შეერთებულ შტატებს ევროზონის ახალი პოლიტიკა სჭირდება
27 მაისს ევროკომისიის ახალმა გერმანელმა პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპარლამენტს ევროკავშირის ანტი-კრიზისული ეკონომიკური გეგმა წარუდგინა. წარდგენის ტრანსლაციის ყურება ისტორიის გაკვეთილზე დასწრებას ჰგავდა. „ევროპა თაობათა ისტორია, ევროპელთა ყველა თაობას საკუთარი ისტორია აქვს“, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. დერ ლაიენმა ევროპელთა სამი პოლიტიკური თაობა გამოყო:
დამფუძნებლების, ევროპული საერთო ბაზრისა და ვალუტის შემქმნელების და ევროკავშირის გაფართოებით დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის გამაერთიანებლების. საკუთარი თავი და დარბაზში შეკრებილები მან მეოთხე, კორონავირუსის თაობას მიაკუთვნა. „ჩვენ მომავალი თაობების წინაშე ვალდებულება გვაკისრია.“ ფსონი ამაზე მაღალი ვერ იქნება. შეძლებს ანგელა მერკელის, ემანუელ მაკრონის და ჯუზეპე კონტეს თაობა ევროპულ ისტორიაში ამ კრიზისის წარმატებული მართვით ღირსეული ადგილის დაკავებას?
„ევროკრიზისზე“ საუბრით ვაშინგტონში ვერავის დააინტერესებდით. ფონ დერ ლაიენის გეგმა სხვა შემთხვევაა. ინტენსიური მოლაპარკებები უპრეცედენტო ფრანკო-გერმანული შეთანხმებით დასრულდა, რომელმაც ევროკომისიას ანტი-კრიზისული გეგმის ამოქმედების საშუალება მისცა. მოლაპარაკებებისას ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოებების გამოვლენილი გაღრმავების მასშტაბი საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ამერიკელებისთვის საყურადღებო უნდა იყოს.
ვაშინგტონმა ახალი ვითარება უნდა გაითავისოს. ევროპის ამბიციური ანტი-კრიზისული გეგმის მთავარი მნიშვნელობა არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკურია. ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტით გათვალისწინებული დახმარების ხელმისაწვდომობა ბრიუსელის მიერ რეკორდული ოდენობის ვალის აღების წყალობითაა შესაძლებელი. ევროკომისიას საკუთარი რესურსების გაზრდის შესაძლებლობა შეექმნა. ევროპული ხაზინის შექმნის ალბათობა ბრიუსელის ფედერალური მნიშვნელობის ბერკეტებსაც გააძლიერებს. ისმის კითხვა, რამდენად საკმარისია ეს ცვლილებები ამ ეტაპზე?
ევროპის ამჟამინდელი კრიზისიდან გამოსვლის გეგმის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი რესურსებია მობილიზებული. ეკონომიკური დახმარების პაკეტი 450 მილიონი ევროს გრანტებსა და სხვა სახის პირდაპირ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. მსგავსი დახმარებების სახით მთლიანობაში ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 2% იქნება ხელმისაწვდომი. მიუხედავად, შთამბეჭდავი ციფრებისა ეს შეიძლება არც იყოს საკმარისი. 2021 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობის სახელმწიფო ვალი მშპ-თან მიმართებაში 20%-ს მიაღწევს. ამ მონაცემებით ევროკომისიის ანტი-კრიზისული პაკეტი კრიზისთან საბრძოლველად საჭირო რესურსების მხოლოდ 10%-ს დაფარავს. შესაბამისად, ფონ დე ლაიენის გეგმა ვერაფრით აღუდგება წინ ევროპის სამხრეთში მოსალოდნელ ეკონომიკური დეპრესიისა და რეგრესის მეორე ათწლეულს. ევროპელ პოპულისტებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ მათი პოლიტიკური მომავლის თაობაზე. საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და სხვა ეკონომიკურად სუსტი წევრი ქვეყნების სახელმწიფო ვალის ზრდასთან და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ობლიგაციების შესყიდვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე პროგრამის მიმართ კარლსრუეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების გამოტანასთან ერთად ევროკავშირის ეს ამბიციური გეგმა შესაძლოა განხორციელებამდე ჩაიშალოს.
აქ უნდა ითქვას, რომ განხორციელების შემთხვევაშიც კი, ევროკომისიის პაკეტი ვერ მოაგვარებს ევროკავშირის უფრო ღრმა და მნიშვნელოვან პრობლემას: ეს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მზარდი ეკონომიკური დაცილებაა, რომელიც, რა თქმა, კორონავირუსის კრიზისმაც გააღრმავა. საერთო ვალუტის ერთიანი ფისკალური ადმინისტრირებისა და განაწილებული ვალის გარეშე შემოღებამ ევროკავშირის ქვეყნების დაახლოების ნაცვლად მათი ერთმანეთისგან ეკონომიკურად დაშორება გამოიწვია. თანამშრომლობის გაღრმავების ნაცვლად გამძაფრდა არსებული და გაჩნდა ახალი კონფლიქტები. პირდაპირ, რომ ვთქვათ, ევრო, მისი დღევანდელი ფორმით, ევროკავშირის უდიდესი საფრთხეა.
ამერიკელები ცდებიან, თუ მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის შიდა კონფლიქტები მათ არ ეხებათ. ამ კონფლიქტების გადაწყვეტას კრიტიკული მნიშვნელობა ექნება ევროპის მომავლისთვის და შესაბამისად, ტრანსატლანტიკური ალიანსის სიცოცხლისუნარიანობისთვისაც. ევროპის კრიზისს გავლენა ექნება ვაშინგტონსა და პეკინს შორის განახლებულ გეო-პოლიტიკურ მეტოქეობაზეც. დროა, ვაშინგტონში მიხვდნენ, რომ კრიზისში მყოფი ევროპა ამერიკის სუსტ მოკავშირეებს ნიშნავს. ვაშინგტონს საქმე არ გამოელევა. ტრანსატლანტიკური ალიანსის ტრამპის შემდეგ გამოცოცხლებისთვის და გაძლიერებისთვის სიტყვები და დიპლომატია არ იქნება საკმარისი. საჭირო იქნება გრძელვადიანი და მდგრადი ევროპული პოლიტიკა. ამისთვის, ამერიკამ საკუთარი საგარეო პოლიტიკის “ევროპული“ მემკვიდრეობის თავიდან აღმოჩენასთან ერთად ევროპული ეკონომიკის გადატვირთვის საჭირო პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბოს. რაც მთავარია, შეერთებულმა შტატებმა უნდა მხარი დაუჭიროს ევროკავშირს, რომელიც მისი წევრების ვალს ინაწილებს. მოკლედ რომ ვთქვათ, შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს ევრო-ობლიგაციების შექმნას.
ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქმე კრიზისში მყოფ მსოფლიოსთან ექნება. რატომ უნდა დაკავდნენ ამერიკელი პოლიტიკოსები მსოფლიოს უმდიდრესი ნაწილის ეკონომიკური კრიზისის მენეჯმენტით? მოკლედ რომ გავცეთ ამ კითხვას პასუხი, ვიტყვით, რომ სტაბილური და ძლიერი ევროპა ის საჭირო პარტნიორი და სტრატეგიული მოკავშირე იქნება, რომელიც შეერთებულ შტატებს მომდევნო ათწლეულებში დასჭირდება. ევროპის დასუსტება ვაშინგტონს ძვირი დაუჯდება.
ამ პოლიტიკური პრობლემის წყარო წინა კრიზისის პასუხშია. 2008 წლის ფინანსური კრიზისის საპასუხოდ გერმანიის მიერ ორგანიზებულმა კოალიციამ ევროზონის ქვეყნებს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მნიშვნელოვანი შემცირება დააკისრა. როგორც ეკონომიკის ისტორიკოსი ადამ ტუზი ამტკიცებს, ასეთმა მიდგომამ ამ ქვეყნებში ის ანტი-ლიბერალური და პოპულისტი პოლიტიკური მოძრაობები გააძლიერა, რომლებიც წარსულ ათწლეულში ევროკავშირის დაშლისკენ მიისწრაფოდნენ. ახლა, ამდენი დაკარგული წლის შემდეგ, სამხრეთ ევროპის ამომრჩევლების მოთმინება ამოიწურა. ცენტრისტი მემარჯვენე ცენტრისტი ჯუზეპე კონტე იტალიაში, მემარცხენე ცენტრისტი პედრო სანჩესი ესპანეთში, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთში პრო-ევროპელი პოლიტიკოსები არიან. მათ გახანგრძლივებული ეკონომიკური რეგრესით გაძლიერებული პოპულისტური ტალღა უპირისპირდება.
დღეს ქამრის შემოჭერის ბიუჯეტური პოლიტიკის ეტაპს წარუმატებლად ბერლინშიც კი თვლიან. ამ პოლიტიკის შედეგი ეკონომიკური კონტრაქცია და დეფლაცია იყო, რამაც ამ გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული ეკონომიკური დოქტრინის დისკრედიტაცია გამოიწვია. ახლაც კი, როცა ევროკავშირი კრიზისის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების დახარჯვისთვის ემზადება, ევროზონის ფუნდამენტური პრობლემა კვლავაც მოუგვარებელი რჩება: ჩრდილოეთის ქვეყნებისთვის ევროს შემოღება სარფიანი გამოდგა, მათი ექსპორტი გაიაფდა. სამხრეთის ქვეყნებმა კი კონკურენტუნარიანობა დაკარგეს, შენელდა მათი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, დამძიმდა მათი ვალის ტვირთიც. ეს დინამიკა 2008 წლამდეც არსებობდა, თუმცა „ქამრების შემოჭერის“ ათწლეულმა ის კიდევ უფრო დააჩქარა. ქვეყნების შესაძლებლობები განსხვავებულია. ზოგიერთს ვალის აღების რესურსიც აღარ გააჩნია.
გამძაფრებული ეკონომიკური და პოლიტიკური უთანხმოებები გარდაუვალია. საშუალო ვადიან პერსპექტივაში გამოიკვეთება ევროპის ქვეყნებს შორის კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობებს შორის მკვეთრი განსხვავებები. “ქამრების შემოჭერა“ ბევრს ემუქრება. ერთადერთი გამოსავალი ევრო-ბონდების საკმარისი რაოდენობის გამოშვება იქნება, რაც პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ დეპრესიას შეარბილებს. ასეთ გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ექნება: კრიზისების, სახელმწიფო ვალის ზრდისა და ეკონომიკური სტაგნაციის წრიდან გამოსვლა პოპულისტურ განწყობებსაც შეასუსტებს.
ევროკავშირის მხარდაჭერა უკვე მნიშვნელოვნად დაეცა იტალიაში. ეკონომიკური სტაგნაციის ათწლეული, გაზრდილი სახელმწიფო ვალის მძიმე ტვირთი, კორონავირუსის კრიზისისას ევროკავშირის მხრიდან სოლიდარობის ნაკლებობა – ეს ის საკითხებია, რომლებიც ევროსკეპტიკოსმა მატეო სალვინიმ მისი პოპულისტური კამპანიისთვის გამოიყენა. სალვინის მიზანი იტალიის ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენის საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას ითხოვს. უახლესი გამოკითხვებით ევროკავშირში დარჩენის მომხრე გამოკითხულ იტალიელთა 44%-ია. 2 წლის წინ ეს რიცხვი 65%-ს აღწევდა. არჩევნების ახლო მომავალში ჩატარების შემთხვევაში სალვინის გამარჯვება და მის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება გარდამტეხი მოვლენა იქნება. საშინაო პოლიტიკაში ევროკავშირის სიდიდით მესამე ეკონომიკა უნგრეთისა და პოლონეთის ანტი-ლიბერალურ გზას დაადგება, ევროპის რეგიონის დონეზე შესაძლოა საფრთხე ევროს შეექმნას, საერთაშორისო ასპარეზზე კი მოგებულები პუტინი და სი ძინპინი დარჩებიან, მათ ხელში ევროპის კონტინენტზე ფეხის მოკიდების ახალი სივრცე გაჩნდება. ევროპელი პარტნიორის დასუსტებით სერიოზულ ზიანს მიიღებს ამერიკის გლობალური გავლენაც.
ვაშინგტონი არ მოატყუოს ემანუელ მაკრონის თავდაჯერებულმა ქცევამ. ფრანგი პრეზიდენტის ენერგიული ოპტიმიზმი ნიღბავს იმ მნიშვნელოვან რისკებს, რომლებიც ევროპულ ლიბერალიზმს სხვადასხვა ფრონტზე ემუქრება. კორონავირუსმა თავად მაკრონის რეიტინგი შეამცირა, 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარინ ლე პენის სავარაუდო რეიტინგი კი 45%-ს აღწევს.
ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით პოპულისტური ტალღა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი. ასეთი პერსპექტივის თავიდან აცილება ვაშინგტონის პრიორიტეტი უნდა იყოს. სტრუქტურული „ევროკრიზისი“ მხოლოდ ეკონომისტებს არ ეხება. ის საფრთხეში ატლანტიკურ ალიანსსაც აგდებს.
ამერიკელებმა მაგალითი წინა თაობებისგან უნდა აიღონ. სინამდვილეში ერთიანი ევროპის პროექტი ამერიკული პროექტიცაა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპული ინტეგრაცია ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტი იყო, რომელსაც ვაშინგტონი მარშალის გეგმით უჭერდა მხარს. ეს ცნობილი გეგმა ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ბარიერების წაშლას ითვალისწინებდა, რასაც, თავის მხრივ, სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური ურთიერთობები უნდა გაეღრმავებინა. „ევროპელების თაობა“ აგრძელებდა ევროპული ინტეგრაციის გაღრმავებაზე საუბარს, მხარს უჭერდა „ევროპული ნახშირისა და ფოლადის საზოგადოების“ შექმნას, ევროკავშირის წევრებს შორის ერთმანეთთან პოლიტიკურ და სამხედრო დაახლოებას. ევროპული ინტეგრაცია შესაძლებელი ამერიკის უსაფრთხოების ქოლგამ გახადა, რომელიც სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იყო „გაშლილი“.
ამ თაობის განსხვავებულ შემართებას ასახავს დასავლეთ გერმანიის კანცლერის, კონრად ადენაუერის ცნობილი გამონათქვამი: „საუკეთესო ევროპელები ამერიკელები იყვნენ.“ რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებას საფუძვლად ინტერესებიც ედო. შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირთან იყო დაპირისპირებული, სუსტ და დანაწევრებულ ევროპას ამ მოცემულობაში მოწინააღმდეგე თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა. შესაბამისად, ევროპელების წარმატება გეო-პოლიტიკური დაპირისპირებაში გამარჯვების ერთ-ერთი წინაპირობა იყო.
ასეთი პოზიტიური ინტერესები ახლა კორონავირუსის თაობამაც უნდა გაითავისოს.
მათ შორის, ვინც დემოკრატიული პარტიაში საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგზეა პასუხისმგებელი შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა იყოს, თუმცა ე.წ. “თავშეკავებულებიც“ (ვინც ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების შემცირების მომხრეა) და “აღმდგენლებიც“ (ვისაც შეერთებული შტატების მირე კონტინენტზე ლიდერის პოზიციის დაბრუნება სურს) დაინტერესებულები უნდა იყვნენ ძლიერ, გაერთიანებულ და ეფექტურ ევროპაში. ცივი ომის მსგავსად, ევროპა ახლაც ორი შესაძლებლობის წინაშე დგას: ის ამერიკისთვის ან მძლავრ მოკავშირედ ან ალიანსის სუსტ რგოლად შეიძლება იქცეს.
დემოკრატების ახალ ადმინისტრაციას ახალი დიპლომატიური მიდგომა სჭირდება. ჩვეული ხაზის გაგრძელება შეცდომა იქნება, თუმცა ამ შეცდომის თავიდან აცილებისთვის მათ კარგად უნდა გაიაზრონ ის უარყოფითი შედეგები, რომლებიც ობამას ადმინისტრაციის ევროპელ მოკავშირეებთან მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა. მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ, როცა საბერძნეთის ვალის საგანგაშო ნიშნული ევროს სტაბილურობას საფრთხეში აგდებდა და გლობალური ეკონომიკის დესტაბილიზაციის დამატებითი ფაქტორი ხდებოდა, ობამას ადმინისტრაციამ ევროკავშირთან კონსულტაციების დაწყება სცადა. თუმცა დიალოგის მცდელობები უშედეგო გამოდგა, ბერლინი შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას შეერთებულ შტატებს აკისრებდა.
ობამას ადმინისტრაცია ევროკავშირს გარანტირებულ გეო-პოლიტიკურ მოცემულობად აფასებდა. ეს შეცდომა იყო. ევროპელები პრეზიდენტ ობამას ევროპისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ამხელდნენ. ამას ხელს თავად პრეზიდენტის ოფიციალური განცხადებები და ქცევაც უწყობდა. ის არ დაესწრო შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სამიტს, საუბრობდა „აზიისკენ შეტრიალებაზე“ და ზოგადად თვლიდა, რომ ევროპული პროექტის მომავალი თავად ევროპელების საქმე იყო. ფინანსური კრიზისის შემდეგ ვაშინგტონი ევროპაში არა ევროპის პოლიტიკური კრიზისის გამო, არამედ თავად შეერთებული შტატების ეკონომიკური და შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების გამო გააქტიურდა.
კრიზისის განელების შემდეგ, ობამას უახლოესი ევროპელი პარტნიორები, ანგელა მერკელი და დევიდ კამერონი, “ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ინიციატორები გახდნენ. პრეზიდენტ ობამას არასდროს გამოუთქვამს ევროპის პოლიტიკური მომავლის საკუთარი ხედვა. ვაშინგტონს ევროკავშირის რეფორმირების სხვადასხვა პროექტისაგანაც შორს ეჭირა თავი. შეერთებულ შტატებში ვერ ხვდებოდნენ თუ რა მძიმე წნეხის ქვეშ იყო ევროპული პოლიტიკური სისტემები. როცა ვაშინგტონში კრიზისის მასშტაბები დაინახეს უკვე გვიან იყო, 2016 წელს დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა.
ევროპასთან დაახლოებისთვის ახლა ამერიკამ „საუკეთესო ევროპელების“ თაობის სტრატეგიით უნდა იმოქმედოს. ეს, პირველ რიგში, ნიშნავს მკაფიო პოზიციას, რომ ვაშინგტონს ძლიერი, ერთიანი ევროპის ხილვა სურს, რომელიც მისი თანასწორი პარტნიორი და დამოუკიდებელი გლობალური მოთამაშე იქნება. ეს ნიშნავს ევროპული ქვეყნების ლიდერებისთვის ნათელ გზავნილს, რომ ვაშინგტონს მათი ევროკავშირის გაძლიერებაში მონაწილეობის ხილვა უფრო სურს, ვიდრე მათი პირადი ინტერესების დაკმაყოფილება. ევროკავშირის გაძლიერება ევროს მხარდაჭერას ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, ევრო-ობლიგაციების მხარდაჭერასაც გულისხმობს.
ათი წლის წინანდელი ჩავარდნა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ევროპელ პარტნიორებთან დიალოგისას მეტი სიფრთხილის გამოჩენის მინიშნებად უდნა იქცეს. ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ წნეხის გაზრდა ცალსახად არასწორი იქნება, თუმცა სწორი არჩევანი არც მორიდებულობა იქნება. დროსთან ერთად ვითარებაც იცვლება. დასაწყისისთვის შეიძლება ითქვას, რომ ბაიდენი ევროპელებს შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების აქტიური მხარდამჭერის რეპუტაციით სარგებლობს. ტრამპის მმართველობის ოთხი წლის შემდეგ კონტრასტი თავიდანვე თვალშისაცემი იქნება. თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, ის პარტნიორობის განმტკიცების ის შესაძლებლობებია, რომლებიც დღეს ვაშინგტონს ბევრად მეტი აქვს ვიდრე ათი წინ ჰქონდა.
დღევანდელი საქმე განსხვავებულ გერმანიასთან გვაქვს. „დი ცაიტში“ გამოქვეყნებულ ახალ ანალიტიკურ სტატიაში წარმოდგენილია სამი ძალა, რომელიც გერმანიის მმართველი წრეების განწყობების ცვლას განაპირობებს. პირველი, გერმანელი ეკონომისტების ახალი თაობაა, რომელიც ძველ ჭეშმარიტებებს დრომოჭმულად მიიჩნევს. მეორე, გერმანელი “ისტებლიშმენტის“ მიერ გერმანიის გლობალური საექსპორტო სტრატეგიის სისუსტეებით გახშირებული წუხილია. მყარდება მოსაზრება, რომლის მიხედვით მხოლოდ ევროკავშირის მდიდარი ბაზარი იქნება გერმანული ექსპორტის გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტია. ასეთი ბაზრის არსებობას ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არსებული უთანასწორობის აღმოფხვრა დასჭირდება. მესამე, გერმანულ პოლიტიკაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებებია. მწვანეთა პარტიამ და მერკელის კოალიციის პარტნიორი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წამყვანმა პოლიტიკოსებმა ფრანკო-გერმანულ ანტი-კრიზისულ გეგმას მხარი დაუჭირეს. ე.წ. “კორონა-ობლიგაციების“ მხარდამჭერი სიგნალები თავად მერკელის გარემოცვიდანაც ისმოდა. გერმანული საზოგადოების ერთსულოვანი უარი, რომელსაც ის სხვა ევროპელების ვალის გაზიარების თაობაზე ამბობდა, წარსულს ჩაბარდა.
პანდემიით შეცვლილი გეო-პოლიტიკა და ჩინეთთან ურთიერთობების გაუარესება ბერლინს, ბრიუსელს, პარიზს, რომს და ევროკავშირის სხვა წევრებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის. ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების წარმატებული შემცირებისთვის შეერთებულ შტატებს და ევროპას ერთმანეთის ბაზარზე დაყრდნობა დასჭირდებათ. შესაბამისად, შეერთებულმა შტატებმა უნდა ნათლად განაცხადონ, რომ ევრო არა მარტო ფინანსური სტაბილურობის, არამედ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ერთ-ერთი ბურჯიცაა.
ამ ყველაფერს ვაშინგტონის მნიშვნელოვანი დიპლომატიური ძალისხმევა დასჭირდება. ევროპასთან ურთიერთობის ერთ-ერთ ძირითად საშუალება ფინანსური დიპლომატია უნდა გახდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ამოცანა სახელმწიფო ხაზინის ან ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებს უნდა ჩაბარდეს, როგორც ეს ობამას ადმინისტრაციაში ხდებოდა. აქ საქმე ევროპის მომავალს ეხება და უმაღლესი თანამდებობის პირების ჩართულობას მოითხოვს, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ისე პენტაგონიდან და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოდან. ევროპის მომდევნო ფინანსური კრიზისის თავიდან აცილება პრიორიტეტული ამოცანაა.
შეერთებულ შტატებს ახალი სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბება დასჭირდებათ ბრიუსელთან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან და მათ ლიდერებთან. ეს არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა ევროკავშირის წევრთა დედაქალაქები უნდა დატოვოს უყურადღებოდ. პარიზისა და ბერლინის გარდა, თანამშრომლობის გაძლიერება საჭირო იქნება ჰოლანდიასა და შვედეთთან, იტალიასა და ესპანეთთან.
ევროპელთა თანამედროვე თაობას შეერთებული შტატების ევროპული პროექტისგან განცალკევებულად განხილვა ახასიათებს. ევროკავშირის ოფიციალურ ისტორიაში შეერთებული შტატების ადგილი არ მოიძებნა. ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, ევროპა წინ მიდის, როცა ეს საფრანგეთსა და გერმანიას სურს. გვერდს ვერ ავუვლით ფაქტს, რომ ამერიკამ კრიტიკული როლი ითამაშა ევროპისთვის ბევრ საბედისწერო საკითხში, იქნება ეს გერმანიის გაერთიანება, ევროკავშირის შექმნა თუ მისი აღმოსავლეთით გაფართოება. როცა ვაშინგტონი არ იყო დაინტერესებული ან შეეწინააღმდეგა ევროკავშირის ინიციატივას განევითარებინა ევროპული შეიარაღებული ძალების კონცეფცია, მას ხორცი აღარ შესხმია.
ევრო-ობლიგაციებისკენ მიმავალი გზის კარი ღიაა. ფრანკო-გერმანული ალიანსმა, რომელიც ევროინტეგრაციის ტრადიციულად წამყვანი ძალა იყო, ახლა „ევროპის ანტი-კრიზისული პაკეტი“ შექმნა. აქ სახეზე არ გვაქვს ევროპის პროგრესის მეორე ელემენტი, შეერთებული შტატების მხარდაჭერა. ამერიკული გავლენა ევროპაში მსოფლიოს ნებისმიერ სხვა კუთხეზე მძლავრია. უკანასკნელ წლებში ამერიკის პრესტიჟის მიერ მიღებული მძიმე დარტყმების მიუხედავად, ვაშინგტონი ევროპაში გავლენის მნიშვნელოვან ბერკეტებს ინარჩუნებს. შეერთებული შტატების ევროპაში დაბრუნებას უზარმაზარი ეფექტი ექნება. ევრო-ზონის კრიზისის მიერ გამოწვეული მძიმე შედეგების გათვალისწინებით ეს ამერიკელების ახალი თაობის პრიორიტეტიც უნდა იყოს. ევროპას ამერიკელების სახით „საუკეთესო ევროპელები“ სჭირდება, ამერიკას კი ძლიერი და ერთიანი ევროკავშირი.
მაქს ბერგმანი და ბენ ჯუდა
ნოემბერში დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში ევროპისადმი ახალი, ამბიციური მიდგომა იქნება საჭირო
მაქს ბერგმანი ამერიკული პრიგრესის ცენტრის უფროსი მკვლევარია. ბენ ჯუდა პუბლიცისტი, მწერალი და ამერიკული ინტერესის ავტორია.