article-img

შიში და მძულვარება ფილადელფიაში

ნიკოლ პენი
თუკი ბენჯამენ რაშს ამქვეყნად რამის სჯეროდა, უპირველეს ყოვლისა მიზეზის. 1793 წლის 21 აგვისტოს საღამოს ის მეუღლეს, ჯულიას, ფილადელფიიდან წერდა: “უკვე გვიანია და ვზივარ, რათა გაუწყო, რომ უოთერ-სთრითზე სასტიკმა ციებ-ცხელებამ იფეთქა… ვარაუდობენ, რომ მიზეზი გაფუჭებული ყავაა, რომელიც ზემოხსენებული უბნის ერთ-ერთ ნავმისადგომში დალპა. დაავადება მძლავრი და ხანმოკლეა”.
ის წელი ფილადელფიისთვის, ქვეყნის მაშინდელი დედაქალაქისთვის, მღელვარე გამოდგა. ჯორჯ ვაშინგტონის მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისი მის კაბინეტში პოლიტიკური კონფლიქტის გამწვავებით აღინიშნა, რაც მოქალაქეთა შორის გაჩაღებული პარტიზანული ვნებების გამოძახილი იყო. იმ დროს, როცა თომას ჯეფერსონი და ალექსანდერ ჰამილტონი ცხარედ კამათობდნენ, უნდა დახმარებოდა თუ არა შეერთებული შტატები რევოლუციურ საფრანგეთს დიდ ბრიტანეთთან ომში, ქალაქის მაცხოვრებლები (რომლებიც ქუდებზე შავ ან ჭრელ კოკარდებს ატარებდნენ, იმის მიხედვით, ფედერალისტების ეკუთვნოდნენ თუ რესპუბლიკელებს) ქუჩებში აყალმაყალს ტეხდნენ და იმუქრებოდნენ როგორც ჯონ ადამსი მოგვიანებით იხსენებდა რომ “ვაშინგტონს შინიდან გამოათრევდნენ და მთავრობაში რევოლუციას მოახდენდნენ”.
ფილადელფია მუდამ პანდემონიუმი არ ყოფილა. სინამდვილეში, ქალაქმა კულტურისა და სწავლა-განათლების უმთავრესი ცენტრის სტატუსი მოიპოვა. აქ არა მხოლოდ ამერიკის ფილოსოფიურ საზოგადოებას ედო ბინა, არამედ ფილადელფიის საექიმო კოლეჯსაც ამერიკის ერთ-ერთ პირველ სამედიცინო ასოციაციას. “ფილადელფიიდან ცოდნისა და ფედერალური განწყობების შუქი წამოვა… რომელიც მთელ შეერთებულ შტატებს მოეფინება”, განაცხადა რაშმა, როცა 1789 წელს ქალაქი, როგორც ფედერალური მთავრობის ადგილი, ადამსს გადასცა. “აქ კაცის გონება დუღილის პროცესშია… აქ ხალხი და მისი მმართველები ერთნაირები იქნებიან… აქ განათლება, მანუფაქტურა და ყოველგვარი ადამიანური პროგრესი ყვავის და იფურჩქნება”. რაში დარწმუნებული იყო, რომ ფილადელფია ახალგაზრდა რესპუბლიკას ბრწყინვალე მომავლისაკენ წაიყვანდა, სადაც განმანათლებლობის რაციონალურობა პოლიტიკასა და ტექნოლოგიურ განვითარებას წარმართავდა და კაცობრიობის პროგრესის გარანტია იქნებოდა. ოთხი წლის შემდეგ სასტიკმა ეპიდემიამ ცხადყო, რაოდენ უსაფუძვლო იყო ეს რწმენა.
*
რაში მიხვდა, რომ არსებული დაავადება იმ “ყვითელ ცხელებას” წააგავდა, რომელსაც იგი 1762 წელს, როგორც ექიმის შეგირდი, მკურნალობდა. იმდროინდელი ჩანაწერების გადახედვისას, “საშინელების მოლოდინში”, მან აღმოაჩინა, რომ სიმპტომები თავის ტკივილი, გულზიდვა, ბოდვა, თვალისა და კანის მოყვითალო ფერი და ვადა (“ხუთი დღის თავზე ცოტა თუ რჩება ცოცხალი”) თითქმის იდენტური იყო. დაავადების შესახებ იცოდნენ, რომ პიკის პერიოდში ის ყოველდღიურად 20 ადამიანის სიცოცხლეს იწირავდა. რაშის ჯულიასადმი მიწერილი პირველი საგანგაშო წერილის მომდევნო კვირაში 38 ადამიანი მოკვდა.
