article-img

ამერიკა, ეს დაბნეული გოლიათი

იოზეფ იოფე

ბარაკ ობამას მიერ საპრეზიდენტო სავარძლის დაკავების შემდეგ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა, რუსეთისა და ჩინეთისგან განსხვავებით, შეკვეცილი სახით არსებობდა. ბუნების მსგავსად, საერთაშორისო სისტემა ვერ იტანს ვაკუუმს.

საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი კანონი მარტივია: კატის გარეშე, თაგვები ცეკვავენ. მარტივად რომ ვთქვათ, წესრიგს დაცვა და შესაბამისად, დამცველი სჭირდება. ვერ ვიტყვით, რომ ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის დასაწყისის შემდეგ ამერიკა კვლავაც უინიციატივოა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ის „ზესახელმწიფოს“ სტატუსის მქონე ქვეყნისთვის აუცილებელი ყურადღებით მისდევს საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებს.

დავიწყოთ ევროპით, ამერიკის უძველესი სამოქმედო მოედნით. ბაიდენს ეყო პოლიტიკური ალღო და გამჭრიახობა: ტრამპის მიერ დაწყებული ევროპაში დისლოცირებული ამერიკული ძალების რაოდენობის შემცირების პროცესი შეჩერებულია. ვლადიმირ პუტინზე ამას დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ნატო-ს სივრცის საჰაერო და საზღვაო საზღვრების დარღვევებით, კიბერშეტევებით და ჰიბრიდული ომის სხვა მეთოდებით მოსინჯვის შემდეგ, მან უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის კამპანია წამოიწყო. სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთის სხვადასხვა კუთხიდან უკრაინის საზღვართან გადმოსროლილი რუსი სამხედროების რიცხვი 175 ათასს აღწევს.

ეს სამხედრო შენაერთები ამ ადგილებში სასეირნოდ არ მოსულან. ბრძანების მიღების შემთხვევაში მათ ვერც შეერთებული შტატები და ვერც ევროკავშირი შეაჩერებს. შესაძლოა კრემლის ბინადარს ომის დაწყება არც სჭირდებოდეს და გაზრდილი წნეხი და სამხედრო აგრესიის მუქარა დათმობების მოპოვებისთვის საკმარისი აღმოჩნდეს. ბევრს ახსენდება 1938 წელს ჰიტლერის მიერ გერმანელებით დასახლებული სუდეტების ჩეხოსლოვაკიისთვის ერთი გასროლის გარეშე წართმევა. დღესაც, პუტინი ანალოგიურ რიტორიკას მიმართავს და უკრაინაში ეთნიკურ რუსების წინააღმდეგ ჩადენილ “გენოციდზე“ გოდებს. მისი შეხედულებით რუსები სადაც ცხოვრებენ რუსეთია, შესაბამისად, აღმოსავლეთ უკრაინაც, დანარჩენი “როდინას“ მსგავსად, მას ეკუთვნის.

2021 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციამდე მან მსოფლიოს მისი სათქმელის მეორე ნაწილი გაუზიარა.

 

მსოფლიო ისტორიაში ექსპანსიონიზმით შეპყრობილი სხვა იმპერიების მსგავსად რუსეთი ბრალის გადატანას აგრესორიდან მსხვერპლზე ცდილობს.

 

აღმოჩნდა, რომ მოსკოვის მიერ უკრაინის საზღვრების გასწვრივ სამხედრო ძალის კონცენტრაციის მიზეზი თავდაცვითი ყოფილა. მათი მიზანი ნატოს შესაძლო შემოტევის შეჩერებაა. ამ დროს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს ალიანსის სულ რამდენიმე ბატალიონი ამაგრებს. რუსეთისგან უკრაინისა და ბელორუსის ტერიტორიებით დაშორებული ეს ნაწილები „მავთულხლართის“ სიმბოლური ფუნქციის როლს ასრულებენ. აქაც 1939 წელს ჰიტლერის პოლონეთზე თავდასხმის ანალოგია მახსენდება, როცა ფიურერმა პოლონეთის დაპყრობა გერმანიის მიმართ იქიდან მომავალი საფრთხით გაამართლა.

