ქარიშხალი
გამოჩენილი ლიტერატურათმცოდნე და შუა საუკუნეების მკვლევარი ლაიონელ ტრილინგი იმ ლიბერალებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ლიბერალიზმზე მუდმივი შფოთვით გამოირჩევიან. ის ლიბერალიზმს (ავტორიტარიზმის საპირისპირო) პოლიტიკურ პლურალიზმსა თუ თავისუფლებასთან, (ეკონომიკაში მთავრობის ჩაურევლობის საპირისპირო) სოციალური დემოკრატიისკენ მისწრაფებასთან, ასევე რაციონალიზმსა და ზომიერებისადმი მიდრეკილების კულტურასთან აიგივებდა. ტრილინგს დიდად არ აღელვებდა ლიბერალიზმის ლოგიკურობა ყოველ შემთხვევაში, 1930-იანი წლების შემდეგ, როცა უარი თქვა კომუნისტობაზე. მას ლიბერალიზმის მიმზიდველობა, ადამიანებზე მისი გავლენა და გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა ადარდებდა.
1950 წელს გამოქვეყნებულ წიგნში ლიბერალური წარმოსახვა ტრილინგმა განაცხადა, რომ ლიბერალიზმი ერთადერთი ინტელექტუალური ტრადიცია იყო შეერთებულ შტატებში, ამერიკულ კონსერვატიზმზე კი თქვა იდეებს მიმსგავსებული გამაღიზიანებელი სააზროვნო ჟესტები ახასიათებსო. ის შიშობდა, რომ ინტელექტუალები, რომლებსაც თანამედროვე პოლიტიკის მსაჯულებად მიიჩნევდა, გულის სიღრმეში ლიბერალები არ იყვნენ. მათ ადვილად სწყინდებოდათ ზომიერებაც და ლიბერალიზმიც. არაერთხელ აღნიშნა, არც ერთი დიდი მოდერნისტი მწერალი ლიბერალი არ ყოფილაო. მოდერნული კულტურა ექსტრემიზმისკენ ილტვოდა, როგორც ერთგვარი მტრული კულტურა. ტრილინგი მემარცხენეთა მხარეს გადაიხარა ჯერ 1930-იან წლებში, შემდეგ კი 1960-იანებში. 1975 წელს კი გარდაიცვალა.
ლაიონელ ტრილინგი სიამოვნებით წაიკითხავდა 2019 წელს გამოსულ წიგნს იდეოლოგიური ქარიშხლები: ინტელექტუალები, დიქტატორები და ტოტალიტარიზმის ცდუნება. ესეების ამ კრებულის შემდგენლები ვლადიმირ ტისმენეანუ და ბოგდან იაკობი არიან. იაკობი პოლიტიკის მკვლევარია ექსიტერის უნივერსიტეტში, ტისმენეანუ კი შედარებით პოლიტიკას ასწავლის მერილენდის უნივერსიტეტში და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს რუმინული კომუნიზმისა თუ აღმოსავლეთ ევროპის მკვლევართა შორის. ამავე დროს ის სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებსაც იკვლევს. და თუ იდეოლოგიური ქარიშხლები დარდით უფრო დაიწერა, ვიდრე იმედით, ეს ტრილინგისეული დარდია ინტელექტუალებსა და ლიბერალიზმზე.
ესეების კრებულში დაწვრილებით არის განხილული ინტელექტუალებისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართება. წიგნი კომუნიზმსა და ფაშიზმსაც ეხება, ასევე რუმინეთს, საბჭოთა კავშირს, აღმოსავლეთ გერმანიას, ერაყს, ჩინეთს, შეერთებულ შტატებს… მისი ერთი ნაწილი საუკუნის დასაწყისის გაკვეთილები დღევანდელობის შესახებაა. იდეოლოგიურ ქარიშხლებში ვერ ვნახავთ ცივი ომისადმი ტრიუმფალურ დამოკიდებულებას აქ უფრო მეოცე საუკუნის იდეოლოგიურ პარადოქსებში ჩაღრმავებაა. ნაჩვენებია ინტელექტუალების მზადყოფნა, არა მხოლოდ ემსახურონ და ეპირფერონ ხელისუფლებას, არამედ ემსახურონ და ეპირფერონ დიქტატორებს. ეს წიგნი თავისუფლების მოუხელთებლობაზეა, ასევე იმაზეც, რომ თავისუფლების გამარჯვება არასდროსაა გარანტირებული.
შესავალში ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ტოტალურობისადმი მიდრეკილ, მხსნელ მოდერნულ ფორმებზე. ეს მოდერნული ფორმები შესაძლოა ნამდვილი იყოს, კომუნიზმისა თუ ფაშიზმის მსგავსად, და შესაძლოა იდუმალ უტოპიებად წარმოსახული. მათ უამრავი ინტელექტუალი შეაცდინეს მე-20 საუკუნეში და დემოკრატიული პროექტის სირთულეებიც აჩვენეს. დასავლეთშიც კი, სადაც თავისუფლებისკენ პოლიტიკური თუ ფილოსოფიური ლტოლვა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იწყება, თავისუფლება ადვილად იცვლის სახეს ავტორიტართა ხელში და ერთგვარ ფანტაზიად იქცევა. დასავლური სკეპტიკური რაციონალიზმის მთელი მემკვიდრეობა უარყვეს იმ სინათლის გამო, რომელიც სხვადასხვა რევოლუციური წრიდან მოდიოდა და ადამიანთა საზოგადოების ტოტალური ტრანსფორმაციის ოცნებას უკავშირდებოდა, წერენ ტისმენეანუ და იაკობი.
იდეოლოგიური ქარიშხლების მთავარი თემა კომუნიზმია. როგორ მოხდა, რომ სტალინის დიქტატორულმა რეჟიმმა საბჭოთა კავშირში და მსგავსმა რეჟიმებმა სხვა ქვეყნებში ამდენი ინტელექტუალი აღაფრთოვანა? ისტორიკოსი მაიკლ დევიდ-ფოქსი საბჭოთა ექსპერიმენტით გამოწვეულ სიმპათიას იკვლევს არა მხოლოდ კომუნიზმის მომხიბვლელობას, მარქსიზმ-ლენინიზმის დაპირებებს, არამედ ძალაუფლების, როგორც ასეთის, მომხიბვლელობას. ბოლოს კი ასკვნის: ინტელექტუალებს შეიძლება ხიბლავდეთ ძალაუფლება, მაგრამ ეს უცვლელი მოცემულობა არ არის. მას ისტორიული კონიუნქტურის დაღი აქვს.
სხვა ავტორები კომუნიზმს შიგნიდან აკვირდებიან და ისეთ რეჟიმებს პოულობენ, რომლებიც ვერ იარსებებდნენ ინტელექტუალების გარეშე. არც ერთი იდეოლოგიური თუ პოლიტიკური მოძრაობა არ ყოფილა იმდენად დამოკიდებული ინტელექტუალებზე, როგორც სოციალისტური განსაკუთრებით კომუნისტური, წერს მარანტზიდისი. სტალინს საკუთარი თავი ინტელექტუალად მიაჩნდა და უამრავი მწერალი საბჭოთა კავშირში თუ მის გარეთ ჩართო ქვეყნის განდიდების პროექტში. სისხლიანი ტირანიის დროსაც კი მწერლები პროპაგანდის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენენ, ასკვნის მკვლევარი. რა თქმა უნდა, მათი ნაწილი იძულებით იქცა ადამიანის სულის ინჟინრად, როგორც სტალინი უწოდებდა მათ, მაგრამ ბევრი ინტელექტუალი ნებაყოფლობით ემსახურა რეჟიმს.
ასეთივე დინამიკა შეინიშნება ფაშიზმისადმი ინტელექტუალების დამოკიდებულებაშიც. ფაშიზმის მომხრეები ნაციონალური ერთობის ირგვლივ იკრიბებოდნენ, ენთუზიასტი ინტელექტუალები კი ეთნიკურ ერთგვაროვნებაზე საუბრობდნენ, როგორც ისტორიკოსი ვლადიმირ პეტროვიჩი შენიშნავს. კომუნიზმის მსგავსად, ფაშიზმსაც სურდა პოლიტიკის ტრანსფორმაცია ადამიანთათვის სხვა ლანდშაფტის შესაქმნელად. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კი ფაშისტმა ლიდერებმა იმაზეც იზრუნეს, რომ ინტელექტუალებს მოქმედების თავისუფლება არ ჰქონოდათ.
იდეოლოგიურ ქარიშხლებში ბევრი ესე რუმინეთს ეხება. ისინი ნათლად გვიჩვენებს, რომ კომუნიზმიც და ფაშიზმიც მხოლოდ ერთმანეთის უბრალო ანტიპოდები არ იყვნენ. რუმინეთში ფაშისტური რეჟიმი 1940 წელს დამყარდა. შემდეგ წითელი არმია შეიჭრა ამ ქვეყანაში და კომუნისტური რეჟიმი დაამყარა, რომელიც ათწლეულების მანძილზე გაგრძელდა. ავტორიტარული სისტემების მონაცვლეობა ტრაგედიად იქცა რუმინეთისათვის. 1945 წელს კი სულაც არ დამთავრებულა ნაციონალისტთა გააფთრება ის წარმატებით ჩართეს კომუნისტური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ასე იქცნენ ინტელექტუალები ერთგვარ ხიდად ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის მთავარი მოქმედი პირები ახალი სოციალისტური რუმინეთის დაბადებისას, როგორც იაკობი ამტკიცებს.
შეერთებულ შტატებს ერთადერთი ესე ეხება, რომლის ავტორიც იან-ვერნერ მიულერია და რომელშიც ცივი ომის ეპოქის ლიბერალიზმია განხილული. მიულერი შენიშნავს, რომ ცივი ომის ეპოქის ლიბერალები ლაიონელ ტრილინგის მსგავსად ფაქტობრივად სოციალ-დემოკრატები იყვნენ. თვალშისაცემი კონტრასტი საბჭოთა ინტელექტუალებთან კი არ გვხვდება, არამედ ცივი ომის შემდგომი პერიოდის ამერიკელ ლიბერალებთან, რომლებიც ოპტიმიზმით, თავდაჯერებულობითა და ლიბერტარიანული მიდრეკილებებით გამოირჩეოდნენ. 1930-იანმა წლებმა და მეორე მსოფლიო ომმა ერთგვარად განაპირობა ის, რომ ცივი ომის ეპოქის ლიბერალები ადამიანის უმწეობას მეტისმეტად ჩაუღრმავდნენ, რამაც გავლენა მოახდინა მათი პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაზე. ესეში მიულერი ლიბერალიზმის თავსატეხსაც ხსნის რატომ არ შეუძლია იყოს შემტევი და ასე გაძლიერდეს. ეჭვი, დაურწმუნებლობა, მტრებისადმი გულმოწყალება თავად ლიბერალიზმის სასარგებლოდ მეტყველებს, წერს ის. ეჭვიდან და დაურწმუნებლობიდან იდეოლოგიის შექმნა ადვილი არ არის. ალბათ შეუძლებელიცაა. და თუ ასეა, მაშინ ლიბერალიზმი უფრო აზროვნების წესია, ვიდრე იდეოლოგია ან მგრძნობელობა.
იდეების ისტორიკოსი მარკ ლილა ამავე თემებს უტრიალებს იდეოლოგიური ქარიშხლებისათვის დაწერილ ეპილოგში. მე-19 საუკუნის ბოლოს ინტელექტუალების აღზევება დაემთხვა ცოდვის ქრისტიანული კონცეპტის დაკარგვასო, წერს ის. ამან კი უცოდველობის სახიფათო განცდა გაუჩინა ამერიკელ ინტელექტუალებსა და დანარჩენებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ბოროტების სირთულის ბოლომდე გააზრება. ლილა ადამიანთა მოდგმის გათავისუფლების სურვილის შესახებ კი გვაფრთხილებს, მაგრამ არ გვაჩვენებს ბოროტების სირთულის შემცნობელ, უცოდველობის დამძლევ ლიბერალიზმს. დასკვნა თავად მკითხველმა უნდა გამოიტანოს, რომელიც ამ წიგნიდან ბევრს შეიტყობს იდეოლოგიურ უმანკოებასა თუ იდეოლოგიურ თვალთმაქცობაზე. იდეოლოგიური ქარიშხლები მართლაც ჭკუის სასწავლებელი ამბების კრებულია.
იდეოლოგიური ქარიშხლები: ინტელექტუალები, დიქტატორები და ტოტალიტარიზმის ცდუნება
შემდგენელები ვლადიმირ ტისმანეანუ და ბოგდან იაკობი
Central European Press, 2019
ეს ნიუანსებით სავსე, დიდი წარმოსახვით დაწერილი, მნიშვნელოვანი წიგნია. მისი წყალობით უკეთესად ვწვდებით ბევრი კომუნისტი და ფაშისტი ინტელექტუალის ქმედებების არსს. მათი შეცდომები ხომ მონსტრების კი არა, ადამიანებისაა. ადვილად შეიძლებოდა სულაც ჩვენი შეცდომები ყოფილიყო. თუმცა იდეოლოგიურ ქარიშხლებში~ ორაზროვნებასაც ხშირად წავაწყდებით. ისტორიული სწორხაზოვნება არცთუ იშვიათადაა უგულებელყოფილი, ის მანძილი კი, წარსულს რომ გვაშორებს, ბევრად შემცირებულია. ეს სრულად თანხვდება ლიბერალიზის სულისკვეთებასა და ეჭვებს, რომლებსაც იან-ვერნერ მიულერი პოლიტიკური პლურალიზმის წინაპირობას უწოდებს. სრული დარწმუნებულობა იმაში, რომ ოპონენტები ცდებიან, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ლიბერალური პოლიტიკისათვის, რადგან სწორედ ეჭვი აჩენს კომპრომისის სურვილს.
მხოლოდ ერთმა გარემოებამ შეიძლება შეუშალოს ხელი ამ წიგნის შემჩნევასა და სათანადოდ დაფასებას. მე-20 საუკუნის შუა წლების შემდეგ ადამიანის ბუნება არ შეცვლილა, არც ფუნდამენტური პრობლემები გაჩენილა პოლიტიკურ ეკონომიკასა თუ საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ ინტელექტუალები კი გაქრნენ სცენიდან. მე-20 საუკუნის ინტელექტუალი სანახევროდ საერთო ღვთისმსახური იყო და სანახევროდ ვარსკვლავი, ელიტარული სწავლული და დიდი იდეების, დიდი ნარატივების გამავრცელებელი. ვლადიმირ ლენინიდან ფრენსის ფუკუიამამდე მე-20 საუკუნის ინტელექტუალებს ისტორიისა და პოლიტიკის შინაგანი ლოგიკის ახსნისა და წინამძღოლობის ნიჭი ჰქონდათ.
შესაძლებელია იდეოლოგიური ქარიშხლები ინტელექტუალების გარეშე? და სად გაქრნენ ეს ინტელექტუალები? სოციალური მედიის მიერ შექმნილმა, დანაწევრებულმა საჯარო სფერომ წიგნები მეორეხარისხოვნად აქცია. მე-20 საუკუნის ინტელექტუალური ელიტიზმი კარგად ვერ დამთავრდა, 21-ე საუკუნის საზოგადოებას კი აღარ სჭირდება ინტელექტუალები გზის მაჩვენებლად. როგორი დიდი იდეები და ნარატივებიც უნდა არსებობდეს, მათ წინ გადაეღობება ახალი ამბების უსასარულო ნაკადი, თითოეული კრიზისი კი წინაზე უფრო მძაფრი და დასავიწყებლადაც უფრო იოლი აღმოჩნდება. სოციალურ მედიაში უამრავი ბრწყინვალე გონებაა, პოლიტიკური ვნებები კი დუღს და გადმოდუღს 21-ე საუკუნის პოლიტიკის სწრაფი დინამიკა შეუთავსებელია იდეოლოგიასთან. ტისმანეანუ და იაკობი ვლადიმირ პუტინს აღწერენ, როგორც ახალი ავტორიტარიზმის ალბათ ყველაზე პარადიგმულ ნიმუშს, რომელიც თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიას ემუქრება~. თუმცა პუტინი ავტორიტარია იდეოლოგიის გარეშე. ასეთივეა პოლიტიკური სპექტრის სხვა მხარეს მყოფი ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი.
მაშ, რა ვთქვათ დღევანდელ ლიბერალიზმზე? უკეთესი იქნება, კითხვა თავისუფლების შესახებ დავსვათ. თავისუფლების იდეალი ბევრად უფრო ძველია, ვიდრე კომუნიზმისა და ფაშიზმის იდეალები. ის ბევრად წინ უსწრებდა იდეოლოგიის ხანას. 1990-იან წლებში, როცა ლიბერალიზმი წარმოადგინეს, როგორც ყოველივეს ამხსნელი, მთელ მსოფლიოში გასავრცელებელი დიდი ნარატივი, ამან ერთვარად დაჩრდილა თავისუფლების დაცვის აუცილებლობა და თავისუფლების შინაგანი სიმყიფე. სწორედ ამის გამოა, რომ ბოლო ათ წელში ლიბერალიზმის დაკნინების მოწმენი გავხდით. გავიხსენოთ უკიდურესად არალიბერალური ჩინეთი, პუტინის ავტოკრატული დაბრუნება ხელისუფლების სათავეში 2012 წელს, არაბული გაზაფხულის კრახი, თურქეთის, ისრაელის, უნგრეთისა და პოლონეთის მიერ ლიბერალურ შეხედულებებზე უარის თქმა და 2016 წლიდან მოყოლებული არასტაბილურობის განცდა შეერთებულ შტატებში.
ლიბერალიზმის დაკნინებას კი მეორე მხარეც აქვს თავისუფლების ფასს გვახსენებს.
თავისუფლებას მოუწევს თანაარსებობა საჯარო სფეროსთან, რომელიც შესანიშნავად ეგუება გამაღიზიანებელ სააზროვნო ჟესტებს, რომლების ექსკლუზიური უფლებაც კონსერვატორებს აღარ აქვთ (თუკი ოდესმე ჰქონდათ). მეორე მხრივ, მართალი იყო ლაიონელ ტრილინგი, როცა ფიქრობდა, რომ შეერთებულ შტატებში ერთადერთი ინტელექტუალური ტრადიცია თავისუფლებისაა. ინტელექტუალებთან ერთად თუ მათ გარეშე, ეს ტრადიცია ახალი ფორმით უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ გადავრჩეთ; და ხალხისათვის ხელმისაწვდომი, საზოგადოებისათვის გასაგები უნდა გახდეს. გასაწონასწორებლად ამერიკის პოლიტიკური მემკვიდრეობაც უნდა გავიხსენოთ, თომას ჯეფერსონიდან ფრედერიკ დაგლასამდე. ჩვენ ახლა მეტი თავისუფლება კი არა, თავისუფლების უფრო მეტად შესწავლა გვჭირდება. ამ საქმეს კი იდეოლოგიური ქარიშხლები უდავოდ წაადგება.
მაიკლ კიმიჯი ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორია, მისი კვლევის საგანი შეერთებული შტატებისა, ევროპისა და რუსეთის ისტორიაა. მისი უახლესი წიგნია დასავლეთის მიტოვება: იდეის ისტორია ამერიკის საგარეო პოლიტიკაში(Bასიც Bოოკს, 2020).
მაიკლ კიმიჯი