article-img

დაიცავით უკრაინა!

ფრენსის ფუკუიამა

 

რუსეთის მიერ უკრაინის სამხედრო აგრესიის დაშვება „ცივი ომის“ შემდგომ ჩამოყალიბებულ წესრიგს სამუდამოდ შეცვლის.

 

უკრაინა რუსეთის ახალი, ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშეა. როგორც ჩანს, მოსკოვი არ სჯერდება ყირიმის ოკუპაციას და აღმოსავლეთ უკრაინის დიდი ნაწილის ნანგრევებად ქცევას: მისი მიზანი ლიბერალური დემოკრატიის გზაზე შემდგარი ქვეყნის მთლიანად შთანთქმაა.

ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალის კონცენტრაცია გაზარდა. 2021 წლის გაზაფხულისგან განსხვავებით მათი რაოდენობა კიდევ უფრო მაღალია, მათი შეიარაღება კი უფრო შთამბეჭდავი. 2021 წლის ზაფხულში ვლადიმირ პუტინმა გამოქვეყნა გრძელი სტატია, „უკრაინელებისა და რუსების ისტორიულ ერთობაზე“, რომელშიც ის შეეცადა აეხსნა, რომ უკრაინა არა დამოუკიდებელი ქვეყანა, არამედ რუსეთის შემადგენელი ნაწილია. დღეს ყველასთვის ცხადია, რომ პუტინის წარმოსახვაში რუსეთი „ზესახელმწიფოს“ სტატუსს მხოლოდ უკრაინისა და ბელარუსის “დაბრუნების“ შემდეგ მიუახლოვდება. ეს ის მემკვიდრეობაა, რომელიც რუსეთის შეუცვლელ მმართველს სურს დატოვოს. პუტინი მიიჩნევს, რომ ერთპიროვნული მმართველობის და ტრადიციული კულტურის მქონე რუსეთის მისია მსოფლიოს დასავლური ლიბერალიზმისაგან დაცვაა. უკრაინამ უკვე ორჯერ, 2005 და 2013-2015 წლებში, გააკეთა არჩევანი ევროპასთან და დასავლეთთან ინტეგრაციის სასარგებლოდ. სლავური ქვეყნის, თუნდაც ბევრი ნაკლის მქონე, მაგრამ ლიბერალური დემოკრატიის ფორმით არსებობა საფუძველს ართმევს და ძირს უთხრის პუტინის ისტორიულ ხედვას, მის მსოფლმხედველობას.

სწორედ ამიტომ აქვს უკრაინაში და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ასეთი მნიშვნელობა. ამიტომ ეხება ეს პროცესები დასავლეთსაც. კანონის უზენაესობის ძალით დაცული ინდივიდუალური უფლებების იდეა დასავლეთის ექსცენტრული ხედვა არ არის, ლიბერალური დემოკრატიისკენ მსოფლიოს სხვადასხვა ერი მიისწრაფის. როგორც დედამიწის ნებისმიერ მცხოვრებს, ისე სლავურ ხალხებსაც საკუთარი თუ მათი ერის მომავლის გადაწყვეტის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ლიბერალურ საზოგადოებებს კულტურის ნებისმიერ ფორმის, მათ შორის ტრადიციულის, შენარჩუნების უფლება აქვთ, ერთადერთი პირობა ყველა მოქალაქისთვის ფუნდამენტური სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შენარჩუნებაა.

1945 წლის შემდეგ მსოფლიოს ქვეყნებმა უარი თქვეს სამხედრო გზით ტერიტორიულ გაფართოებაზე. რუსეთმა ეს წესი 2014 წელს ყირიმის ოკუპაციითა და ანექსიით დაარღვია. ახლა, თუ პუტინს დანარჩენი უკრაინის დაპყრობა და ოკუპაცია გამოუვა, ეს უკვე მსოფლიოს სხვა რევიზიონისტული ძალებისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება. ასეთი საფრთხეებიდან ყველაზე რეალური ჩინეთის მიერ ტაივანის მიმართ არსებული აგრესიული გეგმებია. პეკინი გულისყურით აკვირდება დასავლეთის საპასუხო რეაქციას პუტინის ქმედებებზე.

ბერლინის დაცემის შემდგომ წლებში მსოფლიო ფართომასშტაბიანი სახელმწიფოთაშორისო კონფლიქტების ეტაპობრივად გათავისუფლდა. დღეს დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში უჭირთ იმ მოცემულობის გათავისება, რომ ეს მდგომარეობა იცვლება და პირდაპირი სამხედრო მუქარა და საფრთხე ისევ საერთაშორისო დღის წესრიგშია. 1991 წლის შემდეგ ნატო მისი წესდების მეხუთე მუხლის გარშემო გაერთიანებული სამხედრო ალიანსის ნაცვლად პოლიტიკურ ორგანიზაციას დაემსგავსა. ამ ორგანიზაციის წევრობა დასავლეთთან და დემოკრატიასთან დაახლოების სინონიმად იქცა. ნატო-ს წევრობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს და უკრაინაში, სადაც ეს მოვლენა ამ ქვეყნების წინაშე არსებული ბევრი პრობლემის გადაწყვეტის გზად განიხილება.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის სამხედრო გზით ხელში ჩაგდებამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეახსენა, რომ ზოგიერთი ახალი წევრის, მათ შორის ბალტიის ქვეყნების, უსაფრთხოებას რუსეთის მხრიდან რეალური საფრთხე ემუქრებოდა. რუსეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსი ფაქტის წინაშე დააყენა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალები იძულებით განათავსა. ამ და სახვა მიზეზთა გამო ამ ორი ქვეყნისთვის MAP-ის მინიჭება განუსაზღვრელი დროით გადაიდო.

მიუხედავად ამ სიძნელეებისა, ნატო-ში არავის სურს ამ კანდიდატებს ალიანსში გაწევრიანებაზე საბოლოო უარი უთხრას. მოსკოვმა ეს მდგომარეობაც კი მიუღებლად ჩათვალა და უკრაინის საზღვრებთან ძალების კონცენტრაციის საბაბად კვლავ ნატო-ს მხრიდან მომავალი საფრთხე დაასახელა. მოსკოვის ბრალდებას, რომ ნატო უკრაინაში ძალების განთავსებას გეგმავს, რა თქმა უნდა, საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ კრემლისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.

მაშ, როგორ უნდა დაიცვას დასავლეთმა უკრაინა? მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ში გაწევრიანება ახლო მომავალში არ განიხილება, ალიანსს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ამ კუთხით. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შეერთებული შტატების სახელით უკრაინის მხარდასაჭერი რამდენიმე განცხადება გააკეთა და რუსეთის იმ „უმძიმესი შედეგების“ შესახებ გააფრთხილა, რომლებიც რუსული შენაერთების მიერ უკრაინის საზღვრის ხელახლა გადაკვეთას მოჰყვება. მოკავშირეებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები იმ ეკონომიკურ, სავაჭრო და ფინანსურ სანქციებზე, რომლებიც რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს ახალი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში დაეკისრება.

მაგრამ საბოლოო ჯამში პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის შეჩერების საუკეთესო საშუალება შემხვედრი სამხედრო მოქმედებაა. უკვე რამდენიმე წელია, რაც შეერთებული შტატების უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. ამ დახმარებას ახლა გაზრდა სჭირდება და მას ალიანსის სხვა ქვეყნებიც უნდა შეუერთდნენ. ამ კონტექსტში აღნიშვნის ღირსია ნატო-ს წევრი თურქეთი, რომელიც იმის გარდა, რომ უკრაინას აწვდის თანამედროვე უპილოტო საფრენ აპარატებს, აპირებს უკრაინას გადასცეს ამ საფრენი აპარატების წარმოებისთვის საჭირო სამრეწველო და ტექნოლოგიური რესურსები. ამ შესაძლებლობის კარგად გამოყენების და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის შემთხვევაში შეიარაღების ასეთი თანამედროვე ნიმუშების წარმოება უკრაინისთვის მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში გარღვევად შეიძლება იქცეს.

სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესია ის ერთადერთი საფრთხე არ არის, რომლებიც ამერიკის მეგობარ დემოკრატიებს ემუქრება. პრეზიდენტი სი ძინპინი ღიად აცხადებს, რომ ის ტაივანის დაბრუნებას აპირებს. ჩინეთი ინტენსიურად ქმნის ისეთ შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ხელსაყრელ მომენტში ასეთი ამოცანების შესასრულებლად იქნება საჭირო. დიდი ხანი არ გასულა, რაც ამერიკის ბიზნეს და პოლიტიკურმა ელიტებმა ტაივანზე ჩინეთის სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა დაუშვეს. მიუხედავად ამ მხრივ მიღწეული პროგრესისა, ჯერ არ ყოფილა სიღრმისეული საუბარი თუ როგორი შეიძლება იყოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გამართული შემდეგი ომი და რა იქნება საჭირო ამ ომში მოკავშირეების გამარჯვებისთვის.

დასავლეთმა უნდა გაიაზროს ის მოვლენები, რომლებიც უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო თავდასხმას მოჰყვება. ასეთი გარდამტეხი ცვლილება გავლენას მთელ რეგიონზე მოახდენს, გამოაჩენს იმ სუსტ წერტილებს, რომლებიც დასავლეთსა და ნატო-ს რუსეთის სიახლოვეს აქვთ.

ეს არ არის ის მსოფლიო, რომელში ცხოვრებას ვისურვებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ჩვენ ვერ ვწყვეტთ. თუ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმა და იქ დემოკრატიის განადგურება ცუდს არაფერს მოუტანს, ფუნდამენტური ცვლილებები მოხდება გლობალურ პოლიტიკაშიც. ამერიკის უკუსვლის, მისი დასუსტების შესახებ საუბარი სხვა მნიშვნელობას შეიძენს.

 

 

ფრენსის ფუკუიამა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, „ამერიკული მიზნის“ დამფუძნებელი და სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარეა.