თავისუფალი ხალხის სამართავად ტირანი არ გამოდგება
დამოუკიდებლობის დეკლარაციის თავდაპირველი მოწოდება.
ხვალ დამოუკიდებლობის დეკლარაციას გავიხსენებთ, მისი შთამაგონებელი სიტყვებისა და თავისუფლებისა და თანასწორობისაკენ მოწოდებების გამო. სწორედ მათ აქციეს დეკლარაცია დროის მიღმა არსებულ დოკუმენტად – დოკუმენტად, რომელიც მუდმივად ასახავს თვითმმართველობის ამერიკულ ექსპერიმენტს, ადგენს სტანდარტს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ჩადენილ ქმედებებს უნდა აფასებდეს და წარმოადგენს მსოფლიო მოწოდებას მათთვის, ვინც დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის იბრძვის ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ.
დეკლარაციის პრეამბულის საყოველთაო პატივისცემამ ბუნდოვანი გახადა 1776 წელს მცხოვრები ამერიკელების უკმაყოფილება, რომელსაც დეკლარაცია ეხმიანება. ამ უკმაყოფილებას კონკრეტული 27 ბრალდების ფორმა ჰქონდა ინგლისის მეფე ჯორჯ III-ის წინააღმდეგ და განკუთვნილი იყო როგორც მისი მოქმედებების საწინააღმდეგო საბრალდებო აქტი და დამოუკიდებლობის აუცილობელი არგუმენტი.
დამოუკიდებლობის დეკლარაცია ორიგინალური ტექსტი არ ყოფილა. სინამდვილეში ადგილობრივი კანონმდებლებისა და ქალაქების მიერ შექმნილი 100-მდე ვერსია არსებობდა, რომლებიც წინ უსწრებდა 4 ივლისის დეკლარაციას. თუმცაღა თომას ჯეფერსონის ამბიცია, დამოუკიდებლობის ეროვნული დეკლარაციის შექმნისა, უფრო დიდი იყო. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური ფილოსოფიის ნიმუში უნდა ყოფილიყო, არამედ ცხადი უნდა გაეხადა, რომ ბრიტანეთის სამეფო ავტორიტარული მმართველივით იქცეოდა, რომ მისი ჩადენილი ქმედებები თავისუფლების ამერიკული გაგების საწინააღმდეგო იყო, რაც, შესაბამისად, შტატებს დამოუკიდებლობისაკენ უბიძგებდა.
დანაშაულების სიმძიმის დასამტკიცებლად ისინი ხუთ ჯგუფად გადანაწილდა: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, სამართლის აღსრულებისათვის ხელის შეშლა, კორუფციის წახალისება, სამხედროების ზედმეტი ჩარევა სამოქალაქო საქმეებში და ძალადობის წაქეზება. რამდენადაც ეს კრიტიკა შესაბამისი და დროული იყო 1776 წელს, იმდენადვე უპრიანია მასთან მიბრუნება დღეს, რადგანაც იგი დღემდე აქტუალურია ქვეყნისთვის, რომელიც, თითქმის 250 წლის შემდეგ, კვლავაც დაპირისპირებული აღმოჩნდა ავტორიტარულ ხელისუფლებებთან საზღვარგარეთ და არალიბერალურ ტენდენციებთან – შინ.
პირველი ბრალდება – ძალაუფლების ბოროტად გამოყენება – ფოკუსირებულია მეფის მიერ კანონის საკუთარი ინტერესებისადმი დაქვედებარებაზე და ძალაუფლების უკონტროლო ზრდაზე. საჩივარი ბრალს სდებდა ბრიტანელ მონარქს “საზოგადო კეთილდღეობისათვის” სასარგებლო იმ საკანონმდებლო ინიციატივისთვის ვეტოს დადებაში, რომელსაც იგი არ ეთანხმებოდა და ისეთ ქმედებებში, რომლებიც თვითმმართველობას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ანაცვლებდა. მეფეს ასევე ბრალად დაედო იმ საკანონმდებლო ორგანოების გაშვება, რომლებიც სამეფოს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. თუმცაღა დამნაშავე მხოლოდ მეფე არ იყო. დეკლარაცია დანაშაულის დიდ წილს მეფეს აკისრებდა, მაგრამ ამერიკელებმა ასევე ჩათვალეს, რომ მეფე “სხვებს შეეკრა, რათა დავემორჩილებინეთ” და ბრიტანეთის პარლამენტსაც ბრალი დასდეს საკუთარი ნებით კოლაბორაციაში, როცა მათ ფუნდამენტურ უფლებებზე შეტევის სანქცია გასცა.
დეკლარაციაში ასევე ნათქვამი იყო, რომ მეფე სამართლის ადმინისტრირებას უშლიდა ხელს და მისი ქმედებები, მათი განზრახვა და შესრულება, არალიბერალური იყო. იგი არ სცემდა პატივს თავისუფალ სასამართლო სისტემას და ცდილობდა, მოსამართლეები მასზე დამოკიდებულები, მისი ერთგულები ყოფილიყვნენ და არა კანონის. მეფეს ასევე ბრალად ედებოდა სამართლებრივი პროცედურის გვერდის ავლა და “გამოგონილი დანაშაულების” საბაბით ოპონენტების დევნა. დეკლარაცია ასევე ბრალად უყენებდა მეფეს კოლონიებში კორუფციის ზრდას და მისი სრულიად ახალი სახის შექმნას. ბრიტანული სისტემისთვის ამგვარი ბრალდებების წაყენება მიზნად ისახავდა ამერიკელების ვნებების გაღვივებას სამართლის პაროდიაზე მათ ქვეყანაში. ეს ასევე ნიშნავდა, რომ მსგავსი ქმედებები ამერიკული ექსპერიმენტის საწინააღმდეგო იყო.
იგივე ეხებოდა სამხედროების მიერ სამოქალაქო საქმეებში ჩარევას. ფილადელფიაში შეკრებილი ამერიკელების აზრით მთავარი განსხვავება ახალ და ძველ სამყაროს შორის იარაღის ძალაზე მდგომი ავტოკრატიებისადმი სიძულვილი იყო. დეკლარაცია ბრალს სდებდა მეფეს მშვიდობიან დროს შეიარაღებული ძალების ნაწილების ამერიკის ტერიტორიაზე დგომაში, ამერიკული საკანონმდებლო ორგანოების ნებართვის გარეშე, რაც სამხედროებს თავისუფლებას ანიჭებდა და სამოქალაქო ხელისუფლებაზე მაღლა აყენებდა. მეფემ მშვიდობასა და საომარ ვითარებას შორის ზღვარი წაშალა და, პოლიტიკური პროტესტის ჩახშობით, უთანხმოების მილიტარიზაცია გამოიწვია.
დეკლარაციის ბევრი ხელმომწერისთვის კიდევ უფრო სამწუხარო იყო, რომ მეფემ მის დაქვემდებარებაში მყოფი უზარმაზარი ძალები გამოიყენა, რათა სამოქალაქო არეულობა და ძალადობა წაეხალისებინა. ეს ბრალდება პირდაპირ ეხებოდა ბრიტანელების მიერ მკვიდრი მოსახლეობის წაქეზებას, იერიში მიეტანათ აჯანყებულ კოლონისტებზე, ხოლო ირიბად – ვირჯინიის სამეფო გუბერნატორის მონებისადმი თავისუფლების დაპირებას, თუკი თავიანთი ბატონების წინააღმდეგ გამოვიდოდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბრალდებები პირდაპირ ადანაშაულებდა მეფეს საკუთარ მოქალაქეებზე იერიშის მიტანის მცდელობაში, ისინი შეიძლებოდა ყველაზე ფეთქებადი ყოფილიყო.
გარდა ამისა, ეს ბრალდებები ყველაზე ირონიულიც იყო, იმის გათვალისწინებით, რომ დეკლარაცია თანასწორობის, ღირსებისა და თავისუფლების არგუმენტია, იმ ადამიანების მიერ მიღებული, რომელთა უმეტესობაც მონათმფლობელი იყო, ზოგიერთი მათგანი კი მონათმფლობელობის თავგადაკლული დამცველი. მეფე ჯორჯ III-ის ტირანიისაგან გათავისუფლებულად თავის გამოცხადებისა და, ამავე დროს, ათასობით შავი კაცის, ქალისა და ბავშვის ტყვეობაში დატოვების თვალთმაქცობა თანამედროვეთათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ბრიტანეთის საქციელის დასაცავად, გამოჩენილმა ბრიტანელმა ესეისტმა სემუელ ჯონსონმა იკითხა: “როგორ ხდება, რომ ყველაზე ხმამაღლა თავისუფლებაზე ზანგების მეპატრონეები გაჰყვირიან”?
დეკლარაციის წვრილმანების გრძელი სია იმის მტკიცებით სრულდება, რომ «მეფე, რომლის ქცევებიც შეიძლება შეფასდეს, როგორც ტირანის, არ გამოდგება თავისუფალი ხალხის მმართველად». დამფუძნებელთა თაობა თვლიდა, რომ ტირანია საფრთხეა, რომელიც ოკეანის გაღმიდან შეიძლება მოდიოდეს. ისინი იმასაც შიშობდნენ, რომ ტირანია მათ ქვეყანაშიც შეიძლებოდა განვითარებულიყო და სწორედ ამიტომაა ჩამოთვლილი დეკლარაციაში გზები, რომლებმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს თავისუფლებას.
ქვეყნის დაარსებიდან დაახლოებით 50 წლის შემდეგ, ერის ისტორიაში ალბათ ყველაზე ცნობილ 4 ივლისის სიტყვაში ჯონ ქუინსი ადამსი ამტკიცებდა, რომ “ხალხის მიერ ჩაგვრისათვის წარმატებული წინააღმდეგობის გაწევა, ტირანისა და თავად ტირანიის დამარცხება” დამოუკიდებლობის დეკლარაციის მთავარი სათქმელი და ამერიკის რესპუბლიკის საბოლოო მიზანი იყო.
ერის დაბადების დღეზე და ჩვენი ქვეყნის ისტორიის კრიტიკულ მომენტში დეკლარაციის ბრალდებების გრძელი სიის წაკითხვა შეგვახსენებს, რომ ტირანიასთან ბრძოლა, შინ თუ გარეთ, ჩვენი დამოუკიდებლობის ფუნდამენტია.
ჩარლზ იდელი
ჩარლზ იდელი სიდნეის უნივერსიტეტის აშშ-ს შემსწავლელი ცენტრის უფროსი მკვლევარია. 2015-2017 წლებში მუშაობდა აშშ-ს სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვის აპარატში. იგი თანაავტორია წიგნისა “ტრაგედიის გაკვეთილები: სახელმწიფო მართვა და მსოფლიო წესრიგი”.