“ამერიკული მიზნის” საუბრები – ბაიდენის “დემოკრატიის სამიტი” და მსოფლიო
ჯეფრი გედმინი: მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით სასაუბრო თემის არჩევანი ნამდვილად რთული იყო, მაგრამ ჩვენ საპატიო სტუმრებთან ერთად ამჯერად ვისაუბრებთ პრეზიდენტ ბაიდენის ახალ ინიციატივაზე, ვგულისხმობ ვირტუალურ „დემოკრატიების სამიტს“. აღსანიშნავია, რომ ეს სამიტი იმართება მაშინ, როცა უკრაინა ახალი სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშეა, დაძაბულობა გრძელდება ჩინეთსა და ტაივანს შორის… შემიძლია ეს სია უსასრულოდ გავაგრძელო თუმცა აქ შევჩერდები და წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს.
ფიონა ჰილი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება, თუმცა შევეცდები რამდენიმე სიტყვა ვთქვა მის შესახებ. ჰილი შეერთებული შტატების უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი წევრი (2017-2019 წლებში ის საბჭოს ევროპისა და რუსეთის დეპარტამენტის უფროსი დირექტორი იყო) და „ბრუკინგის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარია. ჩვენს მკითხველებს აქვე ვურჩევდი მისი ახლადგამოცემული წიგნის მოძიებასაც.
თომას ილვეში ესტონეთის მეოთხე პრეზიდენტია. ამას გარდა, ის ორგზის იკავებდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს, ხოლო 2004-2006 წლებში ის ევროპარლამენტის დეპუტატი იყო. ახლა ის აქტიური პუბლიცისტია, მისი სტატიების წაკითხვა შესაძლებელია „პოლიტიკოში“, „ეკონომისტში“ და სხვა უამრავ პრესტიჟულ გამოცემაში.
და ბოლოს, ჩემი მეგობარი და კოლეგა, ნორმან აიზენი. მის უამრავ რეგალიას შორის გამოვყოფდი, რომ ის იყო შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ჩეხეთში, ახლა ის „დემოკრატიის ტრანსატლანტიკური სამუშაო ჯგუფის“ თანათავმჯდომარე და „ბრუკინგის ინსტიტუტის“ სამთავრობო პროგრამის ხელმძღვანელია. ამასთან ერთად, ნორმანი რამდენიმე შესანიშნავი წიგნის ავტორიცაა. დავამატებდი, რომ ის პროფესიონალი დიპლომატი, ინტელექტუალი და დემოკრატიის ნამდვილი ქომაგია.
მადლობა ჩვენს სტუმრებს და ნორმან, ჩვენს საუბარს სწორად შენგან დავიწყებ… თუ შეგიძლიათ გვითხრათ რა მოლოდინები გაქვთ პრეზიდენტ ბაიდენის სამიტისგან, რა დადებით და უარყოფით მხარეებს ხედავთ ამ ინიციატივაში.
ნორმან აიზენი: მადლობა მეგობარო, ყოველთვის მიხარია „ამერიკული მიზნის“ საუბრებში მონაწილეობა, როგორც თქვენი გამოცემის მეგობარსა, გამომწერსა და მკითხველს. ასევე, ჩემთვის დიდი პატივია თომასსა და ფიონასთან ერთად ვიყო მოწვეული. ჩემი დიპლომატიური სამსახურის დროს ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ამერიკის მთავარი როლი, ან მიზანი, თუ გნებავთ, იმ დემოკრატიული იდეების მხარდაჭერა და ხელშეწყობაა, რომლებიც ამერიკის, როგორც მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული დემოკრატიის, კონსტიტუციაშია გაწერილი. მე არასდროს ვყოფილვარ „უკნიდან ლიდერობის“ (ლეად ფრომ ბეჰინდ – ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრინციპი) კონცეფციის დიდი მოყვარული. ჩემი აზრით, ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის ბევრად შესაფერისი ტერმინი და მიდგომა „მხარდამხარ ლიდერობა“ იქნებოდა, რადგან მიმაჩნია, რომ დემოკრატიის გზას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვადგავართ. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება გვხვდება, ხოლო მშვიდობიანი განვითარების პერიოდებს უფრო რთული პერიოდები ცვლის, მაგრამ მეც ძნელად წარმოვიდგენდი იმ სირთულეებს, რომლებსაც დემოკრატია დღეს აწყდება, მათ შორის, შეერთებულ შტატებში. ჩვენი შეხვედრის შესახებ დეტალების გაგების შემდეგ მას „იმპიჩმენტის შეკრება“ ვუწოდე, რადგან ფიონასთან ერთად ამ პროცესშიც მაგიდის გარშემო ვისხედით.
დიპლომატიური სამსახურისას ვერასდროს წარმოვიდგენდი იმ მოვლენებს, რომლებიც ამერიკაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ვიხილეთ, რომელთა კულმინაცია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე და ლეგიტიმური არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარის თქმის მცდელობა იყო. მემგონი ასეთი რამ ამერიკაში 1860 ან 1876 წლის შემდეგ არ მომხდარა, ყოველ შემთხვევაში, ერთ საუკუნეზე მეტი დროის განმავლობაში.
ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ მისი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირების შესრულებას, რომელიც მსოფლიოს დემოკრატიების სამიტის გამართვას ეხებოდა, რომელზეც მონაწილეებმა გულახდილად უნდა ისაუბრონ დემოკრატიის მდგომარეობაზე მსოფლიოში და საჯაროდ დააფიქსირონ ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა დემოკრატიის დასაცავად შეუძლიათ. ერთი წლის შემდეგ, როცა სამიტი მეორედ გაიმართება, შეფასდება ის ცვლილებები, რომლებიც ამ ერთ წელში მოხდა და რომლებიც პირველ სამიტს მოჰყვა.
