შვიდი მითი ავღანეთის შესახებ
შეერთებული შტატების სხვა სამხედრო კამპანიების მსგავსად ბევრი მითი ავღანეთში ინტერვენციასაც ახლდა თან.2021 წლის აგვისტოში შეერთებული შტატების ავღანეთიდან გასვლას „ნახევრად გამომცხვარი“ კომენტარების და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაფუძნებული ჟურნალისტური სპეკულაციების უპრეცედენტო რაოდენობა მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანასა და იქ მიმდინარე მოვლენებზე აზრი ჰქონია ყველას, მათ შორის იმათაც კი, ვისაც ავღანეთის პოვნა რუკაზე უჭირს. როგორც მოსალოდნელი იყო, გამოსვლას მოჰყვა პოლიტიკური და პარტიული ნიშნით არგუმენტირებული ურთიერთბრალდებების უსასრულო ტალღაც. ამ პოლემიკების კორიანტელში გამოიკვეთა ავღანეთზე და იქ მიმდინარე ომზე ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მცდარი შეხედულებები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ როგორც საზოგადოებრივ აზრზე, ისე პოლიტიკოსთა ავღანეთის საკითხის მიმართ დამოკიდებულებაზე. მათ შორის ყველაზე ხშირად შემდეგი შვიდი გვხვდება:
მითი პირველი: ავღანეთის მარცხი რესპუბლიკელების ან დემოკრატების ბრალია
პრეზიდენტ ბაიდენამდე ავღანეთიდან ძალების გამოყვანა ორმა ამერიკელმა პრეზიდენტმა სცადა. ავღანეთიდან გამოსვლის მათ მიერ შემუშავებული პოლიტიკური კალენდარი ვერასდროს დაემთხვა ადგილზე არსებულ რეალობას მათი გეგმები ჩაიშალა. გამოჩნდა მესამე პრეზიდენტი, რომელმაც გამოსვლის დასრულების დღეს განსხვავებული თარიღი, 11 სექტემბერი, დასახა და გადაწყვიტა შეესრულებინა ის პირობები, რომლებიც მისმა წინამორბედმა თალიბანთან დადებული ხელშეკრულებით იკისრა.
ავღანეთის ომში ჩართული ოთხი პრეზიდენტის, ორი რესპუბლიკელის და ორი დემოკრატის, ყველაზე უხეშ შეცდომებს შორის გამოსაყოფია:
ყურადღების ავღანეთიდან ერაყზე გადატანა. 11 სექტემბრის შემდეგ მე ავღანეთში ინტერვენციის მომხრე ვიყავი. ამ კამპანიის პირველი პერიოდი სტაბილურობის და მშვიდობის მომტანი იყო. მთავარი შეცდომა აქ არა ავღანეთში ინტერვენცია, არამედ იქიდან ყურადღებისა და რესურსების ერაყზე გადატანა იყო. ერაყის ომის დაწყება მყარი არგუმენტების ნაცვლად იქ დანახული პოლიტიკური და სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებით იყო მოტივირებული. ყველას ახსოვს 2003 წლის 5 თებერვალს გაერო-ს უშიშროების საბჭოზე კოლინ პაუელის გამოსვლა. სადამ ჰუსეინის რეჟიმის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობის ბრალდების ყველაზე გასაკვირი ასპექტი მისი დამაჯერებლობა იყო, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა ამერიკელი თუ უცხოელი ანალიტიკოსები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები.
ერაყში დამატებითი ძალების გადასროლა და გამოსვლის თარიღის წინასწარ გამოცხადება. 2009 წელს პრეზიდენტმა ობამამ ჯერ ერაყში დამატებითი ძალების გადასროლა გამოაცხადა, 2014 წელს კი იმ წლის დეკემბერი ამერიკული ძალების ერაყიდან გამოყვანის საბოლოო თარიღად დაასახელა. ეს 2016 წლის საარჩევნო ციკლის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო. არსებობდა ბევრი ფაქტორი, რომელმაც ერაყში დისლოცირებული კონტინგენტის ზრდის ეფექტის სრულად გამოყენება დააბრკოლა, მათ შორის ერთ-ერთი გადამწყვეტი ამერიკული ძალების გამოსვლის თარიღის წინასწარ გამოცხადება იყო. თალიბები ხშირად იმეორებდნენ: „ამერიკელებს აქვთ საათი, ჩვენ გვაქვს დრო.“
ავღანეთიდან გამოსვლის თარიღის და პირობების თალიბანთან შეთანხმება. ტრამპის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება და მოლაპარაკებების პროცესი აჩვენებდა, რომ ერთადერთი ამოცანა, რომელსაც შეერთებული შტატები ისახავდა ავღანეთიდან პირველივე შესაძლებლობისთანავე გამოსვლა იყო. მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივა ნამდვილად მისასალმებელი იყო, მაგრამ თავად მოლაპარაკებები და მათ შედეგად მიღებული შეთანხმება კრიტიკას ვერ უძლებდა. დაშვებული იყო უამრავი შეცდომა. მაგალითად, თალიბები დათანხმდნენ ხელი არ შეეშალათ გამოსვლის პროცესისთვის და ამ პერიოდში არ დასხმოდნენ თავს ამერიკელ სამხედროებს, მაგრამ, ამავე დროს, ვაშინგტონისგან მოიპოვეს უფლება ავღანეთის ციხეებიდან გაეთავისუფლებინათ 5000 პატიმარი. ყველაზე ზომიერი ვარაუდით, მათ შორის 400 გამოცდილი ტერორისტი იყო.
ტრამპის ხელშეკრულების საბოლოო ვერსიად მიღება და მისი ყველა პირობის ძალაში დატოვება. ბაიდენის ადმინისტრაციამ მათი წინამორბედის ბევრი განკარგულება გააუქმა. რატომ არ გაუჩნდა არავის ანალოგიური მიდგომა ტრამპის მიერ თალიბებთან ხელმოწერილი დოკუმენტის მიმართ? რატომ ჩათვალა პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს შეთანხმება უსიტყვოდ შეესრულებინა? ყველაფრის ამ შეთანხმებისთვის დაბრალება არ გამოვა. ბაიდენს ყოველთვის სურდა ავღანეთში მიმდინარე ინტერვენციის დასრულება.
მითი მეორე: ავღანეთი ამერიკის „ყველაზე ხანგრძლივი ომია“
ხშირად შეხვდებით შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში 20 წლის განმავლობაში ინვესტირებული ფინანსური და ადამიანური რესურსების რაოდენობას. უახლესი მონაცემებით ეს ციფრები 2.26 ტრილიონ აშშ დოლარს და 2461 დაღუპულ ჯარისკაცს ასახავს. ასეთი ციფრების წლების განმავლობაში ამერიკელების ცხვირწინ უწყვეტმა ფრიალმა განაპირობა ის მაღალი მხარდაჭერა (60%-70%), რომელიც ამერიკის ავღანეთიდან გამოსვლის საკითხს ჰქონდა.
„ამერიკის უგრძელესი ომის“ ეპითეტმა ადგილი მყარად დაიმკვიდრა, თუმცა, შესაძლოა, დაუმსახურებლადაც. შედარებით მოკლე პერიოდის განმავლობაში ამერიკელი სამხედროები მართლაც მძიმე დანაკარგებს განიცდიდნენ, მაგრამ იქ ყოფნის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამერიკელი სამხედროების მისია სტაბილიზაციის პროგრამის შესრულებას უფრო ჰგავდა ვიდრე ომს. 2015 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 26 აგვისტომდე საბრძოლო მოქმედებებში 26 ამერიკელი ჯარისკაცი იყო დაღუპული. ცამეტი ამერიკელი ევაკუაციისას ქაბულის აეროპორტზე ტერორისტული თავდასხმისას დაიღუპა. რა თქმა უნდა, ერთი სიცოცხლის დაკარგვაც კი ტრაგედიაა, მაგრამ ეს სტატისტიკა ომის სტატისტიკას არ ჰგავს (განსხვავებულად გამოიყურება ავღანელი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების სტატისტიკა: ავღანეთის ომის პერიოდში 130000-ზე მათგანი დაიღუპა). ავღანეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მოკავშირეებმა მყიფე, მაგრამ სტაბილურობის მოპოვება შეძლეს. ეს ვითარება შესაძლოა შორს ყოფილიყო ამერიკელების ან ავღანელებისთვის სასურველი შედეგისგან, მაგრამ ის, რაც შეერთებული შტატების ყველა შენაერთის იქიდან ევაკუაციას მოჰყვა ნამდვილად უარესი იქნება, როგორც ავღანელების, ისე ამერიკელების უსაფრთხოებისთვის.
