article-img

შეინარჩუნებს თუ არა ამერიკა დემოკრატიას ?

ლარი დაიმონდი
ახალი სასწავლო წლის დაწყებისას პირველკურსელებს ყოველთვის ერთ კითხვას ვუსვამ: როდის გახდა შეერთებული შტატები დემოკრატია? ამ კითხვაზე პასუხი დემოკრატიის მნიშვნელობის ბუნდოვან ხასიათს ავლენს. 1776, როცა ამერიკულმა შტატებმა მეფე ჯორჰ მესამისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს? 1781, როცა პირველი კონსტიტუციის რატიფიკაცია შედგა? 1789, როცა კონსტიტუცია ამოქმედდა? 1865, როცა მეცამეტე შესწორებით მონობა გაუქმდა? 1868, როცა აფრო-ამერიკელებს არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება მიეცათ? 1920, როცა ხმის მიცემის უფლება ქალებმა მოიპოვეს?
ჩემთვის, როგორც დემოკრატიის მკვლევარისთვის, ერთადერთი სწორი პასუხი 1965 წელია, როცა შეერთებულმა შტატებმა საარჩევნო უფლებების აქტი მიიღეს. ამ აქტით მოიხსნა ხმის მიცემის რასობრივი ბარიერები, რომლებიც სამხრეთელ აფრო-ამერიკელებს მათი დემოკრატიული უფლებების გამოყენების საშუალებას არ აძლევდა. ის, რომ 1965 წლამდე ამერიკელთა უმრავლესობას ხმის მიცემისა და არჩვენებში კენჭისყრის შესაძლებლობა ჰქონდა, საკმარისი არ იყო შეერთებული შტატებისთვის დემოკრატიის წოდებისთვის. ამისთვის არ იყო საკმარისი უმრავლესობისთვის პრესის თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების დაცვა. დემოკრატია გულისხმობს, რომ ყველა მოქალაქეს, საყოველთაო ხმის მიცემის საყოველთაო უფლებით სარგებლობით პოლიტიკური ლიდერების არჩევისა და გადარჩევის საშუალება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში აქვთ. ლიბერალურ დემოკრატიას ცოტა მეტი სჭირდება: თავისუფლებების დაცვა, მოქალაქეთა თანსწორობა სახელმწიფოსა და კანონის წინაშე, რასის, რელიგიოუს ან სქესის მიუხედავად, კანონის უზენაესობა და მისი დამცველი დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე ზედამხედველი დამოუკიდებელი ინსტიტუტები, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ურთიერთპატივისცემის, ტოლერანტობისა და ზომიერების პოლიტიკური კულტურა.
როგორც ჩემს ბოლო წიგნში, ავი ქარები ვწერდი, ამერიკული დემოკრატიის ლიბერალური ელემენტები დიდი ხნის განმავლობაში სუსტდებოდნენ და ილეოდნენ: გაღრმავდა პოლიტიკური პოლარიზაცია, იკლო ტოლერანტობამ, დამახინჯდა ან შეითხზა ფაქტები, პოლიტიკამ კი ნულოვანი ჯამის თამაშის სახე მიიღო. ეს პოლიტიკური გადაგვარება ტრამპის მიერ საკუთარუ კანდიდატურის გამოცხადებამდეც დაწყვენული იყო, თუმცა არასწორი იქნებოდა, ახლანდელი პრეზიდენტისთვის ახლანდელი დემოკრატიული სირთულეების მიზეზის ნაცვლად სიმპტომის წოდება. პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის კი დემოკრატიულად არჩეულებს განსაკუთრებით, დემოკრატიაზე დიდი გავლენა აქვთ. ამერიკელი პრეზიდენტების ჭრელ ისტორიაში ტრამპს ვერავინ შეედრება დემაგოგიაში, სიცრუეში, ინსტიტუტებისა და დემოკრატიისადმი მტრულ დამოკიდებულებაში.
დროთა განმავლობაში ტრამპი თითქმის ყველა დემოკრატიულ ნორმას დაშორდა: მედიას ხალხის მტერსა და ფეიკ ნიუსს უწოდებს, აღვივებს პარტიულ დაპირისპირებასა და სიძულვილს, პატივს არ სცემს სასამართლოს, კრიტიკოსებსა და ოპონენტებს მოღალატეებად განიხილავს, არ სრულებს ეთიკის ელემენტარულ ნორმებს, საპრეზიდენტო ძალაუფლებასა და საგარეო პოლიტიკას საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს, თავს ესხმის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტებს გამოძიების ფედერალურ ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენეტს, უსაფრთხოების სამსახურებს, შეიარაღებული ძალების სარდლობას, საჯარო მოხელეებს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტებსაც. ტრამპის არჩევის შემდეგ, მის მიერ რიტორიკისა და ქცევის გამოვლენილმა ასეთმა სტილმა ბევრ პოლიტიკურ მიმომხილველსა და პოლიტიკოსს გაუჩინა კითხვები ამერიკაში ლიბერალური დემოკრატიის მომავლის შესახებ. როგორ მდგომარეობაშია ამერიკის საბაზისო თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და ძალაუფლების შეკავების ინსტრუმენტები.
ტრამპის საპრეზიდენტო ვადის მეოთხე წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ეროვნულ და გლობალურ კრიზისში, იზრდება ამ საკითხებზე შეშფოთების მიზეზთა რიცხვიც. დღევანდელი ვითარების ნიშანდობლივი თვისება უდავოდ ის სიმტკიცეა, რომელიც დემოკრატიის ბევრმა ლიბერალურმა ელემენტებმა უპრეცედენტო წბეხის პირობებში გამოავლინეს. არაფერი დააკლდა პრესას, ამერიკული დემოკრატიის ამ ურთულეს პერიოდში გრძელდება გაბედული და მნიშვნელოვანი რეპორტაჟებისა და სტატიების გამოქვეყნება. სასამართლოს დამოუკიდებლობა პოლიტიზაციამ დააზიანა, თუმცა ვერ გაანადგურა. მათი კარიერის განადგურების საფრთხის მიუხედავად, პრინციპების ერთგული საჯარო მოხელეები პოლიტიკური წნეხისადმი წინააღმდეგობას განაგრძობენ.
მოულოდნელად, ყველაზე დიდ საფრთხეში ლიბერალური დემოკრატიის დემოკრატიული კომპონენტი აღმოჩნდა. შეერთებული შტატები თანამედროვეობის პირველ ლიბერალურ არა-დემოკრატიად გარდაქმნის საფრთხის წინ დადგა. ამერიკამ დემოკრატიის უმთავრესი ელემენტი, საყოველთაო საარჩევნო უფლება უნდა შეინარჩუნოს. დემოკრატიის მინიმალური პირობების დაკმაყოფილებისთვის შეერთებულმა შტატებმა წელს შემდეგი ამოცანები უნდა შეასრულოს:
1. ყველა ზრდასრულს ხმის მიცემა უნდა შეეძლოს.
2. არ უნდა არსებობდეს რასობრივი, ფინანსური, პარტიული თუ სხვა ნიშანი, რომლის მიხედვით მოქალაქეთა რომელიმე ჯგუფი არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.
3. ყველა ხმა დროულად, უსაფრთხოდ და ზუსტად უნდა დაითვალოს. არჩევნებთან დაკავშირებული ყველა შესაძლო დავა სამართლიანად და პოლიტიკურად ნეიტრალურად უნდა იყოს განხილული.
4. პოლიტიკური ძალაუფლება სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებულს უნდა მიენიჭოს.
1965 წლის შემდეგ ორი შემთხვევა იყო, როცა არჩეულმა პრეიზდენტებმა ელექტორალური კოლეჯი ოპონენტზე ხმათა ნაკლები რაოდენობით მოიგეს 2000 და 2016 წლებში.  ელექტორალური კოლეჯის პრინციპი მოძველებული და უსამართლოა, თუმცა ამერიკა ამ წესს კონსტიტუციის მიღების შემდეგ მისდევდა, დროებით გვერდზე გადავდოთ ის. ასევე გვერდზე გადავდოთ რუსეთისა და სხვა საგარეო აქტორების ჩარევის მცდელობები ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ. რისი თქმა შეიძლება დანარცენ ოთხ პირობაზე?
უპირველეს ყოვლისა უნდა შევთანხმდეთ, რომ პანდემიის პირობებში დისტანციურად, საფოსტო მომსახურების დახმარებით ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს უნდა შეეძლოს. თუ კოვიდ-19-ს ვირუსი კვლავაც სერიოზულ საფრთხედ განიხილება, ფიზიკური დისტანცირება კვლავაც მკაცრად დასაცავი იქნება და დისტანციურად ხმის მიცემის შესაძლებლობას მეტი ყურადღება დასჭიდება. ვისკონსინის საარჩევნო უბნებთან დამდგარი რიგების ხოლვიდან ორი კვირის შემდეგ გამოვლენილი ახალი შემთხვევების ნაწილი სწორედ არჩევნებში მონაწილეობასთან აღმოჩნდა დაკავშირებული. ხმის მისაცემა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გარეშე უნდა იყოს შესაძლებელი. დისტანციური ხმის მიცემის საკითხის პარტიული კუთვნილების ჭრილში განხილვა პოლიტიკური პოლარიზაციის დამადასტურებელი კიდევ ერთ ნიშანი აღმოჩნდა. ფოსტით ხმის მიცემა დაგმო პრეზიდენტმა ტრამპმა და ამერიკელები გააფრთხილა რომ ხმის მიცემის ასეთი წესის დანერგვის შემთხვევაში ისინი არჩევნებში გამარჯვებულ რესპუბლიკელს ვეღარასდროს იხილავდნენ.
თვალი უნდა გავისწოროთ უსიამოვნო ფაქტს: შეერთებულ შტატებში ჩატარებულ ბოლოდროინდელ არჩევნებს თან ამომრჩეველთა უფლებების შეზღუდვა სდევდა თან. ამ მოქმედებებს, რომლებიც ხშირად სამართლიანი არჩევნების აბსტრაქტული პრინციპების დაცვად ინიღბებოდნენ, როგორც წესი, რასობრივი უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა სდევდა თან. ასეთი გადაწყვეტილების მაგალითი იყო ჯორჯიის შტატის გუბერნატორის ბრაიან კემპის მიერ 53000 ძირითადად აფრო-ამერიკელი ამომრჩევლის რეგისტრაციაზე უარის თქმა. მიზეზად  მათ მონაცემებში აღმოჩენილი  “უზუსტობები“ დასახელდა. სწორედ ამიტომ გვჭირდება „საარჩევნო უფლებების აქტი“, რომელიც შეერთებულ შტატებს სრულფასოვან ლიბერალურ დემოკრატიად აქცევდა.
მესამე პირობა ხმების სამართლიანი და მიუკერძოებელი დათვლაა. ამ პირობის დაკმაყოფილებისთვის საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცედურების ზუსტი გაწერა და მათზე შეთანხმებაა. დისტანციური ხმის მიცემის უზრუნველყოფისთვის ზოგიერთ შტატს ბიულეტენების ფორმატის შეცვლა და მათი დათვლისთვის საჭირო ხელსაწყოების შეძენა დასჭირდება. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ფოსტით მიღებული ბიულეტენების შემოწმებასა და სრულად დათვლას რამდენიმე დღე შეიძლება დასჭირდეს. პოლიტიკურმა ოპონენტებმა, პარტიებმა და მედიამ თავი უნდა შეიკავონ არჩევნების “შედეგების“, საკუთარი თავის ან რომელიმე მონაწილის გამარჯვებულად გამოცხადებისგან და ა.შ.
დასასრულს, უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს საზარელი სცენარი, რომლის მიხედვით არჩევნების შედეგები შეიძლება დაუსჯელად გაყალბდეს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ შეერთებული შტატების კონსტიტუცია არ აყალიბებს არჩევნების ჩატარების ყველა შტატისთვის საერთო და სავალდებულო წესებს. ამის ნაცვლად, კონსტიტუციაში ვკითხულობთ, რომ ამა თუ იმ შტატს არჩევნების ჩატარების წესებისა და პროცედურების დადგენა თავად შეუძლია. ამერიკის ისტორიის თითქმის მთელ მანძილზე და თითქმის ყველა შტატში, ეს წესები და პროცედურები დემოკრატიული ხასიათის იყო. თუმცა არსებობს თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ იმ შტატებში, რომლებშიც საკანონმდებლო ორგანოები და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთი პარტიის ხელშია, პროცესი არადემოკრატიულად წარიმართოს. რესპუბლიკელები ახლა სრულად ორ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატს აკონტროლებენ, ფლორიდას და არიზონას. საარჩევნო შედეგების მცირე განსხვავების შემთხვევაში არჩევნების ბედი ამ შტატებიდან ერთმაც კი შეიძლება გადაწყვიტოს. ამას გარდა, ახალი ეპიდემიოლოგიური აფეთქების შემთხვევაში, ხმის მიცემის უზრუნველყოფა საგანგებო მდგომარეობისა და კრიზისისთვის ცუდად მომზადებულ შტატებშიც გაძნელდება.
ამ შესაძლო სცენარებით მოვლენების განვითარებას დიდი ალბათობით არასდროს ვიხილავთ, თუმცა 2016 წელს ვერავინ დაიჯერებდა, რომ სიმართლის უგულებელყოფის, თავისუფალ სიტყვაზე და კანონის უზენაესობაზე თავდასხმების, მეგობარი სახელმწიფოსთვის დახმარების პოლიტიკური მიზეზებით მოხსნის, საუკუნის ყველაზე დიდი კრიზისის ცუდად მართვის და ღირსეული საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის  შემდეგ  2020 წელს მოქმედ პრეზიდენტს მეორედ არჩევის სერიოზული შანსი ექნებოდა. ასეთი სცენარი ვაშინგტონის ვეტერანი ჟურნალისტებისა და მიმომხილველებისთვისაც კი დაუჯერებელი იქნებოდა.
ლარი დაიმონდი
ლარი დაიმონდი სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, „დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის“ დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელი და „ამერიკული ინტერესის“ ავტორია.