რუსეთის ტანკების ძალის ზურგგამაგრებული  “ჭესტპოლიტიკ“-ის მიზანი დღესავით ნათელია. რუსეთის ახალ მბრძანებელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ისტორიის სხვადასხვა დროს  სხვადასხვა ფორმით დომინირების აღდგენა სურს. ამ მიზნის მიღწევას ის მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენებით არ აპირებს. მისთვის ყველა ის მეთოდია მისაღები, რომელიც გერმანიის აღმოსავლეთით არსებულ სივრცეს რუსეთის კონტროლქვეშ არსებულ სატრაპიად გადააქცევს. უკან დაიხიეთ, ემუქრება პუტინი ნატო-ს და ევროკავშირს. რატომ გახარჯავს ის სამხედრო ძალის გამოყენების ძვირფას შესაძლებლობას თუ, 1938 წლის მიუნხენის მსგავსად, კიევისთვის თავის გაწირვას დასავლეთში არავინ აპირებს?

გავიხედოთ ახლო აღმოსავლეთისკენ: არაბული ქვეყნებისა და ისრაელის მიერ ირანის საწინააღმდეგო კოალიციის ჩამოყალიბებაში დახმარების ნაცვლად ბაიდენს ამ ისტორიული პროცესისთვის დიდი ყურადღებაც კი არ დაუთმია. თეირანმა დიპლომატიური გამარჯვება ჩაიწერა. დიდი ენთუზიაზმი არ ეტყობა ვაშინგტონს ელ-რიადის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიწოდების საკითხზე, რომელიც დღის წესრიგში ირანის მიერ მართული ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმების გახშირების შემდეგ დადგა. ჰუსიტები საუდის არაბეთის განადგურებით იმუქრებიან.

ზოგჯერ სიმბოლოებს სამხედრო ძალაზე მეტი ეფექტი აქვთ. ადვილი წარმოსადგენია თუ რამდენად დიდი სიამოვნება მიიღო ირანის უმაღლესმა ლიდერმა შეერთებული შტატების დამცირებით, როცა ამ უკანასკნელმა უკან დაიხია და შეურიგდა ირანის უარს პირდაპირ ეწარმოებინა თეირანს ვაშინგტონთან დიალოგი ირანული ბირთვული პროგრამის თაობაზე. პრეზიდენტი ბაიდენი, ენტონი ბლინკენი და ჯეკ სალივანი დიპლომატიაში გამოცდილი ხალხია, თუმცა ახალბედაც კი მიხვდებოდა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან სხვა მხარეების დასწრების მოთხოვნით ირანი დროის გაყვანას და შეერთებული შტატების პოზიციის რუსეთის, ჩინეთის და დასავლეთის სხვა ქვეყნებისგან იზოლირებას ეცდება.

ამ პროცესის პარალელურად ისრაელი ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის განადგურების წვრთნებს ატარებს. ეს დემონსტრაციული დემარში განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თეირანთან მოლაპარაკებების მაგიდასთან მჯდომი შეერთებული შტატები ახლო მომავალში ისრაელისთვის საჰაერო ტანკერის უახლესი მოდელის, Kჩ-46-ის გადაცემას აპირებს, რაც ისრაელის საჰაერო ძალებს ირანის ტერიტორიის ნებისმიერი წერტილის დაბომბვის საშუალებას მისცემს. ამ მოცემულობაში ისრაელის და შეერთებული შტატების „კარგი და ცუდი პოლიციელის“ პრინციპით მოქმედების შესამჩნევად არ არის აუცილებელი საერთაშორისო ურთიერთობებში სადოქტორო ხარისხის მფლობელი ვიყოთ. ისრაელის მხრიდან საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტის საფრთხე შეერთებულ შტატებს დიპლომატიურ ფრონტზე უფრო მყარი პოზიციით წარდგომის საშუალებას აძლევს. ანალოგიური დინამიკა იკვეთება შორეულ აღმოსავლეთშიც. პეკინი შეერთებულ შტატებს მიანიშნებს, რომ გუამამდე წყლებს ჩინეთის ექსკლუზიური გავლენის ზონად მიიჩნევს. ტაივანისადმი რიტორიკის გამკაცრება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ საკითხისადმი „სტრატეგიული ორაზროვნების“ პოლიტიკის გაგრძელების მიზანშეწონილობას ვაშინგტონის მხრიდან. გასაცემია პასუხი კითხვაზე: არის თუ არა მზად ამერიკა ტაივანი დაიცვას? „დიახ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა“, აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი, თუმცა ნაკლებად ცალსახა პასუხი აქვთ ამ კითხვაზე მისი ადმინისტრაციის წევრებს.

წარსულს ჩაბარდა ის დღეები, როცა პრეზიდენტი კლინტონი ტაივანის სრუტეში ავიამზიდთა ჯგუფს აგზავნიდა ჩინეთის პროვოკაციული მოქმედების საპასუხოდ. ანალოგიური მანევრის განხორციელების შემთხვევაში დღეს ამერიკული გემები გაცილებით დიდ საფრთხეში ჩაიგდებენ თავს. ჩინეთმა მისი შეიარაღებული ძალების სარაკეტო, საჰაერო და საარტილერიო შესაძლებლობების უწყვეტი ზრდის ხარჯზე მნიშვნელოვნად გაზარდა ასეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლო ფასი. ამერიკული ძალების ტაივანზე ფიზიკურმა ყოფნამ ის ეფექტი დაკარგა, რომელსაც წარსულში იწვევდა. კუნძულზე თავდასხმის მოსაგერიებლად შეერთებულ შტატებს ჩინეთის სანაპიროზე განთავსებული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ინფრასტრუქტურის განადგურება მოუწევს.

რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან? უხსოვარი დროიდან, მეტოქის ნებისა და ძალის გამოსაცდელად იმპერიები ნიადაგს პერიფერიაზე სინჯავენ. რამდენად მტკიცეა მოკავშირეებისა და მიმდევრებისადმი ერთგულება? როგორი რეაქცია მოყვება ზეწოლას, კონტრშეტევა თუ უკანდახევა? რამდენად რეალურია ამერიკის მუქარები? ეს შესაძლოა ბავშვურ თამაშად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ თამაშში თუ არ მონაწილეობ ინტერესის ან გამბედაობის არქონის გამო, წაგებული ხარ. ხოლო ბევრი პატარა წაგება, დიდი მარცხით მთავრდება.

არ მსურს შეერთებული შტატების ავღანეთიდან უეცარი გამოსვლა უკუსვლის მომასწავებელ ნიშნად გამოვაცხადო. ეს ღვთისგან დავიწყებული მიწა რუსეთსა და ჩინეთთან მეტოქეობაში საჯილდაო ქვად ჯერ არ ქცეულა.

 

ამ ჭიდილში მნიშვნელობა ევროპას, ახლო აღმოსავლეთს და აღმოსავლეთ აზიას აქვთ. ვინც რომელიმე მათგანს დაკარგავს, გლობალური მოთამაშის სტატუსსაც უნდა დაემშვიდობოს.

 

შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებს კეთილი ნების გამო არ იცავს. დიახ, მათი უმეტესობა, როგორც ყველა პატარა ქვეყანას სჩვევია, თავდაცვის ხარჯებს ვაშინგტონის ხარჯზე ზოგავს. მათ, რომ მეტის გაკეთება მოეთხოვებათ, ეჭვგარეშეა. ამ მხრივ მისაბაძი მაგალითი იაპონია იქნება. ასე თუ ისე, ეს ქვეყნები შეერთებული შტატების უსაფრთხოებისა და თავდაცვის პირველი ხაზია. ისტორია არ დაინდობს იმ ქვეყანას, რომელიც ამ მოცემულობას ეჭვქვეშ დააყენებს. ეს წესი პირველი სახელმწიფოების გაჩენის შემდეგ არ შეცვლილა: ის, ვინც გლობალურ თამაშში უკან იხევს, მეტ სირთულეს იქმნის თამაშის მომდევნო რაუნდებში. რატომ  უნდა გაჩერდე, როცა საქმე კარგად მიგდის?

 

გადასვლა უკანდახევის რეჟიმზე

 

მაშ, რა უნდა ეღონა ბაიდენს? დასაწყისისთვის პრეზიდენტს გაცილებით ამბიციური თავდაცვის ბიუჯეტი უნდა წარედგინა 2022 წლისთვის. მან 715 მილიარდი აშშ დოლარი მოითხოვა, რაც 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტზე 1.6%-ით მეტია. ინფლაციის გათვალისწინებით ამერიკამ არათუ არ გაზარდა, არამედ შეამცირა თავდაცვის ხარჯები. ეს მოსკოვსა და პეკინზე შთაბეჭდილებას ნამდვილად ვერ მოახდენდა. სენატის ერთსულოვანი მოთხოვნით ბიუჯეტის ოდენობა 768 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მოკრძალებული, მაგრამ მაინც ზრდაა.

თუმცა შესაძლოა აქ პროცენტებსა და ციფრებს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდეთ. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროიდან შეერთებული შტატები „უკანდახევის რეჟიმზე“ გადავიდნენ. ამერიკის ისტორიის ყოველი ასეთი ციკლი ხელსაყრელ მომენტს უქმნიდა რევიზიონისტულ ძალებს. ჩინეთს, ირანსა და სხვა მსგავს ძალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული დღევანდელ დღეს პუტინის რუსეთია. ობამა პირველი იყო, რომელმაც ამერიკის  გლობალური ვალდებულებებისგან გადადგა ნაბიჯი უკან. მისი მთავარი ორიენტირი ამერიკის მიერ პოლიტიკური ფოკუსის საკუთარ თავზე გადმოტანა იყო. მიუხედავად განსხვავებული წარმოდგენებისა, ეს ტენდენცია გააგრძელა მისმა რესპუბლიკელმა მემკვიდრე. დონალდ ტრამპი პირველი იყო, რომელმაც კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგების გამოსწორებისთვის განკუთვნილი ტრილიონობით აშშ დოლარი გამოყო ამერიკელებისთვის. მისი მოფიქრებული იყო „ამერიკის ინფრასტრუქტურული განახლების პროგრამაც“, რომელმაც პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს 2021 წელს წარუდგინა. ტრამპი არ ერიდებოდა შეერთებულ შტატების მოკავშირეებთან ღია დაპირისპირებას და სტაბილურად ამცირებდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დისლოცირებული ამერიკული შენაერთების რაოდენობას. ტრამპის დროს იყო გადაწყვეტილი და ორგანიზებული ბაიდენის მიერ დასრულებული ავღანეთიდან გამოსვლა. საბჭოთა კავშირის „შეიარაღებათა რბოლაში“ ჩართვა წარსულს რეიგანის პრეზიდენტობის დასრულებასთან ერთად, 40 წლის წინ ჩაბარდა.

რთულად წარმოსადგენია სი ძინპინსა და პუტინს ამერიკის ასეთი ხაზგასმული უკანდახევა არ შეემჩნიათ. რის გაკეთება შეიძლება ახლა, როცა სახეზე გვაქვს ამ პოლიტიკის შედეგები საქართველოში, უკრაინაში, ტაივანსა თუ ახლო აღმოსავლეთში? შეკავების პოლიტიკა 2.0, რომელსაც აქტიურად ითხოვენ ანალიტიკოსთა წრეები? თუმცა, ეს ანალოგია მოიკოჭლებს.