მითი მესამე: საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფები ავღანეთიდან სხვა ქვეყნებში გადავიდნენ
ეს მტკიცება, რომლის თანახმად ტერორისტულმა ქსელებმა ავღანეთი დატოვეს და თავი ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის სხვა ქვეყნებს შეაფარეს ამერიკული კონტინგენტის გამოყვანის სასარგებლოდ ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი იყო. ეს მტკიცება არაზუსტია და არ ითვალისწინებს ტერორისტული ჯგუფების მოქმედების მეთოდოლოგიას: ტერორისტული და კრიმინალური ქსელები უკიდურესად მოქნილები და მობილურები არიან, მათთვის უსაფრთხო ადგილის გამოჩენისთანავე ისინი დაუყოვნებლივ მას აფარებენ თავს, თუმცა არ წყვეტენ არც არსებობას და არც მათი გეგმების შესრულებას. ასეთი საერთაშორისო ქსელები ავღანეთში ნამდვილად არსებობს, ცნობილია დაახლოებით 20 ტერორისტული ჯგუფის სახელი, რომელიც იქ მოქმედებს. 2017 წლის პარილში შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციამ ტერორისტების მიერ ავღანეთის მთებში დაკავებულ გამოქვაბულების ქსელზე ყველაზე დიდი კონვენციური ავიაბომბი ჩამოაგდო. ამ მოვლენის შემდეგ მალევე, მე ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოადგილესთან ვსადილობდი. მან მითხრა, რომ გამოქვაბულების სამი ძირითადი სისტემიდან დანგრეული მხოლოდ ორი იყო, განადგურებული ტერორისტები კი სულ ცოტა თხუთმეტი სხვადასხვა ეროვნებას მიეკუთვნებოდნენ.
ახლა ჩვენ უნდა ველოდოთ როგორც ამ ტერორისტული ჯგუფების წევრთა რაოდენობის ზრდას, ისე მათ გააქტიურებას. ძნელია დღეს იმის თქმა, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებენ ისინი მიწვდნენ ამერიკის ტერიტორიას, მაგრამ სრულიად მოსალოდნელია, რომ მათი საშინელი მოქმედების კვალი დაეტყოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ან ცენტრალურ აზიას. გააქტიურებული ტერორისტული ჯგუფები ადგილობრივი მაცხოვრებლების გარდა, საფრთხეს შეუქმნიან და ზიანს მიაყენებენ ამერიკის პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებსაც.
მითი მეოთხე: თალიბანის გაერთიანებული და ვერტიკალურად ინტეგრირებული სამეთაურო სტრუქტურა განცალკავებულია „ისლამური სახელმწიფოს“, „ისლამური სახელმწიფო – ხორასანის“ და სხვა ტერორისტული ჯგუფებისგან
2021 წლის 26 აგვისტოს ერთ-ერთ ამერიკულ სატელევიზიო არხზე გამოსვლისას „თეთრი სახლის“ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, გენერალმა მაკმასტერმა, პირდაპირ განაცხადა: „ჩვენ ზედმეტად აქტიურად ვცდილობთ ერთმანეთთან დაკავშირებული ტერორისტული ქსელების განცალკევებას. ეს ჯგუფები ერთმანეთში იყოფენ რესურსებს და ხალხს, იყენებენ მოქმედების ერთნაირ მეთოდებს.“ მართლაც, ჯანსაღ სკეპტიციზმს აღძრავს იმის გაგება, რომ თალიბანს, „ალ-ყაიდას, ჰაქანის ქსელს და „ისლამურ სახელმწიფო – ხორასანს“ ერთმანეთისგან ორგანიზაციული სტრუქტურები გამოყოფს. ასეთი მტკიცება არ ითვალისწინებს მათ მოქნილობას, მათ შორის თანამშრომლობის ფორმებს, მეტოქეობის მიუხედავად ერთმანეთისთვის გაწეულ დახმარებებს და სამსახურს.
