article-img

სამხრეთ კალიფორნიის „მეოცნებეები“

დევიდ სტოლი

კონსერვატორი მიმომხილველი რაიჰან სალამი დაძაბული ადევნებდა თვალს ამერიკელებს შორის რასობრივი ურთიერთობების გაუარესებას. მისი 2018 წელს გამოცემული წიგნის სათაური „ინტეგრაცია თუ სამოქალაქო ომი: იმიგრანტების შვილი ღია საზღვრების წინააღმდეგ“ პირდაპირობით გამოირჩევა. მას, როგორც მუსლიმს, კარგად ესმის თუ რა მარტივია საზოგადოებისთვის განტევების ვაცის როლში აღმოჩნდე. სალამი ბანგლადაშელ მშობლებთან ერთად ბრუკლინში იზრდებოდა. ის ახლა „მანჰეტენის ინსტიტუტის“ დირექტორია და არ სურს იხილოს შეუზღუდავი იმიგრაციის მიერ იმ ინტეგრაციული მექანიზმების განადგურება, რომლებმაც მას და სხვა პირველი თაობის იმიგრანტებს მათი „ამერიკული ოცნებების“ ასრულების საშუალება მისცეს.

დემოგრაფიული პროგნოზების მიხედვით, თეთრკანიანები ამერიკის მოსახლეობაში უმრავლესობის ადგილს 2045 წლისთვის დაკარგავენ. ამერიკელთა ესპანურენოვანი ნაწილი , რომელიც ახლა მოსახლეობის სიდიდით მეორე ეთნო-რასობრივი ჯგუფია, მთლიანი მოსახლეობის ერთ მეოთხედს მიაღწევს. დემოგრაფიული ცვლილებებით გამოწვეული წუხილი იყო დონალდ ტრამპის 2016 წლის გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზიც. რამდენად შესაძლებელია ეთნო-რასობრივ ჯგუფებს შორის კონკურენციამ შეერთებული შტატების სტაბილურობა და კეთილდღეობა დააზიანოს?
სალამი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის დემოგრაფიული ცვლილებებში საგანგაშოა არაფერია, მისი აზრით, ბევრად შემაშფოთებელი ის მდგომარეობა, რომელშიც ამერიკაში ჩამოსული დაბალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტები არიან. რა თქმა უნდა, მარტივია იმ იმიგრანტთა მიღება, რომლებიც ამერიკელების მიერ უარყოფილი სამუშაოს შესრულებისთვის არიან მზად. ბევრად რთულია მათთვის ამერიკული მითოლოგიის მიერ დაპირებული უკეთესი ცხოვრების უზრუნველყოფა. ეს მათ შვილებსაც, მეორე თაობის იმიგრანტებსაც, ეხება, რომელთა მოლოდინები სხვა ამერიკელებზე უფრო მაღალია. სალამი ვარაუდობს, რომ ამ მეორე თაობის ერთადერთ პერსპექტივად სიღატაკის დატოვება, მათ გაუცხოებას და უკვე არსებულ რასობრივ სტრატიფიკაციას გააღრმავებს. მოკლევადიან პერსპექტივაში იმიგრანტთა ბედ-იღბალი სამუშაო ძალის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ეს მოთხოვნა არასტაბილურია და ამერიკული ეკონომიკის ციკლების მიხედვით იცვლება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ამერიკის ეკონომიკამ „დიდი რეცესია“, 2012-2020 წლების ექსპანსია და 2020 წლის ეპიდემიოლოგიური კატასტროფა განიცადა. გრძელვადიან პერსპექტივაში მიგრაციის ნაკადები მიგრანტთა თაობების მიერ მიღწეულ წარმატებებზეა დამოკიდებული.

იმიგრანტებისთვის არსებული შესაძლებლობების შეფასებისთვის კარგი ადგილია კალიფორნია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსულ იმიგრანტთა ერთ-ერთ საოცნებო მიმართულებად რჩება. კალიფორნია ამერიკაში მცხოვრებ ამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაბადებულთა ერთი მეოთხედის საცხოვრებელი ადგილია. მათი რიცხვი შტატის მოსახლეობის 40%-ს აღწევს. კალიფორნიამ 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იყო. კალიფორნიაშია დაფუძნებული ინტერნეტის და ტექნოლოგიების ისეთი გიგანტები, როგორიც „ეფლი“, „გუგლი“ და „ფეისბუკია“. უძრავი ქონების ბუმმა ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი საშუალო ზომის სახლის ფასი ნახევარ მილიონ დოლარამდე გაზარდა. მაგრამ რას ნიშნავს ასეთი ეკონომიკური ზრდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებისა და მათი შვილებისთვის?

კალიფორნიული ოცნება
ოპტიმისტურ პერსპექტივას გვთავაზობს მანუელ პასტორი, სოციოლოგი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. სალამის მსგავსად ისიც მეორე თაობის ამერიკელია (მისივე აღწერით მისი მშობლები შეერთებულ შტატებში არალეგალურად ჩამოსული კუბელი მიგრანტები არიან). თუმცა სალამისგან განსხვავებით, მას ეჭვი არ შეაქვს ამერიკული საზოგადოების უნარში მიიღოს და ცხოვრების გაუმჯობესების პერსპექტივა შესთავაზოს ამერიკაში ჩამოსულ მიგრანტებს.

პასტორის წიგნი ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში შოკისმომგვრელი გამარჯვების აღწერით იწყება. კალიფორნიის შტატის ადმინისტრაციის ესპანურენოვანი მაღალჩინოსნები ირწმუნებოდნენ, რომ შტატი წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში იქნებოდა: „კალიფორნია არ იყო ამ ქვეყნის ნაწილი, როცა მისი ისტორია დაიწყო, მაგრამ ახლა მისი მომავალი ჩვენ ხელშია.“

ეს მესიანისტური ტონი კალიფორნიისთვის უცხო ნამდვილად არ არის. ახალი არც პასტორის იმედია, რომ კალიფორნიის პროგრესისტული პოლიტიკა დანარჩენ ამერიკასაც გაუკვალავს გზას. თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ „კალიფორნიული ოცნების“ გასული საუკუნის წარმატება ორმა სპეციფიურმა გარემოებამ განაპირობა, რომლებიც ახლა სახეზე აღარ არის. პირველი – შეერთებული შტატების წარმოება ამ დროს მსოფლიოს უპირობო ლიდერი იყო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების აღდგენის შემდეგ ეს ვითარება შეიცვალა, გაიზარდა კონკურენცია. მეორე ფაქტორი კალიფორნიის უზარმაზარი ფართობი იყო, რომელიც დასახლებების განვითარების შეუზღუდავი რესურსის როლს ასრულებდა. ასეთი განვითარება პირადი ავტომობილის მფლობელთა რიცხვის სწრაფმა ზრდამაც გაადვილა.

1960-იანი წლების კალიფორნია ძირითადად ანგლო-საქსური წარმოშობის ამერიკელებით იყო დასახლებული. დანარჩენები მოსახლეობის ერთ მეოთხედზე ნაკლებს არ შეადგენდნენ. ესპანურენოვანები, აფრო-ამერიკელები და აზიელები დე-ფაქტო სეგრეგაციის პირობებში ცხოვრობდნენ, თუმცა ბევრი მათგანი საშუალო ფენის დონის კეთილდღეობას აღწევდა. როცა პოლიტიკურმა პროტესტმა კალიფორნიელი ამომრჩევლები შეაწუხა, მათ გუბერნატორად რონალდ რეიგანი აირჩიეს. რეიგანი კალიფორნიელების მხარდაჭერით საპრეზიდენტოი არჩევნებშიც სარგებლობდა.

1980-იან და 1990-იან წლებში შტატის ეკონომიკას სტაგნაციის ნიშნები გაუჩნდა. უპირველესი მიზეზი წარმოებაში მასობრივად გამქრალი სამუშაო ადგილები იყო, თუმცა პროცესები გადასახადის გადამხდელთა წინააღმდეგობამ და საჯარო სექტორის პროფესიული კავშირების გავრცელებამაც შეუწყო ხელი. ამომრჩეველთა ბრაზის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მექსიკიდან და ცენტრალური ამერიკიდან მომავალ მიგრანტთა მუდმივად ზრდადი რაოდენობა იყო. იმიგრანტების შობადობის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით მაღალმა მაჩვენებელმა „თაობებს შორის რასობრივი განსხვავებები“ გამოიწვია. ერთ მხარეს ანგლო-საქსი ამომრჩევლები რჩებოდნენ, მეორე მხარეს კი სხვა ეთნოსის წარმომადგენელი ახალგაზრდობა. 1992 წელს, როცა ლოს-ანჯელესის სამხრეთი ნაწილი არეულობამ მოიცვა, სავაჭრო ობიექტების ძარცვისთვის დაპატიმრებულ ადამიანებს შორის ნახევარზე მეტი ცენტრალური ამერიკიდან ახლად ჩამოსული მიგრანტები იყვნენ.

