სიკვდილით განკურნებადი სენი
«როგორ ვიყოთ დეპრესიული»
ჯორჯ სილაბა
University of Pennsylvania Press, 2020
2005 წელს ლიტერატურის კრიტიკოსმა და პოლიტიკურმა კომენტატორმა ჯორჯ სილაბამ დეპრესიის ძლიერი შეტევა გადაიტანა, რის გამოც სამი თვით მოუხდა ჰარვარდის უნივერსიტეტში ადმინისტრაციული საქმიანობის შეწყვეტა, რათა ელექტროშოკური თერაპიის კურსი გაევლო. იმ დროისთვის 57 წლის სილაბამ ეს გამოცდილება შუახნის ასაკის კრიზისს შეადარა, რომელიც, როგორც თავად თვლიდა, მისი პროფესიული წარუმატებლობით იყო გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის მანძილზე წერდა ისეთი გამოცემებისთვის, როგორებიცაა თჰე Nატიონ, Dისსენტ, და Bოსტონ Gლობე, სილაბა, თითქმის მთელი კარიერის მანძილზე, წიგნების შეუმჩნეველ რეცენზენტად რჩებოდა. ის არცერთი სამსახურის შტატში არ ირიცხებოდა, არც კოლეჯისა თუ უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობა ჰქონია ოდესმე და 2006 წლამდე არც წიგნი გამოუცია. მხოლოდ ბოლო ათწლეულში მოიპოვა გარკვეული რეპუტაცია და დაიმსახურა ჯეიმზ ვუდის, ვივიენ გორნიკისა და აწგანსვენებული რიჩარდ რორტის ქება, რომ აღარაფერი ვთქვათ ახალგაზრდა მწერლების მისით აღფრთოვანებაზე (2012 წელს მანჰეტენის ზემო ისტ-საიდში მდებარე ერთ ცნობილ წიგნის მაღაზიაში გამართულ შეკრებას ვესწრებოდი, როცა ჩემი მსგავსი ახალგაზრდა თაყვანისმცემლებით გარშემორტყმულ სილაბას The New Inquiry ინტერვიუს ართმევდა).
ერთ დროს კემბრიჯში, მასაჩუსეტსში არსებული და აწ უკვე გამქრალი პატარა გამომცემლობა Pressed ჭაფერ-ის მიერ გამოცემული სილაბას ესეების ხუთტომეული თანამედროვე ინტელექტუალური ისტორიის ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი მოკლე კურსია, რომელიც კი მეგულება. ცოტაა ისეთი იდეა, მოაზროვნე თუ მწერალი, რომლებზეც სილაბა არ საუბრობდეს, კიდევ უფრო ცოტაა ფილოსოფიური კონცეფციები, რომლებიც მას არ აეთვისებინოს და თითქმის არ არსებობს პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ტრენდი, რომელთაც ის არ შეხებოდეს. სილაბა ფიქრობს, რომ «ინტელექტუალის, როგორც «არასპეციალისტის» იდეალი, რომელიც პოლიტიკურ და ესთეტიკურ ინტერესებს ითავსებს და ძალუძს გარკვეული ავტორიტეტით ისაუბროს ორივეს შესახებ», შესაძლოა, დღეს უკვე დრომოჭმული იყოს, თუმცა თავად სილაბას ესეები საპირისპიროს ამტკიცებს. მისი ნათელი, განმარტებითი პროზა და წყაროების ფართო სპექტრი იმ უამრავ არასპეციალისტ ინტელექტუალს გვახსენებს, რომელთა შესახებაც სილაბა ასე სულშიჩამწვდომად წერს ლაიონელ თრილინგითა და ირვინგ ჰოუთი დაწყებული, ჯორჯ ორუელითა და დუაით მაკდონალდით დამთავრებული. დრომოჭმულობისაგან შორს მყოფი სილაბა პოლიტიკური აწმყოს სიღრმისეულად მცოდნე ინტერპრეტატორია მტკიცე რადიკალი, რომლის მჭევრმეტყველება და ერუდიცია მის ნაწერს აქცევს ან უნდა აქცევდეს მოთხოვნად საკითხავად, მათთვისაც კი, ვინც არ იზიარებს მის პოლიტიკურ შეხედულებებს (ან, სიტყვისთვის, მის აღფრთოვანებას ნოამ ჩომსკით). როდესაც 1992 წელს სილაბას წიგნის კრიტიკოსთა ნაციონალური წრის ჯილდო მიენიჭა გამორჩეული წვლილისათვის წიგნების რეცენზირებაში, სამადლობელო სიტყვაში მან აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე ძვირფას მწერლებში ის, უპირველეს ყოვლისა, მიუკერძოებლობას აფასებს. «ვგულისხმობ იშვიათ და (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის) მეტად რთულ უნარს, იზრუნო სისწორეზე და არა კამათში გამარჯვებაზე, გაგებაზე და არა ქებაზე», განმარტა მან. კულტურული და პოლიტიკური უთანხმოებების დროში სილაბა წარმოადგენს მოდელს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს და ჟღერდეს ინტელექტუალური კვლევა. უკეთეს სამყაროში ის იმ პრესტიჟსა და სიყვარულს დაიმსახურებდა, რომლითაც მასზე სუსტი მოაზროვნეები სარგებლობენ.
სილაბა წარმოადგენს მოდელს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს და ჟღერდეს ინტელექტუალური კვლევა. უკეთეს სამყაროში ის იმ პრესტიჟსა და სიყვარულს დაიმსახურებდა, რომლითაც მასზე სუსტი მოაზროვნეები სარგებლობენ.
ეს ყველაფერი მის ბოლო წიგნს, «როგორ ვიყოთ დეპრესიული», წინააღმდეგობრივი სიამოვნების მომგვრელ საკითხავად აქცევს. ერთი მხრივ, ჩვენ ვემადლიერებით სილაბას აზრისათვის, რომელიც ჩვეული გამჭრიახობით და სოციალური თავდადებით შემოაქვს კლინიკური დეპრესიის მწვავე საკითხზე მსჯელობაში. მაგალითად, წიგნის პირველ თავში, რომელიც, თავდაპირველად, დამოუკიდებელ ესედ გამოქვეყნდა The Baffler-ში, სილაბა განიხილავს სხვადასხვა გზებს, რომელთა მეშვეობითაც მთავრობას შეუძლია, მეტი გააკეთოს ქრონიკული დეპრესიით დაავადებული მოქალაქეებისათვის ამ გზებს შორისაა გარკვეული ფორმის ფინანსური დახმარება. «ქრონიკული დეპრესია ძლიერად აისახება შემოსავალზე და, ბევრის მსგავსად, ჩემი საპენსიო ფონდი ამჟამად მძიმე დღეშია», წერს იგი. ვფიქრობ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, თუ რამდენად სერიოზულად გვესაუბრება სილაბა ამ, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილო იდეაზე, მაგრამ დეპრესიის აღწერის წაკითხვის შემდეგ, რომელიც ამ იდეას უსწრებს, მისი ხელაღებით უარყოფა ნაკლებ სავარაუდოა: «სასტიკი ქრონიკული დეპრესიის ტკივილი ქვეყნად ყველაზე უარესი რამაა. მისგან თავის დასაღწევად ყველაფერს მოვიმოქმედებ».
და მაინც, წიგნისაგან «როგორ ვიყოთ დეპრესიული» მიღებული სიამოვნება თუკი შეიძლება, ამ გრძნობას ასე ვუწოდოთ მეორე, ყველაზე გრძელ თავში, სახელწოდებით Documentia, სულ უფრო სევდიანი ხდება. ეს ავტორის ფსიქიკური ცხოვრების ანგარიშია, იმ უამრავი ფსიქიატრისა და თერაპევტის სამკურნალო ჩანაწერების შუქში დანახული, რომელთა პაციენტიც სილაბა 1969 წლიდან, დეპრესიის პირველი შეტევიდან, იყო. შესავალ შენიშვნაში სილაბა ამ ჩანაწერებს «ანტინაწერის ერთგვარ ფორმად» მოიხსენიებს, რადგანაც ისინი პუბლიკაციის მიზნით არ დაწერილა და ძნელად თუ იტყვი, რომ მათ ლიტერატურასთან რამე საერთო აქვთ. ძირითადად ერთ-ორ აბზაციანი ჩანაწერები პიროვნულსა და უპიროვნოს შორის მერყეობს მათში სილაბა ხან უბრალოდ «პაციენტად» მოიხსენიება, ხანაც აღნიშნულია, რომ «მისტერ ს-ს თმა ახლებურად გაუკრიჭავს, რაც ასევე გარკვეული შფოთვის მიზეზად უნდა ჩაითვალოს».
ამ სამედიცინო ცნობებიდან მკითხველი თანდათან ცხოვრების შეკოწიწებას იწყებს. იტალიელი ემიგრანტების ვაჟი ჯორჯ სილაბა აღმოსავლეთ ბოსტონში დაიბადა და მართლმორწმუნე კათოლიკედ აღიზარდა. შემდეგ ჰარვარდში ჩააბარა, სადაც Oპუს Dეი-ს, კათოლიკური ეკლესიის რელიგიური ორდენის, წევრი გახდა, რომლის ორთოდოქსულობაც სილაბას ახლადგაფურჩქნული ინტელექტუალური ამბიციების საწინააღმდეგო იყო. 1969 წლის აგვისტოში, სანამ ყოყმანობდა, ჰარვარდის სამართლის სკოლაში ესწავლა თუ ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, რელიგიურმა კრიზისმა მისი დეპრესიის პირველი სერიოზული შეტევა დააჩქარა. სილაბამ დახმარებისათვის პროფესიონალს მიმართა. ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიული კლინიკის ექიმმა იგი აღწერა, როგორც «ეჭვებით ხშირად პარალიზებული და გადაწყვეტილების მიღების ვერშემძლე». სილაბამ სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში გააგრძელა, მაგრამ მალევე ახალი შეტევა გადაიტანა და სწავლას თავი ანება. კემბრიჯში დაბრუნებულს, მას აღწერდნენ, როგორც «მეტად აღელვებულ ადამიანს პიროვნების მოსაზღვრე მდგომარეობითა და ობსესიურ-კომპულსური მახასიათებლებით».
დეპრესიის მომდევნო სერიოზული ეპიზოდი სილაბას 1981 წელს ჰქონდა, როცა 33 წლისა ჰარვარდის საერთაშორისო კვლევების ცენტრის მისაღებში მუშაობდა და წიგნების რეცენზიებს წერდა გაზეთისთვის თჰე Village Voice. «აკურატულად გამოწყობილი, მკაფიო მეტყველების ახალგაზრდა» მიუხედავად ამ დახასიათებისა, სილაბა შეწუხებული, ძილგამტყდარი და, დროდადრო, უმწეო იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ «გადაწყვეტილების მიღების უუნარობაზე», მათ შორის, თერაპიის გაგრძელების თუ შეწყვეტის გადაწყვეტილებაც იგულისხმება. სილაბა შიშობდა, რელიგიური აღზრდისათვის ზურგის შექცევა შეცდომა არ ყოფილიყო და წუხდა, რომ ცხოვრებაში საკმარისს ვერ მიაღწია. ეს იყო შფოთვის წყარო, რომელიც წლებთან ერთად გაძლიერდა. 1987 წლისთვის ექიმმა აღნიშნა, რომ სილაბა «სხვადასხვა დაბალკვალიფიციურ სამსახურში მუშაობს და თუმცა მათში ადეკვატურად ფუნქციონირებს, ეს სრულიად არ შეესაბამება მის ინტელექტუალურ პოტენციალს». მას ხშირად შურდა მეგობრების, რომლებიც უფრო პრესტიჟულ ჟურნალებში იბეჭდებოდნენ ან ელიტურ უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ. თანატოლებისაგან განსხვავებით, სილაბა საკუთარ თავს «დილეტანტად» და «ერთგვარ პეპელად» აღიქვამდა, რომელიც საგნიდან საგანზე ინაცვლებს, მაგრამ არ ძალუძს რაიმეს განხორციელება. დროდადრო იწყებოდა ხოლმე საუბარი ლექციების წაკითხვაზე ან წიგნის დაწერაზე, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა.
