მირაჟები და ილუზიები
რატომ აფასებს ხშირად დასავლეთ რუსეთს მოსკოვისთვის სასურველი პერსპექტივიდან? „ამერიკული მიზნის“ სარედაქციო საბჭოს წევრი ლილია შევცოვა ამ და სხვა საკითხებზე „საგარეო პოლიტიკის გერმანული საბჭოს“ მკვლევარს და „ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ბიუროს ყოფილ უფროსს, შტეფან მაისტერს ესაუბრა.ლილია შევცოვა: რუსეთზე მცდარი წარმოდგენების წიგნის პირველი თავი ჩემთვის დასავლელი „სოვიეტოლოგების“ მიერ საბჭოთა კავშირის კვლევისა და შესწავლისას დაშვებული შეცდომების ანალიზით უნდა დაიწყოს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ საბჭოთა კავშირი კლდესავით მტკიცე ქვეყანა იყო, მაშინ, როცა „ბოროტების იმპერია“ უკვე ინგრეოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს და მათი მიდგომები და ანალიტიკური ჩარჩო პოსტ-საბჭოთა რუსეთს მიუსადაგეს.
შტეფან მაისტერი: მართალია, დასავლეთი არ იყო მზად საბჭოთა კავშირის დაშლისთვის. სისტემის ჩამოშლის დაწყებისას დასავლეთის ანალიტიკური წრეები და პოლიტიკოსები პარალიზებულები იყვნენ. პოსტ-საბჭოთა პოლიტიკის წარმმართველები ის ექსპერტები, ეკონომისტები და ანალიტიკოსების გახდნენ, რომლებსაც რუსეთზე ბუნდოვანი წარმოდგენა თუ ჰქონდათ.
ლ.შ.: საბჭოთა კავშირის შემსწავლელთა მიერ განცდილი ფიასკო ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. როგორც ჩანს, დასავლეთის ინტელექტუალური წრეებისთვის არსებობს აქსიომები, რომლებსაც ისინი ხელშეუხებელ ჭეშმარიტებად თვლიან. ასეთი “ჭეშმარიტებები“, როგორც წესი, სათაყვანებელი გურუების მიერ ყალიბდება და ანალიზში მათი გათვალისწინება უკვე მათში ეჭვის შეტანის გარეშე ხდება. ეს ხდება მაშინ, როცა ამ ანალიტიკოსთა ნაშრომებს პოლიტიკოსები გადაწყვეტილებების მიღებისას ითვალისწინებენ. ბრმა მიუძღვება ბრმას!
შ.მ.: დიახ, მიმაჩნია, რომ ამ საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა დასავლეთის საზოგადოებების მსოფლმხედველობას აქვს. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია განსხვავებული მსოფლიო წარმოვიდგინოთ. საბჭოთა კავშირის არსებობა დასავლეთს არსებობის აზრს აძლევდა და მის სტაბილურობას უზრუნველყოფდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ის საერთო მახასიათებლებიც გამოგვრჩა, რომლებიც საბჭოთა კავშირსა და პოსტ-საბჭოთა რუსეთს ამსგავსებდა ერთმანეთს.
ცალკე უნდა გამოყოფის ღირსია „გამარჯვების“ თეზისი. საბჭოთა კავშირთან არსებული მეტოქეობიდან გამარჯვებული დასავლეთი გამოდიოდა: ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა აღარ არსებობდა. მაგრამ საბჭოთა კავშირის ნგრევამ დასაბამი ახალ კრიზისს დაუდო. ეს ლიბერალური დემოკრატიის და ლიბერალური წესრიგის კრიზისის დასაწყისი იყო.
ლ.შ.: გარდა ამისა, რუსეთში გარდაქმნების პერიოდის დაწყებისთანავე, გარკვეული გულუბრყვილობა გამომჟღავნდა რუსეთის დემოკრატიულ წრეებშიც. დიდი ფიქრისა და ანალიზის გარეშე ჩვენ დასავლეთში პოპულარული „კომპარატივისტული“ არგუმენტები და პოლიტიკური ტრანზიციის თეორია მივიღეთ. რუს დემოკრატებსა და ლიბერალებს შორის გავრცელებული აზრის თანახმად, სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ ევროპის გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი თეორიების გამოყენება გამართლებული იქნებოდა რუსეთის შემთხვევაშიც.
შ.მ.: მიუხედავად რუსეთზე ზედაპირული წარმოდგენებისა, დასავლეთი მოხარული იყო რუსეთის მრჩევლის ფუნქცია მოერგო. ჩვენ ვხედავდით იმას, რის დანახვაც გვინდოდა: ეს ჩვენი სურვილების პროექცია იყო. რუსეთის ელიტები იღებდნენ დასავლეთის რჩევებს და ჩვენი მოლოდინების გასამართლებლად შესაბამის იმიტაციებს მიმართავდნენ. ამავე დროს, საბჭოთა მემკვიდრეობის კაპიტალისტურ სისტემაში მოხვედრით შეიქმნა უნიკალური პოლიტიკური ლანდშაფტი.
ლ.შ.: ეს სინამდვილისა და სიყალბის შერევის უცნაური პროცესი იყო, რომლის შედეგი ძველი სტერეოტიპებისა და ტრადიციების ახალ შეფუთვაში მიღება იყო. ანალიტიკური გაუგებრობისა და დაბნეულობის დროს, ადამიანი მზად არის ხელში მოხვედრილ ნებისმიერ სამაშველო რგოლს ჩაეჭიდოს.
შ.მ.: 1990-იან წლებში დასავლეთის პოლიტიკური წრეებში მყარდება რწმენა, რომ დემოკატიის ექსპანსიას ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა. ამერიკელ პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად იყენებდნენ ისეთ ტერმინებს როგორიც „მსოფლიო დემოკრატიული რევოლუციაა“. „ტრანზიტოლოგია“ ახალ ბიბლიად იქცა. რუსეთი ამ გლობალური ტრანსფორმაციის ნაწილად განიხილებოდა. თუმცა ყალიბი რეალობას ვერასდროს მოერგო: ლოკალური და რეგიონული წინაპირობები არსად ჩანდა. რუსეთის ისტორიულ მემკვიდრეობას და პოლიტიკურ კულტურას ყურადღებას არავინ აქცევდა.
ლ.შ.: მიუხედავად ამისა, რუსეთის ელიტებმა ყველაფერი იღონეს არა მარტო ძალაუფლების, არამედ საკუთრების ხელში ჩაგდებისა და შენარჩუნებისთვის. საბჭოთა ნომენკლატურიდან ამოზრდილმა ახალმა მმართველებმა განსაკუთრებული სიმარჯვე გამოიჩინეს საბჭოთა სახელმწიფოს დასავლური პრინციპებით შენიღბული პიროვნული ძალაუფლების სისტემით ჩანაცვლებაში. დასავლეთს ეგონა, რომ ის დემოკრატიის დამკვიდრებისთვის წამოწყებულ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობდა, როცა სინამდვილეში ის კლეპტოკრატიის მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას.
შ.მ.: დასავლეთის საუკეთესო მოაზროვნეები ფიქრობდნენ, რომ რუსეთი თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზას ადგებოდა. ჩვენ არ გვქონდა ტერმინოლოგია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლასა და ტრანზიციის პერიოდს აღწერდა და ახსნიდა. სწორი სიტყვების გარეშე ამა თუ იმ ფენომენის გაგება შეუძლებელია, მის ახსნაზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს პრობლემა დასავლეთს დღესაც გვაქვს და იმ მანიპულაციისა თუ თვით-მანიპულაციის ნაწილად იქცა, რომელსაც ასე ხშირად ვაწყდებით რუსეთის პოლიტიკის ანალიზისას.
ლ.შ.: აღვნიშნავ, რომ რუსეთის ექსპერტებს საკუთარ ცოდვებზეც მოგვიწევს პასუხის გაცემა. ჩვენ დასავლეთის რჩევებს თითქმის დაუფიქრებლად გავყევით. ჩვენ გვჯეროდა ხუან ლინცი უმცროსის სიტყვების, როცა ის ამბობდა, რომ გარდამავალი პერიოდში რუსეთის წინაშე არსებული სიძნელეების დაძლევის ერთ-ერთი გზა „პოლიტიკური ინიციატივის ხელში აღება და პოლიტიკური მანიპულაციები“ იქნებოდა. ამ მიდგომის შედეგად რუსეთში ერთპიროვნული მმართველობა მივიღეთ, მაგრამ აზრად არავის მოსვლია ამის გამო საყვედური ბრწყინვალე ლინცისთვის ეთქვა. ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება რუსეთის მოქალაქეების მიერ დემოკრატიული სისტემის შექმნის „უუნარობას“ დაბრალდა.
შ.მ.: დასავლეთში გვინდოდა, რომ ელცინი დემოკრატი ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ რათა მას არჩევნებში გაემარჯვა, თუნდაც ეს გაყალბების ხარჯზე მომხდარიყო. ხელი შევუწყვეთ პოლიტიკის ცინიკური ხედვის ჩამოყალიბებას რუსეთში, ვაჩვენეთ, რომ პოლიტიკური გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ფულითა და პოლიტ-ტექნოლოგიებით იყო შესაძლებელი. უბრალოდ, მერე ვეღარ შევამჩნიეთ, რომ თამაშის ეს წესები თავად რუსებმაც ისწავლეს.
ლ.შ.: დასავლეთმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის საჭირო ფინანსური დამხარება გაუწია. რამდენად შეასრულა რუსეთმა ამ დახმარების მიღებასთან დაკავშირებული წინაპირობები? ბორის ფიოდოროვმა, რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, აღიარა, რომ ისინი „მსოფლიოს სავალუტო ფონდის“ რეკომენდაციებს ასრულებდნენ, როცა „ეს მათ აწყობდათ“.
შ.მ.: 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დასავლელმა ლიდერებმა ელცინს უპირობო მხარდაჭერა შესთავაზეს. 1996 წლის „დიდი შვიდეულის“ სამიტი საგანგებოდ მოსკოვში გაიმართა, ეს ელცინის მხარდაჭერისთვის გაკეთდა. იმავე წელს „მსოფლიო სავალუტო ფონდმა“ რუსეთს 10.2 მილიარდი აშშ დოლარის კრედიტი მიანიჭა.
ლ.შ.: რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ კასიანოვმა, განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი და გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი, ელცინის საარჩევნო კამპანიას ფარულ ფინანსურ დახმარებას უწევდნენ. ამ დახმარების პირობებზე მოსალაპარაკებლად თავად კასიანოვი იყო ჩასული ბერლინსა და პარიზში. 1996 წლის არჩევნების წინ კრემლმა ბერლინისგან 3.5 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო პარიზიდან 1.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. დასავლეთისთვის ასეთი მხარდაჭერის მიზეზი მარტივი იყო: ძალაუფლება კომუნისტების ხელში არ უნდა დაბრუნებულიყო.
შ.მ.: ელცინის მმართველობის წლებში ევროპა რუსეთის მიმართ „დაახლოების“ პოლიტიკას მაქსიმალურად აქტიურად აწარმოებდა. ევროკავშირმა რუსეთთან კოოპერაციისა და პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მაგრამ მოსკოვს არასდროს ჰქონია განზრახვა რუსული კანონმდებლობა და სახელმწიფო ინსტიტუტები ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მოეყვანა.
ლ.შ.: მიუხედავად ამისა, დასვლეთიდან რუსეთისკენ მიმავალი ფინანსური ნაკადები არ შემწყდარა. 1998 წელს „მსოფლიო ბანკმა“, „,მსოფლიო სავალუტო ფონდმა და იაპონიის მთავრობამ რუსეთს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი 22 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მისცეს. სესხის მიღების პირობა ეკონომიკური რეფორმების დაწყება უნდა ყოფილიყო. თანხის მოსკოვში გადარიცხვის შემდეგ მისი კვალი არავის უნახავს. რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშალა. განსაკუთრებით ირონიული ის ფაქტი იყო, რომ დასავლეთის დახმარებამ რუსული ეკონომიკის არაეფექტურ მოდელს სიცოცხლე გაუხანგრძლივა და რეფორმების გატარების სტიმული კი დაასუსტა.
შ.მ.: 1999 წელს „მსოფლიო სავალუტო ფონდმა“ შეწყვიტა რუსეთისთვის სესხების გაცემა. დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში მწიფდებოდა დასკვნა, რომ რუსეთი მოსალოდნელი და სასურველი მიმართულებით არ ვითარდებოდა.
ლ.შ.: მაგრამ ამ დროს უკვე შექმნილი იყო ფულის გათეთრების რუსულ-დასავლური მექანიზმი. ამ ფართომასშტაბიან კორუფციულ გარიგებებში ხშირად დასავლეთიდან რუსეთში საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის მოვლენილი ექსპერტები და კონსულტანტებიც მონაწილეობდნენ.
შ.მ.: ნამდვილად, „დრეზდნერ ბანკი“ და „დოიჩე ბანკი“ ფულის გათეთრების ამ სქემების ნაწილი იყვნენ, ამ ყველაფერში „შტაზის“ ყოფილი ოფიცრებიც მონაწილეობდნენ, რომელთა ფუნქცია რუსებსა და გერმანელებს შორის კონტაქტების გაადვილება იყო. გარდა ამისა, ისინი რუს ბიზნესმენებსა და კლეპტოკრატებს მათი ბიზნეს სტრუქტურების შექმნაში და მათი კაპიტალის დასავლეთის ფინანსურ სისტემაში განთავსებაში ეხმარებოდნენ.
ლ.შ.: დასავლეთის იმიტაციის ამ სპექტაკლში თავის როლს რუსი ლიბერალებიც ასრულებდნენ. თავად მათი არსებობის ფაქტი რუსეთის შესახებ არასწორი წარმოდგენების ჩამოყალიბების წყაროდ იქცა. დასავლეთისთვის საკმარისი იყო რუსეთის მთავრობაში ლიბერალების ხილვა, რათა დაეჯერებინა, რომ რუსეთის ტრანსფორმაციის გზას ადგა. ამ დროს ლიბერალები პერსონიფიცირებული სისტემის ერთ-ერთი რიგითი ელემენტი იყვნენ. ამ სისტემაში ისინი წარმატებით თანამშრომლობდნენ „ძალოვნებთან“ (უსაფრთხოების და საიდუმლო სამსახურების წარმომადგენლებთან).
შ.მ.: დასავლეთმა წარმოსახვით სამყაროში არსებობა ამჯობინა. ამ სამყაროში რუსეთი გმირის როლს თამაშობდა. გერმანიამ რუსეთის მოდერნიზაციისთვის პარტნიორობა შესთავაზა. კანცლერი შროდერი პუტინის კრიტიკოსისგან პუტინის გულშემატკივრად, შემდეგ კი მის მეგობრად გადაიქცა. 2001 წელს პუტინის მიერ ბუნდესტაგში წარმოთქმული, დასავლეთისადმი კეთილგანწყობით გამორჩეული სიტყვა გერმანელებს “იავნანასავით“ ჩაესმათ. ანალოგიურ რეაქციებს იწვევდა დასავლეთში დიმიტრი მედვედევის გამოსვლები.
ლ.შ.: ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო რუსეთის საკითხზე ჰენრი კისინჯერის მოსაზრებები იყო. ის მიესალმა მედვედევის პრეზიდენტობას და ამტკიცებდა, რომ მისი პრეზიდენტობა რუსეთის „კონსოლიდაციიდან მოდერნიზაციაზე გადასვლის“ მანიშნებელი იყო. საინტერესოა, რომ არავინ ისურვა აეხსნა „დიდი რეალისტისთვის“ თუ ვის ხელში იყო ნამდვილი ძალაუფლება რუსეთში.
რუსეთის წუხილი
შ.მ.: რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობების შესახებ არსებული მითოლოგიის დიდი ნაწილი რუსეთშია შექმნილი. დასავლეთში, როგორ წესი, ამ მითებს დაუფიქრებლად იმეორებენ. ამ მითოლოგიის ერთ-ერთი მიზანი რუსეთისთვის „ზესახელმწიფოს“ სტატუსის შენარჩუნებაა, რაც არა მოსკოვის წარმატებების წყალობით, არამედ წყენისა და უკმაყოფილების გაძლიერების გამო უნდა მოხდეს. რუსეთის „დამცირებულის სინდრომის“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოხატულება ალბათ პირველ მსოფლიო ომზე და მოკავშირეების მიერ გერმანიისთვის დაწესებული სანქციებით გამოწვეულ შედეგებზე მუდმივი აპელირებაა.
ლ.შ.: ნამდვილად ასეა, რუსეთს „ვაიმარის სინდრომი“ აწუხებს. რუსეთის “დამცირების“ მანტრას საკვანძო ელემენტები უცვლელია: დასავლეთი რუსეთს ყოველთვის „ზემოდან უყურებდა“ და უარს აცხადებს მის მიერ “დამსახურებული“ ადგილის დათმობას საერთაშორისო ასპარეზზე. რას ნიშნავს ეს “დამსახურებული როლი“ არავინ იცის. აძლევს თუ არა ეს როლი მას საერთაშორისო პოლიტიკის წესების საკუთარი შეხედულებისამებრ დარღვევის უფლებას?
შ.მ.: კრემლის გზამკვლევში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თეზისია: „რუსეთის საგარეო პოლიტიკის საკვანძო ელემენტი რუსეთისთვის სრული სუვერენიტეტის უზრუნველყოფა იყო და არის.“ აქაც გაურკვეველია, თუ ვინ უქმნის საფრთხეს ან უზღუდავს რუსეთს მის სუვერენიტეტს?
ლ.შ.: სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა: კრემლი თავად უთხრის ძირს რუსეთის სუვერენიტეტს არასწორი ეკონომიკური მოდელის არჩევით. რაც უფრო მყარად იმკვიდრებს რუსეთი თავს ბუნებრივი რესურსების ექსპორტიორის როლში, მით უფრო დამოკიდებული ხდება ის განვითარებულ ქვეყნებზე, რომლებსაც ნავთობსა და ბუნებრივ გაზს აწვდის. გარდა ამისა, პუტინის რეჟიმის მიერ სუვერენიტეტის მიმართ არსებულ საფრთხეებზე მუდმივი აპელირება ხელს უშლის კრემლის მიერ დასახული მიზნის, რუსეთისთვის „ზესახელმწიფოს“ სტატუსის დაბრუნების მიღწევას. კრემლის ლოგიკა წინააღმდეგობრივია: „ზესახელმწიფოები“ მათ სისუსტეებზე არ წუწუნებენ!
„დამცირების ნარატივის“ სხვადასხვა ვარიაციებს შორის დასავლელ მემარცხენეთა შორის განსაკუთრებულ გამოხმაურებას პოულობს რუსეთის მოთხოვნა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე მათი შეერთებულმა შტატების თანასწორ ძალად აღიარებას ეხება. რუსეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული ყველა ნორმით სარგებლობს. საინტერესოა, მეტი რა არის საჭირო თანასწორობისთვის? მოსკოვისთვის „განსაკუთრებული უფლებების“ მინიჭება, მათთვის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის ან სხვა ქვეყნების უფლებების შელახვის თავისუფლების მიცემა რუსეთს არა სხვების თანასწორ, არამედ სხვებზე მაღალი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს. გამოვა რომ ზოგიერთი ქვეყანა სხვებზე თანასწორია?
შ.მ.: მოსკოვის “დამცირების“ კიდევ ერთი ასპექტი: დასავლელმა ლიდერებმა რუსეთის ინტეგრაციისადმი ნამდვილი ინტერესი არ გამოავლინეს. ამის ნაცვლად ისინი რუსეთის დასუსტებას და მის „ალყაში მოქცევას“ ცდილობენ.
ლ.შ.: სინამდვილეში დასავლეთმა რუსეთს ინტეგრაციის სხვადასხვა მოდელი შესთავაზა, „დიდი რვიანიდან“ ნატო-რუსეთის საბჭომდე და ევროპის საბჭოს წევრობამდე. სირთულეს აქ ის ქმნის, რომ რუსეთს ამ სტრუქტურებში ინტეგრაცია საკუთარი ქცევის წესებზე უარის თქმის გარეშე სურს.
შ.მ.: საინტერესოა, რატომ არ გრძნობენ „დამცირების თეორიის“ დამცველები თავს დამცირებულად რუსეთში გამეფებული კორუფციის, სავალალო მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემის, განათლებისა ხარისხისა და ცხოვრების დონის სტაბილური ვარდნის გამო?
ლ.შ.: „დამცირებაზე“ უსასრულო საუბარი რუსეთის მოქალაქეების ყურადღების მტკივნეული ყოფითი და ყოველდღიური პრობლემებისგან გადატანის მცდელობაა. რუსეთის „ვაიმარის სინდრომს“ ხელი არ შეუშლია მისი მმართველი ელიტის და პუტინის გარემოცვის წევრებისთვის პირადად ინტეგრირებულიყვნენ დასავლურ საზოგადოებებში.
შ.მ.: რამდენად რეალურია ჩაგვრისა და დისკრიმინაციის მსხვერპლთა ჯგუფებს გაეთეთრებინათ მილიარდობით დოლარი, შეექმნათ „ლონდონგრადი“, შეექმნათ დასავლელი მხარდაჭერების მიერ შემდგარი თავდაცვის ჯგუფები, მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ დაესაქმებინათ მოქმედი თუ გადამდგარი დასავლელი პოლიტიკოსები.
ლ.შ.: როგორ ებმის რუსეთის „დამცირება“ დასავლეთის საბოლოო „გადაგვარებას“, როგორც ამას კრემლის პროპაგანდისტული საშუალებები გვამცნობენ? უკუსვლა, რეგრესი და დასავლეთის შპენგლერისეული დასასრული რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ სასაუბრო საკითხებს შორის არსებული თემებია. როგორ შეუძლია სუსტ და უკუსვლის რეჟიმში მყოფი დასავლეთი რუსეთს ამცირებდეს?
შ.მ.: რუსი პროპაგანდისტების მიერ რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე გამართულ დისკუსიებში „ვაიმარის სინდრომის“ შეტანა და დამკვიდრება კრემლის ანტი-დასავლური კამპანიის საკვანძო ელემენტად იქცა. ამ „დამცირების“ პროპაგანდისტულ ხაზს ორმაგი დანიშნულება აქვს: პირველი, რუსეთის მოქალაქეებს შორის კრემლის ლეგიტიმაციის გაძლიერებაა, მეორე კი დასავლეთის დაშანტაჟებით შეკავებაა. „რუსეთის დამცირებას თუ გააგრძელებთ, ჩვენ პასუხის გაცემა მოგვიწევს და ამისთვის საჭირო გზებსაც გამოვნახავთ.“
დასავლეთი მცდარი შეხედულებების საკუთარ წიგნს წერს
ლ.შ.: იმ ანალიტიკოსების რიცხვმა, რომლებიც დასავლეთში კრემლის მიერ შექმნილ მითებსა და პროპაგანდისტულ გზავნილებს იმეორებენ წარმოუდგენელ პროპორციებს მიაღწია. როგორც წესი, მათი მთავარი არგუმენტი ის ზიანია, რომელიც ნატო-ს გაფართოებამ რუსეთის ინტერესებსა და უსაფრთხოებას მიაყენა. ისინი დასავლეთს რუსეთის მიერ ექსკლუზიური „გავლენის სფეროს“ ქონის უფლების შელახვაში სდებენ ბრალს და არც იმის თქმას ერიდებიან, რომ უკრაინაში შექმნილი კრიზისი დასავლეთის ბრალია.
შ.მ.: დასავლელ მიმომხილველებს შორის გავრცელებული კიდევ ერთი მცდარი აზრი: „რუსეთი დემოკრატიისთვის მზად არც ახლა არის და არც არასდროს იქნება“. ევროპელი მიმომხილველებისგან ხშირად მოისმენთ, რომ რუსები ვერასდროს შეეგუებიან კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ სახელმწიფოს და ვერც რუსეთი შეეგუება საერთაშორისო ასპარეზზე არსებული წესების დაცვას.
ლ.შ.: ამ მიდგომის ინტერპრეტაციის ერთადერთი შესაძლებლობა არსებობს: რუსები ისეთ სპეციფიკურ გენს ატარებენ, რომელიც მათ კანონმორჩილებას შეუძლებელს ხდის. მაგალითად მოვიყვან ერთ ღია წერილს, რომელიც ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსების გუნდმა გამოაქვეყნა:
„საბოლოო ჯამში, ვლადიმირ პუტინის რუსეთი მოქმედებს იმ სტრატეგიულ ჩარჩოში, რომელიც ღრმად ფესვგადგმულია რუსეთის ნაციონალისტურ ტრადიციებში და მისაღებია როგორც ელიტებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის. მისი ნებისმიერი მემკვიდრე, თუნდაც დემოკრატიულად იყოს არჩეული, დიდი ალბათობით ანალოგიურ სტრატეგიულ ჩარჩოში იმოქმედებს.“
ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: რუსეთი განწირულია!
შ.მ.: ეს ნიშნავს, რომ რუსები მტაცებელი ერია და მათი გადარჩენის ერთადერთი გზა მათი დამონებაა. ეს არა მარტო ქედმაღლური, არამედ რასისტული დამოკიდებულებაა.
ლ.შ.: რა თქმა უნდა, ტრადიციებსა და ისტორიული მემკვიდრეობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერის განვითარების ტრაექტორიას მხოლოდ ეს ფაქტორები განსაზღვრავს. სინამდვილეში, რუსეთის მოსახლეობის უმეტესობას ცვლილებები სურს. ძველი წყობის შენარჩუნება მხოლოდ უმცირესობის სურვილია! გასული ათწლეულის განმავლობაში რუსების რიცხვმა, რომელიც ლიბერალური პრინციპების მიმართ დადებით განწყობას გამოხატავს 60%-ს მიაღწია. „ლევადა ცენტრის“ 2020 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად გამოკითხულთა 58% ეთანხმება პრინციპის, რომ „გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია“. 2017 წელს ამ დაშვებას გამოკითხულთა მხოლოდ 34% ეთანხმებოდა.
მართალია, რუსების უმრავლესობა ცვლილებებს ძალაუფლების სადავეების მპყრობელთაგან ელის. თუმცა, რუსეთის დღევანდელ მმართველ კლასში არ არსებობს ძალა, რომელსაც სტატუს-ქვოს რეალური ალტერნატივის შეთავაზება შეუძლია. სწორედ ეს არის რუსეთის ტრაგედია.
შ.მ.: კიდევ ერთი ხშირად გაგონილი აქსიომა: „რუსეთთან ურთიერთობა იდეებისა და ღირებულებების ნაცვლად ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს“. იდეოლოგიას აღარ აქვს მნიშვნელობა. საგარეო პოლიტიკა რეჟიმის ბუნებისგან დამოუკიდებლად უნდა ყალიბდებოდეს და პრინციპების ნაცვლად მხოლოდ ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს.
ლ.შ.: ეს კლიშე პოპულარულია როგორ რუს, ისე დასავლელ “რეალისტებს“ შორის. მათი ტიპიური არგუმენტაცია ასეთია: გლობალური ლიბერალური წესრიგი აღარ არსებობს, ღირებულებებისადმი უნივერსალისტურ მიდგომას აზრი აღარ აქვს. დღეს მთავარი სიტყვად „სუვერენიტეტი“ იქცა. მსოფლიომ მორალური, ეთიკური და ნორმატიული პლურალიზმის ეპოქაში შეაბიჯა.
შ.მ.: ამ მიდგომის მომხრეები ვერ ამბობენ თუ რამ ჩაანაცვლა უნივერსალური ღირებულებები. არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ კარგად ესმით თუ რას მოუტანს პოლიტიკურ ცხოვრებას მორალურ პრინციპებზე უარის თქმა. როგორც ჩანს, „იურული პერიოდის პარკში“ ცხოვრების პერსპექტივა მათ არ აშინებთ!
ლ.შ.: იდეოლოგიის „სიკვდილზე“ და პოლიტიკურ წყობას და ეროვნულ ინტერესებს შორის კავშირის უარყოფაზე საუბრისას რობერტ კაგანის ციტატით ვისარგებლებ: „საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების გადამწყვეტი ფაქტორი იდეოლოგიაა. ხელისუფლების მიერ მისი ინტერესების ხედვას ამ რეჟიმის ბუნება განსაზღვრავს“.
შ.მ.: ნორმატიულ წესებზე უარის თქმას სხვადასხვა მოტივაცია აქვს. მაგალითად, ექსპერტთა ნაწილი საერთაშორისო პოლიტიკაში ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბარს „ემოციონალიზმად“ აფასებს და საგარეო პოლიტიკის ემოციებისგან განცალკევებისკენ მოუწოდებს. მათი აზრით, „ნორმატიული სიმპათიები ანალიტიკურ სიმართლეში“ არ უნდა აგვერიოს, ხოლო რუსეთთან ურთიერთობა „ნაკლებად ტოქსიკური“ უნდა იყოს. მაგრამ რამდენად შესაძლებელია სიმართლის პოვნა პრინციპების გარეშე?
ასეა თუ ისე, „რეალპოლიტიკმა“ და ინტერესებზე დაფუძნებულმა პრაგმატიზმმა რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება მაინც ვერ აგვაცილა თავიდან.
ლ.შ.: რუსეთის პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს „მულტიპოლარულობის“ იდეა, რომლის თანახმად მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნები მათ გარშემო სუსტი ქვეყნების მინი-გალაქტიკებს აყალიბებენ და მართავენ. ამავე დროს, თურქეთისა და ჩინეთის რუსეთის მიერ მისი გავლენის ტრადიციულ არეალად აღიარებულ ადგილებში გამოჩენამ ამ მოდელის რუს მომხრეებსაც კი მისი რელევანტურობის გადახედვისკენ უბიძგა.
შ.მ.: კიდევ ერთი ანალიტიკური გამოგონებაა „წონასწორობა“, რომლის მიღწევა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების მიზანი უნდა იყოს. „წონასწორობის“ მდგომარეობას დაპირისპირებული ძალების სიმეტრიული მოქმედებები ქმნის. რამდენად შესაძლებელია ამ მდგომარეობის მიღწევა აქტორებს შორის, რომლებსაც განსხვავებული რესურსები და განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ?
ლ.შ.: შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე საუბრისას კიდევ ერთი ხშირად გაგებული ცნება „სტრატეგიული სტაბილურობაა“. რას უნდა ნიშნავდეს ეს? როგორც ჩანს, ეც კონცეფცია ითვალისწინებს საერთო ინტერესებზე დიალოგს: კლიმატურ ცვლილებებს, კოვიდ-19-ს, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას. თუმცა, აქაც ასეთი კითხვა ისმის: რამდენად შესაძლებელია სტაბილურობის მიღწევა საპირისპირო ტრაექტორიის მქონე და „საერთო ინტერესების“ განსხვავებული ხედვების მქონე მხარეებს შორის?
ავიღოთ კლიმატური ცვლილებების მაგალითი. პუტინის გარემოცვა ამ საკითხს აფასებს არა როგორც საერთო გამოწვევას, არამედ როგორც დათმობების მოსაპოვებლად გამოსაყენებელ ერთ-ერთ ბანქოს ბილეთს მათ ხელში. კრემლის ნებისმიერი ქმედების საბოლოო მიზანი „ზესახელმწიფოების“ მაგიდასთან ადგილი მოპოვებაა. ანალოგიური მიდგომა გამომჟღავნდა კოვიდ-19-ის შემთხვევაშიც. მოსკოვმა „ვაქცინის დიპლომატია“ დასავლეთთან კონკურენციის გასამძაფრებლად გამოიყენა.
როგორ ხედავს დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთს
შ.მ.: რუსეთი მსოფლიოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პრიზმიდან აფასებს. ამის მიზეზი ნათელია: რუსეთმა შეერთებული შტატები ორმაგი დანიშნულების მქონე სისტემურ ფაქტორად აქცია. პირველი დანიშნულება, რომლითაც რუსეთი შეერთებულ შტატების გამოყენებას ცდილობს მასთან მეტოქეობით „ზესახელმწიფოს“ რეპუტაციის შენარჩუნებაა. მეორე დანიშნულება ამერიკისგან „მტრის ხატის“ შექმნა და მისი რუსეთის მოსახლეობის მობილიზაციისთვის გამოყენებაა.
ლ.შ.: აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების რუსეთის მიმართ მიდგომის ორივე ფორმა, როგორც შეკავების პოლიტიკა, ისე თანამშრომლობა, ავსებს რუსეთის პერსონიფიცირებული ავტოკრატიის ამ საჭიროებებს. კრემლმა ისწავლა ამ „ორხაზიანი“ ურთიერთობის მოდელის ბალანსირება. შეერთებული შტატების მიერ რუსეთის იგნორირება სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრემლის მიერ დანერგილ მოდელს.
შ.მ.: რეალისტების მიერ შემოთავაზებული ამ ურთიერთობების ანალიზი გამაოგნებელ ელემენტებს შეიცავს. მათთვის მისაღებია კონფრონტაციის „სისტემურად“ შეფასება, ისინი აღიარებენ მხარეების „განსხვავებულ მსოფლმხედველობას, გეოპოლიტიკურ ინტერესებსა და ღირებულებებს.“ ამავე დროს, ისინი „სტაბილური და მუდმივი თანამშრომლობის“ დაწყებისკენ მოუწოდებენ. რამდენად რეალისტურად ჟღერს მათი მოწოდებები?
ლ.შ.: ბევრ კითხვას აჩენს ამერიკელი „რეალისტების“ მიერ გამოყენებული ტერმინოლოგიაც. ისინი მეტოქეობისა და თანამშრომლობის შერეული მოდელის მხარდამჭერები არიან. რომელ სფეროებში განიხილავენ ისინი მეტოქეობას? შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი სახელმწიფოს მოწყობის ეკონომიკურ და იდეოლოგიურ მოდელებს შორის კონკურენციას განიხილავენ. მაგრამ რუსეთმა ეს ასპარეზი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავად დათმო. აქ შესაძლოა დავინახოთ „პრაგმატისტების“ მიდრეკილება ტერმინ „კონკურენციის“ გამოყენებისადმი. კონკურენცია ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შესაძლებლობას შეიცავს. ამავე დროს, ანტი-ამერიკული მობილიზაციის შენარჩუნება პუტინის რეჟიმისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია იმ სარგებელზე, რომელიც მან შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით შეიძლება მიიღოს.
