტი წლის განამვლობაში.
იოზეფ იოფე “ამერიკული მიზნის” და “დი ცაიტის” სარედაქციო საბჭოების წევრი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტის და ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო ურთიერთოებების სკოლის პროფესორია.