რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რაც უკრაინაში ხდება?
რუსეთი აგრძელებს უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ზრდას. მოსკოვს არც შეერთებული შტატების მისამართით საჯაროდ გამოთქმულ მუქარაზე უთქვამს უარი: კრემლი აცხადებს, რომ ვაშინგტონისა და ნატო-ს მიერ კრემლის წამოყენებული პირობების შეუსრულებლობას მოსკოვის მხრიდან პირდაპირ მოქმედებაზე გადასვლა მოჰყვება. ბაიდენის ადმინისტრაცია პრეზიდენტ პუტინთან და რუსულ მხარესთან ჩართულია როგორც ორმხრივ მოლაპარაკებაში, ისე მრავალმხრივ ფორმატში, ნატო და ეუთოსთან ერთად. ამ ეტაპზე ვაშინგტონს პოზიცია არ შეუცვლია: უარი ეთქვა რუსეთის მოთხოვნას ნატო-ს გაფართოების შეჩერებაზე, გრძელდება კიევის შეიარაღებით მომარაგება, მზად არის ეკონომიკური და ფინანსური სანქციების სია (მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება), რომლებიც რუსეთს უკრაინაზე ხელახალი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში დაეკისრება. შეიარაღებული კონფლიქტის განახლების საფრთხის წინაშე მეტად პასიურები აღმოჩნდნენ ევროპელები, განსაკუთრებით კი გერმანელები. ბზარები გაუჩნდა გერმანელ სოციალ-დემოკრატებისა და „მწვანეების“ ახლადშექმნილ სამთავრობო კოალიციას.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისგან განსხვავებით რუსეთის მიმართ გაცილებით ხისტი და მკაფიო პოზიცია დაიკავა „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა. დასავლეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, მათ მიერ შექმნილი კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელი კომპრომისებისთვის მზაობის ნიშანი არც კრემლის მხრიდან შეინიშნება.
ახლა, როცა რუსეთის სამხედრო აგრესიის გამეორების საფრთხე ასეთი რეალურია, არ იქნება ურიგო იმის შეხსენება, თუ რატომ აქვს უკრაინის სუვერენიტეტსა და ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადარჩენას დიდი მნიშვნელობა სხვა ლიბერალური დემოკრატიებისთვის.
გასული შვიდი წლის განმავლობაში უკრაინას ჩემი დროის დიდი ნაწილი დავუთმე. სტენფორდის უნივერსიტეტის „დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრის“ საზაფხულო პროგრამაში მონაწილე უკრაინელთა სია შთამბეჭდავად გრძელია. ბევრი მათგანი, მათ შორის მუსტაფა ნაიემი, სვიტლანა ზალიშჩუკი, სერჰიი ლეშჩენკო, აქტიურ როლს თამაშობდა 2013-2014 წლების „ღირსების რევოლუციაში“ და შემდგომ წლებში უკრაინაში გატარებულ რეფორმებში (გარდა ამისა, ლეშჩენკომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინაში რუდი ჯულიანის საეჭვო საქმეების გამოაშკარავებაში). „კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის“ და უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით უკრაინის სხვადასხვა ქალაქში გავმართეთ „ლიდერთა განვითარების აკადემიის“ სასწავლო კურსები. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენს პროგრამაში მონაწილეობა 150-მა უკრაინელმა მიიღო. ხუთი წლის წინ საფუძველი ჩავუყარეთ „ახალი თაობის უკრაინელი ლიდერების პროგრამას“, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სპეციალობის მქონე სამ უკრაინელ მონაწილეს სტენფორდის უნივერსიტეტში აკადემიურ წლის გატარების შესაძლებლობას ვაძლევთ.
არის ერთი ფუნდამენტური მიზეზი, რომლის გამოც შეერთებული შტატები და მსოფლიოს სხვა დემოკრატიები უკრაინას გვერდზე უნდა დაუდგნენ პუტინის რუსეთთან მიმდინარე ბრძოლაში: უკრაინა ბევრი სირთულის მქონე, მაგრამ ნამდვილი ლიბერალური დემოკრატიაა. რუსეთისგან განსხვავებით უკრაინაში ხალხი თავისუფალია: მათ შეუძლიათ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და მათი ორგანიზება, ხელისუფლების კრიტიკა და რაც მთავარია, არჩევნების გზით მათი ნების გამოხატვა. 2017 წელს უკრაინელებმა პრეზიდენტად პოლიტიკისთვის უცხო ადამიანი აირჩიეს, მის პარტიას კი საპარლამენტო უმრავლესობა ანდეს. უკრაინის უახლესი ისტორიის მანძილზე უკვე ორჯერ, 2004 წელს „ნარინჯისფერი რევოლუციისას“ და 2014 წელს „ღირსების რევოლუციის“ დროს, უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებამ მასობრივი საპროტესტო აქციებით უპასუხა კორუმპირებული მთავრობების მიერ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ წასვლას.
