article-img

ყველა გზა პრაღიდან მიდის

ავიეზერ ტუკერი ვერონიკა ტუკეროვა

1905 წელს ალბერტ აინშტაინმა ის სტატიები გამოაქვეყნა, რომლებიც საფუძვლად დაედო ახალ ფიზიკას, აკადემიური თანამდებობა კი ამ მოვლენიდან მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ მოიპოვა. 1909 წელს, ბერნში, შვეიცარიის საპატენტო ოფისში მუშაობისას მან მოისურვა, ექსტრაორდინალური (შტატგარეშე) პროფესორის პოზიციაზე ემუშავა ციურიხის უნივერსიტეტში. კომისიამ უპირატესობა მის თანაკლასელს, პრაღაში დაბადებულ ფრიდრიხ ადლერს ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ვაჟს მიანიჭა. უმცროსი ადლერი კარგად ხვდებოდა აინშტაინის გენიალურობას. როცა შეიტყო, რომ მასზე წინ დააყენეს, უარი თქვა პროფესორობაზე გადაწყვიტა, პოლიტიკასა და ჟურნალისტიკას გაჰყოლოდა. აი, ასე დაიწყო სამსახური აინშტაინმა, რომელსაც მომდევნო წელს სრული პროფესორის პოზიცია შესთავაზეს პრაღის გერმანულ უნივერსიტეტში.

ამ ამბავს მაიკლ გორდინი გვიყვება ახალ წიგნში აინშტაინი ბოჰემიაში. ამჯერად კომისიამ უპირატესობა აინშტაინს მიანიჭა და არა გუსტავ იაუმანს, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, რომელიც ბრნოში ასწავლიდა. კომისიამ სარეკომენდაციო წერილი გაუგზავნა განათლების სამინისტროს ვენაში, მინისტრმა კარლ ფონ შტიურგხმა კი იაუმანის დანიშვნა მოინდომა. აინშტაინი დარწმუნებული იყო, რომ მიზეზი ანტისემიტიზმი იქნებოდა. საბოლოოდ იაუმანმა უარი თქვა შეთავაზებაზე, მინისტრი კი იძულებული გახდა, აინშტაინისათვის შეეთავაზებინა სამსახური, თუმცა მისგან შვეიცარიის მოქალაქეობის დათმობა და ავსტრიის იმპერიის ქვეშევრდომობაც მოითხოვა. აინშტაინმა ყურად არ იღო ეს მოთხოვნა, იმპერატორისათვის ერთგულების ფიცის მიცემა კი მაინც მოუწია.

მეცნიერების ისტორიკოსი გორდინი აინშტაინის მიერ პრაღაში გატარებულ წელსა და რამდენიმე თვეზე მოგვითხრობს 1911 წლის აპრილიდან 1912 წლის ივლისამდე. აქ მას ერთი-ორი კარგი იდეა მართლაც მოუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარ ინტელექტუალურ ჩიხში იმყოფებოდა. დაეჭვდა იმაში, რომ სინათლის სიჩქარე მუდმივია. დაუშვა, რომ თუ გრავიტაცია სინათლეს ამახინჯებს მასიური სხეულების ირგვლივ, ამის დემონსტრირება მზის დაბნელებისას იქნება შესაძლებელი. ამ თეორიის დასამტკიცებლად ლოდინი 1919 წლამდე მოუხდა, როცა ედინგტონის მისიამ მისი ვარაუდი გაამართლა და სახელი გაუთქვა მთელ მსოფლიოში. გორდინი ფიქრობს, რომ სწორედ პრაღაში განმარტოებისას ჰქონდა მეცნიერს ის თავისუფლება, რაც მიზიდულობის შესასწავლად სჭირდებოდა _ მიზიდულობისა, რომელსაც იმხანად მნიშვნელოვან საკითხად არ მიიჩნევდნენ ფიზიკაში.
წიგნში საოცრად არის აღწერილი მე-20 საუკუნის დასაწყისის ცენტრალური ევროპის მცხოვრებნი, რომელთაც ისტორიის ქალღმერთმა სხვადასხვა როლი არგუნა. მაგალითად, აინშტაინის კლასელმა ფრიდრიხ ადლერმა 1916 წელს ფონ შტიურგხის მოკვლა სცადა და მეცნიერს, სხვებთან ერთად, გარჯა მოუწია, რომ ის სასიკვდილო სასჯელისაგან ეხსნა. ეს ერთი მაგალითია იმისა, თუ რა ზეგავლენას ახდენდა და მომავალშიც მოახდენდა ცენტრალურ ევროპაზე აინშტაინის ნაცნობ პრაღელ ინტელექტუალთა წრე, რომელიც ყველა ჯურის ფილოსოფოსებისაგან, პოლიტიკოსებისაგან, მეცნიერებისა და მწერლებისაგან შედგებოდა.

თავად აინშტაინისათვის ებრაული წარმოშობის ურწმუნო, პაციფისტი, ანტინაციონალისტი შვეიცარიელისათვის პრაღაში ცხოვრება და საკუთარ იდენტობაში გარკვევა ადვილი არ იყო. ის, ცხადია, ჩეხი ვერაფრით იქნებოდა. და არც გერმანელობისა ეცხო რამე. მას პრაღის მოსახლეობის იმ შვიდ პროცენტთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც გერმანულად საუბრობდა. და საერთოდ არ აინტერესებდა ის ჩეხურ-გერმანულ-ებრაული საკამათო საკითხები, რომლებსაც მთელი პრაღა განიხილავდა პირველ მსოფლიო ომამდე.

ალბერტი, მისი ცოლი მილევა და მათი ორი ვაჟი პრაღით დიდად არ აღფრთოვანებულან. წერილებში აინშტაინი ხშირად ჩიოდა კლასობრივ განსხვავებებზე. ადამიანები ზედაპირულებად, ან მომეტებული ქედმაღლობით, ან ბრიყვული მორჩილებით გამორჩეულებად ეჩვენებოდა. ეზიზღებოდა სიბინძურე, მღვდლები და ბიუროკრატია. თუმცა, შვეიცარიისაგან განსხვავებით, მას აქ მოსამსახურე ჰყავდა, სახლი კი ელექტრობით განათებული ჰქონდა. ცუდ პირობებში არ უნდა ყოფილიყო, რადგან ამ დროს უტრეხტში შემოთავაზებულ სამსახურზე უარი თქვა.
ახლად აშენებულ შენობაში ცხოვრობდა, მდინარე ვლტავის პირას. დღეს ეს ერთ-ერთი მდიდრული უბანია, დიდი ბიზნეს და სავაჭრო ცენტრებით, რომლებიც იმ ვეება ქარხნის ადგილას ააშენეს, სადაც ადრე ტრამვაის აწარმოებდნენ. იმხანად კი ეს ნახევრად ინდუსტრიული გარეუბანი იყო მდინარის მარცხენა სანაპიროზე. პრაღა სწრაფად იზრდებოდა გარეუბნების ხარჯზე, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოს სოფლებიდან ჩამოსული ჩეხებით იყო სავსე. პირველი მსოფლიო ომის წინ გერმანულენოვანი მოსახლეობა უმთავრესად ძველ ქალაქში ცხოვრობდა. ფრანც კაფკა, შეძლებული ვაჭრის ვაჟიშვილი, სწორედ ძველი ქალაქის მკვიდრი გახლდათ.

 

საუნივერსიტეტო ცხოვრება
შეიძლება დავუშვათ, რომ თანამედროვე ფილოსოფიის სათავეებთან ორი ფილოსოფოსი დგას: ერნესტ მახი და ფრანც ბრენტანო, რომლებიც პრაღასა და ვენაში მოღვაწეობდნენ. მახი ფიზიკოსი იყო, რომელიც უმთავრესად პრაღის კარლის უნივერსიტეტში მუშაობდა. 1882 წელს უნივერსიტეტი ორად გაიყო ჩეხურენოვან და გერმანულენოვან ნაწილებად და მახი გერმანული უნივერსიტეტის პირველი რექტორი გახდა. სწორედ მისი გვარის მიხედვით დაარქვეს სახელი ბგერის სიჩქარის საზომ ერთეულს. მახი დარწმუნებული იყო, რომ ყველანაირი ცოდნის დაყვანა შეიძლებოდა ემპირიულ დაკვირვებებამდე. შესაბამისად, ყველა მეცნიერებას ერთი და იგივე ემპირიული საფუძველი ჰქონდა და საერთო მეთოდიც. დანარჩენი, მისი თვალსაზრისით, მხოლოდ ზედმეტი მეტაფიზიკა იყო. ბრენტანო კი იმას იკვლევდა, როგორ ჩნდებოდნენ მოვლენები ცნობიერებაში და როგორ უკავშირდებოდნენ განზრახვებს. ბრენტანომ ინტელექტუალური სივრცე შექმნა გონების ფილოსოფიისათვის, რაც სრულიად განსხვავდებოდა ემპირიული მეცნიერებისაგან.

უნივერსიტეტის გაყოფისას ფილოსოფიისა და ბუნებისმეტყველების ფაკულტეტებიც გაიყო. გერმანულ უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტს ბრენტანოს სტუდენტები ხელმძღვანელობდნენ, რომელთა შორის ყველაზე სახელოვანი ანტონ მარტი იყო. ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის სათავეში კი მახის სტუდენტები იყვნენ. სწორედ მათ აირჩიეს აინშტაინი. გარდაცვალებამდე მახმა კრიტიკული წერილი დაწერა ფარდობითობის შესახებ, რომელსაც უკიდურესად მეტაფიზიკური უწოდა. აინშტაინს კი სულ უფრო ნაკლებად ხიბლავდა მახის მიერ ცოდნის დაყვანა შეგრძნებებით აღქმამდე სამეცნიერო თეორიების რეალისტურ ინტერპრეტაციას ანიჭებდა უპირატესობას. მიუხედავად ამისა, გორდინი გვიჩვენებს, როგორი გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მახის სტუდენტებთან მომავალში ვენის წრის პოზიტივისტებთან აინშტაინის კავშირმა პოზიტივიზმის აკადემიურ აღმავლობაზე.

აინშტაინი იმ კომისიის წევრი იყო, რომელმაც მისი შემცვლელი ფილიპ ფრანკი აირჩია. ფრანკი ფარდობითობის შესახებაც აქვეყნებდა წერილებს, მაგრამ ეპისტემოლოგია და მეცნიერების ფილოსოფია უფრო აინტერესებდა. გორდინი გვაჩვენებს, როგორ იყენებდა ის საკუთარ ძალაუფლებას იმისათვის, რომ ლოგიკური პოზიტივიზმისადმი ინტერესი გაეზარდა ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე. ვენის წრის მანიფესტი გერმანელ ფიზიკოსთა კონგრესის ეპისტემოლოგიურ სექციაში შეიქმნა, კონგრესი კი ფრანკმა პრაღაში 1929 წელს მოიწვია. სხვათა შორის, მომდევნო წლებში მის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ კონფერენციას კარლ პოპერიც ესწრებოდა. 1933 წლის შემდეგ ფრანკი პრაღაში დროებით თავშესაფარს აძლევდა ლტოლვილ პოზიტივისტებს. ბოლოს შეერთებულ შტატებში გადასახლდა და კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. შექმნა მეცნიერების ერთიანობის ინსტიტუტი, რომელსაც დევნილობაში მყოფ ვენის წრეს უწოდებდა. აინშტაინი მას ფინანსურად ეხმარებოდა. სწორედ ფრანკის წრიდან გამოვიდა ფილოსოფოსთა ახალი თაობა, რომელმაც ძირი გამოუთხარა ლოგიკურ-პოზიტივისტურ პროექტს.

აინშტაინი ბოჰემიაში
მაიკლ გორდენი
Princeton University Press, 2020

ბრენტანოს სკოლა კი პრაღის გერმანული უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტს ედგა სათავეში. წამყვანი პროფესორი ოსკარ კრაუსი იყო, რომელიც ერთხანს სამართლის სფეროში მოღვაწეობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის შესწავლას მიჰყო ხელი. ის კაფკასაც ასწავლიდა სამართალს. 1919 წლის შემდეგ იმ ნაციონალისტ გერმანელთა მხარეს აღმოჩნდა, რომლებიც აინშტაინის ფიზიკას პოლიტიკური მოტივით უპირისპირდებოდნენ. 1921 წლის იანვარში აინშტანი ბოლოჯერ დაბრუნდა ბერლინიდან პრაღაში ფრანკის მოწვევით, გერმანულ უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად და ოსკარ კრაუსთან დებატების გასამართად. იმხანად გერმანულ უნივერსიტეტს ძალიან სჭირდებოდა საერთაშორისო რეპუტაციის მქონე მეცნიერთან კავშირი. აინშტაინის ლექციის შემდეგ კრაუსმა მახვილგონივრულად სცადა, ფარდობითობის თეორიის შინაგანი წინააღმდეგობებისათვის აეხადა ფარდა. აინშტაინმა კი საპასუხოდ ვიოლინო ამოიღო და მოცარტის სონატა დაუკრა.

 

პოლიტიკური სალონი
1911-1912 წლებში, როცა აინშტაინი პრაღაში იმყოფებოდა, ბრენტანოს თაყვანისმცემლების სხვა ჯგუფი იკრიბებოდა ხოლმე ბერტა ფანტას სალონში, ჯერ კაფე ლუვრში, მერე კი მის სახლში, ქალაქის ძველ ნაწილში. გერმანულენოვან ებრაელთა ამ წრეში აინშტაინი ფილოსოფოს ჰუგო ბერგმანს უნდა შეეყვანა ფანტას სიძეს, რომელიც ერთ დროს კაფკასთან ერთად სწავლობდა გერმანულ გიმნაზიაში. ბერგმანმა წრის წევრების ინტელექტუალური თვალსაწიერი ბევრად გააფართოვა ფილოსოფიის, ლიტერატურის, მუსიკის, სიონიზმისა და ანთროპოსოფიის შემოტანით. მოგვიანებით ის ებრაული უნივერიტეტის დეკანი გახდა იერუსალიმში.

1911 წლის 24 მაისს აინშტაინმა ფარდობითობის თეორიის შესახებ ლექცია წაიკითხა ფანტას სალონში. მაქს ბროდი, რომელმაც კაფკას რომანები დაწვის ნაცვლად მკითხველამდე მიიტანა, დღიურში წერს, რომ კაფკასთან ერთად დაესწრო ამ ლექციას. გორდინმა ეს ერთადერთი საბუთი მონახა იმის დასამტკიცებლად, რომ აინშტაინი და კაფკა ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა ეს უკანასკნელი მეორე ლექციას აღარ დასწრებია (შესაძლოა სალონში აინშტაინის გამოსვლებს ესწრებოდა ხოლმე). სხვათა შორის, როდესაც ბერტა ფანტას რძალი, ჰანა, ამერიკაში უსახსროდ აღმოჩნდა, აინშტაინმა მას ბიბლიოთეკარად დააწყებინა მუშაობა პრინსტონის უნივერსიტეტში.

მეცნიერი სკეპტიკურად უყურებდა ბერგმანის პრაღულ სიონიზმს. სიონიზმზე ათი წლის შემდეგ მოიქცა, როცა აღმოჩნდა, რომ ებრაელობა და პაციფისტობა შესანიშნავად შეესაბამებოდა ებრაული სახლის სულიკვეთებას. 1923 წელს ბერგმანი და აინშტაინი ერთმანეთს იერუსალიმში შეხვდნენ ებრაული უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე. ტომაშ მასარიკი, ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტი, 1927 წელს ესტუმრა ბერგმანს იერუსალიმში. ახალი ჩეხოსლოვაკიის კონსტიტუცია ებრაელ ერს ჩეხ, სლოვაკ და გერმანელ ერებთან ერთად სცნობდა. აინშტაინმა მასარიკს რეკომენდაცია გაუწია მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარსადგენად. მეცნიერი მხარს უჭერდა ბერგმანის პოლიტიკურ ჯგუფს, ბრიტ შალომსაც, რომელსაც სურდა, ავსტრია-უნგრეთის მრავალეროვნულობა პალესტინის მიწაზე გადმოეტანა. მარტინ ბუბერი ამბობდა, რომ სულაც არ იყო აუცილებელი, თანამედროვე სახელმწიფო ეროვნული სახელმწიფო ყოფილიყო (მაგალითები: საბჭოთა კავშირი, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია). აინშტაინის სიონისტური განწყობა კი 1929 წელს შეიცვალა, არაბთა ამბოხების ჩახშობის შემდეგ.

 

როგორ მიიღეს ჩეხეთში აინშტაინი

1939 წელს, ჩეხი სტუდენტების პროტესტის შემდეგ, გერმანელმა ოკუპანტებმა უნივერსიტეტები დახურეს და 1200 სტუდენტი შრომით ბანაკებში გაგზავნეს (50 წლის შემდეგ ამ მოვლენის აღსანიშნავი ყოველწლიური დემონსტრაცია ხავერდოვან რევოლუციაში გადაიზარდა). 1945 წელს კი ჩეხებმა გერმანელებს სამაგიერო იმით გადაუხადეს, რომ გერმანული უნივერსიტეტი დახურეს. გერმანელებისა და ებრაელების გარეშე ბოჰემია გაქრაო, ასკვნის გორდინი.
წიგნის ბოლო ნაწილში აღწერილია, როგორ მიიღეს აინშტაინი ჩეხეთში. თავიდან მას და კაფკას ნიუტონისა თუ გოეთეს მსგავს დიდ უცხოელებად მიიჩნევდნენ. კომუნისტების დროს აინშტაინისა და კაფკას რეაბილიტაცია კი თითქმის ერთნაირად მოხდა. ორივე შემთხვევაში ის კომუნისტები ჩაერივნენ, ერთ დროს რომ სიონისტები იყვნენ. გორდინი არნოშტ კოლმანის ამბავს გვიყვება პრაღელი სიონისტისა, რომელმაც ბუბერი ჩეხურად თარგმნა. ის ბოლშევიკების მხარეს აღმოჩნდა, ისევე როგორც ჩეხი მწერალი იაროსლავ ჰაშეკი, შვეიკის ავტორი. კოლმანმა 30 წელი იცხოვრა საბჭოთა კავშირში.

ლენინი თავს ესხმოდა მახის ფილოსოფიას, ასე რომ, კოლმანი ცდილობდა, აინშტაინის მეცნიერება მისივე ფილოსოფიისაგან გაემიჯნა. გორდინი მას სტალინის რეჟიმის მსახურად, რიგით მოხელედ წარმოგვიდგენს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის უკან, პრაღაში გაგზავნეს, სადაც ბერგმანს, ძველ სიონისტ მეგობარს შეხვდა. სტალინისტმა კოლმანმა კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სლანსკის ტიტოისტ რაციონალისტ-რევიზიონისტს უწოდებდა. მას ძვირად დაუჯდა ეს წერილი  სამი წელი გაატარა ციხეში. თუმცა ამის შემდეგ მოახერხა და აკადემიური კარიერა გააგრძელა. 1956 წელს ბოლცანოს შესახებ დაწერილი წიგნი გაუგზავნა ბერგმანს ებრაულ ენაზე შეთხზული მიძღვნით. 1960 წელს კი პრაღაში დაბრუნდა და ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს ჩაუდგა სათავეში. იყო აკადემიის ფილოსოფიური ჟურნალის რედაქტორიც. ამ დროს კიდევ ერთხელ შეძლო გამოეხატა აინშტაინითა და ფარდობითობის თეორიით აღფრთოვანება.

1967 წელს კოლმანი ბერგმანსა და ბროდს ესტუმრა ისრაელში. 70-იან წლებში ის დისიდენტიც კი გახდა. თავს აინშტაინის მოსწავლედ მიიჩნევდა და საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ გამოდიოდა, თუმცა ჯერ კიდევ მარქსისტად რჩებოდა. იმხანად ნიუ-იორკ ტაიმსში სტატიაც კი გამოაქვეყნა. თავის მემუარებში აცხადებდა, რომ აინშტაინის ლექციებს ესწრებოდა, მაგრამ გორდინმა ამის დამამტკიცებელ საბუთებს ვერ მიაკვლია. კოლმანი წერს, თითქოს ანტისემიტიზმის საპასუხოდ (ურწმუნო) აინშტაინი პრაღის ორთოდოქსულ სინაგოგაში ვიოლინოს უკრავდა ხოლმე, რაც აშკარად სიცრუეა.

საინტერესო მსგავსებაა კოლმანის ავტობიოგრაფიასა და გუსტავ იანუხის მემუარებს შორის. ამ უკანასკნელმა სახელი გაითქვა წიგნით საუბრები კაფკასთან. სავსებით შესაძლებელი იყო, კოლმანს ენახა კიდეც აინშტაინი, რადგან იმავე ეპოქაში იმავე ადგილას ცხოვრობდა. იანუხი კი კაფკას მაშინ შეხვდა, როცა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო (მწერალი რომ გარდაიცვალა, გუსტავი მხოლოდ 20 წლის გახლდათ). მიუხედავად ამისა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა კაფკამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, იანუხმა წიგნი გამოაქვეყნა, რომელიც თითქოსდა მწერალთან მის საუბრებს ეფუძნებოდა. როცა წიგნი კომერციულად წარმატებული გამოდგა, ავტორმა ძველი რვეულიც აღმოაჩინა, სადაც უფრო მეტი საუბარი ჰქონდა ჩაწერილი. მისი და კოლმანის მემუარებში, უბრალოდ, ახალი თაობის სურვილი მოჩანს, წარსულის გიგანტებს დაახლოებოდა თუნდაც აშკარად გამოგონილი ნარატივების დახმარებით.

პრაღაში აინშტაინის ოფიციალური რეაბილიტაცია მისი დაბადებიდან 100 წლის თავზე, 1979 წელს მოხდა. მისი ქანდაკება დადგეს და იმ სახლს, სადაც ცხოვრობდა, მემორიალური დაფა მიამაგრეს. კომუნისტებმა საერთაშორისო კონფერენციაც კი ჩაატარეს ძველი უნივერსიტეტის იმ შენობაში, სადაც აინშტაინი ასწავლიდა. კაფკას შემთხვევაშიც ასე მოხდა რეაბილიტაცია დაბადებიდან 100 წლის თავს დაამთხვიეს და კონფერენციაც მოაწყვეს. ედუარდ გოლდშტიუკერმა, ყოფილმა სიონისტმა, რომელიც კომუნისტი გახდა და ჩეხოსლოვაკიის პირველი ელჩი იყო ისრაელში, გარემოებათა გამო, ცრუ ჩვენება მისცა თავისი პარტიის ლიდერის, სლანსკის წინააღმდეგ 1953 წელს. ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ის ციხიდან გამოუშვეს და პრაღის კარლის უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვის უფლებაც მისცეს. 1963 წელს კი გოლდშტიუკერმა კაფკას შესახებ კონფერენცია ჩაატარა ლიბლიცეს ციხე-კოშკში. მრავალი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ სწორედ ლიბლიცეს კონფერენციამ დაუდო დასაბამი კულტურულ ლიბერალიზაციას, რომელიც პრაღის გაზაფხულით დასრულდა.

გორდინი მართალია ბოჰემია გაქრა. მის გაქრობას თვით ჩეხი ნაციონალისტები და კომუნისტებიც კი მტკივნეულად განიცდიდნენ, ისევე როგორც ათწლეულების შემდეგ მილიონობით ტურისტი და ათასობით ინტელექტუალი თუ ხელოვანი, პრაღის ქუჩებში რომ დაეხეტებოდნენ ბოჰემიის ძიებაში.

ვერონიკა ტუკეროვა ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩეხურ ენას ასწავლის. ის ამჟამად ასრულებს წიგნს, რომელიც ფრანც კაფკას ჩეხი მკითხველების შესახებ მოგვითხრობს. ავიზერ ტუკეროვი დემოკრატია ლიბერალიზმის წინააღმდეგ (2020, Polity Press) ავტორია.

ავიეზერ ტუკერი და ვერონიკა ტუკეროვა