კორუფციის ფინანსური ინფრასტრუქტურა
ფისკალურ ოპტიმიზაციასა და კორუფციას შორის პარალელების სიმრაველ შემთხვევითი არაა. მიზნის მისაღწევად ისინი ერთი და იგივე მექანიზმებს იყენებენ.
უსაფრთხოების პოლიტიკით დაკავებული ხალხისთვის დიდი ხანია ნათელია ის საფრთხე, რომელსაც „კლეპტოკრატიული რეჟიმები“ და „სტრატეგიული კორუფცია“ ლიბერალური დემოკრატიების შიდა პოლიტიკას უქმნიან. ამ მოცემულობის კლასიკური გაგებით ავტორიტარული რეჟიმები გლობალური ფინანსური და ბიზნეს ინფრასტრუქტურის გამოყენებით დემოკრატიული საზოგადოებების პოლიტიკურ წრეებში აღწევენ, სადაც სხვადასხვა ბიზნეს ინტერესთა ჯგუფებზე გავლენით საკუთარი რეჟიმის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. არსებობს მაგალითები, როცა უცხო ქვეყნიდან წამოსული “შავი ფული“ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმული კანდიდატების სალაროებშიც კი ხვდებოდა, რაც მიმღები ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს აზიანებდა. ამ კონტექსტში “შავი ფული“, როგორც წესი, საგარეო პოლიტიკის პრობლემად განიხილება. შესაბამისად, უკანონო ფინანსური რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური სისტემების ფარგლებს გარეთ მოქმედ აქტორებსა და დასავლეთთან დაპირისპირებულ ავტორიტარებს მიეწერება.
ამ პრობლემის მხოლოდ “კორუფციის“ ან ძალაუფლებისთვის ბრძოლის კუთხით შეფასება არასწორი იქნება. ზემოხსენებულ საფრთხეებს ვერ განვიხილავთ გამართული სისტემის ხარვეზებად, რომელთა გამოსწორებისთვის რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების გატარება იქნება საკმარისი. ეს პრობლემები თანამედროვე საერთაშორისო ფინანსური სისტემის თანდაყოლილი თვისებებია. სამწუხაროდ, ეს სისტემა ერთნაირად ერთგულად ემსახურება მსოფლიო მოსახლეობის უმდიდრეს ნაწილს, მიუხედავად მათი ქონების წარმოშობისა. განვითარებადი ქვეყნების უმდიდრეს კლეპტოკრატები მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლების მსგავსი პრივილეგიებით სარგებლობენ. იმ ფორმით ფუნქციონირებისთვის, რომელიც საერთაშორისო ფინანსურმა ინფრასტრუქტურამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღო, მას ოფშორული წარმოშობის ფულის ე.წ. „ევროდოლარების“ შეუზღუდავი რაოდენობა სჭირდება. ეს ფული, რომელიც ერთი ხელმოწერითაა ხელმისაწვდომი, გლობალური ანგარიშსწორებისა და სავალუტო ოპერაციების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს ფინანსური რესურსები სახელმწიფოთა კონტროლს მიღმა, ანონიმურობის ფარდის ქვეშ ინახება, რაც შეუძლებელს ხდის კლეპტოკრატების მოქმედების ტრანსნაციონალური კორპორაციების კანონიერი „ფისკალური ოპტიმიზაციისგან“ გარჩევა. ამ „ბითუმად ხელმისაწვდომი ფულის“ გარეშე საფრთხეში მთლიანად გლობალური მონეტარული სისტემა ვარდება: ბანკების ოფშორულ ფინანსებზე დამოკიდებულების მასშტაბი ნებისმიერ მნიშვნელოვან დისტანცირებას გამორიცხავს.
კლეპტოკრატების დაუსჯელობისა და „შავი ფულის“ მოძრაობის აღკვეთისთვის ამ ვითარების არაკეთილსინდისიერი აქტორების მიერ საერთაშორისო სისტემის მანიპულაციად და ეროვნული უსაფრთხოების პრობლემად განხილვის ნაცვლად გლობალური მონეტარული სისტემის რადიკალური რეფორმაა საჭირო. აქ საქმე აკადემიურ განსხვავებებს არ ეხება. თუ კლეპტოკრატიას კორუფციის ერთ-ერთ ფორმად განვიხილავთ, პრობლემის გადასაწყვეტად ტრადიციული ანტი-კორუფციულ ზომების, გამჭვირვალეობის გაუმჯობესების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, მიღება დაგვჭირდება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ “ოფშორების“ პრობლემის სისტემურ ხასიათს ვაღიარებთ, დაგვჭირდება უფრო მრავლისმომცველი მიდგომა, რომელიც გლობალურ ფინანსურ რეფორმებს და შეერთებული შტატების მონეტარული გავლენის მობილიზებას მოითხოვს და თავად გლობალური კაპიტალიზმის „სისტემურ“ რეფორმასაც გულისხმობს.
„ევროდოლარის“ ფორმალური დეფინიციის მიხედვით ამ კატეგორიას მიეკუთვნება ნებისმიერი ამერიკული დოლარის დეპოზიტი შეერთებული შტატების გარეთ მდებარე საბანკო ინსტიტუტში. როგორ ასეთი, „ევროდლარი“ მხოლოდ საკრედიტო ინსტრუმენტია. მათ შეერთებული შტატების ფედერალური სისტემის ფორმალური უზრუნველყოფა არ გააჩნიათ. ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი საბანკო დეპოზიტებისგან განსხვავებით, „ევროდოლარების“ ღირებულებას არაფერი უზრუნველყოფს. „ევროდოლარების“ ფინანსური უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ბანკთაშორისი ხელშეკრულებების ნაკრებით, რომლებიც ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსს, ე.ს. ლიბორს, ეყრდნობიან. „ევროდოლარები“ ჩნდება, როცა არაამერიკული კომპანიები შეერთებული შტატების გარეთ მდებარე ბანკებში ათავსებენ ამერიკულ დოლარის დეპოზიტებს. ეს ბანკები ამ დეპოზიტებს სესხის სახით აძლევენ ამერიკული დოლარის საჭიროების მქონე სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს.
როგორც ვხედავთ, „ევროდოლარების“ წარმოშობის პირველი რგოლი ამერიკულ ბანკებსა და მათ უცხოურ ფილიალებს შორის განხორციელებული ბანკთაშორისი ტრანზაქციებია. ოფიციალური საბანკო სისტემის თვალსაზრისით, ეს დოლარები შეერთებული შტატების საბანკო სისტემას არ ტოვებენ.
ტერმინი „ევროდოლარი“ ხშირად არა მარტო ზემოხსენებული საბაზრო ინსტრუმენტის აღსაწერად, არამედ ზოგადად, დოლარის გლობალური მიწოდების ფორმების ერთობლიობის აღსაწერად გამოიყენება. ეს ბაზარი და მისი ინსტრუმენტები – სავალუტო სვოპები, რეპო ოპერაციები, აქტივებით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები – „ჩრდილოვანი საბანკო სისტემის“ ხერხემალს ქმნიან. შესაძლოა „ჩრდილოვანი“ საბანკო საქმიანობა საბანკო ოპერაციების რეგისტრირებული საბანკო ჰოლდინგების გვერდის ავლით ჩატარებასაც ვუწოდოთ. აკადემიურ წრეებში არასდროს შემწყდარა დებატი იმის თაობაზე თუ რა უნდა ჩაითვალოს დეპოზიტად ამ სისტემაში, თუმცა ზოგადი კონსენსუსი შედგა, რომ „ჩრდილოვანი საბანკო სისტემის“ ფუნქციონირების საკვანძო ელემენტი ოფშორულ ზონების საბანკო სისტემებში განთავსებული ნაღდი ფულის დიდი მოცულობებია. გაჩნდა ფინანსური აქტივების მართვის მენეჯერთა ახალი და მრავალრიცხოვანი კატეგორია, რომელიც ცდილობს ნაღდი ფულის ამ უზარმაზარი მასის რენტაბელურ ინვესტიციასა და “გაცოცხლებას“.