ქმედება, რომელსაც ისტორიკოსმა მარკ ა. სმითმა “ამერიკის მთავრობის მიერ სამედიცინო ორგანიზაციისადმი ერთ-ერთი პირველი მიმართვა” უწოდა, წარმოადგენდა მერის, მეთიუ კლარკსონის თხოვნას საექიმო კოლეჯისადმი, დაედგინა დაავადების წყარო და შეემუშავებინა მისი შეჩერების გზა. ორგანიზაციამ სწრაფად შეადგინა 11 პუნქტიანი გეგმა. იგი მოუწოდებდა ფილადელფიელებს, მორიდებოდნენ მათ, ვინც დაავადებული ჩანდა, მოენიშნათ ინფიცირებულთა სახლები, დაესუფთავებინათ ქალაქის ქუჩები და გაემართათ ჰოსპიტალი ყვითელი ცხელებით შეპყრობილი პაციენტების მისაღებად. გეგმა ასევე ითვალისწინებდა ზარების დადუმებას. როგორც რაშმა ყვითელ ცხელებაზე გაკეთებულ ანგარიშში ახსნა, უარყოფითი ემოციები კერძოდ, შიში და მწუხარება ადამიანებს დაავადებისადმი უფრო მოწყვლადებს ხდიდა. “შიში ადამიანს ასუსტებს, რადგან განყენებულს ხდის შიშის საპირისპირო სიმამაცის ვნებას”, აღნიშნავდა რაში წონასწორობის ენის მოშველიებით, “ბევრ ადამიანში დაავადება შიშის უეცარმა შეტევამ გამოიწვია”. რადგანაც ზარები, ჩვეულებრივ, დაკრძალვის მაუწყებლები იყვნენ, კოლეჯმა იფიქრა, რომ უმჯობესი იქნებოდა მათი დახშობა, რათა ფილადელფიელები არ დაზაფრულიყვნენ.
კოლეჯის ერთსულოვანი რეკომენდაციები შეესაბამებოდა მის მისიას, გაევრცელებინა თანამედროვე ცოდნა, მაგრამ ერთიანი ფრონტი მაშინ გაიხლიჩა, როცა მისმა წევრებმა ცხელების წყაროზე დაიწყეს კამათი. მე-18 საუკუნეში ექიმების უმრავლესობა თვლიდა, რომ დაავადება მაშინ წარმოიშობა, როცა გარე ძალები გარემოსთან ან გრძნობებთან დაკავშირებული (მაგალითად, ხანგრძლივი ზაფრა) სხეულის წონასწორობას არღვევს. საპირისპირო ბანაკებს შორის მგზნებარე კამათი გაჩაღდა. “ლოკალისტების” წარმომადგენელი ბენჯამენ რაში მიიჩნევდა, რომ ცხელების გავრცელებას ქალაქში არაჯანსაღი ჰაერის სიჭარბე იწვევდა, “ინფექციონისტების” ბანაკის წევრი ადამ კუნი კი ამტკიცებდა, რომ ეპიდემია თან მოჰყვა იმ დევნილთა ცოტა ხნის წინანდელ ტალღას, ფრანგულ კოლონია სენ-დომინგოზე მომხდარ აჯანყებას რომ გამოექცნენ. გარკვეულწილად, ორივე სიმართლეს ამბობდა. დამნაშავე ვესტ-ინდოეთიდან შემოსული კოღო Aedis აეგყპტი იყო, რომელიც ფილადელფიური ზაფხულის კლიმატში გამრავლდა და ინფიცირებული სისხლი გაავრცელა, მაგრამ ეს ეტიოლოგია კუბელმა და ამერიკელმა ექიმებმა მხოლოდ საუკუნის შემდეგ დაადგინეს.