პირველ რიგში, უნდ აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატებს ახლა ერთის ნაცვლად ორ მეტოქე ეწინააღმდეგება. გლობალურ საჭადრაკო დაფასთან ვაშინგტონის პირისპირ საერთაშორისო სტატუს-კვოს შეცვლის მოსურნე ორი მოთამაშე უზის. პირველი რეფლექსი მათ შორის არსებული მრავალი უთანხმოების გამოყენებაა, რაც ჯერ კიდევ ნიქსონმა და კისინჯერმა ვიეტნამში მიმდინარე ომის დროს სცადეს. იმის მიუხედავად, რომ ეს შეერთებული შტატების სტრატეგიული ზეობის წლებში ხდებოდა, მათი ცდა უშედეგო გამოდგა. შეერთებული შტატების მიერ არჩეული „უკანდახევის რეჟიმი“ არც სადავო ტერიტორიების გარშემო შეკავების „კედლების“ აღმართვის „ცივი ომის“ სტრატეგიას უწყობს ხელს.

შეერთებული შტატები არ გააგზავნის ტაივანში ამერიკული შენაერთების ისეთ რაოდენობას, რომლებიც ჩინეთზე შემაკავებელ ეფექტს იქონიებს. სიმბოლური რიცხვით იქნება შეზღუდული პუტინის გამოსაფხიზლებლად აღმოსავლეთ ევროპაში გადასროლილი კონტინგენტიც. ევროპელთა მსგავსად, არც შეერთებულ შტატებს მიუწოდებია ისეთი შეიარაღება უკრაინისთვის, რომელიც მომავალ ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა. ასეთი თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებია იქნებოდა. თუ შეკავების პოლიტიკა 2.0 გსურთ, უნდა გახსოვდეთ რატომ იყო ის ეფექტური: მისი წარმატების საკვანძო ფაქტორი  „ცივი ომის“ განმავლობაში ევროპაში მუდმივად განლაგებული 350000 ამერიკელი ჯარისკაცი და ათასობით ტაქტიკური ბირთული ქობინი იყო.

 

ერაყისა და ავღანეთის შემდეგ შეერთებულ შტატებში ძნელად მოიძებნება ერთი საარმიო კორპუსის ექვივალენტი ძალის ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე გაგზვნის მსურველი.

 

რა რჩება? მოვლენებისთვის ფეხის აწყობის გაგრძელება? საბედნიეროდ, 21-ე საუკუნის ბრძოლის ველისთვის ცოცხალი ძალის რაოდენობამ გადამწყვეტი მნიშვენლობა დაკარგა. გლობალურმა მეტოქეობამ უფრო მოქნილი და ფარული ფორმები მიიღო. როგორ უნდა შეჩერდნენ ის „მწვანე კაცუნები“, რომლებიც არც ფორმას ატარებენ და დროშას აფრიალებენ? როგორ უნდა შენელდეს რუსეთის პერმანენტული, მაგრამ ფარული აგრესია ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ?

პეკინისა და მოსკოვის სტრატეგია მარტივი, მაგრამ ამავე დროს დახვეწილია: გამოიყენე სიახლოვის უპირატესობა და მოიგე ტერიტორია. სამიზნის უშუალო სიახლოვეში მდებარეობა მათ მოკლე „შიდა ხაზების“ უპირატესობას აძლევს, როგორც ამას კლაუზევიცი იტყოდა. როცა შენ პაიკებს დაძრავ, ესკალაციის ტვირთი მოწინააღმდეგეს ეკისრება. შეერთებული შტატები არ დაშლის ჩინეთის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშენებული ხელოვნური კუნძულების ჯაჭვს და ვერც უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ უფრო ღრმად შემოჭრილ რუსეთს დაუდგება წინ. ეს გვიან იქნება.

მათი მიდგომის ირიბი ეფექტურობა შეერთებული შტატების პასიურობას ეყრდნობა. ამ სცენარის საკვანძო ნაწილი ბარაკ ობამამ 2012 წელს დაწერა, როცა სირიელი დიქტატორის მიერ მისი „წითელი ხაზების“ გადაკვეთა ურეაქციოდ დატოვა. ბუნებრივია იყო პუტინის რეაქცია, მისთვის ეს შესაძლებლობების ფანჯრის გახსნის მინიშნება იყო. როგორ გაუძლება ის ამ ცდუნებას? აბა ახლა შეეცადოს ვინმა რუსეთის განდევნას ახლო აღმოსავლეთიდან, საიდანაც ისინი ნიქსონისა და კისინჯერის დუეტმა 50 წლის წინ გააძევეს?