მართალია დღევანდელ მსოფლიოში არსებული ვითარება ამერიკისგან აქტიურ ლიდერობას მოითხოვს, მაგრამ ამ მისიის შესრულებისას ჩვენ დიდი თავმდაბლობა გვმართებს. ეს ჩვენ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, მათთან შეთანხმებულად უნდა ვაკეთოთ. სწორედ ამას ვაკეთებთ მე და შენ, ჯეფ, როგორც „დემოკრატიის ტრანსატლანტიკური ჯგუფის“ თანათავმჯდომარეები, რომელშიც სხვადასხვა პროფესიის, შეხედულებისა და პოლიტიკური გემოვნების 200-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული. მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, ჩვენ ერთი ძირითადი იდეა გვაერთიანებს, ეს არის იდეა, რომ დემოკრატიული ღირებულებების დაცვა ტრანსატლანტიკური ალიანსის წევრთა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. სწორედ ამის საფუძველზე შეიქმნა „დემოკრატიის გზამკვლევი“, რომელშიც მოყვანილია ის კონკრეტული გადაწყვეტილებები და ზომები, რომლებიც პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და დემოკრატიული პრინციპების ერთგულმა ყველა მხარემ უნდა მიიღოს დემოკრატიის დასაცავად, მის გადასარჩენად. ამ წინადადებებს საფუძვლად სოციალური მეცნიერებების წყალობით მიღებული დასაბუთება უდევს. და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს… როგორ უნდა შეჩერდეს დემოკრატიის უკუსვლა შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და რისი გაკეთებაა საჭირო დემოკრატიის წინსვლისთვის.
ძნელი საპოვნელია უახლესი ისტორიის პერიოდი, რომელშიც დემოკრატია ასეთ საფრთხეში ყოფილიყო, თუმცა ამ საფრთხეების პირდაპირპროპორციულია მისი გაძლიერების შესაძლებლობების რიცხვიც. ასევე ძნელი საპოვნელია ამ საკითხებში პროფესორ ჰილსა და პრეზიდენტ ილვეშზე უკეთესად გარკვეული თანამოსაუბრეებიც. მათ ეს ყველაფერი ოკეანის ორივე მხარეს, როგორც ხელისუფლების შიგნიდან, ისე გარედან ნახეს. ისინი დემოკრატიისთვის ბრძოლის ვეტერანები არიან. ჯეფ, კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენთან საუბრისთვის.
ჯეფრი გედმინი: მადლობა, ნორმან, სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ ვართ შეკრებილები და შემდეგი კითხვით ფიონა ჰილთან გადავალ. როგორ შეაფასებთ სამიტს (ორგანიზების ფორმას, მისაწვევი ქვეყნების არჩევანს) გეოსტრატეგიული თვალსაზრისით?
ფიონა ჰილი: დიდი მადლობა, ძალიან მოხარული ვარ ამ საუბარში მონაწილეობის მიღების საშუალება რომ მომეცა.ერთ-ერთი ყველაზე დიდი დილემა, რომელიც ამ სამიტზე საუბრისას ყველაზე ხშირად განიხილებოდა, ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიების კატეგორიაში შეყვანაა, განსაკუთრებით დღევანდელი გეოსტრატეგიული კონტექსტის გათვალისწინებით. ეს დელიკატური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც გავლენას ახდენს მომავალში დემოკრატიული მობილიზაციის და მისი გეოპოლიტიკური გამოყენების წარმატებაზე. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი საკითხია თავად ამერიკული დემოკრატიის გაცოცხლება და მისთვის მისაბაძი მაგალითის სტატუსის დაბრუნება. ერთ-ერთი მიზეზი შეერთებული შტატების ლიდერობისა, სწორედ მისი დემოკრატიის სამაგალითო ხასიათი იყო. ამერიკას ყოველთვის შეეძლო მაგალითად საკუთარი თავი მოეყვანა, მისი საშინაო პოლიტიკა საგარეო პოლიტიკისთვის გამოეყენებინა.
როგორც აღინიშნა, დღეს ამერიკულ დემოკრატიას ძალიან რთული პერიოდი აქვს, ამ დასკვნას მეც ვეთანხმები. ამ შემთხვევაში ნაკლებად ვგულისხმობ მის სტრუქტურული ელემენტებს, კონგრესს, საგამოძიებო კომისიებს, საარჩევნო ადმინისტრაციას და სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებს. აქ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჩემი აზრით, ამერიკული დემოკრატიის უუნარობაა ალღო აუღოს იმ მასშტაბურ სოციალურ, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ცვლილებებს, რომლებიც როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მსოფლიოში ხდება ან უკვე მოხდა. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ინიცირებული სამიტის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი იქნებოდა მსოფლიოს წამყვან დემოკრატიებად აღიარებული ქვეყნების მხრიდან იმის ჩვენება, თუ როგორ შეუძლიათ მათ ამ ცვლილებებისადმი ადაპტირება და დემოკრატიული სისტემის გადახალისება. ასევე, იმედი მაქვს ეს ქვეყნები გაუზიარებენ სხვებს იმ გზებსა და მიდგომებს, რომლებმაც მათი სისტემების მოქნილობა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა მისი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისის შემდეგ. კონგრესის მხარდაჭერით პრეზიდენტმა ბაიდენმა ხორცი შეასხა ინიციატივების სერიას, რომელთა შედეგი ყველა ამერიკელის მატერიალურ ყოფაზე, მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახა. დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული განახლება და რეფორმები. მოქალაქეებისთვის საჭიროა დემოკრატიული სისტემის ფუქნციონირების ასეთი კონკრეტული შედეგების ხილვა.
ერთი-ერთი სირთულე, რომელსაც ამერიკა დღეს აწყდება მოქალაქეების დემოკრატიული სისტემის ნაწილად ქცევის სიძნელეს უკავშირდება. როგორ შეიძლება მოქალაქეების ჩართულობის გაუმჯობესება, მათი ინტერესებისა და სურვილების უკეთესად ასახვა პოლიტიკურ ცხოვრებაში? როგორ უნდა ვაგრძნობინოთ თავი მოქალაქეებს არა მარტო სისტემის ნაწილად, არამედ მის მფლობელებად?
დიდი ინტერესით მოვისმენდი თომას ილვეშისგან ესტონეთის გამოცდილების შესახებ, რომელიც, მართალია, ბევრად მცირე ქვეყანაა, როგორც გეოგრაფიულად, ისე დემოგრაფიულად, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოცდილება მიიღო დემოკრატიული განვითარების უკვე 30 წლიან გზაზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ესტონეთს ბევრი სირთულე ხვდა წილად, დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ესტონეთის მოქალაქეების ბედ-იღბალი ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე მყოფი პოლიტიკური სისტემის პასუხისმგებლობად აქცია. ეკონომიკურ სიდუხჭირეს თან სდევდა საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებული პრობლემებიც. საჭირო იყო ესტონეთის მოსახლეობის რუსულენოვანი ნაწილის ინტეგრაციაზე ფიქრი… შემდგომი ეტაპი ევროკავშირთან ჰარმონიზაცია იყო, როცა ესტონელები უფრო დიდი სისტემის ნაწილად იქცნენ, თუმცა ამას ეს დემოკრატიული და ნებაყოფლობითი ხასიათი ჰქონდა.
ასევე, დაინტერესებული ვიქნებოდი დემოკრატიის საპირისპირო მხარეს არსებულ სისტემებში უკეთესად გარკვევით. დღეს არსებული ავტოკრატიულ რეჟიმებს შორის იდეოლოგიური საფუძვლის მქონე რეჟიმები ერთეულებია. ამის თქმა შეიძლება ჩინეთზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაზე, თუმცა ავტოკრატიების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს იდეოლოგიურ ღერძს მოკლებული, პერსონიფიცირებული სისტემებია, რომელთა ფუნქციონირება მათი ლიდერების და მათი გარემოცვის ინტერესებითაა განპირობებული. საინტერესო იქნებოდა, ჯერ ჩვენ თვითონ გარკვეულიყავით, რას ვუპირისპირებთ ამ სისტემებს და მათ გავლენას ჩვენს საზოგადოებებში.
ჯეფრი გედმინი: თომას, თქვენთან გადმოვალ და მინდა, რომ ორ თემაზე გვესაუბროთ. ერთი, ლიბერალური დემოკრატიების, მათ შორის შეერთებული შტატების, ფიონას მიერ ნახსენები თვითგანახლების და გაძლიერების აუცილებლობაა, ხოლო მეორეს მხრივ, ავტოკრატთა პირისპირ დარჩენილ პარტნიორთა და მოკავშირეთა დახმარებისა და დაცვის საქმეში გამოსაჩენი ლიდერობაა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინის გარშემო შექმნილ რთულ ვითარებას და ამერიკის ლიდერობის მწვავე საჭიროებას ამ კრიზისში. ასევე ცხადია, რომ ამერიკამ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად უნდა იმოქმედოს. ცნობილია ბისმარკის თანამედროვე ადამიანისთვის მოუხეშავი, მაგრამ ზუსტი გამოთქმა, რომ ყველა ალიანსში არსებობს მხედარი და ცხენი. თომას, რას ფიქრობთ, როგორ უნდა იმოქმედოს შეერთებულმა შტატებმა ლიდერის პოზიციიდან, მაგრამ, ამავე დროს, არ დაკარგოს ევროკავშირთან კოორდინაცია?
თომას ილვეში: ეს საკმაოდ ვრცელი თემებია. პირველ რიგში, ნება მომეცით დავიწყო იმ დასკვნით, რომლამდეც ბევრი წლის წინ მივედი: არის ბევრი რეფორმა, რომელიც შეერთებულ შტატებში არასდროს გატარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთი საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა, რომელმაც დროთა განმავლობაში ავტორიტარული თვისებები არ შეიძინა შეერთებულ შტატებშია. არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკები ბევრად უკეთესად უნარჩუნებენ დემოკრატიას ვიდრე საპრეზიდენტო მმართველობის მქონე ქვეყნები. შეერთებული შტატები გამონაკლისია ამ მხრივ, მაგრამ ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ გამოჩნდა თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ასეთი ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში კონცენტრაცია.
მეორე მახასიათებელი, რომელიც, ჩემი აზრით, ამერიკულ დემოკრატიას გამოარჩევს და შესაძლოა მისი სისუსტეც იყოს, ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ფართო გამოყენებაა. ამ საარჩევნო სისტემაში იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელმაც მის კონკურენტებზე მეტი ხმას იღებს, მიუხედავად იმისა მიიღო თუ არა მან ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის ხმა. ასეთი სისტემა აყალიბებს „გამარჯვებულს ყველაფერი, დამარცხებულს არაფერი“ ტიპის აზროვნებას, რომლის გაძლიერებაც დღეს შესამჩნევია როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ანალოგიური საარჩევნო სისტემის მქონე გაერთიანებულ სამეფოში ან უნგრეთში. ასეთი მიდგომა ამცირებს პოლიტიკოსთა სურვილსა და მზაობა გაითვალისწინონ ოპოზიციის თვალსაზრისიც. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ამ მიმართულებით ამერიკაში რეფორმების გატარების მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს.
ამავე დროს, არის რეფორმები, რომელთა გატარებას ბევრად დიდი ალბათობა აქვს. აქ მთავარი საკითხი, ჩემი აზრით, კორუფციასთან ბრძოლაა. კორუფცია ავტორიტარული რეჟიმების გავლენის გაძლიერების ერთ-ერთი და შესაძლოა უმთავრესი ფაქტორია. ავტორიტარულ რეჟიმებს სჭირდებათ კანონის უზენაესობის მქონე ქვეყნები, რადგან მათთან ფულისა და სიმდიდრის ნდობა არავისთვის შეიძლება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი რუსეთის შემთხვევაშია, სადაც უმდიდრესი ოლიგარქების ქონებაც კი არ არის დაცული პუტინის რეჟიმის რომელიმე განშტოების მიერ მიტაცებისგან. შეგვიძლია გავიხსენოთ ამჟამად დევნილი ხოდორკოვსკი, თუმცა უამრავი სხვა მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. იქ დაცული არავინაა. შესაბამისად, რუსი ოლიგარქები და კორუმპირებული ჩინოვნიკები ცდილობენ მათი კაპიტალი ისეთი ქვეყნებში განათავსონ, რომლებშიც კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვთ. კორუმპირებული და კლეპტოკრატიული რეჟიმების ასეთი ქცევა თავად სცემს პასუხს დემოკრატიულ და ავტორიტარულ ქვეყნებს შორის არსებულ უპირატესობებზე გამართულ დებატებში გაჩენილ კითხვებზე.
ქვეყანა, რომელიც დასავლეთის იდეოლოგიურ კონკურენტად შეგვიძლია განვიხილოთ, ჩინეთია. ჩინეთი ცდილობს მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ დასავლეთისგან რიგი უპირატესობებით გამოირჩევა. მათი უმთავრესი არგუმენტი დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებთან შედარებით მათი რეჟიმის უფრო მაღალი ეფექტურობაა. პეკინი იმასაც ამტკიცებს, რომ ჩინეთი დემოკრატიული ქვეყანაა. ჩემთვის დემოკრატია არ ნიშნავს არჩევნების არსებობას, არამედ, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობას. ჩემთვის დემოკრატია რესპუბლიკაა, სადაც ყველა თანასწორია, სადაც ყველად უფლება დაცულია. დღეს ვხედავთ თუ როგორ შორდება ამ პრინციპებს შეერთებული შტატები, სადაც გრძელდება ამერიკელთა ნაწილისთვის საარჩევნო უფლებების შეზღუდვისთვის დაწყებული პროცესები. ამ პროცესს დემოკრატიულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთს დიდი დრო დასჭირდა ადამიანის უფლებების დაცვის იმ დონის მისაღწევად, რომელიც დღეს არის სახეზე. მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი იყო ამერიკის სრულუფლებიანი მოქალაქე, მაგრამ ხმის მიცემის უფლების მოპოვების შემდეგაც კი ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა ყველა ამერიკელს მხოლოდ მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის დასასრულს მიეცა. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ამას ბევრი დრო დასჭირდა. ახლა სხვა ვითარებაა, მაგრამ ამის მიღწევას დიდი ძალისხმევა დასჭირდა.
ვფიქრობ, კლეპტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტია, რომელიც დემოკრატიებს ავტორიტარულ რეჟიმების მიმართ გააჩნიათ. ფიქტიური კომპანიებით სარგებლობის და უძრავი ქონების ანონიმურად შეძენის შესაძლებლობამ კაპიტალის დასავლეთში დაბანდების საშუალება მისცა რუსეთის ყველაზე ოდიოზურ ფიგურებს. მაგალითად, რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრესი მაფიოზის, სიმიონ მოგილევიჩის, გარემოცვის წევრებმა შეიძინეს რამდენიმე აპარტამენტი „ტრამპ თაუერში“. 3 მილიონი აშშ დოლარის ქონებას ფლობს მაიამიში რუსეთის სათათბიროს დეპუტატი იაკოვლევი, რომლის მიერ ინიცირებულმა კანონმა ამერიკელებს რუსეთის ობოლთა თავშესაფრებიდან ბავშვების აყვანა აუკრძალა. როგორც ხვდებით, ეს მხოლოდ ის მაგალითებია, რომლებიც პირველი გამახსენდა. ეს კორუფციის ლეგალიზაციის ფორმებია.
კლეპტოკრატიის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნების ჩართვაა საჭირო. როცა გვესმის, რომ მარინ ლე პენმა მისი საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებისთვის პუტინის კონტროლის ქვეშ მყოფი ბანკისგან 9 მილიონი ევროს “სესხი“ მიიღო ან ფრაუ კნისელი, ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ენერგო-კომპანიაში დასაქმდა… გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრედერი, რომლის რუსეთის სამსახურში ჩადგომამ ახალი ტერმინიც კი წარმოშვა: ევროპაში „შრედერიზაცია“ გადამდგარი თანამდებობის პირების მიერ ლობისტებად დასაქმების სინონიმად იქცა. ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც სხვადასხვა საჩუქრების თუ მოგზაურობების სანაცვლოდ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ ამა თუ იმ ავტორიტარული რეჟიმებისთვის. ასეთი მაგალითების მოყვანა შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ. მოდით, ვთქვათ მარტივად: დღეს ევროპაში სხვადასხვა თანამდებობის პირის მოსყიდვაა შესაძლებელი. სანამ ლიბერალური დემოკრატიები მნიშვნელოვნად არ გაამკაცრებენ იმ ზომებს, რომლებიც კლეპტოკრატთა მიერ მოსყიდული მოხელეებისადმი იქნება გამოყენებული, კლეპტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობაზე საუბარი ნაადრევი იქნება. არ ვამბობ, რომ ეს მარტივი ამოცანაა, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს.
ჯეფრი გედმინი: ძალიან საინტერესო ნუსხა მივიღეთ, მადლობა, თომას. ნორმან, ახლა მინდა თქვენ მოგმართოთ… თქვენ „თეთრი სახლის“ წამყვანი იურისტი იყავით, რომლის ერთ-ერთი მოვალეობა ეთიკურ საკითხებზე ზედამხედველობა იყო და შესაბამისად, გარკვეული ხართ ფარული ლობიზმისა და კორუფციის სხვადასხვა ფორმებში. მეორე მხრივ, თქვენი ამჟამინდელი სამსახურის გათვალისწინებით, თქვენ ამერიკული დემოკრატიის ბედ-იღბალითაც ხართ დაინტერესებული. რას იტყოდით ფიონასა და თომასის მიერ მოყვანილ არგუმენტებსა და მაგალითებზე?
ნორმან აიზენი: მადლობა, ჯეფ და მადლობა ფიიონასა და თომასა ამ მრავლისმთქმელი კომენტარებისთვის. დავიწყებ ფიონას მიერ გამოთქმული მოსაზრებებით… მე ვიტყოდი, რომ იმ საფრთხეებთან და მანკიერებებთან ერთად, რომლებიც ფიონამ ჩამოთვალა და რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები მას, უნდა დავინახოთ ის დადებითი მოვლენებიც და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის შესაძლებლობებიც, რომლებიც როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამერიკელმა ხალხმა ძალიან მკაფიო არჩევანი გააკეთა სწორედ დემოკრატიული განვითარების სასარგებლოდ, მისი ყველა ნაკლის და ამ გზაზე არსებული სირთულის გათვალისწინებით. ცალკე შევეხები თომას მიერ წამოჭრილ საკითხებს ანტი-კორუფციულ ბრძოლასთან დაკავშირებით, ახლა შევეცდები ფიონას მიერ დასმულ შეკითხვებს ვუპასუხო… მოკლედ, რა შეგვიძლია და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ დემოკრატიის დასაცავად… ამის შესახებ მე და ჩემზე ბევრად ღირსეულმა თანაავტორებმა დავწერეთ წიგნი „დემოკრატიის სახელმძღვანელო 2.0“, რომელშიც მოვიყვანეთ კონკრეტული მაგალითები იმ ნაბიჯებისა, რომლებიც უნდა გადაიდგას როგორც პიროვნულ, ისე სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე. როგორც აღვნიშნე, ამ წიგნზე მუშაობდა პროფესიონალთა გუნდი, ალიონ აპოლიაკოვა „სიპადან“, ჯონ კაცი „გერმანული მარშალის ფონდიდან“, ტორი თაუსიგი, რომელიც ახალ ბაიდენის ადმინისტრაციას შეუერთდა, შეერთებული შტატებში დისკრიმინაციასთან ბრძოლის წამყვანი ორგანიზაციის წარმომადგენელი, სიუზან კორკი… ჩვენ ამ წიგნში შევეხეთ სამივე საყრდენს, რომელზეც დემოკრატიების სამიტი უნდა იდგეს: პირველი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მეორე, დემოკრატიული უკუსვლის შეჩერება და მესამე, ადამიანის, სამოქალაქო და სხვა უფლებების დაცვის მხარდაჭერა და ხელშეწყობაა. ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც ჩვენ ვიმუშავეთ. ღმერთმა მისი კაცობრიობისთვის სათქმელი ათ მცნებაში ჩაატია და ჩვენც გადავწყვიტეთ მისთვის მიგვებაძა და ჩვენი რეკომენდაციების ადრესატების მიხედვით ათ-ათი რეკომენდაცია ჩამოვაყალიბეთ. ვფიქრობ, რომ ეს რეკომენდაციები ეხმიანება და პასუხობს ფიონასა და თომასის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.
ჯეფრი გედმინი: შემდეგი კითხვით ფიონას მივმართავ. საინტერესოა თქვენი მოსაზრებები ნორმანის კომენტარზე, თუმცა ასევე გკითხავთ… თავს უფლებას მივცემ აღვნიშნო, რომ თქვენი რეპუტაცია, როგორც პირდაპირი და ღირებულებების ერთგული ადამიანისა, სრულიად დამსახურებულია. მე მაინტერესებს რატომ გვიჭირს ჩვენი ღირებულებების დაცვა ღიად, რატომ ვერიდებით ჩვენი სათქმელის საჯაროდ თქმას და პრობლემებზე საუბარს. ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც საჯაროდ ნათქვამი სიტყვისთვის შეიძლება სამუდამოდ გაუჩინარდეს ადამიანი. მიუხედავად ამისა, ხალხი დღეს ეგუება ისეთ მოვლენებს, რომლებსაც რამდენიმე ხნის პროტესტით უპასუხებდა. თუ შეგიძლიათ გვესაუბროთ დღევანდელ პოლიტიკურ კულტურაზე და ზოგადად, პოლიტიკაზე დღევანდელ ამერიკაში და ნორმანის მიერ ნახსენებ რეკომენდაციებზე.
ფიონა ჰილი: პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ აბსოლუტურად ვეთანხმები იმ სამი ძირითად მიმართულებას, რომლებიც ნორმანმა ჩამოთვალა. ასევე ვეთანხმები, რომ დასაცავია ეთიკის უმაღლესი სტანდარტი. ვეთანხმები თომასსაც, რომ დასავლეთის იდეოლოგიური კონკურენტი ჩინეთია. პეკინი მსოფლიოს საკუთარ თავს, პრობლემების გადაჭრის საკუთარ გზას სთავაზობს მისაბაძ მაგალითად. რა თქმა უნდა, კლეპტოკრატია და კორუფცია არც ჩინეთისთვის არის უცხო, მაგრამ რუსეთისა და სხვა მოწინაღმდეგე ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ კორუფციის ექსპორტი მეორადი საფრთხეა. მეც შემიძლია გავაგრძელო თომასის მიერ „შრედერიზაციის“ სინდრომით შეპყრობილი ევროპელი პოლიტიკოსების სია, მათ შორის დავასახელებდი დიდი ბრიტანეთის ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ჯორჯ ოზბორნს, რომელიც ახალ რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას, სამსახურშია… ამ სიის გაგრძელება მართლაც უსასრულოდ შეიძლება და როცა იქ ჩამოთვლილი ხალხის რაოდენობას ვაკვირდები, მიჩნდება კითხვა, თუ რატომ დაკარგა მორალური ორიენტირი ამდენმა ადამიანმა. ვფიქრობ, რომ ეს სწორად ამ იდეოლოგიური ღერძის დაკარგვის ბრალია და ამ კონტექსტში მინდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხს შევეხო. ერთ-ერთი მიზეზი ჩემი საჯარო სამსახურიდან წამოსვლის, სწორედ ეს იყო.
მე დავინახე თუ რამდენად დიდ საფრთხეს ქმნის საჯარო მოხელეების მიერ პირადი გამორჩენის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი. როგორც ჩანს, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ხალხმა გარემოს შეფასება სხვანაირად დაიწყო. „ცივი ომის“ დროს ყველამ იცოდა საფრთხე საიდან მოდიოდა, საბჭოთა კავშირი იყო მტერი და იყო მკაფიო „წითელი ხაზები“, რომელთა გადაკვეთას კარგი არაფერი მოჰყვებოდა. საბჭოთა კავშირისგან ფულის აღება უფრო ძნელი იყო, ეს კომუნისტებისგან ფულის მიღებას ნიშნავდა, რასაც დამატებითი იდეოლოგიური ელფერი დაკრავდა. ახლა, როცა რუსები ისეთივე კაპიტალისტები არიან, როგორიც დანარჩენი მსოფლიო. დასავლეთში რუს ბიზნესმენებად ან ინვესტორებად ცნობილი რუსების კრემლთან ან კრიმინალურ წრეებთან კავშირები მათთან ურთიერთობის მქონე ამერიკელების აბსოლუტური უმრავლესობისთვის უცნობია. ისინი თავს ფინანსური მოგებით დაინტერესებულ ბიზნესმენებად ასაღებენ. შესაბამისად, ერთეულებს თუ ესმით ის რისკები, რომლებიც მათთან ურთიერთობას მოჰყვება და ძალიან ადვილია მათ მიერ დაგებულ ფინანსურ თუ სხვა ბუნების მქონე მახეში გაბმა. ჩემთვის, როგორც რუსეთზე მომუშავე დაზვერვის ოფიცრისთვის, ყველაფერი ნათელია და არასდროს ყოფილა რთული მათი ნამდვილი ზრახვების, მათი კავშირების დანახვა. მე ვიცი ვინ არიან ისინი სინამდვილეში.
სამწუხაროდ, ამ საკითხში გარკვევა გაუჭირდა ბაიდენის წინამორბედი პრეზიდენტის ადმინისტრაციას… ის ბინძური ხრიკები, რომლებსაც ხშირად რუსები იყენებდნენ ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოიჭრა ა გარკვეულწილად, დამკვიდრდა კიდეც.
როგორც ჯეფრიმ აღნიშნა, ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ღამე გაუჩინარება არ გვემუქრება, მაგრამ ჩემი საჯარო გამოსვლების შემდეგ ასეულობით მუქარა მივიღე, ადგილი ჰქონდა ცილისწამების მცდელობებს. მართალი რომ გითხრათ, ამას ველოდი და გარკვეულწილად მზად ვიყავი. ამიტომ არ შემშინებია საჯაროდ გამომეთქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციისადმი მწვავედ კრიტიკული მოსაზრებები, მაგრამ უამრავი საჯარო მოხელეა, რომელიც ვერ ბედავს ამას… მათ ეშინიათ თანამდებობის დაკარგვის, ეშინიათ რას იფიქრებს მათზე ხალხი, რას იტყვიან მათზე ან რას დააბრალებენ და რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს მათ სოციალურ მდგომარეობაზე. დიახ, შეიძლება თქვას, რომ ასეთი შიში არსებობს და ამ შიშის დაძლევას პირადი მაგალითის ძალა თუ შეძლებს. ჩემთვის ეს ყველაფერი ნათელი იყო, მე მზად ვიყავი ამ ნაბიჯის გადადგმისთვის და ვაგრძელებ საჯაროდ საუბარს შეერთებული შტატების პოლიტიკური ცხოვრების მტკივნეულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, მეც ვფიქრობ იმ შედეგებზე, რომლებიც ასეთმა ქცევამ შეიძლება მომიტანოს, მაგრამ ისიც მესმის, რომ თუ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ყველაფერი შეიძლება დავკარგოთ. ყველას გვაქვს ცხოვრებაში მომენტი, როცა უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს და მემგონი ეს მომენტი ამერიკელებისთვის ახლა დგას. ამავე დროს გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თანადგომა, იზოლირებულად არ უნდა იგრძნოს იმ ხალხმა თავი, ვინც ხმამაღლა საუბარს გაბედავს.
ჯეფრი გედმინი: მადლობა ფიონა, მემგონი თქვენმა კომენტარმა ბევრ საკითხს მოჰფინა ნათელი.
დონ ემერსონი: მოგესალმებით, დემოკრატიის სპეციალისტია არ ვარ, მაგრამ დიდი ინტერესით ვუსმენდი საუბარს. მე სტენფორდის უნივერსიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პროგრამას ვხელმძღვანელობ და გამოვეხმაურები კომენტარს, რომელიც ჩინეთის, როგორც დასავლეთის იდეოლოგიური მეტოქის სტატუსს ეხებოდა. დიდი ხნის განმავლობაში საექსპერტო წრეებში დომინირებდა აზრი, რომ ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ოპორტუნისტულ ხასიათს ატარებდა და იდეოლოგიურ ასპექტს მეორადი მნიშვნელობა ჰქონდა. ითვლებოდა, რომ ისინი მზად იყვნენ ემუშავათ ნებისმიერ მხარესთან, რომელიც მათ ინტერესებს გაიზიარებდა, ხოლო პეკინის რეჟიმის ძირითადი მიზანი აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნება იყო. დღეს ეს შეხედულება იცვლება და ამ შემთხვევაში უნდა დავეთანხმო ფიონას, რომ პეკინი დღეს მსოფლიოს დემოკრატიის ალტერნატიულ დეფინიციას სთავაზობს. ჩინელები მათ მოდელს „ნამდვილ დემოკრატიას“ უწოდებენ, თუმცა ის რადიკალურად განსხვავდება ჩვენთვის ნაცნობი ლიბერალური დემოკრატიის მოდელისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ სრული უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ მათი მოდელის თავისებურებები, მაგრამ მემგონი უნდა ვიცოდეთ მაინც რას სთავაზობს პეკინი მსოფლიოს დასავლური მოდელი საპირწონედ. რამდენად მზად ვართ დავიცვათ ლიბერალური დემოკრატიის მოდელი მისი იმ კომპონენტების ჩათვლით, რომლებმაც მის დასუსტებას შეუწყვეს ხელი? აქვს თუ არა არსებობის უფლება ისეთ დემოკრატიას, რომელსაც ნახევრად-ლიბერალურს ვუწოდებდით?
თომას ილვეში: როგორც ზემოთ აღვნიშნე, დემოკრატიის ქვაკუთხედი პლებისციტი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. შესაძლოა, ჩინეთში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი თავისებურად წარმოუდგენიათ, მაგრამ ამას დემოკრატიასთან კავშირი ნაკლებად აქვს. დემოკრატიის სხვადასხვა ასპექტზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია დემოკრატიაზე დისკუსია ქვეყანაში სადაც არ შეიძლება ტიანან-მენის მოვლენების ან მაო ძედუნის რეჟიმის მიერ 40 მილიონი ადამიანის განადგურების ან უიღურების ხსენებაც კი? როგორ შეიძლება ასეთი საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში მოქალაქეების მიერ ინფორმირებული და სრულყოფილი არჩევანის გაკეთების შესახებ საუბარი? არსებობს მოსაზრება, რომ ჩინეთი ამგვარად გვერდს უვლის დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელ „ვეტოკრატიის“ პრობლემას, რომლის აღწერასაც ფრენსის ფუკუიამასთანაც ვხვდებით. ამ შემთხვევაში იგულისხმება ის დაბრკოლებები, რომლებსაც კონსენსუსის პრინციპით მოქმედება წარმოშობს. ეს დაბრკოლებები უმარტივესი გადაწყვეტილებების მიღებას ართულებს და ხშირად სატრანსპორტო თუ ინფრასტრუქტურული პროექტების სრულიად უსაფუძვლო შეფერხებას იწვევს. რა თქმა უნდა, ავტორიტარული სისტემები უფრო ადვილად ახერხებენ გადაწყვეტილებების მიღებას და ამ გადაწყვეტილებების შესრულებას, ვინ გაბედავს წინააღმდეგობას, როცა მას ფატალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს?
ნორმან აიზენი: უბრალოდ დავამატებდი, რომ ჩემი ფუნქციების შესრულებისას, რომელთა ძირითადი ნაწილი ამერიკაში და საერთაშორისო ასპარეზზე დემოკრატიის მხარდაჭერას გულისხმობს, ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით იმ დაბრკოლებებს, რომლებსაც ჩინეთი, ხოლო ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში რუსეთი, გვიქმნიან. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი კარგად სარგებლობს იმ ფაქტით, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო ვაშინგტონს ყურადღების გადატანა აღმოსავლეთ ევროპისკენ უწევს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ დასვლეთის მთავარი სტრატეგიული მეტოქე კვლავაც პეკინია. იმ ბევრ გაკვეთილს შორის, რომელთა სწავლა ჩინელებისგან გვმართებს, გამოვარჩევდი როგორც ჩვენი დემოკრატიების, ისე ჩვენი ეკონომიკური და სამრეწველო მოდელების მოქნილობის გაუმჯობესების აუცილებლობას. სანამ ამერიკული კომპანიები და სახელმწიფო ინსტიტუტების ბიუროკრატიულ ლაბირინთებში არიან გაჭედილები, ჩინეთი მისთვის კრიტიკული სასარგებლო წიაღისეულის მარაგებს იმზადებს დროში გაწელილი პროცედურების გვერდის ავლით. დროში გაწელილი პროცედურების გვერდის ავლას პეკინი ისევ და ისევ კორუფციის მეშვეობით ახერხებს და აქ კიდევ ერთხელ იკვეთება კორუფციის კავშირი ეროვნულ უსაფრთხოებასთან.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი და ამით დავამთავრებ, ჩვენ არაფერი უნდა დავიშუროთ ჩვენი მთავარი გზავნილის გასავრცელებლად: დემოკრატია ყველაზე ეფექტური სისტემაა! რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ ამ საკითხის ფილოსოფიური მხარე, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა ხაზი გავუსვათ იმ პრაგმატულ ასპექტებს, რომელთა გამოყენება ჩვენ სასარგებლოდ შეგვიძლია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ წინაშე პრაქტიკული ამოცანა დგას: ჩვენ უნდა დავარწმუნოთ როგორც ამერიკელი ამომრჩევლები და ისე დანარჩენი მსოფლიო, რომ დემოკრატია მათთვის სასურველი შედეგების მისაღწევად საუკეთესო არჩევანია.
დევიდ კრამერი: ჩემი კითხვა შეეხება იმ მოქმედების თავისუფლებას, რომელსაც ჩვენი ინსტიტუტები ავტორიტარულ რეჟიმებს აძლევენ. არ ვიცი წაიკითხეთ თუ არა „ნეიშენალ ინტერესტში“ ჩინეთისა და რუსეთის ელჩების მიერ გამოქვეყნებული სტატია. არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ, მაგრამ მაინც შეგეკითხებით ჯეფრისა და მიშელს: თქვენ გამოაქვეყნებდით ამდენი არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციით სავსე სტატიას? რა თქმა უნდა, მათ სრული უფლება აქვთ სტატიაში მათთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია გამოიყენონ, მაგრამ აქვს თუ არა უფლება ჟურნალს, სადაც ეს სტატია ქვეყნდება, შესაბამისი ჩასწორებები მოითხოვოს ან არ გამოაქვეყნოს იგი?
ჯეფრი გედმინი: ჩემი მოკლე პასუხი იქნება, რომ მე მჯერა პლურალიზმისა და ღია დებატების, ზოგადად გახსნილობის განსხვავებული აზრის მიმართ, მაგრამ ჩვენ ამ წერილს არ გამოვაქვეყნებდით.
ჩვენი დრო იწურება, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თომასს, ფიონას და ყველა მონაწილეს. ნორმანს კი ვთხოვ, როგორც ჩვენი დისკუსიის თანა-წამყვანს, მოკლე დასკვნითი სიტყვით დაასრულოს ჩვენი შეხვედრა.
ნორმან აიზენი: სრულიად შესანიშნავი საათი გავატარეთ, დიდი მადლობა ყველას. დევიდ კითხვას ვუპასუხებ მოკლედ… ვფიქრობ, რომ მე გამოვაქვეყნებდი რუსეთისა და ჩინეთის ელჩების ესეს, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტებით: მას თან დავურთავდი იქ მოყვანილი ფაქტებისა და არგუმენტების გადამოწმების შედეგებს. რა თქმა უნდა, რუსეთსა და ჩინეთთან მეტოქეობაში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ სათამაშო მოედანი ყველასთვის ღია იყოს. ასე ავლენს დემოკრატია მის ძალს სრულად. ჩვენ გამჭვირვალეობა გვჭირდება. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა ვისწავლოთ თავის დაცვა (მათ შორის კორუფციის გავლენისგან) და არ შემოვიფარგლოთ ხელების უმწეო სავსავით.
ჯეფრი გედმინი, ფიონა ჰილი, თომას ჰენდრიკ ილვეში, ნორმან აიზენი
ფიონა ჰილი ბრუკინგის ინსტიტუტის „შეერთებული შტატების და ევროპის ცენტრის“ უფროსი მკვლევარი და რამდენიმე წიგნის ავტორია. 2017-2019 წლებში ის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპისა და რუსეთის განყოფილების უფროსი დირექტორი იყო.
თომას ჰენდრიკ ილვეში დიპლომატი, ჟურნალისტი და ესტონეთის მეოთხე პრეზიდენტია (2006-2016). 1990-იან წლებში ის ესტონეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო. 1996-1998 და 1999-2002 წლებში ის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო 2004-დან 2006 წლამდე ევროპარლამენტის დეპუტატი იყო.
ნორმან აიზენი ბრუკინგის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, „შეერთებული შტატების დემოკრატიის ცენტრის“ თავმჯდომარე და „დემოკრატიის ტრანსატლანტიკური სამუშაო ჯგუფის“ დამფუძნებელი თანათავმჯდომარეა. 2019-2020 წლებში ის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის სპეციალური მრჩეველი იყო. 2011-2014 აიზენი შეერთებული შტატების ელჩი იყო ჩეხეთის რესპუბლიკაში. ის რამდენიმე წიგნის ავტორია.
ჯეფრი გედმინი „ამერიკული მიზნის“ მთავარი რედაქტორი და თანადამფუძნებელია.