იმიგრაცია კალიფორნიის პრობლემების იდეალურ განტევების ვაცად იქცა. ამომრჩევლებმა რეფერენდუმით მხარი დაუჭირეს უსაბუთო იმიგრანტებისთვის სოციალური დახმარების გაუქმებას, პოზიტიური დისკრიმინაციის გაუქმებას, სკოლებში ორენოვანი სწავლების შეწყვეტას და რეციდივისტებისთვის უვადო პატიმრობის შემოღებას. რესპუბლიკურმა პარტიამ ამ საკითხებზე ბევრი იმუშავა. 1990 წლებში ამ ნაბიჯებმა ნაყოფი მართლაც გამოიღო, თუმცა ანგლო-საქსი ამომრჩეველების წილი მაინც მცირდებოდა.

ამჟამად ლიბერალების, საჯარო სექტორის პროფესიული კავშირების, აფრო-ამერიკელების და ესპანურენოვანების კოალიციამ კალიფორნიის სანაპირო ნაწილი დემოკრატების მიერ პრაქტიკულად ერთპარტიულად მართულ არეალად აქცია. მართვის მოწმობების აღების უფლების მინიჭებით დემოკრატებმა 2.2 მილიონ უსაბუთო იმიგრანტისთვის „დე-ფაქტო მოქალაქეობის“ მინიჭება მოახერხეს. იმიგრანტებმა მოიპოვეს ჯანმრთელობის დაზღვევის, საჯარო განათლების მიღების უფლებები. შეიზღუდა თანამშრომლობის საშუალება პოლიციასა და საიმიგრაციო სამსახურებს შორის.

ოცდაათწლიანი დებატების პარალელურად იცვლებოდა კალიფორნიის დემოგრაფიული სურათიც. 2019 წლისთვის არა ესპანურენოვანი თეთრკანიანების რაოდენობამ კალიფორნიის მოსახლეობის 36.8%-მდე დაიკლო, ესპანურენოვანთა წილი კი 39.3%-მდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, დემოკრატები შესაბამისად გაზრდილი სოციალური დეფიციტის შეჩერებას ჯერ არ აპირებენ. მექსიკიდან და ცენტრალური ამერიკიდან მომავალი უწყვეტი ადამიანური ნაკადის წყალობით ესპანურენოვანმა მოსახლეობამ თეთრკანიანი და აფრო-ამერიკელი კალიფორნიელები შემოსავლის, განათლებისა და თითქმის ყველა სხვა კატეგორიაში მოიტოვა უკან.

წინააღმდეგობის შტატი: რას მოასწავებს კალიფორნიის დაცემა და წინსვლა ამერიკისთვის
მანუელ პასტორი
The New Press, 2018
მეოცნებეების სტაგნაცია: რა გავლენა აქვს ურბანიზმს მეორე თაობის იმიგრანტების ინტეგრაციაზე
მარია რენდონი
Russell Sage Foundation, 2019
ინტეგრაცია თუ სამოქალაქო ომი: იმიგრანტების შვილი ღია საზღვრების წინააღმდეგ
რაიჰან სალამი
Sentinel, 2018
უკანასკნელი კარგი ადგილი: სქესი, ოჯახი და მიგრაცია ახალ დასავლეთში
ლეა შმალცბაუერი
Stanford University Press, 2014

 

მეოცნებეების სტაგნაცია
პასტორი მოსახლეობის ყველაზე ღარიბი და დაბალი კვალიფიკაციის მქონე კატეგორიის მუდმივ ზრდას აღიარებს, მაგრამ საკუთარი ანალიზის შტატის დონეზე შემოფარგვლის გამო, არაფერს ამბობს სამუშაო ადგილების ხარისხისა და შრომის პირობების გაუარესების მსგავს თანმდევ მოვლენებზე.

ამ ტენდენციებს რესპუბლიკელებს ვერავინ დააბრალებს, ათწლეულებია რაც მათ კალიფორნიის სამხრეთი ნაწილი არ უმართავთ. ის პრობლემები, რომლებიც კალიფორნიაში ჩამოსულ მექსიკელ იმიგრანტებს ექმნებათ დაწვრილებითაა განხილული კიდევ ერთი კალიფორნიელი სოციოლოგის, მარია რენდონის წიგნში. რენდონი ცდილობს გააქარწყლოს იმიგრაციის ნაკადებით გამოწვეული პესიმისტური პროგნოზები, რომლებშიც საუბარია „უკუ ასიმილაციისა“ და “ქვეკლასების“ ჩამოყალიბების რისკებზეა საუბარი.

რენდონის წიგნში არ საუბრობს იმ უსაბუთო იმიგრანტების შვილებზე, რომლებმაც ლეგალური სტატუსი პრეზიდენტ ობამას აღმასრულებელი ბრძანებით მოიპოვეს. ლოს-ანჯელესის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები 42 ახალგაზრდა, რომელთა შემთხვევებსაც რენდონი განიხილავს ამერიკაში დაბადებული შეერთებული შტატების მოქალაქეების არიან. მათთან ინტერვიუების ჩაწერისას მათი ასაკი 17-დან 23 წლამდე მერყეობდა. 2012 წელს, პირველი ინტერვიუებიდან ხუთი წლის შემდეგ, რენდონი მათ ნახევარს ხელმეორედ შეხვდა. მას აინტერესებდა თუ რა გავლენა მოახდინა მისი წიგნის გმირებზე 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა.

რენდონის ტექსტში ვხვდებით თუ რა წინააღმდეგობრივი სტერეოტიპები არსებობს მექსიკელი იმიგრანტების შესახებ. პირველი თაობა შრომისმოყვარე, ოჯახის გამოკვებისთვის ნებისმიერ მსხვერპლზე წამსვლელი ხალხის რეპუტაციით სარგებლობს. მეორე თაობა უკეთეს განათლებას ღებულობს და შემოსავალიც უფრო მაღალი აქვს. პროგრესი ფერხდება მესამე და მეოთხე თაობებში. ამ მისტიკურობით მოცულ ფენომენს „მექსიკური ჩიხი“ უწოდეს. გამოიკვეთა მექსიკელთა ერთი შეხედვით მყარი ოჯახების დეზინტეგრაციის მზარდი ტენდენციაც. როგორ გავლენას ახდენს შეერთებულ შტატებში ცხოვრება მექსიკელთა ოჯახურ ფასეულობებზე?

რენდონის მიგნებათა ნაწილი კალიფორნიელთა იმიგრაციით შეშფოთებული ნაწილისთვის დამაიმედებელი აღმოჩნდა. მის მიერ გამოკითხულ ახალგაზრდებს შორის, კრიმინალური ბანდის წევრებიც კი ამერიკული ფასეულობებისადმი ერთგულებას ამჟღავნებდნენ. მათ სჯერათ, რომ წარმატების საწინდარი თავდაუზოგავი შრომაა, ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფთა მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას კი მათვე აკისრებენ. ისინი თავს არც რასიზმის მსხვერპლებად თვლიან და სჯერათ, რომ მათ მომავალს მათი გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს. მშობლები ნეგატიურად რეაგირებენ შვილების პრობლემებზე, რომლებიც კანონდარღვევებს და პოლიციასთან დაპირისპირებას უკავშირდება.

ნაკლებად დამაიმედებელია, რომ 2013 წელსაც კი, რენდონის წიგნის გმირების დიდი ნაწილი მშობლებისთვის დახმარების გაწევისთვის საკმარის შემოსავალს ვერ ღებულობს. დიდ როლს ამ მოცემულობაში უძრავი ქონების ფანტასტიკური ფასები თამაშობს. ბინის ქირის მუდმივი ზრდა ახალგაზრდებს მაღალი ანაზღაურების შემთხვევაშიც კი დასაქმების ადგილიდან შორს ცხოვრებას აიძულებს, რაც ნეგატიურად აისახება მათი ცხოვრების ხარისხზე.
დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების ერთ-ერთი მუდმივი დაპირება უფასო კოლეჯია, თუმცა რენდონის წიგნში მოყვანილი ოჯახების უმრავლესობისთვის ამ ინვესტიციამ არ გაამართლა.

ძალადობის პრობლემა სამეზობლოში
რენდონის გმირებიდან რასიზმის პრობლემაზე მხოლოდ ის ნაწილი საუბრობს, რომელმაც საუნივერსიტეტო განათლება მიიღო. უნივერსიტეტებში ისინი “ინკლუზიას“, პოზიტიურ დისკრიმინაციას“ და რასობრივ საკითხებთან დაკავშირებულ სხვა ლიბერალურ ტერმინოლოგიასა და თეორიებს ეცნობიან და საკუთარი თავის რასობრივ კატეგორიაში მოაზრებას იწყებენ. სხვა იმიგრანტების მსგავსად, ისინიც კომპაქტურად დასახლებულ უბნებში ცხოვრობენ, სადაც სხვა რასის წარმომადგენლებთან მინიმალური შეხება დისკრიმინაციის შესაძლებლობასაც გამორიცხავს.

მათ უბნებში გამეფებული კრიმინალური ბანდები და ძალადობა რენდონის გმირების სოციალური ტრაექტორიის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ქუჩის ბანდებისგან შვილების მოშორება მშობელთა უმთავრესი პრიორიტეტია. ამ შემთხვევაში ისინი თვითიდენტიფიკაციას ვერც ეთნიკურად მონათესავე კრიმინალებთან და ვერც კანონმორჩილ ამერიკელებთან ახდენენ.

თუ იმიგრანტებს კრიმინალის ასეთი მიუღებლობა აქვთ, ვინ ერთვება ბანდიტიზმსა და ძალადობაში? მართალია ლოს-ანჯელესში მომხდარ მკვლელობათა რიცხვი მცირდება, მაგრამ ქალაქი კვლავ ინარჩუნებს პირველობას ქუჩის ბანდების რაოდენობით. აქ რენდონი მის თეორიას გვთავაზობს: მისი დაკვირვებიდან გამომდინარე, ბანდებში გაწევრიანებული ახალგაზრდები ესპანურენოვანი იმიგრანტებისთვის დამახასიათებელი პატრიარქალური კულტურიდან „სოციალურად იზოლირებულები“არიან. ეს კულტურა მამის ფაქტორისა და მისაბაძი მაგალითების გარდა, ახალგაზრდებს დასაქმების გარკვეულ შესაძლებლობებსაც სთავაზობს. თავის როლს თამაშობს ოჯახისადმი ვალდებულებების შესრულების ფაქტორიც.

სხვა მკვლევართა მსგავსად, რენდონი ერთმანეთისგან ორის სახის სოციალურ კაპიტალს ასხვავებს, ჰორიზონტალურსა და ვერტიკალურს. ჰორიზონტალური სოციალური კაპიტალი ეკლესიების, სამეზობლოს, მიგრანტთა ასოციაციების მეშვეობით შექმნილი კავშირებია, რომლებიც მათ ამ ინსტიტუტების მეშვეობით შეძენილი შესაძლებლობების გამოყენებაში შეიძლება დაეხმაროთ. ვერტიკალური სოციალური კაპიტალი მიგრანტების უფრო მაღალი სოციალური ფენების წარმომადგენლებთან კავშირებით იქმნება. ასეთ კავშირებს მიგრანტებისთვის დაბალანაზღაურებადი სამსახურიდან უფრო პრესტიჟული სამსახურისკენ გზის გახსნა შეუძლია. რენდონის წიგნის გმირების უმეტესობა ჰორიზონტალური სოციალური კაპიტალის დაგროვებაში უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ვერტიკალურის.

 

იმიგრანტები გაურბიან სხვა იმიგრანტებს
რენდონი იმიგრანტების მიერ მათი სოციალური წრის გარეთ კავშირების შექმნის სიძნელეს მექსიკელი იმიგრანტების ლოს-ანჯელესის ტოპოგრაფიით გამოწვეულ სივრცით სეგრეგაციას აბრალებს. სტატისტიკა მიუთითებს, რომ სამხრეთ კალიფორნიის ესპანურენოვანი მოსახლეობა აფრო-ამერიკელებზე მაღალი დონის გეოგრაფიულ სეგრეგაციას განიცდის. ეს ის „უხილავი ბარიერია“, რომელიც მათ სოციალურ მობილობას უშლის ხელს.

რატომ მოხდა ეს ასე? დასახლებების ეთნო-რასობრივი პრინციპით ორგანიზება 50 წლის წინ აიკრძალა, თუმცა დისკრიმინაციამ სხვადასხვა, უფრო შეფარული ფორმა მიიღო. კიდევ ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, უძრავი ქონების ფასებია, რაც მექსიკიდან და ცენტრალური ამერიკიდან ჩამოსულ იმიგრანტებს დაბალი ქირით გამორჩეული უბნებისკენ უბიძგებს. ასეთი უბნები, როგორც წესი, მიგრაციის დერეფნების ფუნქციასაც ასრულებენ. ესპანურად ამ პროცესს ცადენა ანუ ჯაჭვი ჰქვია. ჯაჭვს აქაც ორი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: მისი გამოყენება ადამიანის აწევისთვის შეიძლება, თუმცა მისი მეშვეობით ადამიანის დაბმაც შესაძლებელია.

„ჯაჭვური მიგრაცია“ ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის წყაროდაც იქცევა ხოლმე. იმიგრანტებით გადავსებულ სამუშაო ბაზარზე დამსაქმებელს მდიდარი არჩევანი და შესაბამისად, დასაქმებულებზე ზემოქმედების მეტი ბერკეტი აქვს. ყველაზე ცუდი დამსაქმებლები ხშირად თავად იმიგრანტები არიან, რომლებმაც კარგად იციან როგორ აუარონ გვერდი შრომით კანონმდებლობას და როგორ გაუწიონ ექსპლუატაცია დასაქმებულებს. შესაბამისად, იმიგრანტთა სამეზობლოები ხშირად მხარდამჭერი გარემოს ნაცვლად ახლად ჩამოსულებისთვის მახედ იქცევა, რომლისთვის თავის დაღწევა მათი საცხოვრებელი პირობების წინაპირობად იქცევა.

მძაფრი კონკურენცია იმიგრანტებს ერთმანეთის მიმართ ორაზროვნად განაწყობს. ამას რაიჰან სალამიც მოწმობს მის წიგნში, თუმცა „ღია საზღვრების“ წინააღმდეგ ბევრი იმიგრანტი საუბრობს ღიად. მათი ნაწილი შიშობს, რომ თანამემამულეთა გაზრდილი რიცხვი მათ იმ კონფლიქტურ გარემოში დააბრუნებს, რომლებსაც ისინი თავისი ქვეყნიდან გამოექცნენ.

ასეთივე ინფორმაცია მიიღო მონტანის შტატში მცხოვრები მექსიკელი იმიგრანტებისგან ლეა შმალცბაუერმა. 2004-2012 წლებში ჩატარებულ კვლევაში მან აღმოაჩინა, რომ მიუხედავად ადგილობრივთა მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულებისა, მექსიკელები კმაყოფილები იყვნენ ანგლო-საქსური უმრავლესობის მქონე ადგილებში ცხოვრებით.

კალიფორნიიდან მონტანაში გადმოსახლებულ მექსიკელ იმიგრანტებთან საუბრებში გაირკვა, რომ მათი ადგილსამყოფელის შეცვლის ძირითადი მიზეზი იმიგრანტთა მჭიდრო დასახლებების კრიმინალური გარემო და ძალადობის მაღალი ხარისხი იყო. კალიფორნიელ იმიგრანტებს უჭირდათ შვილების კრიმინალური წრეებისგან დაცვა. სხვა მკვლევართა მსგავსად, შმალცბაუერმა იმიგრანტთა შორის „მექსიკურ სოლიდარობაზე“ ბევრად გამოკვეთილი „ინდივიდუალიზმი“ აღმოაჩინა. მონტანელი მექსიკელები არც იმიგრაციის შეზღუდვის წინააღმდეგნი აღმოჩნდნენ და ღიად საუბრობდნენ შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობაზე, რადგან ეს მათ სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს გაუარესებისგან დაიცავს.

რატომ სჭირდება შრომის ღირსეული ანაზღაურების შენარჩუნებას იმიგრაციის შეზღუდვა

დავბრუნდეთ კალიფორნიაში, სადაც მანუელ პასტორს სიღარიბის ზღვარს მიღმა შტატში მცხოვრებთა რაოდენობა მოსვენებას უკარგავს. 2017 წელს ამ ზღვართან ან მის მიღმა კალიფორნიელთა 36.4% ცხოვრობდა. ცხოვრების ფასის გათვალისწინებით, კალიფორნიაში მისისიპიზე მაღალი სიღარიბის მაჩვენებელია. ამას ავტომანქანის ფლობისა მაღალი ხარჯი და ბინის ქირის უწყვეტი ზრდა განაპირობებს. ხელმისაწვდომობის კრიზისი იმიგრანტების და მათი შთამომავლების გარდა დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ მილიონობით კალიფორნიელს ეხება. ბევრი მათგანი იძულებული გახდა სხვა შტატში გადასახლებულიყო.