როგორი შეიძლება იყოს წინააღმდეგობის ადეკვატური სტრატეგია? „გაჩნდი იქ ყველაზე ადრე ყველაფრით რითიც შეგიძლია“, მოუწოდებდა თანამედროვეებს ამერიკის სამოქალაქო ომის გენერალი ნათანიელ ბედფორდ-ფორესტი. ესკალაციის ორგანიზებაზე კი მოწინააღმდეგე დაიხარჯოს.

რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთთან წინააღმდეგობის გამწევ მხარეს შეუძლია გამოიყენოს: პროტეჟეების შეიარაღება, რაც მათი აგრესიის ფასს გაზრდის; მოკავშირეების დასაიმედებლად ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების მაქსიმალურად გაზრდა (სასურველია იქ დღევანდელ რამდენიმე ბატალიონზე გაცილებით მეტი შენაერთი იყოს); გარდა ამისა, უნდა შეიზღუდოს რევიზიონისტული ძალების მიერ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების და ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობები. სტრატეგიული აქტივის დაუფლების ერთ-ერთ ასეთი მაგალითი იყო ჩინეთის მიერ ნატო-ს წევრი ქვეყნის, საბერძნეთის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტის, პირეოსის, შეძენა.

საუდის არაბეთს საკუთარი ნავთობის საბადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა შეეძლოს. მოჰამედ ბინ სალმანი თავზეხელაღებული ახალგაზრდაა, რომელიც მისი ოპონენტების დასადუმებლად მათ მკვლელობასაც არ ერიდება, მაგრამ მსოფლიოს საჭადრაკო დაფაზე მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია. როცა ვაშინგტონი საუდის არაბეთს ბალისტიკური რაკეტების შესყიდვაზე უარს ეუბნება, ისინი იგივეს ჩინეთისგან ყიდულობენ, რაც ამ უკანასკნელებს ახლო აღმოსავლეთში ახალ დასაყრდენს უჩენს.

არ იჭოჭმანოთ აბუ-დაბისთვის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვაზე. ამით ირანს მაინც ვერ ასიამოვნებთ. დაეხმარეთ უკრაინას აღჭურვოს არმის ისე, რომ პუტინს ორჯერ დაფიქრება მოუწიოს. ბერლინისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულების შესაძლებლობის მიცემის ნაცვლად, დაეხმარეთ ევროპელებს დაძლიონ მათი წარმოუდგენელი დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე. განსაკუთრებით ახლა, როცა გერმანიის საზოგადოებრივი აზრიც კი პუტინის საწინააღმდეგოდ იხრება. ვაშინგტონმა ხელი უნდა შეუწყოს არაბებსა და ისრაელს შორის ალიანსის გაძლიერებას, რომელიც ირანის შეკავების საკვანძო ფაქტორი იქნება. ამერიკელმა მომლაპარაკებელებმა არ უნდა მიანიშნონ თეირანს, რომ „ბირთვული შეთანხმების“ განახლებული ვარიანტი მათთვის რეალური სურათის დანახვაზე მნიშვნელოვანია, რომელშიც თეირანი შაჰის მმართველობიდან მოყოლებული ატომური ბომბის მოპოვებას ცდილობს.

არცერთი ამ ნაბიჯთაგან 1962 წლის კარიბის კრიზისის მსგავსი პირდაპირი კონფრონტაციის პროვოცირების მაღალი რისკის მატარებელი არ არის. ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა მოსკოვისა და პეკინის მიერ დამუშავებული ირიბი სტრატეგია უნდა გამოიყენონ. ნუ დაეჯახებით პირდაპირ ბირთვული იარაღის მქონე მეტოქეს, არამედ გამოიყენეთ თქვენი უპირატესობები, როგორიც მსოფლიოს ყველა კუთხეში მდებარე მოკავშირეები და მათი რესურსებია, მითუმეტეს, რომ პეკინსა და მოსკოვს მსგავსი არაფერი გააჩნიათ.