სწორედ ეს არის ის ნამდვილი მიზეზი, რომლის გამოც ვლადიმირ პუტინი უკრაინის დაპყრობას ცდილობს. როგორც მან 2021 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში მიუთითა, ის უკრაინას „დიდი რუსეთის“ შემადგენელ ნაწილად ხედავს, მაგრამ ძირეულ პრობლემას მისთვის უკრაინული დემოკრატია წარმოადგენს. ის დარწმუნებულია, რომ სლავური ხალხების კულტურასთან ყველაზე ახლოს ავტორიტარული მმართველობის ფორმა დგას. „მოძმე“ სლავი ხალხის მიერ დემოკრატიული გარდაქმნის წარმატებით დაგვირგვინება აზრს უკარგავს იმ არგუმენტებს, რომლითაც ის მისი მმართველობის ლეგიტიმაციას ახდენს. უკრაინა მოსკოვს ნულოვან სამხედრო საფრთხეს უქმნის, მაგრამ, ამავე დროს, წარმოადგენს საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოწყობის მოდელს, რომელიც პუტინის ლეგიტიმაციას უთხრის ძირს.
დღეს უკრაინულ დემოკრატიას უამრავი ნაკლი აქვს. უკრაინული ეკონომიკისა და პოლიტიკის დიდი ნაწილი რამდენიმე ოლიგარქის გავლენის ქვეშაა. მათ ხელშია საკვანძო სამრეწველო ინფრასტრუქტურის, მედია კომპანიებისა და ტელევიზიების, ფინანსური ინსტიტუტების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს რესურსები ოლიგარქებს პარლამენტის წევრების და სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვის, პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების საშუალებას აძლევს. კორუფცია უკრაინის სასამართლო და პოლიტიკური სისტემის ენდემური მახასიათებელია, რომელშიც უკრაინელ ბიუროკრატთა და პოლიტიკოსთა უმრავლესობაა სისტემურადაა ჩართული.
2014 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი ძალისხმევა იყო გაწეული რეფორმების გატარების კუთხით: მეტი ძალაუფლება გადაეცა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს; შეიქმნა ანტი-კორუფციული სააგენტო; მოდერნიზაცია შეეხო ცენტრალური ბანკსა და ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა ნაწილს. ამ და განახლებისკენ გადადგმულ სხვა ნაბიჯებს გააფთრებული წინააღმდეგობა ხვდებოდა იმ პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების მხრიდან, რომლებიც უკვე არსებული, კორუმპირებული სისტემიდან დაუსჯელად იღებდნენ სარგებელს. ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევის შემდეგ გაჩენილი იმედები მალევე გაცრუვდა. მისი თანაპარტიელების დიდი ნაწილი, რომლებიც ძველი პოლიტიკური კლასს არ მიეკუთვნებოდნენ, მანკიერმა სისტემამ შთანთქა. დრეს არსებული ეგზისტენციალური კრიზისის დროსაც კი, უკრაინის პრეზიდენტი აგრძელებს კამპანიას მისი წინამორბედის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გასამართლებისთვის.
ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, სრულიად ლეგიტიმურია კითხვა თუ რამდენადაა გამართლებული დროისა და ძალისხმევის დახარჯვა ასეთ სუსტ და ნაკლოვანებებით მდიდარ დემოკრატიაზე. პირადად მე ამ საკითხზე აზრი ჩამოყალიბებული მაქვს. ჩემი შეხედულება იმ ახალგაზრდა უკრაინელებმა ჩამოაყალიბეს, რომლებსაც წლების განმავლობაში ვხვდებოდი. ამ ქვეყნის ახალ თაობებს აღარ სურთ ძველი, კორუმპირებული სისტემის ნაწილად დარჩნენ. მათ სჯერათ ევროპული ფასეულობების, იზიარებენ მათ და მათ ქვეყენას, უკრაინას, მხოლოდ ევროპაში ხედავენ. ეს უკრაინელები ძალიან განათლებული და მოტივირებულები არიან. სწორედ ისინი ედგნენ სათავეში მაიდანის რევოლუციას, ისინი უპირისპირდებიან რუსეთის აგრესიას და ისინი იბრძვიან უკრაინის ევროპული მომავლისათვის. შორს არ არის ის დრო, როცა უკრაინაში ძალაუფლების ბერკეტები ამ თაობის ხელში იქნება. იმედი მაქვს, მათი მმართველობა მათ წინამორბედებზე უფრო დემოკრატიული იქნება.
დღეს უკრაინა დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის გლობალური გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფრონტისპირა ქვეყანაა. იმ ევროპელებმა, ვისთვისაც ლიბერალური დემოკრატია ძვირფასია, უნდა გაიაზრონ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ პასიურ მაყურებლად დარჩენის ფუფუნება მათ დღეს არ გააჩნიათ. პუტინის ამბიციები უკრაინაზე ბევრად შორს მიმავალია. გასული კვირების განმავლობაში ის ღიად აცხადებდა, რომ მიერ 1991 წლის შემდეგ ევროპაში დაწყებული დემოკრატიული განვითარების შეჩერება და უკუსვლა სურდა. პუტინს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის სფეროს გავრცელება საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების გარდა, „ვარშავის პაქტის“ ქვეყნებზეც სურს. ევროპის ფარგლებს გარედან მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან ჩინელები. მათ წინაშე ტაივანის „დაბრუნების“ ამოცანა დგას და დასავლეთის კრიზისულ ვითარებაზე რეაგირება მათთვის შესაბამისი დასკვნების გაკეთების საფუძველი იქნება. სწორედ ამიტომ, უკრაინის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ყველასთვის, ვისთვისაც დემოკრატიის გლობალური გამარჯვებაა მნიშვნელოვანი.
ფრენსის ფუკუიამა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, „ამერიკული მიზნის“ დამფუძნებელი და სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარეა.