
მარტო დარჩენილი ბრიტანეთი
ფილიპ სტივენსის ახალ წიგნში ოსტატურად არის გაანალიზებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთის, როგორც დიდი სახელმწიფოს დაღმასვლა.მოდი, ასეთი რამ წარმოვიდგინოთ: 2016 წელს, სწორედ ბრექსიტის წელს, ოქსფორდის ან კემბრიჯის ყველაზე ნიჭიერმა მასწავლებელმა პოლიტიკის მეცნიერების შემსწავლელ საუკეთესო სტუდენტს გამოცდაზე შემდეგი შეკითხვა დაუსვა: დაასახელეთ ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს და შეაფასეთ, როგორ გაართვა თავი მისი უდიდებულესობის მთავრობამ ამ გამოწვევასო. ამომწურავი პასუხი, რომელსაც გამოცდილი, ასაკოვანი ავტორი გასცემდა, ფილიპ სტივენსის წიგნის სახეს მიიღებდა, “მარტო დარჩენილი ბრიტანეთი: გზა სუეციდან ბრექსიტამდე”.
თავიდან წაიკითხეთ მასწავლებლის შეკითხვა. მარტივია, არა? ალბათ პასუხსაც უკვე მიაგენით: ომის შემდეგ ეკონომიკის აღდგენა, იმპერიის ნარჩენების მართვა, კონტინენტურ ევროპასთან კავშირების ხელახლა გაბმა, ლიდერ სახელმწიფოსთან, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის მოწესრიგება. ჰო, ადვილია. უფრო ძნელია იმის ჩვენება, რატომ იყო ეს საკითხები ასეთი მნიშვნელოვანი, რაც მოითხოვს ბრიტანეთისა და ევროპის ისტორიის, ეკონომიკის ისტორიის, მე-20 საუკუნის იდეოლოგიის, კომუნისტური საფრთხეების, ანტი- და პოსტკოლონიური მსოფლიო მოძრაობების და არა მხოლოდ მათ სიღრმისეულ ცოდნას. საჭიროა ფხიზელი შეფასება შესაძლებლობებისა და საფრთხეებისა, ისევე, როგორც სამართლიანი კრიტერიუმები.
ეს წამოწყება, თავის მხრივ, მოითხოვს ბევრი რამის ცოდნას პიროვნებებისა და იმის შესახებ, რისიც მათ სჯეროდათ; პოლიტიკოსების ამბიციების შესახებ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას; ინსტიტუციური კულტურის შესახებ უაითჰოლიდან უესტმინისტერამდე. ნურც იმ პოლიტიკური სისტემის შეზღუდვები დაგვავიწყდება, რომელიც “ლოიალური ოპოზიციის” არსებობის პრინციპს ემყარება, “ლოიალურში” კი ის იგულისხმება, რომ ოპოზიცია ცდილობს, ბოლო მარცხი მალევე აქციოს გამარჯვებად გამარჯვებული ძალისათვის რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ზიანის მოტანით.
“ფაინენშელ ტაიმზის” მთავარი პოლიტიკური მიმომხილველი ფილიპ სტივენსი ამომწურავ პასუხებსა და დეტალურ ანალიზს გვთავაზობს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. მისი წიგნი დაახლოებით ოთხასი გვერდია. სტივენსი სისადავესა და აზრის სიცხადეს ირჩევს და თავს არიდებს მყვირალა დასკვნებსა თუ მოდურ ტენდენციებს.
მისი ამბავი, გარკვეული აზრით, 1956 წელს იწყება, როცა ბრიტანეთი, საფრანგეთი და ისრაელი კატასტროფულ გადაწყვეტილებას იღებენ, კონტროლი დაიბრუნონ სუეცის არხზე და ამ მიზეზით დაუპირისპირდნენ გამალ აბდელ ნასერს, ეგვიპტის მაშინდელ მმართველსა და პანარაბული ნაციონალიზმის წამყვან ფიგურას. ეს მცდელობა კრახით დამთავრდა მაშინ, როცა ეიზენჰაუერის ადმინისტრაცია, დიდი ბრიტანეთის გასაკვირად, ერთმნიშვნელოვნად შეეწინააღმდეგა მოკავშირეების სამხედრო ინტერვენციას. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენტონი იდენი კი იმ აზრს ემხრობოდა, რომ “ერის პრესტიჟი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვაჭრობა და ნავთობი”. როგორც სტივენსი გვარწმუნებს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში ის აზრი განიხილებოდა, რომ “სუეცის არხის შენარჩუნებისას განცდილი მარცხი საბოლოოდ გამოიწვევდა ახლო აღმოსავლეთში ქვეყნის ყველა ინტერესისა და კოზირის დათმობას”. ამ დროს “იდენის გადაწყვეტილება… გატეხდა პრემიერ-მინისტრს და ბრიტანეთს სრულად დაკარგავდა იმ სამყაროში, რომელზეც ის ვეღარ ბატონობდა”.
