როდის ღირს წასვლა?
დევნილობა: ებრაული დიასპორის პორტრეტებიანიკა ჰერნროთ-როთსთინი
Bombardier Books, 2020
1925 წელს ისრაელელმა ნობელიანტმა მწერალმა შმუელ აგნონმა “თხის იგავი” დაწერა მოთხრობა, რომელშიც მარტივი კითხვაა დასმული: როდისაა წასვლის დრო? მოთხრობაში ახალგაზრდა კაცს და მამამისს თხა ჰყავთ, რომელიც რამდენიმე დღით იკარგება ხოლმე და შინ დაბრუნებულს თან მოაქვს “რძე, ზეციური მანანის გემოთი”. იმის გასარკვევად, სად ქრება თხა, ჭაბუკი მას კუდზე გრძელ თოკს შეაბამს, რათა შემდეგი გაქრობისას თხის კვალს მიჰყვეს. თხის კვალს ის ისრაელის მიწაზე მდებარე გამოქვაბულში მიჰყავს, სადაც შაბათი მოუსწრებს დღე, როცა მოგზაურობა აკრძალულია. ჭაბუკი შინ გაბრუნებულ თხას ყურზე წერილს შეაბამს, რომელშიც მამას არწმუნებს, ამ ახალი, მშვენიერი ქვეყნისაკენ გამოსწიოს.
საუბედუროდ, მამა საშინელებას წარმოიდგენს, როცა შვილის გარეშე დაბრუნებულ თხას დაინახავს. მწუხარებისაგან გონებაარეული კაცი თხას დაკლავს და მხოლოდ მერეღა იპოვის წერილს. მამას და შვილს ცხოვრების ბოლომდე ცალ-ცალკე ცხოვრება უწერიათ. მოთხრობა ასე სრულდება: “მას შემდეგ გამოქვაბულის შესასვლელი კაცთა თვალისათვის უხილავია და იქ მისასვლელი მოკლე გზაც აღარ არსებობს. ხოლო ის ჭაბუკი, თუკი კვლავაც ცოცხალია, სიცოცხლის ქვეყნის წვნიან და ძვირფას ნაყოფს მშვიდ, აუღელვებელ სიბერეში იგემებს”.
ანიკა ჰერნროთ-როთსთინის პირველი წიგნის, “დევნილობა: ებრაული დიასპორის პორტრეტები”, მთავარი შეკითხვაც ძალიან ჰგავს აგნონისას: რა უნდა ქნან ებრაელებმა დარჩნენ თუ წავიდნენ? 2013 წელს როთსთინმა მისსავე ქვეყანაში, შვედეთში, თავშესაფარი მოითხოვა, რათა ანტისემიტიზმი გაეპროტესტებინა. მან სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა. წიგნის წერისას ის ნაკლებად ცნობილ ებრაულ თემებს სტუმრობდა მთელ მსოფლიოში მათ შორის, კუბაზე, ციმბირსა და ირანში რათა გაეგო, რატომ არჩიეს ამ ხალხებმა, დარჩენილიყვნენ თავიანთ ქვეყნებში და რას ნიშნავს ეს ებრაული ცხოვრებისათვის. “დევნილობის” ყოველი თავი ერთ რომელიმე თემს ეძღვნება და იმ ადგილის მოკლე ისტორიისა და როთსთინის მოგზაურობის აღწერის ნაზავია. უზბეკეთის, მაროკოს და სხვა ქვეყნების ძველ საზოგადოებებში ბევრი ებრაელი ცდილობს კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის შენარჩუნებას, რომელიც, როგორც ჩანს, გაქრობის გზაზეა. ცხადია, ბიბლიური დროიდან მოყოლებული, ებრაელებს ჯიუტ ხალხად აღწერდნენ, მაგრამ ამას ორაზროვანი შედეგები ჰქონდა. როთსთინი ხშირად სთავაზობს მკითხველს, მასთან ერთად დაფიქრდეს, როგორი გონივრულია ახალგაზდების წახალისება, დარჩნენ მშობლიურ ქვეყანაში, მიუხედავად ბუნდოვანი ეკონომიკური და ოჯახური პერსპექტივისა.
როთსთინი შიშობს, რომ ებრაული ცხოვრების გარეგნული მხარის შენარჩუნებით წესების გვერდის ავლითა თუ მათი გაფართოებით უზბეკი ებრაელები მის გაქრობას უწყობენ ხელს.
ეს პერსპექტივები განსხვავებულია: როგორც როთსთინი გვაუწყებს, მაგალითად, ტუნისის კუნძულ ჯებრაზე ებრაულმა მოსახლეობამ ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა და ამ თემის დაახლოებით ნახევარი 20 წლის ან კიდევ უფრო ახალგაზრდაა. როთსთინი იმ ოჯახში იყო გაჩერებული, სადაც ოთხი ქალიშვილი და რამდენიმე ვაჟი ცხოვრობდა. უფროსი ქალიშვილი, 17 წლის ავია იმ ადამიანზე იყო დანიშნული, რომელსაც თითქმის არც იცნობდა. თემი გეოგრაფიულად იზოლირებული, მკაცრად რელიგიური და უაღრესად დაცულია. ისინი მეორეხარისხოვან მოქალაქეებად განიხილებიან, რომლებსაც ნებას რთავენ მუსლიმთა კონტროლის ქვეშ იცხოვრონ, მაგრამ, ბევრი თვალსაზრისით, ჯებრანის ებრაელებს გაფურჩქვნის ხანა უდგათ. ახალგაზრდა ქალების ერთი ნაწილი, რომელთაც როთსთინი ესაუბრა, ირწმუნებოდა, რომ თავისუფლების შემთხვევაშიც არ გააბამდა სასიყვარულო ურთიერთობას და არ იმოგზაურებდა, რომ სეკულარული ნორმები თემს ანგრევდა. ბევრი ჯებრანელი ებრაელი შვებულების დროსაც კი არ ტოვებს კუნძულს. მიუხედავად ჩაკეტილი ცხოვრებისა, ან სწორედ ამის წყალობით, ისინი ბედნიერები ჩანდნენ. როთსთინი გაოგნებული იყო იმ ჯგუფის სითბოთი, შეკრულობით და დემოგრაფიული ზრდით, რომელმაც უარი თქვა თანამედროვეობასა და იმ ტიპის თავისუფლებაზე, რომლის მოფრთხილების შეგნებითაც თავად ავტორი აღიზარდა.
უზბეკეთის გახლეჩილი თემები განსხვავებულ სურათს წარმოადგენს. მაშინ, როცა განქორწინება და შერეული ქორწინებები წარმოუდგენელია ჯებრანელ ებრაელებს შორის, ერთ-ერთი უზბეკური ჯგუფი, რომელსაც როთსთინი შეხვდა, საპირისპირო მიდგომას ახორციელებს. უზბეკეთში ებრაელობის შესანარჩუნებლად, თვითიდენტიციფირებულმა ორთოდოქსმა ებრაელებმა რაბინული ინსტრუქციები უარყვეს და იუდეველად მოქცევის წესი ძალიან გააიოლეს (ჩვეულებრივ, ორთოდოქს ებრაელად გახდომა ხანგრძლივი პროცესია). ბუხარელ ებრაელებს რეგიონში ცხოვრების გამორჩეულად ხანგრძლივი ისტორია აქვთ და ისინი მზად არიან თავიანთი არსებობა პრაქტიკულად ნებისმიერი შესაძლო საშუალებით უზრუნველყონ, მათ შორის, კომპრომისზე წასვლით და რელიგიური კანონის შემსუბუქებით. გარდა ამისა, ისინი კონკურენციაში არიან მეზობლად მცხოვრებ ებრაულ ჯგუფებთან, რომელთა ტრადიციებიც განსხვავებულია.
როთსთინის მიხედვით, ბუხარელი ებრაელები ჯიუტად იცავენ პრაქტიკების ერთობლიობას, რომლებიც, ერთგვარად, არეულ-დარეული ჩანს. მაგალითად, ზოგიერთი შაბათ დღეს მობილურ ტელეფონს იყენებდა. ეს, პრაქტიკულად ყველა ორთოდოქსული სტანდარტის მიხედვით, ცხადი დარღვევაა. ამავე დროს, ისინი განაწყენდნენ, როცა როთსთინი მანამ წამოდგა ხელების რიტუალურად დასაბანად, სანამ მაგიდასთან მსხდომი მამაკაცები იმავეს კეთებას მორჩებოდნენ. ეს კი, წესით, ყველა სტანდარტით დაშვებული ქმედებაა. უზბეკეთისადმი მიძღვნილი თავის დასასრულს, როთსთინი აღწერს რამდენიმე მგზავრობას ებრაელი გიდის თანხლებით, რომელთა განმავლობაშიც გიდი არაერთხელ ურჩევდა, ადგილობრივი არაქოშერული დელიკატესები დაეგემოვნებინა. როთსთინი გადაჭრით ამბობდა, რომ არაქოშერულ ხორცს არ შეჭამდა, გიდი კი არწმუნებდა, რომ ჰალალის სტანდარტით დაკლული საქონლის ხორცი თითქმის იგივე იყო. როთსთინი მტკიცედ უხსნიდა, რომ ებრაული კანონის დეტალები მნიშვნელოვანია და, როგორც თავად წერს, “ცხადი იყო, რომ ჩემმა პასუხმა გიდი დააბნია და იმედი გაუცრუა”. როთსთინისთვის მათი დაუსრულებელი კამათი უფრო მასშტაბური ბრძოლის გამოხატულება იყო. იგი შიშობს, რომ ებრაული ცხოვრების გარეგნული მხარის შენარჩუნებით წესების გვერდის ავლითა თუ მათი გაფართოებით უზბეკი ებრაელები მის გაქრობას უწყობენ ხელს.
როთსთინი მსგავს პრობლემებს მის მშობლიურ შვედეთშიც აკვირდებოდა, სადაც რელიგიური წეს-ჩვეულებები ათწლეულების მანძილზე დაკნინდა, როგორც ებრაელებს შორის, ისე მთელ მოსახლეობაში. შვედეთის მთავრობის მონაცემებით ქვეყნის მოქალაქეთა მხოლოდ 8% ესწრება რეგულარულად რელიგიურ მსახურებას, ხოლო გელაპის ინსტიტუტის 2015 წლის მონაცემებით შვედეთი მეორე ადგილზეა ყველაზე არარელიგიურ ქვეყნებს შორის. ამის მიუხედავად, ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღეს შვედეთის სინაგოგები გადავსებულია და მეფე-დედოფალი მსხვერპლთა პატივსაცემად გამართულ საგანგებო მსახურებას ესწრება. როთსთინის აზრით, ჰოლოკოსტისადმი ასეთმა ყურადღებამ ბევრი ებრაელისათვის რელიგიური ცხოვრება ჩაანაცვლა. ეს ასევე უწყობს ხელს მთავრობის წარუმატებლობის გადაფარვას თავისი მოქალაქეების ამჟამინდელი ანტისემიტური შეტევებისაგან დაცვის საქმეში.
შვედეთის ისტორიის გათვალისწინებით, ჰოლოკოსტის ხსოვნის აღნიშვნის პრიორიტეტულობას გარკვეული აზრი აქვს. მეორე მსოფლიო ომის დროს და მისი დასრულების შემდეგ ათასობით ებრაელმა დევნილმა ჰპოვა თავშესაფარი შვედეთში და ამ ტალღამ საგრძნობლად უცვალა სახე მანამდე სულ ერთი ბეწო ებრაულ თემს. შვედეთის ებრაული მოსახლეობა 1945-1970 წლებში გაორმაგდა და დღეისთვის 13-დან 15 ათასამდე ადამიანს ითვლის. ჰოლოკოსტის მემკვიდრეობითმა ტრავმამ ბევრი დევნილის შთამომავლის ებრაული იდენტობა განსაზღვრა, იმ შემთხვევებშიც კი, როცა შთამომავალთა ერთგულება ებრაული წეს-ჩვეულებებისადმი შემცირდა.
იმ დროს, როცა შვედი ებრაელები ტრადიციებს დაშორდნენ, ქვეყანაში ანტისემიტიზმის შემაშფოთებელმა შემთხვევებმა იმატა. ბოლო ათწლეულის მანძილზე ბოროტმოქმედებმა სინაგოგებში, ებრაულ სათემო ცენტრებსა და მიცვალებულთა გასაპატიოსნებელ სამლოცველოებში ათობით, ან, ეგებ, ასობით მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს. 2017 წელს ებრაული ახალგაზრდული კლუბი ყოველწლიურ საღამოს მართავდა გეტებორგის სინაგოგაში, როცა სამმა მამაკაცმა ფანჯრებში ხელნაკეთი ყუმბარების სროლა დაიწყო (როთსთინი გვაუწყებს, რომ არავინ დაღუპულა და ძლიერი ხანძარიც წარმატებით ჩააქრეს). იმავე წელს დაიხურა ებრაული სათემო ცენტრი ქალაქ უმეოში, რადგან მის დირექტორს არაერთხელ დაემუქრნენ მოკვლით. ჩრდილოური წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც ოფიციალურ პოლიტიკურ პარტიად 2015 წელს დარეგისტრირდა და რომლის გაცხადებული მიზანიც შვედეთის ებრაელთაგან გაწმენდაა, ბოლო წლებში პოპულარული გახდა და, როგორც ჩანს, ბევრი მცირე თუ დიდი ანტისემიტური პროვოკაციის უკან დგას.
როთსთინი ამტკიცებს, რომ ანტისემიტიზმი შვედეთში შედარებით რბილი ფორმითაა გამოხატული. ქოშერული სასაკლაო აკრძალულია და არაერთხელ სცადეს წინადაცვეთა და ქოშერული ხორცის ქვეყანაში შეტანაც აეკრძალათ. ამ ტენდენციებმა გავლენა იქონია ებრაულ თემზე, რომლის ყოველ ახალ თაობაშიც სულ უფრო ნაკლებია ტრადიციების მიმდევარი ებრაელი. შვედი ებრაელების მომავლის განხილვისას, როთსთინი მსჯელობს კავშირზე მათ ებრაულ იდენტობასა და ჰოლოკოსტისადმი დამოკიდებულებაზე და ასკვნის, რომ მომავალ ებრაულ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის გრძნობისაგან დაცლილი ხსოვნა ფუჭია. ავტორს სურს, რომ მთავრობა მეტს აკეთებდეს შვედი ებრაელების ანტისემიტიზმისაგან დასაცავად და თავად ებრაელებიც მეტად ირჯებოდნენ ყოველდღიური სათემო და რელიგიური ვალდებულებების შესასრულებლად.
სულ რაღაც ერთი საათის საფრენ მანძილზე, ფინეთში, მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია. ფინელი ებრაელების ამბავი დამაბნეველია: ისინი კარგა ხანია სარგებლობენ რელიგიური ხელშეუხებლობით და ფინეთის პარლამენტმა ჰელსინკის ებრაულ თემს 1906 წელს მიწაც კი გამოუყო მუდმივად სამოსახლოდ. თავის მხრივ, ფინელი ებრაელები ცდილობენ, თავდადებული პატრიოტები იყვნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ისინი სხვების თანასწორად იბრძოდნენ ფინეთის არმიის რიგებში, რაც ნაცისტ ჯარისკაცებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავდა. ეს ეპიზოდი დეტალურადაა დოკუმენტირებული ჯონ საიმონის ბოლო წიგნში “უცხოები უცხო მიწაზე” და ისეთივე უცნაური და დამზაფრავია, როგორადაც ჟღერს. ჰაინრიხ ჰიმლერი ორჯერ სტუმრობდა ფინეთს, რათა ფინეთის მთავრობისათვის ებრაელების სადეპორტაციოდ გადაცემა მოეთხოვა და ორჯერვე უარი მიიღო. გერმანელმა ჯარისკაცმა იარაღი მიუშვირა ფინელ თანამებრძოლს, როცა შეიტყო მისი ებრაელობის შესახებ და მეთაურის ჩარევა გახდა საჭირო, რათა “ყველას გაეგო, რომ ეს ებრაელი მისი არმიის ჯარისკაცი იყო”. ომის დასასრულისთვის ფინეთმა რუსეთთან ზავს მოაწერა ხელი, მაშინ, როცა გერმანელები ისევ ფინეთის მიწაზე იმყოფებოდნენ. უკანდახეულმა გერმანულმა ჯარებმა ფინური ქალაქები ცეცხლს მისცეს. ომის დასასრულს სამი ებრაელი ჯარისკაცი რკინის ჯვრით დაჯილდოვდა, მაგრამ სამივემ უარი განაცხადა ამ ჯილდოს მიღებაზე. საბოლოოდ, არცერთი ფინელი ებრაელი ჰიტლერულ ბანაკებში არ გაგზავნილა.
თემი დღემდე პატარაა, დაახლოებით 1500 კაციანი, მაგრამ როგორც როთსთინი წერს, გასაოცრად სტაბილური და ღრმად ტრადიციული. ჰელსინკიში შაბათის ღვთისმსახურებაზე ხალხმრავლობაა, იმ სინაგოგაში კი, რომელსაც როთსთინი სტუმრობდა, იმ ებრაელი ჯარისკაცების ხსოვნაა გაუკვდავებული, რომლებმაც ფინეთისათვის დადეს თავი სხვადასხვა ბრძოლებში. ებრაელები, როგორც ჩანს, ფინეთში სასურველებად გრძნობენ თავს და, შვედი მეზობლებისაგან განსხვავებით, თავისუფლად შეუძლიათ, სიონისტური ხედვები ჰქონდეთ. ეს, დიდწილად, დაკავშირებულია იმასთან, რომ ფინეთის მთავრობა დიდი ხანია, მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს ისრაელთან. შვედეთში ებრაელებს ხშირად აბრალებენ ორმაგ ლოიალურობას. იმ ადგილებს შორის, რომლებსაც როთსთინი ესტუმრა, ფინეთი ყველაზე მეტად ჰგავდა ამერიკას თანამედროვე ქვეყანას, სადაც რელიგიურ და პატრიოტულად განწყობილ ებრაელებს განვითარების საშუალება აქვთ.
შესაძლოა, ებრაელებისთვის ყველაზე უცნაური პოლიტიკურ-რელიგიური სიტუაცია ირანშია. სპარსელი ებრაელები 2700 წელს ითვლიან და ამ რეგიონის მუსლიმებზე, დაახლოებით, ერთი ათასწლეულით ადრე უკვე აქ ცხოვრობდნენ. 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე ყველაზე წარმატებული ებრაული პოპულაცია 100 000-დან 150 000-მდე ადამიანს ითვლიდა. მას მერე მათი რიცხვი 13 000-მდე შემცირდა, რადგანაც ებრაელებმა ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შეაფარეს თავი. იმ ებრაელებისთვის, ვინც დარჩა, წასვლა საძნელო საქმეა.
მიუხედავად იმისა, რომ ირანის მთავრობამ მეორე მსოფლიო ომის დროს დევნილი ებრაელები შეიფარა, ის აგრესიულად უარყოფს, რომ ჰოლოკოსტი ოდესმე მოხდა და იქამდეც კი მიდის, რომ ყოველწლიურ “ჰოლოკოსტის კარიკატურების კონკურსს” აფინანსებს. ისრაელის მოქალაქეებს ირანში შესვლა ეკრძალებათ და ირანელი ებრაელები, რომლებიც, თუნდაც მცირე ხნით, ისრაელს სტუმრობენ, თავიანთ ოჯახებს საფრთხეში აგდებენ. მათ აქვთ რელიგიური პრაქტიკის თავისუფლება და ირანის კულტურა გარკვეულ ტრადიციებს ახალისებს კიდეც, მაგრამ ისინი მკაცრად კონტროლდებიან, მათ იმ თავისუფლებებს უზღუდავენ, რომლებსაც დასავლელები კუთვნილად მიიჩნევენ. როთსთინი წერს, რომ ერთმა ქალმა ჩუმად სთხოვა, ელოცა მათთვის. სხვები შეევედრნენ, მათთვის ისრაელი აღეწერა. მიუხედავად ამისა, ბევრი ებრაელი, რომლებსაც როთსთინი ესაუბრა, ირანისადმი ერთგულებასა და მისით სიამაყეს გამოხატავდა.
ძნელი გასარკვევია, როგორია ირანელი ებრაელების შინაგანი ცხოვრება როგორც ჩანს, მათ არ შეუძლიათ თავისუფლად საუბარი. სანამ ისინი ირანში რჩებიან მათ იდენტობას მათი შეხედულებები განსაზღვრავს ისრაელსა და ჰოლოკოსტზე. 2007 წელს ქრისტიანთა და ებრაელთა საერთაშორისო ფონდი დაეხმარა 40 ირანელ ებრაელს, ისრაელში ემიგრირებულიყვნენ ეს ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე დიდი ჯგუფი იყო. ებრაელი იმიგრანტების დახმარების საზოგადოება, რომელიც რელიგიური უმცირესობების ირანიდან იმიგრაციას უწყობს ხელს, ასევე დაეხმარა რამდენიმე ასეულ ებრაელს, დაეტოვებინათ ქვეყანა ბოლო წლებში. თუმცაღა ირანელ ებრაელთა ლიდერებმა ფორმალურად უარი თქვეს ისრაელის შეთავაზებებზე, თავის დაღწევაში დახმარებოდა მათ და განაცხადეს, რომ ისინი ამაყი ირანელები იყვნენ.
როთსთინის მიერ წარმოდგენილ ქვეყნებში ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული წინააღმდეგობრიობა არსებობს: ფინელ ებრაელებს საჯაროდ შეუძლიათ ისრაელის მხარდაჭერა, მაგრამ ვალდებულნი არიან გაუმკლავდნენ წარსულს, რომელიც ნაცისტების მხარდამხარ ბრძოლასაც შეიცავს. კუბელ ებრაელებს აიძულებენ, შეამსუბუქონ ჰოლოკოსტის საშინელებები. 2017 წელს იუნესკოს სამიტის დროს წუთიერი დუმილით ჰოლოკოსტის მსხვერპლთათვის პატივის მიგების შემდეგ, კუბის წარმომადგენლები მოწოდებით გამოვიდნენ, პალესტინელებისთვისაც მიეგოთ პატივი წუთიერი დუმილით. ციმბირელი ებრაელები შედარებით დიდი რელიგიური თავისუფლებით სარგებლობენ, მაგრამ ქვეყანა, დიდწილად, საბჭოთა კავშირის ნარატივს ინარჩუნებს მეორე მსოფლიო ომის თაობაზე, რომელშიც ებრაელთა წინაშე დანაშაულები შემსუბუქებულია. ყოველმა მცირე ჯგუფმა უნდა შეათავსოს ნამდვილი პატივისცემა და სიყვარული მშობლიური ქვეყნისა და კულტურისადმი, იმის ცოდნასთან, რომ ეს ყველაფერი შეიძლება სამუდამოდ არ გაგრძელდეს.
“დევნილობა” რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას სვამს. ყოველთვის რთულია მიხვდე, როდისაა წასვლის დრო და ჩვენგან მხოლოდ თითო-ოროლა თუ გრძნობს ისტორიის შენარჩუნების ისეთსავე მწვავე, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, როგორსაც, ალბათ, მაროკოსა თუ თურქეთის უძველეს თემებში მცხოვრები ებრაელები გრძნობენ. მონახულებული ადგილებიდან ბევრში როთსთინი დიდ სილამაზეს ეზიარა, მაგრამ იქიდან გამობრუნებულს ყოველთვის ებადებოდა კითხვა, შეძლებდნენ ეს თემები კვლავაც აყვავებას თუ უბრალოდ თვითგადარჩენაზე ზრუნვას დასჯერდებოდნენ? ისევე, როგორც აგნონის მოთხრობაში, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის განცდა მძაფრია. სხვა თუ არაფერი, წიგნი წარმატებული შეხსენებაა, თუ როგორ აქვთ ეს შესაძლებლობა კარგ რელიგიურ უმცირესობებს შეერთებულ შტატებში. წიგნში ბევრი ტექნიკური შეცდომაა, რაც გასაკვირია, იმის გათვალისწინებით, რომ როთსთინი, ზოგადად, შესანიშნავი სტილისტია. იმედია, მომდევნო გამოცემაში ეს შეცდომები გასწორდება, რადგანაც წიგნი იმ სამყაროთა ფასდაუდებელ პორტრეტებს გვიხატავს, რომელთა დავიწყებაც არ ეგების.
დევორა გოლდმენი
დევორა გოლდმენი ეთიკისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის მოწვეული მკვლევარი და ტიკვა-ფონდის მკვლევარი ანალიტიკოსია.