მაგალითად, თალიბანს არ აუღია პასუხისმგებლობა 2021 წლის მაისში ქაბულში ჰაზარელების სკოლაზე განხორციელებულ ტერაქტზე, რომელსაც 85 ადამიანი, მათგან უმეტესობა სკოლის მოსწავლე, შეეწირა. მათ განაცხადეს, რომ სავარაუდოდ, ეს „ისლამური სახელმწიფოს“ გაკეთებული ყოფილიყო. თუმცა ვინ იცის, შესაძლოა ეს ჰაქანის ქსელის ან „ალ-ყაიდას“ ჩადენილი ტერაქტი იყო, ან თუნდაც მათი ცალკეული დანაყოფების თანამშრომლობის შედეგი. ქაბულის აეროპორტის კარიბჭესთან ჩადენილ ტერაქტზე, რომელსაც 200 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფო – ხორასანმა“ აიღო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტერაქტის დამახასიათებელი ბევრი ნიშანი ჰაქანის ქსელის ხელწერასაც ჰგავდა. ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ერთმანეთის რესურსების გარდა მეთოდების გამოყენების კიდევ ერთი ნიშანია თალიბების მიერ დამარცხებული ჯგუფების ან ეთნიკური უმცირესობების წევრი ოჯახების ქალების და ხშირად არასრულწლოვანი გოგოების მათ მებრძოლებზე ძალდატანებითი “მითხოვება“, რაც, წარსულში, „დაეშისთვის“ დამახასიათებელი პრაქტიკა იყო.
რა პოლიტიკური ლეგიტიმურობა ექნება თალიბების მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობას? ასეთი ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად მათ მმართველობის ფუნდამენტური შეცვლა და გაუმჯობესება მოუწევთ, მათი მთავარი მიზანი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა უნდა გახდეს. ეს კი იმ რადიკალურ იდეოლოგიაზე უარის თქმას მოითხოვს, რომელმაც ისინი ტერორისტულ ორგანიზაციად ჩამოაყალიბა.
მითი მეხუთე: სახელმწიფოს მშენებლობის პროგრამა წარუმატებლად დასრულდა და ყველა ასეთ პროგრამას მარცხი ელის
სახელმწიფო მშენებლობის ამერიკული მოდელი, რომელიც კონსტიტუციის შექმნას, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით დაყოფილ და დაპირისპირებულ საზოგადოებებში ვერ იქნება გამოყენებული. მაგრამ ავღანეთში ეს მოდელი ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით იყო ადაპტირებული და წარუმატებლობა გარდაუვალი არ იყო. ნაკლებად ამბიციური მიზნები და ფინანსური დახმარების განსხვავებული ფორმები გაცილებით უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა.
ამერიკული მისიის სხვა სირთულეები გამოწვეული იყო პრიორიტეტების ხშირი ცვლით, ბუნდოვანი სამხედრო მიზნებით და ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტების სუსტი ავღანური ინსტიტუტებისთვის დაუფიქრებლად ჩაბარებით. არ ექცეოდა ყურადღება ამ ინსტიტუტების შესაძლებლობებსა და უნარებს, სუსტი იყო ფინანსური ხარჯების მონიტორინგი, რაც კორუფციის მაღალ რისკებს კიდევ უფრო ამძაფრებდა.
შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო ყარზაისა და ღანის მთავრობების ყოვლისმომცველი კორუფციის აღკვეთა ან თუნდაც მისი მასშტაბების შემცირება. ამან ავღანური საზოგადოებაში და შეიარაღებულ ძალებში ამერიკელთა მიმართ ნდობა დააზიანა. კოორდინაციის და კომპეტენციის ასეთი დაბალი მაჩნებლების პირობებში, ფინანსების დანიშნულებისამებრ განკარგვა გაცილებით ნაკლები მოცულობის დახმარების პირობებშიც კი რთული იქნებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ცდა ამაო იქნებოდა. მთავარი ფაქტორი ადგილზე არსებული რეალობის უკეთესად აღქმა და უკეთესად გათვალისწინება იყო. 2004 წელს გამოცემულ „მმართველობა და მსოფლიო წესრიგში“ ფრენსის ფუკუიამა დეტალურად აღწერს სუსტ სახელმწიფოებში ეფექტური მმართველობის და ქმედითი საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბების სირთულეებს. ეს პრობლემები არ იყო გათვალისწინებული ავღანეთში.
მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ადამიანური რესურსების განვითარების პროგრამების ნაწილი ნამდვილად ეფექტური იყო. თალიბების დამარცხებისა და განდევნის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოებაში და კერძო სექტორში შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტირება მოხდა. ჟურნალისტიკის, ქალთა გაძლიერების, ბიზნეს განვითარების, ჯანმრთელობის დაცვისა და საგანმანათლებლო პროგრამებმა საკმაოდ კარგი შედეგები მოიტანეს, მიუხედავად შედარებით მოკრძალებული დაფინანსებისა. შეერთებული შტატების ავღანეთში გამოჩენის შემდეგ დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლები განახევრდა. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 9 წლით გაიზარდა. ქალთა მდგომარეობა ავღანურ საზოგადოებაში კვლავაც მძიმეა, მაგრამ 2002 წელთან შედარებას კი ზედმეტია. მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ გოგოების რიცხვი, რომლებიც განათლებას იღებენ. თუ 2001 წელს ასეთები უბრალოდ არ არსებობდნენ, 2021 წელს სკოლებში განათლებას გოგოების 40% იღებდა.