ამ ყველაფრის გარდა, წიგნში ნახსენებია უამრავი მედიკამენტი, რომლებითაც ექიმები სილაბას ჭყიპავდნენ: ველბუტრინი, ზოლოფტი, ეფექსორი, ტრანილციპრომინი, ოქსაზეპამი, პროზაკი, ატივანი, კლონოპინი, ზიპრექსა, ვალიუმი (წამლების შესახებ გვიანდელ ჩანაწერში სილაბა აღნიშნავს, რომ ანტიდეპრესანტებისაგან სარგებელი მხოლოდ «ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებმა და ინვესტორებმა თუ ნახეს», რაც გულდასაწყვეტი, უსამართლო განცხადებაა). რა მიზეზიც არ უნდა იყოს, სილაბას არცერთი წამლის შემთხვევაში არ გაუმართლა და 57 წლისამ იგრძნო, რომ მისი დეპრესია «იმაზე უარესი იყო ვიდრე ოდესმე». რომანტიკული ურთიერთობები უშედეგოდ მთავრდებოდა და მისი პროფესიული კარიერის წინსვლასაც პირი არ უჩანდა. საბოლოოდ, როგორც უკანასკნელ იმედს, სილაბამ ელექტროშოკური თერაპიით მკურნალობას მიმართა. სრულიად შესაძლებელია, სწორედ ამან შეუნარჩუნა სიცოცხლე. «თუკი აუტანელ მწუხარებას განიცდით, ამას თვალი უნდა გაუსწოროთ», წერდა სილაბა მოგვიანებით.
*
ესაა ექიმების მიერ ხუთი ათწლეულის მანძილზე გაკეთებული შენიშვნების შუქში დანახული სილაბას ფსიქიკური ცხოვრების კონტურები. ვერ ვიტყვი, რომ ამის კითხვამ დიდად გამახალისა, მაგრამ არც მინანია. წიგნი ზუსტად გადმოსცემს დეპრესიისაგან მოგვრილი მობეზრების განცდას და დატანჯული ადამიანის სასოწარკვეთილ, მტკიცე სურვილს, როგორმე დაეხსნას მას. ეს ყველასთვის ნაცნობი იქნება, ვისაც დეპრესიაზე დაწერილი მოგონებების «კლასიკა», უილიამ სტაირონის «ხილული წყვდიადი», ან ქეი რედფილდ ჯეიმისონის «მღელვარე გონება» წაუკითხავს. რაც სილაბას მონათხრობს განსაკუთრებულად აქცევს, იმის ჩვენებაა, თუ როგორი გაზიარების უნარს მოკლებული დაავადებაა დეპრესია. ეს ტანჯვის მდგომარეობაა, რომელიც ნთქავს თხრობის უნარს და ტანჯულისთვის თითქმის შეუძლებელს ხდის საკუთარი განცდების ახსნას. Dოცუმენტია-ში თხრობის თანმიმდევრულობა არ არსებობს, არ არის დასაწყისი და დასასრული, არც პროგრესისა და რემისიის ტრაექტორიაა. აქ მხოლოდ უმიზნო გამეორებაა, თუ როგორ საშინლად გრძნობს ადამიანი თავს ერთ დღეს და როგორ სულ ოდნავ ნაკლებად საშინლად მეორე დღეს და არ არსებობს იმედი, რომ ერთხელაც განკურნების დღე დადგება.
