სასოწარკვეთისგან სიკვდილი და ქვეყანა კრიზისში
ირვინ სტელზერი და ჯეფრი გედმინი, „ამერიკული ინტერესი“: მოდით, ზოგადი საკითხით დავიწყოთ. თქვენს ახალ წიგნში „სასოწარკვეთით სიკვდილი და კაპიტალიზმის მომავალი“ წარმოგვიდგენთ მონაცემებს, რომლებიც მძიმე სურათს გვაჩვენებს. თუმცა, ამავე წიგნში ოპტიმიზმის მიზეზებსაც წარმოგვიდგენთ. ეს ის პოლიტიკური რეფორმებია, რომლებსაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლიათ. საბოლოო ჯამში, თავი ოპტიმისტებად მიგაჩნიათ თუ პესიმისტებად? თუ ერთად წერისას სხვადასხვა მოსაზრებებს წარმოადგენთ?
ენ ქეიზი: ბუნებით ოპტიმისტი ვარ. ადრე მივიჩნევდი, რომ ამერიკის ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერასდროს ვიხილავდი, თუმცა ახლა ამ საკითხზე ბევრად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვთვლიდი, რომ ასეთი გარდატეხა რაიმე მასშტაბური კრიზისის შედეგი იქნებოდა და მემგონი კოვიდის პანდემია სწორედ ასეთი კრიზისი შეიძლება იყოს. როცა 38 მილიონი ამერიკელი სამუშაო ადგილს კარგავს, ჯანმრთელობის დაზღვევის დასაქმებასთან დაკავშირება ძალიან მძიმე შეცდომა იქნება. სწორედ ახლაა საჭირო ჯანდაცვის რეფორმაზე საუბრის დაწყება.
ანგუს დიტონი: წიგნი კორონავირუსის გავრცელებამდე დავწერეთ, ეს იქ გამოხატული ოპტიმიზმის გადააზრების საფუძველი შეიძლება იყოს. ვფიქრობ, ენი მართალია, როცა ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების ალბათობა ახლა უფრო მაღალია, ვიდრე კოვიდ-19 პანდემიამდე. მეორე მხრივ, კრიზისი საშიში ფენომენია, რადგან წინასწარ არასდროს ვიცით, თუ რა შედეგებს მოიტანს ის. და თუ სანამ რამეს გამოვასწორებთ მისი გატეხვაა საჭირო, ეს ძალიან საშიში გზაა.
უფრო ზოგად ფაქტს მოვიყვან. ჩემს წინა წიგნს „დიდი გაქცევა“ ერქვა. მასში მე აღვწერე, თუ როგორი წარმატებით დააღწია თავი კაცობრიობამ სიღარიბეს, ავადმყოფობებს, ძალადობასა და ნაადრევ სიკვდილს. ენისთან ერთად დაწერილი ეს წიგნი ბევრად პესიმისტურია და კოვიდის გამოჩენის შემდეგ რომ დაგვეწერა, სავარაუდოდ, უფრო პესიმისტური იქნებოდა. თუმცა ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რადგან ვთვლი, რომ გონიერება და რაციონალიზმი პროგრესის მამოძრავებელი ძალაა. რა თქმა უნდა, „დიდი გაქცევის“ ამბავს ბევრი შეფერხება ახლდა თან და მათ შორის ყველაზე უარესი მაგალითები სწორედ უახლეს ისტორიაში გვაქვს. მეოცე საუკუნე შეუქცევადი პროგრესის საუკუნეა არ ყოფილა. სტალინი, ჰიტლერი, მაო, საკონცენტრაციო ბანაკები, ყველაფერი ეს მეოცე საუკუნემ დაიტია. ამგვარად, ვერავინ იტყვის, რომ კაცობრიობის განვითარება და პროგრესი შეუქცევადი პროცესია. მივიჩნევ, რომ ახლაც კაცობრიობისთვის მორიგ ბნელ პერიოდში შევდივართ, თუმცა იქიდანაც ისე გამოვალთ, როგორც აქამდე მომხდარა. დროში ამ ყველაფრის აღწერა გამიჭირდება. ვფიქრობ, 20-30 წლის შემდეგ ამ პერიოდს დროებით კრიზისად ჩავთვლით, თუმცა ზუსტად ვერაფერს ვიტყვი.
„ა.ი.“: ორივე ამ საკითხზე თანხმდებით და რეკომენდაციას გასცემთ პროფესიული კავშირების გაძლიერების თაობაზე, რამაც ხანგრძლივ კრიზისში მყოფი თეთრი მუშათა კლასის მდგომარეობა უნდა გამოასწოროს. თუმცა, სწორედ პროფესიული კავშირები იბრძვიან ჯანმრთელობის დაზღვევის დასაქმებისგან განცალკევების წინააღმდეგ, რასაც თქვენ ღიად მხარს უჭერთ. როგორ უნდა გაწონასწორდეს ეს ორი მოცემულობა?