მე „ავღანეთის ამერიკულ უნივერსიტეტში“ სამართლის ფაკულტეტის ჩამოყალიბებაში ვიღებდი მონაწილეობას. ის ახალგაზრდა ავღანელები, რომლებსაც იქ ხვდებოდი, მაძლევდნენ იმედს, რომ მათ ქვეყანას მომავალი ნამდვილად ჰქონდა და ამერიკელთა ძალისხმევა წყალში არ ჩაიყრებოდა. „ავღანეთის ამერიკულ უნივერსიტეტში“ გატარებული 12 წლის განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა გოგო სტუდენტების ქცევაც. თავიდან, აუდიტორიაში მყოფი რამდენიმე სტუდენტი გოგო ყოველთვის ცალკე, რომელიმე კუთხეში მორცხვად მიყუჟული იჯდა. ავღანეთის ამერიკელების მიერ დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე ქალები სამართლის სტუდენტთა რაოდენობის უკვე ნახევარს და ხშირად საუკეთესო ნაწილს შეადგენდნენ. გოგოები ბევრ ჯილდოს იმსახურებენ და ყოველთვის მზად არიან მათ თანაჯგუფელ ბიჭებთან დისკუსიაში შესვლისთვის.
ავღანეთში გატარებული 12 წლის მანძილზე არაერთხელ მიკითხავს ჩემი თავისთვის: ღირს კი ამის კეთება? ის ცვლილებები, რომლებიც ქაბულის უნივერსიტეტის აუდიტორიებში დავინახე სხვაგან ნამდვილად არასდროს მინახავს. ვფიქრობ, რომ უმაღლეს განათლებაში ჩვენ მიერ ინვესტირებული დრო და ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის, უბრალოდ, შედეგების დანახვას ერთი ან ათეული წელი დასჭირდება. ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ ახალი თაობის საზრიანი და გონიერი ლიდერები ავღანეთში და მის ფარგლებს გარეთ.
2002 წელს ავღანეთში განვითარების პროგრამის შედგენისთვის ვიყავი ჩასული. იქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს შევხვდი, რომელიც ანალოგიურ პროგრამაზე მუშაობდა. მან მკითხა თუ როგორ შეიძლებოდა კანონის უზენაესობის გაძლიერება ავღანეთში, სადაც სასამართლო სისტემა უკვე 30 წლის განმავლობაში არ არსებობდა. ყველა დავა არაფორმალური ინსტიტუტების მეშვეობით წყდებოდა. ჯერ წინადადება ითვალისწინებდა მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელშიც შევიდოდა ავღანელთა შორის წარმოშობილი დავების ძირითადი ტიპები, როგორ იქნა ეს დავები გადაწყვეტილი და იმ ფორუმებით მათ კმაყოფილების დონე, რომლებზეც ისინი გადაწყდა. ორგანიზაციის დირექტორმა ჩემს იდეა „ლამაზი და აკადემიური“ უწოდა. მე ვუპასუხე, რომ ეს საკმაოდ პრაქტიკული იდეა მიმაჩნდა: ფართო იურისდიქციის მქონე ფორმალური საჯარო ინსტიტუტების შექმნა ძვირი სიამოვნება იქნებოდა.
დასავლელი დონორებს არაფორმალური ინსტიტუტების უნდობლობისადმი აქვთ მიდრეკილება. ეს მათ ახალი საჯარო ინსტიტუტების შექმნისკენ უბიძგებს. ეს ინსტიტუტები იმ ფუნქციების შესრულებას ცდილობენ, რომლებსაც არაფორმალური ინსტიტუტები უკვე ასრულებენ. მოქმედი არაფორმალური ინსტიტუტების თუ მექანიზმების ჩანაცვლება ახალი ინსტიტუტებით სასურველი მხოლოდ ძლიერი საზოგადოებრივი მოთხოვნისა და საჭიროების შემთხვევაშია. ამავე დროს, ადგილობრივ საგადასახადო სისტემას ახალი ინსტიტუტების ფუქნციონირების უზრუნველყოფა საერთაშორისო დახმარების დასრულების შემდეგ შეეძლოს.
