article-img

ნეტფლიქსის არაორთოდოქსის ფესვები (და სარისკო ასპექტები)

სონია მიშელი
ნეტფლიქსის პოპულარული სერიალი არაორთოდოქსი იმ ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს, ორთოდოქსული ებრაული თემიდან თავის დაღწევას რომ ესწრაფვის. საინტერესოა, რატომ არის დღეს საყურადღებო ეს ნარატივი?
ულტრაორთოდოქსული ებრაული თემი ამერიკის თითქმის ყველა შტატშია, თუმცა აქამდე მათი ამბები საინფორმაციო გადაცემებში იშვიათად ხვდებოდა. კორონავირუსის პანდემიამ კი ეს დინამიკა შეცვალა. ერთი მხრივ, როგორც მედიამ შენიშნა, ინფექციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი უჩვეულოდ მაღალი აღმოჩნდა ებრაულ თემებში, მათ შორის ბრუკლინისა და ნიუ-იორკის ჩრდილოეთით მდებარე როკლენდის თემებში. მეორე მხრივ კი, ნეტფლიქსის ოთხნაწილიანი მინისერიალი არაორთოდოქსი პანდემიის შედეგად შინ გამოკეტილთა რჩეული გახდა. ფილმი ახალგაზრდა ქალზე მოგვითხრობს, რომელიც უბედურია ქმართან, ბრუკლინის სულის შემხუთველ ებრაულ გარემოში და საბოლოოდ, ბერლინში გაქცევას გადაწყვეტს.
საინფორმაციო გადაცემების რეპორტაჟები თუ ეს სერიალი დიდად არ უნდა მოსწონებოდათ ულტრაორთოდოქსებს. ასეც მოხდა ორივემ დიდი სჯა-ბაასი გამოიწვია. რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას ულტრაორთოდოქს ებრაელთა შორის, ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ამ თემებში მუდმივად უგულებელყოფენ რეგულაციებს, არ იცავენ სოციალური დისტანციისა და შეკრებების შეზღუდვის წესებს, ისევ ხვდებიან ერთმანეთს რელიგიური მსახურებისა და რიტუალების დროს, ასევე ქორწილებსა და დაკრძალვებზე, ყველა ეს პრაქტიკა კი მეტისმეტად ზრდის დაინფიცირების რისკს. ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა უილიამსბერგში გამართულ დაკრძალვის ცერემონიას და განაცხადა, პასუხისმგებელი ქალაქის მთელი ებრაელობააო. ამ სიტყვებმა ერთგვარი გაღიზიანებაც გამოიწვია: ასეთი განზოგადება ებრაელების განტევების ვაცად ქცევა შეურაცხმყოფელიაო.
მათთვის, ვინც კარგად იცნობს ულტრაორთოდოქსულ ტრადიციებს, თემის წარმომადგენელთა ქცევა გასაგებია. მწერალმა მეიერ ლაბინმა ნიუ-იორკ ტაიმსს განუცხადა: ამ აქტივობებს სოციალური დატვირთვა აქვს იმ ხალხისათვის, რომელსაც ორთქლის გამოშვების სხვა გზა არ რჩება. პროფესორ სუზანა ჰეშელის თქმით კი, მრავალ ებრაელს ეს შეზღუდვები იმ დროს ახსენებს, როცა რელიგიური დევნის გამო სინაგოგებს კეტავდნენ. პროფესორი იმასაც ამბობს, რომ ებრაელთა პასუხი ერთგვარი გამოწვევაცაა და იდენტობის დამტკიცების აქტიც.
არაორთოდოქსის მიმომხილველები კი ნაკლებად კეთილგანწყობილნი არიან ულტრაორთოდოქსული თემების მიმართ და მათ დამთრგუნველს, უსამართლოს უწოდებენ, განსაკუთრებით ქალებსა და ახალგაზრდებთან მიმართებაში. დასკვნებს სერიალის მთავარი გმირის, პიროვნული თავისუფლების მაძიებელი ესტის მაგალითზე აკეთებენ. ერიკ კონი სერიალს უწოდებს სულისშემძვრელ თრილერს, სადაც ახალგაზრდა ქალი ინდივიდუალობის მოსაპოვებლად იბრძვის, კაცებს კი გამაღიზიანებლად სჯერათ, რომ მის შეჩერებას მოახერხებენ.
ცოტა მიმომხილველს თუ უჩნდება სიმპათია ესტის თემის მიმართ. ჯეიმს პონივოზიკი ნიუ-იორკ ტაიმსში წერს, რომ არაორთოდოქსში იგრძნობა ერთგვარი ცნობისმოყვარეობა და გაგების სურვილი მათ მიმართ, ვისაც ხასიდური იზოლაციონიზმი თავშესაფრად მიაჩნია იმ სამყაროში, რომელიც ებრაელებისადმი მუდამ მტრულად განწყობილი იყო. რეიჩელ საიმი კი ნიუ-იორკერში შენიშნავს: როცა უყურებს, როგორ ლოცულობენ, როგორ ასრულებენ რელიგიურ რიტუალებს ესტის ქმარი თუ ბაბუა, მაყურებელი ხვდება ამ ტრადიციების მნიშვნელობას, მათ შემადუღაბებელ ფუნქციას ისტორიულად დევნილ თემში.
სერიალის ყველაზე უარყოფითი შეფასებები ორი მწერლისაა: თავადაც ბრუკლინელ ებრაელთაგან გაქცეული ფრიდა ვიზელისა და ლონდონის ხასიდური თემის წევრისა და მასწავლებლის, ელი სპიცერის. ვიზელი მიიჩნევს, რომ პატარ-პატარა უზუსტობების გვერდით სერიალს დიდი ნაკლიც აქვს: ვერ ახერხებს თემის წევრების ადამიანურობის ჩვენებას. ხასიდი ქალები იუმორის გრძნობას მოკლებულნი არიან და უცნაურად ჩაცმულ დისნეის ბოროტ ჯადოქრებს ჰგვანან. ვერ ვცნობ არაორთოდოქსის სამყაროს, სადაც ადამიანები ასეთი ცივები არიან, წერს ის, იუმორის გრძნობა არა აქვთ და წესების შესრულების გარდა არაფერი აღელვებთ. რა თქმა უნდა, ცუდი ტიპები ხასიდთა შორისაც არიან, მაგრამ ყველა ნამდვილად არ არის პირქუში, სერიოზული, წესების შესრულებაზე გადარეული, მხოლოდ ჰოლოკოსტზე მოლაპარაკე. ვიზელი შიშობს, რომ სერიალი პოლიტიკურად უფრო მიკერძოებულებს გაგვხდის.
მისგან განსხვავებით, სპიცერი ხოტბას ასხამს შემოქმედებით ჯგუფს წვრილმანებისადმი დიდი ყურადღების დათმობის გამო. ყველა დეტალი სრულყოფილად დამუშავებული არ არის, წერს ის, თუმცა ჩემზე ხასიდთა შორის დაბადებულსა და აღზრდილზე შთაბეჭდილება უდავოდ მოახდინა ცელოფანგადაკრულმა როკოკოს სკამებმა, პასექისათვის მომზადებულმა, ფოლგით დაფარულმა კერძებმა და რაბინის სქელმა ქამარმა. თუმცა სწორედ ავთენტურობის ამ დონეზე შეიმჩნევა მკვეთრად მთავარი შეუსაბამობები. ესტისა და იანკის სქესობრივი ცხოვრება, სპიცერის აზრით, მთელ ხასიდურ თემს სექსუალური გადახრებისაკენ მიდრეკილად წარმოაჩენს, სერიალს კი ბინძურ, ვუაიერისტულ პასკვილს ამსგავსებს.
სპიცერის აზრით, არაორთოდოქსის სიმახინჯეები სათავეს 2012 წელს გამოცემული ამავე სახელწოდების მქონე მემუარებიდან იღებს (ქვესათაურია: ჩემი ხასიდური ფესვების სკანდალური უარყოფა). მემუარების ავტორი დებორა ფელდმანი თავად დაუკავშირდა ორ ბერლინელ კინორეჟისორს, ანა ვინგერსა და ალექსა კაროლინსკას და სთხოვა, მისი წიგნის საფუძველზე მინისერიალი შეექმნათ. ფელდმანს მოეწონა ებრაულ თემში გაზრდილი ესტის პერსონაჟი, რომელიც ასევე გაურბის დამთრგუნველ ქორწინებას.
მემუარები გამოქვეყნებისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა. მას შთამბეჭდავად ძლიერიც უწოდეს და ქალის ბრძოლის სულის შემძვრელ ისტორიადაც მოიხსენიეს. წიგნში ფელდმანი იხსენებს, როგორ გამოფხიზლდა ნელ-ნელა, როგორ კითხულობდა ყველასგან მალულად ჯეინ ეარსა და პატარა ქალებს, რომლებშიც მისაბაძ მაგალითებს პოულობდა და წარმოდგენას იქმნიდა სხვა სამყაროზე, ულტრაორთოდოქსულის მიღმა რომ არსებობდა. ფელდმანი იმასაც აღწერს, ესტის მსგავსად, როგორ იტანჯებოდა სექსით ქორწინების პირველ ხანებში, როგორ თრგუნავდა არა მხოლოდ ქმარი, არამედ მისი აბეზარი ოჯახიც და როგორ მოახერხა საბოლოდ ძალის მოკრება და იმ გარემოსაგან თავის დაღწევა.
წიგნი არაორთოდოქსი უმალვე იქცა ბესტსელერად, მაგრამ ამავე დროს დიდი სჯა-ბაასიც გამოიწვია. კრიტიკოსები, რომელთა უმრავლესობაც ულტრაორთოდოქსული თემიდან იყო, მრავალ უზუსტობაზე მიუთითებდნენ ბლოგიც კი შექმნეს, სადაც ბრალდებებს აქვეყნებდნენ. ფელდმანი, მხარდამჭერებთან ერთად, წიგნს იცავდა არა მხოლოდ ავტორის უფლებას, დაეწერა იმაზე, რაზეც სურდა, არამედ მოხსენიებულ პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასაც.
წიგნის თაობაზე მითქმა-მოთქმამ ხელი ვერ შეუშალა ვინგერსა და კაროლინსკას მინისერიალის გადაღებაში. მათ სიხარულით ჩამოართვეს ინტერვიუ ფელდმანს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისათვის (არაორთოდოქსის გადაღება), რომელშიც ის მადლიერებასა და უდიდეს კმაყოფილებას გამოხატავს. ვიზელსა და სპიცერს კი განსხვავებული აზრი აქვთ, მაგრამ კრიტიკოსთა უმრავლესობამ სერიალს ხოტბა შეასხა. საინტერესოა, რატომ უნდა მომხდარიყო ასე?
არაორთოდოქსი ერთ-ერთია ბოლო დროს გადაღებული იმ ფილმებიდან და ტელესერიალებიდან, სადაც ახალგაზრდები ორთოდოქსულ ებრაულ თემს ტოვებენ. აღსანიშნავია ორი დრამა: მოტი ვოლკენბრუხის გამოღვიძება (2018 წელს გადაღებული შვეიცარიული ფილმი) და ისრაელში შექმნილი ტელესერიალი შტიზელი (პირველად 2013 წელს გავიდა ეთერში, ნეტფლიქსზე კი 2018 წელს გამოჩნდა), და ასევე ორი დოკუმენტური ფილმი: ერთი ჩვენგანი ამერიკელია (2017) და სიჩუმის ავსტრალიური კოდექსი (2014).
გამოღვიძებაში, როგორც არაორთოდოქსში, ახალგაზრდა ებრაელს ვხედავთ, რომელსაც ულტრაორთოდოქსული ტრადიციები აღზიანებს. მოქმედება ამჯერად ციურიხში მიმდინარეობს. მთავარი გმირი მოტი მამრობითი სქესისაა და მისთვის ისევე მიუღებელია თავსმოხვეული წესები და რიტუალები, როგორც ესტისთვის. ესტი უიღბლო ქორწინებიდან ერთი-ორი წლის შემდეგ გაქცევას გადაწყვეტს, მოტი კი ასე შორს ვერ მიდის. დედა სხვადასხვა ქალიშვილს აცნობს, მაგრამ მისი მცდელობები მარცხით მთავრდება. ამ აბეზარ ქალთან შედარებით სოფი პორტნოი პიროვნული თავისუფლების ნიმუშად გამოიყურება. არაორთოდოქსში ესტის დილემა მთელი სეროზულობითაა წარმოჩენილი, გამოღვიძებაში კი უფრო ირონიული ტონია შერჩეული მოტის მონათხრობი მაყურებლის სკეპტიციზმს იწვევს, მისი თემისადმი ერთმნიშვნელოვნად უარყოფით დამოკიდებულებას თუ არა.
აკიბას, შტიზელის მთავარ გმირს, ასევე აწუხებს მშობლების მხრიდან საცოლის გამოძებნის გაუთავებელი მცდელობები, მაგრამ გაქცევის ნაცვლად, უფროსი, შვილიანი ქალი უყვარდება და მამასთან ხანგრძლივ ბრძოლას იწყებს. ზემოთ დასახელებული მთავარი გმირებისაგან განსხვავებით, აკიბა არ მიდის თავისი თემიდან (იერუსალიმის ულტრაორთოდოქსული კვარტალიდან), დარჩენით კი კიდევ უფრო აღრმავებს კონფლიქტს საკუთარ მამასთან. ამ დროს მისი დის ქმარი ლათინურ ამერიკაში გარბის ვითომდა სამსახურის საპოვნელად, თუმცა ბოლოს ცოლსა და ხუთ შვილს უბრუნდება და თავს უსუსურად იმართლებს: ცოტა ხანს მარტო ყოფნა მჭირდებოდაო.
დასახელებულ ორ დოკუმენტურ ფილმშიც დრამატული სიმძაფრით არის გადმოცემული ის სირთულეები, რომლებსაც ახალგაზრდები აწყდებიან. სიჩუმის კოდექსი მელბურნის ებრაული თემის წევრის, მენის შემთხვევაზე მოგვითხრობს. ის იეშივას სტუდენტმა გააუპატიურა და ახლა ცდილობს, დანაშაული სამზეოზე გამოიტანოს. მამას ჯერ სურს, ხელი შეუშალოს მას ამ ამბის გასაჯაროებაში, რადგან თემის რისხვის ეშინია, საბოლოოდ კი გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს საკუთარ ვაჟს და ამის გამო თემიდან გარიყულიც აღმოჩნდება. უხუცესებს არა მხოლოდ დანაშაულის დაფარვა უნდათ, არამედ მამა-შვილს გამყიდველობაშიც კი დაადანაშაულებენ, რაც ებრაული კანონებით იკრძალება და სამარცხვინოდაც მიიჩნევა.
ამ ფილმებიდან ყველაზე შთამბეჭდავი კი მაინც ერთი ჩვენგანია შესაძლოა იმიტომაც, რომ ისეთ სიტუაციებს წარმოგვიდგენს, გამოგონილად რომ ვერ მივიჩნევთ. მას სამი წლის განმავლობაში იღებდნენ. დოკუმენტური ფილმი სამი ახალგაზრდა ებრაელის ბრძოლაზეა, რომლებსაც ბრუკლინის ხასიდური თემიდან გამოყოფა სურთ. ლუცერი, რომელიც სამსახიობო კარიერას იმით იწყებს, რომ სინჯებზე ულტრაორთოდოქსი ებრაელის როლს ასრულებს, ბოლოს ჰოლივუდში გადაბარგდება, მანქანაში იძინებს და თავის გასატანად ტაქსის მძღოლად მუშაობს. თავიდან ყოჩაღად გამოიყურება, მიუხედავად არცთუ სახარბიელო საცხოვრებელი პირობებისა, ფილმის ბოლოს კი, ძველი წერილებისა და ფოტოების თვალიერებისას, მის სახეზე ცრემლებს ვამჩნევთ. დატოვებული საყვარელი ოჯახი ახსენდება.
მასზე უმცროსი არი გვიხსნის: ვხვდებოდი, რომ ისეთი ადამიანი არ ვიყავი, როგორადაც გამოვიყურებოდიო. იხსენებს, როგორ მივიდა იმ აზრამდე, რომ აღარ უნდოდა ტყუილში ცხოვრება, თუმცა ერთი წელი დასჭირდა, სანამ წასვლას გადაწყვეტდა. მისი პრობლემა ისიც იყო, რომ მხოლოდ ებრაულ სკოლებში ესწავლა და ისეთი საგნების საფუძვლებსაც კი არ დაუფლებოდა, როგორიც მათემატიკა და ინგლისურია. არ იცოდა, როგორ ცხოვრობდა ხალხი, არ იცოდა, მაგალითად, გუგლში ძებნა. არი იმასაც გვიმხელს, რომ, მენის მსგავსად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა და ასევე გააჩუმეს თემის უხუცესებმა.
ფილმის მესამე მთავარი გმირი კი ეტია შვიდი შვილის დედა, რომლის დილემაც ყველაზე ამაღელვებელია. ქორწინება მახედ ექცა, დამთრგუნველ ვალდებულებებს თავს ვერ აღწევს ყოველ პარასკევს ქმარი სექსს აიძულებს, ის კი დამცირებას როგორღაც უძლებს. ეტი ფიქრობს, რომ თუ წასვლას მოინდომებს, სავარაუდოდ, შვილებს დაკარგავს. მისთვის განსაკუთრებით ძვირფასია ერთადერთი ქალიშვილი, რომელსაც, სხვებისგან ფარულად, დამოუკიდებლად მოაზროვნე ქალად ზრდის. ეტი დახმარებისთვის იმ ორგანიზაციას მიმართავს, რომელიც ყოფილ ხასიდებს ეხმარება და რომლის ლიდერიც ქალი რაბინი მას უდიდეს დახმარებას გაუწევს. მაგრამ ქმარი, ფულისა და ადვოკატების დახმარებით, პროცესს მოიგებს და შვილების ნახვას აუკრძალავს. მოგვიანებით ეს შეზღუდვა შერბილდება, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქალი ცრემლებით გამოეთხოვება თავის პატარებს.
ორთოდოქსი ებრაელობისაგან გამოყოფის თემა საკმაოდ ძველია ევროპულ ებრაულ ლიტერატურაში სათავის ძიებას გამანათლებლობის ხანამდე მივყავართ. თემის დამუშავების ყველაზე ადრეული მცდელობა, ალბათ, სალომონ მაიმონის ავტობიოგრაფიაა, რომელიც 1793 წელს გამოქვეყნდა. მაიმონმა, პოლონელ-ლიტველმა ებრაელმა, უკიდურესად ტრადიციულ ებრაულ გარემოში მხოლოდ შეზღუდული განათლება მიიღო. სახლში იდიშზე საუბრობდნენ, მან კი ებრაული ისწავლა თორასა და თალმუდის შესასწავლად, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაზე, კლასიკურ ენებზე, რომლებიც მოგვიანებით დასჭირდა ევროპულ სეკულარულ სამეცნიერო წრეებში.
მაიმონი ცნობისმოყვარე ბავშვი იყო, მეცნიერება და ფილოსოფია აინტერესებდა და რამდენიმე საერო წიგნსაც მიაგნო მამამისის ბიბლიოთეკის ქექვისას. განსაკუთრებით ასტრონომიის შესახებ დაწერილმა ტომმა დააინტერესა და ერთგვარი მოწყობილობაც კი შექმნა მზის სისტემის სტრუქტურის წარმოსადგენად. მან სწრაფად მოიპოვა ვუნდერკინდის რეპუტაცია, უმთავრსად თალმუდის ინტერპრეტაციების წყალობით. 11 წლის იყო, მდიდარი ებრაელები საკუთარი ქალიშვილების საქმროდ რომ განიხილავდნენ. მალევე დააქორწინეს, რამდენიმე წლის შემდეგ კი ორი შვილის მამაც გახდა. ოჯახის შესანახად ღონეს არ იშურებდა, მაგრამ ბოლოს მაინც ინტერესის დამაყოფილება გადაწყვიტა, ოჯახი დატოვა და ბერლინში გაემგზავრა მედიცინის შესასწავლად.
მიუხედავად იმისა, რომ ორთოდოქსული თემისაგან გამოყოფის შესახებ შექმნილ პირველ ტექსტად მიიჩნევა, ავტობიოგრაფიაში, ფაქტობრივად, ისეთივე კრიტიკაა სეკულარული და ქრისტიანული აღმოსავლეთ ევროპის საზოგადოებისა, როგორიც ებრაული ტრადიციისა. მაიმონი გამორჩეულად მიუთითებს პოლონელი არისტოკრატების თავქარიანობაზე, უმეცრებასა და გარყვნილებაზე. ერთი მათგანის, პრინც რაძივილის ამბავსაც მოგვთხრობს:
ერთხელ ერთი პატივსაცემი ებრაელი დალაქი იხმო. დალაქს ეგონა, რომ ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას სთხოვდნენ და სამედიცინო ინსტუმენტები წამოიღო. პრინცმა ჰკითხა: წამოიღე იარაღები? დიახ, თქვენო აღმატებულებავ, უპასუხა დალაქმა. კარგი, უთხრა პრინცმა. მომეცი ლანცეტი. ვენას გადაგიხსნი. რას იზამდა საწყალი დალაქი. პრინცმა ხელი დაავლო ლანცეტს, რომლის გამოყენებაც არ იცოდა და, რადგან ნასვამიც იყო, კაცი მძიმედ დაჭრა. გარშემომყოფებმა ღიმილით დაუკრეს ტაში და ქირურგის ტალანტიც შეუქეს.
ტრადიციული ორთოდოქსული გარემოს დატოვების თემა მომდევნო თაობების ევროპელ ებრაელ მწერალთა შემოქმედებაშიც გრძელდება. ისინი არა მხოლოდ აგებენ სხვადასხვა ნარატივს, მათ მეტაფორულ განზომილებასაც კი აძლევენ. ჰაინრიჰ ჰაინეს კლასიკურ, თუმცა კი დაუმთავრებელ ნაწარმოებში ბახარახის რაბინი (1840), რომლის მოქმედებაც შუა საუკუნეებში მიმდინარეობს, რაბინ აბრაამსა და მის ცოლს, სარას მშობლიური ქალაქის დატოვებას აიძულებენ, ცილს სწამებენ, რომ ისინი რიტუალური მკვლელობის მონაწილეები არიან. წყვილი ფრანკფურტში აღმოჩნდება, სადაც პირისპირ შეეჩეხება თანამედროვე კულტურას სიცოცხლით სავსე ბაზრობის სახით. სანახაობა იმდენად შეაშფოთებს რაბინს, რომ ცოლს თვალების დახუჭვას სთხოვს, გამოფენილმა სამშვენისებმა რომ არ აცდუნოს. იქვე მეძავებიც არიან, დაუფარავად რომ უხმობენ კლიენტებს და მღვდლებიც, პირჯვარს რომ იწერენ. იმედგაცრუებული აბრაამი და სარა თავშესაფარს ფრანკფურტის გეტოში პოულობენ, თუმცა იქ მათ კეთილგანწყობით სულაც არ ხვდებიან.
