ჯორჯ პეკერის ოთხი ამერიკა
"ბოლო დიდი იმედი" თვალს უსწორებს თვითანალიზის მკვეთრ სინათლეს.ჟურნალისტი და რომანისტი ჯორჯ პეკერი ხუმრობით იწყებს თავის წიგნს “ბოლო დიდი იმედი: ამერიკა კრიზისისა და განახლების ხანაში”: “მე ამერიკელი ვარ. არა, შებრალებას არ ვითხოვ”. თავის ასეთი მახვილგონივრული დამდაბლება სულაც არ არის ბუნებრივი იმ ქვეყნისათვის, რომელიც ჩვეულებრიც აცხადებს, რომ უდიადესია მსოფლიოს ისტორიაში. ჩვენ ჯერ კიდევ არ ჩაგვიბარებია კოვიდის ეროვნული გამოცდა და იმის შესაძლებლობაც არსებობს, რომ ვიღაცამ მომდევნო არჩევნების ჩაშლა სცადოს ტრადიციულად სწორედ ამის გამო ებრალებათ ხოლმე ამერიკელებს სხვა ქვეყნები. პეკერი, როგორც იტყვიან, “პატიოსნად” ხუმრობს.
ამ დამთრგუნველი სურათის ფონზე იმედის მომცემია პეკერის შრომა კოვიდის გამო თავს მოხვეულ იზოლაციაში ამერიკის დემოკრატიულ ექსპერიმენტზე მუშაობის გაგრძელება. უოლტ უიტმენისა და ჯორჯ ორუელის პოლიტიკური პამფლეტებით შთაგონებული, ის ერთგვარ გესლნარევ იმედს გვთავაზობს. “ნუთუ ჩემი თანამოქალაქეები ისინი არიან, ვისთან ერთად კარანტინში ყოფნასაც ვისურვებდი? ჰო, არჩევანი არა მაქვს. ჩემები არიან და მეც მათი ვარ”. რამდენადაც ყველანი ჯერ კიდევ ამერიკელები ვართ, ამ ქაოსში სწორედაც დროა, რომ კავშირის ნამდვილი რაობა გავიაზროთ.
ამისათვის პეკერი “ოთხ ამერიკას” გვიხატავს, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეული აზრით, გამარტივებაა. ამერიკის ცხოვრება ისეთი მრავალსახოვანი და ცვალებადია, რომ სპეციფიკურ კატეგორიებში ადვილად ვერ მოთავსდება. ამ მოცემულობას თავად ავტორიც აღიარებს. რომანისტი და დრამატურგი, თავის სქემაში ისტორიასა და ლიტერატურასაც უძებნის ადგილს და მათი დახმარებით ცდილობს თითოეული ნარატივის ღირსებისა თუ ნაკლის განსჯას.
დავიწყოთ “თავისუფალი ამერიკით”, რომელსაც ყველაზე მეტი პოლიტიკური გავლენა აქვს და რომელიც “იყენებს კონსუმერული კაპიტალიზმის მძლავრ მექანიზმში ჩართულ ლიბერტარიანულ იდეებს… ის როგორც პირად, ასევე კორპორაციულ თავისუფლებას იცავს, ოღონდ ერთგვარი ნეგატიური ფორმით “ნუ გადამივლი!”. უმთავრესი ტექსტები კი ფრიდრიხ ჰაიეკს, მილტონ ფრიდმენსა და აინ რენდს ეკუთვნის.
თავისუფალი ამერიკა რეიგანის ხანაში იშვა. “რეიგანისა და თავისუფალი ამერიკის ნარატივისათვის უმთავრესი იყო მთავრობისა და ბიუროკრატებისაგან თავისუფლება”. მეორე მხრივ კი, “ამერიკელთა უმრავლესობას, რომლებმაც რეიგანი პრეზიდენტად აირჩიეს, ხმა არ მიუციათ შავი მუშების განადგურებისათვის, არც ახალი პლუტოკრატიის გაჩენისათვის, არც ორგანიზებულ ფულზე კანონმდებლობის მორგებისათვის”. დღევანდელი ეკონომიკური არამდგრადობის საფუძველი კი შესაძლოა სწორედ ეს მენტალობაც იყოს ჩაურევლობისა და გულგრილობის ჩვევები.
ნელ-ნელა იკვეთება “ნამდვილი ამერიკა”, ცოტა არ იყოს, ალოგიკურადაც კი. მას პოლიტიკური კამპანიების დროს გამოყენებული მილიონობით ნოსტალგიური სარეკლამო რგოლიდან ვიცნობთ პატარა ქალაქები, ოჯახური ფერმები, სათემო ეკლესიები და სასადილოები… ნამდვილი ამერიკა ცდილობს, მოგვაწონოს რწმენა, ფიზიკური შრომა, პატიოსნება, ღირსება და პატრიოტიზმი. ამ ყველაფერში ცუდი რა უნდა იყოს, მაგრამ პატარა ბინძური საიდუმლო ისაა, რომ ნამდვილი ამერიკა თავად აღარ ცხოვრობს ამ სტანდარტებით. პეკერი აქ სარა პეილინს ასახელებს, რომელიც ერთ დროს მართლაც ძალიან პოპულარული იყო.
გავიხსენოთ პეილინის ძალიან ამერიკული ისტორია როგორ იქცა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ტელევარსკვლავად. ის ვეღარაფერს შესთავაზებდა პუბლიკას, გარდა ბანალური გამონათქვამებისა და ისეთი ფრაზებისა, როგორიცაა: “შენ კარგად იცი”. რაც უფრო ყურადღებით ვაკვირდებით, მით უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ცხოვრება ნამდვილ ამერიკაში ის არ არის, რადაც მოჩანს. ეს კი ნაწილობრივ განპირობებულია თავისუფალი ამერიკის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, რომლის ეკონომიკურმა ხედვამაც “ყველაფერი გამარჯვებულისაა” ნამდვილი ამერიკა ასეთ სავალალო დღეში ჩააგდო. პეკერი შემდეგ ციტატას გვთავაზობს ჯონათან ფრენზენის რომანიდან “თავისუფლება”:
“თუ ფული არ გაქვთ, კიდევ უფრო გააფთრებით ცდილობთ თავისუფლების შენარჩუნებას. მაშინაც კი, თუ მოწევა გკლავთ, თუ შვილების გამოკვებას ვერ ახერხებთ, თუ შვილები ვიღაც ავტომატიანი მანიაკების მსხვერპლი ხდებიან. შეიძლება ღარიბი იყოთ, მაგრამ ვერავინ წაგართმევთ თავისუფლებას ბოლომდე გაინადგუროთ თავი, ბოლომდე დაინგრიოთ ცხოვრება, როგორც გინდათ, ისე”.
არის კიდევ “ჭკვიანი ამერიკა” ისინი, ვინც მოდურ უნივერსიტეტებში სწავლობენ და უმაღლეს ქულებს იღებენ, განათლებული პროფესიონალები, ვინც მერიტოკრატიის კიბეზე ასვლა მოახერხეს. გლობალურად მოაზროვნე, მონაცემების მოპოვებით შეპყრობილ, ტექნიკური განათლების მქონე ამ ამერიკას ყოველთვის აქვს ახალი პროექტი თუ პროდუქტი, რომელიც “უფრო სასიამოვნოს გახდის თანამედროვე ცხოვრების ზედაპირს”, იქნება ეს HBO, MაცBოოკ Pრო, Aმაზონ Pრიმე თუ სხვა. ტექნოკრატთა კლასისთვის სრულიად მისაღებია მრავალფეროვნება, ჰომოსექსუალთა ქორწინება და მარიხუანის ლეგალიზაცია, თუმცა მათ არ სურთ გადასახადების ზრდა და პროფკავშირების შექმნა.
ჭკვიანი ამერიკის მაგალითად ბილ კლინტონი შეიძლება დავასახელოთ, ვინც ორჯერ გახდა ამერიკის პრეზიდენტი. “კლინტონები მეტად თავისებური პოლიტიკოსები იყვნენ ერთმანეთში ურევდნენ იდეალიზმსა და ბიზნესზე ორიენტირებულ იდეებს, რაც ეკონომიკის ზრდისთვის იყო საჭირო. მუშათა კლასზე კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ მუშების ისეთნაირად განვითარებაზე, რომ პროფესიონალთა კლასად ქცეულიყვნენ განათლების, საწვრთნელი პროგრამების გზით”.
პეკერი ასკვნის: როცა კლინტონმა განაცხადა კომპიუტერი და ინტერნეტი შესაძლებლობას გვაძლევს, ხალხი სწრაფად გამოვიყვანოთ სიღარიბის მდგომარეობიდან, უფრო სწრაფად, ვიდრე ეს კაცობრიობის ისტორიაში ოდესმე მომხდარაო, მაშინვე შეიძლებოდა გამოთვლა, როდის აირჩევდნენ პრეზიდენტად დონალდ ტრამპსო.
ბოლო დიდი იმედი: ამერიკა კრიზისისა და განახლების ხანაში
ჯორჯ პეკერიFarrar, Straus and Giroux, 2021
შესაძლოა ეს გაზვიადებაც იყოს. თუმცა კლასობრივმა სიძულვილმა მაინც იჩინა თავი. “ნაციონალისტური მოსასხამი ძირს ეგდო, ტრამპი დასწვდა და აიღო. მერე კი განაცხადა, მე ვარ თქვენი ხმაო”. ერთადერთი, რაც მან ყოველთვის იცოდა, ეს იყო როგორ მიეცა პუბლიკისთვის სწორედ ის, რასაც ითხოვდა.
და ბოლოს, “სამართლიანი ამერიკა” მილენიალები, “გამოღვიძებულები”, სოციალურ მედიაში სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლები მერიტოკრატიულ დაპირებებზე გაზრდილი თაობა, რომელიც ერთი ხანია, რყევებს განიცდის არამდგრადი ეკონომიკისა და ცხოვრების ღირებულების ზრდის გამო.
“ამ თაობას ნაკლებად სწამდა იდეების, რომლებზეც წინა თაობები გაიზარდნენ… მათ თვალში “პროგრესი” იმ შავკანიანი ცნობილი ადამიანებისა და პროფესიონალების ზედა ფენას უკავშირდებოდა, რომლებსაც საზოგადოების მოლოდინის ტვირთი აწვათ მხრებზე”.
იდეა, რომ რასის, გენდერისა და კლასის წმინდა სამება ადამიანის ცნობიერების უმთავრესი განმსაზღვრელია, მემარცხენეების კრედოდ იქცა. ჰუმანიტართა შორის ის იდეაა გავრცელებული, რომ ყოველგვარი ხელოვნება, საბოლოო ჯამში, ძალაუფლებასთან მიმართებით განისაზღვრება. რა თქმა უნდა, სოციალური პირობები ყოველთვის თამაშობს თავის როლს, მაგრამ მათ მიღმა ბევრი რამაა. თუ ყველაფერი პოლიტიკურია, მაშინ გამოდის, რომ არც არაფერია ასეთი: დებატები უთანასწორობისა და ინკლუზიურობის შესახებ მაშინვე წყდება, როგორც კი ვიღაც მსახიობი რაღაც აღმაშფოთებელს იტყვის.
პეკერი აღიარებს: “დიდად არ მინდა მათ რესპუბლიკაში ცხოვრება არც ერთის”. და რაც ამ ოთხი ამერიკის შესახებ ვიცი, იმის გათვალისწინებით ვერ ვიტყვი, რომ ვამტყუნებ. ოთხივეში ვყოფილვარ და თავი შინ არასდროს მიგრძნია. ვერ ვენდობი თავისუფალი ამერიკის უდიდეს ამბიციებს, ნამდვილი ამერიკა კი საშინლად მოსაწყენად მეჩვენება, როცა მასში წინააღმდეგობებს ვერ ვხედავ. ჭკვიანი ტიპების ამა თუ იმ შემთხვევაში გაჩენილი ენთუზიაზმი უანგარო სულაც არ არის. სამართლიანობის დამცველებთან კი ბევრჯერ მიკამათია და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყველაფრის ხელაღებით დაგმობა მართლაც ადვილია; უფრო ძნელია, მიიღო, აღიარო.
“ბოლო დიდი იმედის” შეფასებებს კოვიდით გაპარტახებული, პარტიული დაპირისპირებებით სავსე, მედიით გაჯერებული ლანდშაფტისა ამერიკის ისტორიიდან გამოხმობილი, თითქმის დავიწყებული ფიგურებიც ახლავს. ჟურნალისტი ჰორას გრილი, აქტივისტი და შემდეგ სახელმწიფო მოღვაწე ფრენსის პერკინსი, ადამიანის უფლებების დამცველი ბეიარდ რასტინი ისინი იდეების ქმედებებად ქცევის მაგალითებს გვაჩვენებენ. “ამერიკელად ყოფნის იმ გზებს გვაჩვენებენ, რომლებიც აღარ გვახსოვს და რომლებმაც შეიძლება გაგვაძლიეროს, სწორ მხარეს გაგვახედოს ამ კრიზისში”.
გავიხსენოთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ადამიანები პერკინსივით პირველი ქალივით, რომელიც პრეზიდენტის კაბინეტში მსახურობდა თავგამოდებით იბრძოდნენ ბავშვთა შრომის გამოყენების წინააღმდეგ და სამოცსაათიანი სამუშაო კვირისათვის. დღეს ბევრს ვწუწუნებთ, ძნელი დრო გვიდგასო, მაგრამ გრილსა თუ რასტინს ბევრად რთულ გარემოში უხდებოდათ საქმეების კეთება.
ყოველთვის უფრო ადვილია, გააკრიტიკო, ვიდრე ალტერნატივა შესთავაზო. ამიტომაც გაბედა პეკერმა სპეციფიკური პოლიტიკური რჩევების მოცემა. ის გვთავაზობს ახალ პოლიტიკურ ნარატივს “თანასწორ” ამერიკას. ამერიკელები ხომ სოციალურ თანასწორობას ხშირად არასწორად იგებენ. პეკერი მოგვიწოდებს მედიის, განათლებისა და შრომის გაძლიერებისაკენ უფრო დიდი, უფრო ფართო სამოქალაქო ჩართულობით და მეტი ფინანსური ავტონომიით.
საბოლოოდ, პოლიტიკურმა რეფორმამ უნდა განსაზღვროს, როგორ და რატომ მუშაობენ ინსტიტუციები, ვისი სახელით. ჩვენ, ამერიკელები, დიდად არ ვენდობით ინსტიტუციებს, მემარჯვენეებმა კი ისინი კიდევ უფრო დაგვაშორეს. იმედი მაქვს, ისე არ ვართ შეპყრობილები გამუდმებული მელოდრამით, რომ მხედველობიდან გამოგვრჩეს პეკერის დახვეწილი, დიდი გულმოდგინებით დაწერილი წიგნი, რომელიც ყოველი მხარის უსიტყვო დაშვებებს ეჭვქვეშ აყენებს, ავტორს კი არა მხოლოდ უიტმენისა და ტოკვილის, არამედ კასანდრას მემკვიდრედაც აქცევს.
მეთ ჰენსონი “ამერიკული მიზნის” სარედაქციო საბჭოს წევრი და პუბლიცისტია.