კონტროლის დაბრუნება
„კონტროლის დაკარგვა“ – ასე შეიძლება მოკლედ დახასიათდეს შეერთებული შტატების ბოლო რამდენიმე ათწლეულის საიმიგრაციო პოლიტიკა. ასეთივე სათაური აქვს სასარგებლო ინფორმაციითა და ანალიტიკური მასალით მოულოდნელად მდიდარ წიგნს, რომელიც იმიგრაციის თემაზე ვეტერანმა ჟურნალისტმა, ჯერი კემერმა, ახალხან გამოსცა.
„მოულოდნელად“, რადგან უკანასკნელი 10 თუ 20 წლის განმავლობაში იმიგრაციის თემაზე ათეულობით დაწერილი წიგნები, ძირითადად, ერთსა და იმავე, გაცვეთილ მეთოდს იყენებს. ამ წიგნებში აღწერილია ამერიკისკენ წამოსული გაჭირვებული ადამიანების გმირული თავგადასავალი, რომელიც აუცილებლადაა შედარებული ამერიკელთა წინაპრების გამოცდილებასთან. „კონტროლის დაკარგვა“ ნამდვილად კარგი კრებსითი სათაური იქნებოდა იმიგრაციის გაშუქებით დაკავებული ჟურნალისტების მასალებისთვის, რომლებშიც ობიექტურობა დიდი ხნის წინ ჩაანაცვლა ემპათიამ, ისტორიული სიზუსტე კი ემიგრანტული წარსულის რომანტიზაციამ შეცვალა.
ჯერი კემერის შემთხვევა განსხვავებულია. ჟურნალისტური საქმიანობა მან „ნავახო თაიმზში“ დაიწყო, შემდეგ კი „არიზონა რიფაბლიკში“ და „სან დიეგო თრიბიუნში“ გააგრძელა. რობერტ კენედის სახელობის ჟურნალისტური პრემია კემერმა შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვრის გასწვრივ მდებარე არალეგალურ ფაბრიკებში დასაქმებულთა სიცოცხლისთვის საშიშ სამუშაო პირობებზე გაკეთებული რეპორტაჟებისთვის მიიღო. ჯერალდ ლობის ჯილდო მას ფენიქსელი ფინანსისტის ჩარლზ კიტინგ უმცროსის და 1980-90-იანი წლებში სესხებთან დაკავშირებულ კრიზისზე დაწერილი სტატიებისთვის გადაეცა. ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელიც კემერმა მისი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში მიიღო პულიცერის პრემია იყო. მის მიერ კორუფციული გარიგების გამოაშკარავების შედეგად კალიფორნიელი კონგრესმენი რენდი კანინგემი დააპატიმრეს. კემერი ახლა ვაშინგტონში მდებარე „იმიგრაციის შესწავლის ცენტრის“ უფროსი მკვლევარია.
თუ ამ ყველაფერმა თქვენი ყურადღება მიიპყრო, კემერის წიგნის წაკითხვას გირჩევთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის მიმართ არსებულ კრიტიკულ შეხედულებებს იზიარებთ, მის მიერ მოყვანილი დეტალები და ინფორმაცია საინტერესო და მრავლისმთქმელი მოგეჩვენებათ. საკუთარ შეხედულებებზე ის ღიად საუბრობს და საკმაოდ სამართლიანადაც ეპყრობა მათ. მისი დამსაქმებელი ორგანიზაციის მემარჯვენე წრეების მიერ დაფინანსების მიუხედავად, კემერი საკუთარ თავს ლიბერალად მიიჩნევს და იმიგრაციის შეზღუდვის მომხრე მემარჯვენეებთან სიახლოვეს ვერ გრძნობს. ის საკუთარ თავს იმიგრაციის „რეგულაციონისტს“ უწოდებს, თუმცა აღიარებს, რომ ასეთი იარლიყი საჯარო ცხოვრებაში გამოუსადეგარი იქნება. საბოლოო ჯამში, კეტერი თავს „ლიბერალ რესტრიქციონისტს“ უწოდებს. ამ პოზიციას ის ხსნის როგორც „კანონის მკაფიო ნორმების და მათი აღსრულების მხარდაჭერას, იმიგრანტების ამერიკის ისტორიის მამოძრავებელ ძალად აღიარებას და მათი ლეგალური სტატუსის მიუხედავად “დემონიზაციის“ დაუშვებლობას.“ კრემერი მხარს უჭერს „სიღრმისეულ საიმიგრაციო რეფორმას, რომელიც საყოველთაო ამნისტიას გაითვალისწინებს.“
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ფაქტია, რომ კემერი იმ მესაკუთრეს გავს, რომლის მიწის ნაკვეთის ფასი ვარდნას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელებს. ამიტომ, თუ საკითხს ამ კუთხით უდგებით, მისი წიგნის წაკითხვას ვერ გირჩევთ. მაგრამ, თუ დღევანდელ ვითარებაზე პასუხისმგებელი ხალხის, პოლიტიკისა და ინსტიტუციური დინამიკის შესახებ მეტის გაგება გსურთ, ეს წიგნი თქვენთვისაა. დონალდ ტრამპის კატასტროფულ პრეზიდენტობას გზა სხვა ყველა საკითხზე მეტად სწორედ იმიგრაციამ გაუკვალა და აქ ნათლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კემერი 45-ე პრეზიდენტის მომხრეთა რიგებს არ მიეკუთვნება.
