გლობალური ჯანდაცვის ხუთი პრიორიტეტი აშშ-ს ახალი პრეზიდენტისთვის
გლობალური ჯანდაცვა ამერიკის მთავრობისთვის არსებითია, ისევე, როგორც ამერიკის მთავრობა გლობალური ჯანდაცვისთვის. გთავაზობთ ამ სფეროს პოლიტიკის ხუთ პრიორიტეტს, განკუთვნილს აშშ-ს ახალი პრეზიდენტისთვის.
კოვიდ-19-ის გავრცელება და დაავადებულთა თუ გარდაცვლილთა წარმოუდგენლად დიდი რიცხვი, როგორც აშშ-ში, ისე მთელ მსოფლიოში, უკვე აიძულებს პოლიტიკოსებს, დაფიქრდნენ, რა იყო არასწორი საპასუხო მოქმედებებში ადგილობრივ თუ გლობალურ დონეზე.
ერთი გაკვეთილი უკვე ნასწავლია: დაავადება საზღვრებს არ ცნობს, იქნება ეს კოვიდ-19, ებოლა, აივ/შიდსი, ტუბერკულოზი თუ მალარია. პასუხისმგებლობის მქონე მთავრობების მიერ ეროვნული საზღვრების ფარგლებში შემოღებული ლოკდაუნები და სოციალური დისტანცირება თვით ევროკავშირშიც კი მნიშვნელოვანი იყო. ამან დაგვანახა, რომ სუვერენიტეტი კვლავაც მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, საჭიროა საზღვრებს მიღმა გავიხედოთ.
საერთაშორისო თანამშრომლობა აუცილებელია პანდემიებთან ბრძოლისთვის და გლობალური ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად. აშშ საფუძვლიანადაა დაინტერესებული კატალიზური ლიდერობის უზრუნველყოფით. თუკი აივ/შიდსმა და კოვიდ-19-მა რაიმე გვასწავლა, უპირველეს ყოვლისა ის, რომ “ჯანდაცვის უსაფრთხოება” ნამდვილად პრიორიტეტია. ადამიანური პოტენციალის ჯანდაცვისა და განათლების მეშვეობით გაზრდა ასოცირებულია სწრაფ ეკონომიკურ ზრდასთან, რაც, თავის მხრივ, ხანგრძლივ სტაბილურობას უწყობს ხელს. ამ სარგებლის გარდა აშშ-ს გლობალური ჯანდაცვის სფეროში ლიდერობა “რბილ ძალასაც” გულისხმობს, რეპუტაციისა და დიპლომატიის სახით.
ვინც არ უნდა გახდეს აშშ-ს პრეზიდენტი 2021 წლის იანვარში, კარგს იზამს, თუკი ხუთნაწილიან სამოქმედო გეგმას მიჰყვება გლობალური ჯანდაცვის სფეროში ლიდერობის ხელახლა მოსაპოვებლად. ხუთივე ნაბიჯი აშშ-ს ინტერესებსა და ღირებულებებს აერთიანებს, პარტნიორებისთვის ჭკუის სწავლების ნაცვლად, მათთან გვერდიგვერდ სვლას გულისხმობს და ზრდის აშშ-ს აშკარა უპირატესობებს.
პრიორიტეტი #1: გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების გაფართოება
კოვიდ-19-ის პანდემია დასრულებისაგან შორსაა, მაგრამ ერთი საგულისხმო გაკვეთილი უკვე ჩაგვიტარა: მზადყოფნა გადამწყვეტია. მზადყოფნა გადამწყვეტია ადგილობრივ დონეზე, რაც საავადმყოფოების, კლინიკების, სოციალურ სფეროში მომუშავე ადამიანების პანდემიასთან გამკლავების გეგმის არსებობას გულისხმობს, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საერთაშორისო მასშტაბში. გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მთავრობები მნიშვნელოვან სახსრებს ჩადებენ გლობალური ჯანდაცვის გრძელვადიან ქმედითუნარიანობაში, თავიდან აგვარიდებს კოვიდ-19-ის მასშტაბის კრიზისს.
ადრე, მაგალითად, 2020 წლის გაზაფხულზე, ცოტა ვინმე თუ დაუშვებდა, რომ “გლობალური ჯანდაცვა” შეიძლებოდა “უსაფრთხოების” კატეგორიისთვის მიგვეკუთვნებინა, მაგრამ სწორედ ასე უნდა გავიგოთ ის. გლობალურ ჯანდაცვაში ინვესტირება, ეპიდემიების შეჩერებისა და მათი აფეთქების ადგილზევე გაკონტროლების წყალობით, ამერიკელების უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ტუბერკულოზთან, მალარიასთან და შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდის გაფართოებული მცდელობა, გააძლიერონ ჯანდაცვის სისტემები, ამცირებს ამერიკელების და უცხოეთში მომსახურე სამხედროების ინფიცირების რისკს და ასევე შეიძლება აღკვეთოს ამ დაავადებათა გავრცელება. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ მოკლევადიანი ზომების, სოციალური დისტანცირების, ტესტების, თერაპიული მეთოდებისა და ვაქცინების შემუშავების, მიღმა და გრძელვადიან ინვესტიციებზე გადავიდეთ. ყველა ეს ზომა მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას აშშ-ს ხელმძღვანელობით.
აშშ ჯანდაცვის უსაფრთხოების მნიშვნელობაში 2014 წელს, ებოლას ეპიდემიის დროს დარწმუნდა. არაკომერციული ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სექტორის მცდელობების მიუხედავად, დაავადება საზღვრებს მიღმა გავრცელდა, ისევე, როგორც, შიში და დეზინფორმაცია. ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციების მუდმივმა ნაკლებობამ ბევრი სახელმწიფო მოწყვლადი გახადა, ამას კი გლობალური შედეგები მოჰყვა. დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების შესაძლებლობების გაფართოება, აღკვეთონ საფრთხეები, დააფიქსირონ ისინი და რეაგირება მოახდინონ, არა მხოლოდ ამ ქვეყნებისთვის, არამედ აშშ-სთვისაც აუცილებელი დაზღვევის პოლიტიკაა.
ებოლას შემდეგ გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების პროგრამამ, ობამას ადმინისტრაციის დროს, საშუალება მისცა აშშ-ს პარტნიორული ურთიერთობები დაემყარებინა სხვა ქვეყნებთან და სახელმწიფო თუ კერძო დაინტერესებულ მხარეებთან ინფექციური დაავადებების საფრთხეების აღკვეთის მიზნით. ამ ინიციატივამ გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოება ეროვნულ პრიორიტეტად აქცია. კოვიდ-19-მდე ტრამპის ადმინისტრაციამ შეამცირა თეთრი სახლის შტატი და მასთან დაკავშირებული ბიუჯეტი, მაგრამ მაინც გამოსცა (იმპლემენტაციისა და რესურსის გამოყოფის გარეშე) გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების სტრატეგია, ჯანდაცვის გლობალური ინფრასტრუქტურის გაძლიერების, საერთაშორისო მდგრადობისა და ბიოლოგიური საფრთხეებისაგან ეროვნული თავდაცვის მოწოდებებით. კოვიდ-19-ის ეპიდემიის დაწყებიდანვე, ნაცვლად იმისა, რომ გაეუმჯობესებინა ნაკლოვანი და დონორების გავლენის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო), ადმინისტრაცია ცდილობდა, უბრალოდ არ შეემჩნია ეს პრობლემა. ჯანმო-ს აკრიტიკებდნენ იმის გამო, თუ როგორ უმკლავდებოდა პანდემიას და როგორ ეხმარებოდა ჩინეთის დღის წესრიგს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ვიმუშაოთ ჯანმო-სთან და ვცადოთ მისი, როგორც ინფორმაციისა და რეკომენდაციების უნიკალური წყაროს რეფორმირება, ნაცვლად მისი საბოლოოდ უგულებელყოფისა.
ვაშინგტონმა უნდა ისარგებლოს ჯანდაცვის არსებული ორგანიზაციებისა და პარტნიორების უპირატესობებით. მან უნდა გამოიყენოს მათ შორის ყველაზე მოქნილები და სანდოები, როგორიც, მაგალითად, ზემოხსენებული გლობალური ფონდია, რომელიც აერთიანებს კერძო სექტორისა და სახელმწიფოს შესაძლებლობებს და შექმნილი აქვს მყარი ჯანდაცვის სისტემები სამი ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიის დასაძლევად (სრული სიცხადისთვის: მე იმ არაკომერციული ორგანიზაციის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე მთავარი თანამშრომელი ვარ, რომელიც გლობალური ფონდის მისიის განვითარებას ეხმარება). სხვა ინსტიტუციებთან, მაგალითად, მსოფლიო ბანკთან, ფინანსური ურთიერთობების შენარჩუნებით, გლობალური ფონდი ფინანსურ დახმარებას უწევს საზოგადოებრივ სისტემებს, რომლებიც ებრძვიან სტიგმას, მხარს უჭერენ მოხალისეებს, ამაღლებენ ცოდნის დონეს და აუმჯობესებენ ჯანდაცვის სერვისების, მკურნალობისა და მოვლის ხელმისაწვდომობას. გლობალური ფონდი ყოველწლიურად, დაახლოებით, ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს ჯანდაცვის მყარი სისტემების განვითარებისთვის, რაც მეტია, ვიდრე ნებისმიერი მსგავსი ორგანიზაციის შემთხვევაში. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აჩვენეს, რომ გლობალური ფონდის ინვესტიციების 37% ჯანდაცვის უსაფრთხოების შესაძლებლობებს აფართოებს. აშშ-ს მთავრობამ უნდა გააუმჯობესოს არსებული აქტივები და ახალი სიცოცხლე შთაბეროს მათ, ნაცვლად იმისა, რომ ახალი სისტემებისა და ორგანიზაციების შექმნა დაიწყოს. 11 სექტემბრის შედეგად შექმნილი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ისტორია ჭკუის სასწავლებელი ამბავია კრიზისის პერიოდში ინსტიტუციების შექმნის გაუთვალისწინებელ შედეგებზე.
11 სექტემბრის შედეგად შექმნილი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ისტორია ჭკუის სასწავლებელი ამბავია კრიზისის პერიოდში ინსტიტუციების შექმნის გაუთვალისწინებელ შედეგებზე.
ქმედითი პარტნიორობების გაფართოებით აშშ-ს მთავრობას შეუძლია წინ წავიდეს ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქმედებების მიმართულებით, შექმნას ჯანდაცვის მდგრადი სისტემები, იზრუნოს ჯანდაცვის მუშაკების განათლებაზე, გააუმჯობესოს შესყიდვის მეთოდები და მომარაგების ჯაჭვის მენეჯმენტი, გააძლიეროს დიაგნოსტირების ტექნიკები და გააფართოვოს საზოგადოებრივი აზრისა და ჯანდაცვის სამინისტროების უფლებამოსილება.
გარდა ამისა, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების გამოწვევების ფონდს შეუძლია რესურსი და ტექნიკური მხარდაჭერა შესთავაზოს სუსტ სახელმწიფოებს. სენატორები ჯეიმზ რიში, რობერტ მენენდეზი და კრის მერფი მათ შორის არიან, ვინც მსგავსი ფონდის შესახებ კანონის ინიცირებას ახდენს. სენატორი მერფი სამართლიანად აღნიშნავს: “ჩვენთან, აშშ-ში ჯანდაცვის უსაფრთხოება არაფრით აღემატება უსუსტესი ქვეყნის საზოგადო ჯანდაცვის სისტემას”. მოქნილობა მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს, ხოლო გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუციურ ლანდშაფტში ნებისმიერი ზედმეტობა მინიმუმამდე შემცირდეს.
პრიორიტეტი #2: ჯანდაცვა ადამიანის უფლებათა გადმოსახედიდან
ჯანმრთელობა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი როდია, ის ასევე მჭიდრო კავშირშია ადამიანის უფლებებთან. სამი ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადება, მალარია, აივ/შიდსი და ტუბერკულოზი, გაცილებით ხშირია ღარიბ მოსახლეობაში. ეს უთანასწორობა ხშირად ისეთი ფაქტორებითაც ღრმავდება, როგორებიცაა სქესი, სექსუალური ორიენტაცია, ახალგაზრდობა და მიგრაციული სტატუსი, რაც განსაკუთრებით აისახება მოსახლეობის მარგინალიზებულ და სტიგმატიზებულ ჯგუფებზე. გარდა ამისა, მონაცემთა შეგროვების სისტემა, რომელიც აუცილებელია წარმატებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სამედიცინო ჩარევებისთვის, ხშირად ცუდადაა აღჭურვილი მსგავსი ჯგუფების შესახებ მონაცემების მოსაპოვებლად (თუმცაღა უახლესმა ანგარიშებმა საშუალება მოგვცა, წარმოდგენა შეგვექმნა პანდემიის რასობრივ უთანასწორობაზე ჩვენთან, აშშ-ში).
მარგინალიზებული ჯგუფები ასევე ძალზე მოწყვლადები არიან ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ, რომელთა აღკვეთაც დიდი ხანია აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. თუკი აშშ ერთგულია რეალური თავისუფლებისა და ღირსებისა ყველასთვის, მაშინ სოციალურად და პოლიტიკურად მარგინალიზებული ჯგუფებისთვის სამედიცინო დახმარების არსებობა, ხელმისაწვდომობა და ხარისხი მნიშვნელოვანია. დისკრიმინაციული პოლიტიკა, რომელიც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ზღუდავს, ხელს უშლის მოძრაობას და განვითარების თავისუფლებას. მთელი ჯგუფები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მოკლებულნი არიან საშუალებას, წვლილი შეიტანონ მსოფლიო ეკონომიკაში, ასე იფლანგება აშშ-სთვის სასარგებლო ადამიანური რესურსი. საზღვარგარეთ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისთვის განკუთვნილი მიზნობრივი ინვესტიციები არც ფულის ფლანგვაა და არც წმინდა ალტრუიზმი.
ჯანმრთელობა შესაძლებლობების კარს აღებს, განსაკუთრებით, ქალებისთვის. ჯანდაცვის ახალ დღის წესრიგს შეეძლო გაეფართოებინა ტრამპის ადმინისტრაციის “ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების” ინიციატივა, რომელიც ორივე პარტიის არნახული მხარდაჭერით სარგებლობს. ქალებისთვის ხარისხიანი განათლებისა და პროფმომზადების ხელმისაწვდომობის გაზრდით, მსგავსი პროგრამები უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნისა და სამეწარმეო საქმიანობის საშუალებას იძლევა, რაც ადგილობრივ ეკონომიკას აუმჯობესებს; მაგრამ თუკი ახალგაზრდა ქალებს არ აქვთ ორსულობის დაგეგმვის საშუალება, ან შიდსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ზომებთან ხელმისაწვდომობა, ეს ხელს უშლის მათი ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის ინიციატივებს.
პრიორიტეტი #3: აქცენტი დემოკრატიულ მმართველობასა და საერთო პასუხისმგებლობაზე
აშშ-ს გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკამ მმართველობა ქვაკუთხედად უნდა აქციოს. ხშირად დემოკრატიული მმართველობა და უკეთესი ჯანდაცვა ერთმანეთს აძლიერებს.
ფაქტია, რომ ყველა დემოკრატიამ მიმდინარე პანდემიას შესაბამისად ვერ უპასუხა, შეადარეთ სამხრეთ კორეის წარმატება და შვედეთის მარცხი. ისიც მართალია, რომ ამ განტოლებაში სხვა ცვლადებიცაა, მაგალითად, სოციალური ნდობა, პოლიტიკური კულტურა და სახელმწიფოს შესაძლებლობები, მაგრამ თანაბარ პირობებში დემოკრატიები ანგარიშვალდებულების მექანიზმებს რთავენ, რაც მათ ჯანდაცვის საფრთხეებისადმი უფრო მგრძნობიარედ აქცევს, ვიდრე ავტოკრატიებს.
გარდა ამისა, ჯანდაცვის გაუმჯობესებაში ჩადებული ინვესტიციები მმართველობასაც აუმჯობესებს. როგორც ჟურნალ Annals of Global Health-ში გამოქვეყნებულმა მეთიუ კავანასა და ლიქსიუ ჩენის კვლევამ აჩვენა, “გლობალური ფონდის მიერ დაფინანსების გაზრდა დაკავშირებულია კორუფციის უკეთ კონტროლთან, რეგულირების ხარისხთან, ანგარიშვალდებულებასა და კანონის უზენაესობასთან”. ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სფეროში აშშ-ს გლობალური ლიდერობა ინვესტიციაა უკეთეს და უფრო დემოკრატიულ მმართველობაში საზღვარგარეთ, მთელი თანხლები უპირატესობებით.
რაც უფრო გამჭვირვალე, ინკლუზიური და ანგარიშვალდებულია მმართველობა, მით უფრო ეფექტურია ჯანდაცვის საჭიროებებისა და საფრთხეების მოგვარება. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 1980-2016 წლების პერიოდში ქვეყნის “დემოკრატიული გამოცდილება”, იმის ინდიკატორი, თუ რამდენად დემოკრატიული იყო ქვეყანა და რა დროის მანძილზე, მეტს ნიშნავდა არაინფექციური დაავადებებით სიკვდილიანობის დონის დაწევაში ვიდრე მშპ, ურბანიზაცია ან საერთაშორისო დახმარების ოდენობა. საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წარმომადგენლის, თომას ბოლიკის მიხედვით, “დემოკრატიული გამოცდილების” ერთი პუნქტით ზრდა ტუბერკულოზით სიკვდილიანობის 2% კლების ტოლფასია. დემოკრატიული ქვეყნების მთავრობები მზად არიან ინფორმაციის გასაცვლელად, ამომრჩევლებისა და დაინტერესებული ჯგუფებისაგან გამოხმაურებების მისაღებად და უფრო მეტი ყურადღებით ეკიდებიან ჯანდაცვის სახელმწიფო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, ვიდრე ნაკლებად დემოკრატიული მთავრობები.
რაც უფრო გამჭვირვალე, ინკლუზიური და ანგარიშვალდებულია მმართველობა, მით უფრო ეფექტურია ჯანდაცვის საჭიროებებისა და საფრთხეების მოგვარება.
დებულება, რომ დემოკრატიული მმართველობა უკეთეს ჯანდაცვის სისტემას გულისხმობს, აშშ-სა და ჩინეთში გამოცდის წინაშეა. კოვიდ-19-ის შეჩერებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ჩვენი ღია მმართველობის უკეთესი გავლენა, ჩინეთის ავტორიტარულ მოდელთან შედარებით, თვალსაჩინოა.
პანდემიასთან გამკლავების ზომები ჩინეთში თვალთვალისა და დისიდენტებზე კონტროლის გასაძლიერებლად იქნა გამოყენებული, რაც ქვეყნის ავტორიტარული სისტემის გამოხატულებაა. ვუჰანელი ექიმის, ლი ვენლიანის ამბავი, რომელიც ჩინეთის პოლიციამ ვირუსის მომაკვდინელებ ზემოქმედებაზე სხვა ექიმების გაფრთხილების გამო დასაჯა, სიმბოლურია. კონკრეტული პრეზიდენტის ყველა წარუმატებლობის მიუხედავად, აშშ-ს გაცილებით გამჭვირვალე პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის წყალობით, თვითგაუმჯობესებადი და განახლებადია.
ჯანდაცვის პოლიტიკაში დემოკრატიის ანგარიშვალდებულებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთო პასუხისმგებლობა. ამას შედეგად მოჰყვება ქვეყნების მიერ ჯანდაცვის საკუთარი სტრატეგიების ფორმირება, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას, სახელწიფოსთან ერთად, გადამწყვეტი ხმა აქვს და, უცხოური შემოწირულობების პარალელურად, აქცენტი კეთდება შიდა რესურსების მობილიზებაზე. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19-მა განვითარებად ეკონომიკებზე უარყოფითად იმოქმედა, აფრიკასა და სხვა განვითარებად რეგიონებში ჯანდაცვის მეშვეობით საკუთარ მოსახლეობაში ინვესტირების საშუალება იზრდება. მიზანშეწონილია საერთაშორისო დახმარების ადაპტაცია და შიდა რესურსების სტიმულირებისთვის გამოყენება. მაგალითად, გლობალური ფონდის მდგრადობის შენარჩუნებისა და გარდამავალი პერიოდის პოლიტიკა გულისხმობს, რომ დაფინანსების მიმღებები ბოლომდე ერთვებიან პროცესში (დაფინანსების შეჩერების რისკის ფასად, როგორც ეს ნიგერიაში მოხდა) და იყენებს გრანტებს, რათა წაახალისოს ქვეყნები, თავად მოახდინონ პრიორიტეტული სფეროების ასიგნირება. აშშ-ს ორმხრივ და მრავალმხრივ მცდელობებში უპირატესობა საერთო პასუხისმგებლობას უნდა მივანიჭოთ, რათა უზრუნველვყოთ მდგრადობა და ყველას ინტერესების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილებები. საბოლოოდ, უფრო მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ იხდის, არამედ, ვინ ლაპარაკობს: ქვეყნები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოწყვლადი ჯგუფების ჩათვლით.
პრიორიტეტი #4: შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის ეპიდემიების დასრულება
უმცროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროიდან აშშ-ს ორივე პარტიამ მხარი დაუჭირა აივ/შისის, ტუბერკულოზისა და მალარიის ეპიდემიების დასრულების მისიას. კონსენსუსი ასახულია ისეთ ორპარტიულ პროგრამებში, როგორებიცაა შიდსის დახმარების პრეზიდენტის საგანგებო ფონდი და მალარიასთან ბრძოლის საპრეზიდენტო ინიციატივა, ასევე, გლობალური ფონდის აქტიურ მხარდაჭერაში მისი 2002 წელს დაარსებიდანვე. 2019 წლის მონაცემებით 18,9 მილიონმა ადამიანმა მიიღო შიდსის ანტირეტროვირუსულ თერაპიაზე წვდომა, 5,3 მილიონმა ადამიანმა გაიარა ტუბერკულოზის მკურნალობის კურსი, დარიგდა 131 მილიონი კოღოებისაგან დამცავი ბადე და, გლობალური ფონდისა და მისი პარტნიორების მეშვეობით, მთლიანობაში 32 მილიონი სიცოცხლე შენარჩუნდა.
ამ სამ დაავადებას შორის აივ/შიდსის მკურნალობა, შესაძლოა, ყველაზე უკეთაა დაფინანსებული. შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მოძრაობამ 1990-იან წლებში, რომელსაც ამ დაავადების მქონე პირები, ნოვატორი აქტივისტები, ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსები უდგნენ სათავეში, შეთანხმებულ გლობალურ საპასუხო ზომებამდე მიგვიყვანა, რაც მუდმივ (თუ არა საკმარის) დაფინანსებას გულისხმობდა დაავადების ტვირთის შესამსუბუქებლად. ანტივირუსული მკურნალობის შემუშავებამ, რაც საშუალებას აძლევს შიდსით დაავადებულ ადამიანებს, სიკვდილის განაჩენი თავიდან აიცილონ, და შიდსის “ათასწლეულის განვითარების მიზნებში” თავდაპირველმა ჩართვამ პროგრესი უზრუნველყო.
ტუბერკულოზთან ბრძოლასაც მსგავსი იმპულსი ამოძრავებდა, როცა ჯანდაცვის ხელმძღვანელები, განვითარების სააგენტოების მეთაურები და დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები ამ დაავადების ლიკვიდაციის მიზნით გაერთიანდნენ. 1993 წელს ტუბერკულოზი საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო მდგომარეობად გამოცხადდა, რასთან დაკავშირებითაც ტუბერკულოზთან და ფილტვის დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო გაერთიანებამ მკურნალობის ახალი მოდელი შექმნა, რომელიც ჯანმოს მიერ იქნა მიღებული. მეოთხედი საუკუნის შემდეგ, 2018 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა მსოფლიო ლიდერების ძალისხმევის გააქტიურების მიზეზი გახდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე პიონერი ქვეყანა, მათ შორის ინდოეთი და ინდონეზია, მიჰყვა გეგმას.
სამოქალაქო საზოგადოების შედარებით ნაკლები აქტიურობის ფონზე, ვიდრე ეს შიდსისა და ტუბერკულოზის შემთხვევაში მოხდა, მალარია წარმოადგენს ეპიდემიას, რომელიც მეტ პოლიტიკურ აქტივობას მოითხოვს. 2000 წლის აპრილში გამართული აბუჯას სამიტის პროგრამული ფოკუსირების შედეგად აფრიკის 44 ქვეყანა შეთანხმდა, 10 წელიწადში 50%-ით შეემცირებინათ მალარიით გამოწვეული სიკვდილიანობა. ისეთი ორგანიზაციების თანამშრომლობით, როგორებიცაა Roll-Back Malaria (RBM), გეითსის ფონდი, გლობალური ფონდი და ბუშის მიერ დაწყებული მალარიასთან ბრძოლის საპრეზიდენტო ინიციატივა, მოხდა რესურსებისა და ინოვაციების მობილიზება. მიღწეულ იქნა თვალსაჩინო პროგრესი, 21 ქვეყანა მალარიის 2020 წლისთვის სრული ლიკვიდაციის გზაზე იდგა, მაგრამ კორონავირუსმა ამ ძალისხმევას საგრძნობლად შეუშალა ხელი.
ამ სამ დაავადებასთან ბრძოლა კოვიდ-19-ს მიერ მიწოდების ჯაჭვისთვის და პრევენციისა და მკურნალობის პროგრამებისთვის მიყენებული ზიანით რთულდება. გლობალური ფონდის მცირე ხნის წინანდელი ანგარიშის თანახმად, ამ დაავადებათა პროფილაქტიკის პროგრამების სამი მეოთხედი დაბრკოლებას კოვიდ-19-ის გამო აწყდება, რაც ათწლეულობით გადაავადებს დაავადებათა ლიკვიდაციას. ლონდონის სამეფო კოლეჯის, UNAIDS-ის, ტუბერკულოზის შეჩერების პარტნიორთა ფონდის და სხვ. მიერ გაკეთებული ანალიზის მიხედვით, ამ სამი დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი წელს, შესაძლოა, თითქმის გაორმაგდეს, რადგანაც ჯანდაცვის სისტემები გადატვირთულია, მკურნალობისა და პრევენციის პროგრამები, დარღვეული, რესურსები კი, გადამისამართებული. აშშ-სა და კოლექტიური მოქმედების გარეშე, კოვიდ-19-მა, შესაძლოა, შიდსით, ტუბერკულოზითა და მალარიით გამოწვეული სიკვდილიანობისა და დაავადების გავრცელების იმ დონესთან დაგვაბრუნოს, რომელიც 2007 წლამდე იყო, რაც აშშ-ს დაავადებასთან საბრძოლველად წარსულში გაღებული ინვესტიციებისა და ადამიანების დაკარგვას ნიშნავს.
აშშ-სა და კოლექტიური მოქმედების გარეშე, კოვიდ-19-მა, შესაძლოა, შიდსით, ტუბერკულოზითა და მალარიით გამოწვეული სიკვდილიანობისა და დაავადების გავრცელების იმ დონესთან დაგვაბრუნოს, რომელიც 2007 წლამდე იყო.
“მდგრადი განვითარების მიზნების” ამოცანაა, ბოლო მოუღოს ამ დაავადებებს 2030 წლისთვის. იმ მეთოდების გაფართოების შეუძლებლობა, რომელთა წყალობითაც ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდა, დღეისთვის გაღებული ინვესტიციების გაფლანგვისა და სამი დაავადების ხელახლა გაძლიერების საფრთხეს შეიცავს. კოვიდ-19 სერიოზული გამოწვევა იქნება ჯანდაცვის არასტაბილური სისტემებისთვის, ამიტომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა მონახონ გზები კოვიდ 19-თან, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ერთდროულად საბრძოლველად. სწორედ ამ მიზნით შეიმუშავა გლობალურმა ფონდმა ახალი მექანიზმი, რომელიც ეხმარება ქვეყნებს, არსებული პარტნიორობებისა და არხების მეშვეობით კოვიდ-19-თან ბრძოლის პარალელურად, შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლაც განაგრძონ. ჩვენ შეგვწევს ძალა და ვალდებულნი ვართ, აშშ-ს ლიდერობით, ამ სამ ძირითად მიზანს მივაღწიოთ.
პრიორიტეტი #5: ინოვაცია
ინოვაციები უმნიშვნელოვანესია გლობალური ჯანდაცვისთვის და აშშ, კვლევის ოსტატობისა და ბაზრის კრეატიულობის წყალობით, მზად არის მათი გამოყენებისთვის. განვიხილოთ ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა Ervebo, რომელიც FDA-ს მიერ მოწონებული მნიშვნელოვანი მიღწევაა დაავადების პროფილაქტიკაში. კანადაში მდებარე ვინიპეგის ლაბორატორია ვაქცინის შექმნაზე მუშაობდა, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია ჯანმო-სა და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ინტერესის არარსებობის გამო. თუმცაღა 2014 წელს აფრიკის დასავლეთში დაავადების აფეთქების შემდეგ, კომპანია Merck-მა შეისყიდა კვლევები და წარმოებას შეუდგა. აშშ-სა და ევროპის მარეგულირებელმა ორგანოებმა მალევე გასცეს ნებართვა, რათა ვაქცინა, საჭიროებისამებრ, ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. გარდა ამისა, ჯანმო-მ ვაქცინის წინასწარი კვალიფიკაცია მოახდინა, აფრიკის ქვეყნებში უფრო სწრაფად დასამტკიცებლად და GAVI-მ, ვაქცინების ალიანსმა, ვაქცინის მარაგი შექმნა მომავალი აფეთქებებისთვის. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობამ, ასევე ბიუროკრატიის შესუსტების ძალისხმევამ ხელი შეუწყო 2014 წელს პანდემიის აღკვეთას.
ინოვაციების გზა მუდამ პირდაპირი არაა. მაგალითად, შიდსის საწინააღმდეგო HVTN702 ვაქცინის გამოცდა სამხრეთ აფრიკაში, უსაფრთხოების მაღალი რეიტინგის მიუხედავად, არაეფექტურობის გამოვლენის შედეგად შეჩერდა. ინოვაციის გამოყენება დინჯ და სტრატეგიულ მიდგომას საჭიროებს. ინოვაციები გლობალურ ჯანდაცვაში ინფექციური დაავადებებით არ შემოიფარგლება. მაგალითად, ჯანმო-მ მუცლის ტიფისა და როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წინასწარი შეფასება ჩაატარა, დაავადებების, რომლებიც მძიმე დიარეული ავადმყოფობების ყველაზე გავრცელებული მიზეზია ბავშვებში, რომლებიც ცუდ სანიტარულ პირობებში იმყოფებიან.
იმის გათვალისწინებით, როგორ მოქმედებს კოვიდ-19 სხვა დაავადებებზე, გონივრული იქნება, ინოვაციების მეშვეობით, ძველ პრაქტიკებს გადავაბიჯოთ. სოციალური დისტანცირების პრაქტიკამ აიძულა ადამიანები, რომლებიც ტუბერკულოზს მკურნალობდნენ, დაეწყოთ წამლებით მრავალთვიანი მკურნალობა და შეეწყვიტათ პერსონალური დაკვირვება მათი დოზების სოციალურ მედიაში რეგისტრაციის სანაცვლოდ. კოვიდ-19-ის გარდა, მისასალმებელია მკურნალობის მიმდინარე რთული სქემების გამარტივების ინოვაციები, რადგანაც ბევრი პაციენტი დროზე ადრე ეთიშებოდა მათ, როგორც კი თავს უკეთ იგრძნობდა, რაც ტუბერკულოზის წამლებისადმი რეზისტენტული შტამების რიცხვის ზრდას იწვევდა. გარდა ამისა, CDC-ის მეცნიერებმა ახლახანს შექმნეს ტესტი, რომელიც სწრაფად და ერთდროულად ამოწმებს შიდსსა და კოვიდ-19-ს და ცხადს ხდის ზემოქმედების დროს, რაც კონტაქტების მიგნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
ინოვაციების აუცილებლობას ხაზს უსვამს როგორც ტესტების, თერაპიული საშუალებებისა და კოვიდ-19-ს ვაქცინის შექმნის გადაუდებელი საჭიროება, ასევე ჩარევის უფრო ეფექტური ზომების მოთხოვნილება იმ საფრთხეების ასაცილებლად, რომლებიც დიდი ხანია ჩვენს ჯანმრთელობას ემუქრება და რომლებიც პანდემიამ გააღრმავა. ინოვაციების სფეროში აშშ-ს შედარებითი უპირატესობა აქვს, რაც ჰუმანიტარული, ეკონომიკური და თავდაცვის მიზნებისთვის მეტად ღირებულია. ამის ალტერნატივად წარმოიდგინეთ, რომ ჩინეთი ჯერ კოვიდ-19-ის ვაქცინას შექმნის, მერე კი მის გავრცელებას გავლენის მოსაპოვებლად გამოიყენებს. ინოვაციების დაჩქარებისა და მათი შემდგომი დანერგვისათვის უმჯობესია, ლიდერისა და კატალიზატორის როლს აშშ ასრულებდეს, და არა სხვა დიდი სახელმწიფოები, რომლებიც ნაკლებად არიან მიდრეკილები ურთიერთსარგებლისა და ღია მმართველობისადმი.
აშშ-ს მთავრობას ესაჭიროება კვლევებისა და განვითარების აქტივიზაცია, რათა შედარებითი უპირატესობა მოიპოვოს. ჩვენ უნდა შევქმნათ მკურნალობის კვლევის ოფისი ჯანდაცვის ნაციონალურ ინსტიტუტში და გავაფართოვოთ კანონი 21-ე საუკუნის სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელიც კიბოსთან ბრძოლას აფინანსებდა. მან მხარი უნდა დაუჭიროს აფრიკის ახლახანს დაარსებულ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს, აფრიკის საბჭოსა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და კვლევათა ქსელის დაფინანსების გაზრდას აფრიკასა და სხვა შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებში მრავალმხრივი ეფექტი ექნება ჯანდაცვის შედეგებზე.
დასკვნა
სიმართლე რომ ითქვას, უკვე ბევრი ინსტრუმენტი და რესურსი გვაქვს, რათა გლობალური ჯანდაცვის გამოწვევებს გავუმკლავდეთ. გლობალური ფონდის მსგავსი ინფრასტრუქტურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ქვეყნების დასახმარებლად, გამართონ ჯანდაცვის სისტემა და მზად იყვნენ კოვიდ-19-ის მსგავსი მოულოდნელობებისთვის. ახალი მექანიზმები, როგორიც გლობალური ჯანდაცვის გამოწვევების ფონდია, მხოლოდ სარგებელს მოიტანს, თუკი არსებული პროგრამებიდან ყველაზე მოქნილების დუბლირების ნაცვლად, მათ ინკორპორირებას მოახდენს. ჩვენ უფრო მეტი უნდა მოვითხოვოთ ისეთი აუცილებელი ორგანიზაციებისაგან, როგორიც ჯანმო-ა და აგრესიული მოდელების, მაგალითად, ჩინურის, ალტერნატივები უნდა შევქმნათ, როცა ვხედავთ, რომ ისინი ისეთ გადაწყვეტის გზებს გვთავაზობენ ჯანდაცვის სფეროში, რომლებიც არ არის გამჭვირვალე, ინკლუზიური და ანგარიშვალდებულებას არ გულისხმობს. არსებულიდან საუკეთესოს გამოყენება, მნიშვნელოვანი, მაგრამ არასრულყოფილი აქტივების განახლება და ახალი პარტნიორობების ძიება საერთაშორისო თანამშრომლობასა და კოორდინაციას მოითხოვს. აშშ-ს კვლავაც საუკეთესოდ შეუძლია ამ როლის შესრულება, თუკი შიდა საქმეებს უკეთ დაალაგებს. ვინც არ უნდა მოვიდეს ოვალურ ოფისში 2021 წლის იანვარში, მას უდიდესი შესაძლებლობა მიეცემა, რათა ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და უზრუნველყოს, რომ აშშ, მსოფლიოსთვის სარგებლის მოტანასთან ერთად, საკუთარ თავსაც რგებდეს.
მარკ პ. ლეიგანი
მარკ პ. ლეიგანი პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელია ორგანიზაციაში Fრიენდს ოფ ტჰე Gლობალ Fიგჰტ ფორ AIDშ, თუბერცულოსის ანდ Mალარია, ასევე, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიური სკოლის პროფესორი, “ტრინიტი ფორუმის” ნამდვილი წევრი და “ფრიდომ ჰაუსის” ყოფილი პრეზიდენტი.

