article-img

პოლიტიზირებული პანდემია

რიჩარდ თომპსონ ფორდი

ეპიდემიოლოგიისა და ჯანდაცვის იდეოლოგიური დებატების ნაწილად ქცევა ამერიკული პოლიტიკური ცხოვრების გადაგვარების ნიშანია. პირბადეების ტარება, ბიზნეს საქმიანობის განახლება და პანდემიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები როგორც პარტიებს შორის, ისე ფედერალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დაპირისპირების საგნად იქცა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამერიკელები ყველა საკითხს იდეოლოგიურ ჭრილში განიხილავენ. მნიშვნელობა აღარ აქვს თუ როგორი ობიექტური საფუძველი უმაგრებს ზურგს ამა თუ იმ მოსაზრებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა პოლიტიკურ და პარტიულ კუთვნილებას ენიჭება. საუკეთესო შემთხვევაში იდეოლოგიური რწმენა კონფორმიზმსა და პოლიტიკურ აპათიას უპირისპირდება, ამ დროს ის მოქალაქეთა სამოქალაქო ღირსების გაძლიერების ფაქტორია. სამწუხაროდ, დღეს იდეოლოგიამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გზამკვლევის ფუნქცია დაკარგა და პოლიტიკური აზროვნებისა და ანალიზის შემცვლელი გახდა. დაუჯერებელია, მაგრამ ინფორმაციის ეპოქის პოლიტიკური დიალოგი კვლავ საფრანგეთის მეფის კარზე ჩამოყალიბებულ დაყოფის სქემას იმეორებს, სადაც მემარჯვენეები და მემარცხენეები ვერსალის სასახლის ფლიგელების მიხედვით იყოფოდნენ. ეს დრომოჭმული სქემა საფუძვლიან გადაკეთებას საჭიროებს, თუმცა 1960-იანი წლების შემდეგ მისთვის ხელიც კი არავის შეუვლია. იმ პოლიტიკურ საკითხებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომელთა გადაწყვეტა კომპეტენციასა და ექსპერტულ ცოდნაზეა დამოკიდებული, იდეოლოგიური მიდგომა იმ საკითხებშიც ვეღარ ასრულებს დამხმარე ფუნქციას, რომელთა გაგება ნორმატიულ უთანხმოებებში გარკვევას საჭიროებს. აზროვნებისა გაღრმავებისა და იდეების გადახალისების ნაცვლად, საშუალო სკოლის სადისკუსიო კლუბის დონეზე ვართ, სადაც მეტოქე გუნდების ხანშიშესული კაპიტნები ერთმანეთში ძველი ანგარიშების გასწორებას ცდილობენ.

მსჯელობის ყველა სფეროს იდეოლოგიზირებული აზროვნებით დაპყრობა იმ აკადემიურ წრეთა პიროსის გამარჯვებაა, რომლებიც 1970-იან და 1980-იან წლებში ავითარებდნენ იმ დროისთვის პოპულარულ მიდგომას, რომლის თანახმად ლიტერატურული კრიტიკის, ფილოსოფიის, სოციოლოგიის, სამართლის ან ნებისმიერი სხვა დარგის ნებისმიერი საკითხი, არა ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით და პოლიტიკურად ნეიტრალური ექსპერტული ცოდნით, არამედ იდეოლოგიური პერსპექტივიდან გადასაწყვეტი საკითხი იყო. დიდი ხნის განმავლობაში თავად ვიყავი ამ სახის კრიტიკული მიდგომის მომხრე და გამტარებელი: საუკეთესო შემთხვევაში ასეთი მიდგომა ობიექტურობისა და ნეიტრალობის უსაფუძვლო მტკიცებას, დამსახურების აკადემიურ საზომებს და “თავისუფალი“ ბაზრის ბუნებას აბათილებს. ასეთ კრიტიკოსთა უმეტესობა არა კოროზიული ცინიკოსები, არამედ იმედგაცრუებული იდეალისტები იყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ საზოგადოების ყურადღება კეთილშობილი მიზნებისა და პრინციპების მქონე ინსტიტუტების მიერ საკუთარი დაპირებების შეუსრულებლობისაკენ მიეპყროთ. ამ მიდგომამ ინსტიტუტების რეფორმირებისა და გაუმჯობესების გზები აჩვენა, თუმცა ობიექტურობისა და ექსპერტიზის უწყვეტი და შეუკავებელი კრიტიკა ზიანი მომტანი აღმოჩნდა: დამკვიდრდა აზრი, რომ ობიექტური ცოდნა და იდეოლოგიურად ნეიტრალური ექსპერტული ცოდნა არცერთ სფეროში არსებობდა. ფარული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედების ბრალდებისგან დაცული აღარავინ იყო.

ასეთი კრიტიკა მისი დამამკვიდრებელი პროგრესისტების ექსკლუზიურ მეთოდად არ დარჩენილა. დიდი დრო არ დასჭირვებია მის პოპულისტების ხელში იარაღად ქცევას, რომელსაც ისინი მათთვის არასახარბიელო აზრის გამომთქმელი მეცნიერების, ანალიტიკოსების თუ მოსამართლეების წინააღმდეგ იყენებდნენ. ტექნიკური საკითხების ნორმატიული მხარეების განხილვა პარტიულმა პოლიტიკამ აქცია მოცემულად, რომელშიც ყველა საკითხი იდეოლოგიური ან პარტიული პოზიციიდან განიხილება.

საკუთარი აზრის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების ტრადიცია დროთა განმავლობაში საკუთარი ფაქტების ქონის ამბიციაში გადაიზარდა. აქ საუბარია ფაქტების სუბიექტურ შეფასებაზე, რომელიც მოქალაქეებს პოპულისტი პოლიტიკოსებისა და მიკერძოებული მედიის მეშვეობით მიეწოდება. ნავთობის მომპოვებელი კომპანიების ვალის მქონე პოლიტიკოსები სიცრუესა და ტყუილს უწოდებენ კლიმატურ ცვლილებებს, გრიპის უწყინარ ნაირსახეობად ცხადდება კოვიდ-19, როცა ჩაითვალა, რომ ეს მმართველი პარტიისთვის პოლიტიკურად სასარგებლო იქნება. პირბადეების ტარების გარშემო ატეხილი სამწუხარო ამბები, რა თქმა უნდა, უფრო ზოგადი დაპირისპირების გაგრძელებაა: საერთო მტრის წინააღმდეგ გამაერთიანებელი ბრძოლის მაგალითად დამკვიდრების ნაცვლად, ეს საკითხი ღრმად ფესვგადგმული იდეოლოგიური დაპირისპირების ამსახველ სიმბოლოდ იქცა.

ამ ვითარების მწარე ირონია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს წინაშე დღეს არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემას იდეოლოგიასთან მართლაც კავშირი არ აქვს. არ არსებობს პანდემიასთან ბრძოლის ლიბერალური ან კონსერვატიული მეთოდები, არსებობს ეფექტური და არაეფექტური მეთოდები. ვერც იმას ვიტყვით, რომ კლიმატური ცვლილებები იდეოლოგიური დებატების საგნად შეიძლება განვიხილოთ. სამეცნიერო მტკიცებულებების უარყოფა შეუძლებელია, მოქმედების აუცილებლობა სახეზეა. ამ საკითხებზე დავა იდეოლოგიაზე მეტად პარტიული პოლიტიკის ნაწილია, შეუძლებელია ვირუსის თვისებებზე ან კლიმატური ცვლილებების სიჩქარეზე გავლენა პოლიტიკური ფილოსოფიის რომელიმე მიმდინარეობამ მოახდინოს. თუმცა მემარჯვენეებად მემარცხენეებად დაყოფა იმ შემთხვევებში გარკვევასაც კი ართულებს, რომლებში გასარკვევად ნორმატიული დებატებია საჭირო. ასეთი მაგალითია იმიგრაცია, რომლის უპრეცედენტო მასშტაბმა ეროვნების, შრომის ბაზრის, მოსახლეობის სიმჭიდროვის და სხვა ფენომენთა დეფინიციების გადააზრება გამოიწვია. დიდი ხანი არ არის გასული, რაც იმიგრაციის პოლიტიკის რეფორმა ზეპარტიული შეთანხმების ნაწილი იყო, დღეს ეს მძაფრი იდეოლოგიური პოლარიზაციის გამომწვევი საკითხია.

სამწუხაროდ, უთანხმოება მრავლადაა, თუმცა მხოლოდ იდეოლოგიურ პოლარიზაციაზე საუბარს შეცდომაში შევყავართ. დიდ წილად ეს პრიმიტიული ტრაიბალიზმი და სუბიექტური ინტერესების დაცვის მცდელობაა, რომლებიც ხშირად “იდეებად“ და “იდეალებად“ ინიღბება. ამ შემთხვევაში კარგი მაგალითია, ახლანდელი რესპუბლიკური პარტია, სადაც შეუძლებელია ტრამპის პარტიული პოლიტიკა რომელიმე მწყობრ იდეოლოგიას დაუკავშირო. ეს აშკარა გახდა, როგორც კი ფისკალურად ტრადიციულად ფრთხილმა პარტიამ მოულოდნელად ბიუჯეტის დეფიციტი გაზარდა, რათა მდიდარი შემომწირველებისთვის გადასახადების შემცირების დაპირება შეესრულებინა. ეს აშკარა გახდა, როცა ეროვნული უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის საკითხებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე პარტია, ამერიკის უსაფრთხოების სამსახურებს დაუპირისპირდა, რათა შეერთებული შტატების მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქის არჩევნებში ჩარევა მიეჩქმალა.

იდეოლოგიური წონასწორობის ეტიკეტი ჩემგან დემოკრატიული პარტიის მსგავსი ცოდვების ჩამოთვლასაც მოითხოვს. თუმცა ძნელი იქნება ზუსტი პარალელების გავლება: ტრამპის ლიდერობის პირობებში რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ და მორალურ დაცემას ანალოგი არ გააჩნია. დღევანდელ რესპუბლიკელებს იდეოლოგიასთან საერთო აღარაფერი აქვთ. რონალდ რეიგანის დროისგან განსხვავებით, დღევანდელი რესპუბლიკელებისთვის იდეოლოგიური კონსერვატიზმი დიდს არაფერს ნიშნავს. ერთადერთი, რაც მათ აღელვებთ ძალაუფლებაა.

რადიკალი პოლიტიკური თეორეტიკოსი, ფრედრიკ ჯეიმსონი, იდეოლოგიის ცნობილი დეფინიციის ავტორია: მან იდეოლოგიას „კოგნიტიური რუკა“ უწოდა, რომელიც ჩვენ საზოგადოებრივ კონფლიქტებში ჩართული მხარეებისა და მათი მიზნების იდენტიფიცირებაში, ოფიციალური არგუმენტაციისა და კერძო ინტერესების მიღმა ნამდვილი მოტივაციის დანახვაში და უკეთესი მსოფლიოს წარმოდგენაში გვეხმარება. პოლიტიკური საკითხების უმრავლესობას მსოფლმხედველობის გარეშე, მხოლოდ ტექნიკური ცოდნით, ვერ გადავწყვიტავთ, მაგრამ ნამდვილად არ გვჭირდება დრომოჭმული იდეოლოგიური დაყოფა, რომელიც თანამედროვე პოლიტიკას მე-17 საუკუნის საფრანგეთის ან 1960-იანი წლების ბერკლის [უნივერსტიტეტის] სულისკვეთებით აფასებს. დღევანდელი პოპულარული იდეოლოგიები მირაჟებით დასახლებულ, მითოლოგიური ტოპოგრაფიის მქონე წარმოსახვით მოედანს გვთავაზობენ. ისინი თანამედროვე საზოგადოების წინაშე მდგარ საკითხებს “მემარჯვენე/მემარცხენე“ ორგანზომილებიან იდეოლოგიურ ჩარჩოში წარმოგვიდგენენ, რომელშიც ისინი ვერ ეტევიან. უპრეცედენტო მასშტაბის მიგრაციის, ეკოლოგიური პრობლემების ან გლობალური პანდემიის ლიბერალური ან კონსერვატორული პოზიციიდან განხილვა თანამდეროვე ლონდონში მეცხრამეტე საუკუნის რუკით მოგზაურობას ჰგავს. შესაბამისად, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ დავიკარგებით.

რიჩარდ თომპსონ ფორდი

რიჩარდ თომპსონ ფორდი სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და „ამერიკული ინტერესის“ ავტორია.