აქ საკვანძო ელემენტები ყურადღებით დაკვირვება და მტკიცე ნებაა. სამწუხაროდ, ეს თვისებები იშვიათად გვხვდება დასავლეთის მმართველ წრეებში. მნიშვნელოვანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს კიბერ შესაძლებლობების განვითარებაში. ისევ და ისევ, ამან მოსკოვსა და პეკინს შეიძლება შემდეგ კიბერ თავდასხმაზე ააღებინოს ხელი.

უნდა შეჩერდეს დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის შეერთებული შტატების, საზღვაო ფლოტის მოძველების პროცესი, მაშინ როცა ჩინეთი სამხედრო ხომალდებს დაუჯერებელი სისწრაფითა და მოცულობით აწარმოებს. თანამედროვე სამხედრო ფლოტის გარეშე შეერთებული შტატების მსგავსი საზღვაო იმპერია თავდაცვის პირველ ხაზს კარგავს. რა თქმა უნდა, ეს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ მაინც იაფია ვიდრე უმოქმედობა ან ომი.

სამხედრო შესაძლებლობებისა და დიპლომატიის გარდა უმნიშვნელოვანეს ფაქტორად რჩება ზესახელმწიფოს მიერ გლობალური ვითარების ადეკვატური აღქა. ამ სამგანზომილებიან ჭადრაკში მოწინააღმდეგეებს ამერიკის მთავარი ფიგურების ჩაკეტვა საჭადრაკო დაფის მის მხარეს შეუძლიათ. ეს გზა „შეკავების პოლიტიკა 2.0-ს“ ჯობია?

უპირველეს ყოვლისა, ამერიკა არ უნდა გაებას იმ მახეში, რომელზეც ჯორჯ კენანი „ამერიკული დიპლომატიის“ ფურცლებიდან მკითხველებს ჯერ კიდევ 1951 წელს აფრთხილებდა. ის შეერთებულ შტატებს დინოზავრს ადარებდა, რომელიც გარემოს ყურადღებას არ აქცევდა და არც სჭირდებოდა ეს მისი ზომის გამო. მისი ყურადღების მიქცევა ძალიან ძნელია, ის საფრთხეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგრძნობს, როცა კუდს მოაჭრიან, მაგრამ საკუთარი თავის საფრთხეში ყოფნის გააზრების შემდეგ მისი შეჩერება შეუძლებელია. რისხვით დაბრმავებული, ის მოწინააღმდეგის განადგურებით არ კმაყოფილდება და გარემოსაც კი აყენებს ზიანს.

შესაბამისად, ჯიმი კარტერის მოდელის გამეორება კარგს არაფერს მოიტანს. 1977 წელს მან ამერიკელებს საგარეო პოლიტიკაში მეტი „კეთილგანწყობის“ გამოჩენა მოუწოდა და „კომუნიზმის უმიზეზო შიშის“ დაძლევა ურჩია. კარტერი მიიჩნევდა, რომ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა „ამერიკული ღირებულებებისადმი ერთგულებაზე და ისტორიულ ოპტიმიზმზე“ უნდა ყოფილიყო დაფუძნებული. მისი მიდგომის ძირითადი ასპექტები „ადამიანთა უფლებები“, „მშვიდობიანი ცვლილება“, „თანამშრომლობა“ და „მორალი მაგალითის ძალა“ იყო. პრეზიდენტი კარტერი „ბირთვული შეიარაღების“ გამალებული ზრდის ორმხრივად შეჩერების მიზანს ისახავდა.