კემერი სიტყვებით თამაშზე უარს ამბობს. ის აღიარებს, რომ ისეთი ტერმინები როგორიც “უკანონო იმიგრანტი“ ან “უსაბუთო იმიგრანტია“ არასწორად მიაჩნია, თუმცა მკითხველს აფრთხილებს, რომ მათ წიგნში გამოიყენებს. მის წიგნში ვერ შეხვდებით მის კრიტიკოსებთან ან ოპონენტებთან ანგარიშსწორებას, პირიქით, იმიგრაციის პოლიტიკაზე გავლენის მქონე პიროვნებების პორტრეტები ემპათიითა და პატივისცემითაა გამსჭვალული. ყოფილ რესპუბლიკელ სენატორ ალენ სიპსონს, რომელიც 1980-90-იანი წლების იმიგრაციის პოლიტიკაში საკვანძო როლს ასრულებდა, კემერი ასე ახასიათებს: „ის ცნობილი იყო, ერთდროულად, როგორც მეგობრული და ამავე დროს, ხისტი ადამიანი. გამხდარი და მაღალი ალენი, ზოგს ჯიმი სტიუარტს, ზოგს კი „იოზემაით სემს“ აგონებდა.“ ვილმა მარტინესი, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი არგენტინაში და წარსულში გავლენიანი ორგანიზაციის, „ამერიკელი მექსიკელების სამართლებრივი დაცვისა და განათლების ფონდის“, თავმჯდომარე, რომელთანაც კემერი მუდმივი ოპონირების რეჟიმში იყო, მის წიგნში აღწერილია როგორც, „მძლავრი ინტელექტისა და პიროვნული მიმზიდველობის მქონე ქალი, რომლის შეხედულებებს ამერიკელი მექსიკელების დისკრიმინაციის ხანგრძლივი ისტორია უმაგრებდა ზურგს.“
კემერი ასევე ობიექტურად ცდილობს მიუდგეს ნიუ-იორკელ სენატორ ჩაკ შუმერს, რომელსაც „გარიგებების შეუჩერებელ დამდებს“ უწოდებს. როგორც მის გარემოცვაში ნახევრად ხუმრობით ამბობდნენ, გარიგებებისადმი მოუთოკავი მიდრეკილების გამო შუმერი მის თანამშრომლებს შორის ქორწინებების ორგანიზებისგანაც კი არ იხევდა უკან. შუმერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 1986 წელს „იმიგრაციის რეფორმისა და კონტროლის აქტის“ (IRCA) მიღებაში.
შუმერის წარმატების საიდუმლო ინგრედიენტი „სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა სპეციალური პროგრამა (SAW) იყო“. ეს პროგრამა ლეგალიზაციისა და მოქალაქეობის მიღების გზას სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ იმიგრანტებს აძლევდა. ამ პროგრამის ქვეყანაში უკანონოდ შემოსულ ბენეფიციარებს დასაქმების 90 დღე ლეგალიზაციისა და მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას უხსნიდა. სხვა სფეროში დასაქმებულ არალეგალ იმიგრანტს ანალოგიური შესაძლებლობის მიღებისთვის ქვეყანაში ცხოვრებისა და დასაქმების მინიმუმ ხუთი წელი დასჭირდებოდა. მათი სამუშაო ძალის უსაფრთხოებით დაინტერესებულ ფერმერთა ინტერესების SAW-ით დაკმაყოფილება ის მინიმუმი იყო, რომელიც იმიგრაციის ნებისმიერი რეფორმის დასაწყებად იყო საჭირო. სხვადასხვა შეფასებით ამ შესაძლებლობით დაუმსახურებლად ერთმა მილიონმა არალეგალმა იმიგრანტმა ისარგებლა. ეს, ძირითადად, სამუშაო კონტრაქტის, სახელფასო ცნობების და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის გაყალბების გზით ხდებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, „ნიუ-იორკ თაიმზის“ ჟურნალისტმა, რობერ სურომ, „სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა სპეციალურ პროგრამას“ „ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითობა“ უწოდა. მიუხედავად ამისა, კემერი იმიგრაციის საკითხებში შუმერის მოქმედებასა და ძალისხმევას „კეთილსინდისიერს“ უწოდებს.
კემერი ასეთივე მიუკერძოებელია პრეზიდენტ ობამას საიმიგრაციო პოლიტიკაზე საუბრისას. ის აღიარებს იმ წნეხს, რომელსაც ობამა ესპანურენოვანი ამომრჩევლებისგან განიცდიდა არჩევნების წელს და ლმობიერად ეკიდება მის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას. კემერი არ იზიარებს დონალდ ტრამპის მიერ ობამას მისამართით იმიგრაციის პოლიტიკაზე გამოთქმულ კრიტიკას: ის თვლის, რომ „ტრამპი ჯერაც ვერ გარკვეულა რომ შეერთებული შტატების კანონმდებლობა და საერთაშორისო ვალდებულებები ობამას ადმინისტრაციას თავშესაფრის მთხოვნელებისთვის ამის გაკეთების საშუალების მიცემას აიძულებდა.“
დორის მაისნერმა, რომელიც ახლა გაუქმებული „იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სერვისის“ (INS) კომისარი რვა წლის განმავლობაში იყო, კემერის მიერ ინტერვიუს მისთვის გაგზავნილ თხოვნას უარით უპასუხა. მიუხედავად ამისა, კემერის მიერ მისი შეფასება ანალოგიურად სამართლიანია, თუმცა კრიტიკულია. ის ციტირებს INS-ის ყოფილ თანამშრომელს, რომელიც მაისნერს იმიგრაციის საკითხებში „ერთ-ერთ ყველაზე გათვითცნობიერებულ ამერიკელს უწოდებს. თუმცა კემერი ხაზს უსვამს თუ როგორ გამოიწვია საიმიგრაციო სერვისის მაისნერისეულმა ხედვამ ნატურალიზაციის მოუქნელი და მოძველებული პროცედურების დამკვიდრება. ასეთმა მიდგომამ იმ აგენტებისა და მენეჯერების გაუცხოვება გამოიწვია, რომლებიც „კანონის უზენაესობის კონსერვატიულ კულტურას მიაკუთვნებდნენ თავს.“ როგორც INS-ის ერთ-ერთი ყოფილი ანალიტიკოსმა თქვა, „კანონის ძალის სრულად გამოყენებასთან დორისი არაკომფორტულად იყო… დაცვაზე მეტად მას გაცემა ეხერხებოდა.“ კემერი ასკვნის, რომ INS-ის წიაღში კანონის მკაცრად დაცვისა და მოქალაქეობის უფრო ლიბერალურად გაცემის მომხრეთა შორის წარმოქმნილი უთანხმოება „ის მიკრო მოდელი იყო, რომელიც შემდგომში დანარჩენ საზოგადოებას მოიცავს.“
ყველაზე მძიმე ბრალდება, რასაც კემერი მაისნერის მიმართ გამოთქვამს, მისი ზედმეტად ლმობიერი მიდგომის გამო ტერორისტული საფრთხის უგულებელყოფაა. ამ საკითხზე კემერი მაისნერის ყოფილი მოადგილის ინტერვიუს ეყრდნობა. ამ ინტერვიუში რესპონდენტი აცხადებდა, რომ 1995 წელს მაისნერს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ტერორისტული საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. გაფრთხილება მაისნერმა უყურადღებოდ დატოვა. ძნელია ახლა გაერკვე, თუ რა მოხდა სინამდვილეში და რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ახლა. თუმცა 8 წლის შემდეგ, როცა მაისნერი 11 სექტემბრის კომისიის წევრების მიერ გამოიკითხა, მან ჩვენებაში აღნიშნა, რომ ბინ ლადენის შესახებ არასდროს სმენია და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ 2001 წლის აგვისტოში, INS-დან წამოსვლიდან 10 თვის შემდეგ, შეიტყო.
ასეთივე მიუკერძოებელია კემერი იმიგრაციის შესახებ გაჩაღებული იდეოლოგიური დებატების მეორე მხრისადმი. ის გამორჩეულად კრიტიკულია ტრამპის საყვარელი არიზონელი შერიფის, ჯო არპაიოს მიმართ. კემერი „ამერიკის ყველაზე მაგარ შერიფს“ ოპორტუნისტად აფასებს. არპაიოს მიერ უსაბუთო მიგრანტებზე ძალადობა და მათი შევიწროვება შეერთებულ შტატებს „სასამართლო ხარჯებისა და კომპენსაციების სახით ათობით მილიონი დოლარი დაუჯდა.“ მეორე მხრივ, კემერი ხაზს უსვამს, რომ იმიგრანტთა დამცველთა მიერ 2006 და 2007 წლებში ფინიქსში ორგანიზებული ასობით ათასი მოქალაქის საპროტესტო აქციებით მათ არპაიოს არგუმენტები გაამყარეს, არიზონელებში კი ის შიშები გააღვივეს, რომელთა მიხედვით შტატი დაჩქარებულ “მექსიკანიზაციას“ განიცდიდა.
აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმის დიდი ნაწილი, რასაც კემერი წერს, ახალი ამბავი არც ვაშინგტონშია და არც იმათთვის არის, ვინც საიმიგრაციო პოლიტიკის პერიპეტიებს საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში მისდევს. და საქმეც სწორედ ამაშია. ეს წიგნი ბევრ საკითხში გასარკვევად აუცილებელ და საინტერესო ინფორმაციას შეიცავს და იმ ამერიკელთა საყურადღებოდაა დაწერილი, რომლებსაც იმიგრანტ ბებიებზე გულისამაჩუყებელი ამბების მოსმენა მობეზრდათ და ამ დამაბნეველ საკითხში გარკვევა სურთ. გარდა საიმიგრაციო პოლიტიკაში ჩართული პიროვნებებისა და მათი სტრატეგიის მკითხველებისთვის ახსნისა, ავტორი იმ ინსტიტუტებსა აღწერს, რომელთა გამოყენებას საკუთარი მიზნების მისაღწევად ზემოხსენებული პიროვნებები ცდილობენ. ამ კუთხით საინტერესოა მის მიერ ყურადღების გამახვილება „ნიუ-იორკ თაიმსში“ მიმდინარე პროცესებზე. კემერი გვაჩვენებს, თუ როგორ გადაიქცა ეს ინსტიტუტი იმიგრაციის სახისა და ელიტების შეხედულებების ჩამოყალიბების მედიუმად.
კონტროლის დაკარგვა: როგორ შეაჩერა მემარჯვენე-მემარცხენეთა კოალიციამ საიმიგრაციო სისტემის რეფორმა, რომლის ჩავარდნამ ტრამპის გამარჯვება განაპირობა
ჯერი კემერი
Center for Immigration Studies, 2020
ერთ-ერთ თავში კემერი გაზეთის განვითარების ტრაექტორიის შესახებ მოგვითხრობს და დეტალურად აღწერს, თუ როგორ იცვლებოდა იმიგრაციის საკითხის გაშუქება „ნიუ-იორკ თაიმსის“ გამომცემლის არტურ სალცბერგერ უფროსის და მისი მემკვიდრის არტურ უმცროსის მმართველობის პერიოდებში. პირველის შემთხვევაში, იმიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს გაზეთი „ზომიერად და ნაკლები მორალიზმით აშუქებდა. იქ ესმოდათ, რომ მასშტაბური არალეგალური იმიგრაციის საწინააღმდეგოდაც ბევრი წონიანი არგუმენტი არსებობდა.“ „თაიმსის“ ამ პერიოდის „პრაგმატულ იდეალიზმს“ კემერი ცნობილი რედაქტორის, ჯეკ როზენტალის დამსახურებად მიიჩნევს. როზენტალი 1935 წელს თელ-ავივში იყო დაბადებული და შეერთებულ შტატებში სამი წლის ასაკში, ნაცისტური გერმანიიდან გამოქცეულ სხვა ებრაელებთან ერთად იყო ჩამოსული. მისგან განსხვავებით, სალცბერგერ უმცროსი პრივილეგირებული ოჯახის წარმომადგენელი იყო. როგორც ამბობენ, ახალგაზრდობაში მან ხალხს თავო მორცხვ და შფოთიან პიროვნებად დაამახსოვრა. ცვლილება 1970-იანი წლების დასაწყისში უნდა მომხდარიყო, როცა ის ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო სამოქალაქო მოძრაობაში ჩაერთო და ზედმეტად თავდაჯერებულ და ქედმაღალ ახალგაზრდად ჩამოყალიბდა.
მსოფლმხედველობისა და ინსტიტუციური კულტურის ცვლილებების იერარქიის მწვერვალზე პიროვნებათა ცვლისთვის მიწერა სახიფათო საქმეა. „ნიუ-იორკ თაიმსის“ იმ შემთხვევის მაგალითია, რომელშიც ასეთი დაშვება სრულიად გამართლებულია. კემერი დამაჯერებელია. ის ასკვნის, რომ „ახალგაზრდა სალცბერგერის სარედაქციო პოლიტიკა მყვირალა, კონფრონტაციული და ფარისევლური იყო.“ ასეთი დახასიათება კარგად ხსნის იმ შეურიგებელ წინააღმდეგობას, რომლითაც გაზეთი იმიგრაციის დონის შემცირების ნებისმიერ ცდას უპირისპირდებოდა, იქნებოდა ეს კომპეტენტურობის კრიტერიუმების დაწესება თუ არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. სალცბერგერ უფროსის დროს „თაიმსის“ ფურცლებზე საპირისპირო განწყობა იკითხებოდა. მძაფრი კრიტიკა მოჰყვა 1984 წელს იმიგრაციის რეფორმის ჩავარდნას, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს კი „ესპანურენოვანი ლიდერებისთვის გადამეტებულ დათმობებში“ სდებდნენ ბრალს. ასეთი კრიტიკული აზრების დღევანდელ „ნიუ-იორკ თაიმსში“ წარმოდგენაც კი შეუძლებელია.
კემერი დეტალურად აღწერს თუ როგორ და რატომ შეცვალეს იმიგრაციის მიმართ პოზიციები გარემოსა თუ შრომითი უფლებების დამცველებმა. კემერი თვლის, რომ პროფკავშირები იმიგრაციის მომხრეებად მათი წევრების გაზრდის სურვილმა გადააქცია. ის მიიჩნევს, რომ ისინი ამერიკაში დასაქმების ძიებაში ჩასულებს საკუთარ წევრებად და მომხრეებად მოიაზრებენ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმიგრანტების ორგანიზების სიძნელეებზე ყველაზე კარგი წარმოდგენა პროფესიულ კავშირებს აქვთ. ამავე დროს, ლიბერალებს შორის მოკავშირეებისა და მხარდამჭერების საჭიროებამ პროფკავშირები იმიგრაციის შეზღუდვისა და კონტროლის მოთხოვნებზე ათქმევინა უარი.
კემერი განსაკუთრებით საინტერესო და ბევრის მთქმელი იმ საბიუჯეტო და ბიუროკრატიულ პოლიტიკაზეა, რომელიც იმიგრაციის რეფორმაზე ყველაზედ დიდ გავლენას ახდენს. ის იმ იმპლემენტაციის პრობლემებსაც აღწერს, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებისა და ფუნქციის სააგენტოებს შორის თანამშრომლობისას იჩენს თავს. მაგალითად, 1990-იანი წლების ბოლოს შრომის დეპარტამენტი დათანხმდა ემუშავა INშ-თან იმ არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლების გამოსავლენად, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად მყოფ იმიგრანტებს განზრახ ასაქმებდნენ. თუმცა მალევე გაირკვა, რომ შრომის დეპარტამენტი ამ თანამშრომლობას ზღუდავდა, რადგან არ სურდა უკანონოდ დასაქმებულთა შეერთებული შტატებიდან დეპორტაცია გამოეწვია. ასეთივე გაუგებრობები მოხდა, საბაჟო და საიმიგრაციო ადმინისტრაციებს შორის, როცა ისინი 11 სექტემბრის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ქოლგის ქვეშ გააერთიანეს.
ჰარვარდელი სოციოლოგი კრისტოფერ იენკსი, რომელიც სამეცნიერო საქმიანობამდე ჟურნალისტი იყო, სოციოლოგიას ხშირად „ნელ ჟურნალიზმს“ უწოდებს. ის ცვლილებები, რომლებიც ჟურნალიზმმა ბოლო წლებში განიცადა, საფუძველს გვაძლევს მას „ჩქარი სოციოლოგია“ ვუწოდოთ. აქ სოციალური და კულტურული ცვლილებების შესახებ დაწერილ სტატიებს და მათში „ჩვეულებრივი ხალხის“ შეხედულებისთვის დათმობილ სივრცეს ვგულისხმობთ. ეჭვგარეშეა, რომ ამ ფენომენის გაძლიერებას სოციოლოგიური გამოკითხვების გამრავლებამ და გაადვილებამ შეუწყო ხელი. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, გაზეთების ბიუჯეტის შემცირება, შესაბამისად, ჟურნალისტებისა და რედაქტორების მიერ დროისა და ენერგიის დაზოგვის აუცილებლობა, რამაც მკითხველების პოლიტიკის რთულ და ტექნიკურ დეტალებში გარკვევა შეუძლებელი გახადა. სწორედ ამიტომაა კემერის წიგნი ასეთი ძვირფასი კონტრიბუცია თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე საჯარო დებატებისთვის. საკითხის ისტორიის დეტალურად და ვირტუოზულად აღწერის გარდა, კემერის წიგნის კიდევ ერთი ღირსება ავტორი მიერ იმიგრაციის რომანტიზაციის მახისთვის წარმატებული თავის არიდებაა. ის უპირატესობას იმიგრაციის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ და ბიუროკრატიულ დინამიკას ანიჭებს და მათ რიგითი მკითხველისთვის გასაგებ ენაზე აღწერს. ის ამ ყველაფერს კეთილსინდისიერად, პირდაპირობით გამორჩეული ხელწერით აკეთებს და უარს ამბობს პოლემიკაში ჩართვაზე, რაც თანამედროვე პოლიტიკური და სამოქალაქო ცხოვრებისთვის უჩვეულო თვისებაა.
იმიგრაციის მკაცრად შეზღუდვის მომხრეები ამ წიგნს ზედმეტად ზომიერად შერაცხავენ. იმიგრაციის მომხრეები კემერის საგნობრივ და პატივისცემით გამსჭვალულ კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ და ავტორს მათი პოლიტიკური დღის წესრიგის დაცვაზე უარის თქმის გამო იწუნებენ. წიგნში მათთვის საინტერესოს ვერც ის ხალხი ნახავს, რომელიც იმიგრაციის თანამედროვე დილემების ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტას ეძებს. დანარჩენებისთვის, ვისაც იმ ინტელექტუალური, პოლიტიკური და ბიუროკრატიული ტენდენციების გაგება სურს, რომლებმაც იქ მოგვიყვანა, სადაც დღეს ვართ, ეს წიგნი სავალდებულო საკითხავია.
პიტერ სკერი
პიტერ სკერი ბოსტონის კოლეჯის პოლიტიკის მეცნიერების ლექტორი და ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარი და „ამერიკული ინტერესის“ ავტორია.
ახალი წიგნი იმიგრაციის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობით გამოწვეული აგრესიული რიტორიკის მიღმა მსჯელობას გვთავაზობს