დებატები ეკონომიკურ განცალკევებაზე
ავტარქია უკვე ვცადეთ 1930-იანებში. განსაკუთრებული შედეგი არ მოუტანია
მსოფლიო ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკური განცალკევების მომხრეები უფრო მნიშვნელოვან ამოცანას ტოვებენ უყურადღებოდ.
ჯეფრი გედმინი რობერტ ზელეკს კორონავირუსის პანდემიაზე, ჩინეთთან ურთიერთობებზე და მის მიერ ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ დაწერილ ახალ წიგნზე ესაუბრა.
ჯეფრი გედმინი: ბობ, თქვენ თავგადაკლულ მკითხველად გიცნობთ, გვაინტერესებს რას კითხულობთ ამჟამად და რომელ წიგნებს გვირჩევთ?
რობერტ ზელიკი: ახლა ორ სხვადასხვა წიგნს ვკითხულობ. მივუბრუნდი მაიკლ ჰოვარდისა და პიტერ პარეტის მიერ თარგმნილ კლაუზევიცის ომზეს. მთლიანად წაკითხული არასდროს მქონდა, მაინტერესებს ამ წიგნის გამოყენების შესაძლო გზები დიპლომატიაში. მეორე წიგნი ოუენ უისტერის ვირჯინიელია, 1902 წელს დაწერილი ვესტერნის ჟანრის რომანი, რომელიც ცოლმა მირჩია. ვირჯინიელის ავტორი თედი რუზველტის ახლო მეგობარი იყო, რაც ამ წიგნის კითხვის დამატებითი მიზეზი იყო. ვცდილობ უკეთესად გავიგო რუზველტის შეხედულებები იმ დროინდელ დასავლეთზე.
რეკომენდაციას ორ ახალ წიგნს გავუწევდი. პირველი იელის უნივერსიტეტის პროფესორის, რობერტ შილერის, ნარატიული ეკონომიკაა, რომელიც ბიჰევიორისტული ეკონომიკის საკითხებს ეხება. შილერი ცდილობს უკეთესად გაერკვეს ადამიანთა თავს გადამხდარი ამბების გავლენაში ეკონომიკურ ქცევაზე. ეს ძალიან დროული წიგნია, რადგან შილერმა წიგნი კორონავირუსის გავრცელებამდე დაწერა და ამბების გავრცელების მოდელის ასახსნელად ის ეპიდემიოლოგიის მეთოდოლოგიას იყენებს. ეს ეკონომიკურ ქცევასა და მასობრივ ფსიქოლოგიას შორის არსებულ კავშირებში გარკვევის ერთ-ერთი პირველი ცდაა. შილერი ხალხის მიერ ეკონომიკის გაგების რვა თუ ცხრა გავრცელებულ მოდელს განიხილავს. მის ანალიზში იკვეთება, თუ როგორ მეორდება დროთა განმავლობაში ერთი და იგივე იდეები.
მეორე წიგნი ისტორიკოსის, ერიკ ფონერის, მეორე დაარსებაა. წიგნში ფონერი შეერთებული შტატების კონსტიტუციის მე-13, მე-14 და მე-15 ე.წ. რეკონსტრუქციის შესწორებების ისტორიას განიხილავს.
ჯ.გ.: იდეებს რაც შეეხება, ტონი იუდტმა ერთხელ თქვა, რომ უჩვეულო ჩვევა გვაქვს, ყველა ჩვენს თავს გადამხდარი ამბავი უნიკალურ შემთხვევად განვიხილოთ. ისტორიის უგულებელყოფისა და დავიწყების ჩვევა ამერიკული ტრადიციაა თუ უფრო ფართოდ გავრცელებული ფენომენია?
რ.ზ.: მთავარი პრობლემა ისტორიული ხედვისა და ცოდნის ნაკლებობაა. არ ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ამერიკული ფენომენია. სხვა ქვეყნებს, მათი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ისტორიის განსხვავებული ხედვა აქვთ. მათგან ბოლო პერიოდში გამოიკვეთა დამცირების საუკუნის ჩინური კონცეფცია. არაერთმა ისტორიკოსმა ეს კონცეფცია ეჭვის ქვეშ დააყენა. მათი აზრით, ტაიპინელთა აჯანყებისა და მე-19 საუკუნის სხვა ასპექტების გათვალისწინებით, ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ურთიერთობა ბევრად უფრო კომპლექსურ ხასიათს ატარებდა.
არ ვიცი რამდენად თვალშისაცემია ფართო აუდიტორიისთვის, თუმცა როცა დღეს კორპორაციების ან პროფკავშირების კრიტიკას ვკითხულობთ, იმავე არგუმენტებს ვაწყდებით, რომლებსაც წარსულშიც იყენებდნენ. მაგალითად, მონეტარული პოლიტიკის შემთხვევაში დღეს მოყვანილი არგუმენტების ნაწილს ვხვდებით უილიამ ჯენინგს ბრაიანის და ალექსანდერ ჰამილტონის საჯარო გამოსვლებშიც კი!
ისტორიის შესწავლა საშუალებას გვაძლევს უკეთესად გავერკვეთ ამა თუ იმ საკითხში, როგორ და რისთვის გამოიყენებოდა ის წარსულში, რა შეიძლება გვასწავლოს ისტორიულმა პრეცედენტებმა დღევანდელი პრაქტიკისთვის. თუმცა, როგორც ყველა ისტორიის მოყვარული, ისტორიულ ანალოგიებს მეც სიფრთხილით ვეკიდები.
ჯ.გ.: ახლა, კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისში, მთავარი ამოცანა ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკური ზარალის შემცირებას შორის მყიფე წონასწორობის შენარჩუნებაა. გამართული დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა ჩინეთია. ერთი მხრივ, გამოიკვეთა ჩინეთისადმი ხისტი მიდგომის მქონე ბანაკი, რომელიც პეკინისგან მკვეთრი დისტანცირების მომხრეა. მეორე მხრივ, ისმის მოწოდებები ჩინეთთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე. რას ფიქრობთ ამ თემაზე და რა რჩევას მისცემდით პოლიტიკოსებს ამ საკითხთან დაკავშირებით?
რ.ზ.: სანამ უშუალოდ ჩინეთზე ვისაუბრებთ, რამდენიმე სიტყვას ჯანდაცვასა და ეკონიმიკაზე ვიტყვი. იმედი მაქვს აქ აზრიან კომპრომისს გამოვნახავთ, ამ ორი სფეროს სინქრონიზაციის გარეშე კრიზისიდან გამოსვლა შეუძლებელი იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ თანმიმდევრულობის დაცვაა. პირველხარისხოვანი ამოცანა ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექიმების იმ აუცილებელი აღჭურვილობითა და საშუალებებით უზრუნველყოფაა, რომლებითაც ისინი კორონავირუსის შედეგებს უნდა გაუმკლავდნენ. მათი წარუმატებლობის შემთხვევაში ეკონომიკას არაფერი ეშველება. კრიტიკულია ტესტირების როლი, ეს შესაძლო რისკების შეფასებითვის აუცილებელი მონაცემების მიღების საშუალებას გვაძლევს. ამას გარდა ტესტირება იმუნიტეტის მქონე მოქალაქეთა გამოვლენაშიც გვეხმარება. ეს მნიშვნელოვანია კრიზისიდან გამოსვლის ეტაპზე მოსახლეობაში სხვადასხვა რისკ ჯგუფების გამოვლენისთვის და მათთვის დაცვის ადეკვატური მექანიზმების დაწესებისთვის. ზოგადად მიმაჩნია, რომ ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის არჩევანი ცრუ დილემაა.
პოლიტიკურმა მიზანშეწონილობამ პრეზიდენტ ტრამპს იმ ხალხზე დაყრდნობა უკარნახა, რომლებსაც ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება, სახლიდან გამოსვლა და მუშაობის განახლება სურთ. ამ პოზიციიდან უკან დახევის მიუხედავად, ეს მისწრაფება ხალხისთვის კვლავაც მიმზიდველად რჩება. ახლა ტრამპი გარდაცვლილთა მიმართ გულგრილობაში დადანაშაულების რისკის წინაშეა, როგორც ამაზე მას რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი აფრთხილებდა. პოლიტიკას ვერსად გავექცევით.
ერთ-ერთი საუკეთესო ტექსტი, რომელიც ამ თემაზე წავიკითხე მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციის ყოფილ თავმჯდომარეს სკოტ გოტლიბს ეკუთვის. გოტლიბი შეზღუდვების მოხსნის გზამკვლევს გვთავაზობს, რომელსაც რამდენიმე ეტაპი გააჩნია. ვფიქრობ ბუნებრივია, რომ კრიზისის დროს კარდინალური გადაწყვეტილებები გვიზიდავს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახლა იმ ეტაპზე ვართ, სადაც უდიდესი მნიშვნელობა სინქრონიზაციასა და თანმიმდევრულობას ენიჭება.
ჩინეთს რომ მივუბრუნდეთ, ვიკითხოთ: შეუძლიათ კი ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს თანამშრომლობა? ისინი კონკურენტები არიან და მათი მეტოქეობა ზოგჯერ კონფლიქტის ფორმასაც იღებს. ეს განსხვავებული ღირებულების მქონე საზოგადოებებია. და დამატებითი შეკითხვა: რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მათ შორის თანამშრომლობას?
აქ შემიძლია ანალიზის სამი მიმართულება შემოგთავაზოთ. პირველი: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამყარდა მოსაზრება, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა წარუმატებელი გამოდგა. ეს დასკვნა არასწორია. ფართო აუდიტორიამ შეიძლება ახლა დაინახა ის უთანხმოებები, რომლებიც ჩინეთთან გვაქვს, თუმცა იმის დაშვება, რომ თანამშრომლობა ფიასკოთი დასრულდა, აისტორიული იქნება. მაგალითად, მასორივი განადგურების იარაღისა და სარაკეტო შეიარაღების გაუვრცელებლობის სფეროში თანამშრომლობა შეგვიძლია მოვიყვანოთ. 70-იან და 80-იან წლებში ჩინეთთან ამ საკითხებზე თანამშრომლობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. პეკინი ხელს უწყობდა პაკისტანისა და სხვა ქვეყნების ბირთვული პროგრამების განვითარებას. 1991 წელს სახელმწიფო მდივნის, ჯეიმზ ბეიკერის, ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, რომლის მიზანი ტიანანმენის მოვლენების შემდეგ ურთიერთობების გაუმჯობესება იყო, ჩინელებმა შეწყვიტეს ბირთვული იარაღის გამოცდა, ხელი მოაწერეს სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმის ხელშეკრულებასა და ბირთვული იარაღის გამოცდების აკრძალვის ხელშეკრულებას (რომლის რატიფიცირების ვაშინგტონის მიერ გადადების შემდეგ, ის არც ჩინეთში რატიფიცირებულა). როგორ წარმოგიდგენიათ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსი პრობლემების მოგვარება ჩინეთის გარეშე? პეკინის გარეშე შორს ვერ წავალთ.
უსაფრთხოების სფეროში უფრო ზოგადი პერსპექტივიდან შეგვიძლია გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ 2000-2018 წლებში მიღებული საერთაშორისო სტანდარტების დამრღვევთათვის მიღებული სანქციების რეზოლუციების მაგალითიც მოვიყვანოთ. ასეთი 190 რეზოლუციიდან ჩინეთმა მხარი 182-ს დაუჭირა. უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგ შემთხვევაში შეერთებულ შტატებს ჩინეთის დათანხმებაზე ბევრი მუშაობა დასჭირდა, თუმცა ჩემს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ პეკინი რიგ შემთხვევებში აქტიურად გვიჭერდა მხარს. ასეთი მაგალითი იყო დარფურის საკითხი, რომელზეც მე 10 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. პეკინი ძალიან აქტიურია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. 15 წლის განმავლობაში ჩინეთი ამერიკული ექსპორტის ყველაზე სწრაფად ზრდადი მიმართულება იყო. ისინი ხელოვნურად აღარ ამცირებენ მათი ვალუტის კურსს. ჩინეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალური ფინანსური კრიზისის დროსაც. როცა რუსეთმა ამერიკულ დოლარზე უარის თქმის წინადადება წამოაყენა, ჩინელებმა ეს იდეა საკმაოდ გულგრილად მიიღეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან მათი თანამშრომლობა ყოველთვის უმაღლეს დონეზე იყო. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტობისას არ მახსენდება საკითხი, რომელზე საუბარიც პეკინთან გამჭირვებოდა.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგბრივი საკითხის შემთხვევაშიც კი, იქ სადაც რაოდენობრივი ან ციფრული პირობები იყო შესასრულებელი, ჩინეთი პირნათლად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. ყველაზე მეტ სიძნელეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებში წავაწყდით. გარემოს დაცვის სფეროში იყო პროგრესი სპილოს ძვლისა და ზვიგენის ფარფლის იმპორტის აკრძალვის საქმეში, თუმცა პრობლემური აღმოჩნდა გადაშენების პირას მისული ვეფხვის დაცვის პროგრამის შესრულება. აქვე აღვნიშნოთ, რომ კლიმატური ცვლილებებზე გლობალურ მასშტაბში მუშაობა ჩინეთის გარეშე შეუძლებელია.
იმის თქმა არ მინდა, რომ ყველაფერი კარგადაა. ჩვენ შორის არსებული განსხვავებები კვლავაც მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ საკითხზე მსჯელობას იმ მცდარი დასკვნით დავიწყებთ, რომლის მიხედვით ჩინეთთან თანამშრომლობას კარგი არაფერი მოუტანია, საკუთარ თავს შეცდომაში შევიყვანთ, ეს კი განსაკუთრებით საშიში სწორედ პოლიტიკაშია.
ანალიზის მეორე მიმართულება ჩინეთისგან ეკონომიკურ განცალკევებას ეხება. ამ პოლიტიკის მომხრეები ჩინეთთან მოსაგვარებელ ბევრად მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხს ტოვებენ ყურადღების მიღმა. ამაზე პირველად კარნეგის ფონდის წარმომადგენელმა ევან ფეიგენბაუმმა მიმითითა. ჩინეთს მსოფლიო პოლიტიკისადმი ორდონიანი მიდგომა აქვს. ერთი მხრივ, ჩინეთი თითქმის ყველა საერთაშორისო ინსტიტუტშია ინტეგრირებული, იქნება ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი თუ გაეროს უშიშროების საბჭო, ხელი აქვს მოწერილი სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებასა და პროტოკოლზე. ამგვარად, პრობლემური საკითხი მისი ქცევაა, რაც ამ ორგანიზაციების საქმიანობის მისი ინტერესების სასარგებლოდ მიმართვაში გამოიხატება. თუმცა ეს მოულოდნელი არავისთვის უნდა იყოს, ამას ხომ ყველა ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატებიც, ცდილობს. ისმის კითხვა: რა უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა ამ ორგანიზაციებში შეეცადოს საკუთარი ინტერესები და ღირებულებები დაიცვას თუ დატოვოს ეს ორგანიზაციები?
მეორე მხრივ, ჩინეთი ნიადაგს ამზადებს გლობალიზაციისთვის ჩინური მახასიათებლებით. ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა ამ კონცეფციის ნაწილია და ეკონომიკური ზრდის ინფრასტრუქტურული განვითარებით ხელშეწყობის ჩინურ მოდელს ეყრდნობა. ამ კონცეფციის თანახმად ჩინეთი მზად არის მასზე დამოკიდებულ ქვეყნებს ეკონომიკური სარგებელი, ვაჭრობის სარფიანი პირობები, ინვესტიციები და ინფრასტრუქტურის განვითარება შესთავაზოს, თუმცა ამის სანაცვლოდ საკუთარი ინტერესების პატივისცემასა და შესაბამის დათმობებს ითხოვს. ჩინეთთან ამ პირობებით პარტნიორობა გამორიცხავს პეკინის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის კრიტიკას.
თუ შეერთებულ შტატებს ჩინეთთან კონკურენცია სურს, მის პოლიტიკას საკუთარი უნდა დაუპირისპიროს. იდეა, რომლის მიხედვით შეერთებული შტატები ავტარქიულ სისტემაზე გადავა და დანარჩენ მსოფლიოსთან მხოლოდ სარგებლის მიღების მიხედვით გააგრძელებს ურთიერთობას, დაამცირებს მოკავშირეებს, დაასუსტებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მსგავს საერთაშორისო ინსტიტუტებსა თუ ნატო-ს მსგავს ალიანსებს და ვაშინგტონს კარგს არაფერს მოუტანს. ის წარმატებები, რომლებსაც შეერთებულ შტატებმა ბოლო 70 წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწია ძლიერი კოალიციების შექმნისა და საკუთარი თავის სხვებისთვის მისაბაძ მოდელად დამკვიდრების უნარმა განაპირობა. როცა ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ხისტი მიდგომის მომხრეებს მათი სამომავლო სტრატეგიის შესახებ ვეკითხებით, პასუხი ხშირად არადამაჯერებლად ჟღერს. პანდემიის, გლობალური ფინანსური კრიზისისა და ეკოლოგიური გამოწვევების ეპოქაში შეკავებისა და ძალთა წონასწორობის ძველმა გეოპოლიტიკური კონცეფციებმა აზრი დაკარგა.
აქ ჩემი ანალიზის მესამე მიმართულებასთან მივდივართ: რამდენად შესაძლებელია განსხვავებული ღირებულებითი სისტემის მქონე ქვეყანასთან თანამშრომლობა? სი ძინპინის პოლიტიკამ, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის შეუზღუდავი ძალაუფლების დაბრუნებას ითვალისწინებს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კვლავ აქტუალური გახადა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია რონალდ რეიგანის პოლიტიკის მოდელის გამოვიყენოთ. რეიგანი გორბაჩოვთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, თუმცა არც ღირებულებებსა და პრინციპებს თმობდა. ათვლის წერტილი ამერიკის შიდა პოლიტიკაა. თუ ვაჭრობისთვის, იდეებისა და ხალხისთვის გახსნილი საზოგადოების მოდელს განვავითარებთ, გავზრდით ჩვენს მიმზიდველობას დანარჩენი მსოფლიოსთვის. რა თქმა უნდა, ეს ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფალი პრესის პრინციპებს. ხელი უნდა შევუწყოთ ჩინეთში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ გაშუქებას და მათ შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელებას. რეიგანს ამერიკული ღირებულებები წნეხისა და ზეწოლისთვის არასდროს გამოუყენებია, ის მათ შთაგონებისთვის იყენებდა. გორბაჩოვთან პირადი საუბრებისას რეიგანი საბჭოეთის ლიდერს ეუბნებოდა: მოგეხსენებათ თქვენს ხალხს რელიგიური თავისუფლება სურს. კარგად მესმის ის სირთულეები, რომლებიც ამ საკითხს წასრულში ახლდა თან, რა შეიძლება ახლა გავაკეთოთ ამ ვითარების გაუმჯობესებისათვის?”
სრულიად ზედმეტია ის შეურაცხყოფები, რომლებსაც დღეს ჩინეთს ასე ხშირად ვაყენებთ. საკუთარ თავს არ ვუჯერებდი, როცა გავიგე, რომ შეერთებული შტატების, დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყნის, სახელმწიფო მდივანმა უარი განაცხადა სხვა წევრებთან საერთო შეთანხმების გაფორმებაზე, რადგან დანარჩენი წევრები მასში ვუჰანის ვირუსის ჩაწერაზე ვერ დაითანხმა. ეს უტიფრობაა. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ჩინეთთან არსებულ უთანხმოებებზე, კონფლიქტებზე და განსხვავებებზე, მაგრამ შეურაცხყოფის მიყენება სრულიად ზედმეტია.
ჯ.გ.: როგორც მემარცხენეებს, ისე მემარჯვენეებს შორის მყარდება რწმენა, რომ გლობალიზაციის პროცესი უკონტროლო გახდა. რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ბოლო წლებში მომხდარი მოვლენებიდან? არიან თუ არა მართლები ტრამპისა და ბერნი სანდერსის მხარდამჭერები ამ საკითხში? თუ არა, მაშინ სად ცდებიან?
რ.ზ.: ეს მომავალი რამდენიმე წლის დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ჩემი აზრით, ორი ძირითადი მიდგომა გამოიკვეთება: ადაპტირება და ავტარქია.
ადაპტაციას რაც შეეხება, აქ კორონავირუსმა როგორც ქვეყნებს, ისე კომპანიებს ნათლად მიანიშნა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მომწოდებელთა დივერსიფიკაციას. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი საკუთარ ქვეყანაში უნდა აწარმოო, მაგრამ არსებობს გარკვეული პროდუქცია თუ მომსახურება, რომლის მისაღებად რომელიმე ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება მიზანშეწონილი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ქვეყანასთან დაძაბული ურთიერთობა გაქვს. შეერთებულ შტატებს მშვენიერი ალტერნატივა გააჩნია. მექსიკაში ბევრი იმ საქონლის წარმოებაა შესაძლებელი, რომელიც დღეს ჩინეთიდან შემოგვაქვს. მექსიკაში ინვესტირების შემთხვევაში ჩვენ კონტინენტურ ბაზას გავაძლიერებთ. ქვეყანა იქნება ეს თუ კომპანია, მომარაგების მოქნილი და საიმედო სისტემის გამართვა პირველხარისხოვანი ამოცანაა. გახშირდა დებატები სტრატეგიული მარაგების საჭიროებაზეც. ამერიკული კომპანიების ნაწილმა საწარმოები ჩინეთიდან ვიეტნამში გადაიტანა. ჩინეთის მსგავსად ვიეტნამიც ავტორიტარული კომუნისტური რეჟიმია. ამ შემთხვევაში დივერსიფიკაცია გაზრდილია, თუმცა ჩვენი ღირებულებითი სისტემის მხარდაჭერაზე ლაპარაკი ზედმეტია. ავტარქიის ალტერნატივაზე საუბრისას ძირითადი არგუმენტები ისევ და ისევ პანდემიისას გამოვლენილი მომარაგებისა და მიწოდების პრობლემებია. ყველაფრის ადგილზე წარმოება ახალი ბარიერების შექმნას, ქვეყნის საზღვრების საწარმოებისა და ხალხისთვის დაკეტვას ნიშნავს. ასეთი ავტარქია 1930-იან წლებში უკვე ვცადეთ. დიდი შედეგი არც ჩვენთვის და არც დანარჩენი მსოფლიოსთვის მოუტანია. სავაჭრო ბალანსი დარღვეული იყო, უმუშევრობამ კი 25%-ს მიაღწია. ქვეყნისა და კომპანიების რესურსები ნაკლებად პროდუქტიულ წარმოებას ხმარდება.
ავტარქია უხსნის კარს კერძო ინტერესებსა და ლობირებას, ინტერესთა ჯგუფები სახელმწიფოსგან საკუთარი ბიზნესის დასაცავად პროტექციონისტული მექანიზმების გამოტყუებას ცდილობენ. იზრდება თვითღირებულება. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ამერიკის იმპორტის 40-დან 50%-მდე ნედლეულია. ნედლეულის გაძვირებასთან ერთად გაიზრდება პროდუქციის თვითღირებულება და საწარმოები კი ნაკლებად კონკურენტუნარიანები იქნებიან.
როგორც 1930-იან წლებში აღმოვაჩინეთ, ავტარქია ძალიან უარყოფითად მოქმედებს ექსპორტზე ორიენტირებულ ამერიკულ კომპანიებზე. მთავრობაში მუშაობისას, წლების განმავლობაში მიწევდა იმ ქვეყნებთან კამათი, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის აუცილებლობაზე მიგვითითებდნენ. მიზეზი სურსათის უსაფრთხოება იყო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ არ სჭირდებოდათ ამერიკული სოფლის მეურნოების პროდუქტების შესყიდვა, რადგან სურსათის თავად წარმოება ჰქონდათ დასახული მიზნად. 2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა კვების პროდუქტების ფასების კრიზისიც გამოიწვია. მსოფლიო ბანკში, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციასა და გაერო-ს სააგენტოები ერთად ვმუშაობდით, რათა საექსპორტო ბარიერები მოგვეხსნა და საკვებს იქ მიეღწია, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. თუ თქვენ ამერიკის საექსპორტო სექტორს მიეკუთვნებით, ავტარქიის იდეა თქვენთვის საფრთხის შემცველია.
აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დავსვათ: რამდენად შესაძლებელია საკუთარი თავის პანდემიისგან, ეკოლოგიური პრობლემებისგან, ფინანსური ბაზრებისგან, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისგან და კიბერ საფრთხეებისგან მოკვეთა? ეჭვი მეპარება, ეს შევძლოთ. საბოლოო ჯამში, მივალთ იმ ეტაპამდე, რომელზეც კომპანიები და ქვეყნები დივერსიფიკაციის ბევრად მაღალ დონეს მიაღწევენ. მსოფლიოსგან თვითიზოლაციის სულელურ იდეას განხორციელება არ უწერია.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო კრიზისების მართვაში ლიდერის როლი დაიმკვიდრა. ეს არ ნიშნავს რომ ამერიკა ყოველთვის სწორად მოქმედებდა და უშეცდომო იყო ან სხვა ქვეყნებს ყოველთვის მოსწონდათ ჩვენი მეთოდები და პრიორიტეტები, მაგრამ ყველა მიჩვეული იყო შეერთებული შტატები კრიზისიდან გამოსვლის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებდა. ასე მოხდა 2008 წლის ფინანსური კრიზისას, ტერორიზმთან ბრძოლისას და ა.შ.
ახლა შეერთებული შტატები ასეთ როლს აღარ თამაშობს. საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება რომ შეერთებული შტატების ლიდერობა საერთაშორისო სისტემის საკვანძო ელემენტი იყო. ახლა ვხედავთ რა ხდება ამ საერთაშორისო სისტემაში, როცა ამერიკა ვეღარ ასრულებს ამ როლს. ამგვარად, ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა შეეჯიბროს ამერიკული ავტარქია გლობალიზაციის ჩინურ კონცეფციას.
ჯ.გ.: რას პასუხობთ კონსერვატორებს, რომლებიც გეტყვიან: იცით, რობერტ ზელეკ, ამერიკელები არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ მოქალაქეებიც არიან და ეკონომიკურ დებატებში საჭიროა ისეთი ცნებების გათვალისწინება როგორიც სუვერენიტეტი, იდენტობა და ეროვნული კუთვნილებაა. ისინი თვლიან, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ცალკეული საკითხების გადაწყვეტისას, ამ საკითხის ეკონომიკურ განზომილებას დანარჩენ ასპექტებზე მეტი წონა არ უნდა ჰქონდეს.
რ.ზ.: ეს გასაგები არგუმენტია. ხალხმა უნდა იცოდეს რას თმობს, რაზე აქვს კონტროლი და რაზე შეიძლება ჰქონდეთ კონტროლი. შეერთებული შტატების დაარსებისთანავე, ჯერ კიდევ მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობა 3 მილიონი იყო, დამფუძნებელ მამებს მიაჩნდათ, რომ ამერიკული, ახალი ყაიდის ნაციონალიზმი საერთაშორისო წესრიგის შეცვლის გზაც იქნებოდა. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც ნაციონალიზმის ინტერნაციონალიზმთან შეპირისპირებას ცდილობს და ამ საკითხზე ჩემს მხარეს დამფუძნებელი მამები მყავს. ისინი უპირისპირდებოდნენ მერკანტილურ, იმპერიალისტურ, მონარქიულ მსოფლიო წესრიგს. მათ სჯეროდათ, რომ ქმნიდნენ რაღაც ახალს რესპუბლიკას. პრაქტიკაში ამას შეერთებული შტატების პირველ სავაჭრო ხელშეკრულებებში ვხედავთ. მათ იცოდნენ, რომ ამერიკა ატლანტიკური საზოგადოების ნაწილი იყო და ევროპაში მიმდინარე პროცესებს მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ აპირებდნენ საკუთარი ქვეყანა ევროპაზე ძლიერი ყოფილიყო. თომას პეინი ახალი მსოფლიოს დაწყებაზე საუბრობდა. მას შემდეგ შეერთებული შტატებისთვის მისი ნაციონალიზმი და ინტერნაციონალიზმი ერთი მონეტის ორი მხარე იყო. ეს ინტერნაციონალიზმი ნაწილობრივ საკუთარი ინტერესების გატარების განზრახვას ეფუძნება და ცდილობს მსოფლიო იმ მიმართულებით შეცვალოს, რომელიც, ამერიკელების აზრით, შეერთებული შტატებისა და კაცობრიობისთვის უკეთესი იქნება.
ეს პერპსექტივა ამჟამინდელ ადმინისტრაციაში დაკარგულია, ამაზე ჩემს წიგნშიც ვსაუბრობ. შეერთებული შტატების შესახებ მე-19 საუკუნის ნაწერების კითხვისას შთაბეჭდილება შეგექმნებათ, რომ საქმე მისტიკურ კონცეფციასთან გაქვთ. მათ სწამდათ, რომ რაღაც განსაკუთრებული შექმნეს. როცა ამერიკის ერთიანობა სამოქალაქო ომს გადაურჩა, რასაც უზარმაზარი ძალისხმევა და მსხვერპლი დასჭირდა, მის მოდელს სხვა ქვეყნებისთვისაც სასურველად უყურებდნენ. ინტერნაციონალიზაციის კონცეფციები დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ვუდროუ უილსონმა ამერიკის ნეიტრალიტეტის კოლექტიურ უსაფრთხოებად გარდაქმნა სცადა, სხვები საერთაშორისო სამართალსა და შეიარაღებაზე კონტროლს იყენებდნენ, თეოდორ რუზველთ ძალთა წონასწორობის პრინციპისა და მოლაპარაკებების მომხრე იყო. ამერიკელი პრეზიდენტები სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, თუმცა შეერთებული შტატების ისტორიის გადახედვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდეთ ამერიკა საკუთარ ნაციონალიზმს ყოველთვის მისი საერთაშორისო პოლიტიკისა და ინტერნაციონალიზმის ნაწილად თვლიდა.
ყოველთვის მჯეროდა, რომ ცვლილებებთან ადაპტაციისთვის ხალხს დახმარება სჭირდება. შესაბამისად, თუ გლოაბლიზაცია სწრაფ ცვლილებებს მოითხოვს, იქნება ეს ტექნოლოგიური, სავაჭრო თუ სხვა, საჭიროა ხალხსითვის ადაპტირების გაადვილებისთვის საჭირო დახმარების გაწევა. კონსერვატორთა შორის დებატების ერთ-ერთი ტრადიციული თემა სწორედ ამ დახმარებას ეხება: უნდა მოხდეს ეს ხალხისთვის მოქმედების მეტი თავისუფლების მინიჭებით თუ სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით. რეიგანის რევოლუციისას შექმნილ ინდივიდუალისტურ ეთოსს დროთა განმავლობაში საზოგადოების კონსერვატიული ცნებაც შეემატა.
ჩემი აზრით, ტრამპის ადმინისტრაცია პანდემიასთან გლობალური ბრძოლის ლიდერი არ ყოფილა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ამ როლს არც შეერტებული შტატები თამაშობდა. ფედერალური რეზერვის პოლიტიკას გადამწყვეტი როლი აქვს საერთაშორისო საფინანსო სისტემის სტაბილურობისთვის. მოკავშირეებთან კოორდინირებულად მოქმედებენ ამერიკის შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების სამსახურები.
არ უნდა გამოგვრჩეს კერძო სექტორის როლიც. ცოტა ხნის წინ ვესაუბრებოდი ევროკომისრებს, რომლებიც მიხსნიდნენ თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები მსოფლიოს საინფორმაციო უსაფრთხოებისთვის. უნდა აღვნიშნოთ ის უმნიშვნელოვანესი ამოცანები, რომელთა გადაწყვეტას ბილ გეიტსის ფონდი ცდილობს. მრავალჯერ გალანძღული ფარმაცევტული კომპანიები ახლა პანდემიასთან ბრძოლას უდგანან სათავეში ტესტებისა და მედიკამენტების უზრუნველყოფით თუ ვაქცინებზე მუხლჩაუხრელი მუშაობით.
შეერთებული შტატების უნიკალურობა სწორედ ამაში მდგომარეობს ამერიკის მსოფლიოზე გავლენა მხოლოდ თეთრ სახლზე არ არის დამოკიდებული. ბევრად გავლენიანია ამერიკული ინსტიტუტები და კერძო სექტორი. ქვეყნის ლიდერების საქმე ამერიკელებზე ზრუნვა, მათი თანამედროვე მსოფლიოსთან ადაპტირებაში დახმარებაა. ასევე მჯერა, რომ თავისი სიტყვა უნდა თქვას სამოქალაქო კულტურამ, ეროვნულმა იდენტობამ. ჩვენი ფასეულობები, ჩვენი ისტორია და ამბები ეროვნული კონსერვატიზმის ნაწილი უნდა იყოს.
ამ ისტორიის ნაწილია, რომ ჩვენ შეიძლება შევცდეთ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ დაშვებული შეცდომის გამოსწორებას. ისინი, ვინც კონსერვატიზმს მსოფლიოსთვის, სხვა ქვეყნებისთვის თუ ხალხისთვის დაკეტილ კარად აფასებს, მარცხისთვის არიან განწირულნი. ამ მიდგომას ამერიკული კონსერვატიზმისთვის წარმატება არასდროს მოუტანია.
ჯ.გ.: ჰენრი კისინჯერს ნათქვამი აქვს, რომ ალიანსები არა ქველმოქმედების, არამედ სახელმწიფოთა ძლიერების გაზრდისთვის იქმნება. ამერიკაში ამჟამად მიმდინარე დებატებში ადგილი დაეთმო ჩვენი ტრადიციული ალიანსების საკითხსაც, ეჭვქვეშ დადგა მათი რელევანტურობა. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? საით მივყავართ ამ დებატებს?