პასტორის აზრით, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო კალიფორნიის მიერ „სამუშაო ბაზრის ქვედა ნაწილის კონსოლიდირება და შუა ნაწილის გადატვირთვა.“ ამ ცვლილებებმა ყველა კალიფორნიელის „ღირებულებები, საჭიროებები და მისწრაფებები“ უნდა გაითვალისწინოს. გასული საუკუნის „კალიფორნიული ოცნების“ მსგავსად, ახალმა ეტაპმაც კეთილდღეობა ამერიკელთა მაქსიმალურად დიდ რაოდენობას უნდა მოუტანოს. ამის მისაღწევად საჭირო იქნება მოსახლეობის ყველაზე დაუცველი და დაბალანაზღაურებადი კატეგორიის მდგომარეობის გაუმჯობესება. ამის საუკეთესო გზა მინიმალური ანაზღაურების გაზრდა, სოციალური სერვისებისა და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება იქნება.

 

კალიფორნიის დასაქმებულ ღარიბთა დიდი ნაწილი მექსიკიდან და ცენტრალური ამერიკიდან ჩამოსულები და მათი შვილები არიან. პასტორის რეკომენდაციებს შორის ვერ ნახავთ შეერთებულ შტატებში იმიგრაციის შეზღუდვას და შემცირებას, რასაც ის „მემარჯვენეობის ცდუნებად“ აფასებს. „არალეგალური იმიგრაცია თითქმის შეჩერებულია, რამაც დემოგრაფიული ცვლილებების სიჩქარე შეამცირა“, წერს ის. თუ პასტორი არ ცდება, ამან სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეების ასაკობრივ ჯგუფებს შორის განსხვავება უნდა შეამციროს.

სამწუხაროდ, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ის ცდებოდეს. „გლობალური სამხრეთის“ ეკონომიკური სტაგნაციისა და პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, კალიფორნიის ბევრი მიმზიდველი თვისება, მათ შორის ქვეყანაში არალეგალურად შემოსული იმიგრანტებისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარება, მას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებს იმიგრანტებისთვის მიმზიდველი ადგილის ფუნქციას.

მართალია, კალიფორნია ეთნიკური დაპირისპირების ნიადაგზე გაღვივებული შეიარაღებული კონფლიქტის ადგილი სავარაუდოდ არ გახდება. ამას მიუთითებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფების წარმომადგენლებს შორის რეგისტრირებული ქორწინებების რიცხვიც, რომლითაც ეს კალიფორნია სხვა შტატებს უსწრებს. პრესტიჟულ უნივერსიტეტებში შესარჩევი კონკურსების მსგავსი რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაცია კალიფორნიაში სტაბილურად მცირდება. კალიფორნიელთა შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებების საფუძველზე შტატის მოსახლეობა იყოფა სანაპიროზე მცხოვრებ ლიბერალებად და შტატის სიღრმეში მცხოვრებ კონსერვატორებად, გარემოს დამცველებად და ფერმერებად, ქალაქიდან ფასების ზრდის გამო წასულ ახალგაზრდებად და უძრავი ქონების მესაკუთრე უფროსებად და ა.შ.
პასტორს მოჰყავს რამდენიმე მაგალითი, რომლებსაც ის სხვა შტატის პროგრესისტებისთვის საყურადღებოდ მიიჩნევს. მათ შორისაა „შეერთებული შტატების მოქალაქეობის მეტი ადამიანისთვის მინიჭებით, ახალი ამომრჩევლების რეგისტრაციით და მათი აქტიურობის ხელშეწყობით ელექტორატის ცვლილება.“ ახალი ამომრჩევლების დარეგისტრირება დემოკრატიული კუტურის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ელექტორატის შეცვლაზე ზრუნვას დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. პასტორს შეუძლია ამტკიცოს, რომ მისი მოწოდება დემოგრაფიული ცვლილებების გათვალისწინებას ეყრდნობა, თუმცა ამ შემთხვევაში საფუძვლიანი ხდება კონსერვატორთა ლიბერალებისთვის წაყენებული ბრალდება, რომ ეს უკანასკნელნი მათი მხარდამჭერი ამერიკელების ჩანაცვლებას იმიგრანტებით ცდილობენ.

 

ლიბერალების იმიგრაციისადმი დამოკიდებულების ყველაზე მნიშვნელოვანი პარადოქსი იმის გააზრების შეუძლებლობაა, თუ რა სჭირდებათ იმიგრანტებს იმ საზოგადოებაში წარმატებისთვის, რომელშიც საშუალო ანაზღაურების მქონე სამუშაო ადგილების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება. მათ უყურადღებო დამოკიდებულებას ასახავს ისეთი ილუზორული ცნებების გამოყენება როგორიც „სამაგალითო უმცირესობებია“. ამ ტიპურად ამერიკული ეპითეტით აღწერენ ხოლმე მათი ოჯახის წევრ თუ ნაცნობ იმიგრანტებს, რომელთა მისაბაძი ქცევა და მიღწევები დამადასტურებელი უნდა იყოს იმისა, რომ „21-ე საუკუნის ამერიკაში ნებისმიერს ნათელი მომავალი ელის.“ სინამდვილეში, სალამის მსგავსი იმიგრანტების მშობლები ამერიკაში უკვე მნიშვნელოვანი სოციალური და ინტელექტუალური კაპიტალით ჩამოვიდნენ. ეს განათლებული ხალხი შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში იმიგრაციის ცნობილი ფენომენია, რომელსაც ზოგჯერ „ტვინების გაჟონვასაც“ უწოდებენ. ამერიკის მაღალი კონკურენტობით გამორჩეულ ეკონომიკაში წარმატების მიღწევისთვის სალამი იმიგრანტებს მათი კომპაქტური და იზოლირებული ანკლავების დატოვებისკენ მოუწოდებს. ანალოგიურ დასკვნამდე მიდის რენდონიც, რომელიც სტაგნაციით მოცულ იმიგრანტთა სამეზობლოებს აღწერს.

პასტორის მიერ იმიგრაციის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს იმიგრაციის ნაკადების მომავალში შემცირების ვარაუდის გარდა, შეერთებული შტატების აღმოსავლეთ თუ დასავლეთ სანაპიროს დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელი გლობალიზმი და ურბანული კულტურაც უდევს საფუძვლად. 2000-იან წლებში კალიფორნიის ეკონომიკის ზრდის სტიმული უძრავი ქონების გაზრდილი ფასებით სპეკულაცია, ტექნოლოგიური პროგრესი და აზიიდან იმპორტი იყო: ლოს-ანჯელესი აღმოსავლეთ აზიიდან შეერთებულ შტატებში წამოსული კონტეინერების თითქმის ნახევარს იღებს. ამავე დროს, იმპორტის ზრდამ ათასობით ამერიკული საწარმო გაანადგურა. ახალი ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის განვითარებამ საცალო ვაჭრობის ობიექტებს წაართვა შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი. როგორც ჩანს, კალიფორნიის ეკონომიკისთვის სასარგებლო იმპორტის ზრდა და ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარება უარყოფითად აისახა დანარჩენ ამერიკელთა ყოფაზე. შესაბამისად, ძნელი მისაღები იქნება ამ შტატისგან მიცემული რჩევები, თუ როგორ გააუმჯობესონ სხვა შტატებმა მათი სოციალური მდგომარეობა.

 

თუ ახალი ამერიკა კალიფორნიაა, როგორც ამის პასტორს სჯერა, დემოკრატიულ პარტიას ბევრ რამეზე მოუწევს დაფიქრება. ესპანურენოვანი ამომრჩევლების მხარდაჭერის მისაღებად დემოკრატიული პარტიის ლიდერები იმიგრანტთა უფლებების დამცველების გამოყენებას ცდილობენ. ეს აქტივისტები საზღვრის დაცვის გამკაცრების ინიციატივებს რასიზმის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს უწოდებენ. პრობლემა აქ ადგილობრივი მოსახლეობის იმიგრანტების მიმართ დამოკიდებულებაში არ არის. იმიგრაციის მომხრეთა მოთხოვნებს ბოლო არ უჩანს, კომპრომისი მათთვის მიუღებელია, შეზღუდვების განხილვაც კი დაუშვებელი. შეზღუდვების გარეშე იმიგრანტებს ერთმანეთთან მძაფრი კონკურენცია, საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გარდაუვალი გაუარესება ელით. დემოკრატიულ პარტიაში უნდა გაიაზრონ, რომ საზღვრის დაცვა იმიგრანტთა დახმარებასაც ნიშნავს.

დევიდ სტოლი
დევიდ სტოლი მიდლბერის კოლეჯის ანთროპოლოგიის პროფესორია.