ამგვარად, „ევროდოლარის“ სისტემას ჰიბრიდული ხასიათი აქვს: დოლარის დენომინაცია სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების, მოქმედებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ამავე დროს, კერძო სტრუქტურებით იმართება. ეს ორსახა ბუნება შემთხვევითი არ არის, ეს პოლიტიკურ არჩევანთა შედეგია. პოპულარული ლეგენდის თანახმად დოლარის ოფშორული ბაზარი შეიქმნა მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი მისი დოლარის დეპოზიტების განთავსებას ამერიკული საბანკო სისტემის გარეთ ეძებდა. ეს ვაშინგტონის მიერ საბჭოთა კავშირის ანგარიშების გაყინვისგან დასაცავად იყო საჭირო. უფრო რეალისტური ჩანს „ევროდოლარის“ ბაზრის შექმნის თეორია, რომელიც მის ჩამოყალიბებას კორპორაციებს შორის სავალუტო ვალდებულებების ბრეტონ-ვუდსის დროინდელი კაპიტალის კონტროლის მექანიზმების გვერდის ავლით გაცვლის აუცილებლობას მიაწერს. ეს გაცვლები დროთა განმავლობაში ბაზრებად ჩამოყალიბდნენ. ფინანსურმა რეგულატორებმა ამ სისტემის კოორდინირებულ კონტროლზე ხელი 1970-იან წლებში, ბრეტონ-ვუდსის სისტემის დაშლის დასაწყისთან ერთად აიღეს საბოლოოდ ხელი. ეს დრო ითვლება ფინანსური გლობალიზაციის დასაწყისად. ამავე დროს, ხშირად მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების ხელშეწყობით, გაჩნდა ფინანსური კონსულტანტების ახალი ნაირსახეობა, რომელიც ახლად დეკოლონიზებულ ქვეყნებს მათ ტერიტორიაზე ოფშორული ფინანსური ცენტრების ჩამოყალიბების აუცილებლობაში არწმუნებდა.
„ჩრდილოვანი საბანკო სისტემის“ არსებობა უკიდურესად ართულებს როგორც სახელმწიფო და გლობალურ ფინანსურ სისტემებს შორის გამყოფი ხაზების გავლებას, ისე ლეგიტიმური ფინანსური ტრანზაქციების კლეპტოკრატიული და კორუფციული გარიგებებისგან გარჩევას. „პანამის დოკუმენტების“ მსგავსი მასალების გამოქვეყნება ამ ოფშორულ სტრუქტურებზე უფრო ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის. ცხადი ხდება, რომ ამ სტრუქტურებში თავს იყრის როგორც პოლიტიკური კორუფციის შედეგად მიღებული თანხები, ისე “ჩვეულებრივი“ ფისკალური ოპტიმიზაციის შედეგები. ამ ფინანსური ოპერაციების ანალიზი ცხადყოფს იმ უკიდურეს მსგავსებას, რომელიც ამ ორი სახის ტრანზაქციებს შორისაა, რაც მათ ერთმანეთისგან გარჩევს პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
მაგალითად ავიღოთ „ორმაგი ირლანდიური“, ფარმაცევტული და ტექნოლოგიური კომპანიების მიერ გადასახადების ოპტიმიზაციის რჩეული სქემა. კომპანია „ა“ კალიფორნიაში პროგრამული უზრუნველყოფის ახალ პროდუქტს, ე.წ. „სოფტს“ ქმნის. ამ „სოფტის“ პატენტს ის კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანიაზე ერთ დოლარად ასხვისებს. პატენტის მფლობელი კომპანია პატენტის ღირებულებას ხელმეორედ აფასებს, მას 100 დოლარს უტოლებს და კომპანია „ა“-ს ირლანდიურ ფილიალს მისი გამოყენების უფლებას „აძლევს“. ირლანდიური ფილიალი ამ უფლებას „სოფტის“ ევროპაში კომერციალიზაციისთვის იყენებს. ირლანდიური ფილიალი „სოფტის“ გაყიდვასთან დაკავშირებულ გადასახადებს ევროპაში იხდის, ლიცენზიასთან დაკავშირებულ გადასახადებს კი კაიმანის კუნძულებზე მდებარე კომპანიას შეთანხმებისამებრ ამერიკულ დოლარებში უხდის. ევროში მიღებული შემოსავლის დოლარის დეპოზიტად ქცევით და მისი კაიმანის კუნძულებზე ლეგალურად განთავსებით ირლანდიური ფილიალი „ევროდოლარის“ ბაზარზე შედის. კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანიას ახლა შეუძლია მის შემქმნელი კომპანიისთვის ნულოვანი პროცენტის სესხის გაცემა ან მისი რომელიმე აქტივის ყიდვა, რითიც მოგება კომპანია „ა“-ს ანგარიშზე აღწევს მინიმალური გადასახადის გადახდით. ფისკალური ოპტიმიზაცია კანონის დარღვევის გარეშე შედგა.
ახლა განვიხილოთ „კლეპტოკრატიული ტრანზაქცია“, რომელიც ანალოგიურ ფინანსურ არხებს იყენებს. „ა“ ქვეყნის „პოლიტიკურად აქტიურ პირს“ სახელმწიფო კომპანიის პრივატიზაციისგან უკანონო სარგებლის მიღება სურს. ამისთვის ის ქმნის კომპანიას, რომელსაც კვიპროსზე არეგისტრირებს. ნულოვანი ღირებულების მქონე კვიპროსული კომპანია და „ა“ ქვეყნის პრივატიზაციისთვის განკუთვნილი კომპანია აქციებს ცვლიან. კვიპროსული კომპანია მიღებულ აქციებს საბაზრო ფასად ყიდის და ლეგალურად მიღებულ თანხას „პოლიტიკურად აქტიური პირის“ მიერ კაიმანის კუნძულებზე დაფუძნებული მეორე კომპანიის ანგარიშზე ათავსებს, რითიც ამ თანხისგან საგადასახადო ვალდებულებებისგან დაცულ ამერიკული დოლარის დეპოზიტს ქმნის. ახლა „პოლიტიკურად აქტიურ პირს“ ამ თანხებით ლონდონში უძრავი ქონების შეძენა, ფინანსური ინვესტირება ან ამერიკელი ლობისტების დაქირავება შეუძლია. ამ შემთხვევაშიც, კაიმანის კუნძულებზე დოლარის დეპოზიტი ისე შეიქმნა, რომ „ა“ ქვეყნის შიდა კანონმდებლობის დარღვევის გარდა, არალეგალური არაფერი მომხდარა.
კორუფციულ გარიგებებსა და ფისკალურ ოპტიმიზაციას შორის მსგავსება იმდენად ძლიერია, რომ ამ უკანასკნელის კანონიერებას მხოლოდ შეერთებული შტატების მიერ დე-იურე ლეგალიზაცია განაპირობებს. მათ ერთმანეთისგან გარჩევას ისიც ართულებს, რომ ორივე სქემის შედეგად შექმნილი „ევროდოლარების“ დეპოზიტების გამოყენებაც ერთნაირად შეიძლება და მათი სავაჭროდ, საინვესტიციოდ თუ შესყიდვისთვის გამოყენებისას ვერავინ მიხვდება თუ რომელი სქემის შედეგადაა ისინი მიღებული. შესაბამისად, დღეს არსებული ფინანსური სისტემის შეუცვლელად დატოვებას ბევრი მომხრე ჰყავს.
გლობალიზებული ოფშორული ფინანსური სისტემა ბრეტონ-ვუდსის სისტემის დაშლისას, გლობალური ელიტის საჭიროებების მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე დაკმაყოფილებისთვის შეიქმნა. მართალია ამ გლობალისტი ელიტის ინტერესები შეერთებული შტატების ინტერესებს დიდწილად არ უპირისპირდებოდა, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა იმ ზარალს რომელსაც „ოფშორული ეკონომიკა“ ამერიკასა და სხვა ქვეყნებს მიაყენებდა დაფარული გადასახადებით, უკანონო პრივატიზაციითა და კორუფციის ხელშეწყობით. ახლა, როცა აშკარა გახდა, რომ ამ ჩრდილოვანი ეკონომიკის ინსტრუმენტებს ტრანსნაციონალურ კორპორაციებთან ერთად ამერიკის მოწინააღმდეგეებთან დაკავშირებული ძალებიც იყენებენ, ოფშორული სისტემის საკითხი ამერიკის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგის ნაწილად იქცა.
იმ ზომებს შორის, რომლებიც დღეს ამ პრობლემების გადასაჭრელად განიხილება, შეხვდებით ფინანსური გამჭვირვალეობის გაზრდის მართლაც ეფექტურ ინსტრუმენტებს, თუმცა წინადადებების უმეტესობა ოფშორებზე წვდომის შეზღუდვის წარუმატებელ ცდად თუ დარჩება. მართლაც, ბენეფიციარ მესაკუთრეებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომელსაც ვაშინგტონში არაერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა, ამერიკელ პოლიტიკოსებს მათ უცხოელ კოლეგებზე გამჭვირვალეობის გაუმჯობესებისთვის დიპლომატიური ზეწოლის ბერკეტებს გაუზრდის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ კანონმდებლობის მეორე მხარეც, რომელიც გააუმჯობესებს ცოდნას თავად ამერიკელთა კავშირებზე ამ ოფშორულ ზონებთან. ისმის კითხვები, თუ რამდენად საკმარისი იქნება შეერთებული შტატების მიერ კანონმდებლობის გამკაცრება ოფშორული სისტემის მიერ შექმნილი სუვერენიტეტის „მკვდარი ზონების“ აღკვეთისთვის. კორუმპირებულ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ღირსეული და კეთილშობილი საქმეა, მაგრამ კლეპტოკრატთა გაძლიერების ძირეული მიზეზების აღმოფხვრის გარეშე არაფერი გამოვა. მათი ფინანსური რესურსების დაცულობის ერთი-ერთი უმთავრესი მიზეზი ოფშორულ ქსელებში კაპიტალის მიმოქცევის სიმარტივეა. გარდა ამისა, შესაბამისი სტრატეგიაზე მსჯელობისას არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ასეთი ტრანზაქციები დოლარის საეთაშორისო მიმოქცევის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. თუ ვაშინგტონი ოფშორულ სისტემებთან და კლეპტოკრატიასთან ბრძოლაზე მართლაც ფიქრობს, უნდა არსებობდეს იმ გლობალურ ფინანსურ სისტემაზე ზუსტი წარმოდგენაც, რომელმაც დღევანდელი სისტემის სტრუქტურები უნდა ჩაანაცვლოს. ბრეტონ-ვუდსის კონფერენციაზე ჯონ მეინარდ კეინზის მიერ წამოჭრილი იყო გლობალური საკლირინგო სისტემის შექმნა, რომელშიც ახალი საერთაშორისო ვალუტა, ბანკორი, იმოქმედებდა. სახელმწიფოები ბანკორს არ გამოიყენებდნენ, მას მხოლოდ ანგარიშებზე შეინახავდნენ. ანგარიშზე ზედმეტობის შემთხვევაში ნეგატიური საპროცენტო განაკვეთი იყო გათვალისწინებული, რაც მდიდარ ქვეყნებს იმ ქვეყნებისთვის ფულის სესხებისთვის უბიძგებდა, რომლებსაც ფინანსური რესურსი ესაჭიროებოდათ. კაპიტალის კონტროლი კერძო საერთაშორისო ფინანსების მოთოკვის საშუალებას ქმნიდა.
დღეს ახალი ბრეტონ-ვუდსი ძნელი წარმოსადგენია. მიუხედავად ამისა, შეერთებულ შტატებს შეუძლია მისი ცალკეული კომპონენტების სიმულაცია, მაგალითად, ამა თუ იმ ქვეყნისთვის ოფშორული სისტემის სატრანზიტო პუნქტის ფუნქციის შესრულების მოტივაციის გაქრობა. კაიმანის კუნძულების მსგავსი ქვეყნებისთვის მათ ტერიტორიაზე საგადასახადო თავშესაფრის შექმნის მთავარი მიზანი უცხოური ვალუტის მოზიდვა და ამით საკუთარი პროექტების ფინანსური უზრუნველყოფაა. მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ გზით ადგილობრივი ვალუტის დოლართან მიმართებაში მყარი კურსის შენარჩუნება. შეერთებული შტატები კაიმანის კუნძულების ვალუტის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნების ბერკეტს ფლობს: ეს ცენტრალურ ბანკებს შორის სავალუტო გაცვლის ოპერაციების, სვოპების, ხაზია. ბანკთაშორისი საკონვერსიო ოპერაციები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2008 წლის ფინანსური კრიზისისას გახდა ცნობილი. მაშინ ფედერალურმა რეზერვმა ცენტრალურ ბანკებს მათი ლოკალური ვალუტის დოლარზე გადაცვლის უფლება მისცა, რასაც „ევროდოლარების“ დეპოზიტების სტაბილურობა უნდა შეენარჩუნებინა. კოვიდ-19-ის პანდემიისას ცენტრალურ ბანკებს შორის მასშტაბურმა საკონვერსიო ოპერაციებმა საყოველთაო ეკონომიკური კოლაფსის აღკვეთა მოახერხეს. ვაშინგტონი უნდა დაფიქრდეს ფრთხილი მაკროეკონომიკური პოლიტიკის, თავისუფალი ვაჭრობის პრაქტიკის და გამჭვირვალე ფინანსური სისტემის მქონე ქვეყნებისთვის ფედერალურ რეზერვთან საკონვერსიო ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობის მინიჭებაზე.
თუ შეერთებული შტატები გლობალურ კორუფციასთან ბრძოლას მართლაც სერიოზულად ეკიდება და ამ ფენომენს ეროვნული უსაფრთხოების საკითხად თვლის, მისი ხელშემწყობი ფაქტორები საფუძვლიანად უნდა ამოიძირკვოს. გლობალური კორუფციის დასუსტებისთვის კერძო ოფშორული საბანკო ოპერაციების და „ევროდოლარების“ დაგროვების პრაქტიკა უნდა შეწყდეს როგორც შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ, ისე მათ შიგნითაც.
ამ კუთხით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს, მსოფლიოს მთავარი ვალუტის პატრონს, ეკისრება. გლობალური შუამავლობის ფუნქციის კერძო აქტორებისთვის ჩამორთმევის გარეშე კლეპტოკრატიის პრობლემა ვერასდროს მოგვარდება. როცა ეს ახალი საფრთხეები ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აისახება, გათვალისწინებული უნდა იყოს რომ მთავარი პრობლემა არა კორუმპირებულ კლეპტოკრატთა და ოლიგარქთა ერთობლიობა, არამედ თავად გლობალური კაპიტალიზმის სტრუქტურაა.
იაკობ ფეიგინი
იაკობ ფეიგინი ბერგრუენის ინსტიტუტის “ახალი კაპიტალიზმის” პროგრამის ასოცირებული დირექტორია