article-img

ავტორიტარიზმის ხიბლის საიდუმლო

გაბრიელ შოენფელდი

კოვიდ-19-ის პანდემიამდეც ლიბერალურ დემოკრატიებს საფრთხე შიგნიდან ემუქრებოდა. და ახლა, როცა ამდენი ადამიანი შეიწირა ვირუსმა, რა გველის? მრავალგვარი ანალიზი და წინასწარმეტყველება გვესმის. მათ შორისაა გამორჩეული ისტორიკოსის, ამერიკული ინტერესის სარედაქციო საბჭოს წევრის, ენ ეფლბაუმის მოსაზრებებიც, რომლებსაც მის არცთუ სქელ წიგნში წავიკითხავთ, სადაც თანამედროვეობის განსაცვიფრებელი ასპექტებია განხილული.

ეფლბაუმის ნაშრომის სათაურს დემოკრატიის ბინდი კითხვის ნიშანი არ ახლავს. ამერიკაში დაბადებულმა ავტორმა კარგა ხანს იცხოვრა პოლონეთსა და ინგლისში, ასე რომ, პესიმისტურ დასკვნასათანაც ბუნებრივად მივიდა ამ ქვეყნებიდან არც ერთში არ არის საქმე მაინცდამაინც კარგად. წიგნის ქვესათაური ავტორიტარიზმის ცდუნება კი სწორედ მთავარ პრობლემაზე მიუთითებს.

ეფლბაუმი თხრობას 1999 წლის 31 დეკემბრის იმ წვეულების გახსენებით იწყებს, რომელიც მან და მისმა ქმარმა, რადეკ სიკორსკიმ, პოლონეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მოაწყვეს ჩრდილო-დასავლეთ პოლონეთის ერთ სოფელში. ახალ ათასწლეულს ინტელექტუალებთან, საჯარო მოხელეებთან, ჟურნალისტებთან ერთად ხვდებოდნენ. მეგობართა ამ წრეში გაერთიანებულებს ერთი რამ მართლაც საერთო ჰქონდათ. იმ დროს შეგეძლოთ ყველა ჩვენგანისთვის ლიბერალი გეწოდებინათ, წერს ეფლბაუმი. დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ძალაუფლების გადანაწილების აუცილებლობის გვწამდა.

მერე კი ყველაფერი შეიცვალა. ყოფილი მეგობრები ესეც შეიძლებოდა ყოფილიყო წიგნის ერთ-ერთი ქვესათაური. ორი ათწლეულის შემდეგ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავდივარ ხოლმე, რომ თავი ავარიდო ზოგიერთთან შეხვედრას, ვინც მაშინ ჩემს საახალწლო წვეულებაზე იყო, წერს ავტორი. თავის მხრივ, ისინიც ალბათ არათუ ჩემთან აღარ მოვლენ, არც კი აღიარებენ, რომ ოდესმე ყოფილან.

წიგნში, ანალიზთან ერთად, იმაზეცაა საუბარი, როგორ ანგრევს მეგობრობას პოლიტიკური განხეთქილებები. ენი და მისი ქმარი ლიბერალური დემოკრატიის მხარეს დარჩნენ. მათი მრავალი მეგობარი კი პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან საპირისპირო პოზიციაზე აღმოჩნდა.

პოლონელი მეგობრების ნაწილი მმართველ სამართლიანობის პარტიაში აღმოჩნდა, ნაწილი კი მის მხარდამჭერად იქცა. ამ პარტიის მმართველობის ფორმას კი ეფლბაუმი არა მხოლოდ ქსენოფობიურსა და პარანოიკულს უწოდებს, არამედ აშკარად ავტორიტარულსაც. ერთმა ასეთმა ყოფილმა მეგობარმა რაფალ ზიემკიევიჩმა სახელი იმით გაითქვა, რომ საერთაშორისო ებრაულ ორგანიზაციებს დაუპირისპირდა. ებრაელებს აუგად იხსენიებს, ამ ორგანიზაციებს კი გამომძალველებს უწოდებს. სხვა მეგობარი ანიტა გარგასი კი ლეხ კაჩინსკის დაღუპვასთან დაკავშირებულმა შეთქმულების თეორიებმა გაიტაცა, რომლებსაც მემარჯვენეები ავრცელებენ.

ეფლბაუმს მეგობრები უნგრეთშიც ჰყავს, სადაც ვიკტორ ორბანმა შესანიშნავად გამოიყენა პანდემია იმისათვის, რომ უკიდურესობამდე მიეყვანა ავტორიტარული ტენდენციები. მათ შორისაა ინგლისელი ჯონ ო’სალივანი, მარგარეტ ტეტჩერის ყოფილი მრჩეველი, რომელიც უნგრეთში დამკვიდრდა და იქ დუნაის ინსტიტუტიც დააარსა მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევითი ორგანიზაცია. ის მუდმივად იცავს ორბანის აშკარად არალიბერალურ დემოკრატიას. ეფლბაუმი იხსენებს, საუბრისას როგორ მიმართავდა ო’სალივანი სიტყვის ბანზე აგდების ძველ, საბჭოთა რიტორიკულ ტექნიკას:

როცა უნგრულ მედიაზე ვკითხე, რომლის 90%-იც მთავრობისა თუ მმართველი პარტიის საკუთრებაა, მიპასუხა, განა შეერთებულ შტატებში მედია დემოკრატიული პარტიის მხარეს არ იხრებაო? ასე რომ, მსგავსი სიტუაციააო. ჩემს შეკითხვაზე კი, რომელიც რუსეთისადმი უნგრეთის მთავრობის სიმპათიას ეხებოდა, მიპასუხა, რომ არც გერმანია იყო ბოლომდე ერთგული შეერთებული შტატებისა და ნატოსი. მერე იმაზე ჩამოვუგდე სიტყვა, რამდენად კომფორტული შეიძლებოდა ყოფილიყო უნგრეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ინსტიტუციაში მუშაობა. მან კი თავი ასე იმართლა: უნგრეთის მთავრობის პოლიტიკას ზოგჯერ არ ვეთანხმები, მაგრამ, მეორე მხრივ, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების პოლიტიკაც ყოველთვის სულაც არ მომწონსო.

ეფლბაუმი მიიჩნევს, რომ ო’სალივანი ავტორიტარიზმის ხიბლმა აცდუნა.
შეერთებულ შტატებში ცნობილი ტელეწამყვანი ლორა ინგრემი 1990-იან წლებში ეფლბაუმის წრეში იყო. 11 სექტემბრის შემდეგ ოპტიმიზმი თანდათან გაუქრა და, სხვების მსგავსად, აპოკალიფსურმა პესიმიზმა შეიპყრო. დიდი ხნის წინ თავის შოუში დონალდ ტრამპსაც კი იწვევდა ხოლმე და რასისტული შეხედულებების გამოთქმის საშუალებას აძლევდა. მას შემდეგ კი, რაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ტელეწამყვანი ლეგალური თუ არალეგალური ემიგრაციის აკრძალვას ითხოვდა და ამერიკის დემოგრაფიულ ცვლილებებზე ჩიოდა. ეფლბაუმის წიგნი რომ გამოქვეყნდა, ინგრემი იმ წამლის თავგამოდებული დამცველი გახდა, რომელიც ტრამპს კოვიდის სამკურნალო საშუალებად ესახებოდა. ერთი სიტყვით, საბოლოოდ შეიშალა.

კიდევ ერთი მაგალითი როჯერ კიმბოლია, ნიუ კრიტერიონის რედაქტორი. 1992 წელს ის ახალი ინგლისურენოვანი გამოცემის წინასიტყვაობაში ხოტბას ასხამდა ჯულიან ბენდას კლასიკად ქცეულ ნაშრომს ინტელექტუალების ღალატი. კიმბოლი ერთობ აფასებდა მიუკერძოებლობის იდეალს, ჭეშმარიტების უნივერსალურობას და ეთანხმებოდა ბენდას, როცა ის მკაცრად აკრიტიკებდა ინტელექტუალებს, რომლებიც სიმართლის ძიებას პოლიტიკური მოტივით წყვეტდნენ.
ამ შემთხვევაშიც ყველაფერი თავდაყირა დადგა. თავიდან კიმბოლი დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე იყო და მას ჰიტლერს ადარებდა, მაგრამ მერე აზრი შეიცვალა. ცოტა ხნის შემდეგ კი ჰიტლერთან გათანაბრებული პრეზიდენტის მმართველობა სიკეთის მომტანად და მორალურად ამამაღლებლად ეჩვენებოდა.

რით აიხსნება ეს საოცარი ცვლილებები? ან კითხვა რომ შევაბრუნოთ: რა არის ავტორიტარიზმის ხიბლის საიდუმლო?
ამ თემაზე ბევრს დაუწერია, მათ შორის, ჟან-ფრანსუა რეველს, ჰანა არენდტსა და თეოდორ ადორნოს. ეფლბაუმი კარენ სტენერის ნაშრომს იხსენებს, რომელიც ამტკიცებს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მოსახლეობის მესამედს ავტორიტარული მმართველობის მოთხოვნილება აქვს და ჰომოგენურობა ურჩევნია მრავალფეროვნებას. ასეთი ადამიანები ეჭვის თვალით უყურებენ ყველას, ვისაც განსხვავებული იდეები აქვს, ვერ იტანენ ცხარე კამათს და მხარს უჭერენ ისეთ რეჟიმებს, რომლებიც წესრიგსა და ერთგვაროვნებას პირდებიან. თუმცა სტენერის ეს დასკვნები ნაკლებად ეხება ინტელექტუალებს განსაკუთრებით, აქ ჩამოთვლილებს, რომლებსაც ძალიან მოსწონთ განსხვავებებიც და ცხარე კამათიც.

ეფლბაუმი წარსულისკენაც იხედება და დრეიფუსის საქმეს იხსენებს, რომელმაც შუაზე გახლიჩა მე-19 საუკუნის საფრანგეთი. წიგნში ის პარალელსაც ავლებს იმ ეპოქისა და დღევანდელობის არგუმენტებსა და პოზიციებს შორის.
ავტორს ვერ გავაკრიტიკებთ იმის გამო, რომ ვერ ხსნის რაფალ ზიემკიევიჩის, ჯონ ო’სალივანისა თუ როჯერ კიმბოლის საიდუმლოს. ეს ამბავი მარტივად ვერ აიხსნება, წერს ის. ვერც რაიმე თეორიას მოვიგონებ და ვერც უნივერსალურ გამოსავალს მივაგნებ. სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ინტელექტუალების არჩევანი მაინც ინდივიდუალური დამოკიდებულებებითა და განსხვავებული გარემოებებითაა განპირობებული.

ზოგიერთს მართლაც ის შიში, ბრაზი და ერთიანობის სურვილი ამოძრავებს, რასაც მათი მკითხველები თუ მიმდევრები გამოხატავენ, ვკითხულობთ წიგნში. ზოგიერთის რადიკალიზება მემარცხენეებთან მტკივნეულმა შეჯახებამ გამოიწვია, ან იმან, რომ სისუსტის გამო, ლიბერალური ცენტრიდან განდევნეს. ზოგიერთი ცინიკოსია და იცის, რომ რადიკალური თუ ავტორიტარული ენა სახელსა და დიდებას მოუტანს. ზოგიერთს აპოკალიფსი ეჩვენება დარწმუნებულია, რომ საზოგადოება დამარცხდა და ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა შეიქმნას. ზოგიერთი ღრმად მორწმუნეა. ზოგიერთს ქაოსი მოსწონს და ყველგან ამას ეძებს, როგორც ახალი წესრიგის ერთგვარ პრელუდიას.
ეფლბაუმის მიერ აღწერილ ფანტასტიკურ პოლიტიკურ ცვლილებებს რაღაც საერთო ნამდვილად აქვს იქმნება თვალსაჩინო მოდელი, რომელშიც პიროვნული სხვა დანარჩენზე აღმატებული ხდება. პოლიტიკური და ისტორიული ანალიზის ინსტრუმენტები საკმარისი არ არის ყველა ადამიანური გამოცანის ასახსნელად. მეტისმეტად ძნელია, ჩაწვდე იმ სააზროვნო პროცესებს, რომლებიც ჰიტლერთან ტრამპის შემდარებელს ცოტა ხანში ამ უკანასკნელის დიდ მეხოტბედ აქცევს. ამგვარი საიდუმლოს ამოსახსნელად სხვაგვარი ანალიტიკური ინსტრუმენტია საჭირო: ფსიქოანალიტიკოსის ტახტი.

გაბრიელ შოენფელდი