ა.დ.: ჩვენ ამ პოზიციაზე მხოლოდ დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესებისთვის არ ვდგავართ. პროფესიული კავშირების ასეთი ტაქტიკა მეც გამართლებულად მიმაჩნია, ალტერნატივა მათთვის არავის შეუთავაზებია. ასეთივე რაციონალურია ამ პოზიციაზე საშუალო კლასის წარმომადგენლების დგომა, ვისი დაზღვევაც მათი სამსახურის მიერაა უზრუნველყოფილი. თუმცა მთლიანობაში ეს ცუდი სისტემაა.
ა.ქ.: გვჭირდება ალტერნატივა, რომელიც ხალხისთვის მიმზიდველი იქნება, ხალხს ფხიზლად შეფასების საშუალება უნდა მივცეთ. მათ უნდა ესმოდეთ, რომ სამედიცინო დაზღვევის ასეთი მაღალი ღირებულება სამედიცინო მომსახურების მაღალი ფასების გამოა. ეს ხარჯი მათ ხელფასებს და შტატების ადგილობრივ ბიუჯეტს აკლდება. საგანმანათლებო სისტემისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ნაცვლად შტატებს „მედიქეიდის“ ხარჯების დაფარვა უწევთ და ამ ხარჯებში მათი წილი საკმაოდ მაღალია. ხალხს უნდა გავაგებინოთ, რომ დამსაქმებელის მიერ შემოთავაზებული დაზღვევა საჩუქარი არ არის. პირიქით, ეს, გარკვეულწილად, მათი ხელფასიდან ჩამოჭრილი დამატებითი გადასახადია. საკითხის ასე დანახვის შემთხვევაში ჩვენს იდეას მეტი მოკავშირე ეყოლება.
ა.დ.: მეტიც, ბერნი სანდერსის კამპანიისას პროფესიული კავშირების ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის იდეასაც უჭერდნენ მხარს. გამოითქვა აზრი, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ხელფასებზე არ უარყოფითად, არამედ დადებითად იმოქმედებდა. პროფესიული კავშირების ბევრ წევრსა და მხარდამჭერს ესმის კარგად ეს საკითხი.
„ა.ი.“: რამდენად სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ კონსერვატორებს თეთრი მუშათა კლასის ძნელბედობა ღირებულებებისა და ტრადიციების გადაგვარებით გამოწვეულ კულტურულ პრობლემად მიაჩნიათ? თქვენ სწრაფად გაკეთებული დასკვნების წინააღდეგ ხართ და ეკონომიკურიო ფაქტორების გათვალისწინებისკენ მოუწოდებთ.
ა.დ.: დიახ, ეს ალბათ ასეა. სოციალური ფაქტორების მნიშვნელობას ნამდვილად ვაღიარებთ. „ღირებულებების გადაგვარებაზე“ საუბარი არ მიყვარს, თუმცა სოციალური ნორმების ცვლილებები, ისეთი როგორიც, მაგალითად, ქორწინების ჩარჩოს გარეთ მშობიარობა და კონტრაცეფციის საშუალებების ფართო ხელმისაწვდომობაა, უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქალისთვის, რომელიც უმაღლესი განათლების მიღებას და კარიერის დაწყებას აპირებს, კონტრაცეფციამ შესაძლებლობების ახალი სამყარო შექმნა. მაგრამ ხალხისთვის, რომელსაც ეს არ სურს, პერპსექტივები შემცირდა და მათი ცხოვრების დონე გაუარესდა.
ეს სოციალური ფაქტორებია. მათ „ღირებულებების გადაგვარებას“ არ ვუწოდებდი, თუმცა მესმის, რასაც გულისხმობთ. მეორე მხრივ, არც ის იქნება სწორი, თუ სამუშაო ადგილების დაკარგვაში ადამიანებს დავადანაშაულებთ. ხალხი ერთ მშვენიერ დღეს არ იღვიძებს და უცბად ამბობს: „ჩემი სამსახური მოსაწყენია, აღარ მინდა იქ მუშაობა.“ როგორც ყოველთვის, სინამდვილეში სურათი უფრო კომპლექსურია. სამუშაო პირობების გაუარესდა და ანაზღაურება შემცირდა, როცა ადამიანი ასეთ სამსახურს დაკარგავს, მისი ხელახლა ძებნით თავს აღარ იწუხებს და სამუშაო ბაზარზე აღარ ბრუნდება. ეს რომ „ღირებულებების გადაგვარება“ იყოს და ხალხი შრომაზე უარს სიზარმაცის გამო ამბობდეს, ანაზღაურება გაიზრდებოდა. ეს ეკონომიკის ანა და ბანაა, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი. თუ ხალხი სამუშაო ბაზარს ტოვებს და მიწოდება მცირდება, შრომის ანაზღაურება მაღლა უნდა იწევდეს. თუმცა ამას ვერსად ვხედავთ.