მარტო დარჩენილი ბრიტანეთი: გზა სუეციდან ბრექსიტამდე
ფილიპ სტივენსი
ფაბერ & ფაბერ, 2021
სტივენსის ქრონიკის დასაწყისშივე ვხედავთ, როგორ იკვეთება უფრო დიდი სურათი. იდენი მრავალმხრივ გამორჩეული ფიგურა იყო, რომლის სტატუსსაც ნაწილობრივ ის ფაქტიც ამყარებდა, რომ თავის დროზე მხარი არ დაუჭირა ნევილ ჩემბერლენის მცდელობას, ჰიტლერი დაემშვიდებინა 1938 წელს, მიუნხენში. წლების შემდეგ ბრიტანეთის, როგორც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებულის აღქმამ სრულად დაჩრდილა ის, თუ როგორ არ ეთმობოდათ იმპერიის ნარჩენები, როგორ ადარდებდათ “ყველა ინტერესისა და კოზირის დათმობა”. უაითჰოლმა და დაუნინგ-სტრიტის 10-მა ერთგვარი “დომინოს თეორია~ შეთხზეს, სადაც შესაძლებელი ჩანდა არხის შენარჩუნება, თუმცა სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად იყო; მასზე კონტროლის ხელახლა დამყარება კი პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო იმის თავიდან ასაცილებლად, რისი თავიდან აცილებაც ფაქტობრივად აღარ შეიძლებოდა. კრიზისის დროს ეიზენჰაუერის ადმინისტრაცია სრულიად არასენტიმენტალური რჩებოდა და ბრიტანეთზე ამერიკის გავლენას იყენებდა: დიდი ბრიტანეთის მთავრობას ან უნდა დაეთმო, ან ფუნტის გაუფასურებას უნდა შეგუებოდა. მეორე მხრივ, ბრიტანეთის კაპიტულაციამ საფრანგეთს კიდევ უფრო გაუმყარა წარმოდგენა, რომ ეს ქვეყანა მთლიანად ამერიკის გავლენის ქვეშ მოექცა.
ცხადია, ბევრისთვის ლონდონში, მაშინაც და მას შემდეგაც, ამერიკის სუპერსახელმწიფოსთან “განსაკუთრებული ურთიერთობის” შენარჩუნება მსოფლიოში ბრიტანეთის პოზიციის გამყარების შესაძლებლობას ნიშნავდა. ადრეულ კონფიგურაციაში, როგორც სტივენსი გვიყვება, ბრიტანელების ამბიცია ის იყო, რომ ბერძნების როლი ეთამაშათ ამერიკელი რომაელების წინაშე, ანუ უფრო გამოცდილი, უფრო მეტის მცოდნე მრჩევლები ყოფილიყვნენ განუვითარებელი, თუმცა კი ერთმნიშვნელოვნად ანგარიშგასაწევი ძალისა. პრაქტიკულად, ეს ურთიერთობა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებს უბიძგებდა, “ყურადღებით დაეცვათ ბალანსი სოლიდარობასა და მორჩილებას შორის”. ზოგ პრემიერ-მინისტრს ეს უკეთესად გამოსდიოდა, ვიდრე სხვებს. სტივენსის ამერიკელი მკითხველები ნაცნობ შეკითხვას ბრიტანელის თვალით შეხედავენ.
ჰაროლდ მაკმილანმა, რომელმაც იდენი შეცვალა დაუნინგ-სტრიტის 10-ში, შეერთებული შტატები მთავარ საშუალებად დასახა მსოფლიოში ბრიტანეთის როლის განსასაზღვრად. მას შემდეგ, რაც 1957 წელს საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე “სპუტნიკი” გაუშვა, მაკმილანი ყოველმხრივ ცდილობდა ამერიკელების დარწმუნებას, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა არსებითი იყო და მის გარეშე ვერ მოხერხდებოდა შეერთებული შტატების პროეტის განხორციელება ცივი ომის შესაჩერებლად. თუმცა ბრიტანეთის სურვილი ამ ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობისა ყოველთვის არ ნიშნავდა იმას, რომ ავტომატურად ემორჩილებოდა ვაშინგტონის ნაკარნახევ დღის წესრიგს. სტივენსი ჰაროლდ უილსონის მკაცრ უარს იხსენებს ვიეტნამში ბრიტანეთის ჯარის გაგზავნაზე, ლინდონ ჯონსონის ზეწოლის მიუხედავად, და მას ბრიტანეთის, სავარაუდოდ, საუკეთესო მიღწევად მიიჩნევს ამ “განსაკუთრებულ ურთიერთობებში”. ერაყის საკითხზე ჯორჯ ბუშისადმი ტონი ბლერის მხარდაჭერა კი ყველაზე უარესი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო, თუმცა სტივენსს განსაკუთრებით აღიზიანებს ტერეზა მეის “საძაგელი გადაწყვეტილება”, ტრადიციისთვის არ ეღალატა და სახელმწიფოს პირველი მეთაური ყოფილიყო, რომელიც დონალდ ტრამპს ეწვეოდა თეთრ სახლში.
ადვილი გამოსათვლელი არ არის, მაინც რა სარგებელი ნახა ბრიტანეთმა ამ “განსაკუთრებული ურთიერთობით”. ცხადია, სარგებლის დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია, განსაკუთრებით ის, რაც ხუთი ქვეყნის, შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის დაზვრევის მონაცემების გაცვლას ეხება. ბრიტანეთმა “დამოუკიდებლობა” მოიპოვა ბირთვულ საკითხებში, რასაც ბევრი წამყვანი პოლიტიკური ფიგურა ითხოვდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში, როგორც ერთგვარ გარანტიას ძლიერი სახელმწიფოს სტატუსის შესანარჩუნებლად.
სტივენსი კი სამართლიანად სვამს კითხვას: რამდენად დამოუკიდებელია ბრიტანეთი ბირთვულ საკითხში, როცა ნატოს პროცესებში და შეთანხმებებშია ჩართული; შეუძლია თუ არა რაიმე მოიმოქმედოს ამერიკის ნებართვის გარეშე? რა თქმა უნდა, პასუხის პოვნა არავის სურს. თუმცა ამ შეკითხვის დასმას უფრო მნიშვნელოვან საკითხთან მივყავართ იმასთან, თუ რა წონა აქვს “დამოუკიდებლობას”. ამ თვალსაზრისით საფრანგეთი უფრო დამოუკიდებელი და გავლენიანია, ვიდრე ლონდონი? მეორე მხრივ, არც გერმანიას და არც იაპონიას ბირთვული იარაღი არა აქვს, თუმცა მისი მოპოვება დამოუკიდებლად შეუძლიათ. ეს კი აშკარად ვერ ამცირებს მათ უსაფრთხოებას საერთაშორისო დონეზე.
სტივენსი წერს: როგორც კი დაიწყო დეკოლონიზაციის პროცესი, მას შემდეგ თავისი ურყევი ლოგიკით მიმდინარეობდაო. ის “ბოლო იმპერიულ ილუზიას” უწოდებს ბრიტანელი პოლიტიკოსების იმედს, რომ სახელმწიფოების ახალი თანამეგობრობა იმპერიის ყოფილ ტერიტორიზე მსოფლიოში ბრიტანეთის გავლენის ზრდას შეუწყობდა ხელს. ამ გაუმართლებელ იმედს, ავტორის თქმით, არაფერი უმაგრებდა საფუძველს თავად ყოფილი კოლონიების მხრიდან. “რაღა თვითგამორკვევა იქნებოდა, თუ ლონდონის მითითებას დაემორჩილებოდნენ?” – კითხვას სვამს ის. 1962 წელს დინ ეჩისენმა, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ხისტი განცხადება გააკეთა, რომელსაც სტივენსი რამდენჯერმე ახსენებს – ბრიტანეთმა იმპერია დაკარგა და თავისი როლი ჯერ არ უპოვიაო. წიგნში, რომელიც აშკარად ბრიტანელის პოზიციიდანაა დაწერილი, ეს შენიშვნა ამერიკელისათვის დამახასიათებელ უხეშობას გვიჩვენებს.
სტივენსის აზრით, ბრიტანეთს უკეთესი როლის თამაში შეეძლო და დიდი შეცდომა იყო ის, რომ ვერ დაინახა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩენილი შესაძლებლობა. და ეს არარჩეული გზა გულისხმობდა ბრიტანეთის, როგორც წამყვანი ევროპული სახელმწიფოს სხვაგვარად გააზრებას ომის შემდგომ წლებში.
უკვე ვნახეთ, რატომ არ სურდათ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებსა და უაითჰოლის მაღალჩინოსნებს ასეთი რეორიენტაცია. ბოლოს და ბოლოს, ჩერჩილი ხომ სტალინსა და რუზველტთან ერთად მიუჯდა გამარჯვებულთა მაგიდას. მთელი კონტინენტი ნანგრევებით იყო დაფარული. იმპერიას, მართალია, დაღმავლობის გზაზე დამდგარს, ჯერ კიდევ სჭირდებოდა ყურადღება და მართვა. და ბრიტანეთმა მშვიდობიანად გადააბარა მსოფლიო უსაფრთხოებაზე ზრუნვის საუკუნოვანი პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს და შეერთებული შტატების ერთგვარი “უფროსი მრჩევლის” სტატუსი მოისურვა, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონს აზრად არ ჰქონია ლონდონისათვის ამ სამსახურის შეთავაზება. ბრიტანეთის ეკონომიკურ პერსპექტივას ხომ ძნელად თუ ეთქმოდა საიმედო.
სტივენსი ამტკიცებს – ჩემი აზრით, სამართლიანადაც – რომ ბრიტანეთი თუ მოინდომებდა მთავარი როლის შესრულებას ევროპის რეკონსტრუქციის საქმეში, ამას მიაღწევდა კიდეც. ცივი ომით მეტისმეტად გატაცებული ამერიკელები ყველაფერში ერეოდნენ, მაგრამ მათ არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ, უარი ეთქვათ დიდი ბრიტანეთისათვის იმ პასუხისმგებლობის გადაცემაზე, რასაც ლონდონი ითხოვდა. ამის ნაცვლად, ბრიტანეთი თავშეკავებას იჩენდა კონტინენტური ევროპის საქმეებთან მიმართებით, მათ შორის რობერტ შუმანის, ჟან მონესა და სხვების მიერ მხარდაჭერილი ევროპული ინტეგრაციის ხედვისადმი. ეიჩსონმა თავის მემუარებს ასე უწოდა – “როცა სამყაროს შექმნას ესწრები” (1970) და ის ომის შემდგომი წლების იმ მსოფლიო წესრიგს გულისხმომბდა, რომლის დასავლურ მხარესაც შეერთებული შტატები წინამძღოლობდა. ბრიტანეთის პოზიცია შეიძლება აღიწეროს, როგორც “თავიდავე განზე გადგომა”, რამაც საშუალება მისცა გოლისტურ საფრანგეთსა და ადენაუერის ბონის რესპუბლიკას, კონტინენტის პრეინსტიტუცია შეექმნათ, ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება. ბრიტანეთის ზოგიერთი პრემიერ-მინისტრი უფრო მეტად იყო ორიენტირებული ევროპაზე, ვიდრე სხვები, მაგრამ ქვეყანა ვეღარ ასრულებდა სრულფასოვნად იმ სამუშაოს, რომელიც ევროპის ლიდერობას სჭირდებოდა.
სტივენსი შეძრა 2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმის შედეგმა. ის სამართლიანად შენიშნავს, რომ ათწლეულების განმავლობაში ევროპული ინტეგრაციის პროექტისადმი ბრიტანეთის ლიდერების ენთუზიაზმის ნაკლებობამ დიდად შეუწყო ხელი უმცირესობას, რომელიც ევროკავშირიდან გამოსვლას ითხოვდა. “დარჩენის” მომხრეები ბევრს საუბრობდნენ ბრექსიტის საფრთხეებზე – ზოგჯერ მეტისმეტადაც აზვიადებდნენ, როგორც ავტორი შენიშნავს, თუმცა `გამოსვლის~ მომხრეების ზღაპრები უფრო შთამბეჭდავი იყო. “დარჩენის” მომხრეებს აშკარად აკლდათ პოზიტიური მაგალითი ევროპაში ბრიტანეთის ლიდერობისა, რადგან ის ნამდვილად არ ყოფილა ლიდერი და არც მისი მმართველების ორ თაობას უჩვენებია, რომ უნდა ყოფილიყო.
“მარტო დარჩენილი ბრიტანეთი”, როგორც პოლიტიკისა და დიპლომატიის ისტორიის კვლევა, უმთავრესად მარცხისა და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ამბავია. და მას რაღაც აკლია – ბრიტანეთის წარსულის დინამიზმისა და ასევე მომავლის დინამიზმის ადეკვატურად ჩვენება, განსაკუთრებით ეკონომიკასა და კულტურასთან მიმართებით. ძნელია, ზუსტად განსაზღვრო, რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბრიტანეთში მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სპორტის უმაღლესი ლიგაა. ასევე, ბრიტანეთი ის ქვეყანაა, სადაც ხალხს მოხვედრა სურს და არა იქიდან გაქცევა. ქვეყნის ისტორიის ეს მხარე წიგნში არ არის ნაჩვენები.
და მაინც, ფილიპ სტივენსმა მართლაც ბრწყინვალე წიგნი დაწერა. შესაძლოა ის ერთგვარ ნიმუშადაც კი გამოდგეს და მომდევნო ტომებში ვნახოთ, როგორ უპასუხებენ მასწავლებლის შეკითხვას საფრანგეთის, გერმანიის, სხვა ევროპული ქვეყნების, იაპონიისა თუ შეერთებული შტატების პერსპექტივიდან.
ტოდ ლინდბერგი ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია.