article-img

დაკარგული დროის ძიებაში

პიტერ პომერანცევი

კარანტინის მოჯადოებული წრე რაღაც ისეთზე მიგვანიშნებს, რაც კორონავირუსამდე დიდი ხნით ადრე დავკარგეთ წარსულის, აწმყოსა და მომავლის განცდა.

ჩემმა ცოლმა ყნოსვის შეგრძნება დაკარგა, ჩვენ კი, ყველამ, დროს განცდა დავკარგეთ. კარანტინი იმ უსასრულო შაბათ-კვირას დაემსგავსა, შინ მუშაობაში რომ ვატარებდით ონლაინ-კონფერენციები ერთმანეთს მიეწყო, მეილების გორგალი კი კიდევ უფრო აიბურდა. თუ ჩემსავით ვირუსის მძიმე ფორმა გადაიტანეთ, პროგრესი ფილტვების შესაძლებლობის ჩვენებით გაიზომება: რამდენ წუთს გაირბენთ, სანამ სული შეგეხუთებათ? როცა პირველად გავედი სასეირნოდ, თავში ეს აზრი მომივიდა: როგორ ჩაანაცვლა ადგილის გაზომვამ (ვიცავთ თუ არა ორმეტრიან დისტანციას) დროის გაზომვა. ტროტუარებზე ერთმანეთს გვერდს შორიდან ვუვლით და ქვის ფილებზე სანტიმეტრებს ვითვლით.

უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემმა ცოლმა ყნოსვის შეგრძნება დაკარგა და ამბობს, ამის გამო კიდევ უფრო ღრმად ჩავეშვი მარადიულ აწმყოშიო. ყნოსვა წარსულთან გაკავშირებს და ამავე დროს მომავლის შენებაშიც გეხმარება. ალბათ დროის მიმართულების დაკარგვამ განაპირობა ისეთი სტატიების მომრავლება, ზარების გუგუნით რომ გვამცნობენ პრეკოვიდური ხანის დასასრულსა და პოსტკოვიდური ხანის დასაწყისს, როცა აღარაფერი იქნება იგივე გეოპოლიტიკაში, ეკონომიკაში და საერთოდ ყველაფერში. ასეთ ტექსტებში პროგრესის განცდის აღდგენას იმით ცდილობენ, რომ მითიურ წინარე და შემდგომ დროებს ქმნიან.

მე კი ის გავაცნობიერე, როგორ უკავშირდებოდა დროის ჩემეული აღქმა სპორტულ სეზონებს. აღარ ვიცი, რა ვქნა ჩემპიონატების კრეშენდოებისა და სატრანსფერო ფანჯრების გარეშე. ერთ ჯადოსნურ დილას გავიღვიძე, ტვიტერზე შევედი და სულ გადამავიწყდა კოვიდი და კარანტინი ჩემ თვალწინ პატივსაცემი ჟურნალისტები კრიკეტის მატჩზე გატაცებით საუბრობდნენ. უცებ დროითი წესრიგი აღდგა: შუა ზაფხული უნდა ყოფილიყო, ცოტაც და ახალი ტური დაიწყებოდა… ცოტა ხნის შემდეგ კი მივხვდი, რომ ჟურნალისტები 2019 წლის შეხვედრას მიმოიხილავდნენ ისე, თითქოს დღევანდელი ყოფილიყო იმ დროის ნოსტალგია გასჩენოდათ, როცა დრო არსებობდა.

კარანტინამდეც მქონდა შეგრძნება, თითქოს დრო შეფერხებებით მიედინებოდა. ამას ნაწილობრივ ტექნოლოგიებს ვაბრალებ. როცა კაცი ნაბეჭდ, თარიღიან გაზეთს ყიდულობდა ყოველ დილით, ეს მოვლენების მოწესრიგებულ, ლინეარულ მიმდინარეობას ნიშნავდა. ყოველ დღეს თავისი ახალი ამბები ჰქონდა და ისინი მართლაც ახალი იყო. სახლში დაგროვილი ძველი გაზეთები იქექებოდა და ყვითლდებოდა, რაც დროში მათ ადგილზე მიანიშნებდა. სოციალურმა მედიამ ამას ბოლო მოუღო. ფეისბუკზე ახალი ამბები სულაც არ მოგვეწოდება მოწესრიგებულად, თარიღების მიხედვით სხვადასხვა დღის, თვის, წლის ამბები უწესრიგოდ დაფარფატებს იქაურ სივრცეში, თითქოს ვიღაცამ კალენდარი დახია და დღეები მიმოფანტაო. ჰოდა, ამბებიც რაღაც ისეთად იქცა, რაც აღარც კი უკავშირდება რეალურ გარესამყაროს და შესაბამისად, აღარც მათთვის ფეხის აწყობაა საჭირო. ამის ნაცვლად, ისინი გაიძულებენ, დაფიქრდე, ვინ ხარ და რა მანძილია შენს ჯგუფსა და მოწინააღმდეგეთა ჯგუფს შორის. 2016 წლის შემდეგ სულ ის განცდა მქონდა, რომ ყოველდღე ერთი და იგივე ხდებოდა: ბრექსიტი და ტრამპი, ტრამპი და ბრექსიტი. მთავარი იყო, გცოდნოდა, შენ სად იდექი, რომელ მხარეს, ან რამდენად შორის თითოეული მხარისაგან. იცავდი ორმეტრიან სავალდებულო დისტანციას?

ისევ დიადს გავხდით ამერიკას; ბრექსიტის მომხრეების ბედნიერი ინგლისი; დუტერტე ფილიპინებში, რომელმაც ძველი დიქტატორის, მარკოსის ნეშტი ამოათხრევინა და თავიდან დააკრძალინა, როგორც გმირი; პუტინი, რომელსაც რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს და ყირიმის ნახევარკუნძულს იპყრობს ბევრი რუსი დღესაც ნოსტალგიით იხსენებს ბავშვობაში იქ გატარებულ საზაფხულო არდადეგებს… ზოგ ადგილას დრო თითქოს სრულად გაქრა და წარსულის რაღაც გროტესკულმა ვერსიამ ჩაანაცვლა. ისლამურმა სახელმწიფომ ხალიფატი შექმნა სირიასა და ერაყში, კრემლმა კი ხალხის რესპუბლიკა დონეცკსა და ლუგანსკში, წითელ ბანერებზე დაწერილი სტალინის სიტყვებითა და კომკავშირელთა ფორმებში გამოწყობილი, საბჭოეთზე ამღერებული ბავშვებით.

როდის დაიწყო დრომ გაუჩინარება? 2018 წელს, ბოლო წიგნზე მუშაობისას, ერთ მოგონებას გადავაწყდი საუბარს იხსენებდნენ, რომელშიც ამ ყველაფრის მოლოდინი ჩანდა. 90-იანი წლების დასაწყისში, მოსკოვში, რუსი ისტორიკოსი მიხაილ გეფტერი თავის მიმდევრებს ესაუბრებოდა ფრენსის ფუკუიამას ახლად გამოსულ წიგნზე, ისტორიის დასასრულზე. გეფტერი ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ დიდი იდეების ხანა წასულიყო. თუმცა ამას პრობლემად აღიქვამდა თუ აღარაფრისკენ ვისწრაფვით, პროგრესის ცნება აზრს დაკარგავსო. კრიზისს ისტორიის აღქმის შინაგანი ლოგიკა წარმოქმნიდა. როცა მომავალი საბოლოოდ დადგებოდა, დროის, როგორც ისტორიული პროგრესის იდეა მარცხს განიცდიდა.

საბჭოთა ეპოქაში გეფტერი დისიდენტი იყო. ახლა კი იმას ამბობდა, რომ მაღალ იდეალებს, რომლებისთვისაც იბრძოდა, შესაძლოა მალე აზრი სრულად გამოსცლოდა. ის 1995 წელს გარდაიცვალა, ეს მოსაზრებები კი არასდროს ჩაუწერია. მათ მხოლოდ ერთგული მიმდევრის, გლებ პავლოვსკის წყალობით ვიცნობთ, რომელმაც ისინი ბულგარელ ფილოსოფოსთან, ივან კრასტევთან საუბრისას გაიხსენა. როგორც გეფტერმა იწინასწარმეტყველა, ისტორიამ საუთარი თავი ამოწურა, ამბობდა პავლოვსკი. ჩვენ ბრტყელ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც სხვადასხვა ეპოქა ერთმანეთს შეერწყა მენტალურ სივრცეში და ერთსა და იმავე დროს ვეღარ შეესაბამებიან, და აღარც ისტორიაა, რომ ისინი განვითარების დონეების მიხედვით მოაწესრიგოს. თანამედროვეობას ეკუთვნიან: ისლამური სახელმწიფო, პუტინი, ტრიუდო, კიმ კარდაშიანი, დუტერტე… ერთმანეთს ისე აწყდებიან, ვერ იტყვი, რომელი წარმოადგენს წარსულს და რომელი მომავალს.

პავლოვსკის მიხედვით, გეფტერს ეშინოდა, რომ ამ ბრტყელი მსოფლიოს მმართველები უზენაესი მკვლელები იქნებოდნენ ხელისუფალნი, საკუთარ ნორმებს რომ დაამკვიდრებდნენ საყოველთაო ღირებულებების ნაცვლად, მკვლელობებს კი პირადი ლოგიკით გაამართლებდნენ. სანამ იყვნენ ისინი, ვისაც წარმოდგენილი ჰქონდათ უკეთესი მომავალი მთელი კაცობრიობისათვის, იყო გლობალურ ნორმებსა და წესებზე საუბრის შესაძლებლობაც; ადამიანს შეეძლო ეცადა და ხელისუფალთათვის პასუხი მოეთხოვა მომავლის თაობაზე გაკეთებული განცხადებებისათვის; დისიდენტებსა და რეჟიმის მსხვერპლთ შეეძლოთ ეფიქრათ, რომ დიადი მიზნისთვის იბრძოდნენ. ბრტყელ მსოფლიოში კი მორალური ვაკუუმი და შავი ხვრელები უნდა ყოფილიყო, სადაც უკეთესისკენ სწრაფვა აზრს დაკარგავდა.

ალბათ ამით აიხსნება უცნაური პარადოქსი: არასდროს ყოფილა ამდენი მტკიცებულება, ტელეფონით გადაღებული და სოციალურ მედიაში დაუყოვნებლივ ნაჩვენები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩანდენილი დანაშაულისა სირიაში, იემენში, ბირმასა თუ შრი ლანკაში. რეაქცია კი სულაც არ არის ხოლმე შესაბამისი. დევიდ მილიბენდმა, ხსნის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ, გეფტერზე ნაკლებად პოეტურად, მაგრამ მაინც შთამბეჭდავად აღნიშნა, დაუსჯელობის ეპოქააო. როცა პუტინი და ასადი მოქალაქეებს ხოცავენ, მათ საერთაშორისო საზოგადოების განსჯისა და დაგმობის არ ეშინიათ.

პავლოვსკი კი, უნდა აღინიშნოს, სულაც არ არის უბრალო მიმომხილველი. 90-იანი წლების დასაწყისიდან წამყვანი ლობისტი იყო რუსეთში, ჩართული იყო ელიცინისა და პუტინის საპრეზიდენტო კამპანიებში, თუმცა საუკუნის დასაწყისში რეჟიმს დაუპირისპირდა. მისი თქმით, პუტინის თავდაპირველი განზრახვა რუსეთის იმგვარად გაძლიერება იყო, რომ ეს ქვეყანა პროგრესისკენ სვლას სათავეში ჩასდგომოდა. კარიერის დასაწყისში მას გეფტერი აფრთხილებდა, რუსეთის ისტორიიდან ცნობილ შეცდომას იმეორებო რუსეთში პროგრესის მისაღწევად კრემლის მოთოკვა იყო საჭირო, გაძლიერება კი არა.

ალბათ ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც შესაძლებელია უმომავლო, ბრტყელ მსოფლიოში, ნოსტალგიური პოლიტიკაა, არჩევანი კი მათ შორის იქნება, რაც გვენატრება. კარანტინის დროს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა ონლაინ სარეკლამო კამპანიები წამოიწყეს. ორივენი უკან იხედებოდნენ. ტრამპს სურს, ისევ დიადს გავხდით ამერიკას შეინარჩუნოს, რაც 2016 წლის კამპანიის ნოსტალგიაა. ბაიდენი კი ამერიკელებს მოუწოდებს, გაიხსენონ, ვინ არიან და ამერიკის დიდ, უნივერსალურ იდეებზე საუბრობს. ბაიდენის რეკლამებში იმ დროის მონატრება იგრძნობა, როცა ჯერ კიდევ ჩანდა, რომ ისტორიას მიზანი ჰქონდა იმ წარსულის მონატრება, რომელშიც ჯერ კიდევ შეიძლებოდა მომავალზე საუბარი.

ბევრი ბაიდენს პირველ რიგში ობამას პრეზიდენტობის ხანას უკავშირებს. ობამას კი უყვარდა იმაზე საუბარი, რომ ისტორიას სწორი მხარეც აქვს და არასწორიც. ამბობდა, რომ ისტორიას მიმართულება აქვს მომავალი უკეთესი დღის იმედით. მაგრამ ეს სიტყვები აზრისაგან დაიცალა: ისტორიის მიმართულება ალეპოში განადგურდა, პუტინმა ყირიმი დაიპყრო, ისლამურმა სახელმწიფომ ხალიფატი აღადგინა. ძნელია ერთმანეთისაგან იმაზე უფრო განსხვავებული ორი სახელმწიფო მოღვაწის პოვნა, ვიდრე ობამა და ტრამპი არიან, მაგრამ როგორც ჩემმა კოლეგამ, დამირ მარუზიჩმა შენიშნა, ამერიკის გაუცხოება დანარჩენი მსოფლიოსაგან ობამას დროს დაიწყო და ახლა გრძელდება, თითქოს ორივე პრეზიდენტი ერთსა და იმავე გეოპოლიტიკურ ტექტონურ ფილაზე იდგეს. გაუცხოებას, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრს კი იმ ტიპის აზროვნებისაკენ მივყავართ, რომელსაც საყოველთაო პროგრესი აღარ აინტერესებს. ნაციონალიზმი მუდამ არარსებულ, იდეალურ წარსულს ეძებს.

დაკარგული დროის საპოვნელად ამერიკამ ისევ გარეთ უნდა გაიხედოს. პანდემია დიდი გაკვეთილია, რომელიც გვასწავლის, რომ გლობალური პრობლემები მხოლოდ გლობალური ძალისხმევით შეიძლება მოგვარდეს. ამ დროს მთელ მსოფლიოში მყარ დისკებზე ინახება ვიდეომასალა, რომელიც ამტკიცებს მასობრივ დანაშაულს სირიაში თუ სხვაგან. და როგორ უნდა მივცეთ აზრი ამ ფაქტებს? როგორ უნდა ვაჩვენოთ, რომ ისტორიასა და დროს მორალური პერსპექტივა ისევ აქვთ? თუ მხოლოდ ციტატებს გავიხსენებთ ძველ იდეალებზე და ეგ იქნება? პავლოვსკი გვაფრთხილებს, როცა პროგრესი აღარ არის, ყველაფერი იმიტაციად იქცევაო. ჰოდა, დიდი ადამიანების სიტყვებსაც გამოეცლება აზრი.

რუსი-ამერიკელი ფილოლოგი სვეტლანა ბოიმი ორი სახის ნოსტალგიას გამოყოფდა. აღმდგენს უწოდებდა მას, რომელიც დაკარგული სამშობლოს თავიდან შექმნას პარანოიკული სიჯიუტით ესწრაფვის, საკუთარ თავს სიმართლესა და ტრადიციასთან აიგივებს, დიადი სიმბოლოების ამოჩემებით… ამგვარ გაუაზრებელ ნოსტალგიას მონსტრების გაჩენა შეუძლია. და მეორეა რეფლექსიური ნოსტალგია, რომელიც ცალკეულ, ირონიულ ამბებს იღებს წარსულიდან და ცდილობს, განსხვავება დაინახოს წარსულსა და აწმყოს შორის მომავლის წარმოსადგენად. საქმე ის კი არაა, რის მიმართ განვიცდით ნოსტალგიას, არამედ ის, თუ როგორ განვიცდით. შესაძლებელია წარსულში დაბრუნება და იქ ახალი გზის პოვნა? შეიძლება, რომ ერთხელაც გავიღვიძო, ტვიტერზე შევიდე და ერთი წლის წინანდელი მატჩის ახალ მიმოხილვას ვუსმინო, მაგრამ ამჯერად, რაღაც ჯადოქრობით, თამაში სხვანაირი გამოდგეს, შედეგი შეიცვალოს და უეცრად ახალი მომავალიც გაჩნდეს?

პიტერ პომერანცევი