article-img

ილუზიის საფრთხეები

დელიბორ როჰაჩი

რამდენად შესაძლებელია დონალდ ტრამპის არათანმიმდევრული და საზიანო პრეზიდენტობა არა ამერიკის უკუსვლის ნიშანი, არამედ ამერიკული დემოკრატიის გამძლეობის გამოვლინება იყოს? ასეთია ბრუნო მასაეშის ახალი წიგნის „ისტორია დაიწყო: ახალი ამერიკის დაბადება“ ძირითადი გზავნილი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ წიგნი არც ტრამპის მხარდამჭერთა მანიფესტი და არც ტრამპის ქცევის რაციონალიზაციის მცდელობაა. ეს იმ ცვლილებების ახსნის ცდაა, რომლებიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ხდება.     

 

წიგნის ათვლის წერტილის ლიბერალიზმის ზე-რაციონალური, როულზისეული ვერსიით გამოწვეული უკმაყოფილებაა. მიუხედავად მისი მიზნისა, რომელიც ინდივიდის ავტონომიურობის მაქსიმალურ გაზრდას გულისხმობს, ლიბერალიზმის მიერ ჩამოყალიბებული სოციალური სამყარო ინდივიდს არჩევანის გარეშე ტოვებს – ერთადერთი ალტერნატივა აბსტრაქტული პრინციპების დაცვაა. მასაეში ხაზს უსვამს პარადოქსს, რომლის მიხედვით „ადამიანებს მეტ შესაძლებლობებს შეიძლება ის საზოგადოება უხსნიდეს, რომელიც ცხოვრების ილიბერალური წესის არსებობასაც უშვებს.“

 

ზოგადად, „ილიბერალიზმის“, როგორც ტერმინის, ასეთი ხშირი ხმარების წინააღმდეგი ვარ. მასაეშის დაკვირვებები შესაძლოა ზუსტიც იყოს, მაგრამ ის მსჯელობას ლიბერალიზმის მხოლოდ კონსტრუქტივისტულ მოდელზე აგებს და არ ითვალისწინებს მის სხვა, ბევრად მდიდარ და ყოვლისმომცველ ტრადიციებს. პოლიტიკის ფილოსოფოსები დიდი ხნის განმავლობაში მიუთითებდნენ იმ კონფლიქტზე, რომელიც თავისუფლების რაციონალურ ხედვასა და ოჯახის, ეკლესიების, სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფლების ჩარჩოებში მომქცევი სხვა ჯგუფებს შორის არსებობდა. მაგალითად, იაკობ ლევი, მის წიგნში „რაციონალიზმი, პლურალიზმი და თავისუფლება“, საკმაოდ დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ ასეთი კონფლიქტი თავისუფალი საზოგადოებების თანდაყოლილი და თანმდევი თვისებაა. ამ კონფლიქტს ფილოსოფიური წიაღსვლები ვერ გაანელებს, ერთადერთი გზა მუდმივი დიალოგი და მოლაპარაკებებია. ლიბერალური ტრადიციის მთავარი თვისება სწორედ ასეთი დიალოგის შესაძლებლობის შექმნა, მისი დაშვებაა. ამ დაძაბულობის განმუხტვის გადაწყვეტა ყველა საზოგადოებისთვის განსხვავებულ და ინდივიდუალურ ფორმას იძენს.

 

მასაეში გამყოფი ხაზის გავლებას ატლანტიკის ოკეანეზე გვთავაზობს – შეერთებული შტატები პლურალისტურ, ევროპა კი ლიბერალიზმის იერარქიულ-კარტეზიანულ მოდელით ხასიათდება. ავტორის მიიჩნევს, რომ ამერიკის თანდაყოლილი პლურალიზმი მისი პოლიტიკური ცხოვრების რეალობიდან მოწყვეტის მიზეზია. ამ დისტანცირებაში დარწმუნებისთვის ტრამპის პრეზიდენტობის წლებისთვის დამახასიათებელი ახალი ამბების უწყვეტი ციკლის გაცნობაა საკმარისი.

 

ახლა საზოგადოების ყურადღება პანდემიის ნაცვლად პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით გამოწვეული საპროტესტო აქციებისკენ არის გადართული. ის ექსპერტები, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ სოციალური დისტანცირების წესების დარღვევას მკვლელობაში თანამონაწილეობას უთანაბრებდნენ, ახლა პანდემიის მიუხედავად რასიზმის წინააღმდეგ პროტესტის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. მასაეში მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი არა კრიზისის გამოვლინებებად, არამედ ამერიკის მიერ ევროპის ლიბერალური დემოკრატიებისგან განსხვავებული, უნიკალური ცივილიზაციის ჩამოყალიბების ნიშნებად უნდა განვიხილოთ. ეს თამამი ვარაუდი ორ პოსტულატს ეყრდნობა: პირველი, ამერიკისთვის ექსკლუზიურად დამახასიათებელი „არარეალურობის პრინციპია“ და მეორე კი ხედვა, რომლის მიხედვით რეალობის სისტემატიურ უგულებელყოფას ცხოვრებაზე გავლენა არ აქვს.

 

ამ მოსაზრებებში ავტორთან დათანხმება რთული იქნება. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის სწორხაზოვნება, რომლითაც მასაეში ამერიკასა და ევროპას ჰყოფს. ფრანგულ სეკულარიზმსა და შვედურ ან ბრიტანულ მულტიკულტურალიზმს შორის განსხვავება შეერთებულ შტატებსა და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შორის არსებულ განსხვავებებზე არანაკლებია. გარდა ამისა, არც „არა რეალობის პრინციპის“ ექსკლუზიურად ამერიკულ ფენომენად განხილვა იქნება სწორი. ინგლისური ენის მსოფლიო ენად ქცევისა და ამერიკის კულტურული და ინტელექტუალური გლობალური დომინირების გამო, ახლა შეიძლება ყველა ამერიკელები ვიყოთ. მაგალითად ავიღოთ ის განმაცვიფრებელი სიჩქარე, რომლითაც BLM-ის მოძრაობა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული საპოლიციო პოლიტიკისა და რასობრივი   ურთიერთობების ტრადიციის მქონე დასავლეთის დემოკრატიებში გავრცელდა. სოციალური დისტანცირების წესების ანალოგიური დარღვევით, რასიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაციები სხვადასხვა კონტინენტის უდიდეს ქალაქებში გაიმართა, ლონდონიდან და ბერლინიდან ადელაიდამდე.

 

ისტორია დაიწყო: ახალი ამერიკის დაბადება

ბრუნო მასაეში

Oxford University Press, 2020

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკის რეალობისგან მოწყვეტა, მისი გასართობად ქცევა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დამახასიათებელიც იყო. გვერდზე გადავდოთ რუსეთი. უკრაინაში პრეზიდენტად აირჩიეს კანდიდატი, რომელიც სატელევიზიო შოუებში უკრაინის პრეზიდენტის როლს ასრულებდა ხოლმე. 2015 წელს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა და ის ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. ორი წლის შემდეგ მას ეს მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინის დასავლეთით მდებარე სლოვაკეთსა და ჩეხეთში, ორი პოპულისტი პრემიერ-მინისტრი, იგორ მატოვიჩი და ანდრეი ბაბიში, სოციალურ მედიას ყოველდღიური პოლიტიკური კომენტარებისთვის იყენებენ. მის კოალიციურ პარტნიორებთან პირადი საუბრების ნაცვლად, მატოვიჩი მათ სატელევიზიო ეთერებში და ფეისბუკში კომენტარების სექციაში ეკამათება.

 

რეალობისგან დისტანცირებას ვერც დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ცხოვრება გადაურჩა. სკანდალი პანდემიის დროს, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, დომინიკ კამინგსის მიერ ავტომობილით შოტლანდიაში გამგზავრებას მოჰყვა. კამინგსმა საზოგადოებას თავი პანდემიასთან საბრძოლველად უმკაცრესი შეზღუდვების შემოღების კატეგორიული მოთხოვნებით დაამახსოვრა თავი. შოტლანდიაში წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მან მედია სიცრუეში დაადანაშაულა, თუმცა საბოლოოდ სიმართლის აღიარება მოუწია. აღმოჩნდა, რომ მან გზად სხვა ადგილებშიც შეიარა, რაც საზოგადოების წინაშე მხედველობის შემოწმების მიზეზით ახსნა. ახალ რეალობაში ყველაფერი შესაძლებელი აღმოჩნდა.

 

მსოფლიოში მიმდინარე ანალოგიური პროცესების ფონზე ამერიკის შემთხვევა ნაკლებად უნიკალურად ჩანს. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასაეშის თეორიას ეთანხმებით, ისმის კითხვა: რამდენად შესაძლებელია პოლიტიკური კულტურა, რომელიც რეალობიდან გაქცევასა და ესკაპიზმს ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს, წარმატებული საზოგადოებისა და ცივილიზაციისთვის მყარ საფუძვლად გამოდგეს? ის მიზეზები, რომლებიც მასაეშს მოჰყავს – „ტრადიციული სოციალური სტრუქტურებზე სუსტი დამოკიდებულება, ინოვაციისა და შემოქმედების იდეალი, თანამედროვე ტექნოლოგიების სიყვარული“ – ამერიკის მომავლის თაობაზე ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება უკეთესი მომავლის იმედი „ამერიკელების მიერ არარსებული სოციალური სტრუქტურებისკენ საბოლოო შეტრიალებას“ ემყარებოდეს.

 

„ნარატივებისა“ სიუხვე,  გადატვირთული პოლიტიკური დღის წესრიგი, საკაბელო ტელევიზიებისა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მრავალფეროვნება ამერიკული ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. „ამერიკის დემოკრატია ხალხის ნების გამოხატვასთან ერთად ამომრჩევლებზე მუდმივი საინფორმაციო ზემოქმედებით გამოირჩევა“, წერს მასაეში. ახალი პროექტები, ახალი შესაძლებლობები, უწყვეტ რეჟიმში განახლებადი „კონტენტი“ მაყურებლებს ტელეეკრანებთან აკავებს, თუმცა ეს მათი გადაღლითა და უკმაყოფილებით მთავრდება.

 

„რეალობას ბევრი ნაკლი აქვს. ნამდვილი სამყარო ერთია და ალტერნატიული ვერსია არ აქვს. ერთ მოვლენაზე განსხვავებული და წინააღმდეგობრივი ვერსიები არ არსებობს.“ ადამიანური ღირსებისთვის დამღუპველად მიიჩნევდნენ „სიმართლით ცხოვრებაზე“ უარის თქმას იან პატოჩკა და ვაცლავ ჰაველი. რეალობისთვის თვალის გასწორება გვიწევს ინდივიდუალურად და საზოგადოების დონეზეც, მისი იგნორირება არჩევანია, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვება ორივე შემთხვევაში. რეალობასა და წარმოსახვით სამყაროს შორის საზღვრის წაშლა საშიში ტენდენციაა, საბოლოო ჯამში, ყოველთვის ფაქტები იმარჯვებენ. ისტორია გვაჩვენებს, რომ ის რეჟიმები, რომლებიც ერთ უტოპიურ ხედვას ემყარებოდნენ, ყოველთვის კატასტროფული შედეგით ასრულებდნენ არსებობას. რამდენად შესაძლებელია რამდენიმე უტოპიის გარშემო ორგანიზებულმა საზოგადოებამ მიაღწიოს წარმატებას?

 

ლიბერალურ დემოკრატიებს პოლიტიკური მოდელების სხვა მრავალფეროვანი ფორმებისგან იმ ინსტიტუტების არსებობა ასხვავებს, რომლებიც კონფლიქტების მედიაციისა და პლურალიზმის სასურველი სოციალური შედეგებისკენ მიმართვის ფუნქციებს ასრულებენ. იქ, სადაც ასეთი ინსტიტუტების ნაკლებობაა საზოგადოებები კონფლიქტური და დისფუნქციურია. საზოგადოებისთვის სასარგებლო ინფორმაცია დემოკრატიულ ინსტიტუტებში გროვდება, შესაბამისად, აუცილებელია ეს ინფორმაცია რეალურ ფაქტებზე იყოს დაფუძნებული. ისინი არა შეუზღუდავი თვითგამოხატვის პლატფორმებად, არამედ ინდივიდუალური ქცევის სოციალურ ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვან ინსტრუმენტებად უნდა იქცნენ. ბოლო წლებში შეერთებულ შტატებში საპირისპირო ტენდენცია შეიმჩნეოდა.

 

წიგნში ვერ ვრწმუნდებით, თუ რამდენად სჯერა თავად ავტორს „არა რეალობის დაპირებისა“. შეერთებული შტატების ინდოეთთან, რუსეთთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შედარებით ძნელია ისაუბრო ამერიკული საზოგადოების ნათელ მომავალზე. ამერიკის მიერ „განვითარებადი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი თვისებების“ გამოვლენა ცივილიზაციურ ჩიხს უფრო მოასწავებს.

 

ამ ყველაფერმა მკითხველს შესაძლოა აფიქრებინოს, რომ წიგნის ეზოთერული და სუბვერსიული დედააზრი ერთგვარი ფასადია, რომლის უკან შეერთებული შტატების მომავლის ნაკლებად ოპტიმისტური ხედვაა შენიღბული. ეჭვქვეშ დგება ამერიკული საზოგადოების  თვითგანახლებისა და ტრანსფორმაციის უნარი.

 

წიგნის დამამთავრებელი თავი ამერიკის „გლობალურ სტრატეგიას“ ეხება, რომლის ძირითადი მიზანი გადმოცემულია როგორც ევრაზიის კონტინენტზე ერთი ზე-ძალის სტრატეგიული გაბატონება. ეს იმპერატივი, ამერიკული საზოგადოების საინფორმაციო სივრცისგან განსხვავებით, რეალურ სამყაროში მიმდინარე რეალურ პროცესებს ასახავს. კორონავირუსის მსგავსად, არც გლობალური გეოპოლიტიკა ითვალისწინებს განწყობებსა და გრძნობებს.

 

ტრამპის წლებზე დაწერილი წიგნების ბევრი სხვა ავტორისგან განსხვავებით, მასაეშის წიგნში უდავოდბევრი საინტერესო მიგნებაა. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, თუ რა გლობალურ კატასტროფას შემოგვთავაზებენ ჩვენი ეპოქის სცენარისტები, რომლებიც ჩვენი შოუდ ქცეული ეპოქის შემდეგ ეპიზოდზე მუშაობენ.

 

 

დალიბორ როჰაჩი

დალიბორ როჰაჩი „ამერიკული ინტერესის“ ავტორი, American Enterprise Institute-ის და „მარტენსის ცენტრის“ მკვლევარია.