article-img

ვლადიმირ პუტინი მოქალაქე არას წინააღმდეგ

კონსტანტინ ეგერტი

ჩემი წარმოდგენით, 2020 წლის რუსეთი ყველაზე კარგად იმ ფოტოზე ჩანს, რომელზეც იმპროვიზებული საარჩევნო უბანია გამოსახული. საარჩევნო კომისიის წევრი ელოდება, როდის გამოჩნდებიან მოქალაქეები და მონაწილეობას მიიღებენ სახალხო კენჭისყრაში ე.წ. კონსტიტუციური შესწორებების მხარდასაჭერად, რომლის ინიციატორიც ვლადიმირ პუტინი გახლავთ. ფოტოზე ქალს კატასთან ერთად ვხედავთ.

სურათი იდეალურად გადმოსცემს მუსოლინის სტილში ჩატარებული, მანიპულაციური და უსირცხვილოდ გაყალბებული პლებისციტის მთელ აბსურდულობას. ხელისუფლება აცხადებს, რომ საკონსტიტუციო შესწორებებს მხარი მონაწილეთა 77%-მა დაუჭირა ისეთი ციფრია, შუა აზიის დიქტატორულ რეჟიმებს რომ შეეფერება. შესაძლოა ეს ყველაზე დიდი საარჩევნო გაყალბებაც კი იყო პოსტსაბჭოთა რუსეთის ისტორიაში.

პლებისციტი კოვიდ 19-ის მძვინვარე პანდემიის დროს ჩატარდა, რუსეთის ლიდერმა კი ის მიიღო, რაც გულით უნდოდა: ახლა შეუძლია პრეზიდენტის პოსტზე 2036 წლამდე დარჩეს, როცა 84 წლის იქნება. ასობით შესწორება, რომლებისთვისაც მოქალაქეებს ხმა ერთად უნდა მიეცათ, ან უშინაარსო და ღიად იდეოლოგიური ხასიათისა იყო (მაგალითად, ქორწინება განსაზღვრული იყო, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი), ან პოპულისტური (სახელმწიფო პენსიის რეგულარული ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით). ნამდვილ პოლიტიკურ ცვლილებებს ცოტა მათგანი თუ გულისხმობდა ეჭვი არ იყო, ბატონი პუტინი სრულად აკონტროლებდა ხელისუფლების ყველა შტოს. გარდა იმისა, რომ კიდევ 16 წელი შეიძლება დარჩეს ქვეყნის პირველ პირად, ახლა მას გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის მოსამართლეების დანიშვნისას. ადგილობრივი თვითმმართველობა რეგიონულ ხელისუფლებას ემორჩილება, ეს უკანასკნელი კი ცხადია, კრემლს.

ნუთუ მართლაც ამდენ ხანს უნდა დარჩენა? ამას გეგმავს? და რამდენად სარისკოა ეს მისთვის და მთელი მსოფლიოსთვის? პირველ კითხვას ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს დიახ, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონი პუტინი არავის ენდობა, წასასვლელი კი არსად აქვს. ის მე-20 საუკუნის ისტორიითაა შეპყრობილი და ცდილობს, ის შეცდომები გამოასწოროს, რომლებიც ქვეყანამ დასავლეთის ზეგავლენით დაუშვა. ბატონი პუტინი თავს რუსეთის ისტორიული მემკვიდრეობის ერთადერთ ჭეშმარიტ მცველად მიიჩნევს და სურს, იალტის ტიპის ახალ შეთანხმებას მიაღწიოს გავლენის სფეროების გადასანაწილებლად. ეს მისი ცხოვრების მთავარი აზრი, მთავარი მისიაა და უარს არაფრით იტყვის.

შეუძლია წარმატებას მიაღწიოს? ზედაპირული პასუხი იქნებოდა კი, შეუძლია. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა 2000 წელს, ბატონმა პუტინმა მოახერხა აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალიზაცია, როსნეფტის მსგავსი უდიდესი სახელმწიფო კომპანიები კი თავისი რეჟიმის ეკონომიკურ და პოლიტიკურ საყრდენად აქცია, ისევე როგორც პირადი შემოსავლის უდიდეს წყაროდ. კრემლმა დამოუკიდებელი მედია გააქრო და საერთაშორისო პროპაგანდის ისეთი მანქანა აამუშავა, რომელსაც მეტოქეობას მხოლოდ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მედია-იმპერია თუ გაუწევს. პუტინმა რევანშისტული საგარეო პოლიტიკა აირჩია დასავლეთის მიმართ მტრულად განწყობილია, დიქტატორულ რეჟიმებს კი მთელ მსოფლიოში მფარველობს. რუსეთის ლიდერმა, საბოლოო ჯამში, მოახერხა, რომ კრემლის კედლებში თუ მის გარეთ ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ძალა არ გაჩენილიყო. მისი მთავარი იარაღი სელექციური რეპრესიებია, ასევე ღია საზღვრები მათთვის, ვისაც ქვეყნიდან წასვლა სურთ; საზოგადოებრივი აზრის შემქმნელთა მოსყიდვა სახელმწიფო თანამდებობებითა თუ პროექტების დაფინანსებით. თუმცა კოვიდ 19-მა ბატონ პუტინს გარკვეულწილად ხელი შეუშალა ჩანაფიქრის განხორციელებაში და სისტემის ნაკლოვანებები უფრო თვალსაჩინო გახადა.

კრემლმა გვიან შენიშნა საფრთხე. როგორც ჩანს, ვერავინ ბედავდა, რომ პუტინთან მისულიყო და ეთქვა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა საჭირო და ვინ იცის, რა ბედი ელის თქვენს პროექტებს საცხრამაისო აღლუმსა და საკონსტიტუციო შესწორებების კენჭისყრასო. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ხშირად მიმართავდა ტელევიზიით, ის როგორღაც განზე გამდგარი და მოყოყმანე ჩანდა. პუტინის დაჟინება საგანგებო მდგომარეობა კი არა, გახანგრძლივებული არდადეგები  გვინდაო, პასუხისმგებლობის აღებაზე უარის თქმას უფრო ჰგავდა.
15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პუტინი ნელ-ნელა ახრჩობდა რუსეთის ფედერალიზმს. აკრძალა გუბერნატორების არჩევა და რეგიონების ლიდერებს პოლიტიკური ლოიალურობისა და ამბიციების ნაკლებობის საფუძველზე ნიშნავდა. როცა პანდემია დაიწყო, მან მიდგომა შეცვალა და ზუსტად ის თვისებები მოითხოვა მათგან, რაც ადრე არ მოსწონდა დამოუკიდებლად აზროვნება, მახვილგონიერება და გამბედაობა. პრეზიდენტმა აშკარად თავიდან აირიდა პასუხისმგებლობა თავისივე შექმნილი სისტემის ნაკლოვანებების გამო და შეეცადა, სხვების ხელით გამოესწორებინა საქმე. სახელმწიფო აპარატს შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი ყოყმანი, რაც, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ ხვალვე შეცვლის ლიდერს, მაგრამ სამომავლო დასკვნებს უდავოდ გამოიტანს.

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებისგან განსხვავებით, რომლებმაც ტრილიონობით დოლარი გამოყვეს ეკონომიკის გადასარჩენად და მოქალაქეებს პირდაპირ დაეხმარნენ ფინანსურად, კრემლმა ბევრი ვერაფერი შეძლო მისი პაკეტი მეტად მოკრძალებულად გამოიყურება. ბავშვიან ოჯახებს გარკვეული რაოდენობის თანხა კი მისცეს აშკარად გულის მოსაგებად და ივნისის პლებისციტისთვის ხმების მოსაგროვებლად მაგრამ მთავრობას არაფერი უღონია უბრალო კაცებისა და ქალების, საშუალო და წვრილი ბიზნესის მხარდასაჭერად. ეს კიდევ უფრო გაზრდის რეჟიმისადმი მტრულ დამოკიდებულებას ისედაც გაღიზიანებულ საშუალო კლასში.
და ბოლოს, უფრო და უფრო მეტი რუსი იღლება პუტინით. ამის მიზეზი ისიცაა, რომ უკვე ამდენი ხანია, პრეზიდენტია, თანაც შესამჩნევად მობერდა. ეკონომისტ მიხაილ დმიტრიევისა და ფსიქოლოგ ანასტასია ნიკოლსკაიას ბოლოდროინდელი კვლევები სწორედ ამას ადასტურებს. ათი წლის წინ მხოლოდ დმიტრიევმა და მისმა კოლეგებმა იწინასწარმეტყველეს ანტიპუტინური საპროტესტო ტალღის აგორება მოსკოვში, 2011-2012 წლებში, სახელმწიფო დუმის გაყალბებული არჩევნების გამო. მათი ახალი კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ სულ უფრო იზრდება ხალხის უნდობლობა ცენტრალური ხელისუფლებისადმი და აგრეთვე თვითორგანიზების სურვილიც შედარებით ღარიბ რეგიონებშიც კი, სადაც უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი ხელისუფალთა მოწყალებაზე, ვიდრე მოსკოვსა თუ სანკტ-პეტერბურგში. თვალშისაცემია, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში უფრო ნაკლებად ექცევა მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები (კორუმპირებული მერები, მტაცებლური დამოკიდებულება, სოციალური კეთილდღეობის არათანაბარი ხელმისაწვდომობა). უფრო ხშირად ამახვილებენ ყურადღებას დიდ ეროვნულ საკითხებზე ფედერალიზმის მომავალსა თუ რუსეთის პოლიტიკური სისტემის ნაკლოვანებებზე. რუსები დაიღალნენ აღმასრულებელი ხელისუფლების ყოვლისშემძლეობით და სურთ, რომ დუმამ უფრო დიდი როლი შეასრულოს.
მკვლევართა ჯგუფის აღმოჩენა ყველაზე უსიამოვნო პუტინისათვის ისაა, რომ ხალხი დაღლილია კრემლის აგრესიული საგარეო პოლიტიკითაც. რუსებს უფრო და უფრო მეტად უნდათ მშვიდობა და ნორმალური ურთიერთობა გარესამყაროსთან, მათ შორის დასავლეთთან, მითხრა ბატონმა დმიტრიევმა სატელეფონო საუბრისას. როგორც ვხვდები, ე.წ. ყირიმის კონენსუსი დამთავრდა. იმ გარიგებას გულისხმობდა, პუტინმა რომ საზოგადოებას შესთავაზა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ: უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერა საბჭოთა სტილის დიადი სახელმწიფოს აღდგენით სიამაყის სანაცვლოდ.

ეს ყველაფერი ივნისის პლებისციტის შედეგებს უფრო დამაინტრიგებელს ხდის. როგორც რუსმა კომენტატორმა, სტას კუვალდინმა შენიშნა, ფაქტი, რომ ასეთ უსამართლო, გაყალბებულ კენჭისყრაში ხალხის დაახლოებით მეოთხედმა უთხრა არა პუტინს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დანარჩენი სამი მეოთხედის ნათქვამი კი. და თუ იმათაც გავიხსენებთ, ვინც ცნობიერად გამოუცხადეს ბოიკოტი არჩევნებს, მაშინ მართლაც შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რასაც ბატონმა კუვალდინმა მოქალაქე არას დაბადება უწოდა, ანუ მისი, ვინც რეჟიმის წინააღმდეგაა განწყობილი და მზადაა, იმოქმედოს საკუთარი შეხედულებებისამებრ. რუსეთში, სადაც რევოლუციით ყოველთვის უმცირესობა იყო დაინტერესებული, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.

პუტინის საჯარო გამოსვლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციას შეუძლია ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილება და პოლიტიკური მღელვარების ჩაცხრობა. შესაძლოა არც ცდება მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ბუნდოვანია, რა მოხდება 2024 წელს, როცა მეხუთედ მოინდომებს ქვეყნის პრეზიდენტობას. თუ კრემლი ეკონომიკურ სასწაულს არ მოახდენს (რაც ნაკლებად სავარაუდოა), მან პოლიტიკური რეპრესიები, საზოგდოებრივი აზრის მანიპულირება და არჩევნების გაყალბება თვისობრივად ახალ დონეზე უნდა აიყვანოს (ამის ნათელი მაგალითია ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ბანაკის აქტივისტების დაპატიმრება ცოტა ხნის წინ), ან ნაცადი ხერხი უნდა გამოიყენოს წარმატებით დასრულებული პატარა ომი.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისათვის ივნისში მიცემულ ინტერვიუში პუტინი შეფარულად დაემუქრა უკრაინას: ზოგიერთმა რესპუბლიკამ ისე დატოვა საბჭოთა კავშირი, რომ რუსეთის ისტორიული მიწები გაიყოლა ის მიწები, რომლებიც საბჭოთა კავშირში შესვლამდე არ ჰქონიაო. ივლისის დასაწყისში კრემლის ჯიბის პარტიამ, რომელიც ულტრანაციონალისტი ამრევის როლს თამაშობს, რათა მის ფონზე რეჟიმი უფრო ზომიერი გამოჩნდეს, რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მიერ გაკონტროლებული დონბასის რეგიონისა და ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შესაერთებლად.

შესაძლოა ეს ნიადაგის მოსინჯვა იყოს, ან არც იყოს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, როგორ არ აძლევს მოსვენებას ბატონ პუტინს უკრაინა, ასეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა გამოსარიცხი არც არის. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ მოსკოვს ნატოსა თუ მისი მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობის შემოწმება სურს. ამ კონტექსტში ხშირად ახსენებენ მოსალოდნელ ბლიც-ოპერაციას ლატვიისა თუ ესტონეთის სასაზღვრო რეგიონებში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობაა და აგრეთვე, შვედეთის კუნძულ გოტლანდისა თუ ნორვეგიის სვალბარდის არქიპელაგის სავარაუდო ოკუპაციას.

რასაკვირველია, ასეთ ქმედებებს დიდი რისკი ახლავს შესაძლოა ატლანტიკურ ალიანსთან ფართომასშტაბიან ომშიც კი გადაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ პუტინს ყოველთვის სურდა, მთელ მსოფლიოს მისი გამბედაობისა და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებების შიში ჰქონოდა, სინამდვილეში სარისკო ნაბიჯებს მხოლოდ მაშინ დგამდა, როცა მეტოქე მასზე ბევრად სუსტი იყო. ასე მოხდა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 წელს და 2015 წელსაც, როცა კრემლი სირიის სამოქალაქო ომში ჩაერთო. პრეზიდენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს თავისი რეჟიმის ეკონომიკური და ფინანსური სისუსტეები, შეერთებული შტატების ახალი სანქციების შესაძლებლობა და რუსეთის სახელმწიფო ვალი.

ვლადიმირ პუტინმა მმართველობის მესამე ათწლეული დაიწყო. ის საკუთარ თავს პეტრე დიდის ფიგურას უთანაბრებს, მოქალაქეებს მოწყალების სათხოვნელად მარადიულად ხელგაწვდილ იმ არსებებად ხედავს, რომლებსაც ყოველგვარი პოლიტიკური უფლება ჩამორთმეული აქვთ, კრიტიკოსები დასავლეთის დაქირავებული ჰგონია, სამყარო კი საშიში ადგილი, სადაც მუდამ გამოსადეგი იქნება უხეში ძალა და ცბიერება. არ შეიცვლება პუტინის ეკონომიკური პოლიტიკაც, რომელიც სახელმწიფო კაპიტალიზმის მოდელს ემყარება ყველა ზარალს გადასახადების გადამხდელები ანაზღაურებენ, ყველა მოგება კი კრემლთან დაახლოებული პირების ჯიბეებში მიდის. ამ რეჟიმს ჯერ კიდევ შეუძლია ცუდი სიურპრიზები მოუწყოს რუსებსა თუ მთელ მსოფლიოს. და რაც ნამდვილად არ შეუძლია ეს მომავლის მიმზიდველი და შთამაგონებელი ხედვაა.

პუტინის მზე სადაცაა, ჩაესვენება. პომპეზური სამხედრო აღლუმებისა და სატელევიზიო რეპორტაჟების ბრწყინვალების მიღმა კი ერთი ღარიბი, გულგატეხილი ქვეყანაა, კორუფციით შეჭმული, ჭკვიანი ადამიანების სხვაგან გაქცევით შეწუხებული გაუმაძღარი, უპასუხისმგებლო ბიუროკრატიის უღელი რომ ადგას, იმ ბიუროკრატიისა, უფრო და უფრო ხშირად რომ მიმართავს უხეშ ძალას კონტროლის შესანარჩუნებლად. 2024 წლისთვის, ან შესაძლოა უფრო ადრეც, მოქალაქე არა საბოლოოდ იტყვის: კმარა!

 

კონსტანტინ ეგერტი

კონსტანტინ ეგერტი დოიჩე ველეს@ პოლიტიკური მიმომხილველია.