შ.მ.: შეერთებულ შტატებში საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ვაშინგტონის მოსკოვთან დიალოგისთვის მზაობა განსაზღვრული უნდა იყოს კრემლის დამოკიდებულებით მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვისადმი. შეერთებული შტატების ამჟამინდელი დემორალიზებული მდგომარეობა, შესაძლოა, ამ „ნორმატიული მიდგომის“ გამოყენების დაბრკოლება იყოს. რამდენად მზად არიან შეერთებული შტატები ან ევროკავშირი ჩაებან კონფლიქტში, რომლის მიზანი რუსეთის მეზობლების სუვერენიტეტის დაცვა იქნება? რამდენად მზად არის დასავლეთი უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად დღეს?
ლ.შ.: კრემლის მზაობა იზოლაციისა და სანქციებისადმი მას მეტოქეობასა და თანამშრომლობას შორის მისთვის მისაღები წონასწორობის შენარჩუნების ან შეცვლის ინიციატივას აძლევს. პუტინის, ერთი შეხედვით ირაციონალური, პოზიცია დასავლეთს აბნევს. აღსანიშნავია, რომ იმას, რასაც კრემლი შესაძლოა რაციონალურად თვლიდეს, საერთო არაფერი აქვს იმასთან, რასაც ამ ცნებით დასავლეთში გულისხმობენ ან რუსეთის სახელმწიფო ინტერესებთან.
შ.მ.: ასეა თუ ისე, რუსეთის მმართველობის ამჟამინდელ მოდელში მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე პუტინი ვერ მისცემს უფლებას თავს შეერთებულ შტატებისგან შექმნილი „მტრის ხატი“ დაანგრიოს. ამერიკის შეკავების პოლიტიკამ შესაძლოა კრემლს მის ხელთ არსებული პოლიტიკური ბერკეტების დივერსიფიკაციისკენ და ძალის პროექციის შესაძლებლობის გაუმჯობესებისკენ უბიძგოს.
ლ.შ.: სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ვაშინგტონის მხრიდან რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამკაცრების პირველივე გამოხატულებას კრემლის მიერ რუსულ სამოქალაქო საზოგადოებაზე და ოპოზიაზე იერიშის მიტანა მოჰყვება. დასავლეთის დემორალიზაციისა და ლიბერალური პრინციპების დავიწყების ფასის ნაწილს დღეს რუსული სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია იხდის.
შ.მ.: უკრაინაში და მის გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები აჩვენებს, თუ რამდენად მყიფეა სინამდვილეში შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობა. „ეიბისისთან“ ინტერვიუში, წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე ბაიდენის მიერ გაცემულმა პასუხმა, რომელშიც მან პუტინს „მკვლელი“ უწოდა, კრემლს სამაგიეროს გადახდისკენ უბიძგა. მოვლენათა ის ჯაჭვი, რომელიც ამ განცხადებას მოჰყვა აჩვენებს, თუ რამდენად რთული იქნება შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობების „მეტოქეობა/თანამშრომლობის“ რეჟიმში შენარჩუნება.
ლ.შ.: საპრეზიდენტო ვადის დასაწყისიდანვე ბაიდენის ადმინისტრაციის მოქმედებამ ინტერპრეტაციის ნებისმიერ საფუძველი გააქრო: „თეთრი სახლისთვის“ რუსეთი მეორადი მნიშვნელობის საკითხი იყო და პრიორიტეტი არ ეთქმოდა.
ეს მიდგომა ასუსტებდა რუსეთის „ზესახელმწიფობის“ სტატუსის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს, შეერთებულ შტატებთან მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობის არსებობას. ეს ამცირებს ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ათწლეულების განმავლობაში ჩართული იმ პროფესიონალების როლსაც, რომლებიც თავს კრემლთან საუბარში შეუცვლელ მონაწილეებად თვლიან.
კრიზის გაღრმავება არცერთ მხარეს სურს, მაგრამ ერთი შედეგი ნათელია: კრემლი გაამკაცრებს რეპრესიებს „უცხოეთის აგენტებად“ შერაცხული თანამოქალაქეების მიმართ, გააქტიურდება პატრიოტული კონსოლიდაციის კამპანიაც – „ან ჩვენთან ხარ ან ჩვენ წინააღმდეგ“.
შ.მ.: ვაშინგტონმა შეკავების პოლიტიკა ზომიერად და ფრთხილად უნდა გამოიყენოს, რათა არ დაკარგოს იმ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა, რომლებიც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკების მაგიდაზე დევს. როგორც ისტორია გვაჩვენებს, ვაშინგტონი ყოველთვის არბილებს პოლიტიკას, როცა მოსკოვთან შეთანხმების მიღწევა სურს.
ლ.შ.: ამავე დროს, შეერთებული შტატების მიერ რუსეთის მიმართ ნორმატიული მიდგომის არჩევანს შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოჰყვება თუ მას კოლექტიური დასავლეთი დაუჭერს მხარს.
შ.მ.: შესაძლოა რუსეთის ტრანსფორმაციაზე გავლენა ევროკავშირმა მოახდინოს, რომელიც გლობალური ნორმატიული პროექტია. სინამდვილეში, ევროკავშირის რუსეთზე გავლენა „კატა-თაგვობანას“ თამაშს დაემსგავსა.
ლ.შ.: ამ თამაშში ბრიუსელის ჩართულობაში დარწმუნების შემდეგ, ჩემთვის ცხადია, რომ მოსკოვი ევროკავშირის ინსტიტუტებს სერიოზულად არ აღიქვამს. ამ თამაშმა ორი შედეგი მოიტანა: პირველი, რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების დემორალიზაციაა; მეორე, გაძლიერდა კრემლის ბინადართა თავდაჯერებულობა. მათ კიდევ უფრო გაუმყარდათ რწმენა, რომ პუტინის მიერ არჩეული პოლიტიკა სწორი და ნაყოფიერია. მოსკოვი იერიშზე გადავიდა და ევროკავშირს ურთიერთობების საკუთარი პირობების მიღების მოთხოვნა წაუყენა: ჩვენ შეგვიძლია საგარეო პოლიტიკაზე და ვაჭრობაზე საუბარი, მაგრამ თქვენ არ გაქვთ უფლება რუსეთის შიდა პოლიტიკას შეეხოთ.
შ.მ.: რუსეთს ევროკავშირის უგულებელყოფის მდიდარი გამოცდილება აქვს. „ჩვენ არა ბრიუსელს, არამედ ცალკეული ქვეყნების დედაქალაქებს პირდაპირ ვესაუბრებით“, ასეთი შეიძლება ყოფილიყო რუსეთის ევროპული პოლიტიკის მოკლე აღწერა. როგორც აღმოჩნდა, ამ წესებით თამაშის წინააღმდეგი არც ევროკავშირის ქვეყნები იყვნენ.
ლ.შ.: რუსების მთავარი საფიქრალი ვაშინგტონია, მაგრამ რუსეთზე ყველაზე დიდი გავლენა ალბათ გერმანიამ მოახდინა. 1970-იან წლებში გაფორმებულმა „საუკუნის გარიგებამ“, რომლითაც ბუნებრივი აირი გაზსადენებში იცვლებოდა, რუსეთის ბედი მრავალი წლით გადაწყვიტა.
შ.მ.: საბჭოთა კავშირმა დასავლეთ გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების პირობა დადო. თავის მხრივ, გერმანია საბჭოთა გაზის საფასურის გადახდას შესაბამისი მილსადენების მშენებლობით კისრულობდა.
შ.მ.: ამ გარიგებამ საფუძველი ჩაუყარა „ფული და ინფრასტრუქტურა გაზის სანაცვლოდ“ ტიპის ბიზნეს მოდელს. ამან საბჭოთა კავშირს შესაძლებლობა მისცა ენერგო-ექსპორტიორის ფუნქცია შეესრულებინა. ევროპა მოსკოვის მიერ მიწოდებულ ბუნებრივ აირზე გახდა დამოკიდებული. ამ შეთანხმებამ რუსეთი გერმანიისა და ზოგადად, ევროპის ბუნებრივი რესურსების მიმწოდებელ დანამატად აქცია.
შ.მ.: გერმანიის და ზოგადად, დასავლეთის, რუსეთთან ურთიერთობაზე და მოსკოვის დასავლეთის ხედვებზე დიდი გავლენა „ოსტ პოლიტიკის“ ფაქტორმა მოახდინა. როგორც გერმანელ ბიზნესმენებს, ისე გერმანელ პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგო ურთიერთდამოკიდებულების ზრდა რუსეთის ცვლილებას განაპირობებდა. თუმცა „ოსტ პოლიტიკის“ რუსეთის მოდერნიზაციისთვის ხელისშეწყობის საბაბით განახლებამ, რუსეთის მოდერნიზაცია მინიმალურადაც კი არ დააჩქარა.
ლ.შ.: სინამდვილეში, მოსახლეობის კაპიტალის მქონე ნაწილის დასავლეთთან ინტეგრაციის პარალელურად, რუსეთი საპირისპირო მიმართულებით დაიძრა. მოსკოვს სჯერა, რომ გერმანია მისი ერთგული პარტნიორი ყოველთვის იქნება.
შ.მ.: გერმანია კრემლისადმი მიდგომის შერბილებაზე მომუშავე ლობისტების დედაქალაქად იქცა. „ბონისა და ბერლინის მიერ გასული 40 წლის განმავლობაში მოსკოვთან თანამშრომლობის დონეს ვერცერთმა სხვა ევროპულმა ქვეყანამ ვერ მიაღწია“, თქვა ეგონ ბარმა 2011 წელს. ეს მართალია, მაგრამ ამ თანამშრომლობამ ევროპა რუსეთის რესურსებზე დამოკიდებულად აქცია.
ლ.შ.: თვლით თუ არა, რომ გერმანიისა და რუსეთის სასიყვარულო ისტორია დასასრულს მიუახლოვდა? ყირიმის ანექსიის შემდეგ ანგელა მერკელი რუსეთზე ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის აუცილებელ ერთიანობაზე მზრუნველ ძალად იქცა.
შ.მ.: მაგრამ მერკელი ისეთ სამთავრობო კოალიციაში მოყვა, რომელშიც სოციალ-დემოკრატებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კოალიციის შენარჩუნების წინაპირობად აქციეს. გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა „ჩრდილოეთის ნაკად 2-ს“ რუსეთთან დამაკავშირებელი უკანასკნელი ხიდი უწოდა. არ არსებობს გერმანული პოლიტიკური პარტია, რომელშიც არ იყვნენ პოლიტიკოსები ვისთვისაც ევროპის სტაბილურობა და მშვიდობა რუსეთის გარეშე წარმოდგენელია.
ლ.შ.: „მითოლოგიის მწარმოებელთა“ გაჩენას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის, ახალი ტენდენციების გამოჩენისას მათი შეფასების დროს დაშვებული შეცდომები; მარცხის აღიარების უუნარობა; ძველ აქსიომებზე აგებული მომავლის ხედვები. გამოჩნდა პრობლემა, რომლის აღიარებისთვის დღეს მზად არავინაა. რუსეთი არ ითვალისწინებს სტაბილურობის, რაციონალიზმისა და თვითგადარჩენის დასავლურ პარადიგმებს. აღსანიშნავია, რომ ჯერ სათანადოდ გაანალიზებული არ არის რუსული სისტემის მიერ მოდერნიზაციაზე უარის თქმის მიზეზები.
შ.მ.: ერთი რამ ნათელია: რუსული მითოლოგია რუსული “კოჭლი“ სისტემის გადარჩენის განპირობების გარდა, უარყოფით გავლენას ახდენს თავად ლიბერალურ დემოკრატიებზე.