დაავადების მიზეზიდან მკურნალობის საკითხზე გადასვლისას კამათი კიდევ უფრო გამწვავდა. რაშმა რეკომენდაცია “სისხლის გამოშვებისა და წმენდის” სისტემას გაუწია, რომელიც უხეში კი იყო, მაგრამ იმდენად მარტივი, რომ 12 წლის ბავშვიც კი რამდენიმე საათში აითვისებდა. რესპუბლიკური ოპტიმიზმით აღსავსე რაში სამედიცინო აკადემიაზე ბრაზობდა, რომელიც, შიდა ბრძოლების გადამკიდე, წინა კრიზისების დროს უძლური აღმოჩნდა. იგი ამტკიცებდა: “დადგა დრო, ექიმები ჩამოვაშოროთ გადამდები ცხელებების მკურნალობას და ეს საქმე ხალხს მივანდოთ”. კუნმა ერთმნიშვნელოვნად უარყო რაშის მიდგომა, რომელსაც ის და მისი მომხრეები “მომაკვდინებლად” მიიჩნევდნენ და, სანაცვლოდ, ჩაის, გაზავებული ღვინის, ხის ქერქისა და ცივი აბაზანების რთული რეჟიმის შეთავაზებით გამოვიდა. მისმა რეცეპტმა რაში გააცოფა. “კუნის პუბლიკაციამ უსაზღვრო ბოროტება მოიტანა”, ბრაზიანად წერდა იგი ცოლს, “ბევრი ექიმი მის რეკომენდაციას მიჰყვება და, ყოველდღიურად, ათობით ადამიანი ეწირება ქერქსა და ღვინოს. ჩემი მეთოდი მათთვის ზედმეტად მარტივია. ავიწყდებათ, რომ დავითის შურდულიდან გატყორცნილმა ქვამ ის გააკეთა, რაც საულის მთელმა შეიარაღებამ ვერ შეძლო”.
პოლიტიკური მოტივებით დაყოფილ სამედიცინო საზოგადოებას ფილადელფიის გაზეთებიც კვალდაკვალ მიჰყვნენ. ჯონ ფენოს ფედერალისტურმა Gazette of The United States-მა მხოლოდ ალექსანდერ ჰამილტონის პირადი ექიმის ინსტრუქციები დაბეჭდა, რომელიც, თავის მხრივ, კუნის რეკომენდაციებს იმეორებდა. ენდრიუ ბრაუნის Federal Gazette-მა სცადა, მიუკერძოებელი ფორუმის ფუნქცია შეესრულებინა, მაგრამ, როგორც სმითმა დეტალურად აღწერა, ბოლოს, ინფიცირებულთა რიცხვის აფეთქების კვალდაკვალ, ძირითადად, რაშის შენიშვნებს აქვეყნებდა. ამასობაში, უბრალო ხალხმა გამოცემები მკურნალობის ხალხური მეთოდების შემცველი წერილებით აავსო, რომლებიც ისეთ განსხვავებულ ხერხებს შეიცავდა, როგორიც თამბაქოს კვამლის კმევა, ან “ოთხი ქურდის ძმრის” სახელით ცნობილი ნაზავის დამზადებაა. ზოგიერთი ცდილობდა, კატასტროფით ეხეირა და თავისი გამოგონების რეკლამირება გაეწია, სხვები უბრალოდ ცდილობდნენ, იმ დამანგრეველ გაურკვევლობას გამკლავებოდნენ, რასაც ექიმების მიერ გადაწყვეტილების ვერმიღება იწვევდა. “არცერთ გარემოებას ისე არ დაუმძიმებია ამჟამინდელი უბედურება, როგორც ექიმების უთანხმოებას დაავადების თაობაზე”, შფოთავდა ანონიმური ავტორი, შესაბამისი სახელწოდების Independent Gazette-ის ფურცლებზე.
ქუჩები, სადაც ერთ დროს კომერციული საქმიანობა იყო გაჩაღებული, გაუკაცურდა, მხოლოდ დახურულ მაღაზიებს თუ ძარცვავდნენ და “ეული ცხედრები” მიჰქონდათ დასაკრძალად.
სანამ ექიმები ერთმანეთს ებრძოდნენ, მთავრობის ლიდერები, 20 000 ფილადელფიელთან ერთად, ქალაქიდან გაიქცნენ. ლიდერების არარსებობის პასუხად კლარკსონმა ორი ათეული მოხალისე მოქალაქისაგან შემდგარი მმართველი კომიტეტი ჩამოაყალიბა; ისინი თანახმანი იყვნენ, დარჩენილიყვნენ ქალაქში, საჯარო ჰოსპიტალი ეკონტროლებინათ (რომელიც ბუშ-ჰილის სახელით ცნობილ მიტოვებულ სასახლეში იყო გამართული) და, კრიზისის სამართავად, რესურსების კოორდინირება მოეხდინათ. რთულია გადააფასო ურთულესი ამოცანა, რომლის წინაშეც ისინი აღმოჩნდნენ. მე-18 საუკუნის მედიცინამაც კი არასწორად შეაფასა შიშის როლი ფიზიოლოგიურ სიჯანსაღეზე ზემოქმედებაში. შიშის ზარმა, რაღა თქმა უნდა, ხელი შეუწყო ყვითელი ცხელების მიერ ფილადელფიის მოსახლეობის დასუსტებას. რაშმა უარი თქვა პაციენტების მიტოვებაზე და პირქუშად აღწერდა, როგორ ანგრევდა ვირუსი ოჯახურ კავშირებს, იხსენებდა შემთხვევებს, როცა შვილები, დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, მშობლებს შინიდან აძევებდნენ და მეუღლეებს, რომლებმაც თანამეცხედრე ურთულეს დროს მიატოვეს. ქუჩები, სადაც ერთ დროს კომერციული საქმიანობა იყო გაჩაღებული, გაუკაცურდა, მხოლოდ დახურულ მაღაზიებს თუ ძარცვავდნენ და “ეული ცხედრები” მიჰქონდათ დასაკრძალად. მეზობლებს, რომლებიც სამგლოვიარო ლენტებს ატარებდნენ, როგორც დაავადების პოტენციურ გადამტანებს, ერიდებოდნენ. სექტემბრის ბოლოსთვის რაშმა გამოთვალა, რომ სასაფლაოებზე დღეში, საშუალოდ, 100 ახალი საფლავი იჭრებოდა. ქალაქი, რომელიც ადამიანურ მიღწევათა შუქურა უნდა გამხდარიყო, სწრაფად ემსგავსებოდა ადამიანურ გახრწნილებათა გამოფენას.
პოლიტიკური მოტივებით დაყოფილ სამედიცინო საზოგადოებას ფილადელფიის გაზეთებიც კვალდაკვალ მიჰყვნენ.
მიუხედავად ამისა, ქაოსმა უჩვეულო გმირებიც წარმოშვა. ჟან დევეზი, ერთ-ერთი იმ დევნილთაგან, “ინფექციონისტები” რომ ეჭვის თვალით უცქერდნენ, საფრანგეთში განსწავლული ექიმი იყო, რომელსაც სენ-დომინგოზე ყვითელი ცხელების მკურნალობის გამოცდილება ჰქონდა. იგი ბუშ-ჰილში დაინიშნა, რომელსაც სტივენ ჟერარი ხელმძღვანელობდა ამერიკული რევოლუციის დასაწყისში ფილადელფიაში დამკვიდრებული ფრანგი ემიგრანტი. დევეზი რაშისა და კუნისაგან მკვეთრად განსხვავებულ სამედიცინო ფილოსოფიას აღიარებდა.
იმის ნაცვლად, რომ სიმპტომებს ზოგადი, უცვლელი ფორმულის მეშვეობით გამკლავებოდა, დევეზს ყოველი პაციენტის ინდივიდუალური მკურნალობისა სჯეროდა. ის ფრთხილად ცდილობდა, ბალანსი ეპოვა ჯერ ეცლია “ბუნებისათვის”, “გაენადგურებინა გამომწვევი მიზეზი” და მხოლოდ მაშინ ჩარეულიყო, “როცა ბუნება პასიურობდა”. როგორც მან დაასკვნა ტრაქტატში ყვითელი ცხელების შესახებ, “ყველა, ვინც კი სისტემის ბრწყინვალებით ცდუნდება, მისი არჩეული მეთოდით ბუნებაზე იძალადებს; ვაცხადებ, რომ ასეთი ადამიანი უფრო დიდი უბედურებაა კაცობრიობისათვის, ვიდრე თავად ჭირი”. ბუშ-ჰილის ჰოსპიტალი სასწაულებრივი განკურნების იმედს არ იძლეოდა, მაგრამ ჟირარისა და დევეზის გონივრულმა პროტოკოლმა და სუფთა, მოწესრიგებულმა გარემომ დაწესებულება ტანჯული ქალაქის იმედის სიმბოლოდ აქცია.
ბუშ-ჰილისა და დანარჩენი ფილადელფიის დამხმარე სამედიცინო პერსონალი ქალაქის თავისუფალ შავკანიანთა თემის წევრებისაგან შედგებოდა. მცდარ შეხედულებაზე დაყრდნობით, თითქოს აფრიკული წარმოშობის ადამიანებს ცხელება არ ეკარებოდა, კლარკსონმა და რაშმა თავისუფალ აფრიკელთა ასოციაციას მისწერეს და სთხოვეს, დარჩენილიყო ქალაქში, რათა დაავადებულებზე ეზრუნა. ებსალომ ჯონსმა და რიჩარდ ალენმა, ფილადელფიის აფრიკული ეკლესიის მღვდელმსახურებმა, დახმარების ორგანიზება ითავეს. ცხელებიანებზე ზრუნვის გარდა, შავკანიანმა ქალებმა და კაცებმა სხვა მნიშვნელოვანი საზოგადო ფუნქციების შესრულებაც იკისრეს დაავადებულების ჰოსპიტლებში გადაყვანა, დაკრძალვების ორგანიზება, მაღაზიების ვიტრინების მეთვალყურეობა მძარცველებისაგან დასაცავად და დაობლებული ბავშვების გადარჩენა. ამ პროცესში ისინი ცხელების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ. ეპიდემიის დროს მათი ორგანიზაციის გამოცდილების შესახებ ანგარიშში ჯონსი და ალენი აღწერდნენ, როგორ არ მისცეს საშუალება შავკანიანმა ფილადელფიელებმა პანიკით გამოწვეული მრისხანებით შეპყრობილ თეთრკანიან მამაკაცს, ცემით მოეკლა მეზობლის ქალი, როცა შეიტყო, რომ ის გამოჯანმრთელების გზაზე იყო. სხვა შემთხვევაში შავკანიანმა მოხალისეებმა უკან არ დაიხიეს, როცა თეთრკანიანი მამაკაცი მათ სროლით დაემუქრა, რადგან ქუჩაში მოფენილ ცხედრებს აგროვებდნენ. “ეს ადამიანი სამი დღის შემდეგ დავკრძალეთ”, სტოიკურად დასძინეს მათ.
*
საშინელებას ბოლო არც სისხლის გამოშვებამ მოუღო, არც ხის ქერქმა და არც აბაზანებმა, არამედ ყინვამ. ნოემბრის სიცივემ ვირუსის მატარებელი კოღოები დახოცა და საშუალება მისცა ფილადელფიელებს, ნელ-ნელა დაბრუნებულიყვნენ გაუკაცურებულ ქალაქში. ყვითელმა ცხელებამ ქალაქის მოსახლეობა გაანადგურა _ დაავადებამ, დაახლოებით, 5000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მან ასევე შეარყია გულუბრყვილო ოპტიმიზმით აღსავსე მოლოდინი, რომ ფილადელფია იოლად შექმნიდა რაშისა და ადრეული რესპუბლიკის სხვა ლიდერების მიერ შეპირებულ ახალ მსოფლიო წესრიგს. ამ სასაკლაოდან აზრის გამოტანა ეპიდემიის საბოლოოდ ჩაცხრობამდე სცადეს. დაავადების სხეულში შეღწევის გაბატონებულ თეორიაზე დაყრდნობით, მწერლები ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას პოლიტიკურ, მორალურ და ეკონომიკურ დისბალანსზე, რომელიც ფილადელფიას ცხელების გავრცელებამდე მოსდებოდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში National Gazette-მა (რომელსაც ჯეფერსონის თანაშემწე ფილიპ ფრენო ხელმძღვანელობდა) დაბეჭდა ანონიმური სტატია, რომელიც სამოქალაქო სისუსტის დადასტურებად მიიჩნევდა ამერიკულ საზოგადოებაში “არისტოკრატული განწყობების შეღწევას”, რამაც შეშინებული ადამიანები აიძულა, დესპოტიზმისათვის მიემართათ. ლუთერანმა მღვდელმა იუსტუს ქრისტიან ჰენრი ჰელმუტმა ბრალი ქალაქში ჩამოსულ ცირკს დასდო, რომელმაც, როგორც თავად თვლიდა, შეარყია მორალი და ღვთის რისხვა მოიტანა. სხვები ბრალს ფილადელფიის მზარდ ინდუსტრიალიზაციას და ხალხმრავალ ურბანულ დაგეგმარებას სდებდნენ, რამაც მოქალაქეები დააშორა იმ სასოფლო-სამეურნეო ყოფას, რომელიც ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღეს მეტად უწყობდა ხელს. რაში უფრო შორს წავიდა და იმ მემამულეებსაც გადაწვდა, რომლებიც იჯარას ძვირად გასცემდნენ: “ჩემი აზრით, სწორედ ისინი იყვნენ ქალაქის თავს დამტყდარი ღვთის რისხვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი”.
წონასწორობის დარღვევის უმთავრესი წყარო, ალბათ, მაინც ის წარმოდგენა იყო, რომ შეერთებულ შტატებს შესწევდა უნარი, მხოლოდ გონებისა და თავდაჯერების წყალობით გამკლავებოდა ადამიანურ პრობლემებს. წიგნში “ცხელებიანი სხეულები, ელვარე გონებები: მეცნიერება და ყვითელი ცხელების შესახებ პოლემიკა ადრეულ ამერიკულ რესპუბლიკაში” თომას აპელი აღწერს, როგორ უხალისოდ უარყოფდა ყვითელი ცხელების შესახებ 1790-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნებული კვლევები მოლოდინს, რომ ამერიკული რესპუბლიკა შეძლებდა თავიდან აერიდებინა გამანადგურებელი დაავადების ციკლურად განმეორება, რაც თითქმის მთელი ისტორიის თანმდევი იყო. მაგალითად, განმანათლებელმა და ამერიკელმა ნაციონალისტმა ნოა ვებსტერმა გამოწვლილვით შეისწავლა წარსული ეპიდემიების შემთხვევები, იმ იმედით, რომ ხილულ კანონზომიერებას აღმოაჩენდა, რომელიც შესაძლოს გახდიდა მომავალი ეპიდემიების თავიდან აცილებას. საბოლოოდ, იგი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ამერიკის ულმობელი ურბანიზაცია მომავალ უბედურებებს გარდაუვალს ხდიდა. ვებსტერს არ სურდა, უარი ეთქვა განმანათლებლობის რწმენაზე “ერთიანი კანონებით მართული” სამყაროს შესახებ და ამტკიცებდა, რომ ეპიდემიები ეს “დიდი ავტორის” ჩარევა იყო საზოგადოებაში ბალანსის დამრღვევი მედიდურობის შესამოწმებლად და მისი სათნოებისაკენ შემოსაბრუნებლად.
ეს ძალზე ამერიკული პასუხები იყო კატასტროფაზე, მაგრამ არაფერი ისე არ გამოხატავს ადრეული რესპუბლიკის იდეალებს, როგორც მოხალისეთა კავშირები, რომლებიც წესრიგისა და დახმარების შეთავაზებით გამოვიდნენ მაშინ, როცა ფილადელფიის სხვა ინსტიტუციებმა მარცხი განიცადეს. როცა ფედერალური მთავრობა ორჭოფობდა, ხოლო სამედიცინო აკადემიის წევრები ურთიერთმტრობამ უმოქმედო გახადა, კლარკსონის მოქალაქეთა კომიტეტმა, იმიგრანტების მიერ მართულმა ბუშ-ჰილის ჰოსპიტალმა და თავისუფალ აფრიკელთა საზოგადოებამ ყველაფერი იღონეს, რათა გადაერჩინათ თავიანთი ქალაქი, რომელსაც შიში ცოცხლად ჭამდა. იმ აპოკალიპტურ ფონზე მოქალაქეთა კომიტეტის პროტოკოლები ბუშ-ჰილში თანდათანობითი გაუმჯობესების, საკვებისა და ნივთების განაწილების, ობლების საიმედო ადგილას გადაყვანის აღნიშვნით და მათი დეტალური სიების შედგენით, ვინც ცხელებამ შეიწირა ან დაინდო ნორმალურობის დამაიმედებელ ქრონიკად იკითხება. პროტოკოლები ასევე აღწერდა შემოწირულობების უწყვეტ ნაკადს, რომელიც მთელი ამერიკის დიდი თუ პატარა ქალაქებიდან მოდიოდა, ხშირად საგანგებო აღნიშვნით: “უპოვართათვის”. თუკი არსებობდა ერთი უცვლელი კანონი, რომელიც ყველა ეპიდემიას მართავდა, ეს კანონი (რაშის სიტყვებით) იმაში მდგომარეობდა, რომ “ღარიბები ყველაზე მეტად იტანჯებოდნენ”. ამისთვის რაშს შეეძლო ის ტრუიზმიც დაემატებინა, რომ არცერთი კეთილი საქმე დაუსჯელი არ რჩება ჯონსმა და ალენმა ლამის მთელი 1790-იანები იმ გაუგონარი, თუმცაღა მოსალოდნელი რასისტული განცხადებების უარყოფაში გაატარეს, რომელთა მიხედვითაც თავისუფალ აფრიკელთა საზოგადოებამ, უბედურების დროს, დამხმარე მედპერსონალის ანაზღაურება გაზარდა.
უბრალო კაცებისა და ქალების ჭრელმა ერთობამ ფილადელფია წარმატებით შეინარჩუნა, მაგრამ ქალაქს უწინდელი სტატუსი აღარ დაბრუნებია. ხანგრძლივად დედაქალაქად ყოფნა ფილადელფიას მაინც აღარ ეწერა (რამდენიმე წლით ადრე ჯეფერსონი და ჰამილტონი დედაქალაქის პოტომაკზე გადატანაზე შეთანხმდნენ), მაგრამ როგორც ისტორიკოსი ივ კორნფელდი ამტკიცებს, ცხელებამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ფილადელფიის “ერთიანი ინტელექტუალური საზოგადოების, უდიდესი თავდაჯერებულობისა და განვითარებადი კულტურული გამორჩეულობის” დანგრევაში. მიუხედავად ამისა, ფილადელფიის ინტელექტუალური ინფრასტრუქტურის ნარჩენები ახალი სამედიცინო და ფილოსოფიური საზოგადოებების შთაგონების წყაროდ იქცა, ისევე, როგორც ეპიდემიის შემსწავლელი მდიდარი ლიტერატურის. შეერთებული შტატები შიშისა და დაავადების გამანადგურებელი ზემოქმედების წინაშე შეუვალი ვერ აღმოჩნდა, მაგრამ მან შეძლო კვლევის კულტურისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის შენარჩუნება, რამაც მომდევნო წლებში იმაზე მეტი გააკეთა საზოგადო ჯანდაცვაში საგანგებო სიტუაციების შესარბილებლად, ვიდრე რაშის რომანტიკულმა განცხადებებმა. ქვეყანამ ისწავლა ადამიანური ცოდნის საზღვრულობის უკეთ პატივისცემა, საკუთარი სამოქალაქო კაპიტალის დაფასება და გაურკვევლობის ტვირთით ცხოვრება. და მაინც, ეს ის ალბატროსია, რომელიც მყუდროდ ვერასდროს მოიკალათებს ჩვენი რესპუბლიკის მხრებზე, იმ რესპუბლიკის, რომელსაც ასე სწყურია, გამორჩეული იყოს.
ნიკოლ პენი
ნიკოლ პენი სოციალური, კულტურული და კონსტიტუციური კვლევების პროგრამის მენეჯერია ამერიკის საწარმოო ინსტიტუტში.