რ.ზ.: ალიანსების ამერიკული ხედვა 1947-49 წლებში ჩამოყალიბდა. ვაშინგტონის პერმანენტული ალიანსების საწინააღმდეგო გაფრთხილების შემდეგ, მისი არსებობის პირველი 150 წლის განმავლობაში ამერიკა ალიანსების გარეთ დარჩენას ცდილობდა. პირველ მსოფლიო ომში ჩართ
ვისას შეერთებულ შტატებს მოკავშირის ნაცვლად დაკავშირებული ქვეყნის სტატუსი ჰქონდა.
თუ ამერიკის ალიანსები სუსტდება, რას გვეუბნება ეს შეერთებული შტატების საერთაშორისო ურთიერთობებზე დღეს?
როცა კისინჯერი ალიანსებზე საუბრობს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რომელსაც ის გულისხმობდა. ზოგჯერ ის ალიანსებში ანტანტებს გულისხმობს, როცა ქვეყნებს შორის პარტნიორობა არა საერთო ღირებულებით სისტემას, არამედ მოცემულ მომენტში ინტერესების დამთხვევას ეფუძნება. ასეთი ტიპის პარტნიორობა ახასიათებდა მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის ევროპულ ალიანსებს.
მე-20 საუკუნის ამერიკული ალიანსები ფუნდამენტურად განსხვავებული იყო. უსაფრთხოების კომპონენტს ამ ალიანსებში თან ერთვოდა დემოკრატიული ღირებულებების ხელშემწყობი სტრუქტურა და ალიანსის წევრებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაადვილების სისტემები. ამერიკის ყველა მოკავშირე დემოკრატია არ ყოფილა, თუმცა ბევრი მათგანი გარდაიქმნა დემოკრატიად. ალიანსების ამერიკული სისტემის გასაგებად აუცილებელია იმ სავაჭრო, ფინანსური და ეკონომიკური საერთაშორისო სისტემის შესწავლა, რომელიც ამ ალიანსების პარალელურად იქმნებოდა ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმება, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და ა.შ. ნატო-ს შექმნას წინ მარშალის გეგმა უსწრებდა.
70 წლის განმავლობაში ეს ალიანსები და ეკონომიკური სისტემები შეერთებულ შტატების გლობალურ გავლენას აძლიერებდა. ამ სისტემის ლიდერობა მარტივი არასდროს ყოფილა, ალიანსის ეფექტური მენეჯმენტის უნარი განსაკუთრებული თვისებაა. ამ მხრივ გამოირჩეოდა ჯორჯ ბუში უფროსი, რომლის საპრეზიდენტო ვადა ცივი ომის დასასრულს დაემთხვა. სხვა სუვერენულ ქვეყნებთან ურთიერთობა მოითხოვს მათი მოსმენის და პატივისცემის უნარებს, მათთან კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღების მზაობას.
კისინჯერმა განაცხადა, რომ ევროპამ სტრატეგიული აზროვნების უნარი დაკარგა. ის ამტკიცებს და ამაში მეც ვეთანხმები, რომ ევროპელ მოკავშირეებთან პარტნიორობა შეიძლება პერიოდულად იმედგამაცრუებელი იყოს, თუმცა როცა ურთიერთობა კარგად ეწყობა, ორივე მხარე მოგებული რჩება. მოკავშირეები აფართოებენ პერსპექტივას, გვთავაზობენ ახალ იდეებს, ჩნდება ახალი და განსხვავებული რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობა. ზოგჯერ პარტნიორები იმის გაკეთებას ახერხებენ, რასაც შენ ვერ აღწევ. ამ ყველაფერში ჩემი საერთაშორისო კარიერის განმავლობაში, მსოფლიო ბანკსა თუ შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში მუშაობისას დავრწმუნდი.
ჩემი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილება ძლიერი ჩრდილო ამერიკული ბასის ჩამოყალიბება იყო. ახლა, როცა ვაშინგტონის მექსიკისადმი ქცევას ვუყურებ, თმები ყალყზე მიდგება. ეს ძალიან ნეგატიურად აისახება როგორც ჩვენს უსაფრთხოებაზე, ისე ჩვენს გლობალურ გავლენაზეც. სამ დემოკრატიულ ქვეყანაში მცხოვრებ 500 მილიონ ადამიანის შეთანხმებული მოქმედება უპრეცედენტო ეკონომიკური შედეგების მიღწევისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების ტოლფასი იქნება. ანალოგიური ხედვა ჰქონდა რონალდ რეიგანსაც, 1979 წლის საარჩევნო კამპანიისას ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მექსიკასა და კანადაზე, როგორც უცხო ქვეყნებზე ფიქრი უნდა დასრულებულიყო. ამერიკა უნდა მიმხვდარიყო, რომ ძლიერი მეზობლები მის ინტერესებში შედიოდა. ეს მიდგომა არ გულისხმობდა მხოლოდ იმიგრაციის ან არქტიკის უსაფრთხოების საკითხებზე საერთო ხედვების შემუშავებას, საქმე ამერიკის გლობალური გავლენის გაძლიერებასაც ეხებოდა.
ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს ალიანსების სტრუქტურის აღდგენა შეუძლია და გეტყვით, რატომ მგონია ასე. პირველი ამერიკის შეიარაღებული ძალები, უსაფრთხოების სამსახურები და მათი პროფესიული კულტურა ალიანსებთან თავსებადია. სუბსაჰარულ აფრიკაში ანტიტერორისტულ ოპერაციებში ჩართულ საფრანგეთს ამერიკის ლოგისტიკური შესაძლებლობები და სადაზვერვო ინფორმაცია სჭირდება. ანალოგიური ვითარებაა აღმოსავლეთ ევროპაშიც. 70 წლის განმავლობაში ამერიკელი სამხედროები ამ ალიანსთა სისტემაში იწვრთნებოდნენ. გაერთიანებული სარდლობის გარდა, მათ კომბინირებული სარდლობის პირობებში მოქმედების გამოცდილებაც გააჩნიათ. ისინი ალიანსების ჩარჩოებში აზროვნებენ და ამ უპირატესობის დათმობა დიდი წინდაუხედაობა იქნებოდა.
ამას გარდა, უნდა გავითვალისწინოთ გეოპოლიტიკური მოცემულობაც. სამხრეთ აზიაში მიმდინარე პროცესები იაპონიასა და სამხრეთ კორეას შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ უბიძგებს. გამძაფრებული ვითარებაა ევროპის აღმოსავლეთსა და სამხრეთში.
ევროპელთა შესაძლებლობები არსებულ საფრთხეებზე ადეკვატურად და ეფექტურად რეაგირების საშუალებას არ იძლევა. პრეზიდენტ მაკრონის მსგავსად სხვა ევროპელებიც აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებზე დაყრდნობა ახლა უფრო რთული იქნება, თუმცა საკუთარი შესაძლებლობების ანალოგიურ დონეზე განვითარებისგან ჯერ კიდევ შორს არიან. ეს ფაქტორები მიგვანიშნებენ, რომ პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში, ალიანსების ეფექტური სტრუქტურის გაცოცხლებას წინ არაფერი უდგას. უფრო რთული ამოცანის შთაბეჭდილებას ტოვებს საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების აღდგენა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომხდარი კატაკლიზმები ბოლოს ამერიკის დღის წესრიგში ექცევიან. შესაბამისად, მეტი რეაქტიულობა გვჭირდება. ჯეიმზ ბეიკერთან და ჯორჯ ბუშ უფროსთან მუშაობისას ვისწავლე, რომ პარტნიორებისთვის ჩვენი გეგმების შეთავაზებისას, ამ გეგმებში მათი იდეების შეძლებისდაგვარად გათვალისწინება მათი დათანხმების საუკეთესო საშუალებაა. ეს პროცესი შეერთებულ შტატებს პასუხისმგებლობის უფრო ეფექტურად გაზიარებაში ეხმარება, რაც პარტნიორებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას უადვილებს. ამაში ახალი არაფერია. `ცივი ომისას~ ასეთი მეთოდები ნიქსონის დოქტრინაში იყო გათვალისწინებული. ალიანსის სისტემის სიცოცხლისუნარიანობისა და სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის კოლექტიური მოქმედებაა საჭირო. შეერთებული შტატების დახმარება გარანტირებული არავისთვის უნდა იყოს. ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პარადოქსი საუდის არაბეთთან ურთიერთობაა.
ნავთობის პოლიტიკა, იემენში შექმნილი ვითარება, ყატართან ურთიერთობები, რეჟიმის კრიტიკოსთა მკვლელობა და დანაწევრება ეს ყველაფერი ნებისმიერი ავტორიტარული სისტემისთვის იქნებოდა ზედმეტი. ვაშინგტონს საუდებთან გულახდილი საუბარი მართებთ, მათ უნდა პირდაპირ ეთქვათ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება: ან მათი ქცევა შეიცვლება ან ჩვენი მხარდაჭერა. ენერგეტიკულ სფეროში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ის ფაქტორები, რომლებიც შეერთებული შტატების საუდის არაბეთთან ურთიერთობებს განსაზღვრეავდა დღეს შეცვლილია.
ალიანსების მენეჯმენტის უნარი ამერიკის გლობალური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. არ ვიცი თუ როდესმე ამას პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი აღიარებენ, მაგრამ მათ მემკვიდრეებს მაინც მოუწევთ ამის გაკეთება: მსოფლიო ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის. დღეს მსოფლიოში შეერთებული შტატების პარტნიორობისადმი უნდობლობა იზრდება.
ჯ.გ.: ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ დასავლეთის დღევანდელ პრობლემებს შორის ერთ-ერთი სტაბილური და ჯანსაღი ცენტრისტული პოლიტიკური პარტიების ნაკლებობაა. რადიკალები ძლიერდებიან და ჯანსაღი ცენტრისტების მიერ დათმობილ სივრცეს იკავებენ. რას ფიქრობთ ამ პროცესებზე?
რ.ზ.: დასაწყისისთვის გეტყვით, რომ ის რაც პოლიტიკურ პარტიებზე მითხარით, სხვა ამერიკულ ინსტიტუტებსაც ეხება. პანდემიასთან ბრძოლა იქნება ეს თუ საერთაშორისო პოლიტიკა, ამერიკა სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტებს ეყრდნობა. ტრამპის ადმინისტრაციამ ამ ინსტიტუტების ნაწილის, სამხედროების, უსაფრთხოების სამსახურების თუ მედიის, დისკრედიტაციითაა დაკავებული. ეს ინსტიტუტები ამერიკული საზოგადოების განმასხვავებელი ნიშანია, მისი მდგრადობის საკვანძო ელემენტია. პოლიტიკური პარტიების მრავალწლიან ეროზიას ბევრი მიზეზი აქვს. ნაწილი მათ დაფინანსებას ეხება. სოციალურმა მედიამ პოლიტიკოსებს პარტიული სტრუქტურებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მისცა. ტრამპი ასეთი პოლიტიკოსის კარგი მაგალითია. პოლიტიკურ პარტიებს ადაპტაცია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე უწევთ.
ვფიქრობ, ამერიკული პოლიტიკური სისტემა იმაზე მდგრადია, ვიდრე ეს დღეს შეიძლება ჩანდეს. პოპულიზმს თავისი სისუსტეები აქვს, პანდემიისას გამოჩნდა რომ ეს ფენომენი ექსპერტულ მოსაზრებებთან შეუთავსებელია. კრიტიკულ სიტუაციებში ექსპერტების როლი იზრდება, იმედი მაქვს ექსპერტული ცოდნის მნიშვნელობა სათანადო ადგილს დაიბრუნებს. კონგრესში გატარებული მრავალი წლის განმავლობაში ვამჩნევდი, რომ მედიის ყურადღების ცენტრში მყოფი კონგრესმენები, როგორც წესი, საუკეთესო კანონმდებლები არ იყვნენ. მათ შორის საუკეთესოებმა იცოდნენ, როგორ ემუშავათ კოლეგებთან, როგორ შეენარჩუნებინათ კომუნიკაციის არხები, როგორ მიეღწიათ შეთანხმებებისთვის. იმედი მაქვს არ დავივიწყებთ პოლიტიკური ხელოვნების ამ ნაკლებად შესამჩნევ და ამავე დროს უმნიშვნელოვანეს უნარებს.
ამ კომენტარებს იქ მივყავართ, სადაც დავიწყეთ ისტორია. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ყველაზე ღვარძლიან ეპოქაში ვცხოვრობთ. არ უნდა დაგვავიწყდეს [ამერიკის] სამოქალაქო ომის წინა პერიოდი, ადამსის, ჯეფერსონისა და ჰამილტონის პერიოდები, 1968 წელი ეს მძაფრი სამოქალაქო დაპირისპირებისა და ანტაგონიზმის წლები იყო. ამავე დროს, უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური სისტემა მათ უფრო გულუხვად აჯილდოებს, ვინც ზედაპირული და პოპულისტია, ვიდრე მათ, ვინც რეალურ შედეგებს აღწევს. ამერიკის პოლიტიკური სისტემის ძლიერებისა და მოქნილობის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ფედერალურ სისტემასთან ერთად, ძალიან მძლავრი კერძო სექტორია. სწორედ ასეთი პოლიტიკური თვისებები ქმნის ამერიკის უპირატესობას ჩინეთის მსგავს ქვეყნებთან. საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ პოლიტიკური კომპრომისების აუცილებლობა ჩვენი სისტემის სისუსტეა და ძლიერი ლიდერი უფრო გაბედულ გადაწყვეტილებებს მიიღებდა და უფრო წარმატებული იქნებოდა. მე ასე არ ვთვლი. საჭიროდ ვთვლი, ხალხს შევახსენო, რომ კომპრომისში ცუდი არაფერია და ისტორიული გამოცდილება სწორედ ასეთი სისტემის სასარგებლოდ მეტყველებს. საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი ხომ ისეთი გარემოს შექმნაა, რომელშიც სასურველი შედეგის მიღწევა ყველას უადვილდება, იქნება ეს პოლიტიკოსი, სამოქალაქო საზოგადოების წევრი თუ კერძო სექტორის წარმომადგენელი.
ძალიან მაშფოთებს ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების დასუსტება. რეიგანის პრეზიდენტობისას შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა, რომელსაც მიუკერძოებელი საარბიტრაჟო ინსტიტუტიც ექნებოდა. ამ მოცემულობაში სუვერენული ქვეყნები ინარჩუნებენ სავაჭრო ბარიერების დაწესების თავისუფლებას, სხვებს კი საპასუხო ზომების მიღება შეუძლიათ. რეიგანის გარდა ამ სისტემის განვითარებას მხარს ბუში და კლინტონიც უჭერდნენ. ახლა შეერთებული შტატები ამ სისტემის მუშაობას აფერხებს: ვაშინგტონი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სააპელაციო პანელში განსახორციელებელ დანიშვნებზე ამბობს უარს. პარალიზებულია ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი საკვანძო ფუქნცია. ახლა, ევრიკავშირმა, ჩინეთმა და სხვა 15-მა ქვეყანამ განაცხადეს, რომ ალტერნატიულ სისტემას შექმნიან. როგორ შეიძლება ეს ჩვენს ინტერესში იყოს?
მომრავლდა შეცდომები და ამერიკის მიერ საერთაშორისო პოზიციების დათმობის მაგალითები, რომლებიც ნაციონალიზმისა და ავტარქიისკენ გადახრამ, პარტნიორების უგულებელყოფამ გამოიწვია. მჯერა, რომ შეერთებულ შტატებს გააჩნიათ ის უნარები, რესურსები და გამჭრიახობა, რომლებიც ამ საგანგაშო პროცესის შეჩერებას სჭირდება. ამას შესაბამისი პოლიტიკური ნება სჭირდება და სწორედ ასეთი არჩევანის გაკეთება მოუწევთ ამერიკელებს მომავალ არჩვენებზე.
ჯ.გ: ბოლო შეკითხვა: მალე თქვენი ახალი წიგნი გამოიცემა. რა სათაურით, როდის გამოიცემა და რაზეა მასში საუბარი?
რ.ზ.: სათაურია ამერიკა მსოფლიოში: შეერთებული შტატების დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის ისტორია. გამომცემელი ჰაშეტის ჯგუფის ერთ-ერთი გამომცემლობაა და გაყიდვაში წიგნი 4 აგვისტოს გამოჩნდება. წიგნის დაწერაზე მრავალი წლის განმავლობაში, ჰენრი კისინჯერის `დიპლომატიის~ პირველად წაკითხვის შემდეგ, ვფიქრობდი. ძალიან მომეწონა კისინჯერის მიერ ისტორიის საგარეო პოლიტიკის განხილვის ინსტრუმენტად გამოყენება, მაგრამ მომეჩვენა, რომ ზედმეტად დაეყრდნო ევროპულ გამოცდილებას. ამან ამერიკული დიპლომატიის გამოცდილების, მისი იდეებისა და ტრადიციების შესახებ წერის შესახებ დამაფიქრა. სხვადასხვა დროის ადამიანების მიერ მათი ეპოქის პრობლემების გადაწყვეტის გადმოსაცემად მინი ბიოგრაფიებსა და მოკლე ამბებს ვიყენებ. ვიწყებ ბენჯამინ ფრანკლინით პარიზში. წიგნის თითოეული თავი ერთ ან რამდენიმე პიროვნებაზეა, რომლებიც მათი ეპოქის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრობლემებს წყვეტდნენ.
ძალიან ცოტა წიგნია სამოქალაქო ომის დროინდელი ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე. ლინკოლნს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ინტერვენციის შეჩერება რომ ვერ მოეხერხებინა, ჩვენი ისტორია კარდინალურად განსხვავებული იქნებოდა. წიგნში ვეხები ლუიზიანის შეძენის ამბავს, რუზველტის მედიაციას რუსეთ-იაპონიის ომში, მაროკოს პირველ კრიზისს. თავები ერთად ამერიკული დიპლომატიის ტრადიციების მიხედვით შევკარი.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა ტრამპისა და მსოფლიოს მიმდინარე პროცესების გამო იცვლება. მკითხველებისთვის საინტერესო იქნება იმ იდეებისა და ტრადიციების გაცნობა, რომლებმაც ამერიკის ბოლო 200 წლის საგარეო პოლიტიკაზე მოახდინეს გავლენა.
წიგნში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ ამერიკულ პრაგმატიზმს. საგარეო პოლიტიკის შესახებ დაწერილი წიგნები ხშირად ინტელექტუალურ ჩარჩოს გვთავაზობენ, რაც მათზე მსჯელობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ექსპერტებს თეორიული სტრაუქტურების ანალიზი მოსწონთ, თუმცა ხშირად ფაქტები ამ თეორიებს არ ემთხვევა. მკითხველს ვთავაზობ საგარეო პოლიტიკის პრაქტიკოსის გამოცდილებასა და ისტორიის მოყვარულის პერსპექტივას. ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ საგარეო პოლიტიკის ძირითადი წარმმართველი ძალა მოცემული ეპოქის პრობლემების გადაწყვეტის მცდელობაა. ადამიანები, რომლებიც ამას ცდილობენ, შესაძლოა თავის დროს უსწრებდნენ და უფრო მასშტაბურ იდეებზე ფიქრობდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისინი მაინც პრაგმატიკოსებად რჩებიან.
წიგნში მომყავს დიპლომატიური ხელოვნების რეალური მაგალითები და მეთოდები. მჯერა, რომ საგარეო პოლიტიკაში შემთხვევითობა და გარემოებები იმაზე დიდ როლს თამაშობენ, ვიდრე ეს ისტორიულ ცნობებში შეიძლება ჩანდეს. შევეცადე დამეწერა წიგნი, რომელიც საინტერესო იქნება ბიოგრაფიებისა და ისტორიის მოყვარული მკითხველისთვის, მაგრამ, ამავე დროს, უკეთესად გააცნობს მათ ამერიკული საგარეო პოლიტიკის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
რობერტ ზელეკი და ჯეფრი გედმინი
რობერტ ბი ზელეკი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სამთავრობო სკოლის უფროსი მკვლევარია. 2007-2012 წლებში ის მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, 2005-2006 წლებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, 2001-2005 წლებში კი შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი იყო. ჯეფრი გედმინი ამერიკული ინტერესის მთავარი რედაქტორია