ჩემი პასუხის შემდეგ ორგანიზაციის დირექტორს მის გეგმებზე ვკითხე. მან მიპასუხა, რომ რამდენიმე დღით ადრე უმასპინძლა ქაბულში „სითი ბანკის“ რამდენიმე ექსპერტს, რომლებმაც მას სავაჭრო კოდექსის შექმნის რეკომენდაცია მისცეს. მე აღვნიშნე, რომ ეს ცუდ იდეად მიმაჩნდა და ავღანელებს სავაჭრო კოდექსის გარკვეული ასპექტები ალბათ ათი წლის შემდეგ თუ დასჭირდებოდათ, მაგრამ იმ მომენტში მათთვის ამ შეთავაზების გაკეთება ცინიკურ ნაბიჯად ჩაითვლებოდა. მათ დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საერთაშორისო დახმარება მათი ნამდვილ და პირველხარისხოვან საჭიროებებს არ ითვალისწინებდა. პასუხად მივიღე, რომ ეს შესაძლოა მართლაც ასე ყოფილიყო, მაგრამ „ჩვენ სავაჭრო კოდექს იმაზე სწრაფად მივიღებთ ვიდრე ამას ავღანელები მიხვდებიან“. ასეთი სტრატეგიით მოქმედების შედეგად ავღანეთი გაივსო მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერის მქონე ინსტიტუტებით და ინიციატივებით, რომელთა გამრავლება ფურცელზე არსებული გეგმის შესრულებას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე ავღანელი ხალხის რეალური საჭიროებების დაკმაყოფილებას.
მითი მეექვსე: ავღანეთიდან გამოსვლა დაზოგავს იმ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს, რომლებიც იქ ყოფნისას იხარჯებოდა. აცილებული იქნება ის მსხვერპლი, რომლის გაღება იქ ყოფნის გამო იქნებოდა საჭირო
საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისთვის კარგად არის ნაცნობი ფენომენი, რომელსაც „ბუმერანგის ეფექტს“ უწოდებენ და რომელიც სამხედრო ინტერვენციების ან მათი შეწყვეტის არასასურველ და გაუთვალისწინებელ შედეგებს გულისხმობს. ამერიკის ავღანეთიდან გამოსვლამ შესაძლოა ისეთივე „ბუმერანგის ეფექტი“ წარმოშვას, როგორიც ერაყიდან გამოსვლას მოჰყვა: რამდენიმე წელში ამერიკელ ჯარისკაცებს იქ დაბრუნება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად მოუწიათ. ასეთ ეფექტის ავღანეთში გამეორების შემთხვევაში შედეგები კიდევ უფრო მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს. მათი აღმოფხვრა სტაბილიზაციის პროგრამის გაგრძელება ბევრად ძვირი სიამოვნება იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერად მოვლენები უფრო დადებითი სცენარით განვითარდება, თუმცა ასეთი შესაძლებლობა არსებობს.
მითი მეშვიდე: თალიბებმა მათი ბრძოლის იდეოლოგიური განზომილება შეცვალეს, ისინი ყველაფერს იღონებენ საერთაშორისო აღიარების და ამ აღიარებიდან გამომდინარე სარგებლის მისაღებად
ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ალბათ ამ მითის რეალობად ქცევაა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამის ალბათობა დაბალია. სირაჯუდინ ჰაქანის ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა საპირისპიროს მიუთითებს. სირაჯუდინი „ჰაქანის ქსელის“ მეთაურია, რომლის დაპატიმრებისთვის საჭირო ინფორმაციის სანაცვლოდ შეერთებული შტატების მთავრობამ 10 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. ქალთა განათლებაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში არსებულ სხვა საკითხებზე თალიბების წარმომადგენლებმა იმედის მომცემი კომენტარები გააკეთეს, მაგრამ ადგილზე მომხდარი მოვლენები საპირისპირო რეალობას მიუთითებენ. აღმოჩნდა, რომ ქალთა განათლებისადმი, მათი უფლებებისა და საზოგადოებაში მათი მდგომარეობისადმი დამოკიდებულება ბოლო ოცი წლის განმავლობაში არ შეცვლილა.
ერიკ იანსენი სტენფორდის სამართლის სკოლის „კანონის უზენაესობის პროგრამის“ დირექტორია.