მაგრამ ადამიანის თხრობისადმი მიდრეკილება დაუცხრომელია და, თქმა არ უნდა, დეპრესიასთან გამკლავების ერთ-ერთი გზა მისი ვერგამოთქმადობის სწორედაც თხრობით დაბალანსებაა. სილაბასთვის ეს თხრობა 21 წლის ასაკში დამდგარი რელიგიური კრიზისით იწყება. მეგობარ ქრისტოფერ ლიდონთან საუბარში, რაც წიგნის მესამე თავს შეადგენს, სილაბა ამ კრიზისს ასე აღწერს:
სანამ Opus Dei-სა და ეკლესიას განვუდგებოდი, ვფიქრობდი, რომ ეს ნაბიჯი შენაძენი უფრო იქნებოდა ვიდრე დიდი დანაკარგი. ვფიქრობდი, რომ სამყაროს შესახებ ჭეშმარიტებას მივაგენი და ამ ნაბიჯით დიდი განმათავისუფლებელი არმიის რიგებში ვეწერებოდი, რომელშიც მსახურობდნენ პირველი თანამედროვე ფილოსოფოსები და, რაც მთავარია, განმანათლებლობის ეპოქის მოაზროვნეები. საოცრად იღბლიანად ვთვლიდი თავს და მეამაყებოდა, რომ პროგრესისა და სიმართლის ამ დიდი ტალღის ერთი წვეთი ვიყავი. მერე კი, როცა მართლაც გადავდგი ეს ნაბიჯი, აღმოვაჩინე, რომ რელიგია ჩემთვის რაღაც ნარკოტიკის მსგავსი იყო, ან კიდევ უსაფრთხოების ბადეს წარმოადგენდა. ამ ყველაფერზე ჩემი რეაქცია აღელვება და შფოთვა იყო. მთელი ცხოვრება მარტო უნდა ვყოფილიყავი და თუკი რელიგიასთან მიმართებაში ვცდებოდი, მაშინ ეს მარტოობა, ეგებ, სულაც მარადიული გამომდგარიყო. საშინლად შემეშინდა.
ერთ ესეში სილაბა აღწერს როგორ აღელდა, როცა განმანათლებლობის კანტისეულ განმარტებას «კაცობრიობის ნებაყოფლობითი არასრულწლოვანებიდან გამოსვლას» პირველად გადააწყდა. როგორც პროგრესული ადამიანი, ის თავისთავად ამაყია, რომ თანამედროვეა, თუკი თანამედროვეობაში ვიგულისხმებთ ისეთ ფასეულობებს, როგორებიცაა დემოკრატია, პიროვნული ავტონომია და ტრადიციებისა და ავტორიტეტების ეჭვქვეშ დაყენება. თანამედროვეობის ეს მიღწევები, რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო საგრძნობ მონაპოვრებზე სანიტარიაზე, სასოფლო-სამეურნეო ინოვაციებსა და თანამედროვე მედიცინაზე არ უნდა აღვიქვათ როგორც თავისთავადი რამ. როგორც სილაბა სხვა ადგილას წერს, თანამედროვე ადამიანად ყოფნას თავისი სირთულეებიც ახლავს: «გარკვეული თვალსაზრისით, თანამედროვე ინტელექტუალური ისტორია ერთგვარ ასკეტურ შეშლილობას ჰგავს, გამუდმებულ უარის თქმას მანუგეშებელ ილუზიებზე».
სილაბა მეტად მგრძნობიარეა იმისადმი, რაც, ძალზე ხშირად, კონსერვატორ მოაზროვნეთა სფეროა: რელიგიური რწმენის, მეტაფიზიკური ტანჯვისა და საზოგადო ლოიალურობისადმი (ის ბრწყინვალედ წერს ისეთ ანტიმოდერნისტებზე, როგორებიც არიან კირკეგორი, ნიცშე და ქრისტოფერ ლეში). ავსტრალიელი სოციოლოგის, ჯონ ქეროლის შესახებ ესეში სილაბა იმ აზრსაც კი გამოთქვამს, რომ მოდერნულობა, შესაძლოა, შეცდომა იყოს. ის წერს, რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში «გავრცელდა სულიერი სიცარიელის ეპიდემია: გაუცხოება, კონსუმერიზმი და საზოგადოების მარტოსულობა. სავარაუდოდ, როგორც თანამედროვე მოაზროვნეთა მცირე ნაწილი მუდამ თვლიდა, მარტოდენ გონებით ცხოვრება არ შეგვიძლია».
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა, ჩვენ იმაზე მეტი თავისუფლება მოვიპოვეთ, ვიდრე ვიცით, თუ რა მოვუხერხოთ მას. თანამედროვედ ყოფნა ნიშნავს, იტანჯებოდე არჩევანის სიუხვისაგან (მხოლოდ საყურებელი ფილმის «ნეტფლიქსზე» შერჩევას არ ვგულისხმობ). აირჩიო აღარ გჯეროდეს ის, რისიც ბავშვობაში გწამდა, ისე, როგორც ეს სილაბამ გააკეთა ახალგაზრდობაში, ერთი ასეთი თანამედროვე არჩევანთაგანია, და, თქმა არ უნდა, ერთ-ერთი ყველაზე რთულიც. ამ გადაწყვეტილების შედეგად გამოთავისუფლებული ადგილი და მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარე ბრძოლა მის შესავსებად არა მხოლოდ ამ წიგნის თითოეულ გვერდზე იგრძნობა, არამედ ყოველ გვერდზე, რომელიც კი სილაბას ოდესმე დაუწერია. იმის თქმა, რომ ეს ფაქტი მისი მკითხველისთვის სასარგებლო და გამამდიდრებელია, ტანჯული ავტორისთვის დიდი ვერაფერი ნუგეში იქნება.
გადაჭარბება ხომ არ იქნება, თუკი ვივარაუდებთ, რომ სილაბას დეპრესია, ნაწილობრივ მაინც, შეიძლება, თანამედროვეობისაგან მოგვრილი თავბრუსხვევით აიხსნას? კითხვა სხვანაირადაც შეიძლება დაისვას: არის თუ არა დეპრესია მხოლოდ ქიმიური დისბალანსის დარღვევის, ან ნეირონული წრედების სახეცვლის შედეგი? თუკი ასეა, მისი მკურნალობა საკმაოდ იოლი იქნებოდა, მაგრამ ასე აშკარად არაა (ყველამ, ვისაც კი დეპრესია გადაუტანია, ან დეპრესიით დატანჯული ადამიანის გვერდით უცხოვრია, იცის, რომ საქმეს მხოლოდ წამლის სწორი დოზის მიღება არასდროს შველის). ამგვარად, ნატანჯი ადამიანი იძულებულია, მკაცრი სამედიცინო მკურნალობის მიღმაც გაიხედოს, მაგრამ ზუსტად რა იგულისხმება ამაში, უმრავლესობისთვის მოუხელთებელი რჩება. ქრისტოფერ ლიდონთან ინტერვიუში სილაბას დევიდ ლოურენსის სიტყვები მოაქვს: «ადამიანს აქვს მცირე და ღრმა მოთხოვნილებები. ჩვენ შეცდომა დავუშვით ვცხოვრობთ მცირე მოთხოვნილებებიდან გამომდინარე და, ერთგვარ სიგიჟეში, თითქმის დავკარგეთ ჩვენი ღრმა მოთხოვნილებები».
რისთვისაც არ უნდა მიეღწია სილაბას ამ რთული ათწლეულების მანძილზე, მე შემიძლია მხოლოდ ვიმედოვნებდე, რომ მკითხველისთვის გადაცემული ცოდნა, იცხოვროს ღრმა მოთხოვნილებების უკეთ გაცნობიერებით, ავტორის მიერ განცდილი ტკივილების რაღაც ნაწილს მაინც ამართლებს.
მორტენ ჰოი იენსენი
მორტენ ჰოი იენსენი ავტორია წიგნისა «რთული სიკვდილი: იენს პეტერ იაკობსენის ცხოვრება და გარდაცვალება» (2017)