article-img

ნამდვილი დიდი სტრატეგიის მონახაზი

ჟიზელ დონელი

ანალიტიკოსთა და ექსპერტთა კრიტიკა და გამტყუნება ყოველთვის მიმზიდველი საქმე იყო, თუმცა იმ მოსაზრების, რომ მსოფლიოში ფუნდამენტური ცვლილებები მიმდინარეობს სულ უფრო მეტ ადამიანს სჯერა. საერთაშორისო პოლიტიკის გურუ ჰენრი კისინჯერი მის მიერ „უოლ სთრით ჯორნალში” გამოქვეყნებულ ახალ სტატიაში წერს: „დღეს ვეღარავინ უარყოფს, რომ კორონავირუსმა მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა.” მაგრამ რას ნიშნავს ეს? ეს გაფრთხილება კლასიკური კისინჯერია და დელფოსის ქურუმს მოგვაგონებს: ბრძნულია, მაგრამ ბუნდოვანი. მარტივად რომ ვთქვათ პოსტ-პანდემიურ მსოფლიოში შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ჩინეთის ზე-სახელმწიფოებისკენ სწრაფვისადმი ერთიანი სტრატეგიული მიდგომა უნდა ჩამოაყალიბონ. კორონავირუსის კრიზისი ერთგვარი დემონსტრირებაა იმის, თუ როგორ იმოქმედებს ჩინეთი თამაშის მის მიერ დაწესებული წესებით საერთაშორისო ასპარეზზე. ვირუსის წარმოშობისა და მისი თვისებების შესახებ დეზინფორმაციული კამპანია, პანდემიის მასშტაბების დამალვა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აგრესიული ქმედებები პეკინის პოლიტიკის ამსახველი მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, რომლებიც გამოფხიზლებისკენ უნდა გვიბიძგებდეს. დღეს არსებული საერთაშორისო წესრიგის გადარჩენას ეფექტური და თანმიმდევრული სტრატეგიით მოქმედება სჭირდება. ასეთ სტრატეგიაში გათვალისწინებული უნდა იყოს იდეოლოგია, დიპლომატია, ფინანსური და სავაჭრო პოლიტიკა, და რა თქმა უნდა, სამხედრო ძალა.

 

კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ის იდეა იყო, რომლის მიხედვით პეკინისგან „პასუხისმგებელი პარტნიორის“ (2005 წელს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მიერ გამოყენებული ტერმინი) ქცევა იყო მოსალოდნელი. კოვიდ-19-ის სხვა მსხვერპლთა მსგავსად ამ პაციენტსაც დამამძიმებელი თანმდევი ავადმყოფობები აწუხებდა. ახლა პეკინის ქცევის აგრესიულ ხასიათს ყველაზე ოპტიმისტი სინოლოგებიც კი აღნიშნავენ. წინა წლის შემოდგომაზე ვირუსის გამოჩენის შესახებ არსებული ინფორმაციის დამალვა, კოვიდ-19-ის პანდემიაში შეერთებულ შტატებზე დადანაშაულება, ვირუსთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებების ერთპარტიული მმართველობის სისტემის უპირატესობებით ახსნა პეკინსა და დასავლეთს შორის განხეთქილების გაღრმავების დამატებით ფაქტორებად იქცა. ჩინეთი საკუთარი თავს საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მოთამაშედ განიხილავს და ამ სტატუსის სხვებისგან აღიარებას ითხოვს, რაც პეკინთან აქამდე არსებულ გეოპოლიტიკურ ურთიერთობებს ცვლის. დრამატულად შემცირდა თანამშრომლობის შესაძლებლობები. ეს განსაკუთრებით ცხადი კლიმატური ცვლილებებისა და ე.წ. „ტრანსნაციონალური“ დღის წესრიგის სხვა საკითხებში გახდა. სამწუხაროდ, ამ საკითხებს ახლა ჯანმრთელობის დაცვის სფეროც დაემატა, რომელშიც, ოპტიმისტთა თვალსაზრისით, „საერთო ინტერესებს“ უნდა ემძლავრა. მათი იმედი ამაო გამოდგა: აღმოჩნდა, რომ გლობალიზმიდან ნაციონალიზმისკენ მიმავალ გზაზე დადგომისთვის მზად ყველაზე ადრე ჩინელები აღმოჩნდნენ.

ჩინეთთან ურთიერთობებში მოსალოდნელი სიღრმისეული ცვლილებები ნათლად იკითხება სამხედრო ვეტერანისა და პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, გენერალ მაკმასტერის „ეთლენტიკში“ გამოქვეყნებულ სტატიაში. გენერალი იხსენებს თუ როგორ გამყარდა მისი შეხედულებები 2017 წელს, პეკინში საპრეზიდენტო ვიზიტისას. „ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიზნები ამერიკული ღირებულებებისა და ინტერესების საწინააღმდეგოა“, წერს მაკმასტერი. მიუხედავად პრობლემური დემოგრაფიის, დასუსტებული ეკონომიკის და მათი ზრახვების გამოაშკარავების, სი ძინპინს სჯერა, რომ საერთაშორისო წესრიგის მათ სასარგებლოდ შეცვლის ხელსაყრელი მომენტი სწორედ ახლა აქვთ. მაკმასტერმა განსაკუთრებით საყურადღებოდ ვიზიტის დამაგვირგვინებელი შეხვედრა მიიჩნია, რომელზეც სიტყვით ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი ლი კექიანგი გამოვიდა.

სიტყვით გამომსვლელმა მსჯელობა იმ დასკვნით დაიწყო, რომლის მიხედვით ტექნოლოგიურად და ეკონომიკურად განვითარებულ ჩინეთს შეერთებული შტატები აღარ სჭირდებოდა. მან უკუაგდო ვაშინგტონის წუხილი სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე და იწინასწარმეტყველა, რომ მომავლის გლობალურ ეკონომიკაში შეერთებული შტატების როლი მაღალტექნოლოგიური ჩინური წარმოებისთვის ნედლეულის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ენერგომატარებლებისა მიწოდება იქნებოდა.

მაკმასტერის სტატია თანამედროვე სტრატეგიული აზროვნებისთვის რორშახის ტესტივითაა: ის ერთდროულად აქეს და აძაგეს კიდეც, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ეს ტექსტი კარგად ასახავს პოლიტიკოსთა ახალ, პოსტ-პანდემიურ დღის წესრიგს. გარდა იმისა, რასაც ამ სტატიაში ვკითხულობთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის საკითხებიც, რომლებიც სტატიის ავტორის ყურადღების მიღმა დარჩა. მაკმასტერი პეკინის მიზნების, მოტივაციისა და ქცევის ნათელ, შეიძლება ითქვას შეულამაზებელ, აღწერას გვთავაზობს, თუმცა ბუნდოვანი და მორიდებულია, როცა საქმე შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მიერ მოქმედებას ეხება.

მაკმასტერის სტატიის ყველა დიდი ნაკლი სწორედ ესაა – ავტორი არ აღწერს თუ როგორი უნდა იყოს შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების გეოპოლიტიკურ მიზნები, მათი მიღწევის სტრატეგია, უსაფრთხოების პოლიტიკა ან სამხედრო ძალების განვითარების გზა. მაკმასტერი კლაუზევიცის დიდი თაყვანისმცემელია და მისი ციტატა სტატიაშიც მოჰყავს: „უპირველესი და უმნიშვნელოვანესი, რაც სახელმწიფო მოხელემ და სამხედრო მეთაურმა უნდა გაიაზროს ისაა, თუ როგორ ომში ებმებიან ისინი.“ მაკმასტერის დასაცავად ის შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სტატია მისი მემუარებიდან მოყვანილი ნაწყვეტია, რომელშიც შესაძლოა ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზეც მოიძებნოს პასუხი. თუმცა მიუხედავად კოვიდ-19-ით გამოწვეული გადააზრებისა, ჩინეთის საკითხზე გამართულ დებატებს ეს კომპონენტი დღესაც აკლია. სანამ შეერთებული შტატები კონფლიქტის ბუნების და მასში გამარჯვების ზუსტ განსაზღვრებებს, წარმატების მიღწევის ზოგად გეგმას არ წარმოადგენს და მისი განხორციელებისთვის საჭირო რესურსებს არ გამოყოფს პოსტ-პანდემიური მსოფლიო პანდემიამდელი მსოფლიოს იდენტური იქნება.

ჩინეთთან მეტოქეობის ფუნდამენტური ფაქტორი იდეოლოგიური განსხვავებებია. შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ აშენებული სახელმწიფო და საერთაშორისო სისტემები პიროვნული თავისუფლებისა და განვითარების დაცვისა და ხელშეწყობის პრინციპს ეფუძნებიან. ასეთ სისტემებში სოციალური კონტრაქტი თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური უფლებების დაცვის გარანტიაა. პეკინმა ნაციონალისტური მიზნების და საპირისპირო ბუნების იდეოლოგიის მქონე იმპერიული ყაიდის სისტემა შექმნა. მისთვის ხელსაყრელი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების გარდა, პეკინის მიზანი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ძალაუფლების დაცვა და გაძლიერებაა. პარტიის მანდატი ჰანი ჩინელებისთვის მათი დამსახურებული დიდების მოტანას ითვალისწინებს. სამართლიანი საზოგადოების ასეთი ხედვები ურთიერთსაწინააღმდეგო და ერთმანეთთან შეუთავსებელიც კია, რადგან უნივერსალურ მორალსა და ონტოლოგიურ არგუმენტაციას ერთდროულად წარმოადგენს.

ეს ჩინეთთან მშვიდობიან და ხანგრძლივ თანაცხოვრებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და მას ძალთა ბალანსის ორივე მხრის მიერ აღიარებაზე დამოკიდებულს ხდის. 1990-იანი წლების ბოლოს, ცივი ომის შემდგომ „უნიპოლარულ პერიოდში“ შეერთებული შტატები დადებითად შეხვდა ჩინეთის საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაციას. ვაშინგტონი ვარაუდობდა, რომ ჩინეთში ეკონომიკური ზრდის დაჩქარება საზოგადოებაში ლიბერალური ღირებულებებისა და პოლიტიკის დამკვიდრებასაც დააჩქარებდა და პეკინს ისტორიული განვითარების განსხვავებული ტრაექტორიის არჩევისკენ უბიძგებდა. ამ აზრზე იყო 2000 წელს კლინტონის ადმინისტრაცია, როცა კონგრესის დარწმუნებას „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“ სრულფასოვანი წევრობის გზაზე ჩინეთისთვის დაწესებული დაბრკოლებების მოხსნის აუცილებლობაში არწმუნებდა. ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში წარმოთქმული სიტყვა პრეზიდენტმა კლინტონმა ასე დაასრულა:

„თუ თქვენ ჩინელი ხალხის თავისუფალი მომავლის გჯერათ, მაშინ ამ შეთანხმების მომხრეები უნდა იყოთ. თუ აზიის უსაფრთხო და მშვიდობიან მომავლის გჯერათ, მაშინ ამ შეთანხმების მომხრეები იქნებით. ეს სწორი ნაბიჯია. ამ ისტორიული მნიშვნელობის შესაძლებლობის გამოყენება ამერიკის პასუხისმგებლობაა.“

ამ დრომ ჩაიარა. პეკინი დღეს უფრო ძლიერია, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩინეთი საკუთარ თავს ზესახელმწიფოდ აფასებს. 2017 წელს გამართულ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 კონგრესზე სი ძინპინმა საჯაროდ განაცხადა, რომ „სოციალიზმი ჩინური მახასიათებლებით“ დიდების მოხვეჭისა და განახლების „ახალ ეტაპზე“ გადადიოდა. ეს თამამი და მრავლისმთქმელი განაცხადი სი ძინპინის „ჩინურ ოცნებადაა“ ცნობილი. კლინტონის მიერ ჩინეთის „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“ ჩინეთის სრულფასოვანი წევრობის მხარდამჭერი კამპანიის მსგავსად სი ძინპინის მიმართვაც უკეთესი მომავლის დაპირებაა: „ისტორიის ბორბალი არ ჩერდება, ამ გზაზე ძნელბედობაც შეგვხვდება. ისტორია კეთილგანწყობილია მათ მიმართ ვინც გამბედავი, ამბიციური და მამაცია. ის არასდროს ელოდება უძლურებს, მშიშრებსა და ზარმაცებს.“ იქ სადაც კლინტონი პირდება, სი აცხადებს. რიტორიკის გარდა მათ შორის უფრო ფუნდამენტური განსხვავებებიცაა. სი არაფერს ამბობს თავისუფლებასა და მსოფლიოსადმი გახსნილობაზე. შესაძლებლობები, რომლებსაც სი ხედავს, ჩინეთის შესაძლებლობებია. მისი დეკლარაცია უაღრესად ნაციონალისტურია, სამართლიანობას აქ ეროვნული სუვერენიტეტის პრიმატი უსწრებს წინ: სი პირობას დებს, რომ შეურიგებელი იქნება „ჩინეთის ეთნიკური ერთიანობის, სოციალური ჰარმონიისა და სტაბილურობის მტრების წინააღმდეგ.“ სის ოცნებაში ტიბეტელების, უიგურებისა და ტაივანელების თავისუფლება არ განიხილება.

რას გულისხმობენ ჩინელი ლიდერები „ჩინურ მახასიათებლებში“? დასავლეთში ეს ფრაზა ყველაზე ხშირად დენ სიაოპინთან, მაო ძედუნის შემდგომი ეპოქის ყველაზე დინამიურ ჩინელ პოლიტიკოსთან, ასოცირდება. დენ სიოპინიც კი ჩინეთის ძირითად მახასიათებლებს დინასტიურ ეპოქას, ტრადიციულ მიწათმოქმედებას, წარსულ დიდებას და დასავლური კოლონიალიზმის ისტორიულ გამოცდილებას უკავშირებდა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმატება უზარმაზარი ერისთვის სტაბილური და მშვიდობიანი არსებობის უზრუნველყოფით, ჩინეთზე უცხო ქვეყნების დომინირების დასრულებით ფასდებოდა. სოციალიზმი დანახული იყო როგორც პრაქტიკული არჩევანი, ჩინეთის აღორძინების საშუალება და არა მისი საბოლოო მიზანი. სოციალიზმი, მისი „საბაზრო“ სახითაც კი, ჩინეთის ეროვნულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ეს მიზანი „ეთნიკური და სოციალური ჰარმონია და სტაბილურობა, ჩინელი ხალხისთვის უსაფრთხო მსოფლიოს შექმნაა. ეს არა საზოგადო, საზიარო სიკეთეა, როგორიც, მაგალითად, „დემოკრატიისთვის უსაფრთხო მსოფლიო“ შეიძლება იყოს. არა, ეს უპირველეს ყოვლისა, ერთი ქვეყნისა და მისი ხალხის სასიკეთოდ გარდაქმნილი მსოფლიოა. ასეთო სისტემა არა ბუნებრივ თანასწორობას, არამედ ბუნებრივ იერარქიას ითვალისწინებს. ჩინური საზოგადოების იერარქია საერთაშორისო საზოგადოების იერარქიად უნდა იქცეს. ეს ჩინეთისთვის ისეთივე თავისთავადი პრინციპია, როგორც შეერთებული შტატებისთვის პოლიტიკური თავისუფლება შეიძლება იყოს. „ჩინური მახასიათებლები“ საბოლოო ჯამში ნაციონალისტური იდეოლოგიაა.

შეერთებული შტატების და მოკავშირეების წინაშე ასეთი სირთულეები წარსულშიც ყოფილა. ამ კუთხით ჩინეთთან გეოპოლიტიკური მეტოქეობა ცივი ომის მსგავსია. ეს განსაკუთრებით ცხადია, თუ გავიხსენებთ საბჭოთა კავშირთან მეტოქეობის მიზეზებს და იმას, რასაც ჯონ კენედი საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე წარმოთქმულ სიტყვაში კომუნისტური რუსეთის შეკავებისთვის „გრძელ, დაუსრულებელ ბრძოლას“ უწოდებდა. 1945 და 2020 წლებს შორის არსებულ განსხვავებებზე დიდი რაოდენობის ლიტერატურა არსებობს. ამ ანალიზთა დიდ ნაწილს საფუძვლად საერთაშორისო ურთიერთობების „რეალისტური“ ხედვა უდევს საფუძვლად. ის, რაც ხშირად ასეთი ანალიზის მიღმა რჩება ამერიკული სტრატეგიული კულტურაა, ის ლიბერალური ფილტრია, რომლის გავლითაც ამერიკელები მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და პოლიტიკას აფასებენ. ჩინეთის მსგავსად, ძალა დანიშნულების გარეშე შეერთებული შტატებისთვისაც უაზრობაა. ამერიკა ამ ახალ მეტოქეობაში ჩაბმული არა უბრალოდ ჩინეთის “საფრთხის“ გამო, არამედ სამართლიანი მსოფლიოს საკუთარი ხედვის გამოა.

სწორად იდეოლოგია იყო ტრუმენის ადმინისტრაციის ის ათვლის წერტილი და დასაყრდენი, რომელმაც ამერიკის ცივი ომის სტრატეგიის თანამიმდევრულობა და მოქნილობა განაპირობა. ზუსტად და მკაფიოდ იყო განსაზღვრული გამარჯვება, მოქმედებისა და სტრატეგიის შესწორება კი ყოველთვის შესაძლებელი იყო. მეთოდები და საშუალებები შეიცვალა, თუმცა მიზანი არ შეცვლილა. ომის კლაუზევიცისეული „არსი“, პირველ რიგში, მოწინააღმდეგე მხარეების თვისებებითა და მმართველი რეჟიმების სახეობით განისაზღვრება. დროსა და ადგილს მხოლოდ მეორადი მნიშვნელობა აქვთ. შესაბამისად, ცივი ომის დროინდელი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების შესწავლისას ჩვენი ყურადღება თავად გეოპოლიტიკურ პრობლემებზე არანაკლებად დაპირისპირებულ მხარეთა რაობის გაგებისკენ უნდა იყოს მიმართული.

ტრუმენის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი „შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მიზნები და პროგრამები“, რომელიც მისი ბიუროკრატიული სახელით,“NSC 68”, არის ცნობილი, ამ პროცესის შესაძლო გზამკვლევი და თარგია. NSC-ს შესახებ გაკეთებული სამეცნიერო და კრიტიკული კომენტარების დიდი ნაწილი ცივი ომის სტრატეგიის „გასამხედროების “რეკომენდაციებს ეხება. თუმცა თავად მემორანდუმის საწყისი წერტილი „შეერთებული შტატების ფუნდამენტური დანიშნულებაა“, რასაც სხვა სიტყვებით ამერიკული პოლიტიკური იდეოლოგია შეგვიძლია ვუწოდოთ: „პიროვნულ ღირსებასა და ღირებულებაზე დაფუძნებული თავისუფალი საზოგადოების მთლიანობისა და სიცოცხლისუნარიანობის დაცვა“.

„ამ დანიშნულებიდან სამი რეალობა გამომდინარეობს: ჩვენი განზრახვა შევინარჩუნოთ პიროვნული თავისუფლების ძირითადი ელემენტები, როგორც ამას კონსტიტუცია და უფლებათა ბილი აღწერს; ჩვენი განზრახვა უზრუნველვყოთ ყველა საჭირო პირობა თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის არსებობისა და კეთილდღეობისთვის; ჩვენი მზაობა საჭიროებისთანავე ვიბრძოლოთ ცხოვრების ჩვენეული წესის დასაცავად.“

 

ამგვარად, ტრუმენის ადმინისტრაციისთვის მარტივი იყო „კონფლიქტის არსის“ განსაზღვრაც:

 

„ჩვენს თავისუფალ საზოგადოებას საბჭოთა კავშირი განადგურებით ემუქრება. არ არსებობს ღირებულებათა სხვა სისტემა, რომელიც ასეთი შეუთავსებელი შეიძლება იყოს ჩვენს ღირებულებებთან, ასე მიზანმიმართულად ისახავდეს ამოცანად ჩვენს განადგურებას, ასე შეეძლოს ჩვენს საზოგადოებაში არსებული პრობლემებით საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ მანიპულირება, ასე მარჯვედ შეეძლოს ადამიანის ბუნების ირაციონალური ელემენტების გამოყენება და ამავე დროს განკარგულებაში ასეთი მძლავრი სამხედრო ძალა ჰქონდეს.“

 

Nშჩ 68-ის გასაიდუმლოების მიუხედავად, 1950-იანი წლების დასაწყისში ასეთი მკაცრი და პირდაპირი ლექსიკა ფართო აუდიტორიისთვისაც იყო განკუთვნილი. პრეზიდენტი ტრუმენი და მისი „ბრძენთა საბჭო“ სრულად აცნობიერებდნენ, რომ ამერიკული სტრატეგია შექმნა არა მხოლოდ მცირერიცხოვანი ელიტას, არამედ შეერთებული შტატების ყველა მოქალაქეს ეხებოდა.

აქ ფორმულირებაში მთავარი ის არ არის, თუ რამდენად სწორადაა გაგებული და აღწერილი საბჭოთა კავშირი. ამ თემაზე დებატები დღესაც მიმდინარეობს. მთავარი არც ის არის, თუ ამ მიდგომის რა ნაწილი შეიძლება ახლა ჩინეთის ამბიციების გასაგებად იყოს გამოყენებული. მთავარი აქ სტაბილური საერთაშორისო წესრიგის ამერიკული ხედვის ჩამოყალიბებაა, რომელიც „თავისუფალი და დემოკრატიული სისტემის“ „შეურიგებელი“ მოწინააღმდეგისგან მომავალი „სასიკვდილო საფრთხისგან“ დაცვას ითვალისწინებს. ასევე მკაფიოდ არის განსასაზღვრი თუ რა ვთვლით გამარჯვებას ამ ბრძოლაში. ტრუმენის ადმინისტრაციისთვის ეს ნიშნავდა: „დღევანდელი პერიმეტრიდან მოსკოვის ზედმეტი გავლენისა და ძალის ეტაპობრივი დაბრუნება რუსეთის ტრადიციულ საზღვრებში და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების დამოუკიდებელ ქვეყნებად ჩამოყალიბება.“

 

რა არის გასაკეთებელი? რომელი საკითხებია სასწრაფოდ გადასაწყვეტი? დისკუსიაში ჩინეთის რეჟიმის შესახებ სიცხადის შეტანა აუცილებელი, თუმცა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ასევე საჭიროა დავაზუსტოთ გეოპოლიტიკური ძალის არსი და სახელმწიფოს ხელთ არსებული ტრადიციული ინსტრუმენტების 21-ე საუკუნეში გამოყენების მეთოდები. საჭიროა ქმედითი სტრატეგია, რომელიც ამ ინსტრუმენტების გამოყენებას მაქსიმალურად ეფექტურს გახდის.

პეკინის რეჟიმის დემოკრატიზაციის დაჩქარების ფაქტორად ამერიკულ ყაიდაზე მოწყობილ საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში ჩინეთის ინტეგრაცია განიხილებოდა. ანალოგიური ოპტიმისტური მიდგომა არსებობდა ტრანსნაციონალური კონფლიქტების და სირთულეების გადაწყვეტისთვის შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და მათი ეფექტურობისადმი. ფრანკლინ რუზველტისა და უინსტონ ჩერჩილის ინიციატივით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნიდან გასული 78 წლის შემდეგ უნდა ვაღიაროთ, რომ რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა. გაერო ჩაფიქრებული იყო 26 ქვეყნის ანტი-ნაცისტურ ალიანსად, რომლის მიზანი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ დამყარებული მშვიდობის შენარჩუნება იყო. ეს მკაფიოდ განსაზღვრული სტრატეგიული მიზანი მისი წარმატების გადამწყვეტი ფაქტორი იყო. გაერო წევრი ქვეყნების გავლენებისა და ძალის მიმართვის ინსტრუმენტი იყო, მისი გავლენა ამ ქვეყნების ქმედითუნარიანობაზე იყო დამოკიდებული. ახლა, ჩინეთის საერთაშორისო ორგანიზაციებში პასუხისმგებლობით ქცევაზე იმედს აღარავინ ამყარებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მაგალითი ცხადყოფს, თუ რა უარყოფითად აისახება პეკინის ფული და გავლენა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომელთა წევრი ჩინეთია. ეს მოცემულობა შეერთებული შტატების რეფორმირებულ სტრატეგიაში უნდა აისახოს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთთან კონკურენციას გლობალური ხასიათი აქვს. ასეთ მასშტაბს არა ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში პეკინის აგრესიული ქმედება, არამედ შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური პრესტიჟის შელახვა განაპირობებს. ამერიკის უსაფრთხოება ევრაზიის კონტინენტის ძალთა ბალანსში მნიშვნელოვან ფუნქციას როგორც მინიმუმ 1898 წლიდან, ზოგიერთი მოსაზრებით კი 1585 წლიდანაც კი ასრულებს. შეერთებული შტატების სტრატეგიული წარმატება საუკუნეების განმავლობაში სამხედრო ძალის უწყვეტი პროექციის შედეგია. სამხედრო მოქმედებებში მუდმივი ჩართულობის მიზეზი შეერთებული შტატებისთვის ხელსაყრელი კონტინენტური ბალანსის შენარჩუნება იყო. ისეთი მიზნებიც კი როგორიც საერთაშორისო სატრანსპორტო ხაზების და საერთაშორისო ვაჭრობის სხვა ელემენტების უსაფრთხოების დაცვაა საზღვაო ბაზების გამოყენებას საჭიროებენ. ამერიკის საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების განვითარების ფუძემდებლები, ალფრედ ტეიერ მეჰენსი და თეოდორ რუზველტი, მიიჩნევდნენ, რომ ტალღებზე მბრძანებლობას „მარაგების შევსების სადგურები“ დასჭირდებოდა. ჰეგემონიის მაძიებელი ევრაზიელი მეტოქის შეჩერება და შეკავება ამერიკული სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი მიზანია.

შესაბამისად, ევრაზიის პერიფერიებში მდებარე დიდ ბრიტანეთთან, იაპონიასთან, ტაივანთან, ინდოეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ვაშინგტონის ალიანსებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებული შტატების სტრატეგიისთვის არა მარტო განსაკუთრებული, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დამატებით მნიშვნელობას ასეთ კავშირებს ამ მოკავშირეების მიერ ამერიკის მსგავსი პოლიტიკური პრინციპებისა და სისტემების დანერგვა ანიჭებს. იზრდება თანხვედრა ამერიკისა და ამ ქვეყნების იდეოლოგიურ, ეკონომიკურ და მატერიალურ ინტერესებს შორის. ასეთი საფუძველი ჰქონდა იმ საერთაშორისო სისტემას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ საერთაშორისო ალიანსებს შორის ყველაზე გამძლე და ეფექტური ნატო გამოდგა. იყო არაერთი ცდა ანალოგის შექმნისა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთშიც. ევრაზიულ ალიანსებს კრიტიკული მნიშვნელობა ექნება რეფორმირებული და „გადახალისებული“ ლიბერალური საერთაშორისო წესრიგისთვის. მათი გაძლიერებისთვის საჭიროა მათთვის თავდაპირველი დანიშნულების – უსაფრთხოების საერთო ინტერესების დაცვის – დაბრუნება.

ხუთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში კონტინენტური ჰეგემონების პრეტენზიები დანარჩენი ქვეყნების უსაფრთხოების, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფრთხე იყო. ჰაბსბურგების ესპანეთი, ბურბონების საფრანგეთი, ვილჰელმის და ნაცისტური გერმანია, მეფისა და საბჭოთა რუსეთი მათთვის ხელსაყრელი ძალთა ბალანსის უზრუნველყოფისთვის სხვადასხვა კოალიციებს ქმნიდნენ. იმპერიალისტური იაპონიის საწინააღმდეგოდ შეერთებული შტატები იაპონიის მიერ ჩინეთის მიმართ აგრესიამ და სისასტიკემ განაწყო. ჩერჩილი არ იყო პირველი სტრატეგოსი, რომელმაც წარსულში ჩადენილ შეცდომებზე და დანაშაულებზე მითითების ამჟამინდელი მეტოქეების საწინააღმდეგოდ გამოყენების აზრი წამოჭრა. ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთ ალიანსებს ყველაზე კარგად ექსტრა-კონტინენტალური ქვეყნები, შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთი, უძღვებიან და ინარჩუნებენ. ევრაზიული ქვეყნებისგან განსხვავებით მათ არ ახასიათებთ ტერიტორიული და სასაზღვრო დავები. ასეთი კოალიციები სტრატეგიულად წარმატებულები იყვნენ.

შემაკავებელი კოალიციების წარმატების ერთ-ერთი საზომი მათი განაპირა, ყველაზე დიდი რისკის ზონაში მყოფი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. შვიდწლიანი ომის შემდეგ ბრიტანული იმპერიის მიერ საერთაშორისო ასპარეზიდან უკან დახევა გახდა ამერიკელების ამბოხის მიზეზი. საკუთარი საზღვრების დაუცველობის შეგრძნებამ მათ იმ იმპერიის წინააღმდეგ გასალაშქრად უბიძგა, რომელსაც აქამდე ერთგულად მსახურობდნენ. სტრატეგიული რეალობა ალიანსის ლიდერებს ფინანსურად მძიმე და ასიმეტრიულ მოთხოვნებს უწესებს და გავლენას შიდა პოლიტიკაზეც ახდენს. გასათვალისწინებელია სხვა ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტის შევსებისა და დახმარების მიმღებთა უმადურობით გამოწვეული გადასახადის გადამხდელთა უკმაყოფილება. ჯორჯ მესამეს და დონალდ ტრამპს კონტინენტალური პარტნიორობების ტვირთი ერთი და იგივე შეკითხვას უჩენდა: მე რა ხეირი? ამა თუ იმ ალიანსის სიცოცხლისუნარიანობა, როგორც წესი, დამოკიდებულია ლიდერი ქვეყნის უნარზე განჭვრიტოს სტრატეგიული შესაძლებლობების ფასი, მშვიდობის დამყარებიდან მიღებული სარგებელი და გაიაზროს ის უარყოფითი მოვლენები, რომლებიც ალიანსებისა და პარტნიორობის წყალობით გამოირიცხება. ამავე დროს, ალიანსების გეოგრაფიული პერიფერიების ქვეყნები ბრძოლის ველად გადაქცევის ან დიპლომატიური კონფრონტაციის მოედნად გადაქცევის რისკის წინაშე დგანან. ცივი ომის შემდგომი პერიოდის თავისებურებებმა ალიანსებში ყოფნის მიზანშეწონილობის გააზრება ასეთი ქვეყნებისთვისაც გაართულა.

გასული ათწლეულის განმავლობაში, ჩინეთი შეერთებული შტატების შედარებით სუსტ მოკავშირეებზე გავლენის გაძლიერებას ცდილობდა. მონტენეგრო ასეთი ქვეყნებიდან ერთ-ერთია. 2017 წელს ნატო-ში გაწევრიანების პარალელურად პეკინმა „ახალი აბრეშუმის გზის“ ინიციატივის ფარგლებში მონტენეგროში პირველი “სუპერავტობანის“ პროექტი წამოიწყო, რომელსაც ახლა ხშირად „ბალკანურ ჩიხად“ მოიხსენიებენ. ადრიატიკის ზღვიდან სერბეთის საზღვრამდე ავტობანი 48 გვირაბსა და 107 ხიდს კვეთს. პეკინის ჩარევამდე ეს პროექტი ორჯერ, ხორვატიული კომპანიის და საბერძნეთ-ისრაელის კონსორციუმის მიერ, იყო განხილული. 2012 წელს ამერიკული კომპანიების ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პროექტი ფინანსურად ნაკლებად საინტერესო იქნებოდა. მიუხედავად, ასეთი შეფასებებისა პეკინმა პროექტის პირველი ეტაპის განხორციელებისთვის მონტენეგროს 809 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზი შესთავაზა. მშენებლობა სახელმწიფო კომპანია „ჩინეთის ხიდებისა და გზების კორპორაციას“ უნდა შეესრულებინა. სესხის გაცემის ერთ-ერთი პირობა პროექტის განხორციელებაში ჩართული სამუშაო ძალის აბსოლუტური უმრავლესობის, 80%-ის, ჩინური წარმოშობა იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, პროექტის დასრულებას დამატებითი 1.2 მილიარდი ევრო დასჭირდება. ევროპის საინვესტიციო ბანკმა მონტენეგროს მთავრობა გააფრთხილა, რომ ავტობანით სარგებლობის საფასურის სახით ამოღებული თანხა სესხის მომსახურებისთვის საკმარისი არ იქნებოდა — ავტობანის დატვირთვა ამისთვის ოთხჯერ უნდა გაზრდილიყო, რაც შეუძლებელი იქნებოდა. ეს პესიმისტური პროგნოზი გამართლდა კიდეც. ქვეყნის სახელმწიფო ვალმა მთლიანი შიდა პროდუქტის 80%-ს მიაღწია და 620 ათასი მონტენეგროელის მძიმე ტვირთად იქცა. მონტენეგრო, შრი-ლანკას მსგავსად, „ჩინური ვალში გაბმული“ აღმოჩნდა და ნაკლებად სავარაუდოა ქვეყნის კორუმპირებულმა მთავრობამ პეკინის ზეწოლასა და წნეხს გაუძლოს. ჩინეთს ადრიატიკის ზღვაში მისი საექსპორტო ქსელისთვის საიმედო და სტაბილური პორტი სჭირდება. ეს პეკინის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთქმედების „16+1“ ინიციატივის ნაწილია, რომლის მიზანი ატლანტიკური ალიანსების პარალიზება და ევროკავშირის ერთიანობის მოშლაა.

პირველი, ვისი დადანაშაულებაც შეერთებული შტატების ალიანსების დასუსტებაშია შესაძლებელი, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპია. ტრამპის მიერ ვაშინგტონის მოკავშირეების უსასრულო ლანძღვა, სავაჭრო და სატარიფო ომების მოულოდნელი წამოწყებები ჩინეთის ექსპანსიისთვის გახსნილ გზად იქცა. თუმცა დღეს შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ტრამპის გარდა სხვა პრეზიდენტებიც ინაწილებენ: ვის ახსოვს დონალდ რამსფელდის „ძველი ევროპა/ახალი ევროპა“, პრეზიდენტ ობამას აზრი, რომ საუდის არაბეთმა სპარესეთის ყურე ირანს უნდა “გაუყოს“ ან რომ უკრაინა „ამერიკის ინტერესების მიღმაა“? კლინტონის ადმინისტრაციაც კი ვერ აღმოჩნდა ნატო-ს გაფართოების პოლიტიკის შესაბამისი სამხედრო რესურსების გამოყოფისთვის მზად, რამაც ალიანსის ახალი წევრები სტრატეგიულ პერიფერიად აქცია. 2016 წელს ჰილარი კლინტონმა ზურგი შეაქცია მისივე სახელმწიფო მინისტრობის „ოქროს სტანდარტსა“ და უდიდეს მიღწევას, „წყნარი ოკეანის პარტნიორობას“, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ეკონომიკური პაქტის მოდელი იყო. ობამას ადმინისტრაციის მიერ „წყნარი ოკეანისკენ შებრუნებაზე“ გაუთავებელი საუბრის მიუხედავად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საზღვაო სივრცესაც სტრატეგიული პერიფერიის ბედი ეწია.

ალიანსების სტრუქტურის აღსადგენად და ლიბერალური წესრიგის გლობალური გაფართოებისთვის შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების გარანტიების განახლება სჭირდება. ეს სწრაფად უნდა მოხდეს, სამი ათწლეული უკვე დაკარგულია. ამავე დროს, ჩინეთის ქმედებას აგრესიულობა ემატება. 2008 წლის ფინანსური კრიზისის მსგავსად, ჩინეთი პანდემიასაც დასავლეთისთვის ბრალის დაკისრებისა და საკუთარი ინტერესების წინ წაწევის შესაძლებლობებად აფასებს. როგორც საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, „დასავლეთის ნაწილი ლიბერალური დემოკრატიის რწმენას კარგავს, დემოკრატიების ნაწილი კი ფსიქოლოგიურად დასუსტებულია.“ ჩინეთის ძალა, იქნება ეს „რბილი“ თუ „ბასრი“, ძალმომრეობას ემყარება, მოხიბვლის ნაცვლად დაშინებას ამჯობინებს, პარტნიორების ნაცვლად ქვეშევრდომებს და ა.შ. ეს არა მარტო აზიას, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება.

 

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების განახლებისა და გადაიარაღების გარეშე ლიბერალური წესრიგის აღდგენისთვის საჭირო ალიანსების აღორძინებაზე ზრუნვა ამაო იქნება. მიუხედავად მსოფლიოს ყველაზე პროფესიონალური და ლეტალური შეიარაღებული ძალების სტატუსის შენარჩუნებისა, შემცირებული, მსოფლიოს გარშემო გაფანტული და მოძველებული ტექნიკით აღჭურვილია. ასეთი სამხედრო ძალა ვერ იქნება საკმარისი ამბიციური სტრატეგიული ამოცანების შესრულებისთვის. ეს როგორც შესაძლებლობების, ისე შეძლების პრობლემაა.
დღეს არსებული პრობლემები ცივი ომის დასრულების შემდეგ გასული ოცდაათი წლის განმავლობაში გროვდებოდა. ამ პერიოდს “ისტორიის დასასრულის“ ნაცვლად “ისტორიისგან დასვენება“ შეიძლება ვუწოდოთ. შეერთებული შტატების მიერ დაცული ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის ეგზისტენციალური საფრთხის გაქრობაზე მეტად ისტორიის ეს მონაკვეთი ამ წესრიგის სტრუქტურის დაცვასა და შენარჩუნებაზე ზრუნვის შეწყვეტით ხასიათდებოდა. მშვიდობა ისტორიული შემთხვევითობის ნაცვლად საერთაშორისო სისტემის ბუნებრივ მდგომარეობად ჩაითვალა, კლინტონის ადმინისტრაციამ „მშვიდობის დივიდენდის“ მიღება და ხარჯების შემცირება გადაწყვიტა, რაშიც მას მისმა მემკვიდრეებმაც მიბაძეს. დღეს ამერიკის შეიარაღებული ძალების რაოდენობა „უდაბნოს ქარიშხლის“ დროინდელი რაოდენობის ორი მესამედია. რაოდენობის შემცირებასთან ერთად ტრილიონობით შემცირდა მის განვითარებისთვის განკუთვნილი ინვესტიციები. „მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის“ (OMB) მონაცემებით რეიგანის პრეზიდენტობისას, 1985 წელს, შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5.7%-ს აღწევდა. 1999 წლის შემდეგ ეს ციფრი 2.9%-მდე დაეცა. 2009 წელს, ერაყში მიმდინარე ოპერაციებში ჩართული კონტინგენტის ზრდისას ის 4.6%-მდე გაიზარდა. ტრამპის ადმინისტრაციამ თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 2.8%-მდე შემცირება დაგეგმა. 1985 წლიდან 2020 წლამდე შეერთებული შტატების ეკონომიკამ 442 ტრილიონი აშშ დოლარის მშპ შექმნა. შესაბამისად, თავდაცვის ბიუჯეტის 2%-ით შემცირებამ პენტაგონის სახსრები სულ ცოტა 8 ტრილიონი აშშ დოლარით შეამცირა.

ევრაზიაში ხელსაყრელი სამხედრო წონასწორობის შენარჩუნება შეერთებული შტატებისგან შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებების სამ შესაძლო თეატრზე განლაგებას მოითხოვს: დასავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ აზიის წყლებში და ახლო აღმოსავლეთში. ყველა ამ რეგიონში ცივი ომის დასრულების შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილება მოხდა, თუმცა არ შემცირებულა ამერიკის სამხედრო ძალის იქ ყოფნის საჭიროება. საბჭოთა კავშირის გაქრობამ ევროპას ცივი ომის დასასრულთან ერთად ახალი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნები შესძინა. აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყნების დიდი ნაწილი ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანდა, გაიზარდა ალიანსის სტრატეგიული სივრცე და სიღრმე. ახალმა წევრებმა მათი დასავლეთთან ინტეგრაციისა და ლიბერალურ-დემოკრატიული განვითარების გზის შეუქცევადობა უზრუნველყვეს. მოსკოვი ამ ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო კონტინგენტის განლაგების წინააღმდეგია. ახლა ნატო-ს აღმოსავლეთის პერიმეტრი ცივი ომის პერიოდთან შედარებით გაცილებით გრძელია და ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე გრძელდება. კონვენციური სამხედრო შესაძლებლობების შედარებითი დაკნინების მიუხედავად, ამ ვითარებამ რევანშისტულად განწყობილ მოსკოვს მოქმედების შესაძლებლობები შეუქმნა. თუმცა ყველაზე სიღრმისეული ცვლილება დასავლეთი ევროპის ქვეყნების სტრატეგიული დასუსტება იყო. დასავლეთ ევროპელთა შეიარაღებული ძალების შემცირებამ და შეერთებულ შტატებთან ერთად სამხედრო ოპერაციების წარმოების ინიციატივის გაქრობამ ევროპის აღმოსავლეთის დაუცველობაც გაზარდა. ლიბერალურ სისტემაში ინტეგრაციისკენ ერთდროს ყველაზე მიდრეკილი ქვეყნები ახლა ნაციონალიზმის ყველაზე მძიმე ფორმებს მიუბრუნდნენ და რუსეთისა და ჩინეთის გავლენებისადმი დაუცველები გახდნენ.

1980-იანი წლების დასასრულს ფილიპინებიდან გამოსვლის შემდეგ, შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად შემცირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის წყლებშიც. ფილიპინების არქიპელაგზე პერმანენტული სამხედრო წარმომადგენლობა შეერთებულ შტატებს რეგიონის წამყვან ძალად აქცევდა. თანამედროვე ჩინეთის გამალებული სამხედრო აღმშენებლობის დაწყებამდე, ფილიპინური დემოკრატიის განმტკიცებისა და ვიეტნამის მტკივნეული გამოცდილების გათვალისწინებით ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გამართლებულადაც მიიჩნეოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო. ტაივანის დაცვის თაობაზე ტრადიციული ორაზროვნების, გუამსა და ავსტრალიაში სამხედრო ძალების გადასროლის და სინგაპურის გარდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებთან თანმიმდევრული პოლიტიკის არარსებობის გათვალისწინებით, ბოლო ათწლეულის რეგიონული ძალთა ბალანსს ამერიკისთვის მომგებიანი ვერ ეთქმის. ვითარება მარტივად ასე შეიძლება აღიწეროს: ჩინეთის შეიარაღებული ძალები უწყვეტი და მზარდი პროვოკაციულ ობით გამოირჩევიან, შეერთებული შტატები კი საკუთარ თავს ეპიზოდურად თუ ავლენს. პრეზიდენტ ობამას მიერ „წყნარი ოკენისკენ შეტრიალების“ შესახებ დადებული პირობის შესრულებაზე არავის უფიქრია.

ეს „შეტრიალება“ ევროპიდან გამოსვლისა და ერაყის ომის დასრულების შესანიღბი ხრიკი იყო. არსად იგრძნობა ამერიკის საკუთარ თავში ჩაკეტვის უმძიმესი შედეგები ისე, როგორც ეს ახლო აღმოსავლეთში ხდება. გასული ათწლეული, ამ მხრივ, ქრესტომათიული მაგალითი იყო. ბუშის ადმინისტრაციის მიერ წამოწყებული ომის მიუხედავად, შეერთებული შტატების ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაში ჩართულობა უფრო სტაბილური და მშვიდობიანი რეგიონის იმედს აჩენდა. ამერიკის რეგიონიდან ეტაპობრივი გასვლის ათწლეულმა რუსეთსა და ირანს რეგიონის დესტაბილიზაციის და სუნიტების შევიწროების საშუალება მისცა. სუნიტების პარანოიამ, თავის მხრივ, თავი სალაფიზმის გაძლიერებით გამოხატა. ობამას მიერ დაწყებული საქმე ტრამპის ადმინისტრაციამ გააგრძელა. ახლო აღმოსავლეთი ვაშინგტონის მნიშვნელოვანი ყურადღებით აღარ სარგებლობს, თუმცა ამას მისი გლობალური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობისთვის არაფერი შეუცვლია.

მეორე მსოფლიო ომის თაობას საკუთარ თავზე მოუწია ევრაზიული უსაფრთხოების სისტემის კომპონენტების ურთიერთდამოკიდებულების და გლობალური შესაძლებლობების მქონე შეიარაღებული ძალების შექმნის აუცილებლობის გამოცდა. სტრატეგია „ევროპა უპირველეს ყოვლისა“ არ ნიშნავდა „მხოლოდ ევროპას“, არავის მოსვლია აზრად სამხედრო მოქმედებების თეატრებს შორის არჩევანის გაკეთება. წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისთვის ბრძოლა ევროპის კონტინენტზე გადმოსხმამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ასეთივე სცენარით მიმდინარეობდა ცივი ომიც, ამერიკული ინტერესები, განსახვავებული მოწინააღმდეგის მიუხედავად, უცვლელი იყო. პოსტ-პანდემიურ მსოფლიოში ლიბერალური წესრიგის შენარჩუნება ასევე იქნება დამოკიდებული შეერთებული შტატების უნარზე შექმნას „სამ თეატრზე“, აღმოსავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში და ახლო აღმოსავლეთში, თანაბრად ბრძოლისუნარიანი სამხედრო ძალა.

ამ ძალის ფუნქცია ჩინეთის აგრესიული ქცევის შეკავება, შეერთებული შტატების პარტნიორებზე ზეწოლის, გავლენისა და დაშინების პრევენციაა. თუ სტრატეგიული თვალსაზრისით მოწინავე ძალები „მავთულხლართების“ ფუნქციას ასრულებენ, დანარჩენ ძალებს უნდა გააჩნდეთ საკმარისი სამხედრო შესაძლებლობები, რათა ამ „მავთულხლართების“ გადაკვეთას აგრესორისთვის მძიმე შედეგები მოჰყვეს. გასული ათწლეულის განმავლობაში სტრატეგიის დაგეგმვის ძირითადი ყურადღება ჩინეთის მიერ შექმნილი წვდომის ხელშეშლის და მანევრის შეზღუდვის ძლიერ ზონებში შეღწევას ეთმობოდა. დღეს საჭიროა განისაზღვროს, თუ რა საპასუხო ზომების მიღების საშიშროება შეძლებს ჩინეთის შეკავებას, რა ათქმევინებს პეკინს აგრესიაზე უარს?

ცივი ომის დროინდელი შეკავების შესახებ გამართული დებატები ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში შეიძლება დაგვეხმაროს. საბჭოთა კავშირის მსგავსად, ჩინეთის კომუნისტური პარტიის უდიდესი შიში ძალაუფლების დაკარგვაა. ჩინეთის ისტორიისთვის დამახასიათებელი არასტაბილურობისა და სამოქალაქო კონფლიქტების გათვალისწინებით, ასეთი სცენარი პეკინისთვის უფრო საშიშია, ვიდრე ეს კრემლისთვის იყო. იმპერიის დაცემა ჩინეთის ყველაზე მძიმე კოშმარია. ტრადიციულად, ჩინეთის სტაბილურობას საფრთხე ქვეყნის ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ევრაზიის კონტინეტის შუა ნაწილიდან ექმნებოდა. ცივი ომის ამერიკული პოლიტიკა საბჭოთა კავშირის სტრატეგიული კულტურის ჯორჯ კენანის შეფასებებს ემყარებოდა. ასეთივე კონსენსუსია საჭირო ჩინეთის თაობაზეც, ეს ვაშინგტონის პოლიტიკას ნაკლებ რეაქტიულს და უფრო ეფექტურს გახდის. ჩინეთის ყურადღების საზღვაო ექსპანსიიდან კონტინენტურ დღის წესრიგზე გადატანა რთული ამოცანაა, თუმცა, გადაწყვეტის შემთხვევაში, ბევრი სასიკეთო შედეგის მომტანი იქნება.

ასეთი შეფასება წინ უნდა უსწრებდეს სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით გაღებულ ინვესტიციებს. შესაძლო დარტყმის მანძილსა და ძალას უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ტექნოლოგია ყველა კითხვაზე პასუხი ვერ იქნება და საბოლოო ჯამში, გეოპოლიტიკური და სტრატეგიული უკუშედეგების გამომწვევიც გახდეს. ცივი ომის ორი საკითხი შედარების კარგ საშუალებას გვაძლევს. კორეის ომის ხარჯებითა და სტრატეგიული ჩიხით შეწუხებულმა ეიზენჰაუერის ადმინისტრაციამ გლობალური შეკავების გამყარებას ბირთვული „მასიური კონტრ-დარტყმის“ დოქტრინის შექმნით შეეცადა. ბირთვული იარაღის ნაკლებად მასშტაბური და სასიცოცხლო საფრთხის არმქონე კრიზისების საპასუხოდ გამოყენების მუქარა დამაჯერებელი არასდროს ყოფილა. მას ხელი არ შეუშლია მაოს ინტერვენციისთვის კორეაში ან საბჭოეთის მიერ ჩრდილო-ვიეტნამელების დახმარებისთვის. ეიზენჰაუერის სტრატეგიისგან განსხვავებით, რეიგანის მიერ შეიარაღებული ძალების გაძლიერებამ და ახალი სამხედრო დოქტრინის შექმნამ საბჭოთა კავშირი ნატო-ს რომელიმე ქვეყნის აგრესიის შემთხვევაში რეალური სამხედრო ესკალაციის და აღმოსავლეთ ევროპის სატელიტური ქვეყნების დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა. მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება საფრთხეს თავად კომუნისტურ რეჟიმსაც შეუქმნიდა.

რა თქმა უნდა, თავდაცვის ბიუჯეტისა და სტრატეგიის დაგეგმვაში ცივი ომის მნიშვნელობა არ უნდა გაზვიადდეს. წარსული გამოცდილება მომავალი წარმატების გარანტია ვერ იქნება, თუმცა ასეთი გამოცდილება არსებობს. შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რომელმა სტრატეგიამ გაამართლა თავისუფალი სამყაროსა და კოალიციური პარტნიორებისთვის. ცივი ომი შეცდომების გამეორების თავიდან აცილებისთვისაც იქნება სასარგებლო. მაგალითად, ეიზენჰაუერის სტრატეგიის გარდა, მცდარი აღმოჩნდა ნატო-ს შექმნის სანაცვლოდ გერმანიის გაწირვაც. ეს და სხვა გაკვეთილები აღმოსავლეთ აზიაში მოქმედებისასაც უნდა იყოს გათვალისწინებული.

 

გლობალური დომინირებისთვის წარსულ მეტოქეობასა და დღევანდელს შორის ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავება ეკონომიკურია: საბჭოთა კავშირი მისთვის და მისი სატელიტებისთვის ეკონომიკურ ავტარქიის პირობებში არსებობისკენ მიილტვოდა. შესაბამისად, მოსკოვი მინიმალურ როლს თამაშობდა შეერთებული შტატების მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში. საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, ჩინეთი ღრმადაა ინტეგრირებული დღეს არსებულ სისტემაში და მის შეცვლას თუ არა, მასზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. დასავლეთის ეკონომიკური შეხედულებების შეცვლა უსაფრთხოების პრიორიტეტების შეცვლაზე ბევრად რთული იქნება, თუმცა ეს საბოლოო წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. მოგების მაქსიმიზაციის მოტივის სტრატეგიული მოსაზრებებით ჩანაცვლებას თავისი ფასი ექნება, დაკარგული მოგების გარდა, ეს დაკარგული თავისუფლებისა და დიდი ალბათობით, კორუფციის ზრდის ხარჯზე მოხდება.

ამ თვალსაზრისით ხელსაყრელი აღმოჩნდა პანდემიით გამოწვეული კრიზისი, რომელმაც გლობალიზებული ეკონომიკის სისუსტეები გამოავლინა და ამერიკელები და მათი პარტნიორები ჩინეთზე ეკონომიკური და სამრეწველო დამოკიდებულის შემცირებაზე დააფიქრა. როგორც ენდრიუ მიჰტა ამ ჟურნალში წერდა:

 

„პეკინის მიერ გლობალიზებული ეკონომიკის შეუცვლელი ღერძის პოზიციის დაკავებისთანავე, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ დასავლეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებში შეუპოვარი მერკანტილიზმი გამოავლინა და ამ პროცესში ძალთა ბალანსის საკუთარი თავის სასიკეთოდ გადახრა მოახერხა. ეკონომიკურ სისტემაში, რომელიც ტექნოლოგიისა და კაპიტალის სახელმწიფო საზღვრების გარეთ გადინების შესაძლებლობას ქმნის, საზოგადოების უზრუნველყოფის საიმედოობა სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ხელისუფლების კრიზისში ქმედითუნარიანობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.“

 

შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ამ ყველაფერზე სწორი პასუხი ტრამპის პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ხაზგასმული მერკანტილიზმია. სინამდვილეში საჭირო უფრო დახვეწილი, სტრატეგიულად გამართული ბაზარია შესაქმნელი, სადაც ტექნოლოგიისა და კაპიტალის სწრაფი მოძრაობა, პირველ რიგში, მოკავშირეებსა დაპრტნიორებს შორის იქნება ხელშეწყობილი, რაც მათ სუვერენიტეტს გააძლიერებს და პეკინის გავლენებისადმი ნაკლებად დაუცველს გახდის. ხელი უნდა შეეწყოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყნების საერთაშორისო სისტემაში ინტეგრაციით დაინტერესებას. ამას შესაძლოა „თავისუფალი ხალხების თავისუფალი ბაზარი“ ვუწოდოთ. ამ შემთხვევაში მარშალის გეგმის ხშირად არასწორად გამოყენებული ანალოგია, რომელიც სწორედ ეკონომიკური დახმარების ფორმით გაწეული სტრატეგიული ძალისხმევა იყო, ზუსტიც აღმოჩნდეს.
ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნების სტრატეგიული ინტეგრაციის უკეთესი მოდელი შესაძლოა „ბრიტანეთის ნავიგაციის აქტები“ იყოს. ამ აქტებმა პარადოქსული გავლენა მოახდინეს შეერთებულ შტატებზე: ერთი მხრივ ხელი შეუწყვეს ამერიკული კოლონიების სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, მეორე მხრივ კი ამერიკელებში რევოლუციონერული განწყობები გააძლიერეს. ეს მერკანტილური ხასიათის ზომები პირველად მე-17 საუკუნის დასაწყისში დაიგეგმა და კანონის სახე 1651 წელს მიიღო. კანონი ძალაში 1849 წლამდე იყო. უპირველესი მიზანი ჰოლანდიელი კონკურენტების საპასუხოდ, რომლებმაც ანალოგიური კანონი მიიღეს, ბრიტანული სავაჭრო და სატრანსპორტო ქსელის ხელშეწყობა იყო. ბრიტანულმა სისტემამ სრულყოფილებას საფრანგეთთან ხანგრძლივი ომების დროს მიაღწია და კრიტიკული როლი შეასრულა საფრანგეთის შეკავებაში ლუი XIV-დან ნაპოლეონამდე. ეს სისტემა ბრიტანეთის, მისი კოლონიებისა და მოკავშირეების სწრაფი და თანმიმდევრული ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. სისტემას ზურგს უმაგრებდა ინგლისის ბანკის მსგავსი, იმ დროისთვის მოწინავე ფისკალური და ფინანსური სტრუქტურები, რომლებთანაც კონკურენცია ფრანგებისთვის გაუსაძლისი ტვირთი იყო. ეკონომიკური განვითარება და გეოპოლიტიკური წარმატებები მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, შესაბამისად, არავის გაკვირვებია ის მზაობა, რომლითაც ბრიტანეთი ინდუსტრიულ რევოლუციას შეხვდა. 1812 წლის ომის დასრულების შემდეგ ბრიტანელებმა ყოფილ ამერიკულ კოლონიებთან სავაჭრო ურთიერთობების სწრაფად განვითარება მოახერხეს. საბოლოო ჯამში ლონდონმა “თავისუფალი ვაჭრობის“ პრინციპები მხოლოდ საფრანგეთის და ესპანეთის ევროპაზე დომინირების გამორიცხვის შემდეგ მიიღო. ამ დროს გერმანიის გაერთიანება და გაძლიერება შორეული პერსპექტივა იყო.

მე-17 და მე-18 საუკუნეებში ჰოლანდიისა და საფრანგეთის სავაჭრო და კომერციული ექსპანსიის შეჩერება უფრო რთული იყო ვიდრე ჩინეთის წვდომის შეზღუდვა ამერიკისა და მოკავშირეთა ბაზრებზე დღეს. ურთიერთდამოკიდებულება უფრო ძლიერი, ბრიტანული ეკონომიკა კი უფრო მყიფე და დაუცველი იყო. აქტების ამოქმედებამ გააძლიერა ოლიგარქია და რა თქმა უნდა, შეზღუდა ეკონომიკური და სამეწარმეო თავისუფლება. არ გამქრალა კონტრაბანდა, რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბი ახალ ინგლისში და კარიბის ზღვის სიახლოვეს მდებარე კოლონიებში შეიძინა. მიუხედავად მრავალი ნაკლისა, სისტემა მაინც საკმარისად გამართულად მუშაობდა, რაშიც დიდი წვლილი ლონდონის საფინანსო სექტორს მიუძღვოდა, რომელიც ბრიტანული ბიზნესის ხელშეწყობის გარდა, ბრიტანეთის სამხედრო ფლოტის განვითარებას აფინანსებდა. ძლიერი ფლოტი საზღვაო გზების უსაფრთხოებას განაპირობებდა.

კაპიტალიზმის 21-ე საუკუნის გლობალიზებული და „ნეო-ლიბერალური“ ფორმის საკუთარ ინტერესებზე მორგება რთული ამოცანაა, თუმცა საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობის იმგვარი გადაწყობა, რომელიც ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის მოწინავე ეკონომიკებისა და დემოკრატიების ინტერესებსაც გაითვალისწინებს ერთი სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის სათავისოდ გამოყენებაზე ნაკლებად შეუძლებელი ამოცანა უნდა იყოს. ასეთი ამბიციური მიზნის მიღწევას ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილის მიერ მათი ჩვეული დღის წესრიგის გადახედვა დასჭირდება. ეს თანაბრად ეხება როგორც დემოკრატებს, ისე დონალდ ტრამპს: არც „ახალი მწვანე შეთანხმება“ და არც „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ აქ დიდ როლს ვერ ითამაშებს. ახალი იდეების გენერირება ეკონომისტებსაც დასჭირდებათ, მერკანტილიზმის „თავისუფალ“ ფორმას მოგების ნაწილის დათმობა მოუწევს, თუმცა ამჯერად ეს არა „სოციალური სამართლიანობის“ იმპერატივის, არამედ ლიბერალური წესრიგის დაცვისა და უზრუნველყოფისთვისაა აუცილებელი. მოკლევადიან პერსპექტივაში დანაკარგები გარდაუვალი იქნება, მაგრამ ეს ინტელექტუალური კაპიტალის დაცვისა და გრძელვადიანი ზრდის უზრუნველყოფის საწინდარი იქნება. კერძო და თავისუფალ მეწარმეობაში მთავრობის ჩარევით გამოწვეული ზარალის გაწონასწორებისთვის დემოკრატიული საზოგადოებისთვის მოტანილი სარგებელიც საკმარისი იქნება, თუმცა ისეთი ფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ, როგორიც საერთაშირისო უსაფრთხოება და შიდა სტაბილურობაა.

ამ მიმართულებით მოქმედების ყველაზე თვალსაჩინო 5G ქსელის მაგალითია. ჩინური კომპანიების, ჰუავეისა და ძთE-ს შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ იაპონიას, შეერთებულ შტატებს, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას ამ კომპანიებისთვის მათ საკომუნიკაციო სექტორში საქმიანობის აკრძალვისკენ უბიძგა. პოზიციის დაფიქსირება გაუჭირდა დიდ ბრიტანეთს; ივლისში ბორის ჯონსონის მთავრობამ ბრიტანეთის 5G ქსელის გამართვაში ჩინური კომპანიების მონაწილეობის ნებართვა გააუქმა. მსგავსი ორაზროვნება გამოიჩინა საფრანგეთმაც, თუმცა პარიზი დიდი ალბათობით გერმანიის პოზიციას დაიკავებს. გერმანელი კონსერვატორების მიერ ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვის გახშირებული მოთხოვნების მიუხედავად, ბერლინმა ამ დავაში პეკინის ბანაკში აღმოჩნდა. გერმანიის მაგალითს, სავარაუდოდ, კონტინენტური ევროპის სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ. პეკინისთვის კერკეტი კაკალი ინდოეთი იქნება, რომელსაც მძლავრი პროტექციონისტული მექანიზმები, ბიუროკრატიული ლაბირინთები და პეკინის ამბიციებისადმი უნდობლობა ახასიათებს, რომელიც ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე ბოლო დროს გახშირებულმა ინციდენტებმა გააძლიერა.

 

დავამთავროთ იმით, რითაც დავიწყეთ: კორონავირუსის კრიზისმა ის მნიშვნელობა გაგვახსენა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკაში „რეჟიმებს“ აქვთ. პანდემიისას ჩინეთის ქცევა მისი მმართველი ერთპარტიული ავტოკრატიული სტრუქტურის, ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ბუნებისა და თვისებების გამოვლინებაა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მინიმალური ლეგიტიმურობის მქონე უმკაცრესი რეჟიმია. სახელმწიფოს ძალაუფლება პიროვნებაზე შეუზღუდავია. სამხრეთ შტატების მონათმფლობელების მსგავსად, ადამიანის უფლებებს არც პეკინისთვის აქვს მნიშვნელობა. მმართველობის ამ სისტემას ისინი პროპაგანდის საშუალებით იცავენ და მას ლიბერალური სამყაროს “გადაგვარებული დემოკრატიების“ მოდელს უპირისპირებენ.

მათი საერთაშორისო პოლიტიკის ხასიათზე გავლენას შეერთებული შტატებისა და სხვა დემოკრატიების სახელმწიფო მოწყობის სისტემებიც ახდენენ. ჩინურ მოდელში ძალაუფლება ერთ ხელშია კონცენტრირებული, ლიბერალურ დემოკრატიებში ის განაწილებულია, რაც საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს შორის თანასწორობის დაცვის საწინდარია. პიროვნების თავისუფლების დაცვის გარდა ძალაუფლების ბერკეტების განაწილების კიდევ ერთი მიზანი სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხალხის ნებაზე დამყარებაა. პოლიტიკურად აქტიური საზოგადოება ხელისუფლებას მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულებას აკისრებს და მმართველი ძალის რეგულარულად და მშვიდობიანად შეცვლის შესაძლებლობა აქვს.

კოვიდ-19-ის კრიზისმა რეჟიმების დაპირისპირება გაამძაფრა. ვირუსის მსგავსად, მხოლოდ სურვილით ვერც ამ დაპირისპირებას გავაქრობთ. აქვე აღვნიშნოთ, რომ ამ ვითარების ომთან გათანაბრება ნამდვილად არ იქნება მართებული, თუმცა ფაქტია, რომ რუბიკონი გადალახულია. პანდემიამდელი წესრიგი წარსულს სამუდამოდ ჩაბარდა, ლიბერალურ საერთაშორისო წესრიგს ახლა ისტორიული გამონაკლისის სახე აქვს. მაგრამ ეს შესანიშნავი გამონაკლისია, რომელიც დაცვასა და გაძლიერებას იმსახურებს. ამისთვის არც ამერიკული ძალისხმევისა თუ ფინანსების მიმართვა იქნება დასანანი.

 

ჟიზელ დონელი ამერიკული ინიციატივის ინსტიტუტის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მკვლევარია.