article-img

წინდაუხედაობა 20/20

ფრენსის ფუკუიამა

უნდა ვაღიარო, რომ გვარიანად გამაღიზიანა იმ კომენტარებმა,რომლებიც თალიბანის მიერ ავღანეთზე კონტროლის დაბრუნებას სხვადასხვა მედიაში მოჰყვა.

ლეგიტიმური შეშფოთების მიზეზები მართლაც მრავლად იყო: ვერ იყო გათვალისწინებული ლეგიტიმური ხელისუფლების ასეთი სწრაფი ჩამოშლა, არ იყო შემუშავებული შესაბამისი სამოქმედო გეგმა, ევაკუაციის მოუწესრიგებელი და ქაოტური პროცესი, ბაიდენის მცდელობა ამ მძიმე შეცდომებზე პასუხისმგებლობა გადაებრალებინა სხვებისთვის, მათ შორის თავად ავღანელებისთვის და ა.შ. ეს მოცემულობა არ ამართლებს იმ მიმომხილველებს, რომლებსაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ავღანეთზე ფიქრისთვის 5 წუთზე მეტი არ დაუთმიათ, ახალი კი აცხადებენ, რომ ამ ქვეყნის სტაბილიზაციისთვის შეერთებული შტატების მიერ გაწეული ძალისხმევა თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული, ხოლო ამერიკის რამდენიმე მთავრობა ამ საკითხს მალავდა და ამერიკელი ხალხი წლების განმავლობაში შეცდომაში შეყავდა.

როგორც ყოველთვის, სიმართლე ბევრად უფრო რთული და კომპლექსურია ვიდრე მედიის დიდი ნაწილის მიერ შემოთავაზებული სწორხაზოვანი მიდგომა. პანიკაში ჩავარდნილ ავღანელთა და თალიბების სისასტიკის სცენებს ჩვენ ვერც ავღანეთიდან გამოსვლის გადაწყვეტილების უფრო ადრე მიღების შემთხვევაში ავარიდებდით თავს. დიდი ალბათობა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული რესურსების შეზღუდვისთანავე ავღანეთში რეჟიმის ჩამოშლის პროცესები ნებისმიერ სხვა დროსაც ანალოგიურად განვითარდებოდა. არ მგონია, რომ ვაშინგტონში როდესმე სჯეროდათ შეერთებული შტატების ფინანსური რესურსებით შექმნილი ავღანეთის მთავრობის წარმატების ან როგორც მორინ დოუდმა აღნიშნა, „ავღანეთში ჯეფერსონისეული დემოკრატიის აღმოსავლური ვარიანტის დამკვიდრების.“ ავღანეთის მისიის დაწყებისთანავე ჩამოყალიბდა პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არ იცვლებოდა: ინტერვენციის გაგრძელების სასარგებლოდ გამოყენებული არგუმენტები უფრო და უფრო უარესად გამოიყურებოდა.

ამ თემაზე დაწერილ ჩემს უწინდელ სტატიებში ვვარაუდობდი, რომ ამერიკელების მიერ ფატალური შეცდომა 2001 წელს თალიბების დამარცხებისთანავე იქნა დაშვებული. ეს შეცდომა ბონის კონფერენციასა და კონსტიტუციურ „ლოია ჯირგაზე“ [ლოია ჯირგა (პუშტ.) – ავღანელი ხალხის წარმომადგენელთა უზენაესი კრება; იმართება საგანგებო საკითხების გადასაჭრელად.]  ავღანეთში ცენტრალიზებული სახელმწიფო მმართველობის ჩამოყალიბება იყო. ქვეყნის ქაბულიდან მართვის ალტერნატივა ძალაუფლების ავღანელ საველე მეთაურებს, ტომებისა და ეთნიკური დაჯგუფებების ლიდერებს შორის განაწილება იყო. ასეთი იყო, მაგალითად, „ჩრდილოეთის ალიანსი“, რომელმაც თალიბების დამარცხებაში კრიტიკული როლი ითამაშა.

2010 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში სტივ კრასნერი და კერლ აიკენბერი (ნატო- უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო კონტინგენტის ყოფილი მეთაური და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ავღანეთში) მართავდნენ სახელმწიფოს მშენებლობის თემატიკის მქონე არაფორმალურ სემინარებს. ამ სემინარებზე ჩვენ ავღანეთში ეფექტური სახელმწიფო მმართველობის ჩამოყალიბების სხვადასხვა ფორმებსა და მეთოდებსაც განვიხილავდით. სემინარების დასრულების შემდეგ სტივმა და კარლმა გამოაქვეყნეს მოხსენება, რომელშიც საგარეო პოლიტიკაში, კერძოდ კი ავღანეთში, ნაკლებად ამბიციური ამოცანების დასახვას უწევდნენ რეკომენდაციას და იქ „დამაკმაყოფილებელი დონის მმართველობის“ დამკვიდრებას მიიჩნევდნენ საკმარისად.

„დამაკმაყოფილებელი დონის მმართველობა“ შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესების დაცვით დაკმაყოფილდებოდა და უარს იტყოდა სახელმწიფოსა და დემოკრატიის განვითარების უფრო ამბიციურ მიზნებზე. ავღანეთის შემთხვევაში ეს ითვალისწინებდა ყველა იმ ადგილობრივი ლიდერისა თუ სამხედრო მეთაურის მხარდაჭერას, რომელიც ალ-ქაიდასა სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოხატავდა მზადყოფნას. ავღანური შენაერთების შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილ ავღანეთის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციის შემდეგ „ჩრდილოეთის ალიანსი“ და სხვა ეთნიკური დაჯგუფებები დასუსტდა და პრაქტიკულად აღარ არსებობდა. დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ საველე მეთაურთა შორის არსებული ალიანსები ავღანეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს სტრუქტურებთან შედარებით გაცილებით მდგრადი იყო.

საჭიროდ ვთვლი აქვე აღვნიშნო, რომ გაზვიადებული მოლოდინი არც ცენტრალიზებული მმართველობის ნაცვლად არჩევანის დეცენტრალიზაციის სასარგებლოდ გაკეთების შემთხვევაში უნდა გვქონოდა. შეიარაღებული დაჯგუფებების კოალიცია გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურობის მომტანი ვერ იქნებოდა. ამ ეთნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური განსხვავებების მქონე შეიარაღებული შენაერთებს სხვადასხვა მიზნები და ინტერესები გააჩნიათ. იყო შემთხვევები როცა მათ შორის წარმოქმნილი განხეთქილების გამო მათი ნაწილი სამხედრო კავშირს თალიბანთან ამყარებდა და მათი მეშვეობით ამარცხებდა მეტოქეებს. მმართველობის დეცენტრალიზებული ფორმა თალიბებს ხელს ვერც პაკისტანში არსებული ბაზებიდან ავღანეთის ტერიტორიაზე გადმოსვლაში შეუშლიდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, „დამაკმაყოფილებელი მმართველობის“ როგორც პოლიტიკური კონცეფციის პერსპექტივებია შეერთებული შტატების კონგრესში. ამერიკელ კანონმდებლები უნდა დათანხმებულიყვნენ ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფულით მხარი დაეჭირათ ადამიანთა უფლებების უმძიმესი დარღვევებში მონაწილე ჯგუფებისთვის, უარი ეთქვათ ქალთა უფლებების დაცვაზე, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სხვადასხვა უმცირესობათა უფლებების დასაცავად აუცილებელ კანონის უზენაესობის უზრუნველყოფაზე. ცენტრალიზებული მმართველობის მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი ჰამიდ ყარზაისა და აშრაფ ღანის ძალაუფლების დასუსტების საკვანძო ფაქტორად მათთვის დამახასიათებელ კორუფციას ასახელებს. მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრების საველე მეთაურების განკარგვაში მოქცევა კორუფციის დონეს კიდევ უფრო აამაღლებდა.

 

ფრენსის ფუკუიამა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, „ამერიკული მიზნის“ დამფუძნებელი და სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარეა.