article-img

ლიბერალიზმი და მისით უკმაყოფილონი – სირთულეები მარჯვენა და მარცხენა ფლანგებიდან

ფრენსის ფუკუიამა

დღეს ყველა თანხმდება, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება ან უკან იხევს მსოფლიოს ბევრ ნაწილში. მას არა მხოლოდ ჩინეთისა და რუსეთის მსგავსი ავტორიტარული სახელმწიფოები უპირისპირდებიან, არამედ დემოკრატიულ ქვეყნებში არჩეული პოპულისტებიც.

“დემოკრატია”, რომელსაც დღეს თავს ესხმიან, ლიბერალური დემოკრატიაა და სინამდვილეში უდიდესი საფრთხე სწორედ ლიბერალურობას ემუქრება. ამ სიტყვათშეთანხმების პირველი ნაწილი გულისხმობს მათ ანგარიშვალდებულებას, ვისაც პოლიტიკური ძალაუფლება აქვთ ისეთი მექანიზმების საშუალებით, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი მრავალპარტიული არჩევნები. მეორე ნაწილი კი უშუალოდ კანონის უზენაესობას მიემართება, რომელიც მთავრობის ძალაუფლებას ზღუდავს და მოითხოვს, რომ სისტემის ყველზე მძლავრი აქტორებიც კი იმავე წესებს ემორჩილებოდნენ, რომლებსაც ჩვეულებრივი მოქალაქეები ემორჩილებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლიბერალურ დემოკრატიას აქვს ისეთი კონსტიტუციური სისტემა, რომელიც არჩეული ლიდერის ძალაუფლებას საზღვრებს უწესებს.

თავად დემოკრატიას ისეთი ავტორიტარული სახელმწიფოები უპირისპირდებიან, როგორებიც არიან ჩინეთი და რუსეთი, სადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მანიპულირება ჩვეულებრივი რამაა. უფრო ვერაგული საფრთხე კი ლიბერალურ დემოკრატიებში გაჩენილი პოპულისტებისგან მოდის, რომლებიც არჩევნების გზით მოპოვებულ ლეგიტიმურობას იყენებენ ლიბერალური ინსტიტუციებისთვის ძირის გამოსათხრელად. ვიკტორ ორბანი უნგრეთში, ნარენდრა მოდი ინდოეთში, დონალდ ტრამპი შეერთებულ შტატებში _მათ იერიში მიიტანეს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, თვალნათლივ დაარღვიეს კანონები და მეინსტრიმულ მედიას “ხალხის მტერი” უწოდეს. ისიც სცადეს, რომ ბიუროკრატია პარტიულ იარაღად ექციათ. შემთხვევითი არ არის, რომ ორბანი საკუთარ თავს “არალიბერალური დემოკრატიის” მომხრეს უწოდებს.

თუმცა ლიბერალიზმზე ამ შეტევის მიზეზები უფრო ღრმა და სერიოზულია, ვიდრე პოპულისტი პოლიტიკოსების ამბიციები. ისინი წარმატებას ვერ მიაღწევდნენ, ლიბერალურ საზოგადოებებში გაჩენილი უკმაყოფილების ტალღა სათავისოდ რომ არ გამოეყენებინათ. ამის გასაგებად ერთგვარი ისტორიული მიმოხილვა დაგვჭირდება.

 

რა იყო ლიბერალიზმი

კლასიკური ლიბერალიზმი შეიძლება გავიგოთ, როგორც ინსტიტუციური პასუხი კითხვაზე – როგორ უნდა იმართოს მრავალფეროვნება? ცოტა სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის სისტემა მრავალფეროვნების მშვიდობიანად სამართავად პლურალისტურ საზოგადოებებში. მისი გაჩენის თარიღად კი მე-17 საუკუნის ბოლო შეიძლება მივიჩნიოთ. ეს იყო პასუხი იმ რელიგიურ ომებზე, რომლებიც პროტესტანტულ რეფორმაციას მოჰყვა, 150 წელი გაგრძელდა და რომლებმაც კონტინენტური ევროპის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიწირა.

ევროპის რელიგიური ომები სხვადასხვა ეკონომიკური თუ სოციალური ფაქტორებით იყო განპირობებული, თუმცა მათი სისასტიკე იმ ფაქტიდან გამომდინარეობდა, რომ დაპირისპირებული მხარეები განსხვავებულ ქრისტიანულ სექტებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც ადამიანებისთვის რელიგიური დოქტრინის ამა თუ იმ ინტერპრეტაციის თავზე მოხვევა სურდათ. აკრძალული სექტების წევრებს სდევნიდნენ, ერეტიკოსებს აწამებდნენ, სახრჩობელაზე კიდებდნენ ან კოცონზე წვავდნენ. თანამედროვე ლიბერალიზმის ფუძემდებლები თომას ჰობსი და ჯონ ლოკი ცდილობდნენ, ყურადღება ნაკლებად გაემახვილებინათ რელიგიის მიერ განსაზღვრულ კარგ ცხოვრებაზე და ამ გზით თავად ცხოვრება შეენარჩუნებინათ  ხალხის სხვადასხვა ჯგუფი ხომ ვერ შეძლებდა შეთანხმებას იმაზე, მაინც რა იყო კარგი ცხოვრება. სწორედ მაშინ ჩაისახა ფრაზა, რომელიც “თავისუფლების დეკლარაციაში” გვხვდება: “სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერების ძიება”. ლიბერალიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი შემწყნარებლობაა: ადამიანს შეუძლია არ ეთანხმებოდეს თანამოქალაქეებს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში, ოღონდ თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი ამაში არც მეორე ადამიანი უნდა ჩაერიოს და არც სახელმწიფო.

ამგვარად გაგებული ლიბერალიზმი უბრალოდ პრაგმატული იარაღი იყო იმ კონფლიქტების მოსაგვარებლად, მრავალფეროვან საზოგადოებებში რომ ჩნდებოდა. დღეს ინდოეთმა თუ შეერთებულმა შტატებმა ლიბერალური პრინციპებიდან რომ გადაუხვიონ და შეეცადონ, ეროვნული იდენტობა რასაზე, ეთნოსზე ან რელიგიაზე დააფუძნონ, ისინი სასტიკი კონფლიქტების საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.

თუმცა კონტინენტურ ევროპაში არსებობს ლიბერალიზმის უფრო ღრმა გაგაება, რომელიც თანამედროვე ლიბერალური დოქტრინის ნაწილია. ამ თვალსაზრისით, ლიბერალიზმი მხოლოდ პრაგმატული მექანიზმი კი არ არის სასტიკი კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად, არამედ ადამიანის ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის საშუალებაცაა.

ადამიანის ღირსების საფუძველი დროთა განმავლობაში შეიცვალა. არისტოკრატულ საზოგადოებებში ღირსება მხოლოდ იმ მეომრებს მიეწერებოდა, რომლებიც ბრძოლისას თავის გაწირვას არ ერიდებოდნენ. ქრისტიანობის მიხედვით, ადამიანს უფრო მაღალი მორალური სტატუსი აქვს, ვიდრე სხვა ყველაფერს სამყაროში, მაგრამ უფრო დაბალი, ვიდრე – ღმერთს. მას შეუძლია არჩევანი გააკეთოს ჭეშმარიტსა და მცდარს შორის და ამ აზრით, ღმერთის თვალში ყველა ადამიანი თანასწორია. განმანათლებლობის ხანის მოაზროვნეებმა კი არჩევის უნარსა თუ ინდივიდუალურ ავტონომიას სეკულარული ფორმა მოუძებნეს, რაც ღირსების თანამედროვე გაგების საფუძველი გახდა. ლიბერალიზმი ყოველი ადამიანის ღირსებას აღიარებს და თანასწორად მიიჩნევს; მათ იმ უფლებებს ანიჭებს, რომლებიც ინდივიდუალურ ავტონომიას იცავს სიტყვის, შეკრების, რწმენისა და ასევე მთავრობის არჩევაში მონაწილეობის უფლებებს.
ლიბერალიზმი იმით იცავს მრავალფეროვნებას, რომ ადამიანის ცხოვრების უფრო მაღალ მიზნებზე განზრახ არაფერს ამბობს. სწორედ ამიტომ, რელიგიური ნიშნით განსაზღვრული საზოგადოება ვერ შეფასდება, როგორც ლიბერალური. ლიბერალიზმი ყველას თანაბარ უფლებებს სთავაზობს და ერთგვარი უნივერსალიზმისაკენ ისწრაფვის: ლიბერალებს არა მხოლოდ საკუთარი უფლებების დაცვა ადარდებთ, არამედ მათიც, ვინც სხვა საზოგადოების წევრია. თუმცა დასაწყისში მთავარი განსახილველი საკითხი თავად ეს პრინციპი კი არ იყო, არამედ უფრო ის, ვინ უნდა მიჩნეულიყო უფლებების მქონე ინდივიდად და ბევრი გამორიცხეს მაგიური წრიდან, მაგალითად, რასობრივი და ეთნიკური უმცირესობები, ქალები, უცხოელები, უსახლკაროები, ბავშვები, ავადმყოფები, დამნაშავეები.
ისტორიული ლიბერალიზმის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი საკუთრების უფლებასთან მისი კავშირი იყო. საკუთრების უფლება და კონტრაქტების გაძლიერება სამართლებრივი ინსტიტუციებით ეკონომიკური აღმავლობის საფუძველი გახდა ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში. ამის გამოა, რომ ლიბერალიზმი ეკონომიკურ ზრდასა და მოდერნიზაციასთან ასოცირდება. უფლებებს დამოუკიდებელი სასამართლო იცავდა, რომელსაც ზურგს სახელმწიფოს ძალაუფლება უმაგრებდა. ისტორიულად, ლიბერალიზმის თავგამოდებული მხარდამჭერები კერძო საკუთრების მფლობელები იყვნენ არა მხოლოდ მემამულეები, არამედ საშუალო კლასის უამრავი ვაჭარი თუ მეწარმე, რომლებსაც კარლ მარქსი ბურჟუაზიას უწოდებდა.
ლიბერალიზმი დაკავშირებულია დემოკრატიასთან, მაგრამ ეს ორი რამ ერთი და იგივე არ არის. შესაძლებელია არსებობდეს ისეთი ლიბერალური რეჟიმი, რომელიც დემოკრატიული არ არის: გავიხსენოთ მე-19 საუკუნის გერმანია და მე-20 საუკუნის მიწურულის სინგაპური და ჰონგ-კონგი. ასევე შესაძლებელია, მმართველობა დემოკრატიული იყოს და არა ლიბერალური, როგორც ვიკტორ ორბანისა და ნარენდრა მოდის შემთხვევებშია, რომლებიც გარკვეულ ჯგუფებს უპირატესობას ანიჭებენ სხვა ჯგუფების წინაშე. ლიბერალიზმი დემოკრატიას იმით უკავშირდება, რომ ინდივიდუალურ ავტონომიას იცავს, რაც აუცილებლად გულისხმობს პოლიტიკური არჩევანის უფლებას. საფრანგეთის რევოლუციიდან მოყოლებული, დემოკრატიულ თანასწორობას რადიკალი მომხრეებიც ჰყავდა, რომლებისთვისაც ლიბერალური კანონის უზენაესობა ბევრს არაფერს ნიშნავდა და ძალაუფლებას იმ დიქტატორულ რეჟიმს ჩაუგდებდნენ ხელში, რომელიც ყველაფერს გაათანაბრებდა. მარქსიზმ-ლენინიზმის სახელით, სწორედ ეს უდიდესი შეცდომა დაუშვეს მე-20 საუკუნეში. ლიბერალურ სახელმწიფოებშიც კი, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ძლიერი სავაჭრო მოძრაობები და სოციალ-დემოკრატიული პარტიები უფრო მეტად დაინტერესებულნი იყვნენ ეკონომიკური რედისტრიბუციით, ვიდრე საკუთრების უფლების მკაცრად დაცვით.

ლიბერალიზმის მეტოქე მხოლოდ კომუნიზმი არ იყო ნაციონალიზმმაც მოიკრიბა ძალა. ნაციონალისტები ლიბერალიზმის უნივერსალიზმს უარყოფდნენ და უფლებებს მხოლოდ იმ ჯგუფს ანიჭებდნენ, რომელიც კულტურის, ენისა თუ ეთნოსის მიხედვით გამოერჩიათ. მე-19 საუკუნეში ევროპაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა დინასტიების როლი შემცირდა, ქვეყნები ეროვნულ ნიადაგზე გაერთიანდნენ (იტალია, გერმანია), ნაციონალისტური მოძრაობები შეინიშნებოდა მრავალეროვან ოსმალეთის იმპერიასა და ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში. 1914 წელს კი ამ ყველაფერმა მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვია, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1945 წელს გერმანიის, იტალიისა და იაპონიის დამარცხებამ გზა გაუხსნა ლიბერალიზმს, რომელიც დემოკრატიული სამყაროს მმართველი იდეოლოგია გახდა. ევროპელებმა ნახეს, როგორი უგნურება იყო პოლიტიკის აგება ერის გამორჩეულობაზე, მის აგრესიულ გაგებაზე და შექმნეს ევროპული გაერთიანება, მოგვიანებით კი ევროკავშირი, რათა ძველი ერი-სახელმწიფოები თანამშრომლობითი, ტრანსეროვნული სტრუქტურისათვის დაექვემდებარებინათ. თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა უდიდესი როლი შეასრულა მთელი რიგი საერთაშორისო ინსტიტუციების, მათ შორის გაეროს, ნატოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნაში.

ამ წესრიგს ყველაზე დიდ საფრთხეს საბჭოთა კავშირი უქმნიდა, ისევე როგორც მისი მოკავშირე კომუნისტური პარტიები აღმოსავლეთ ევროპაში და განვითარებადი სამყარო. მაგრამ საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაინგრა, ბევრი კომუნისტური ქვეყანა კი არსებულ საერთაშორისო ინსტიტუციებში გაწევრიანდა, მაგალითად, ევროკავშირსა და ნატოში. ცივი ომის შემდგომ სამყაროში ლიბერალურმა საერთაშორისო წესრიგმა გაიმარჯვა.

პერიოდი 1950 წლიდან 1970 წლამდე ლიბერალური დემოკრატიის აყვავების ხანა იყო განვითარებულ საყაროში. ლიბერალური კანონის უზენაესობა დემოკრატიას აძლიერებდა იმით, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს იცავდა. დემოკრატია კი კანონის უზენაესობას იცავდა როცა რიჩარდ ნიქსონი უკანონო მოსმენასა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს გამოყენებაში ამხილეს, დემოკრატიულად არჩეულმა კონგრესმა ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებისაგან მის ჩამოსაშორებლად. ლიბერალურმა კანონის უზენაესობამ საფუძველი ჩაუყარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მძლავრ ეკონომიკურ აღმავლობას, რამაც საშუალება მისცა დემოკრატიულად არჩეულ საკანონმდებლო ორგანოებს, რომ კეთილდღეობის ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებული სახელმწიფოები შეექმნათ. ამ პერიოდში უთანასწორობა ასატანი იყო იმის გამო, რომ ადამიანთა უმრავლესობა ხედავდა, როგორ უმჯობესდებოდა მათი მატერიალური მდგომარეობა. მოკლედ, ეს იყო ხანა, როცა ლიბერალიზმი და დემოკრატია ბედნიერად თანაარსებობდნენ განვითარებულ სამყაროში.

უკმაყოფილება

ლიბერალიზმი მეტად წარმატებული იდეოლოგიაა, რომლის დამსახურებაცაა დიდწილად მშვიდობა და კეთილდღეობა თანამედროვე სამყაროში. თუმცა მასაც აქვს რიგი ხარვეზები – სხვადასხვა გარემოებით განპირობებული თუ თავად დოქტრინისათვის დამახასიათებელი. პირველი –  ეკონომიკის სფეროს ეკუთვნის, მეორე კი – კულტურისას.

ეკონომიკური ხარვეზები ეკონომიკური ლიბერალიზმის იმ ტენდენციას უკავშირდება, რომელიც რაღაც ისეთში გადაიზარდა, რასაც “ნეოლიბერალიზმს” უწოდებენ. დღეს ეს დამამცირებელი ტერმინია, რომელსაც ეკონომიკური აზრის ერთგვარი ფორმის აღსაწერად იყენებენ, რომელიც ასოცირდება ჩიკაგოს უნივერსიტეტსა თუ ავსტრიის სკოლასთან და ისეთ ეკონომისტებთან, როგორებიც არიან ფრიდრიხ ჰაიეკი, მილტონ ფრიდმენი, ჯორჯ სტიგლერი და სხვები. ისინი მკვეთრად ამცირებდნენ სახელმწიფოს როლს ეკონომიკაში და მიიჩნევდნენ, რომ თავისუფალი ბაზრები ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდასა და რესურსების ეფექტურად განაწილებას. ამ სკოლის მიერ შემოთავაზებული მრავალი ანალიზი და პოლიტიკური სტრატეგია მართლაც სასარგებლო აღმოჩნდა. 1970-იან წლებში ეკონომიკა ზედმეტად იყო დარეგულირებული, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კომპანიები არაფექტურნი იყვნენ, მთავრობას კი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მაღალ ინფლაციასა და ზრდის დაბალ მაჩვენებელზე.

თუმცა გამოსადეგი იდეები ბაზრების ეფექტურობის თაობაზე ერთგვარ რელიგიაში გადაიზარდა, რომელშიც სახელმწიფოს ჩარევას ყოველმხრივ ეწინააღმდეგებიან არა ემპირიული დაკვირვების, არამედ პრინციპის საფუძველზე. დერეგულაციამ ავიაბილეთების გაიაფება კი გამოიწვია, მაგრამ ამასთანავე საფუძველი მოუმზადა 2008 წლის დიდ ფინანსურ კრიზისსაც, როცა ის ფინანსურ სექტორს შეეხო. პრივატიზაცია მუნიციპალური წყალმომარაგებისა და ტელეკომის სისტემებშიც კი განხორციელდა. ალბათ ვაჭრობის თეორიის ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი რომ თავისუფალ ვაჭრობას მეტი სიმდიდრე მოაქვს ყველა მონაწილე მხარისათვის აღარ ითვალისწინებს შემდეგს: როცა დიდი მექანიზმის ნაწილებზე არ ვსაუბრობთ, ბევრი ადამიანი ზარალდება ვაჭრობის ლიბერალიზაციით. 1980 წლიდან ბევრი მოლაპარაკება გაიმართა როგორც მსოფლიო, ისე რეგიონულ დონეზე თავისუფალი ვაჭრობის ხელშესაწყობად, რამაც სამუშაო ადგილების შექმნასა და ინვესტიციების განხორციელებას შეუწყო ხელი მდიდარი დემოკრატიებიდან განვითარებად ქვეყნებამდე, ქვეყნების შიგნით კი უთანასწორობა გააღრმავა. ამ დროს ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო სექტორს რესურსები და ყურადღება მოაკლდა, რამაც მრავალგვარი დეფიციტი გააჩინა განათლების, ჯანდაცვისა თუ უსაფრთხოების სფეროებში.

შედეგად, 2010 წლისთვის ისეთი მსოფლიო მივიღეთ, სადაც მთლიანი შემოსავლები უფრო დიდი იყო, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ქვეყნებს შორის უთანასწორობაც განუზომლად გაზრდილიყო. ბევრ ქვეყანაში გაჩნდა იმ ოლიგარქების, მულტიმილიონერების პატარა კლასი, ვისაც შეეძლო ეკონომიკური რესურსები პოლიტიკურ ძალაუფლებად ექცია ლობისტების დაქირავებისა და მედიასაშუალებების შეძენის გზით. გლობალიზაციამ მათ საშუალება მისცა, რომ ფული უსაფრთხოდ შეენახათ. გლობალიზაციამ ასევე განაპირობა იმ კანონების ლიბერალიზაცია, რომლებიც მიგრაციას ეხებოდა. ბევრ დასავლურ ქვეყანაში გაიზარდა მის ფარგლებს გარეთ დაბადებული მოსახლეობის წილი, სირიის სამოქალაქო ომის შედეგად კი მილიონზე მეტი დევნილი აღმოჩნდა ევროპაში. ამ ყველაფერმა გზა გაუხსნა პოპულისტურ რეაქციას, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა 2016 წელს, ბრიტანეთში, ბრექსიტის დროს და შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის არჩევისას.

ლიბერალიზმით უკმაყოფილების მეორე მიზეზი თავად მის საფუძველშია მოცემული. მან განზრახ დაავიწროვა პოლიტიკის ჰორიზონტი: ლიბერალური სახელმწიფო არ გეტყვის, როგორ უნდა იცხოვრო ან რას გულისხმობს კარგი ცხოვრება – როგორ მიაღწევ ბედნიერებას, შენი საქმეა. ეს ერთგვარ სიცარიელეს ქმნის ლიბერალური საზოგადოებების გულისგულში, რომელსაც ხშირად კონსუმერიზმი ან პოპკულტურა ავსებს ხოლმე, ან რაღაც შემთხვევითი აქტივობები, რომლებმაც შეიძლება სულაც არ მიიყვანონ ადამიანი ბედნიერებამდე და კეთილდღეობამდე.

ლიბერალიზმის თეორია, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიმართულებით, ადამიანისა და მისი უფლებების გარშემოა აგებული, პოლიტიკური სისტემა კი არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთების უფლებას იცავს. ნეოკლასიკურ ეკონომიკურ თეორიაში სოციალური კოოპერაცია შესაძლებელი ხდება რაციონალურად მოაზროვნე ინდივიდებს შორის, რომლებიც წყვეტენ, რომ სხვა ინდივიდებთან თანამშრომლობა მათთვის სასარგებლოა. კონსერვატორი ინტელექტუალი პატრიკ დენინი კი ამტკიცებს, რომ მთელი ეს მიდგომა მცდარია, რადგან ინდივიდუალიზმის პრინციპს ეყრდნობა და ინდივიდის ავტონომიას სხვა ყველაფერზე მაღლა აყენებს. მისთვის ადამიანები იმთავითვე ავტონომური ინდივიდები კი არ არიან, არამედ ღრმად სოციალური არსებები, რომლებსაც განსაზღვრავს მათი ვალდებულებები და კავშირები სოციალურ სტრუქტურებში.

ადამიანის ბუნების ასეთი გაგება ფართოდ იყო გავრცელებული განმანათლებლობის ხანაში. თანამედროვე კვლევებიც გვიჩვენებს, რომ ადამიანები სოციალურ არსებებად არიან დაპროგრამებულნი ბევრი ისეთი გამორჩეული თვისება გვაქვს, რაც ერთმანეთთან თანამშრომლობაში გვიწყობს ხელს სხვადასხვაგვარ ჯგუფებში. თუმცა თანამშრომლობა ყოველთვის რაციონალური გათვლის შედეგი არ არის შეიძლება გამოწვეული იყოს ემოციებით: სიამაყით, სირცხვილით, დანაშაულის განცდით, სიბრაზით… ათასწლეულების განმავლობაში ადამიანის წარმატება ბუნებრივ გარემოში სრული გაბატონება სწორედ სოციალური თანამშრომლობის, ნორმების დაცვის ამ უნარის დამსახურებაა.

იმგვარი ინდივიდუალიზმი კი, როგორსაც ლიბერალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ თეორიებში განადიდებენ, დასავლურ საზოგადოებებში საუკუნეების გამავლობაში შემთხვევით გაჩნდა. ეს გრძელი და ჩახლართული ამბავია, რომლის დასაწყისიც კათოლიკური ეკლესიის მიერ შემოღებულ მემკვიდრეობის კანონებშია საძიებელი ადრეულ შუა საუკუნეებში. ინდივიდუალიზმის გაძლიერებას კი ხელი შეუწყო საბაზრო კაპიტალიზმის პირობებში მისმა ფუნქციურობამ ბაზრები უფრო ეფექტურად მუშაობდნენ, თუ ინდივიდუალები არ იყვნენ შებოჭილნი ნათესაური თუ სხვა სოციალური ვალდებულებებით. მაგრამ ამგვარი ინდივიდუალიზმი ყოველთვის ეწინააღმდეგება ადამიანების სოციალურ მიდრეკილებებს. ის ასევე არაბუნებრივია ზოგიერთი არადასავლური საზოგადოებისათვის, მაგალითად, ინდური თუ არაბული სამყაროსათვის, სადაც ნათესაური, კასტური თუ ეთნიკური კავშირები დღესაც მტკიცეა.

ლიბერალიზმის მემარჯვენე კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ის სათანადოდ ვერ აფასებს ერსა და ტრადიციულ ეროვნულ იდენტობას. მაგალითად, ვიკტორ ორბანი ამტკიცებს, რომ უნგრელის ეროვნული იდენტობა ეფუძნება უნგრულ ეთნოსს და ტრადიციული უნგრული ღირებულებებისა და კულტურული პრაქტიკის შენარჩუნებას. ახალი ნაციონალისტები, როგორიცაა იორამ ჰაზონი, ეროვნულობასა და ეროვნულ კულტურას საზოგადოების გამაერთიანებელ უმთავრეს საშუალებად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ლიბერალიზმი გამანადგურებლად ზემოქმედებს რელიგიურობის განცდაზე.

მემარცხენეებიც ასევე უკმაყოფილონი არიან. კანონის წინაშე სამართლებრივი თანასწორობა არ ნიშნავს, რომ ხალხს მართლაც ასე მოექცევიან _ ყოველდღიურ პრაქტიკაში. რასიზმი, სექსიზმი, ჰომოსექსუალების მიუღებლობა ლიბერალურ საზოგადოებებშიც აგრძელებს არსებობას და ეს უსამართლობები რაღაც ისეთად იქცა, რის გარშემოც ხალხის მობილიზება შეიძლებოდა. 1960-იან წლებში დასავლურ სამყაროში მთელი რიგი სოციალური მოძრაობები გაჩნდა, რომლებიც შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობით დაიწყო. რაც უფრო დიდ წარმატებას აღწევდნენ სოციალური უსამართლობის აღმოფხვრის გზაზე, მით უფრო აუტანლად მტანჯველი ხდებოდა დარჩენილი უსამართლობები და ამგვარად მორალურ იმპერატივად იქცეოდა მეტი ძალისხმევის გაღება მდგომარეობის გამოსასწორებლად. მემარცხენეების სადარდებელი არსობრივად განსხვავებულია, მაგრამ სტრუქტურულად მემარჯვენეებისას მოგვაგონებს _ ლიბერალური საზოგადოება საკმარისად არ ირჯება ღრმად ფესვგადგმული რასიზმის, სექსიზმისა და დისკრიმინაციის სხვა ფორმების აღმოსაფხვრელად, ასე რომ პოლიტიკა უნდა გასცდეს ლიბერალიზმს.

ლიბერალურ საზოგადოებებში რაღაცის გარშემო გაერთიანებისა და საერთო მორალური პრინციპების შენარჩუნების ამ ინსტინქტმა დიდწილად მიმართა მსოფლიო პოლიტიკა _ როგორც მემარჯვენეების, ასევე მემარცხენეების ფლანგებზე იდენტობის პოლიტიკისადმი, მე-20 საუკუნის ბოლოს კი ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს ერთგვარად დააშორა. ისეთ ლიბერალურ ღირებულებებს, როგორიცაა შემწყნარებლობა და პიროვნული თავისუფლება, ყველაზე მეტად მაშინ განადიდებენ, როცა ადამიანებს მათ გარეშე უწევთ ცხოვრება დიქტატორულ რეჟიმებში მცხოვრებთ უბრალოდ სურთ, რომ ილაპარაკონ, თავად გადაწყვიტონ, ვის ესაუბრებიან და ვის სცემენ თაყვანს. წლების განმავლობაში ლიბერალურ საზოგადოებაში კი ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ცხოვრება თავისთავად ასეთი უნდა იყოს, საზოგადოებრივი ერთიანობის განცდა კი შესუსტდა. ამგვარად, შეერთებულ შტატებში მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის კამათი მუდმივად იდენტობის, განსაკუთრებით კი რასობრივი იდენტობის ირგვლივ ტრიალებს, იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკური იდეოლოგიისა და ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის საკითხებს ეხებოდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ლიბერალიზმი ვერაფერს უხერხებს, მოქალაქეობისა და უფლებების საზღვრებს ეხება. ლიბერალური დოქტრინა საფუძველშივე უნივერსალურობისაკენ იხრება: ლიბერალები დარდობენ ადამიანის უფლებებზე და არა მხოლოდ ინგლისელებისა თუ თეთრკანიანი ამერიკელების, ან რომელიმე გამორჩეული კლასის უფლებებზე. მაგრამ უფლებებს სახელმწიფოები იცავენ, შეზღუდული ტერიტორიული იურისდიქციით, და მეტად საკამათო ხდება საკითხი, თუ ვინ უნდა მიიჩნეოდეს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქედ. მიგრანტთა უფლებების დამცველები ხშირად მიუთითებენ ხოლმე, რომ მიგრაცია ადამიანის საყოველთაო უფლებაა, მაგრამ ეს ის პოლიტიკური მარცხია, რომელსაც ფაქტობრივად ყველა თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიაში ნახავთ. დღეს პოლიტიკური საზღვრების საკითხი ისტორიული პრეცედენტისა და პოლიტიკური ბრძოლის ერთგვარი კომბინაციის საფუძველზე წყდება და არა მკაფიოდ ჩამოყალიბებულ რომელიმე ლიბერალურ პრინციპზე დაყრდნობით.

 

დასკვნა

ვლადიმირ პუტინმა “ფაინანშელ ტაიმზს” უთხრა, რომ ლიბერალიზმი “მოძველდა”. სინამდვილეში კი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყოველი მხრიდან თავს ესხმიან ის ისე გვჭირდება, როგორც არასდროს.

ლიბერალიზმი სწორედ იმიტომ გვჭირდება უფრო მეტად, რომ მრავალფეროვნების მართვის საშუალებაა, მსოფლიო კი ახლა უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ოდესმე. ლიბერალიზმისგან განცალკევებული დემოკრატია ვერ დაიცავს მრავალფეროვნებას, რადგან უმრავლესობები ძალაუფლებას გამოიყენებენ უმცირესობების დასაჩაგრად. ლიბერალიზმი მე-17 საუკუნის შუა წლებში დაიბადა, როგორც რელიგიური კონფლიქტების მოგვარების საშუალება, 1945 წელს კი თავიდან დაიბადა, რათა ერებს შორის კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელი გამხდარიყო. რასით, ეთნოსით თუ რელიგიით განსაზღვრული კავშირების ნიადაგზე სოციალური წესრიგის შექმნის ყოველგვარი არალიბერალური მცდელობა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს გამოთიშავს ამ პროცესიდან და საბოლოოდ კონფლიქტამდე მიგვიყვანს. თავად რუსეთიც კი ინარჩუნებს ლიბერალურობის ნიშნებს: მოქალაქეობა თუ ეროვნება არ განისაზღვრება არც რუსული ეთნოსით და არც მართლმადიდებლური რელიგიით; რუსეთის ფედერაციის მილიონობით მუსლიმი მცხოვრები კი თანაბარი სამართლებრივი უფლებებით სარგებლობს.

სხვა გზა მრავალფეროვანი საზოგადოების ორგანიზებისა გულისხმობს ფორმალურ შეთანხმებას ძალაუფლების განაწილებაზე სხვადასხვა იდენტობის მქონე ჯგუფებს შორის, რომლებსაც შეიძლება საერთო ეროვნული ნიშნები ჰქონდეთ. ასე იმართება ლიბანი, ერაყი, ბოსნია და სხვა ქვეყნები ახლო აღმოსავლეთსა და ბალკანეთში. მმართველობა სუსტია, არასტაბილურობა კი მეტისმეტად ხანგრძლივი. ეს არ არის ის გზა, რომელზე დადგომასაც თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია ისურვებდა.

ის საკითხი, თუ როგორი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა უნდა გაატარონ ლიბერალურმა საზოგადოებებმა, კვლავ ღიად რჩება. 1980 წლის შემდეგ ლიბერალიზმის გადაზრდამ ნეოლიბერალიზმში მნიშვნელოვნად შეუმცირა სამოქმედო სივრცე ცენტრისტ პოლიტიკურ ლიდერებს, ის უთანასწორობა კი უზომოდ გააფართოვა, რომელიც პოპულიზმს კვებავს მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე. კლასიკური ლიბერალიზმი სრულიად შეთავსებადია ძლიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც სურს, სოციალურად დაიცვას გლობალიზაციით დაზარალებული მოსახლეობა, თუმცა ამ დროს საკუთრების უფლებასა და საბაზრო ეკონომიკასაც იცავს. ლიბერალიზმი აუცილებლად დაკავშირებულია დემოკრატიასთან და ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვერდს ვერ აუვლის დემოკრატიულ თანასწორობასა და პოლიტიკური სტაბილურობის საჭიროებას.

არა მგონია, შეერთებულ შტატებსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ლიბერალიზმის კრიტიკოსი მორწმუნე კონსერვატორები მართლა ფიქრობდნენ, რომ იმ დროის უკან დაბრუნებას შეძლებენ, როცა მათი სოციალური წარმოდგენები ანგარიშგასაწევი იყო. ისინი სხვა რამეზე ჩივიან _ რომ თანამედროვე ლიბერალები მზად არიან ყველაფრის შესაწყნარებლად რადიკალური ისლამიდან სატანიზმამდე, გარდა მორწმუნე კონსერვატორების მსოფლმხედველობისა და რომ ეს ამ უკანასკნელთა თავისუფლებას ზღუდავს.

ეს მართლაც სერიოზული ჩივილია. მემარცხენეთა შორის ბევრმა გამოთქვა სურვილი ლიბერალური ღირებულებების უარყოფისა სოციალური სამართლიანობის მიზნების მისაღწევად. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ლიბერალურ პრინციპებს ინტელექტუალებიც თავს ესხმიან გენდერის, ქვიარ-თეორიის, რასის კრიტიკული თეორიის მკვლევრები და სხვები, რომლებიც უარყოფენ თანამედროვე ლიბერალიზმის უნივერსალისტურ საფუძველს. ეს უბრალოდ სხვა მოსაზრებების შეუწყნარებლობა კი არ არის აკადემიურ წრეებსა თუ ხელოვნებაში, უფრო იმ მთავარი პრინციპების მიუღებლობაა, რომ ადამიანები თანასწორები იბადებიან და რომ ლიბერალური საზოგადოება ფერებს ვერ უნდა არჩევდეს. ეს თეორიები ამტკიცებენ, რომ სხვადასხვა, ამასთანავე სულ უფრო ვიწრო, ჯგუფების ცხოვრებისეული გამოცდილება იმდენად განსაკუთრებულია, რომ რაც სხვებისაგან გამოარჩევთ, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ის, რაც სხვებთან აერთიანებთ, როგორც მოქალაქეებს.

ამგვარად, საკითხი ისე კი არ დგას, არსებობს თუ არა ლიბერალიზმის საპირისპირო მზარდი მოძრაობა, არამედ ასე რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ის? ინდოეთიდან და უნგრეთიდან შეერთებულ შტატებამდე ნაციონალისტმა კონსერვატორებმა ხელისუფლებაში მოსვლა მოახერხეს და ცდილობენ, გამოიყენონ ძალაუფლება ლიბერალური ინსტიტუციების დასანგრევად და საზოგადოებისათვის საკუთარი შეხედულებების თავზე მოსახვევად.

ლიბერალიზმის კრიზისი ახალი სულაც არ არის. მე-17 საუკუნიდან მოყოლებული, ლიბერალიზმს თავს ესხმოდნენ როგორც მსხვილ-მსხვილი კომუნიტარი მემარჯვენეები, ისე ეგალიტარიზმის მომხრე მემარცხენეები. სწორად გაგებული ლიბერალიზმი კი სავსებით შეთავსებადია კომუნიტარულ იმპულსებთან და საფუძველს ქმნის სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ფორმის წარმატებისათვის. ის აგრეთვე შეთავსებადია სოციალური სამართლიანობის მომხრეთა მიზნებთან, მისი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა ხომ კეთილდღეობის ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებული თანამედროვე სახელმწიფოების შექმნაა. ლიბერალიზმის პრობლემა ის არის, რომ ნელა მუშაობს ხანგრძლივი განხილვებით, კომპრომისებით, და ვერასდროს აღწევს სოციალურ სამართლიანობასთან დაკავშირებულ მიზნებს ისე სრულყოფილად, როგორც სასურველი იქნებოდა. თუმცა ძნელი მისახვედრია, რას მოგვიტანს ლიბერალურ ღირებულებეზე უარის თქმა, გარდა მზარდი სოციალური კონფლიქტისა და საბოლოოდ, პრობლემების მოგვარების საშუალებად ძალადობის დაბრუნებისა.

 

ფრენსის ფუკუიამა