წყვილი აღმოაჩენს, რომ გეტო შიგნიდანაც ჩაკეტილია და გარედანაც. ხელისუფლების წარმომადგენლები ებრაელებს აიძულებენ, მითითებულ უბნებში იცხოვრონ, მაგრამ თავად ამ დასახლებებშიც მკაცრი კანონებია ამჯერად უკვე ებრაელების დაწესებული. როგორც ჯონათან სკოლნიკი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორი, შენიშნავს: ფრანკფურტი წარმოადგენს თანამედროვე მეტროპოლისს შუა საუკუნეებში ჩარჩენილი ბახარახის ფონზე და მისი ბაზრის მოედანიც ისეთ ადგილად იქცევა, სადაც თანამედროვე საზოგადოების იმ ასპექტებთან დაკავშირებული შიშები იყრის თავს, ტრადიციულ ებრაულ იდენტობას რომ ემუქრება (რწმენის ღალატი, გრძნობებს აყოლა და მატერიალიზმი). და მაინც, ებრაული სამყარო, რომელსაც აბრაამი და სარა გეტოს კედლებში პოულობენ, სულაც არ არის იდეალური თავშესაფარი.
ამავე ეპოქის სხვა გერმანელი მწერლებიც იკვლევდნენ ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის არსებული დაძაბულობის თემას, თუმცა გაქცევის მეტაფორას არ მიმართავდნენ. ის, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთად რჩებოდნენ, უფრო ამძაფრებდა დაძაბულობას (როგორც შტიზელში). ბოჰემიელი ლეოპოლდ კომპერტი მე-19 საუკუნის შუა წლებში მოთხრობებს აქვეყნებს, სადაც ტრადიციების მიმდევარ ებრაელთა შორის ცხოვრებას აღწერს და მათ მოუწოდებს, რაიმე სასარგებლო საქმიანობას, მაგალითად, სოფლის მეურნეობას მიჰყონ ხელი. ამავე დროს კულტურული თუ სულიერი დანაკარგებიც ადარდებს, რაც აუცილებლად მოჰყვება ასიმილაციას. ცოტა მოგვიანებით კარლ ემილ ფრანცოზი მშობლიურ გალიციურ სოფელს თბილ ფერებში წარმოგვიდგენს, თუმცა არც შეზღუდულობის ჩვენებას ერიდება. მაიმონის მსგავსად, ისიც მიუთითებს სოფლის გარეშემო მცხოვრებ არაებრაელთა, განსაკუთრებით დეკადენტ თავადთა ჩამორჩენილობაზე. მისი აზრით, სწორედ ამ ხალხის ბრალია, ებრალები რომ პროგრესს ფეხს ვერ უწყობენ. ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარში, რომან კლოუნში (1983) კი ფრანცოზის ხმას უფრო პესიმისტური ინტონაცია ეპარება ფიქრობს, რომ ჩაკეტილი თემების წარმომადგენლები ვერსდროს შეძლებენ ასიმილაციას.
ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის დაძაბულობის თემა კიდევ დიდხანს დარჩა ევროპულ ებრაულ ლიტერატურაში. ბუნებრივია, მან თავი იჩინა ამერიკულ ებრაულ ლიტერატურაშიც, მე-19 საუკუნის ბოლოს აგორებულ აღმოსავლეთევროპელ ემიგრანტთა ტალღასთან ერთად. აბრაამ კაჰანის `დავიდ ლევინსკის ამბოხსა (1917) და ანზია ეზერსკაიას დამპურებლებში (1917) ნაჩვენებია, ტრადიციებისადმი ერთგულება როგორ უშლის ხელს ზოგ ემიგრანტს ამერიკელად გახდომაში, სხვები კი, ვინც მალე აუღეს ალღო თანამედროვე ხანას, სტერილურ და უსულგულო ადამიანებად იქცევინ.
ორთოდოქსი ებრაელობისაგან გაქცევის შესახებ დაწერილი ყველაზე ცნობილი რომანი ალბათ ხაიმ პოტოკის რჩეულია (1967). ეს ორი ახალგაზრდის ხასიდისა და თანამედროვე ორთოდოქსის ამბავია, რომლებიც სკოლის ბეისბოლის მოედანზე დაწყებული დაპირისპირების შემდეგ დამეგობრდებიან. ორივე ბიჭს აღიზიანებს მამის სურვილი თავად განსაზღვროს შვილის მომავალი. დენის მშობელს სურს, მისი ვაჟი თავისი ხალხის სულიერი წინამძღოლი გახდეს. რუბენის მამას კი, პირიქით, ის უნდა, რომ შვილმა საერო პროფესია აირჩიოს. დენის ფსიქოლოგიის შესწავლა სურს, რუბენს კი თალმუდის. მართალია, რჩეული მე-20 საუკუნის შუა წლების ამერიკაშია დაწერილი, მაგრამ ზოგი ეპიზოდი პირდაპირ ეხმიანება მაიმონის ავტობიოგრაფიას მაგალითად, დენის მამა სამეცნიერო წიგნების წაკითხვას რომ უკრძალავს და ერთგვარად აიძულებს, წავიდეს და ჩუმად იკითხოს ისინი საჯარო ბიბლიოთეკაში.
რჩეული ოპტიმისტური განწყობით მთავრდება: რუბენი თალმუდს სწავლობს, დენი კი მამას ურიგდება მას შემდეგ, რაც დოქტორანტი ხდება კოლუმბიის უნივერსიტეტში. თუმცა თანამედროვე ფილმებსა თუ ტელესერიალებში ბედნიერ დასასრულს ვერ ვხვდებით. მიტოვებული თემი შეუცვლელი აღმოჩნდება, ახალგაზრდების უმრავლესობა კი ცუდად მომზადებული იმისათვის, რომ იმუშაოს, ურთიერთობა გააბას სხვებთან, სეკულარულ საზოგადოებაში იცხოვროს.
რატომ იღებენ ამ ფილმებსა და სერიალებს მაინცდამაინც ახლა? რატომ არის ისინი ასეთი პოპულარული? შული რუბინ შვარცი, ნიუ-იორკის ებრაული თეოლოგიური სემინარიის რექტორი, ამ ყველაფერს თავისებურად ხსნის. ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებულ ინტერვიუში შტიზელის შესახებ ამბობს: არის რაღაც ძალიან მომხიბვლელი ისეთ თემში, რომელიც თავის ღირებულებებს იცავს: მშობლებსა და უფროსებს პატივს სცემენ, ოჯახური კავშირები ძლიერია, მოკრძალებულად ცხოვრობენ. ჩვენ ასე აღარ ვცხოვრობთ, მაგრამ ეს ძალიან მოგვწონს. ის ასევე აღნიშნავს, რომ შტიზელის მსგავსი ფილმები ბევრ ებრაელს კიდევ უფრო უმყარებს წარმოდგენას, რომ ამ საზოგადოებას კლაუსტროფობიული ბუნება აქვს და ყველაფერი წესებით რეგულირდება.
და მაინც, კლაუსტროფობიით გატანჯულ ებრაელებს ეს ფილმები და სერიალები ერთგვარ მაშველ რგოლს სთავაზობენ იმით, რომ ყურადღებას ამახვილებენ ულტრაორთოდოქსული გარემოსათვის დამახასიათებელ გადამეტებებსა და პიროვნებისათვის მიყენებულ ზიანზე. როგორც ყოფილი ხასიდი ტრანსგენდერი ები სტეინი შენიშნავს, ასეთი მხილება ნამდვილად საჭიროა სწორედ მისნაირი ადამიანების დასაცავად, რომლებიც უარყოფილნი და გაძევებულნი არიან. ჩვენ ვერ გავაჩუმებთ მათ, ვინც იტანჯება ჩვენს თემში, ამბობს სტეინი და ასეთი ფილმებისა და სერიალების გადაღებას სიკვდილ-სიცოცხლის საქმეს უწოდებს.
რა თქმა უნდა, არაორთოდოქსი მხოლოდ ებრაელების საკამათო თემა არ არის. ლიბერალებისთვისა და ფემინისტებისთვისაც ბევრი რამაა საყურადღებო ამ მინისერიალში ისინიც ადვილად პოულობენ, ვინ უნდა გაამათრახონ. აქ ხომ თითქმის ყველა ის ღირებულება და პრაქტიკაა წარმოდგენილი, რასაც ლიბერალები უპირისპირდებიან. ფუნდამენტალისტურ რელიგიურ ანკლავებთან შედარებით კი, თავიანთი საზოგადოებები ბევრად უფრო მისაღებად ეჩვენებათ, მიუხედავად იქ გამეფებული მუდმივი უთანასწორობისა და უხარიათ კიდეც, როცა ვინმე მათკენ გარბის.
ამგვარი ლიბერალური აღშფოთება უნდა იყოს ის მიზეზი, რამაც სულ სხვა ნარატივის პოპულარობა განაპირობა. არაებრაელის, კეროლაინ ჯესოპის ბესტსელერი გაქცევა, რომელიც 2007 წელს გამოქვეყნდა, შთამბეჭდავად მოგვითხრობს მორმონთა პოლიგამიურ სექტასა და მახეში გაბმულ ქალზე. ავტორმა მკითხველის დიდი სიმპათია დაიმსახურა, გამომცემლობამ კი მას წიგნის მეორე ნაწილის დაწერა სთხოვა. თუმცა აიან ჰირსი ალის რომანი მოღალატე სხვაგვარი ბედისა აღმოჩნდა. მასში სომალელი მუსლიმების მკაცრ გარემოში გატარებული ბავშვობა და ამ გარემოდან გაქცევაა აღწერილი. წიგნის მრავალი ეგზემპლარი გაიყიდა, მაგრამ როგორც მუსლიმმა, ასევე არამუსლიმმა კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს ეს ნამუშევარი, რადგან ისლამოფობიურად მიიჩნიეს.
გარკვეული აზრით, ჰირსი ალის ერთგვარი უპირატესობაც კი ჰქონდა, ვიდრე სხვა გაქცეულებს ფუნდამენტალისტური გარემოდან. მართალია, მკაცრად აკონტროლებდნენ, როგორც მუსლიმ ქალს (ხუთი წლისას გენიტალიები დაუმახინჯეს), მაგრამ მან საკმაოდ კარგი განათლება მიიღო და ბევრს მოგზაურობდა ოჯახთან ერთად. ჰოდა, როცა იძულებით გაათხოვეს კანადაში, გამოსავლის პოვნა მოახერხა და ჰოლანდიაში გაიქცა, სადაც თავშესაფარი მიიღო, ჰოლანდიური ენა ისწავლა, მაგისტრის ხარისხი მოიპოვა და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც წარმატებით ჩაება. ამ ქვეყანაში საბოლოოდ დამკვიდრებამდეც კი იყენებდა ყველანაირ პლატფორმას იმისათვის, რომ ხმამაღლა ესაუბრა ისეთი პრაქტიკის გაუქმების აუცილებლობაზე, როგორიცაა ქალის გენიტალიების დამახინჯება და ე.წ. ღირსების მკვლელობა. ის განათლებული ისლამისაკენ მოუწოდებდა თანამოძმეებს იმ რელიგიისაკენ, რომელიც პატივს სცემს ქალებს. ქალთა უფლებების დასაცავად წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, 2004 წელს, მან მოკლემეტრაჟიანი ფილმი მორჩილება გადაიღო, რომელზეც რეჟისორ თეო ვან გოგთან ერთად იმუშავა. ამ თანამშრომლობას კი საბედისწერო შედეგი მოჰყვა: თეო ვან გოგი რადიკალი მუსლიმი მკვლელის სამიზნე გახდა, რომელიც ჰირსი ალისაც ემუქრებოდა.
ტრაგედიამ მწერალი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქცია და როცა წიგნის ინგლისური თარგმანი გამოქვეყნდა 2007 წელს, მან დიდი მოწონება დაიმსახურა. მაგრამ ჰირსი ალი მალევე აღმოჩნდა პოლიტიკური ქარიშხლის შუაგულში ის არა მხოლოდ მუსლიმურმა პოლიტიკურმა სპექტრმა გაკიცხა, მათ შორის ისლამისტმა აკადემიკოსმა ტარიკ რამადანმა, არამედ არამუსლიმმა კრიტიკოსებმაც. ბევრი ადანაშაულებდა რწმენის ღალატში. მარია გოლია, ეგვიპტეში დამკვიდრებული ამერიკელი ჟურნალისტი წერს: ჰირსი ალის ისლამის დადანაშაულება უფრო აინტერესებს, ვიდრე დაზარალებული ქალების დახმარება. ორი გამოჩენილი მემარცხენე ინტელექტუალი კი მასზე ერთგვარი ქედმაღლობით საუბრობს. იან ბურუმა მიიჩნევს, რომ მწერალი საკუთარმა გამოცდილებამ ტრამვირებული დატოვა და ტიმოთი გარტონი მას აღწერს, როგორც ცოტა ნაივურ განმანათლებელ-ფუნდამენტალისტს. ჰირსი ალიმ კრიტიკა არ მიიღო და განაცხადა, რომ თეთრ ლიბერალებს პოსტკოლონიური დანაშაულის განცდით გამოწვეული თვითცენზურა ახასიათებთ.
თუ მემარცხენეების ამ დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ ქალთმოძულეობის უფლებას რომ უტოვებენ რადიკალ ისლამისტებს, მაშინ აშკარა გახდება ორმაგი სტანდარტით მოქმედება ორთოდოქსი ებრაელების კრიტიკისას. გამოდის, რომ გაქცევის შესახებ ეს ებრაული ნარატივები შესაძლოა ანტისემიტიზმის გაღვივებასაც კი უწყობდეს ხელს. ელი სპიცერი გვაფრთხილებს: არაორთოდოქსს პრეტენზია აქვს, რომ ხასიდთა ცხოვრების პირველ რეალისტურ სურათს წარმოგვიდგენს, მაშინ როცა მისი თავზარდამცემი სურათი კარიკატურის დონესაც კი ვერ აღწევსო.
შესაძლოა მცდარი წარმოდგენა შეგვექმნას, რომ ასეთი შედეგები მხოლოდ ებრაულ ფუნდამენტალიზმს მოჰყვება. სამწუხაროდ, ეს ულტრაორთოდოქსული ნატარივები დღეს იმ გარემოში ჩნდება, სადაც ორმაგი სტანდარტებია და ანტისემიტიზმიც უფრო და უფრო იზრდება. ამაზე კი უნდა დავფიქრდეთ, როცა პანდემიით გამოწვეული შიმშილის დაცხრობას გაქცევის შესახებ მოყოლილი ისტორიებით ვცდილობთ.
სონია მიშელი