
ნაოსნობა „სამ ზღვაში“
რუმინეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ახალი ინიციატივების დრო დადგა.
მსოფლიოს კორონავირუსთან ბრძოლა ჯერ არ დაუსრულებია, მაგრამ პოსტ-პანდემიური აღდგენისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ევროკავშირმა პანდემიით დაზარალებული ევროპული ქვეყნების ეკონომიკის სტიმულირებისთვის 750 მილიარდი ევრო გამოყო. ამ ფონდიდან 215 მილიარდი ევრო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ თორმეტი ქვეყნისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც „სამი ზღვის ინიციატივის“ ჩარჩოში თანამშრომლობენ. ამ ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირის გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი ეს ამბიციური პროექტი სატრანსპორტო სექტორისა და ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად ციფრული ეკონომიკის ელემენტების დანერგვასაც ისახავს მიზნად. საბოლოო ჯამში, „სამი ზღვის ინიციატივამ“ ის ინფრასტრუქტურული ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას, რომელიც დასავლეთ ევროპასა და ევროკავშირის ცენტრალურ- და აღმოსავლეთევროპელ წევრებს შორის არსებობს.
„სამი ზღვის ინიციატივა“ გასული ხუთი წლის განმავლობაში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან მაგალითად იქცა. ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის კავშირის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული შემადგენელი ელემენტების წყალობით პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვისაც. ივლისში ინიციატივის მონაწილე ქვეყნების პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები მორიგ წლიურ სამიტს გამართავენ, რომელიც ამჯერად ბულგარეთში გაიმართება.
სამიტის მიმდინარეობისას ჩვენ შევეცდებით გამოვნახოთ გამოსავალი პოსტ-პანდემიური კრიზისიდან გამოსვლისთვის და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები რეგიონის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის. პოლონეთი და რუმინეთი დარწმუნებულია, რომ კოვიდ-19-ის კრიზისიდან გამოსვლა ტრანსატლანტიკური ძალისხმევის შედეგად უნდა მოხდეს და ამ ძალისხმევის ავანგარდი სწორედ „სამი ზღვს ინიციატივა“ უნდა იყოს.
პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეფექტური ეკონომიკა ციფრული და „მწვანე“ უნდა იყოს. უკვე გამოჩნდა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს უახლეს ტექნოლოგიებს ევროპული სოციალური და ეკონომიკური სისტემების აღდგენისთვის. მონაცემების სტრატეგიული მნიშვნელობის აქტივებად ქცევის შემდეგ, ციფრული ინფრასტრუქტურის განახლება ტრანსატლანტიკური მასშტაბის საკითხად იქცა.
„სამი ზღვის ინიციატივაში“ გათვალისწინებული ნაბიჯები ნაწილია იმ ცვლილებების, რომლებიც ენერგეტიკაში, სატრანსპორტო სექტორში და ციფრულ ინფრასტრუქტურაში უნდა განხორციელდეს გარემოსთვის ნაკლებად საზიანო ეკონომიკის დამვიდრებისთვის, რასაც „პარიზის შეთანხმება“ და „ახალი მწვანე შეთანხმება“ ითვალისწინებენ.
ჩვენ განვიზრახეთ პანდემიით მოგვრილი შოკი წინსვლის დასაჩქარებლად გამოვიყენოთ. დღეს გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება განახლებადი, ბირთვული და ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების პოტენციალის მქონე ენერგიის სხვა წყაროების მნიშვნელობაზე. კერძო სექტორის ამ მხრივ განვითარებისთვის აუცილებელია მათთვის შესაძლებლობების შექმნა და ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ შესაძლელობების შექმნაზე გათვლილ რეფორმებს „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებში.
„სამი ზღვის ინიციატივის“ პრიორიტეტები ევროკავშირის პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაშია. მათ შორისაა ძლიერი ევროპული ბაზრის ჩამოყალიბება და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარება. ევროკავშირის მიერ ანტი-კრიზისული გეგმის ფარგლებში გამოყოფილი თანხები გააორმაგებს იმ საინვესტიციო ფონდის ეფექტურობას, რომელიც „სამი ზღვის ინიციატივის“ მონაწილეთა მიერ შეიქმნა.
პოლონეთისა და რუმინეთის მიერ ინიცირებულ პროექტთა შორის ციფრული და ეკოლოგიური მახასიათებლებით განსაკუთრებით ორი პროექტი გამოირჩევა.
ეს გდანსკისა და კონსტანტას პორტების დამაკავშირებელი რკინიგზის და კარპატებზე გამავალი საავტომობილო გზის გარემოსდაცვითი და ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვაა, რომლებიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო არტერიებს „სამი ზღვის ინიციატივის“ სამაგალითო პროექტებად აქცევს.
რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პარალელურად „სამი ზღვის ინიციატივის“ ეკონომიკურ პროექტებში ჩართვა შეერთებულ შტატებს რეგიონში სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. რეგიონის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში დაბანდებული ამერიკული ინვესტიციები შეასუსტებს დემოკრატიული ღირებულებებისა და ინტერესებისადმი ანტაგონისტურად განწყობილი ძალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევოპის ქვეყნებში.
ეს პროექტები გააუმჯობესებს ნატო-ს რეგიონულ ლოგისტიკურ ქსელს. სამხედრო ძალების გადაადგილება უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ჩრდილოეთისა და სამხრეთ ნაწილების ურთიერთკავშირის გაუმჯობესება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ალიანსის თავდაცვის სისტემის განმტკიცებისთვის, რომელიც შეკავების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ბოლო პერიოდში უკრაინის გარშემო და შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან შეიარაღებული ძალებისა და ტექნიკის სწრაფი გადმოსროლით მოსკოვმა აჩვენა, რომ ლოგისტიკური შესაძლებლობების ქცევა სტრატეგიულ უპირატესობად შეუძლია. მომავალი კრიზისების განმუხტვის ეფექტურობის გაზრდისთვის აუცილებელია ნატო-ს შესაბამისი შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება. ეს ალიანსის მხრიდან დეესკალაციისადმი მოწოდებებს მეტ წონას შესძენს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს პროექტები საკმარისი არ იქნება, თუმცა სხვა სტრატეგიული ინიციატივების განხორციელება უკვე დაწყებული პროექტების წარმატებულ დასრულებაზე იქნება დამოკიდებული.
21-ე საუკუნე ტექნოლოგიური კონკურენციის საუკუნეა. ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის თავისუფალ სამყაროს შესაძლებლობების ხელიდან გაშვების ფუფუნება არასდროს ექნება.
ცენტრალურ ევროპაში ეკონომიკურ-ტექნოლოგიური და სამხედრო ასპექტები ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, რაც შეერთებული შტატების მხრიდან რეგიონში მეტი აქტიურობის სტრატეგიულ მოთხოვნილებას აჩენს.
საბედნიეროდ, „სამი ზღვის ინიციატივის“ იდენტობა სიღრმისეულად ტრანსატლანტიკურია. ის ერთ-ერთი მაგალითია იმ წარმატებულ ტრანსატლანტიკურ ინიციატივებს შორის, რომლებიც შეერთებული შტატების კონგრესის ზეპარტიული მხარდაჭერით სარგებლობენ და ამ მხარდაჭერას ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც არ კარგავენ.
ვაშინგტონის მიერ სწორი დასკვნების გამოტანის და პოლიტიკურ ნებასთან ერთად, ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ინვესტიციები უდიდესი შედეგის მომტანი იქნება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის, და ზოგადად, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ეს პროექტები თავისუფალი სამყაროს მიერ ტექნოლოგიური კონკურენციის პირობებში შეძენილი დამატებითი უპირატესობა იქნება.
საბოლოო ჯამში, პანდემიას ასე საჭირო გამომაფხიზლებელი ეფექტიც ჰქონდა. ჩვენ უკეთესად დავინახეთ და გავიაზრეთ ის სისუსტეები, რომლებიც გვახასიათებს და ის სირთულეები, რომლებიც ხელს გვიშლის განვითარებაში. მართლაც, ეკონომიკური და სოციალური განვითარების გზაზე არსებული ფიზიკური დაბრკოლებების შემცირების გარეშე შეუძლებელი იქნება ტრანსატლანტიკური სივრცის პოლიტიკური სტაბილურობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება.
ტრანსატლანტიკური სივრცის კრიზისიდან გამოსვლის წინაპირობა ენერგო-სატრანსპორტო და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებისადმი უფრო მეტად გაწონასწორებული მიდგომაა. ამ თვალსაზრისით, ჩვენ შეერთებული შტატების აქტიური მხარდაჭერის იმედი გვაქვს.
მასშტაბურ პროექტებზე გაღრმავებულ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობას მრავალმხრივი ეფექტი ექნება – ეკონომიკური წინსვლის გარდა, ეს ხელს შეუწყობს ტრანსატლანტიკურ კონსოლიდაციასაც. შეერთებული შტატების მიერ „სამი ზღვის“ ინფრასტრუქტურულ განვითარებაში ინვესტირება გააღვივებს საერთაშირისო ინვესტორების ინტერესსაც, რასაც გრძელვადიანი დადებითი ეფექტი ექნება რეგიონის ყველა ქვეყნებისთვის.
ბოგდან აურესკუ და ზბიგნიევ რაუ
ბოგდან აურესკუ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბუქარესტის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი და რუმინეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველია. 2016 წელს ის გაერო-ს საერთაშორისო სამართლის კომისიის წევრად აირჩიეს.
ზბიგნევ რაუ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პოლონეთის პარლამენტის წევრია. ის ლოძის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის „ალექსის დე ტოკვილის პოლიტიკური და სამართლებრვი იდეების სწავლების ცენტრის„ დამაარსებელია.