ამგვარად, საკმაოდ ნათელია, რომ ავტომატიზაციისა და გლობალიზაციის შედეგები უარყოფით გავლენას ახდენს შრომის ბაზარზე და მუშათა კლასის განათლებაზე. ამ უკუსვლას ხალხის მიერ ღირებულებებზე გულის აცრუებასთან საერთო არაფერი აქვს.
ა.ქ.: უცნაური იქნებოდა, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს შეცვლოდათ ღირებულებები, რომელთა ანაზღაურება ბოლო 50 წლის განმავლობაში მცირდებოდა. აქ უმაღლესი განათლების არმქონე დასაქმებულებზე ვსაუბრობთ. რატომ გადაგვარდებოდა მხოლოდ მათი ღირებულებები, რატომ დარჩებოდა ხელშეუხებელი ბაკალავრის ხარისხის მქონე მოქალაქეების თვისებები და ღირებულებები? იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ უმაღლესი განათლების არმქონე ამერიკელებისთვის დაქორწინების წინაპირობა, როგორც მინიმუმ, ერთი მათგანის სტაბილური და კარგად ანაზღაურებადი სამსახურია. სამუშაო ადგილების ხარისხი კი მუდმივად უარესდება.
„ა.ი.“: წიგნში თქვენ დაბალი ანაზღაურებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობთ და ხაზს უსვამთ, რომ აქ საქმე მხოლოდ ფულში არ არის. დიდ ენთუზიაზმს არც საყოველთაო გარანტირებული შემოსავლის და მსგავს იდეებზე გამოხატავთ. წარმოვიდგინოთ, რომ თქვენს მიერ წიგნში ჩამოთვლილი რეფორმებიდან მხოლოდ ერთის განხორციელება შეგიძლიათ. იქნებოდა თუ არა ხალხისთვის ფულის პირდაპირ დარიგება თქვენი პრიორიტეტი?
ა.ქ.: არა, გამორიცხულია. აბსოლუტური პრიორიტეტი სამედიცინო მომსახურების ფასების კონტროლი იქნება. ამ საკითხის მოგვარება სისტემის ყველა კომპონენტს გააუმჯობესებს. დიახ, მიმაჩნია, რომ ხალხი საკუთარი თავის იდენტიფიცირებისას დიდ ყურადღებას მათ ხელობას აქცევენ. სოციუმში საკუთარი ადგილისა და დანიშნულების გააზრებისთვის დიდი მნიშვნელობა იმ საქმეს ენიჭება, რომელსაც ადამიანი ეწევა. მას აზრი უნდა ჰქონდეს. ფულის დარიგება ამ მიმართულებით არაფერს გადაწყვეტს. ასეთ ვითარებაში მეტი მნიშვნელობა ისეთი პრობლემის გადაწყვეტას აქვს, რომელიც გავლენას მთელ სისტემაზე მოახდენს.
ა.დ.: ხალხი გვეკითხება, „ფულს უფრო დიდი გავლენა აქვს თუ სოციალურ პრობლემებს?“ რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთთან კავშირშია. ვერავინ უარყოფს, რომ შემოსავალს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის სამსახურთან ერთად მოდის, სამსახური კი ცხოვრების სტილს აყალიბებს. მუშათა კლასის სიძნელეები გლობალიზაციისა და ავტომატიზაციის მიერ დაბალკვალიფიციური სამუშაო ადგილების განადგურებამ გამოიწვია. შესაბამისად, გაქრა მათი ჩვეული ყოფაც. გრძელვადიანი პერსპექტივაში, ეს ორი ძალა, გლობალიზაცია და ავტომატიზაცია, დადებით გავლენას მოახდენენ. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესების შეფერხებას საჭიროდ არ მივიჩნევთ. მაგრამ სამედიცინო მომსახურების ასეთი ფასები თვითდაზიანების ტოლფასია და მიგვაჩნია, რომ ცვლილებები აუცილებელია. ადამიანებს ფული სჭირდებათ, თუმცა აზრიანი ცხოვრებაც სჭირდებათ. მხოლოდ ფულის მიღება მოქალაქეთა უმეტესობისთვის საკმარისი არ იქნება.
ეს ამერიკის საგანმანათლებლო სისტემის პრობლემაცაა. მაიკლ იანგმა 1960-იან წლებში იწინასწარმეტყველა ის საზარელი განხეთქილება, რომელიც ე.წ. მერიტოკრატებსა და დანარჩენებს შორის წარმოიშვა. ამერიკის საგანმანათლებლო სისტემა უმაღლესი განათლების მიღებისთვის მოსწავლეთა მხოლოდ ერთი მესამედის მომზადებას ახერხებს. დანარჩენებს ძალიან მწირი არჩევანი აქვთ. მიმაჩნია, რომ ეს მოცემულობაც აუცილებლად შესაცვლელია.
ა.ქ.: სასოწარკვეთის ერთ-ერთი მიზეზი მზარდი ცხოვრებისეული არასტაბილურობაა. სამსახური, ოჯახური და საზოგადოებრივი ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე. შესაბამისად, არასტაბილურია ეკონომიკაც. ეს ყველაფერი თვითმკვლელობის ზრდის წინაპირობას ქმნის. ხარისხიანი დასაქმებისა და განვითარების სტიმულის გარეშე შრომისუნარიანი მოქალაქეები ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს ეტანებიან. იზრდება თვითმკვლელობებიც.
ა.დ.: ჩვენი არქეტიპი 50 წლის კაცია, რომლის მამა და ბაბუა „ჯენერალ მოტორსში“ მუშაობდნენ და მინიმალურ ანაზღაურებაზე გაცილებით მაღალ გასამრჯელოს იღებდნენ. მან დაკარგა სამსახური, დროებითი დასაქმების შესაძლებლობები უინტერესოა, მის დამსაქმებლებს კი მისი ბედ-იღბალი არ ადარდებთ. კარგი სამსახურის გარეშე უძნელდება ოჯახის შექმნა, რაც მისი მამისთვის პრობლემა არასდროს ყოფილა. მეტ-ნაკლებად შემთხვევითი კავშირების შედეგად მას რამდენიმე ბავშვი ჰყავს, რომლებიც ახლა ცალკე, მისგან შორს ცხოვრობენ. მისი ცხოვრების ყოველმხრივ არეულია. შეგვიძლია ეს ჩინეთს ან რობოტებს დავაბრალოთ, მაგრამ მისთვის ეს გაუგებარი იქნება. ამ მოცემულობას მხოლოდ ფულით ვერ გამოასწორებ, თუმცა ფულიც ბევრ რამეს უშველიდა.
„ა.ი.“: რა როლს თამაშობს კოვიდი ამ მოცემულობაში?
ა.დ.: კოვიდმა ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააუარესა. საფონდო ბირჟის ასეთი კარგი მაჩვენებლების ერთ-ერთი მიზეზი სამუშაო ძალის პოზიციების დასუსტებაა. უმუშევრობამ უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწია. ამ ხალხს ახლა კომპენსაცია ეძლევა, თუმცა ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ამ სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი სამუდამოდ დაიკარგა ან ძალიან, ძალიან ნელა აღდგება. ამ კრიზისიდან გამოსული ტექნოლოგიური გიგანტები არიან. ფიზიკური კონტაქტის სიმცირემ ისინი უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა.
დაიწყო ბიზნეს-სექტორის კონსოლიდაცია. ბევრი მცირე კომპანია სამუდამოდ გაქრა, თუმცა „ამაზონი“, „უოლმარტი“ და „ნეტფლიქსი“ კიდევ უფრო გაძლიერდნენ.
კრიზისის დასრულების შემდეგ შესაძლოა ბევრმა თქვას, რომ „ნახეთ, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ კარგად იმუშავა, მოდით, ნურაფერს შევცვლით. ამგვარად, კოვიდ-ს შეუძლია ჯანდაცვის სისტემის რეფორმა გამოიწვიოს, თუმცა შესაძლოა ის დაამუხრუჭოს კიდეც.
„ა.ი.“: თქვენი წიგნის ერთ-ერთი გამორჩეული ფრაზაა: „ქურდების შეჩერების ყველაზე მოკლე გზა მათთვის მოპარვის შესაძლებლობის წართმევა და არა მათი გადასახადების აწევაა.“ კაპიტალიზმის რეფორმირებაზე ლაპარაკი შეუძლებელია საგადასახადო სისტემის რეფორმირებაზე ლაპარაკის გარეშე. მაგალითად, კაპიტალიდან მიღებული მოგების გადასახადების ცვლილებას გეგმავს ბაიდენი. როგორ თვლით, ღირს თუ არა საგადასახადო რეფორმებზე კამათი თუ ამის ნაცვლად მოპარვის აღკვეთაზე ფოკუსირება იქნება უმჯობესი?
ა.დ.: ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ კაპიტალიზმის მთავარი ნაკლი უთანასწორობის არსებობაა. ეს არ ნიშნავს, რომ არ მივესალმებოდით ამ და წინამორბედი მთავრობების მიერ გადასახადების შემცირებაზე მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილების გაუქმებას. თუმცა ამერიკაში არსებული უთანასწორობის დიდი ნაწილი სწორედ იმ ხალხის გამოწვეულია, რომელიც მოპარვითაა დაკავებული. ამ თემაზე ზეპარტიული შეთანხმება უნდა არსებობდეს. ბოლოს და ბოლოს, მემარჯვენეებსაც ისევე სძულთ მანიპულატორები და ლობისტები, როგორც მემარცხენეებს.
ა.ქ.: გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს თავადაც აწყობთ. ეს პროცესი ისეთი დაზიანებული ჩანს, რომ მისი გამართვა ძალიან რთული წარმოსადგენია. ერთ კონგრესმენზე სამედიცინო მომსახურების სფეროს ინტერესთა ჯგუფების მიერ დაქირავებული ხუთი ლობისტი მოდის. შეგიძლიათ იხილოთ რამდენი მათთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ცვლილება იყო მიღებული 2019 წლის დეკემბრის შემდეგ. ეს სხვა სფეროებშიც ხდება. ჩვენ ძლიერი „ფედერალური სავაჭრო კომისია“ გვჭირდება, რომელიც ამ პრობლემებს გაუმკლავდებოდა. ამის ნაცვლად გვაქვს მძიმე სურათი ვაშინგტონში, რომელშიც ყველა რაღაც სათავისო ხეირის ძიებაშია. ამ მოცემულობის შეცვლის გზა უნდა გამოვნახოთ.
ასე რომ დიახ, ფისკალური რეფორმა ალბათ საჭირო იქნება, რადგან ჩვენი გადაწყვეტილებების ფასს თავად უნდა ვიხდიდეთ. თუმცა, განვმეორდები და ვიტყვი, რომ გრძელვადიან ყველაზე შედეგიანი სისტემური პრობლემების გადაწყვეტა იქნება.
„ა.ი.“: პროფესორი ჯოზეფ შტიგლიცი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას სიმდიდრესა და პოლიტიკურ ძალაუფლებას შორის კავშირის გაწყვეტა უნდა უსწრებდეს წინ. ეთანხმებით ამ აზრს?
ა.დ.: ასე დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკური ძალაუფლება სიმდიდრეს მოაქვს. თუმცა ვერვინ უარყოფს, რომ ეს საშიში ციკლია. მაგალითად ისევ სამედიცინო სფერო ავიღოთ, სადაც კომპანიები უზარმაზარ მოგებას ნახულობენ და ამ ფულით თამაშის წესების ისე ცვლილებას ცდილობენ, რომ კიდევ უფრო დიდი მოგება ნახონ. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ პრობლემა მილიარდერების არსებობაა. პრობლემა ეკონომიკის სექტორების თვისებები და რიგითი მოქალაქეების ხელში ძალაუფლების ნაკლებობაა.
ადრე ვაშინგტონში პროფესიული კავშირების ხმა ისმოდა, ახლა „გუგლი“ ყველა მათგანზე მეტ ფულს ხარჯავს ლობიზმზე.
სახეზეა წარმომადგენლობის არქონის განცდაც. მაგალითად, კონგრესში უმაღლესი განათლების გარეშე ვერავის ნახავთ. უწინ ეს ასე არ იყო.
ა.ქ.: ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კატეგორიაში ბევრ უცნაურობას შეხვდებით. მათი უმეტესობა მცირე ან საშუალო ზომის ბიზნესის მფლობელია. ეს ძირითადად ის ხალხია, რომელმაც მათთვის ხელსაყრელი ამა თუ იმ საკანონმდებლო ცვლილების გატანა მოახერხა. ყველა ექიმი მდიდარი არ არის, მაგრამ ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონეთა 1%-ში მათი წილი ყველაზე დიდია. ექიმებს ბევრი საკანონმდებლო ნორმა იცავს, ისინი აკონტროლებენ სამედიცინო სკოლებისა და რეზიდენტურების რიცხვს, მაგალითად. ეს მათ საშუალებას აძლევს პროფესიისთვის მაღალი ანაზღაურება შეინარჩუნონ.
ა.დ.: ისინი უცხოელთა კონკურენციისგანაც დაცულები არიან. სხვა ქვეყნის ექიმებს შეერთებულ შტატებში პრაქტიკის უფლება არ აქვთ. ასეთი შეზღუდვები არ იცავს ავტომანქანების მწარმოებლებს ან სხვა სამუშაო ადგილებს, რომელთა დელოკალიზაცია ჩინეთში და სხვა ქვეყნებში აღმოჩნდა უფრო სარფიანი.
„ა.ი.“: წიგნში თქვენ ამერიკის ჯანდაცვის სისტემას ყველასგან განსხვავებულად ცუდს უწოდებთ. რატომ არის ამერიკული სისტემა განსაკუთრებულად ცუდი?
ა.ქ.: რატომ იკლავენ შეერთებულ შტატებში ამერიკელები თავს ისე, როგორც ეს არცერთ სხვა მდიდარ ქვეყანაში არ ხდება? განა გლობალიზაცია და ავტომატიზაცია მათ არ შეხებიათ? ორი ფაქტორი განსაკუთრებით თვალშისაცემია: პირველი ოპიოიდების საკითხია, რომელთა გავრცელება სხვა ქვეყნებშიც მკაცრი კონტროლის ქვეშაა. შეერთებულ შტატებში ფარმაცევტული კომპანიები მათ მილიონობით მძიმე მდგომარეობაში მყოფ ამერიკელს აწვდიან. მეორე ფაქტორი, ის თვითდაზიანებებია, როგორც ანგუსმა თქვა, რომელიც ამერიკის ჯანდაცვის სიტემამ მიიყენა.
ა.დ.: ვფიქრობ, რეფორმას ბიძგს არა კოვიდის პანდემია და მისი შედეგები, არამედ გაღარიბებული ხალხის უზარმაზარი რიცხვი იქნება, რომლებიც სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ვეღარ დაფარავენ. რაც შეეხება, თქვენს შეკითხვას ამერიკული სისტემის განსაკუთრებულობაზე. დასაქმებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზღვევის შემოღება დიდწილად ომით გამოწვეული შემთხვევითობა იყო. დაკავშირებული იყო რასობრივ სეგრეგაციასთანაც. ომის დასრულების შემდეგ, როცა ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის შემოღების საკითხი დადგა, სენატში მყოფი სამხრეთელები ამ ინიციატივის მხარდაჭერაში აზრს ვერ ხედავდნენ. რატომ უნდა გადაეხადათ მათ განსხვავებული რასის ადამიანების სამედიცინო ხარჯები? ეს საყოველთაო ჯანდაცვის ტრადიციული დაბრკოლება იყო.
„ა.ი.“: თუ ამერიკის ჯანდაცვის სისტემა ასეთი ცუდია, რატომ ჩამოდის ამდენი უცხოელი, სამკურნალოდ შეერთებულ შტატებში? მათ შორის არიან კანადელები, რომლებსაც, წესით, ამერიკაზე ბევრად უკეთესი ჯანდაცვის სისტემა აქვთ?
ა.დ.: ამ სულელურ არგუმენტს ხშირად ვისმენ და ძალიან მაბრაზებს. ის, რომ რაღაც რაოდენობის მდიდარი უცხოელების მკურნალობა შეგვიძლია არ ნიშნავს, რომ ამერიკელ ხალხსაც ასეთი შესაძლებლობა აქვს. მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი შედეგები გვაქვს. ეს ეხება სიცოცხლის ხანგრძლივობას, მკურნალობის პირობებს და ა.შ.
ა.ქ.: ამერიკელები სიცოცხლის ხანგრძლივობა ნებისმიერი სხვა მდიდარი ქვეყნის მოქალაქეზე მოკლეა. სხვა პარამეტრებიც მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა. ამერიკული მედიცინა ძალიან ძვირია. ეს რომ იმის თქმის საშუალებას გვაძლევდეს, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირი მედიცინასთან ერთად ამერიკაში მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ხალხი ცხოვრობს, კარგი იქნებოდა, თუმცა ეს ასე არ არის.
ა.დ.: სხვანაირად რომ ვთქვათ, ამერიკელების ჯანმრთელობის ფასად ისეთი სისტემა იქმნება, რომელსაც რამდენიმე მდიდარი საუდის მიღება შეუძლია. ეს აღმაშფოთებელია. ვერ უარვყოფ, რომ ცალკეულ შემთხვევებში ამერიკელი ექიმები საუკეთესონი არიან. თუმცა ცალკეული ეპიზოდებით არ უნდა ვიმსჯელოთ და მონაცემებს შევხედოთ.
„ა.ი.”: როგორც ჩანს, დღეს ბევრი ახალგაზრდა სვამს კითხვას, რომელიც კაპიტალიზმს ეხება: არის კი ეს სწორი სისტემა? საჭიროა თუ არა მისი გაუმჯობესება, რეფორმირება? თუ პრობლემა თავად კაპიტალიზმია? რას ფიქრობთ ამის შესახებ.
ა.დ.: ამ ახალგაზრდების დიდ ნაწილი 1989 წლის შემდეგ დაიბადა და ჩვენგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში არ უცხოვრია, მაოს პერიოდზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. ეს ძალიან საკვირველი არ არის: როცა არსებული სისტემა არ მუშაობს, ახალგაზრდები ალტერნატივის ძიებას იწყებენ. თუ ისტორია არ იცით, სოციალიზმი და კომუნიზმი ძალიან მომხიბვლელია. ეს ყველაფერი ლამაზად ჟღერს, სანამ იმ ტირანიას არ გადააწყდები, რომელსაც ისინი იწვევენ.
ამავე დროს, მიმაჩნია, რომ დასავლეთში უფრო სიღრმისეული პროცესი მიმდინარეობს. ეს ნაკლებად განათლებული ხალხის გაუცხოებაა. ახლა მერიტოკრატიის ტირანიის ფენომენი ხშირი შესწავლის საგანია, მასზე ბევრი იწერება.
ამერიკის, როგორც მერიტოკრატიის მართვა, უამრავ ამერიკელს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს, თავს წარუმატებლად აგრძნობინებს. ხალხს, რომელსაც რამე გამოსდით, ეს მხოლოდ მათი ძალისხმევის შედეგი ჰგონიათ და სხვა ფაქტორებზე არაფერს ამბობენ. ეს საშინლად დისტოპიური სამყაროა, მაგრამ ის ჩვენია და ამას ვერსად წაუვალთ.
„ა.ი.“: რა როლი ითამაშა ამ ყველაფერმა 2020 წლის არჩევნებში?
ა.ქ.: იმედი გვაქვს, რომ კოვიდის პანდემია დაუბრუნებს პატივისცემას იმ ხალხს, რომელიც პატივს სცემს მეცნიერებას ან იმ ხალხს, რომელმაც იცის როგორ მართოს ეკონომიკა. ვფიქრობ, ამომრჩევლები მხარს უფრო იმას დაუჭერენ, ვისაც სიტუაციის გამოსწორების ტექნიკური კომპეტენცია აქვს.
ა.დ.: მეცნიერებისადმი პატივისცემის გაქრობა და უნდობლობის გაღვივება საშინელი ფენომენია, თუმცა კარგად მესმის ის მიზეზებიც, რომლებმაც ეს გამოიწვიეს. ექსპერტების დაჯერებამ ხალხს კარგი არაფერი მოუტანა.
ა.ქ.: ეს მართალია. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ იყო ხალხი ასეთი განრისხებული 2016 წელს. მათ დაინახეს ბერკეტი და ეს ბერკეტი გამოიყენეს. ისინი თვლიდნენ, რომ არავინ ისმენდა მათ ჩივილს, არავინ ითვალისწინებდა მათ შიშებსა და იმედებს. ახლა, ამ უცვლელ მოცემულობას სხვა პრობლემებიც დაემატა. ვფიქრობ, თუ ვინმეს შეუძლია ამერიკელებს აგრძნობინოს, რომ არა მარტო ესმის მათი, არამედ მათ შეხედულებებსა და მოთხოვნებს პატივსაც სცემს, ქვეყანა კვლავ შეძლებს სწორი გზით სიარულს.
„ა.ი.“: თქვენ ამბობთ, რომ საბოლოო ჯამში, გლობალიზაციის დადებითი მხარეები, უარყოფითზე მეტია. რამდენად შეფერხებულია გლობალიზაცია მოკლე ვადიან პერსპექტივაში?
ა.დ.: გლობალიზაცია კოვიდის გამოჩენამდეც შეფერხებული იყო. ეს უკუსვლა ნამდვილად გაგრძელდება. გლობალიზაცია დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ბევრი სიკეთის მომტანი იყო, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც ეს კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდა. წაგებულთა კომპენსაცია პრობლემას ვერ გადაწყვეტს. გლობალიზაციის დამუხრუჭება ნაწილისთვის სასარგებლო იქნება. არც მე მგონია, რომ მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის დარგებში ინდოეთსა და ჩინეთზე უნდა ვიყოთ ასე ძლიერად დამოკიდებული. ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე გამონაკლისების დაშვების აუცილებლობას გლობალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის ყველაზე ერთგული მომხრეებიც კი აღიარებენ. ჩემი აზრით, მომავალში დღევანდელთან შედარებით ნაკლებად რენტაბელური, მაგრამ უფრო დაბალი სოციალური და ეკონომიკური რისკების მქონე მოდელი გვექნება.
ა.ქ.: მეც ვფიქრობ, რომ რისკებისგან მეტად დაზღვეული მოდელი გვჭირდება, თუმცა არ მგონია, რომ ამას მივაღწევთ. იქ სადაც ხალხი ფულის გაკეთების საშუალებას დაინახავს, არჩევანსაც ყოველთვის ასეთი მოდელის სასარგებლოდ გააკეთებს, რისკებს კი მესამე მხარეს დააკისრებს. სამწუხაროდ, როცა საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ხალხის თავისუფალ ნებას ბოლომდე ვერ ვენდობით. მინდა დავუბრუნდე კომპენსაციის საკითხს. სტუდენტებს ვასწავლით, კომერციას, როგორც ყველა საქმიანობას, მოგებულები და წაგებულები ჰყავს. თუმცა წაგებულებზე საუბრისას არასდროს ვახსენებთ მათ კომპენსაციას, უბრალოდ წაგებულებს ვეძახით. ახლა, იმ რთულ ვითარებაში ვართ, როცა მოქალაქეების დიდი ნაწილი თავს წაგებულად და დაზარალებულად მიიჩნევს. მათ დახმარებაზე არავინ ფიქრობს. ეს უნდა შეიცვალოს.
„ა.ი.“: დასასრულს, გაგვიზიარეთ რას კითხულობთ ამ სოციალური დისტანცირებისა და იზოლაციის პერიოდში? რას უსმენთ? თუ „ნეტფლიქსს“ უყურებთ, რას?
ა.ქ.: ძალიან ბევრს ვმუშაობთ კოვიდის სტატისტიკაზე და ზოგადად, სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე. დიდი ყურადღებას ვაქცევთ ერთად ვახშამს. მისი მომზადებისას ვარკვევთ რას გვთავაზობს „მეტროპოლიტენ ოპერა“ იმ საღამოს და ხშირად ამას ვუსმენთ. კოვიდის საზარელ სტატისტიკასთან გატარებული დღის შემდეგ საღამოს “ოპერაში“ გატარებას არაფერი სჯობია.
ა.დ.: მართლაც, კოვიდის შესახებ ფიქრში ჩემი დღის დიდ ნაწილს ვატარებ. ვცდილობ არ ჩამოვრჩე ეკონომისტებისა და სხვა მეცნიერების უახლეს დასკვნებსა და მიგნებებს. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბევრი ეკონომისტის მზაობამ ემუშავათ პანდემიური ახალი რეალობის პირობებში. იყო კრიზისული პერიოდები, როცა ჩვენი პროფესიის ხალხს ახალ რეალობასთან ადაპტირება უჭირდა. თუმცა, პანდემია ის შემთხვევა იყო, როცა ეკონომისტები მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. „ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს“ გვერდს თუ დაათვალიერებთ, ნახავთ უამრავ მასალას, რომელიც ამჟამად უფასოდაა ხელმისაწვდომი. ეს საოცრად საინტერესო ანალიტიკური მასალის წყაროა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კატასტროფა თავიდან ავიცილეთ, მაგრამ ვისაც სიკვდილიანობა და ეკონომიკური პროცესები აინტერესებს იქ ბევრ სასარგებლო მასალას ნახავს.
ხუთი წლის წინ, როცა აქტიურ პროფესიულ საქმიანობას ჩამოვშორდი, მეგონა, რომ ოცნებას ავისრულებდი და თავისუფალ დროს „ნეტფლიქსის“ყურებასა და წიგნების კითხვაში გავატარებდი. წიგნებს მართლა ბევრს ვკითხულობ. ახლა ვკითხულობ ფრენ რემზის ახალ ბიოგრაფიას. წინ მივიწევ ტომას პიკეტის ახალ წიგნში, მნიშვნელოვანია იცოდე რაში ეთანხმები და რაში არა განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებს.
„ა.ი.“: რაზე იქნება თქვენი შემდეგი წიგნი?
ა.დ.: ჩვენი შემდეგი წიგნი იქნება ის, რომელსაც წავიკითხავთ და არა დავწერთ.
ენ ქეიზი და ანგუს დიტონი ირვინ სტელზერთან და ჯეფრი გედმინთან ერთად
ენ ქეიზი პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორია. ანგუს დიტონი 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი და პრინსტონის უნივერისტეტის ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორია. ირვინ სტელზერი „ჰადსონის ინსტიტუტის“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ხელმძღვანელი და „სანდეი თაიმსის“ კორესპონდენტია. ჯეფრი გედმინი „ამერიკული ინტერესის“მთავარი რედაქტორია.