ეს ყველაფერი მისი საპრეზიდენტო ვადის ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში დაწყებული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ „პავლე სავლედ იქცა“. კარტერის თქმით, ამ მოვლენამ „ფუნდამენტურად შეცვალა ჩემი წარმოდგენები საბჭოეთის ნამდვილ მიზნებზე“. სწორედ ამ „ისტორიულმა გარდატეხამ“ განაპირობა შეერთებული შტატების მიერ სამხედრო შესაძლებლობების თვისობრივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ რეიგანის გამარჯვებამდე. კარტერის დოქტრინაში „კეთილგანწყობა“ „ძალის პოლიტიკამ“ შეცვალა. „ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც სპარსეთის ყურეზე კონტროლის დამყარებას შეეცდება, შეერთებული შტატები ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით გაუწევს წინააღმდეგობას, მათ შორის, ძალის გამოყენებით“, აცხადებდა კარტერი.

დღევანდელი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ბევრად გამჭრიახი იქნებოდა ამერიკას იმთავითვე ზესახელმწიფოს სტატუსის შესაბამისად ემოქმედა და სპარსეთის ყურეში შთაბეჭდილება მისი ძლიერი ფლოტით პატრულირებით მოეხდინა. ვინმეს „კეთილგანწყობა“ არ ნიშნავს, რომ ის სხვებშიც ანალოგიურ გრძნობას გამოიწვევს. სამაგიეროდ, ამერიკის 24-საათიანი მზაობა ზრდის მოწინააღმდეგეთა რისკებს და იმ ფასს, რომლის გადახდა მათ აგრესიული ქმედებისთვის მოუწევთ. ეს სტაბილურობის საფუძველს ქმნის. განსაკუთრებული შედეგი არც ამერიკელების საყვარელ ინსტრუმენტს, ეკონომიკურ სანქციებს, მოაქვთ. არავის ახსოვს სანქციების შიშს, რომელიმე დიდი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მიზნის მიღწევაში შეეშალა ხელი. კარტერის თუ სხვა ამერიკელი პრეზიდენტებისთვის დამახასიათებელი „ადამიანთა უფლებების“ გარშემო ჩამოყალიბებული რიტორიკას ჯერ არასდროს შეუშინებია რევიზიონისტული ძალები.

დღეს ბაიდენის ამერიკა დაბნეულ გოლიათს ჰგავს და ამას მისი მოწინააღმდეგეებიც კარგად ხედავენ. ოპორტუნისტული გამოხტომების მეშვეობით ისინი ნიადაგის მოსინჯვის მუდმივ რეჟიმში არიან და შეერთებულ შტატებთან პირდაპირი კონფრონტაციის საბაბს არ იძლევიან. ასეთი მოქნილი თამაში მათ ზედმეტი რისკების გარეშე დამატებითი ქულების მოპოვების საშუალებას აძლევს. ბატონები ბაიდენი, ბლინკენი და სალივანი კარგად ხედავენ ვის აქვს უპირატესობა. მათ უნდა საბოლოოდ გაიაზრონ, რომ ამ თამაშში მთავარი ძლიერებაა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის საკვანძო ფაქტორად რჩება.

მთავარი ამოცანა ისეთი სტრატეგიის შექმნაა, რომელიც შეერთებულ შტატებს მოსკოვისა და პეკინის გამოხტომებთან დაუბრკოლებლად გამკლავების ყველა წინაპირობას შეუქმნის. საბოლოოდ ის იგებს ვინც ყველაზე მეტ ქვას შეაგროვებს და მოწინააღმდეგის ტერიტორიას ალყაში მოაქცევს. საჭიროა ორი, სამი ნაბიჯით წინ ფიქრი. შეკავება 1.0. ერთი ერთზე იყო და ძალთა შედარებაც უფრო მარტივი იყო. დღეს ვითარება განსხვავებულია და ეს განსხვავებები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. დრო აღარ ითმენს.

 

 

იოზეფ იოფე

იოზეფ იოფე, „ამერიკული მიზნის“ სარედაქციო საბჭოს წევრია. ის ჯონ ჰოპკინსის საერთაშირისო ურთიერთობების სკოლის პოლიტიკური თეორიისა და საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორია.